
როგორ შენდება ბინა | გაბრიელ ჩუბინიძე
08.07.2021 | 15 წუთიანი საკითხავი1973 წელს, ტელეეკრანებზე ახალი ქართული ფილმი - მზე შემოდგომისა გამოვიდა. ფილმის მთავარი გმირი, მოისურვებს, დღევანდელი გამრეკელი-მიცკევიჩის კვეთაზე არსებული (ე.წ. „კულინარიის“ კორპუსი, სწორედ იმ კულინარიის, რომელიც მომავალში, 90-იან წლებში, კრიმინალურ ისტორიებთან იქნება დაკავშირებული), კეთილმოწყობილ ბინის გაცვლას, ძველი, თბილისური ეზოს ტიპის ბინაზე, ორთაჭალის კოლორიტულ უბანში. ფილმში ბინების გაცვლის სცენაა ასახული - ძველი ბინის პატრონს, აშკარად გამოხატული „პროვინციალური“ ქცევები აქვს, სურს, მოტყუებით, პირფერობით და ვაჭრობით - ყველაფრის ფასად, სახლი გაცვალოს, მათ შორის მზადაა თანხის დასამატებლად. მთავარი გმირი, გამოირჩევა ზრდილობით, გამართული მეტყველებითა და პატიოსნებით, იგი თვალს ხუჭავს სახლის სარემონტო მდგომარეობაზე, სამაგიეროდ ხაზს უსვამს იმას, რომ ბინას ინდივიდუალური აბაზანა არ აქვს - ეს სერიოზული პრობლემაა და მის გარეშე არ გაცვლის. ეს სცენა წარსულისა და მომავლის დაპირისპირების ილუსტრაციაა, ძველი ბინა, ისევე როგორც შიგნით მაცხოვრებელი ოჯახი, ყველანაირად ჩამორჩენილია - მას მხოლოდ ერთადერთი უპირატესობა აქვს, რომელიც რეალურად არც კი ეკუთვნის - ძველ თბილისური სული.

კადრი ფილმიდან მზე შემოდგომისა. სურათზე დღევანდელი გამრეკელი-მიცკევიჩის კვეთა, რომელშიც კარგად ჩანს სარეკლამო აბრა “Кулинария”.
ეს სწორედ იმ კულინარიის აბრაა, რომლის სახელიც 90-იან წლებში დაკავშირებული იქნება კრიმინალურ ისტორიებთან.
1929 წლიდან, საბჭოთა კავშირში სწრაფი ინდუსტრიალიზაციის პერიოდი იწყება, ხუთწლედების გზით საზოგადოების გარდაქმნა, მიწიდან მოწყვეტა და მუშად ქცევა - სოციალიზმის მშენებლობა. მოსახლეობას სოფლიდან ქალაქში ძალდატანებითი ასახლებდნენ. ათი წლის განმავლობაში, ურბანიზაცია გაორმაგდა, სამაგიეროდ მას ვერ დაეწია ბინათმშენებლობა და გეგმის მხოლოდ ნახევარი შესრულდა. გაუარესდა საცხოვრებელი პირობები და გაუთანაბრდა ევროპაში ინდუსტრიალიზაციის პერიოდში არსებულ მდგომარეობას, 14 კვადრატული მეტრი ერთი ადამიანისთვის. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირმა კატასტროფული ინფრასტრუქტურული დანაკარგი მიიღო, განადგურდა საბინაო ფონდის დიდი ნაწილი - 25 მილიონი ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. ომის შემდეგ, სახელმწიფომ მიზნად დაისახა ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალის აღდგენა - მოსახლეობა მოიცდიდა. 1950 წლისთვის, ერთ ადამიანზე 15 კვადრატული მეტრი მოდიოდა, აქედან ბინების დიდ ნაწილი წარმოადგენდა ბარაკებსა და ე.წ. კომუნალკებს.
“ათასი ცხოვრებისთვის გამოსადეგი ბინის აგება ჯობია, თუ ასი კარგის? რომელს ამჯობინებს მოქალაქე, იცხოვროს ასეთ ბინაში, თუ დაელოდოს 10-15 წელი და მიიღოს კარგი? ხელისუფლებამ, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, არსებული რესურსებით დააკმაყოფილოს მოქალაქეთა მოთხოვნები“ (1) - ნიკიტა ხრუშოვის ძალაუფლებაში მოსვლიდან მალევე, ახალი საცხოვრებელი კორპუსების, ე.წ. „ხრუშოვკების“ მშენებლობები იწყება. პირველად, ბინათმშენებლობაში, მასობრივად გამოიყენეს შენების ინდუსტრიული მეთოდები, რომელმაც ჩაანაცვლა კონვენციური სამშენებლო მასალები. ბინები იგებოდა ქარხანაში დამზადებული პანელებით და იწყობოდა ადგილზე. რიგ შემთხვევებში კი პირდაპირ, გამზადებული ოთახები მონტაჟდებოდა. მსგავსი ტექნოლოგიით, მცირდებოდა შენობის თვითღირებულება, არ საჭიროებდა გამოცდილ მუშახელს და რამდენჯერმე ამცირებდა მშენებლობის დროს. თავად ბინები სტანდარტულ ტიპურ პროექტს წარმოადგენდნენ, რომელშიც ყველაფერი მინიმალური კომფორტის დონეზე იყო დაყვანილი, მაგალითად ჭერის სიმაღლე და ოთახების ზომა. თბილისში, ხრუშოვკების ძირითადი ნაწილი აგურით და მსხვილი ბლოკითაა ნაშენი, პანელური კი ძირითადად გვხვდება გარეუბნებში (მესამე მასივი, ე.წ. მერვე პოლკის დასახლება და ა.შ.).
თბილისში აგებული „ხრუშოვკა“ - ჭერის სიმაღლე 2.5მ
- 1 ოთახიანი - საერთო ფართი 28.73 (საცხოვრებელი ფართი 16.01 )
- 2 ოთახიანი - საერთო ფართი 53.6 (საცხოვრებელი ფართი 30.67 )
- 3 ოთახიანი - საერთო ფართი 69.5 (საცხოვრებელი ფართი 46.8 )

წვრილპანელიანი ხრუშოვკა, თბილისი, ვარკეთილი. ფოტოს ავტორი გაბრიელ ჩუბინიძე.

ფოტო აღებულია ინტერნეტიდან. სურათზე ჩანს საბურთალოს მშენებლობა, დღევანდელი პეკინის, ყაზბეგისა და ვაჟა ფშაველას პროსპექტი.
საბჭოთა საბინაო მშენებლობები, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია, რომელმაც ათეულობით მილიონი ადამიანი შეასახლა კეთილმოწყობილ ბინებში, ცალკე აბაზანითა და სამზარეულოთი, რაც ოდესღაც დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა. სახელმწიფო პოლიტიკა საცხოვრებლებს უყურებდა როგორც ადამიანის ბაზისურ უფლებასა და საჯარო სიკეთეს, ამიტომაც იგი არ უნდა გამხდარიყო კომერციული, ფულის შოვნის ხერხი - მეტიც, ბინის გაყიდვა შეუძლებელი იყო - სამაგიეროდ დაშვებული იყო გაცვლა. 1928 წელს, საბჭოთა კავშირმა, მსოფლიოში, ბინის ქირის ყველაზე დაბალი ზღვარი დააწესა - თვიური შემოსავლის 3%. (2)
ხრუშოვის მასობრივი მშენებლობების დაწყებამდე, ბინების მშენებლობა მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით ხდებოდა, არ არსებობდა კერძო ინიციატივა. საცხოვრებლები მოსახლეობას უფასოდ გადაეცემოდა, სამუდამოდ პირად საკუთრებაში. ბინის მისაღებად, მოქალაქეს სპეციალური საჭიროებების კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა და ჩამდგარიყო რიგში (იგივე პრინციპი იყო მასობრივი მშენებლობების დაწყების შემდეგაც). კრიტერიუმი შესაძლებელია ყოფილიყო შემდეგი: მოქალაქეს არ აქვს სახლი და ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში (კომუნალური საცხოვრებელი), არსებულ საცხოვრებელში განიცდის სივრცის ნაკლებობას (5 კვადრატი ერთ ადამიანზე), სივრცე გამოუსადეგარია საცხოვრებლად, მოქალაქეს მიღებული აქვს ქვეყნის უმაღლესი ჯილდოები, დაავადებულია ტუბერკულოზით, ოთახს იყოფს უცხოებთან და ა.შ. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ისიც რომ პირი, ჩაწერილი უნდა ყოფილიყო შესაბამის ქალაქში. (3) სტალინის პერიოდის საცხოვრებელი კორპუსები ხარისხისა და აქედან გამოწვეული მაღალი ფასის გამო მცირე რაოდენობით შენდებოდა, ამიტომაც, ძირითადად, იგი გადაეცემოდა მაღალ სოციალურ იერარქიაში მდგომ მოქალაქეებს, მაგალითად პარტიის მაღალჩინოსნებს, სამეცნიერო, კულტურისა და სამხედრო სფეროს წარმომადგენლებს. ხრუშოვის პერიოდში, არამხოლოდ რიგით ადამიანებსაც მიეცათ საშუალება მიეღოთ ბინა უფასოდ, არამედ დაიშვა კერძო ინიციატივებიც, დაიწყო ე.წ. კოოპერატიული მშენებლობები - მაცხოვრებლებს უნდა შეეტანათ შენობის თვითღირებულების 30-40%-ის თანხა ე.წ. „მშენბანკში“, დანარჩენს კი სახელმწიფო ფარავდა შეღავათიანი, წლიური 0.5%, საკრედიტო პირობებით, რომელიც წლების განმავლობაში უნდა დაეფარათ, კვარტლური შენატანით. (4)
საბჭოთა ხელისუფლება არ ცდილობდა, მოქალაქისთვის შეექმნა მრავალი არჩევანის საშუალება, სამაგიეროდ დიდ რესურს ხარჯავდა შენების ხარისხისა და პროექტების გაუმჯობესებაში - მაგალითად, თბილისში, უკვე 70-იანი წლებიდან, მასობრივად შენდება ბინები, რომლის საცხოვრებელი სივრცე ფაქტობრივად გაორმაგებულია ე.წ. „ხრუშოვკებთან“ შედარებით. მიუხედავად გაცხადებული სოციალური თანასწორობისა, მაინც იყო განსხვავება რიგით მუშასა და მაგალითად აკადემიკოსს შორის და კოოპერატიულ ბინათმშენებლობის დაშვებამ კიდევ უფრო წაახალისა სოციალური დაყოფა. მაღალ შემოსავლიანი მოქალაქეებს, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეეძლოთ აეშენებინათ, ხარისხობრივად სტანდარტულზე უკეთესი ტიპური პროექტი, მათ შორის არატიპური, სპეც პროექტიც კი, მათთვის საუკეთესო ადგილას. არც სახელმწიფო მშენებლობები გამოირჩეოდა განსაკუთრებული სამართლიანობით, უფასოდ ბინის მიღება უფრო მარტივი იყო თუ მოქალაქეს ჰქონდა გარკვეული კავშირები ბიუროკრატიაში, შესაძლებელი იყო გადაწყვეტილების მიმღებთა მოქრთამვაც.

ფოტოზე ჩანს ვაჟა ფშაველას მესამე, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე კვარტლები, 1971 წელი. ფოტო აღებულია ინტერნეტიდან.
ბინათმშენებლობა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშისოციალური მშენებლობა განსხვავებულად არის გაგებული სხვადასხვა წყობის, კულტურის და რეჟიმის ქვეყანაში, თუმცა, ყველგან გულისხმობს დაბალშემოსავლიანი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი საცხოვრებლის შექმნის პოლიტიკას. მაგალითად, საბჭოთა კავშირში, როგორც სახელმწიფო, ისევე კოოპერატიული ბინები საკუთრებაში გადაიცემოდა; დასავლეთ ევროპასა და აშშ-ი გრძელვადიანი ქირის პრინციპი იყო, სოციალური ფასით. დაბალი თვითღირებულების კორპუსები, სოციალური მშენებლობები, მათ შორის ინდუსტრიული მეთოდებით არ არის ექსკლუზიურად საბჭოთა მოვლენა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, თითქმის მთელს ევროპაში იდგა დიდი საბინაო კრიზისი, გამოსავალი კი ყველგან ერთნაირი მოინახა - მასობრივი მშენებლობები. მთავარი განსხვავება საბჭოთა კავშირისგან, იყო ის რომ დასავლეთში მშენებელი იყო როგორც სახელმწიფო, ისევე კერძო კომპანია და გაიცემოდა არა საკუთრებაში არამედ ქირით.
ფინეთში ინდუსტრიალიზაცია ბევრად გვიან მოხდა ვიდრე დანარჩენ ევროპაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსახლეობის 70% სოფლად ცხოვრობდა - ყველაფერი კი 1960-იან წლებში შეიცვალა, როცა სახელმწიფო მიზნად დაისახა ქარხანა ფაბრიკების აშენება. დაიწყო სოფლიდან ქალაქში გადმოსახლება და საბინაო კრიზისზე საპასუხოდ, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება ინდუსტრიული მეთოდებით, წინასწარ გამზადებული პანელებით, დაეწყოთ მასობრივი მშენებლობები - ხარისხი ჩანაცვლდა რაოდენობით. (5) 1971 წელს ბინების 55.9% სახელმწიფოს მიერ იყო აშენებული, ხოლო 1968-85 წლამდე, კი საერთო საბინაო ფონდის 41.6%. ბინა გადაიცემოდა ხელმისაწვდომი გრძელვადიანი ქირის პრინციპით. განისაზღვრა ბინის მინიმალური და მაქსიმალური ზომებიც.

ფინეთი, ჰელსინკი, მერიჰაკას უბანი გათვლილი 2300 მაცხოვრებელზე. შენობები ნაშენია წინასწარ გამზადებული კონსტრუქციებით. ფოტო აღებულია https://en.docomomo.fi/-იდან
1945 წელს, ომის დასრულებისას გერმანია მთლიანად განადგურებული იყო, არამხოლოდ ეკონომიკურად არამედ ინფრასტრუქტურულადაც. დასავლეთ გერმანიაში ყველა პრობლემასთან ერთად, უმძიმესი საბინაო კრიზისი წინაშე აღმოჩნდა. ახალმა გერმანულმა სახელმწიფომ, გამოსავლად კერძო კომპანიების წახალისება და ამავდროულად მკაცრი რეგულაციები მიიჩნია - მაგალითად განუსაზღვრა ბინების მინიმალური და მაქსიმალური ზომები, ხოლო მობინადრეს ბინა უნდა გადასცემოდა ქირით, სოციალური ფასით. სამაგიეროდ, სახელმწიფო, სამშენებლო კომპანიას იაფ 0.5%-იან კრედიტს აძლევდა.
საგადასახადო წახალისებები - ეს იყო მეორე ხერხი რომელსაც სახელმწიფო მიმართავდა, იგი აუქმებდა ან ამსუბუქებდა გარკვეულ გადასახადებს, სამაგიეროდ კომპანია საკუთარი ფული აშენებდა დაბალ თვითღირებულების საცხოვრებლებს, რომელიც უნდა გაქირავებულიყო სოციალური ფასით (იგი არ უნდა ყოფილიყო მეტი ვიდრე, დაბალშემოსავლიანი მოქალაქის, ყოველთვიური ხელფასის 12-15%.)
კერძო ინიციატივები - კომპანიებს აქვთ უფლება, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ააშენონ საცხოვრებელი და არ ჩაჯდნენ წინასწარგანსაზღვრულ ნორმებში. (6) 1949 წლიდან - 1957 წლამდე, სულ 4 მილიონამდე საცხოვრებელი აშენდა, ამათგან დიდი ნაწილი იყო 3-4 ოთახიანი ბინები.
განსხვავებით ევროპისგან, ამერიკის შეერთებულ შტატებში ომი არ ყოფილა, მაგრამ საბინაო კრიზისი მაინც არსებობდა და დღემდე დიდ პრობლემად რჩება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სახელმწიფომ ომის ვეტერანებს მისცა უფლება დაბალი საპროცენტო განაკვეთით, სუბსიდიითა და პირველი შენატანის ვალდებულების გარეშე, ეყიდათ სახლები კეთილმოწყობილ გარეუბნებში, ე.წ. “თაუნჰაუსები”. რასობრივად სეგრეგირებულ სახელმწიფოში, ეკონომიკურად ძლიერმა თეთრებმა დატოვეს ქალაქის ცენტრი, ღარიბი შავკანიანები კი დარჩნენ - დაიწყო გეტოების მშენებლობა.
1970-იან წლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი საბინაო პოლიტიკა დაიწყო. კერძო კომპანიებს უნდა აეშენათ მაქსიმალურად იაფი თვითღირებულების მქონე საცხოვრებლები - გრძელვადიანი ქირის პრინციპზე (სოციალური ფასით). პროექტი წარუმატებელი გამოდგა და 1992 წელს უშუალოდ სახელმწიფომ დაიწყო მშენებლობები, თუმცა საცხოვრებელი შენობები (როგორც კერძო ისევე სახელმწიფო) შენდებოდა ქალაქის ცენტრიდან შორს, ძირითადად იქ სადაც იყო მიწის დაბალი ფასი, ღარიბ უბნებში. შედეგად მსგავსმა განაშენიანებამ ვერ გააუმჯობესა ახალმოსახლეთა საცხოვრებელი პირობები, პირიქით ხელი შეუწყო სოციალურ სტრატიფიკაციას და თავადვე იქცნენ გეტოებად. პარალელურად საბინაო პოლიტიკა ტარდებოდა კანადაში, იმ განსხვავებით, რომ მთავარი მშენებელი არა კერძო კომპანია არამედ სახელმწიფო იყო, ხოლო შენობები ბევრად ჯანსაღ გარემოში შენდებოდა. (7)

ე.წ. Cabrini-Green-ის პროექტი ჩიკაგოში, აშშ. ქალაქის ცენტრიდან შორს, ღარიბ უბანში აშენებული სოციალური საცხოვრისის პროექტი მალევე გადაიქცა გეტოდ. დღეს, იგი წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების წარუმატებელი საბინაო პოლიტიკის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს. საბოლოოდ, 2011 წელს კორპუსების დემონტაჟი განხორციელდა. ფოტო აღებულია ინტერნეტიდან.
საბინაო პოლიტიკა ქართულადსაქართველოში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საბინაო პოლიტიკა მხოლოდ ბინების პრივატიზაციებში გამოიხატა - ყველას ყველაფერი გადაეცა, მათ შორის ე.წ. კომუნალკებიც, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დროებით საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებდა, ამიტომაც მას არ აქვს ინდივიდუალური აბაზანა, ხანდახან სამზარეულოც კი. არავის გახსენებია ბინის მიღების მოლოდინში მყოფი ადამიანები - დაზარალდნენ კოოპერატივებიც, რადგან სახელმწიფომ შეწყვიტა მშენებლობების დაფინანსება, მათ მიერ მშენბანკში შეტანილი ფული კი გაქრა.
დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ გააჩნია საბინაო პოლიტიკა და ზოგადად სიტყვა სოციალური მხოლოდ პირობითი ცნება გახდა, რომელიც თავის თავში არც არაფერს გულისხმობს. ავარიული კორპუსები, გადატვირთული საცხოვრებლები და სხვა მსგავსი პრობლემები რომ დავივიწყოთ, თბილისში, მხოლოდ 2016 წელს, მერიას, უსახლკაროდ რეგისტრაციის მოთხოვნით 6100-მა ოჯახმა მიმართა - რეალურად მათი რაოდენობა, გაცილებით მეტი უნდა იყოს, რადგან, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, განსაკუთრებით უსახლკაროებმა არც კი იციან არსებული სახელმწიფო დახმარებების შესახებ და მეორე, არავის აღურიცხავს თუ რამდენ ადამიანს არ აქვს საცხოვრებელი პირად საკუთრებაში და უწევს ქირით ცხოვრება, ხელფასიდან ხელფასამდე. აღსანიშნავია, ისიც რომ სახელმწიფო უკვე ახორციელებს უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფის პროგრამას, კერძოდ, ბენეფიციარს ყოველთვიურად 300 ლარს უხდის, 2-3 წლის განმავლობაში. პროექტის მიზანი არ არის უსახლკარობის პრობლემის დაძლევა, არამედ იგი, მხოლოდ და მხოლოდ დროებით თავშესაფარს აძლევს მსურველს, ამავდროულად არ ითვალისწინებს შინამეურნეობის სულადობას, ადგილმდებარეობასა და სპეციალურ საჭიროებებს, ხოლო თანხა ფიქსირებულია. მაგალითად, ისნის რაიონის გამგეობა 223 ბენეფიციარზე ყოველთვიურად ხარჯავს 60365 ლარს; (8) ფულადი დახმარების სიმცირის გამო ბენეფიციარი იძულებულია იქირაოს მძიმე მდგომარეობაში არსებული საცხოვრისი. (9)
2020 წელს, თბილისის მერიის მიერ, აფრიკის ტერიტორიაზე არსებული დასახლებების დარბევის შემდეგ, მერმა, კახი კალაძემ განაცხადა: „უსახლკაროებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად ცარიელია. ვისაც სურვილი ექნება, ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რომ მოვათავსოთ ამ თავშესაფარში” (10) - მართლაც, ქალაქში რომელშიც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, აქვს მხოლოდ სამი თავშესაფარი, სულ 240 ადგილი.
კონკრეტულად კალაძის ნათქვამი თავშესაფარი კი, ქალაქის ცენტრიდან ძალიან შორს, ლილოში მდებარეობს - ფაქტობრივად იქ მოხვედრილი ადამიანი, კარგავს ქალაქზე წვდომას და იზოლირდება იქ არსებულ გარემოში და არ ემსახურება გრძელვადიან უსახლკარობის დაძლევის გეგმას.
სახელმწიფოს როლი ბინათმშენებლობაში მიზერულია და ერთადერთი პროექტი რომელსაც ახორციელებს, არის დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროგრამა. ვარდების რევოლუციის შემდეგ, კახა ბენდუქიძის ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ხელისუფლებამ „ახალი სოციალური პოლიტიკა გაატარა“ - დევნილების მიერ იძულებით დაკავებული შენობებიდან მასობრივი, ძალდატანებითი და დამამცირებელი გამოსახლებები, მიზერული კომპენსაციის სანაცვლოდ. ქართული ოცნების პირობებში, გაჩნდა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ამ იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინებით დაკმაყოფილებას. ერთი შეხედვით ეს დამაიმედებელი მოვლენაა, მეორეს მხრივ კი დევნილები ჩივიან სამინისტროში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმზე - ბინას იღებს ის, ვისაც არ ეკუთვნის, მეტიც, პროგრამა ვერ ეწევა დევნილთა წინაშე არსებულ გამომწვევებს რაც უთანასწორობისა და უსამართლობის განცდას ახალი ძალით წარმოშობს, ამჯერად უკვე დევნილთა ახალ თაობებშიც. (11)
სოციალური მშენებლობებს ევროპაში დიდი ისტორია აქვს და იგი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო. ევროპაში, დიდი ხნის წინ გააცნობიერეს, რომ სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ მოქალაქეებზე და დაეხმაროს გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობების შექმნაში. თუნდაც საბჭოთა ბინათუზრუნველყოფის გამოცდილების მქონე სახელმწიფოს, წესით, კარგად და ზუსტად უნდა ახსოვდეს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკა - მაგრამ მაინც, დამოუკიდებლობიდან 30 წლისთავზეც, მას არ გააჩნია თუნდაც უსახლკარობის დაძლევის გეგმა - მაინც, ათასობით (თავისუფლად შესაძლებელია ათი-ათასობითაც კი) ადამიანისთვის, 1961 წელს მშენებლობაში ნებადართული, ერთ-ოთახიანი „ხრუშოვკაც“ კი საოცნებოა და მაინც, თბილისში, ჯერ კიდევ არსებობს უამრავი ბინა ინდივიდუალური აბაზანის გარეშე.
________________________________________
(1) Nikita S. Khrushchev, Khrushchev Remembers: The Last Testament, გვ. 102.
(2) Henry W.Morton, Housing in the Soviet Union, გვ.69
(3) HENRY W. MORTON, WHO GETS WHAT, WHEN AND HOW? HOUSING IN THE SOVIET UNION, გვ.7
(4) საბინაო პოლიტიკა საქართველოში 2018, გვ.25
(5) Kaasalainen, T. & Huuhka, S., HOMOGENOUS HOMES OF FINLAND: ‘STANDARD’ FLATS IN NON-STANDARDIZED BLOCKS, გვ.8
(6) Robert G. Wertheimer, The Miracle of German Housing in the Postwar Period, გვ. 340
(7) Cyrus Vakili-Zad, Public Housing: A Summary of Major Differences Between the United States and Canada, გვ.115.
(8) იქვე, გვ.55
(9) უსახლკარობის სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი 2016, გვ.56
(10) IPN - “კახა კალაძის განცხადებით, უსახლკარო მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, ლილოს თავშესაფარში მოათავსებენ”.
(11) ქეთი სართანია, მოლოდინის პოლიტიკა და დევნილები, Netgazeti.ge