ქერჩის კატასტროფა და 224-ე ქართული დივიზიის ისტორია | დიმიტრი სილაქაძე
13.05.2025 | 15 წუთიანი საკითხავიევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1945 წლის აგვისტოში, ევროპაში მოკავშირეთა საექსპედიციო ძალების მთავარსარდალი და 1953-61 წლებში აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი, გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი საბჭოთა კავშირს ეწვია. ამ ვიზიტისას ეიზენჰაუერი დიდ დროს ატარებდა თავის საბჭოთა კოლეგასთან, მარშალ გიორგი ჟუკოვთან. მოგვიანებით კი თავის მემუარში „ჯვაროსნული ლაშქრობა ევროპაში“ (Crusade in Europe) საგანგებოდ გამოყო ჟუკოვთან ერთი საგულისხმო გასაუბრება:
„აიკმა”, როგორც დუაიტს ეძახდნენ, გიორგის ჰკითხა, თუ რა ტაქტიკით უტევდნენ საბჭოელები მოწინააღმდეგეს დანაღმული ველების გავლით. გიორგიმ უპასუხა, რომ ქვეითები, უბრალოდ, არ იმჩნევდნენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, თითქოს, იქ არაფერი იყო და ისე უტევდნენ მოწინააღმდეგის პოზიციას. სარდლობა კი დანაღმული ველის გადავლის შედეგად მიღებულ დანაკარგს იმ დანაკარგს უთანაბრებდა, რაც დანაღმული ველების ნაცვლად, ტყვიამფრქვევებით და არტილერიით კიდევ უფრო გამაგრებული პოზიციის აღების დროს მიადგებოდათ.
ამერიკელი გენერალი გაოგნებული წერდა, წარმომიდგენია, რა დაემართებოდა ნებისმიერ ამერიკელ ან ბრიტანელ მეთაურს, ასეთი ტაქტიკა რომ გამოეყენებინა და კიდევ უფრო ნათლად წარმომიდგენია, თუ რას იტყოდნენ ჩვენი დივიზიების ჯარისკაცები, ასეთი ტაქტიკა ტაქტიკური დოქტრინის ნაწილად რომ გვექციაო.
ჩვენ, ამერიკელები, ომის ფასს ადამიანთა სიცოცხლეებით განვსაზღვრავთ. რუსებისგან განსხვავებით ვცდილობთ ისეთი მეთოდების შემუშავებას, რომლებიც ჯარისკაცებს უსარგებლო საფრთხეში არ ჩააგდებსო.
ის, რაც ეიზენჰაუერს გაუკვირდა, საბჭოთა ჯარისკაცისთვის ყოველდღიური რუტინა იყო. ჯარისკაცმა იცოდა: მის სიცოცხლეს ომში დიდი ფასი არ ჰქონდა, კაცმა რომ თქვას, არც ომამდე; განსაკუთრებით კი, დიდი ტერორის ეპოქაში. საბჭოთა ჯარისკაცებს ჰიტლერის ბომბები კლავდათ, მაგრამ მსხვერპლის მასშტაბის ზრდაში თავისი წვლილი შეჰქონდა საბჭოთა სარდლობის არაორგანიზებულობას, მოქმედებათა გაუთვლელობას, ჯარისკაცის როგორც საზარბაზნე ხორცის, სახარჯ მასალად აღქმას, როდესაც, ტაქტიკურ ხერხებზე მეტად, მოქმედებები მოწინააღმდეგეზე „შუბლით“ შესკდომის პრიმიტიულ და სისხლიან მეთოდზე იგებოდა (ასეთივეა ტაქტიკა, რომელსაც დღეს, ჩვენ თვალწინ, უკრაინაში შეჭრილი რუსული არმია იყენებს).
მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ჯარისკაცის ეს ყოველდღიური რუტინა საქართველოდან გაწვეულმა 700 000-მდე ადამიანმა გამოცადა. საქართველოში თითქმის არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წინაპარი მაინც ამ ომში არ დაიღუპა, ან არ დაიჭრა, ან კი ტყვედ არ ჩავარდა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მოსახლეობის კოლექტიურ მეხსიერებაში, მეორე ომის ტრაგედიის ყველაზე მასობრივ სიმბოლოდ ქერჩი დარჩა. ქერჩს ჩვენში ხშირად “ქართველთა სასაფლაოს” უწოდებენ, იგი, ამავდროულად, კავკასიელთა სასაფლაოდაც მოიხსენიება.
ქერჩში, ყირიმის ფრონტზე, საქართველოდან 65 897 ადამიანი გაიგზავნა, მათი უმეტესი ნაწილი საერთო საბჭოთა თუ ეროვნულ დივიზიაში იყო გაბნეული. ერთად ყველაზე მეტნი კი ყირიმის ფრონტის ერთადერთ ქართულ, 224-ე დივიზიაში იყვნენ თავმოყრილნი. ამ დივიზიის თავგადასავალი, მათ შორის აქამდე უცნობი რამდენიმე მემუარისა და დოკუმენტის ფონზე, კარგად გვაჩვენებს კატასტროფის მასშტაბს. ასევე, იმ არაორგანიზებულობას და განუკითხაობას, რაც ყირიმის ფრონტს, იქ გაწვეულ კავკასიელებს და საკუთრივ საქართველოდან მობილიზებულებს გადახდათ.
ქერჩის მნიშვნელობა
ქერჩის ნახევარკუნძული, ქალაქი ქერჩითურთ, ყირიმის ნახევარკუნძულის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილია, რომელიც ვიწრო სრუტით გამოყოფილია ტამანის ნახევარკუნძულისგან.
რუკა დაცულია საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში. ფონდი 2514. აღწერა 1. საქმე 336.
გენერალ-მაიორ ძაბახიძის მასალები 224 ქართული მსროლელი დივიზიის ოპერაციების შესახებ
ქერჩი ისევე, როგორც მთელი ყირიმის ნახევარკუნძული, მეორე მსოფლიო ომის გერმანია-სსრკ-ს საბრძოლო მოქმედებათა თეატრის სამხრეთ ნაწილში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენდა. ყირიმის ნახევარკუნძულის ფლობა პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენდა საბრძოლო მოქმედებებზე: სამხრეთ რუსეთსა და სამხრეთ უკრაინაში, შავი ზღვის აკვატორიასა თუ კავკასიაში. გერმანელთათვის ყირიმის ფლობა ასევე მნიშვნელოვანი იყო რუმინეთის ნავთობსარეწების უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.
1941 წლის შემოდგომაზე გერმანულმა ჯარებმა მთელი ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავეს და დეკემბერში დაიწყეს შტურმი სევასტოპოლზე – საბჭოთა კავშირის შავი ზღვის მთავარ სამხედრო საპორტო ქალაქზე. საბჭოთა სარდლობამ გადაწყვიტა, რომ ტამანის ნახევარკუნძულიდან ყირიმის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, ქერჩში და სამხრეთში – ფეოდოსიაში საზღვაო დესანტი გადაესხა და ასე მიშველებოდა სევასტოპოლის დამცველებს.

ჩანაფიქრი კეთილშობილურიც იყო და, სამხედრო თვალსაზრისით, გამართლებულიც, მაგრამ საზღვაო-სადესანტო ოპერაცია ურთულესი ამოცანაა ნებისმიერი არმიისთვის, რაც შესაბამის მეთაურობას, დაგეგმვას, წვრთნას, სხვადასხვა სახეობის ჯარების კოორდინირებულ მოქმედებას თუ დაზვერვის იდეალურად მუშაობას საჭიროებს. არც წელიწადის დროისა და ამინდის უგულებელყოფაა დასაშვები. 1941 წლის ბოლოს კი, როცა საბჭოთა ჯარებმა საზღვაო დესანტის გადასხმა გადაწყვიტეს, თითქმის ყველა ზემოთ აღნიშნული წინაპირობა უგულებელყვეს, თუმცა, მთავარსარდლის ბანაკის იმპერატიული დირექტივებისთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია.
სრუტეზე გადასვლა
საბჭოთა დესანტის გადასხმა ქერჩსა და ფეოდოსიაში 1941 წლის 26-29 დეკემბერს არაორგანიზებულად და ძალიან მძიმე კლიმატურ პირობებში დაიწყო. ზღვაზე იყო შტორმი, შემხვედრი ქარისა და ზოგან ყინულის გამო სადესანტო ნავები ნაპირამდე ვერ მიდიოდნენ და მეომრებს გაყინულ ზღვაში უწევდათ შესვლა. დესანტს თითქმის არ ეხმარებოდა საზღვაო არტილერია და ავიაცია. დესანტირება ხდებოდა ზურგის ნაწილების, ტექნიკის, მომარაგების გარეშე და, მიუხედავად იმისა, რომ გერმანელებს ქერჩსა და ფეოდოსიაში მხოლოდ ერთ დივიზია და სხვა, ცალკეული, უფრო მცირე ქვედანაყოფები ჰყავდათ, დესანტის მსხვერპლი საკმაოდ დიდი იყო.
ქართველი ექიმი, ქირურგი დავით ღვინეფაძე, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი სამედიცინო ბატალიონის მეთაურის მოადგილე და უფროსი ქირურგი იყო, გამოუქვეყნებელ მემუარებში იხსენებდა სადესანტო ოპერაციის წინა დღეს ტამანში არსებულ ქაოსს:
„ჯარი და მატროსები ერთმანეთში ბუზებივით ირეოდნენ. უმეტესობა მთვრალი იყო. რამდენიმე მატროსს ღვინით სავსე კასრი გაეხვრიტა, ანკარა ღვინო წვრილად ასხამდა. ჯარისკაცები (პატარა ქვაბებით) მიმდგარიყვნენ, ავსებდნენ და სვამდნენ. ღვინო ძირს არ იღვრებოდა ისეთი რიგი იდგა“.
სადესანტო ოპერაციაში მონაწილე 224-ე მსროლელ დივიზიას იმ დროს “ქართული” ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ერქვა, მაგრამ მეტწილად ქართველებით იყო დაკომპლექტებული.
სადესანტო ოპერაციის არაორგანიზებულობა კარგად ჩანს, 224-ე დივიზიის ოფიცრების მიერ ომის დასრულებისთანავე, აქამდე გამოუქვეყნებელ და არქივისთვის დაწერილ მცირე მოგონებებში.
დივიზიის არტილერიის შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ქრისტეფორე გაფრინდაშვილი 1946 წელს იხსენებდა, რომ გემებზე მყოფი მედესანტეები, იმის გამო, რომ გემები ნაპირთან ვერ მივიდოდნენ, ნაპირთან მიახლოებისას სეინერებზე უნდა გადამსხდარიყვნენ და ამ უკანასკნელთ გაეყვანათ ხმელეთზე, მაგრამ ღამით სეინერებს გზა აერიათ და გადასხდომა მხოლოდ ერთმა პოლკმა და საზღვაო ბატალიონმა მოახერხა, რადგანაც ეს უკანასკნელნი თავიდანვე ბარჟებზე იყვნენ განთავსებულნი. ორი გემი კი გერმანულმა ავიაციამ და არტილერიამ დაბომბა და უკან დაბრუნება მოუწიათ.
224-ე დივიზიის ერთ-ერთი ოფიცერი, მირიან სარჯველაძე 1947 წლის სექტემბერში, ასევე, არქივისთვის დაწერილ მოგონებაში იხსენებს 224-ე დივიზიის 160-ე მსროლელი პოლკის თავს გადამხდარ ამბავს (მეორე მსოფლიო ომის შემსწავლელი კომისიისთვის დაწერილი ეს მცირე მოგონება საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივშია დაცული). როგორც მირიან სარჯველაძე ჰყვება, 224-ე პოლკი დივიზიის სხვა ნაწილებზე ოდნავ გვიან, 1941 წლის 27 დეკემბრის საღამოს 19:00 საათზე უნდა დაძრულიყო გემით ტემრიუკიდან ქერჩისკენ, მაგრამ პოლკის მეთაური ხრამცოვი და კომისარი კუშჩოვი არყით გამოთვრნენ და შტაბში არანორმალურ მდგომარეობაში მხოლოდ 21:00 საათზე გამოცხადდნენ, რამაც დესანტის გასვლა 24:00 საათამდე გადასწია. დაგვიანების გამო გემებმა ღამის სიბნელეში მეორე ნაპირამდე გასვლა ვერ მოასწრეს, დილის შვიდ საათზე კი ისინი უკვე მოწინააღმდეგის ავიაციამ შეამჩნია და სასტიკად დაბომბა, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია.

კიდევ ერთ გემი ტემრიუკიდან 28 დეკემბრის ღამით დაიძრა. გემს ქერჩის ნაპირამდე კილომეტრი ჰქონდა დარჩენილი, როდესაც ორმა გერმანულმა თვითმფრინავმა დაბომბა და დააზიანა. გემი მაინც ცდილობდა გზის გაგრძელებას, მაგრამ ნელ-ნელა მისმა ქიმმა ჩაძირვა დაიწყო, ზოგი ჯარისკაცი ზამთრის თბილი, დაბამბული ტანსაცმლის გაუხდელად გადაეშვა აზვირთებულ ზღვაში, მაგრამ ნაპირამდე ვერ გააღწია. 150-მდე ჯარისკაცი კი ადგილზე დარჩა და სიკვდილის თუ გადარჩენის მოლოდინში ერთხმად შემოსძახა სიმღერა. გარკვეული დროის შემდეგ ორი კატარღა გამოჩნდა და ისინი ტემრიუკში დააბრუნა. ამ ჯარისკაცებს ძალიან გაუმართლა, რადგან გემის ქიმის ჩაძირვის ადგილას ზღვა წყალმარჩხი იყო, რის გამოც ჩაძირული ქიმი მიწას შეეხო და გაჩერდა. დივიზიის მხოლოდ გარკვეულმა ნაწილმა შეძლო სადესანტო ოპერაციის დროს ქერჩში გადასვლა და პლაცდარმის დაკავება, ნაწილი – ტყვედ ჩავარდა. 29 დეკემბერს საბჭოთა დესანტი ფეოდოსიაშიც გადასხდა, რამაც გერმანელებს ქერჩიდან უკანდახევა აიძულა.
1942 წლის 18 იანვარს გერმანული ჯარმა ისევ აიღო ფეოდოსია და საბჭოთა ჯარი აკ-მონაის ყელზე, ქერჩის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ყველაზე ვიწრო ადგილზე განლაგდა.
იანვრიდან-მაისამდე, მეხლისი და კოზლოვი
1942 წლის იანვრის მდგომარეობით საბჭოელები სევასტოპოლისკენ ვერ გაიჭრნენ, თებერვლიდან აპრილის დასაწყისამდე კი, სამჯერ სცადეს შეტევის გაგრძელება. თუმცა ყველა ეს მცდელობა წარუმატებლად და დიდი დანაკარგებით დასრულდა. შეტევები ცუდად იყო ორგანიზებული, არ ვარგოდა პირადი შემადგენლობის მომზადების დონე, არაეფექტურად იყენებდნენ ტანკებს, პრობლემური იყო კავშირის საშუალებები, უგულებელყოფილი იყო ამინდის ფაქტორი. ფრონტზე რეალურად ორხელისუფლებიანობა სუფევდა. ერთ მხარეს იყო ყირიმის ფრონტის სარდალი, დიმიტრი კოზლოვი, ხოლო მეორე მხარეს – „სტალინის კაცი“, ამავე ფრონტზე უმაღლესი მთავარსარდლის ბანაკის პირადი წარმომადგენელი, პირველი რანგის არმიის კომისარი, ლევ მეხლისი.
მეხლისს და კოზლოვს წითელი არმიისთვის დამახასიათებელი, გენერლებისა და კომისრების ორმხრივი სიყვარულით „უყვარდათ“ ერთმანეთი და თანამშრომლობის ნაცვლად, ერთმანეთს ხელს უშლიდნენ. მეხლისი, როგორც სტალინთან დაახლოებული პირი, დიდი ტერორის წლებში წითელი არმიის მეთაურთა რეპრესიების ერთ-ერთი ორგანიზატორიც იყო, ომის დაწყების მერე კი, 1941 წლის 11 სექტემბერს, მისი ბრძანებით დახვრიტეს ჯარისკაცთა მწყობრის წინ 34-ე არმიის არტილერიის უფროსი, გენერალ-მაიორი ვასილი გონჩაროვი, რამაც საშიში კაცის სახელი გაუთქვა.
საშიშთან ერთად, ის ენერგიულიც იყო და 1941 წლის იანვარში ქერჩი ჩასვლის შემდეგ, მართლაც სცადა ფრონტზე მყოფი საბჭოთა ნაწილების მოწესრიგება და მათთვის საჭირო ტექნიკისა და საბრძოლო მასალების მიღება.
მეხლისი უკმაყოფილო იყო ფრონტის სარდლობით და მუდამ მათ გადაყენებას ითხოვდა. ფრონტის სარდალ კოზლოვს, სტალინთან მიწერილ წერილებში ახასიათებდა, როგორც უჭკუო, ზარმაც, უავტორიტეტო და ოპერატიული საკითხებით დაუინტერესებელ მეთაურს, რომელიც იშვიათად გამოდიოდა კაბინეტიდან. მან კოზლოვის შეცვლას ვერ მიაღწია მაღალი დონის სამხედრო მეთაურების დიდი დეფიციტის გამო, მაგრამ შეაცვლევინა მისი შტაბის უფროსი ფიოდორ ტოლბუხინი. თავის მხრივ კოზლოვი, მოგვიანებით ირიბად აღიარებდა, რომ გარკვეულწილად ეშინოდა მეხლისის – ალბათ, მისი სახელის და მისი ზურგის. კოზლოვი იმასაც აღიარებდა, რომ მოუმზადებელი იყო მსგავსი მასშტაბის ოპერაციისთვის. მეხლისის ენერგიულობა კი იქამდე მიდიოდა, რომ, როგორც თვითმხილველები აღწერენ, ხშირად ოპერატიულ საკითხებშიც ერეოდა და ფრონტის შტაბის უფროსმა, ტოლბუხინის მაგივრად დანიშნულმა პიოტრ ვეჩნიმაც აღარ იცოდა, ვისი ბრძანებები შეესრულებინა – მეხლისის თუ კოზლოვის.
224-ე დივიზიის ოფიციალურად გაქართულება
1942 წლის თებერვალში 224-ე დივიზია უკვე ოფიციალურად გადაკეთდა ქართულ დივიზიად და ყირიმის ფრონტის სხვა ნაწილებიდან დაიწყო ქართველების გადაყვანა ამ დივიზიაში, როგორც რიგითი ჯარისკაცების, ისე ოფიცრების. იგივე პროცესები დაიწყო ფრონტის სხვა ამიერკავკასიელი ერებით დაკომპლექტებულ ნაწილებში. დივიზიის ახალი ქართველი მეთაური, იმ დროისათვის პოლკოვნიკი, ვალერიან ძაბახიძე, ომის შემდეგ იხსენებდა, რომ როდესაც ის დივიზიის მეთაურად დანიშნეს, სომხური დივიზიის მეთაურ სიმონ ზაკიანთან ერთად თბილისიდან ქერჩისკენ გაფრინდა. გზად, დაახლოებით ტუაფსესთან, საბჭოთა საზენიტო არტილერიამ საკუთარი ნელა და დაბალ სიმაღლეზე მფრენი სატრანსპორტო თვითმფრინავი ვერ ამოიცნო და ინტენსიური ცეცხლი გაუხსნა. მფრინავებმა, ამოსაცნობი მოძრაობით სცადეს მიეხვედრებინათ, რომ მტრები არ იყვნენ, თუმცა, სულ ტყუილად. ხმელეთზე მყოფ მეზენიტეებს, გემების საზენიტო ქვემეხებმაც აუბეს მხარი და 200-მდე ჭურვი ააცილეს სატრანსპორტო თვითმფრინავს. თვითმფრინავი, როგორც იქნა „მეგობრული ცეცხლის“ ზონას გასცდა და მშვიდობიანად ჩაფრინდა დანიშნულების ადგილზე. ძაბახიძე იხსენებდა, რომ ის გადარჩენის გამო გახარებული იყო, მაგრამ თან ძალიან შეწუხებული, რადგანაც მეზენიტეებმა დაბალ სიმაღლეზე, ნელა მფრენ დიდ სამიზნეს ორასჯერ ესროლეს და ერთხელაც ვერ მოარტყეს. ძაბახიძე დარდობდა, თუ რას მოახერხებდნენ ისინი სწრაფად მფრენ და კარგად მანევრირებად გერმანულ გამანადგურებლებსა და ბომბდამშენებთან. ოღონდ, იმ დროისათვის, საბრძოლო გამოცდილება თავად პოლკოვნიკ ძაბახიძესაც საერთოდ არ ჰქონდა.

დივიზიის საფრონტო გაზეთის მდივანი, ანტონ კელენჯერიძე იხსენებდა, რომ ქართველებს, რუსული ენის არცოდნის გამო, სხვა ნაწილებში სამსახური უძნელდებოდათ. ამიტომ ისინი ძალიან გაახარა ქართულ დივიზიაში გადასვლამ. 27 თებერვალს, როდესაც კელენჯერიძე დივიზიის კომისარ მუსერიძეს ესაუბრებოდა, მათ მოახსენეს, რომ სხვა დივიზიიდან 100-მდე ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოვიდა. მუსერიძემ მათ მიმართა, რომ გაემრავლებინათ ქართველი ხალხის საბრძოლო ტრადიციები, რაზეც ჯარისკაცებმა უპასუხეს, რომ აქამდე არ ესმოდათ ბრძანების ენა, ახლა ჩვენს ენაზე ყველაფერს გავიგებთ და ნახეთ, როგორ ვიბრძოლებთო.
ამ შევსების შედეგად, 1942 წლის 26 თებერვლისთვის, დივიზიაში უკვე შტატით გათვალისწინებული 11 356 კაცის ნაცვლად, 12 124 ირიცხებოდა, ხოლო იმავე წლის მაისში, გერმანელთა შეტევის დაწყების დროს, დივიზიის მეთაურის ძაბახიძის მოგონების თანახმად, 15 000-მდე. მთლიანად კი, ყირიმის ფრონტზე, 1942 წლის 15 აპრილამდე, საქართველოს სსრ-დან 65 897 ადამიანი გაიგზავნა.
საერთოდ ეროვნულ დივიზიებს, თუ შერეულ დივიზიებს (ასეთი დივიზიები რუსულის არცოდნის ან ცუდი ცოდნის გამო ბაბილონის გოდოლს ემსგავსებოდა), ყირიმის ფრონტის სამხედრო თუ პოლიტიკური ლიდერები ცუდი თვალით უყურებდნენ – უწუნებდნენ მოტივაციას, ცოდნას, უნარებს. ლევ მეხლისიც მთავარსარდლის შტაბს სთხოვდა მათ ჩანაცვლებას სლავებით დარადგანაც კავკასიელთა სრული ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა, მეხლისი ითხოვდა, რომ ჯარებში საკვანძო სამხედრო სპეციალურ დანაყოფებში სლავები ყოფილიყვნენ. კავკასიელთაგან მისთვის მისაღებნი იყვნენ მხოლოდ რუსულის მცოდნენი, პირველ რიგში კი, კომუნისტები და კომკავშირელები. მეხლისი განსაკუთრებით კრიტიკულად იყო განწყობილი აზერბაიჯანული ეროვნების სამხედროებისადმი და თუ მათი რუსებით ჩანაცვლება არ გამოდიოდა, აზერბაიჯანელებს ისევ ქართველებსა და სომხებს ამჯობინებდა. იგივე აზრის იყო კავკასიელებზე ყირიმის ფრონტზე განლაგებული სამიდან ერთ-ერთი არმიის, კერძოდ კი, 51-ე არმიის სარდალი გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ლვოვი. სხვათა შორის, მათ ეთანხმებოდა, მოწინააღმდეგეც: ყირიმში განლაგაბული მე-11 გერმანული არმიის სარდალი ერიხ ფონ მანშტაინი მიიჩნევდა, რომ მის ფრონტზე მყოფი საბჭოთა დივიზიები, ძირითადად, შედგებოდა ნაკლებად მონდომებული კავკასიელებისაგან და დაბალი საბრძოლო მომზადების მქონე ჯარისკაცებისაგან.
მე-11 გერმანული არმიის სარდალი, ერიხ ფონ მანშტაინი
თუმცა ეს ყირიმის ფრონტის პრობლემებიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო და მნიშვნელობით ჩამოუვარდებოდა თავად სარდლობის შეცდომებს, მეხლისისა და ფრონტის სარდლის, დიმიტრი კოზლოვის ორხელისუფლებიანობას, მათ არაკომპეტენტურობას და, ზოგადად, 1942 წლის წითელი არმიის მომზადების ზოგად დონეს – მათ უუნარობას, ეწარმოებინათ სინქრონული მოქმედებები. ფრონტის მეორე მხარეს კი იდგა ვერმახტის ერთ-ერთი საუკეთესო სარდალი, ერიხ ფონ მანშტაინი, რომლის მე-11 არმიას, ერთი რუმინული საარმიო კორპუსი და მძლავრი მე-8 საავიაციო კორპუსი უმაგრებდა ზურგს. მანშტაინი და კოზლოვი, ერთმანეთს ისე შეესაბამებოდნენ, როგორც კანეს ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ მდგარი კართაგენელი ჰანიბალი და რომაელი გაიუს ტერენციუს ვარონი.
მაისის კატასტროფა, ოპერაცია „ნადირობა დროფაზე“
გერმანელები საბჭოთა კავშირის სამხრეთ ნაწილში, სტალინგრადსა და კავკასიაში შესაჭრელად ემზადებოდნენ და ზურგის უზრუნველსაყოფად ყირიმის სრული კონტროლი მათთვის აუცილებელი იყო. ქერჩის დაუფლება, სევასტოპოლის აღებასაც გაუიოლებდათ, რაც მოხდა კიდეც.
ყირიმის ფრონტის საბჭოთა ჯარების განლაგება ძირითადად შემტევი კონფიგურაციისა იყო. განსაკუთრებით სუსტი და თავდაცვითი ამოცანებისთვის შეუსაბამო იყო საბჭოთა ჯარების მარცხენა ფლანგი, რომელიც შავ ზღვაზე მიებჯინათ. მარცხენა ფლანგზე არც სათანადო თავდაცვითი ნაგებობები ჰქონდათ და იქ მდგარი სამხედრო ნაწილებიც განსაკუთრებული პრობლემურობით გამოირჩეოდნენ, რაც კარგად იცოდნენ გერმანელებმა და მთავარი დარტყმა სწორედ ამ მონაკვეთზე დაგეგმეს.
საბჭოთა სარდლობამ მათ წინაშე მდგარ სირთულეებზე სწორი რეაგირება, ვერც შეტევის წინა დღეებში მიღებულ სადაზვერვო ინფორმაციის შემდეგ მოახერხა.
1942 წლის 7-8 მაისის ღამით, სატანკო ნაწილებითა და ავიაციით გაძლიერებულმა ერიხ-ფონ მანშტაინის მე-11 არმიამ, ყირიმის ფრონტის საბჭოთა ჯარებზე იერიში მიიტანა. გერმანელებმა ადვილად გაარღვიეს წითელი არმიის სუსტი მარცხენა ფლანგი. მძლავრმა საავიაციო და საარტილერიო დარტმამ, სატანკო ნაწილების სწრაფმა შეტევამ და მცირე გერმანულმა დესანტის გადასხდომამ საბჭოთა მარცხენა ფლანგის ზურგში, მწყობრიდან გამოიყვანა და მოშალა საბჭოთა ჯარების მართვის პუნქტები და კავშირი მათ შორის. ამან ისედაც სუსტ სარდლობას ჯარების მართვა კიდევ უფრო გაურთულა.
საბჭოთა ჯარის კონტრშეტევის ისევე, როგორც ახალ თავდაცვით ზღუდეებზე გამაგრების მცდელობა შეუძლებელი გამოდგა და მათ 12 დღეში სრული კატასტროფა განიცადეს. გერმანელთა თავდასხმის შემდეგ, როცა საბჭოთა ტანკები, ბოლოს და ბოლოს, კონტრშეტევისთვის მოეწყვნენ, მოწინააღმდეგეს საბჭოთა თავდაცვა უკვე გარღვეული ჰქონდა. როდესაც საბჭოთა სარდლობამ უკანდახევა და თავდაცვის ახალ ხაზზე გამაგრება გადაწყვიტა, ახალი თადაცვის ხაზის უმეტესი ნაწილიც კი უკვე გერმანელებს ეკავათ.
საბოლოოდ, ფრონტის სამი არმიის ნარჩენებმა, რის ვაი-ვაგლახით, ქერჩის სრუტე გადალახეს და ტამანის ნახევარკუნძულს შეაფარეს თავი.
ოპერაციის მეხუთე დღეს გერმანელებს უკვე 40 260 წითელარმიელი ჰყავდათ დატყვევებული. საბოლოო ჯამში კი გერმანელთა შეტევის წინ ყირიმის ფრონტზე მყოფი 249 800 საბჭოთა მებრძოლიდან, წითელმა არმიამ 162 282 ადამიანი დაკარგა დაღუპულთა, დაკარგულთა და ტყვედ ჩავარდნილთა სახით, 14 284 კი დაიჭრა. და ეს მაშინ, როდესაც გერმანელთა დანაკარგი დაღუპულების, უგზო-უკვლოდ დაკარგულებისა და დაჭრილების სახით საერთო ჯამში 10 000 ადამიანს არ აღემატებოდა. სულ კი ქერჩ-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაციისა და შემდეგ ყირიმის ფრონტის არსებობის (01.28.1942-19.05.1942) განმავლობაში, ყველაზე მინიმალური მონაცემებით, საბჭოთა არმიის აუნაზღაურებელი დანაკარგი, დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დატყვევებულთა სახით, 227 260 ადამიანი იყო.

გამანადგურებელი მარცხის გამო, მთავარსარდლის ბანაკის პირადი წარმომადგენელი, მეხლისი და ფრონტის სარდალი, კოზლოვი, თითს ერთმანეთისკენ იშვერდნენ და პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ.
სტალინმა, ოპერაციის მიმდინარეობისას, მეხლისს ცალკე მისწერა: ყირიმის ფრონტზე გარეშე მეთვალყურე კი არ ხარ, არამედ მთავარი ბანაკის პასუხისმგებელი წარმომადგენელი, რომელიც პასუხს აგებს ფრონტის ყოველ წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე, რის გამოც მოვალე ხარ, გაასწორო სარდლობის შეცდომებიო. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი კოზლოვს უთხრა: თქვენ იყავით ფრონტის სარდალი, ყველას ევალებოდა თქვენი ბრძანების შესრულება, მეხლისი თუ ხელს გიშლიდათ, დაგერეკათ, მაგრამ როგორც სჩანს თქვენ მეხლისის უფრო გეშინოდათ, ვიდრე – გერმანელების, ამიტომ პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ მომხდარზეო.
სტალინმა მეხლისიცა და კოზლოვიც ისევე, როგორც არმიათა სარდლები (ვლადიმერ ლვოვის გარდა, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) თანამდებობრივად და წოდებრივად დააქვეითა.
ეს ალბათ მინიმუმი იყო, რასაც ისინი იმსახურებდნენ, მაგრამ მეხლისსა და კოზლოვს შორის არსებული გაუგებარი, ორაზროვანი სუბორდინაციაც იოლი დასანახია სტალინთან მათ მიმოწერასა თუ საუბარში. კოზლოვისა და მეხლისის მოწინააღმდეგემ, ერიხ ფონ მანშტაინმა კი ქერჩის შემდეგ, 1942 წლის ივლისის დასაწყისში, სევასტოპოლიც აიღო და ფელდმარშალი გახდა.
ქართული დივიზია 1942 წლის თებერვლიდან თავდაცვის მეორე ეშელონში იყო განლაგებული და ამიტომ მისი დანაკარგები მაისამდე დიდი არ იყო. დივიზია, საბჭოთა ჯარების მეორე ეშელონის უკიდურეს მარკვენა, ჩრდილოეთ პოზიციებზე - სოფელ აკ-მონაის და არაბატის ისრის ტერიტორიაზე იყო განლაგებული. საქართველოს მოსახლეობაში არსებული ზეპირი გადმოცემის გარდა, რომ თითქოს ქართული დივიზიის პოზიციები, ბევრი სხვადასხვა წყაროს დასტურით, კარგად იყო გამაგრებული, გათხრილი იყო ტრანშეები, აგებული იყო თავდაცვითი რკინა-ბეტონის ნაგებობები, დანაღმული იყო ველები და ა.შ. 7-8 მაისს გერმანელთა დაწყებული იერიშის პირველ დღეებში დივიზია მხოლოდ ჰაერიდან იბომბებოდა და კარგად მოწყობილი თავდაცვითი ნაგებობების გამო დანაკარგი მინიმალური ჰქონდა. ამის შემდეგ დივიზიამ ახალი დავალება მიიღო, მის წინ მდგომი დივიზიები იწყებდნენ უკან დახევას და გადასვლას თავდაცვით ახალ ზღუდეზე, 224-ე დივიზიას კი მათი უკან დახევა უნდა დაეზღვია და მოწინააღმდეგე შეეკავებინა.
10 მაისს მოწინააღმდეგე უკვე ქართულ დივიზიასთან ბრძოლაში ჩაება. იმ დროისათვის გაწყდა კავშირი დივიზიის, არმიისა და ფრონტის შტაბებს შორის. 224-ე დივიზიას შეიარაღებაში - სულ 18 ერთეული 122მმ-იანი ქვემეხი, 12 ერთეული 76მმ-იანი ნაღმატყორცნი და 100 ავტომატი გააჩნდა, დანარჩენი მებრძოლები კი შაშხანებით იყვნენ შეიარაღებულნი.
10 მაისს მთელი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, გახურებულ ბრძოლაში დივიზიის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურმა, კაპიტანმა იოსებ ძებისაშვილმა უბის წიგნაკში ჩაწერა:
„ქართველები ვეფხვივით იბრძვიან, ხშირად ბრძოლის ქარცეცხლში უმცროსი უფროსად გვევლინება. ო, მშობლიურო საქართველო, რამდენი გმირი გამოგიზრდია“.
ქართულმა დივიზიამ პოზიციები შეინარჩუნა, თუმცა, 346 მებრძოლი დაეღუპა და 516 დაეჭრა. უფრო დიდი პრობლემა კი ის იყო, რომ გერმანელებს ფრონტის სხვა მონაკვეთები გარღვეული ჰქონდათ და დივიზია ალყაში ექცეოდა, რის გამოც შემდეგ დღეებში უკან დახევა დაიწყეს იმ მიმართულებით, სადაც, წესით, თავდაცვის ახალი ზოლი უნდა მოწყობილიყო, მაგრამ იქ უკვე გერმანელები იყვნენ. დივიზიას უკან დახევისას რამდენჯერმე მოუწია აზოვის ზღვასა და მოწინააღმდეგეს შორის არსებულ ვიწრო ზოლში გასვლა თუ ალყის გარღვევა. უკან დახევას თან ახლდა გერმანული ავიაციის დაბომბვები. დივიზიის მებრძოლებმა ბოლო ალყა 15-16 მაისის ღამით გაარღვიეს, რათა აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე გასულიყვნენ და ევაკუაცია მოეხერხებინათ. საბოლოო ალყის გარღვევამდე დივიზიაში, რომელმაც 70 კილომეტრზე მეტი გაიარა (ნაწილი – ბრძოლით), პირადი შემადგენლობის მესამედი, 5000 კაცი იყო დარჩენილი არტილერიის გარეშე, მხოლოდ 14 ტყვიამფრქვევით. ალყის გარღვევა 16 მაისის ღამის განმავლობაში მებრძოლთა ერთმა ნაწილმა მოახერხა. მეორე ნაწილი კი ისევ გარემოცვაში დარჩა და 16 მაისის მთელი დღის განმავლობაში აგრძელებდა ბრძოლას, ღამით მათგან ისევ მცირე ჯგუფმა მოახერხა გასვლა, 17 მაისს კი დივიზიის ნარჩენებმა წინააღმდეგობა შეწყვიტეს.
უკან დახევას, ალყიდან გასვლას და მთელ იმ დრამას, რაც ყირიმის ფრონტის ჯარებს შეემთხვა, კომისრების მიერ ჯარისკაცთა დახვრეტებიც ახლდა თან. ყირიმის ფრონტის ჯარები ისე მორღვეულიყვნენ და დაქსაქსულიყვნენ, რომ მათ უკვე არავითარი მკაცრი ზომების მიღება არ უშველიდათ.
სამხედრო ნაწილებს შორის აღარავითარი კავშირი და კოორდინაცია აღარ არსებობდა. კომისართა ერთი ნაწილის უდროო და გადამეტებილი სიმკაცრე უშედეგო იყო და მხოლოდ თავის გასამართლებელ საბუთად თუ გამოადგებოდათ, რომ, თითქოს, პირნათლად ასრულებდნენ საკუთარ ვალს. რეალურად კი, ამ გადაწყვეტილებებით, გერმანული ტყვიებისა და ბომბების მოკავშირეები გამოდიოდნენ.
ქერჩიდან ევაკუირებული სამედიცინო ბატალიონის ქირურგი, დავით ღვინეფაძე, თავის გამოუქვეყნებელ მემუარში, კრასნოდარის ჰოსპიტალში წოლისას ქართველი კომისრის, ილია შანშიაშვილის მიერ მისთვის მოყოლილ ამბავს იხსენებდა:
„ღმერთო ნუ მიწყენ, მე არც ნაციონალისტი ვარ და არც პირადი განდიდება მაქვს. მაგრამ შურისძიება ხანდახან საჭიროა. დეე, მოვკვდე, მიწამ შეჭამოს თვით ილო შანშიაშვილი და დაღრღნას გველებმა, თუ ტყუილს ვამბობდე. ქერჩის ნახევარკუნძულზე რომ ვიყავი, მტრებმა ზღვის პირას მიგვდენეს.
გასაქანი არ იყო, ყველანი წყალში უნდა ჩავმხრჩვალიყავით. ზღვის ნაპირზე ვიდექით, ერთი რუსი კომისარი ტრაბახობდა, ათი ქართველი მოვკალი, უკან იხევდნენო. მე გულზე ბოღმა მაწვებოდა. განა მარტო ქართველები იხევდნენ? მე გულმა არ მომითმინა, გეფიცებით სინდისს, კომუნისტი კაცი ვარ, ეს ამბავი რომ გავიგე, სული ამემღვრა.
დილა იყო, ეს რომ სთქვა, მე საღამომდე ვუტრიალე. დაღამდე, დაბნელდა, ამოვიღე ჩემი რევოლვერი და იქვე გავაგორე, ჩემი მოძმეთა სისხლი ავიღე. გინდ დამძრახეთ, რაც გსურდეთ, ისა თქვით, მაგრამ მე გონება სუფთა მაქვს ამის შემდეგ. ილია აღელდა, შეიკუმშა ლოგინში, მისმა ლოგინმა სრიალი დაიწყო. იგი დიდხანს ძაგძაგებდა ლოგინში“.
ალყიდან ზღვისპირას გასული მეომრები, გემებისა და კატარღების ნაკლებობის გამო, გერმანული არტილერიიისა და ავიაციის ცეცხლის ქვეშ ნავებით, ფიცრებით, კამერებით და სატვირთო მანქანებზე მოგლეჯილი ხის ძარებით ცდილობდნენ ქერჩის სრუტის გადალახვას და ტამანში გადასვლას (სრუტის სიგრძე 45 კილომეტრამდეა, ხოლო სიგანე 5-დან 15 კილომეტრამდე მერყეობს). ზოგიერთი ჯარისკაცი გადავსებულ გემს ეკიდებოდა (სადაც, პირველ რიგში, ადგილებს კომისრები და „პოლიტხელები“ იკავებდნენ), მაგრამ მათ ნაწილს მატროსები უკან, ზღვაში აგდებდნენ (ზოგჯერ ცეცხლსაც უხსნიდნენ) იმის შიშით, რომ გემი დატვირთვას ვერ გაუძლებდა და ჩაიძირებოდა.
ბოლო ალყის გარღვევისას, რამდენიმე ადგილზე დაიჭრა 224-ე დივიზიის მეთაური ძაბახიძეც, მეომრებმა ის ერთ კატარღაზე აიყვანეს და გემბანზე დააწვინეს, კატარღებს მოწინააღმდეგის ავიაცია ბომბავდა, გერმანული თვითმფრინავების ჩამოგდებულ ბომბების ზუზუნში კი დივიზიის მეთაური დაღუპულ მებრძოლებზე ფიქრობდა: „მე გემით მივცურავდი. იქ კი, იმ ჯოჯოხეთურ გზაზე, სამუდამოდ დარჩა ჩვენი დივიზიის ბევრი ვაჟკაცი. ზოგს მიწაც ვერ მივაყარეთ".
ძაბახიძესთან ერთად ტამანის ნახევარკუნძულზე გადასვლა, სხვადასხვა მონაცემებით, დივიზიის 1800-დან 2519-მდე მებრძოლმა მოახერხა. საქართველოში კი, მაისის ბოლოს, დროის მოკლე მონაკვეთში ძალიან ბევრმა ოჯახმა მიიღო შავ ფურცელზე დაწერილი ცნობა ოჯახის წევრის დაღუპვისა ან უგზო-უკვლოდ დაკარგვის შესახებ.
ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე კატასტროფა, იმდენად დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ ქართველთა კოლექტიურ მეხსიერებაში სიტყვა „ქერჩი” მეორე მსოფლიო ომის ყველაზე დიდი უბედურების და ტკივილის სიმბოლოდ დარჩა. ასევე, სიმბოლოდ ქაოსის, არაორგანიზებულობის, განუკითხაობის და ჯარისკაცის ბედისადმი გულგრილი დამოკიდებულებისა.
შენიშვნა:
* ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ ჩავარდა საქართველოდან გაწვეულთაგან უცნობია. ქართულ საინფორმაციო სივრცეში, ზოგჯერ ვხდებით ქერჩში დაღუპულთა რიცხვს – 90 000 ან 120 000-ს, რაც გადაჭარბებულია და არანაირ წყაროს არ ეყრდნობა. როგორც საარქივო დოკუმენტებიდან ჩანს, სულ საქართველოდან ქერჩში 65 897 ადამიანი გაიგზავნა, რაც 90 000 დაღუპულს საფუძველშივე გამორიცხავს. თუ ჩვენ ყირიმის ფრონტის აუნაზღაურებელი დანაკარგების (დაღუპულები, უზგო-უკვლოდ დაკარგულები და ტყვედ ჩავარდნილები) საშუალო პროპორციას, დაახლოებით 60%-ს მოვარგებთ საქართველოდან გაწვეულთა რიცხვს, გამოვა, რომ საქართველოდან 40 000-მდე ადამიანი დაიღუპა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა და ტყვედ ჩავარდა. შესაძლოა, ეს რიცხვი ოდნავ მეტიც იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 224-ე ქართული დივიზიის დანაკარგი ფრონტის საშუალო პროცენტულ დანაკარგს აღემატებოდა და 83-88%-მდე მერყეობდა.
* ქერჩის ოპერაციის სახელი დროფა (Trappenjagd) იმეორებს ფრინველის სახელს დროფისებრთა ოჯახიდან, გავრცელებულია ევრაზიის სტეპებსა და ნახევარუდაბნოებში. სიმცირის გამო შეტანილი წითელ წიგნში.
* ქირურგის, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის დავით ღვინეფაძის გამოუცემელი მემუარი, დეტალურად აღწერს ქერჩის ბრძოლების პერიპეტიებს. მემუარი დაცულია ოჯახში და მუშავდება გამოსაცემად.
* 29 დეკემბრისთვის ქერჩში გადამსხდარი საბჭოთა დესანტი რთულ მდგომარეობაში იყო, გერმანელები მათი პლაცდარმების მოსპობას და ზღვაში „გადაყრას“ ცდილობდნენ. 29 დეკემბრის ღამით ქერჩის სამხრეთ-დასავლეთით, ფეოდოსიაში საბჭოთა დესანტის გადასხმის გამო, გერმანული 42-ე საარმიო კორპუსის მეთაური გრაფი ჰანს შპონეკი პანიკაში ჩავარდა და ქერჩში მყოფ 46-ე ქვეით დივიზიას დილის 10:00 საათზე უკან დახევა უბრძანა. ერთი საათის შემდეგ, შპონეკის ზემდგომმა მეთაურმა, მე-11 არმიის სარდალმა, ერიხ ფონ მაშტაინმა 46-ე დივიზიას საბჭოთა დესანტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება დაავალა და უკან დახევა აუკრძალა, თუმცა ბრძანება უკვე დაგვიანებული გამოდგა. შპონეკმა უკან დახევის შესახებ გაგზავნილი შეტყობინების შემდეგ რადიომიმღები გამორთო. ამ გადაწყვეტილების გამო შპონეკი გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს, რაც 6-წლიანი პატიმრობით შეუცვალეს, თუმცა, მოგვიანებით, 1944 წლის 23 ივლისს, ჰიტლერზე განხორციელებული წარუმატებელი თავდასხმის („ოპერაცია ვალკირია“) შემდეგ, ციხეში მყოფი შპონეკი ჰაინრიხ ჰიმლერის ბრძანებით დახვრიტეს.
* მაგალითად, 1942 წლის თებერვლისთვის ყირიმის ფრონტის ჰარების 35%-ს ამიერკავკასიის ერების წარმომადგენლები შეადგენდნენ.
გირჩევთ
ნაძრახი კაცი | ნინო ლომაძე
07.04.2025
აფხაზეთის წითელი მარტი | ზურა წურწუმია
01.10.2025