გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხრუშჩოვკა | განახლება თუ დანგრევა

2019 წელს, თბილისის მერმა კახი კალაძემ, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების გეგმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ასეთი პროექტი ვარკეთილის მესამე მასივში განხორციელდებოდა - დაინგრეოდა, მთლიანი კვარტალი და აშენდებოდა სრულად ახალი უბანი. მართლაც, ვარკეთილის მასივში უმძიმესი მდგომარეობაა. უბნის ძირითადად განაშენიანება მოხდა აგურის, მსხვილი ბლოკისა და პანელური ხრუშჩოვკებით, შორეულ სამოციან წლებში. ამ შენობების უდიდესი ნაწილი, უკვე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია და ფაქტობრივად დასანგრევია.

საქართველო, პოსტ-საბჭოთა სივრცეში პირველი არ არის, რომელმაც მსგავსი მასშტაბური პროექტი დააანონსა - სულ რაღაც ორი წლით ადრე, მოსკოვში დაიწყო ე.წ. „მოსკოვის რენოვაციის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს პირველი თაობის ხრუშჩოვკების დანგრევას და მათ ადგილზე ახალი კორპუსების აშენებას. პროგრამა მილიონზე მეტ ადამიანს ეხება. პროექტის დაწყებიდან მალევე, ბევრი ნაკლოვანება და პასუხგაუცემელი შეკითხვა გაჩნდა. მოსკოვის მოსახლეობამ დიდი საპროტესტო აქციაც გამართა, რომელშიც 20 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. შეკითხვები ასე გამოიყურება: ბუნდოვანია რას ნიშნავს სიტყვა „ხრუშჩოვკა“, რადგან სახელმწიფო ანგრევს არამხოლოდ ხრუშჩოვკებს, არამედ სხვა ეპოქის საცხოვრებელ კორპუსებსაც, მათ შორის რევოლუციამდელს და ე.წ. „სტალინკებს“; ბუნდოვანია რას ნიშნავს სიტყვა რენოვაცია არსებულ პროექტთან მიმართებაში; ვინ გადაწყვიტა რომ არსებული შენობები არ ექვემდებარება რემონტს; სობიანინის (მოსკოვის მერი) სიტყვა, რომ შენობებს ექსპლუატაციის 25 წლიანი ვადა გაუვიდა - უბრალოდ ტყუილია;  მოსახლეობის ნაწილი გადაასახლეს გარეუბნებში, ცუდ და მოუწყობელ უბნებში; ბინების ნაწილი, რომელშიც გაცვალეს ძველი ბინა ახალში, ძალიან დაბალი ხარისხისაა და ბოლოს, უცნაურად „დამთხვევაა“ მაგრამ დანგრევას მასობრივად ექვემდებარება მეტროსთან მდგარი შენობები. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მოსკოვის რენოვაციის პროგრამას, არანაირი კავშირი არ აქვს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან - არამედ, ეს დიდი, დეველოპერების ბიზნესია, რომელშიც ისინი უბრალოდ იტაცებენ ახალ ტერიტორიებს - ძველ უბნებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურაა, ამავდროულად ქალაქის ცენტრთან ახლოსაა, რის გამოც კვადრატული მიწის ფასი მაღალია, რაც დიდ მოგების წყარო შეიძლება იყოს.

კახა კალაძე არ არის პირველი, რომელმაც ხრუშჩოვკების ჩანაცვლება მოისურვა. როგორც ამბობენ, ეს იდეა ჯერ კიდევ გიგი უგულავას დროს გაჟღერდა, თუმცა არაფერი გაკეთებულა: სამაგიეროდ 2008-09 წლებში, ვაჟა ფშაველას მეორე კვარტალში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი ხრუშჩოვკა დაანგრიეს. შენობები ჩაანაცვლეს ორი მაღალსართულიანი კორპუსით, არ არის გამორიცხული მსგავსი ისტორია მანამდე, სხვა უბნებშიც ყოფილიყო. 2018 წელს, კომპანია „M კვადრატმა“, ქავთარაძის ქუჩაზე ძველი კორპუსები ჩანაცვლების პროექტი მომზადება დაიწყო - სამი მაღალსართულიანი კორპუსი. ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქციები გამართა, მათი თქმით კომპანია ჩანაცვლებას არ აპირებდა და იტყუებოდა, რეალურად კი იქვე არსებული გორის მოჭრა და მისი განაშენიანება სურდა. პროექტი ჯერ-ჯერობით შეჩერებულია.

ვარკეთილში ჩანაცვლების პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო, უკვე დანგრეულია რამდენიმე შენობა, დანარჩენ შემთხვევაში კი მოსახლეობასთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს, სსრკ-ს შემდეგ, თბილისის ისტორიაში უდიდესი პროექტიც არის, რომელიც 7 ათასი კვადრატულ მეტრს მოიცავს და რომლის ფარგლებშიც გეგმურად აპირებენ უბნის განაშენიანებას.

