გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ნაძრახი კაცი | ნინო ლომაძე

ამბავი ჩინოვნიკების შესახებ

„ყოველ დღე მხვდებოდა ის პირქუში, მელოტი კაცი, აჩეჩილი წარბებით. ხან მაღაზიაში შემოაღებდა ჩუმად კარს. ხან პროდუქტით სავსე ჩანთიანად შეძვრებოდა სადარბაზოში. სულ ჩქარი ნაბიჯით გაგივლიდა. ჩვენ წინა სახლში ცხოვრობდა, მარტო, ერთ ოთახში.

ეგეთი იყო, უფერული და მაინც უკმეხი. გვერდს აუვლიდი, მაგრამ ვერ შეამჩნევდი, მწკლარტე გემო კი აგეკრობოდა სასაზე.

ცამეტი წლის ვიყავი პირველად რო შევხედე სახეში.

მოხუცი მეზობელი გარდაიცვალა, უბნის კოლორიტი კაცი და პანაშვიდზე მამაჩემს წავყევი. ვიდექი სადარბაზოში კაცებთან ერთად და უცებ კიბეზე ნაცნობი მელოტი თავი შევნიშნე. ნელა ამოდიოდა, თავდახრილი. აