საბჭოთა ქართული კორუფცია
ლეონიდ გაიდაის ფილმში, ბრილიანტის ხელი, ერთ-ერთ პერსონაჟს ძილში ღამის კოშმარივით ჩაესმის სიტყვები: “შენ მხოლოდ ხელფასზე გეცხოვროს!“ - ეს ფაქტობრივად წყევლის ტოლფასი არის. საბჭოთა კავშირში, ზოგადად, ოფიციალური რიგითი ადამიანის ხელფასი არაფრისთვის არ კმაროდა, სამაგიეროდ ბევრს ჰქონდა დამატებითი არაფორმალური შემოსავალი, რაც საერთო ჯამში ადამიანს საშუალებას აძლევდა შეძლებულად ეცხოვრა.
ყველაფერი სტალინის დიქტატურის დასრულების შემდეგ დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირმა შედარებით ადამიანური სახე მიიღო. სახალხო კონტროლისა და დასჯის მექანიზმები შემცირდა. ცენტრალიზებული ეკონომიკა და ყოველდღიური მომხმარებლური პროდუქტების პერმანენტული დეფიციტი კი ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენდა არაფორმალური ეკონომიკის განსავითარებლად. ამ მხრივ საქართველოს სსრ ყველაზე წარმატებული ქვეყანა იყო, სადაც თითქმის მთელი საზოგადოება იყო ჩართული კორუფციაში და რომელშიც ადამიანის შემოსავლების მინიმუმ 25% არალეგალურ ფულს წარმოადგენდა.[1] არაოფიციალური შემოსავლების მიღებისთვის უამრავი გზა არსებობდა, მაგალითად: „ცეხავიკობა“, „სპეკულიანტობა“, მექრთამეობა, საწარმოო მატერიალების მოპარვა, ზედმეტი პროდუქტის წარმოება და მისი შავ ბაზარზე გაყიდვა, პროდუქტის ფალსიფიკაცია და ა.შ.
საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის განვითარება ვასილ მჟავანაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო და სრულად ნორმატიული სახე მიიღო.
საინტერესოა ის, რომ 1960-1971 წლებში, საქართველოს მშპ 102%-ით გაიზარდა, რითაც სსრკ-ში ბოლოდან მესამე ადგილს იკავებდა. სამაგიეროდ, 1970 წელს რიგით ქართველს თითქმის ორჯერ მეტი დანაზოგი ჰქონდა, ვიდრე სხვა საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეს.[2] ხელფასები ოფიციალურთან შედარებით მაღალი იყო, მაგალითად: დალაქის საშუალო თვიური შემოსავალი 400-ის მაგივრად 600 რუბლი იყო; ტაქსის მძღოლის 1000 - 1200 რუბლი; მაღაზიის მენეჯერის 2000 - 2500 რუბლი და ა.შ. [3]
საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ახალმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ, მექრთამეობისა და ზოგადად არაფორმალური ეკონომიკის მიმართ ახალი პოლიტიკა დაიწყო, რომელიც „ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის“ ლოზუნგში გაერთიანდა. მთელი საქართველოს მასშტაბით დაიჭირეს კორუფციაში გარეული ათასობით ადამიანი. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი პეტრე გელბახიანის დაჭერა იყო. ოფიციალური ვერსიით იგი გარკვეული თანხის სანაცვლოდ უნივერსიტეტში აწყობდა აბიტურიენტებს. სხვების დასაშინებლად, მისი საქმე საჩვენებელ სასამართლო პროცესად იქცა, რომელიც ტელევიზორში გადაიცემოდა. საბჭოთა საქართველოში, სამედიცინო სფერო ძალიან პრესტიჟული და დაფასებული იყო, ფაქტობრივად, ეს პროფესია უდარდელ და ნათელ მომავალს უდრიდა, აქედან გამომდინარე, ამ ინსტიტუტში მოხვედრაზე ოცნებობდა ყველა - „სტავკაც“ ძალიან მაღალი იყო. სამედიცინო ინსტიტუტი არ იყო ერთადერთი კორუფციის ბუდე, არამედ მთლიანად განათლების სისტემა იყო ამ მდგომარეობაში. 1982 წლის ცენტრალური კომიტეტის არქივის ფაილებში ვკითხულობთ: „მოსახლეობის ნაწილში გავრცელებული აზრია, რომ გამოცდების ჩაბარება და უნივერსიტეტში მოხვედრა ქრთამის გარეშე შეუძლებელია, მეტიც, სკოლაში საატესტატოდ მაღალი ქულის მიღებაც რთულია...“. საბჭოთა საქართველოში აბიტურიენტების უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტში მოწყობაში დიდი ფული ტრიალებდა. იმავე დოკუმენტებში ვკითხულობთ: „გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საგამოცდო კომისიის წევრები, ჯერ კიდევ გამოცდების დაწყებამდე გარკვეული მსხვილი ფულის სანაცვლოდ აბარებინებდნენ უნივერსიტეტში. მოქალაქე ჩარგაზიამ, 1980-1982 წლებში, ქრთამის სახით 20,000 რუბლი გამოსძალა მოქალაქე ბულაშვილს. ბეკაშვილს 15,000, როინიშვილსა და ვანიშვილს 12,000 და ა.შ. სულ 11 ადამიანს. ქრთამიდან საერთო შემოსავალი კი 135 ათასი რუბლი იყო.[4] საბჭოთა კავშირი სოციალური სახელმწიფო იყო, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სხვადასხვა საჯარო სიკეთეებს სთავაზობდა, მათ შორის უფასო განათლებას. საქართველოში უმაღლესი განათლება, არ იყო მხოლოდ სოციალური მობილობის ერთ-ერთი ხერხი, არამედ პრესტიჟის საკითხიც გახლდათ. თავდაპირველად ინდუსტრიული ინსტიტუტები იყო მოდაში, 60-იანი წლების მიწურულს კი სამედიცინოთი ჩანაცვლდა. უნდა ითქვას, რომ განათლების სისტემაში არსებული კორუფცია, არანაირად არ გამორიცხავდა გამოცდაზე ცოდნის არ დაფასებას, უბრალოდ ეს სისტემა ამცირებდა მსგავსი სტუდენტების რაოდენობას.
გასული საუკუნის 1930-იანი წლებიდან მოყოლებული, თბილისისა და ზოგადად საქართველოს გაქართველება იწყება. ქართველების ხელოვნურად, ჩასახლება თბილისში და მაღალ ბიუროკრატიულ პოზიციებზე დაწინაურება ეთნიკური უმცირესობების ჩაგვრის ხარჯზე, რომელიც მიზნად დემოგრაფიისა და საზოგადოებრივი სტრუქტურის ცვლილებას ისახავდა. საინტერესოა ის, რომ 1969-70 წლებში, უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრილი სტუდენტების 82% ქართველი იყო, მაშინ როცა მთელ რესპუბლიკაში მხოლოდ 67% ქართველი ცხოვრობდა. ეთნიკური დისკრიმინაცია არაფორმალურად იყო ნებადართული.
1980 წელს, ახალციხის სოფლის მეურნეობის სამმართველოში შევიდა მოქალაქე პოღოსიანის წერილი, რომელშიც იგი სხვადასხვა პირებისადმი ცხრა ბრალეულობის საკითხს აყენებს[5]. ბრალდებებიდან ჩვენთვის საინტერესო მხოლოდ ორია, პირველი: ვინმე ზაზაშვილმა, პოღოსიანს დამსახურებული სამსახურებრივი დაწინაურების მისაღებად 1000 მანეთი მოსთხოვა. მეორე, პოღოსიანი წერს: „ამ რამდენიმე ხნის წინ, ვმუშაობდით [გაურკვეველი სიტყვა] უბანზე, ეკონომისტმა ნათინაძემ კი ხალხში ასე მითხრა: „შენ თუ გინდა რაიმე სამუშაო მოგცეთ, გადადი ცოლის გვარზე და ქართველად გადაეწერეო. ატყდა სიცილი და ხარხარი . . . მე როცა ჩემი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნამუშევარი მოვითხოვე ეკონომისტმა ნათინაძემ მითხრა: იმ შენს ნამუშევარს არ მოგცემთ, სომხებმა უნდა იმუშაოთ ხოლო ქართველებმა ვჭამოთ.“
გამოძიების შედეგად, ცხრიდან შვიდი ბრალდება ნაწილობრივ დადასტურდა - ზაზაშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან ხოლო ნათენაძე მკაცრად იქნა დასჯილი (გაურკვეველია რას ნიშნავს „მკაცრად დასჯილი“). 1982 წელს, მექრთამეობასთან დაკავშირებული 665 საქმის შესწავლის შემდეგ, დადგინდა, რომ ყოველ 1000 კაცზე გადაანგარიშებით, ყველაზე მეტად ქრთამს იღებენ აფხაზები (25%), ქართველები (14.6%) და ქურთები (14.1%).[6]
საბჭოთა საქართველოში, დამატებითი შემოსავლის მიღების შესანიშნავი ხერხი იყო ე.წ. სპეკულაციები. ის თავის თავში ბევრი სახის ფინანსურ დანაშაულს მოიცავს, მათ შორის ე.წ. გადაყიდვასაც. კინოთეატრის, აეროფლოტის, ფეხბურთის და სხვა მსგავსი ბილეთების გადაყიდვა ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა უფრო მონდომებულები რესპუბლიკის მიღმა გადიოდნენ ხოლმე. 1950-იან წლებში, სამოქალაქო ავიაციის განვითარებამ ქართველებს საშუალება მისცა ემგზავრათ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით - ჩაეტანათ დეფიციტური პროდუქტი, მაგალითად სოფლის მეურნეობის პროდუქტები და გაეყიდათ რამდენჯერმე მაღალ ფასში. 1982 წელს, მხოლოდ ლენინგრადში, პირველივე შემოწმებისას 58-ი ქართველი სპეკულანტი დააკავეს...[7]
ბევრად უფრო სახიფათო „პროფესია“ იყო ,,ფარცოვშიკობა”. მაშინ როცა საბჭოთა კავშირმა კაპიტალისტურ ქვეყნებთან აღადგინა კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობები, გაიზარდა უცხოელთა ვიზიტები საბჭოთა კავშირში, რამაც წარმოშვა ახალი „ბიზნესმენები“. ისინი ორგანიზებულად მუშაობდნენ, ძირითადი სამოქმედო არეალი სასტუმროები, თეატრები, რესტორნები და ყველა ის ობიექტი იყო სადაც შეიძლება უცხოელი სტუმრები ყოფილიყვნენ. კომუნიკაციას ამყარებდნენ სტუმრებთან და ხდებოდა კომერციული გარიგება: ნივთების შესყიდვა, ვალუტის გადახურდავება, პროდუქტის რეალიზაცია. მსგავს საქმეში ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ ჩართული, განურჩევლად სოციალური სტატუსისა. აღსანიშნავია, რომ სსრკ-ს სახელმწიფო მართლმსაჯულებას შავ ბაზარზე მომუშავეების მიმართ უკიდურესად მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში იყო სპეციალური მუხლი სპეკულაცია, რომელიც ითვალისწინებდა დანაშაულებრივ მოგების მიზნით ნივთების შეძენა-გაყიდვისათვის პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით; ასევე მუხლი „სისტემატური მაწანწალობა და მათხოვრობა“, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას უცხოელების ადევნება/შეწუხებისთვის. თუმცა, ყველაზე მკაცრი სასჯელი იყო გათვალისწინებული მუხლით „სავალუტო ოპერაციების მიმართ“. ამრიგად, 40-50 აშშ დოლარზე მეტი სავალუტო გარიგება ამ მუხლის შესაბამისად ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით 10 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი გარიგების შემთხვევაში - სიკვდილით. ,,ფარცოვიშკობა” აუცილებლად დაკავშირებული იყო სავალუტო საქმიანობასთან (უცხოელისგან საქონლის შესაძენად საჭირო იყო ვალუტა) აქედან გამომდინარე იყო უკიდურესად საშიში, მაგრამ ძალიან მომგებიანი „პროფესია“. [8]
1960-იან წლებში, საქართველოში, შეიქმნა ახალი სოციალური ჯგუფი „ცეხავიკები“. ცეხები ძირითადად ქარხანა-ფაბრიკების ბაზაზე კეთდებოდა და აქედან მოპარული მასალებით ფუნქციონირებდა. ძირითადად, ასეთი ცეხები ტრიკოტაჟს აწარმოებდა. 1981 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკაში მიწისქვეშა ბიზნესთან დაკავშირებული დიდი სქემა გაიხსნა. ვინმე ვენიკო შენგელიამ გააცნობიერა რა სამომხმარებლო საქონელზე არსებული დეფიციტი და დაიწყო მისი წარმოება. მანამდის მას მხოლოდ ქსოვილის ფაბრიკა ჰქონდა, რომელიც სელის ტილოებს ამზადებდა სამრეწველო ფქვილის საცრებისთვის. იგი ამით ვერ დაკმაყოფილდა, მოქრთამა ქარხნის დირექტორი და მოაწყო ცალკე საწარმოო ობიექტები, რომელიც სავაჭრო ჩანთებს აწარმოებდა. მასალები სახელმწიფო სექტორიდან მოდიოდა, დასაქმებულები კი შედარებით მაღალ ანაზღაურებას იღებდნენ, ვიდრე სხვაგან. პირველ ორ წელიწადში, ,,ბიზნესი” სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მოქრთამვით იყო დაცული, მსუბუქი მრეწველობის სამინისტრომდე. საბოლოოდ მან საწარმო გაყიდა. მიღებული ფულით, ახალი, უფრო დიდი, არალეგალური საწარმო გახსნა, რომელშიც სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებდა, როგორც ნაქსოვს ისევე ტყავისას. სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ, იგი მილიციის ყურადღების ცენტრში მოექცა და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი დასაქმებული ფულს საზღვარგარეთ, იტალიაში მყოფ ძმას უგზავნიდა. საბოლოოდ ყველა ჩართული პირი უმკაცრესად დაისაჯა, 10-15 წლამდე პატიმრობით. განსხვავებით შენგელიასგან, თბილისში, ოთარ ლაზიშვილს გაცილებით უკეთესი ,,კრიშა” ჰყავდა, საქართველოს ცკ-ს პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძის სახით.[9] ედუარდ შევარდნაძე იმ დროს რესპუბლიკის შსს მინისტრი იყო, აქედან გამომდინარე მან შესანიშნავად გამოიყენა ლაზიშვილისა და მჟავანაძის კორუფციული საქმიანობა; პირველი დაიჭირა, ხოლო მეორე კი ჩამოაშორა ცკ-ს მდივნობას და თავად დაიკავა ეს პოზიცია.
1982 წლის სექტემბერში გამოძიება დაიწყო სიღნაღის რაიონის ღვინის ქარხნის დირექტორის, მეტსახელად „ნუღლას“ წინააღმდეგ. გამოძიებამ დაადგინა რომ იგი აწარმოებდა ფალსიფიცირებულ ღვინოს, უკანონოდ ითვისებდა სახელმწიფო სახსრებს და აფორმებდა უსაქონლო ოპერაციებს. ღვინის ფალსიფიკაცია კი მრავალი გზით ხდებოდა, მათ შორის ჭარხლის გარევით. გამოძიების დაწყებიდან მალევე „ნუღლა“ მიიმალა, სამაგიეროდ, ოფიციალური ვერსიით, დააკავეს რამდენიმე მეღვინე და მისი ცოლი, რომელიც მოსკოვის აეროპორტში, საქმის მოსაგვარებლად იყო ჩასული, ქრთამის გადასაცემად. მოგვიანებით „ნუღლა“ გამოჩნდა და მილიციას ჩაბარდა, მას 15 წელი მიესაჯა, ასევე მკაცრად დაისაჯა ყველა სხვა ჩართული პირი.
შევარდნაძის ბრძოლა კორუფციასთან მხოლოდ და მხოლოდ ფასადი იყო. მართალია, მან დაიჭირა მჟავანაძესთან დაკავშირებული კორუფციული კლანები, თუმცა შემდგომში იგი თავისიანებით ჩაანაცვლა.მეღვინეების საქმე ამის ნათელი მაგალითია, რადგან სწორედ „ნუღლას“ მსგავსი ფალსიფიკატორების მეშვეობით მან შეძლო და გადაჭარბებით შეასრულა არარეალურად გაბერილი ხუთწლედის გეგმა და მიიღო უმაღლესი ჯილდო 1982 წელს: სოციალისტური შრომის გმირი, ხოლო როცა აღარ დასჭირდა „ნუღლა“, იგი უბრალოდ მოიშორა.
მეღვინეების საქმე ,,ნუღლას” დაკავებითა და სხვა პირების დასჯით არ დასრულებულა. პირიქით, იგი გაგრძელდა: სიღნაღის, ახმეტის, მახარაძის და ზოგიერთ სხვა რაიონებში დაისვა მდივნების პასუხისმგებლობების საკითხი, თუმცა მათ ერთხმად აღიარეს, ცენტრალური კომიტეტის მდივანთან, სოლიკო ხაბეიშვილთან არსებული კორუფციული კავშირები. შეიძლება ითქვას, რომ, შემდგომში ხაბეიშვილის საქმე, საქართველოს სსრ-ს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმედ იქცა - მეტიც მასში იკვეთება პოლიტიკური ინტრიგებიც, რომ თითქოს პირადად ცკ-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი იყო მისი დაკავებით დაინტერესებული, თუმცა ეს უკვე სხვა თემის საგანია.
ცენტრალიზებული ეკონომიკა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტის პერმანენტული დეფიციტი ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენდა არაფორმალური ეკონომიკის განსავითარებლად, თუმცა საბჭოთა სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავდა, რადგან კარგად აანალიზებდა, რომ ეს რესურსების გადანაწილების მშვენიერი ხერხი იყო
სამაგიეროდ, თუ არალეგალური ეკონომიკური საქმიანობით ვერ ხეირობდა ოფიციალური ეკონომიკა, მაშინ იგი მკაცრად ისჯებოდა.[10] ხელისუფლების მიზანი გარკვეული ბალანსის დაცვა იყო, თუმცა ცენტრალური ხელისუფლების დასუსტების პარალელურად, იზრდებოდა არაფორმალურ ეკონომიკაში ჩაფლული ბიუროკრატიისა და ცალკეული ადამიანების რიცხვი, რომელიც 1980-იანი წლების მეორე ნახევარში ეფექტურ კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.
როცა საბჭოთა კავშირმა რღვევა დაიწყო ბევრი ფიქრობდა, რომ სწორედ შავი ბაზრის გათეთრებით შეიქმნებოდა მომავალი ქართული კაპიტალისტური ეკონომიკა. თუმცა, მალე ყველა დარწმუნდა, რომ გათეთრების პირობებშიც კი ისინი ისევ აგრძელებდნენ შავ საქმიანობას, იმ განსხვავებით, რომ ადრინდელთან შედარებით, დამოუკიდებლობისა და თავისუფალი ბაზრის წესების პირობებში მათი ძალაუფლება და შემოსავლები უსაზღვრო იყო.
საბჭოთა კავშირში არსებობდა ასეთი ანეკდოტი: რუსი სიკვდილის შემდეგ ოცნებობს არა სამოთხეში, არამედ საქართველოში მოხვედრას. მართლაც, საქართველო სსრკ-ში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რესპუბლიკა იყო, სავარაუდოდ მხოლოდ აქ თუ ამაყობდნენ ორი, სავსე მაცივრის ქონით. ქართველების სიმდიდრეს დიდწილად სწორედ არაფორმალური ეკონომიკა განსაზღვრავდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ ხდებოდა, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ამ თემის შესახებ. არადა, თაობები იცვლება, იკარგება მეხსიერება - ყველაფერს კი არქივის დოკუმენტებით ვერ აღვადგენთ, მათ შორის, ვერ შევისწავლით ქართველების უნიკალურ ნიჭს საბჭოთა კავშირში: ჩალიჩს - ანუ არაფრის კეთებით დიდი ფულის შოვნას.
[1] Geral Mars; Yochanan Altamn, The Cultural bases of Soviet Georgia’s second economy, გვ.556
[2] Ronald Grigor Suny, Soviet Georgian in Seventies, გვ.6
[3] Geral Mars; Yochanan Altamn, The Cultural bases of Soviet Georgia’s second economy, გვ.553
[4] საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, ფონდი 123, საქმე 361, ფურცელი 7.
[5] საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, ფონდი 119, საქმე 1043, ფურცელი 14.
[6] საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, ფონდი 123, საქმე 361, ფურცელი 19
[7] საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, ფონდი 123, საქმე 361, ფურცელი 68.
[8] გიორგი ღლონტი, Профессиональная преступность в Грузии, გვ.33-34
[9] Mark Galeotti - The Vory Russia’s Super Mafia, გვ.123-124.
[10] Louise I. Shelley, The Second Economy in the Soviet Union, გვ.20
ქავერ ილუსტრაცია: სალომე ხატიაშვილი