გამგეობის მიერ მოწოდებული პროექტიდან, რომელიც შედგენილია 2016 წელს, ირკვევა, რომ შემოწმებული შენობებიდან, მთელს მასივში მხოლოდ 8 შენობა არის მყარი. დანარჩენებს კი პირველი, მეორე და მესამე ხარისხის ავარიულობა აქვთ. ეს ნიშნავს, რომ დაინგრევა თითქმის ყველა შენობა, დარჩება მხოლოდ სკოლა და ბაღი. ძველი საცხოვრებელი კორპუსების ადგილას კი  K2 კოეფიციენტით აშენდება 20 სართულიანი შენობები, ქუჩების სიგანე მინიმუმ გაორმაგდება, გაკეთდება მიწისქვეშა ავტოფარეხები, რომელიც დაიტევს 3520 მანქანას.

ასევე ცნობილია, რომ მთავარი მშენებელი კერძო სექტორია. კონტრაქტორი დაანგრევს ძველს და ააშენებს ახალ მრავალსართულიან კორპუსებს, რომლებშიც ერთის მხრივ, შეასახლებს ძველ მობინადრეებს, ხოლო დარჩენილს გაყიდის და პროექტიდან მიიღებს ფინანსურ სარგებელს.

ვარკეთილი
ვარკეთილის მესამე მასივის ჩანაცვლების პროექტით გასახლებული და გამოცარიელებული ხრუშჩოვკა. ფოტო: თბილისის საკრებულოს ვებსაიტი

ათეულობით წლის წინ, სახელმწიფომ პრივატიზაციის გზით საცხოვრებელ კორპუსზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და შენობის ექსპლუატაცია სრულად მობინადრეებს გადააბარა. შეიქმნა ე.წ. ამხანაგობები. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ნათლად გამოჩნდა, რომ მმართველობის ასეთი სქემა არ მუშაობს - ამხანაგობებს არც შესაბამისი ცოდნა აქვთ წინასწარ აღკვეთონ შენობისთვის პოტენციური საფრთხეები  და არც შესაბამისი ფინანსური რესურსი. ხშირად ლიფტის ფული აკრეფაც კი პრობლემაა.  სახელმწიფო ნაწილობრივ აფინანსებს ლიფტის გამოცვლისა და შიდა სადარბაზოს კოსმეტიკური რემონტს, თუმცა ეს, არანაირად არ არის საკმარისი, რადგანაც კორპუსების ექსპლუატაციის წესები უმეტესწილად დარღვეულია. ადგილობრივი მერია მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ერთვება სიტუაციაში და ხარჯავს ათი და ასობით ათასობით ლარს უბრალოდ იმაში, რომ შენობა არ დაინგრეს. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, სახელმწიფო ებრძვის შედეგს და არა მის მიზეზს - რაც მეტი დრო გავა, მით მეტი შედეგი იქნება, მეტი წნეხი ბიუჯეტზე სახელმწიფოსთვის, მეტად გაუფასურებული ბინა მობინადრისთვის.

აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში შენობები „მოვლილია“. სახელმწიფო არამხოლოდ შენობის სწორ ექსპლუატაციაზე ზრუნავს, არამედ თუნდაც ესტონეთში, ევროკავშირის დაფინანსებით, ხრუშჩოვკები უახლესი ტექნოლოგიით დათბილეს. შედეგად სამჯერ შემცირდა თბოდანაკარგი - სამჯერ დაიზოგა მოხმარებული ენერგია. თბილისისგან განსხვავებით, საცხოვრებელი კორპუსების „მოვლის“ პოლიტიკა აქვს მოსკოვს. ყველა ბინა ვალდებულია ყოველთვიური შენატანი გააკეთოს სპეციალურ ბანკში, საიდანაც ფინანსდება საცხოვრებელი შენობების კაპიტალური რემონტი. რემონტი მოიცავს შემდეგს: წყლის, გაზის და შიდა ელექტროგაყვანილობის სრულად შეცვლა, საძირკვლის გამაგრება, ლიფტის შეცვლა, ლიფტის შახტის, ფასადისა და სახურავის შეკეთება. სამწუხაროდ, მსგავსი კაპიტალური რემონტის გამოცდილება საქართველოში არ არსებობს. მეტიც, საერთოდ არ არსებობს სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც უშუალოდ ბინებში გააკონტროლებს მაცხოვრებლების მიერ შიდა გადაგეგმარებას. მაგალითად, არასწორად მოხსნილმა კედელმა, შეიძლება შენობის მდგრადობას სერიოზული ზიანი მიაყენოს და ა.შ.

estoneti
ესტონეთი - ევროკავშირის დაფინანსებით მოდერნიზებული ხრუშჩოვკა. ფოტო: CalvertJournal

ავარიული კორპუსები და მიშენებები, თბილისის დიდი პრობლემაა. ნაწილი უნდა დაინგრეს და ჩანაცვლდეს ახლით, მაგრამ საჭიროა თუ არა სხვა, მყარი კორპუსების დემონტაჟი? იქნებ, კაპიტალური რემონტი უმჯობესია?    ხრუშჩოვკას, განსხვავებით იმ კორპუსებისგან რომლებსაც დღეს დეველოპერები გვთავაზობენ, ერთი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს, ის 5 სართულიანია. პატარა კორპუსი, ნიშნავს ცოტა მაცხოვრებელს, რაც უმნიშვნელოვანესია კარგი სამეზობლოს ჩამოყალიბებისთვის. ამავდროულად, ეს ფაქტორი ზრდის სოციალური უსაფრთხოებას, რადგან ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და კარგად მეზობლობენ. მარტივად, მეხუთე სართულიდან ქუჩაში, თავისუფლად შეიძლება ადამიანების სახეების გარჩევა და მათთან კომუნიკაციის დამყარება - ესეც გარკვეული უპირატესობაა უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებისთვის. ძირითადად, იმ გარემოში, რომელშიც ხრუშჩოვკები დგას, ინფრასტრუქტურისა თუ გამწვანების პრობლემა არ დგას (თუ არ ჩათვლით გარაჟებითა და დეველოპერების მიერ განადგურებულ მწვანე სივრცეებს). შიდა სივრცის ნაკლებობა ნამდვილად პრობლემაა. თუმცა, ფაქტია არც ახალი ბინები გამოირჩევიან დიდი შიდა ფართით...

მაღალსართულიანი კორპუსები ავტომატურად ნიშნავს ბევრ მაცხოვრებელსაც - შედეგად არ იქმნება მეგობრული სამეზობლო, ადამიანები ერთმანეთისთვის უცხოები არიან - არ ყალიბდება სოციალური უსაფრთხოების გრძნობა; გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან რთული იქნება კორპუსის მართვა - რაღა შორს წავიდეთ, პრობლემა უკვე სახეზეა, ეზოში  „შლაგბაუმის“ დაყენებაც კი რთულია, რადგან მას სამეზობლოს უდიდესი ნაწილის თანხმობა სჭირდება. ადვილად წარმოსადგენია თუ რა მოხდება მაშინ, როცა საქმე ბევრად რთულ, ფინანსურად კომპლექსურ საქმეზე მიდგება. მაღალსართულიანი საცხოვრებლებით ხრუშჩოვკების ჩანაცვლება, გამოიწვევს გარემოს რადიკალურ ცვლილებას -  რამდენჯერმე გაიზრდება მაცხოვრებელთა რაოდენობა, ეს კი ნიშნავს რომ რამდენჯერმე გაიზრდება მოთხოვნა ბაღებზე, სკოლებზე, პოლიკლინიკებზე და სხვა აუცილებელ ობიექტებზე; რამდენჯერმე გაიზრდება მოთხოვნა მუნიციპალურ ტრანსპორტზეც, გაიზრდება მანქანათა რიცხვი, გამონაბოლქვი, ხმაური, მიწისქვეშა კომუნიკაციებს სრულად დასჭირდება განახლება, საჭირო იქნება მეტი პარკის მშენებლობა. ძველი საცხოვრებლად გამოსადეგი კორპუსების დემონტაჟი და მისი მაღალსართულიანი  კორპუსებით ჩანაცვლება არ არის გამოსავალი, არამედ ეს მხოლოდ და მხოლოდ პრობლემის დროებითი მოგვარებაა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უამრავ ახალ თავისტკივილს წარმოშობს.

სხვა ყველაფერი რომ დავივიწყოთ  შეგვიძლია დავსვათ შემდეგ შეკითხვა: 1960-იან წლებში მესამე მასივი გაშენდა, თუმცა 2021 წელს, ჩვენი ბაბუების ნაშენმა 4-5-სართულიანმა კორპუსებმა საბოლოოდ ამოწურეს თავი. საინტერესოა, როცა, ჩვენ მიერ ახალაშენებული მრავალსართულიანი კორპუსები, ამოწურავენ საექსპლუატაციო რესურს, რას მოიმოქმედებენ ჩვენი შვილიშვილები? დაანგრევენ და ორჯერ დიდი კორპუსით ჩაანაცვლებენ? მაგალითად 32 სართულიანით, ან 40-იანით. როცა ამ კითხვაზე პასუხი გვექნება, უკვე ახალი და მთავარი შეკითხვა შეგვიძლია დავსვათ: რისთვის ან ვისთვის ვაშენებთ ასეთ ქალაქს?


ფოტო გარეკანზე: ხრუშჩოვკებით განაშენიანებული ვაჟა-ფშაველას პირველი და მეორე კვარტლების მშენებლობის პროცესი.
1964 წელი. ავტორი გივი კიკვაძე.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა