გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გაბრიელ ჩუბინიძის საავტორო ფოტო - ლოგიომანია

ლოჯიომანია და კორპუსი კორპუსზე 

თბილისის ისტორიაში მიშენება და დაშენება არახალია, თუმცა ის არასდროს ყოფილა ერთგვაროვანი და დროთა განმავლობაში იცვლებოდა. ათვლის წერტილად უნდა ავიღოთ 1932 წელი, როცა თბილისმა მიიღო პირველი გენერალური გეგმა – ანუ გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ და რა მიმართულებებით უნდა განვითარებულიყო ქალაქი მომავალში. თავის მხრივ, ეს ზღუდავდა ქაოტურ განაშენიანებას და ყველაფერს ცენტრალურ მმართველობას უქვემდებარებდა. საბინაო კრიზისის დასაძლევად, ჯერ კიდევ 1930-იან წლებში მასობრივად გაიცემოდა მიშენება-დაშენების ნებართვები, მაგრამ ყველაფერი პროფესიონალი ინჟინრებისა და არქიტექტორების კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა.

გასული საუკუნის 1960-იან წლებში ტიპური პროექტებით საბინაო ფონდის ზრდამ, რადიკალურად შეცვალა ქალაქის იერსახე და ადამიანთა ყოველდღიურობა – ერთი მხრივ, დაიწყო ახალი საცხოვრებელი მასივების მშენებლობა, ხოლო მეორე მხრივ, რიგითმა ადამიანებმა მიიღეს შანსი, ეცხოვრათ ღირსეულ პირობებში. მიუხედავად მასობრივი მშენებლობებისა, საბინაო კრიზისის დაძლევა მაინც ვერ ხერხდებოდა. ჯერ კიდევ 1960-1970-იან წლებში, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 5-სართულიანმდელ ხრუშოვკებზე დაშენებულიყო ერთი სართული (მაგალითად, 4-სართულიანი გაიზრდებოდა 5-მდე), ხოლო საცხოვრებელი ფართის გასაზრდელად მიშენებულიყო ლოჯიები. 1930-იანი წლების მსგავსად, ესეც სპეციალისტების კონტროლის ქვეშ  ხორციელდებოდა და არ წარმოადგენდა განსაკუთრებულ პრობლემას (ადამიანებს აღარც კი ახსოვთ ეს პროცესი – ანუ იგი ორგანულად მოერგო ქალაქს). 1980-იანი წლების მეორე ნახევარში მოსახლეობის აივნების შემინვის უფლება მისცეს, თუმცა შეზღუდულნი იყვნენ თავად შესამინი აივნის ფართობში.

1988 წელს სომხეთში სპიტაკის მიწისძვრა მოხდა – მთლიანად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და ახლომდებარე სოფლები, დაიღუპა ათასობით ადამიანი. ამ მოვლენებიდან ორ თვეში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ „სუიციდური“ გადაწყვეტილება მიიღო: დადგენილება:  „N14-10 საცხოვრებელ სახლებზე მოსახლეობის სახსრებით მშენებლობისა და ნებართვების თაობაზე“ [1].

პროექტის მიზანი იყო, იმ ოჯახებს, ვისაც ესაჭიროებოდა გაფართოება, მაგრამ ვერ ახერხებდნენ ახალი ბინის ყიდვას, ფართის მომატება შეძლებოდათ 

– ამისათვის მათ პროექტი უნდა წარედგინათ რაისაბჭოებსა და აღმასკომებში, რის შემდეგადაც მიიღებდნენ მშენებლობის ნებართვას. თავდაპირველად, მიშენებებს სახელმწიფო კომპანიები აკეთებდნენ, თუმცა მალევე იგი სრულად გადაიბარა კერძო კოოპერატივებმა.

1991 წლის იანვრისთვის უკვე გაცემული იყო ნებართვა 800-მდე მიშენებაზე[2]. ციფრი ძალიან მაღალია, რაც შედეგია ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებისა და კონტროლის მექანიზმების მოშლაზე. მოსახლეობა ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად გაფართოებულიყო, სჭირდებოდა მას ეს თუ არა – თბილისში ლოჯიომანია იყო დაწყებული.

მიშენებების დიდი ნაწილი შესრულებულია შედარებით ძველ მასივებში, რომლებიც გასული საუკუნის 1950-60-იან წლებში აშენდა. საბურთალო, დიდუბე, დიღმის მასივი და ა.შ. ეს უბნები, ძირითადად, განაშენიანებულია აგურისა და მსხვილბლოკოვანი 4-5 სართულიანი ხრუშოვკებით და 8-სართულიანი ქალაქური პროექტებით. ორივე ტიპური პროექტის შიდაგეგმარება თითქმის ერთი და იგივეა: 1, 2 და 3-ოთახიანი ბინები, მაქსიმუმ 75 კვადრატით. მიშენებები ამ ორი პროექტის შემდეგ, ყველაზე ხშირად მსხვილ ბლოკოვან „ჩეხურში“ გვხვდება, რომლის შიდა ფართობიც გაცილებით დიდია. პანელურ კორპუსებში, მიშენებები ძალიან იშვიათია კონსტრუქციული თავისებურებების გამო. 

მიშენებების ძალიან დიდი ნაწილი შესრულებულია 1987-1992 წლებში, რასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს: 1992 წელს განვითარებული უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი გამო, დრამატულად გაიზარდა ინფლაცია, რამაც გაზარდა სამშენებლო მასალების ფასი, თავად მოსახლეობა კი დარჩა უმუშევარი, ფაქტობრივად, შიმშილის ზღვარზე. შეწყდა მიშენებები. მეორე ტალღა 2000-იანი წლებიდან იწყება, როცა ეკონომიკამ გაჯანსაღება დაიწყო, მაგრამ განსხვავებით წინასგან, ამჯერად მიშენებებიწარიმართა არსებული დაუსრულებელი მიშენებების დასრულებისკენ – მასშტაბებით იგი ვერც კი შეედრებოდა ლოჯიომანიის პირველ ტალღას[3].

1992 წლის აგვისტოში თბილისში, ბახტრიონის ქუჩა ნომერ 28-ში, ახლად აშენებული მიშენება ჩამოინგრა – მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ არის, თუმცა ეს პირველი მსგავსი ფაქტი იყო. მერე იგივე განმეორდა სანზონაშიც.

ჩამონგრეული მიშენება სანზონაში
სანზონაში ჩამონგრეული მიშენება. 1992 წელი.

სავარაუდოდ, მსგავსი ტრაგედიები, მრავალჯერ მოხდა, უბრალოდ არ აღბეჭდილა გაზეთების ფურცლებზე და მხოლოდ ადამიანთა მეხსიერებაში შემორჩა. მშენებლობებს მეტწილად სამშენებლო კოოპერატივები აწარმოებდნენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არაპროფესიონალებისგან შედგებოდა, ნაწილს კი მოსახლეობა საკუთარი ძალით აშენებდა (ხშირად ფიქციური ნებართვის გარეშეც). 1990-1991 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად, მთელს ქალაქში მასობრივად ირღვეოდა სამშენებლო ნორმები. სამუშაოები წარმოებდა გეოლოგიური დასკვნების გარეშე, არ ითვალისწინებდნენ ადგილზე მიწისქვეშა კომუნიკაციების (რის გამოც გაზისა და წყლის მილები ზიანდებოდა) არსებობას, სამუშაოები სრულდებოდა უხარისხოდ.

არქიტექტურისა და მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, სახელმწიფო არქიტექტორული და სამშენებლო კონტროლის ინპექსიის უფროსი, თენგიზ სიხარულიძე, 1991 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს: „ნუცუბიძის ფერდობის, მე-3- მიკრორაიონის N11-12 კორპუსებში, იმის გარდა რომ გაზრდილია გაბარიტული ზომები, ამასთან, რაც ყველაზე მთავარი და საგანგაშოა, კონსტრუქციების მონტაჟი შესრულებულია უხარისხოდ, შესუსტებულია მათი მზიდუნარიანობა, ხოლო როგორც განივი, ისე გრძივი ელემენტების შედუღების ნაკერების სისქე, სიგანე და სიმაღლე შემცირებულია და ვერ უზრუნველყოფს თავის დანიშნულებას. უმეტესწილად, სვეტების დაფუძნება მოწყობილია ნაყარ გრუნტზე, რის გამოც ლითონის კონსტრუქციები, უკვე განიცდის კოროზიას. ყველაფერთან ერთად, გართულებულია ნაგავმიმღებ ბუნკერებთან მანქანების მიდგომა, საოჯახო ნარჩენების გატანა[4]."

„სულ ახლახანს შემოწმდა სანზონის დასახლების N-5 კორპუსი. აქ თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი უხეში დარღვევაა კონცენტრირებული, უნებართვო მშენებლობიდან დაწყებული და შესრულებული სამუშაოთა უხარისხობით დასრულებული. ამ სახლზე იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ იგი კრიტიკულ ავარიულ მდგომარეობამდეა მისული. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას – მშენებელთა ნახელავი არასაიმედოა და არამდგრადია, კერძოდ, მონოლითური გადახურვის ფილის მუშა-არმატურა დაფიქსირებულია არასამონტაჟო შრეში, ამასთანავე, გაშიშვლებულია და უკვე დაწყებულია ჟანგვა, რამაც განაპირობა მე-7 სართულის საშიში დეფორმაცია. კრიტიკულ ზღვრამდეა მისული აგრეთვე ქვედა სართულების გადახურვის ფილებიც, ხოლო საძირკვლები დარყდნობილია არაძირითად ყამირზე. ამას ემატება ლითონის კონსტრუქციების კვანძების შედუღება სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური პირობების დარღვევით. ისმის კითხვა, ბოლოს და ბოლოს, რისთვის გვინდა ლოჯია, ჩვენი ყოფის გაუმჯობესებისთვის თუ იმიტომ რომ აშენებული თავზე ჩამოგვექცეს?“[5].

მიშენებები თბილისში
მშენებლობისას (1991) და დღეს. ირაკლი ორაგველიძის პირადი არქივიდან.

სპიტაკის მიწისძვრიდან 3 წელიწადში საქართველოში 7-ბალიანი მიწისძვრა მოხდა (რის გამოც თბილისში დაავარიულდა არაერთი კორპუსი), თუმცა სწრაფი და აზარტული გაფართოებისკენ მიდრეკილი ქართველები არც ამან არ შეაჩარა.

ზოგის გონება უფრო წინ წავიდა, ვიდრე მიშენება ან დაშენება იყო, მოიფიქრეს სრულიად ახალი: კორპუსზე-კორპუსის აშენება – კორპუსის თავზე მეორე სრულიად დამოუკიდებელი კორპუსის აგება.

საქართველოში მსგავსი მშენებლობის არანაირი პრაქტიკა არ არსებოდა, აქედან გამომდინარე არც მისი საექპლუატაცია წესები არსებობდა. მოცემულ შემთხვევას არანაირი კავშირი აღარ აქვს გაფართოებასთან, უბრალოდ ესაა პრესტიჟულ უბნებში ცხოვრების სურვილი. იპოდრომთან ახლოს, ცინცაძის ქუჩაზე, ოთხ ხრუშოვკას ერთი შეხედვით დაშენებული აქვს მრავალი სართული (ერთ-ერთს 6). დაშენებული სართულები სვეტებებზე დგას, რომელიც ამოყვანილია „ძველი“ კორპუსის პარალელურად. ძველი კორპუსის მაცხოვრებელმა მიიღეს ლოჯების მიშენების შესაძლებლობა, სამაგიეროდ თავზე დაიდგეს 8 სართული. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო ტექნიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ჯანგირ ელიაშვილი, 1991 წელს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ამბობს: “გადაჯდენით დაშენებული სახლის კონსტრუქცია პრინციპულად ეწინააღმდეგება სეისმურ რაიონებში მშენებლობის მოთხოვნებს. შენობის სიმძიმის ცენტრის მიწის ზედაპირიდან მაღლა აწევა იწვევს შენობაზე სეისმური დატვირთვის ზრდას . . . მსგავს სახლებში სეისმური დატვირთვა ხუთჯერ უფრო მეტია, ვიდრე იგივე სამი სართულით უშუალოდ მიწაზე რომ ყოფილი დადგმული. ამას ემატება მასათა არათანაბარი განაწილება სიმაღლეზე და ბევრი სხვა რამ.“

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ არქიტექტორთან ინტერვიუზე მისულს (სახელ და გვარს განგებ არ ვასახელებ), მიხსენა რომ საბურთალოზე კორპუსზე-კორპუსი მისი გაკეთებულია. მისი თქმით, მოსახლეობას იპოდრომთან ახლოს ცხოვრება სურდა, ბევრ ფულსაც იხდიდნენ. სამშენებლო სექტორი უკვე მძიმე კრიზისში იყო, რის გამოც უჩიოდნენ შემოსავლებს და ამიტომაც დაიწყეს  მუშაობა. იქვე, საუბარში დაურთო, რომ შინაარსობრივად ეს საინტერესო იყო, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ კონსტრუქციამ ვერ გაუძლო, რის გამოც ახალი კორპუსი „დააწვა“ ძველს. ადგილზე მისულს, მოსახლეობა ჩემს შეკითხვებს კორპუსების შესახებ, სიხარულით არ შეხვდა - მხოლოდ ერთადერთმა მაცხოვრებელმა ისურვა მოკლე საუბარი: „ადრე იყვნენ მოსულები და შეამოწმეს შენობა [მათი თქმით, მყარიაო], მაგრამ ცუდი მდგომარეობა რომ არის, თქვენც კი ხედავთ.“

კორპუსების პრობლემა თბილისში
კორპუსზე დაშენებული კორპუსი. ფოტო გადაღებულია 2022 წელს.

მეტად საინტერესოა ვაჟას მესამე კვარტალში არსებული „კორპუსი-კორპუსზე“. თუკი ზემოთ თქმული მშენებლობები გასული საუკუნის 90-იან წლებში წარიმართა, როცა სახელმწიფო აპარატი დეგრადაციას განიცდიდა, ვაჟა-ფშაველაზე, საპროექტო განაცხადის მიხედვით, მშენებლობა დასრულდა 2007 წელს. ძველი კორპუსი სრულად გადაყლაპა ახალმა, ერთი შეხედვით, ის ახალაშენებულ კორპუსს წააგავს, თუმცა რეალურად კორპუსის შიგნით, მეორე 4-სართულიანი ხრუშოვკაა მოქცეული.

კორპუსის მიშენება ვაჟაზე
2007 წელს შესრულებული „კორპუსი-კორპუსზე“ ვაჟა ფშაველას კვარტლებში. ფოტო გადაღებულია 2022 წელს.

მიშენებებისა და დაშენებების წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1990-იანი წლებიდან იწყება. 1998 წელს, 227 შემოწმებული ობიექტიდან (როგორც ლოჯიები, ისევე „კორპუსი-კორპუსზე“), ამათგან 167-ზე გაიცა დემონტაჟის რეკომენდაცია, მაგრამ მხოლოდ 7-ზე შესრულდა[6].  ვარდების რევოლუციის შემდეგ, მიშენებების ინტენსივობამ საგრძნობლად იკლო, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა „ლეგალურ ჩარჩოებში“, მაგალითად, ჩემი ბინის მოპირდაპირე კორპუსზე, მაცხოვრებელმა ორი სართული დააშენა - „ლეგალურად“.

2009 წელს ნუცუბიძის მესამე პლატოზე, მე-10 კორპუსის 9-სართულიანი მიშენება ჩამოინგრა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, რადგან ნგრევა დილის საათებში მოხდა, რა დროსაც  მობინადრეები არ  იმყოფებოდნენ მინაშენ ოთახებში[7].

მიწისძვრისას დანგრეული კორპუსი
ნუცუბიძეზე ჩამონგრეული მიშენება. 2007 წელი. ფოტო აღებულია ინტერნეტიდან

მომხდარმა კიდევ ერთხელ გაააქტიურა საუბრები მიშენებების დემონტაჟის შესახებ. 2010 წელს, გადაწყდა, რომ ყველა უკანონო ან ავარიული მიშენება დაექვემდებარებოდა დემონტაჟს[8], როგორც ჩანს, განცხადება განცხადებად დარჩა. დღესდღეისობით, მიშენება, ფაქტობრივად, აკრძალულია, თუმცა ძველ კორპუსებზე მერიასთან შეთანხმებით შესაძლებელია აივნის ამოშენება. მიუხედავად უკვე არსებული კონტროლის მექანიზმებისა, რამდენიმე წლის წინ მთელი ქალაქი მოიცვა მანსარდიზაციომანიამ.

სავარაუდოდ, განვითარებულ ქვეყნებში, არ მოიძებნება სახელმწიფო, რომელშიც ბოლო სართულის მაცხოვრებელს შეუძლია სახურავის პრივატიზაცია, თანაც დაშენების „პერსპექტივით“.

ჩემს უბანში 8-სართულიან კორპუსს თავზე ერთი სართული დაადგეს, მალევე ხმა გავრცელდა, რომ ამ კორპუსში ბოლო სართულის მაცხოვრებლებმა ამხანაგობის კრების ოქმი გააყალბეს. ამ ამბის გავრცელებას ჩემს სამეზობლოში დიდი ალიაქოთი მოჰყვა. პირველ რიგში, გააფრთხილეს ბოლო სართულის მაცხოვრებლები, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ეფიქრათ დაშენებაზე. მერედაიწყო ხელმოწერების შეგროვება, რომელშიც ხელმოწერებით ვადასტურებდით, რომ ჩვენ არ ვიყავით თანახმა (მიუხედავად იმისა რომ არც არავინ აპირებდა დაშენებას). არ ვიცი, ჩაიბარა თუ არა მერიამ მსგავსი უჩვეულო წერილი, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობა თვითორგანიზების გზით, ებრძოდა იმას, რცა სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა.

2021 წლის ბათუმის ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ გაააქტიურა ქალაქში არსებული ქაოსისა და განუკითხაობის შესახებ საუბარი. მიუხედავად ამისა, სულ რამდენიმე კვირაში, ტრაგედია მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის ნაწილად იქცა. მიშენება, მოშენება, დაშენება თუ „გადაშენება“, რომ ცალსახად ნეგატიური მოვლენაა, ამაზე საზოგადოებაში დავა არ არის. მიუხედავად ამისა, არ არსებობს მისი მოგვარების ხედვა. მიშენები არ არის საშიში მხოლოდ მისი კონსტრუქციული თავისებურებებიდან გამომდინარე,ქალაქში არის ადგილები, სადაც გზა ისეა ჩახერგილი, ხანძრის შემთხვევაში სპეცტექნიკას გაუჭირდება მისვლა და ეფექტური მუშაობა. თბილისის მერია, ძირითად შემთხვევაში, მიშენებების გამაგრებებით შემოიფარგლება, თუმცა ამას ორი პრობლემა აქვს –მიშენების უმრავლესობა ლეგალურია და საკუთრებას წარმოადგენს, ადამიანები ათწლეულებია, მასში ცხოვრობენ და ათვისებული აქვთ ეს სივრცე.მარტივი არ იქნება მისი ერთი ხელის მოსმით დემონტაჟი, თუნდაც გამოსყიდვის შემთხვევაში. შეიძლება ითქვას, რომ მიშენებების მხოლოდ გამაგრება ან დემონტაჟი არ არის გამოსავალი, საჭიროა, მოიძებნოს მესამე გზა, რომლის შემუშავებაში აქტიურად იქნება ჩართული როგორც დარგის ექსპერტები, ისე საზოგადოება.

 


გამოყენებული წყაროები:


[1] გაზეთი დრონი, 5/07/1991;

[2] გაზეთი, არქიტექტურა და მშენებლობა, 25/01/1991;

[3] Stefan Bouzarovski, Joseph Salukvadze and Michael Gentile, A Socially Resilient Urban Transition? The Contested Landscapes of Apartment Building Extensions in Two Post-communist Cities, 2011, გვ.12;

[4] არქიტექტურა და მშენებლობა, 02.02.1991;

[5] გაზეთი დრონი, 02.02.1991;

[6] https://www.radiotavisupleba.ge/a/31507355.html;

[7] https://ghn.ge/news/38-tskhra-sartuliani-sakhlis-misheneba-mtlianad-chamoingra;

[8] https://kvirispalitra.ge/article/4511-vis-sheekheba-lojiebis-demontazhi/;


ქავერის ფოტო: მურთაზ აბაშიძის კარიკატურა "მე ქვემოდან ვფართოვდები"

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა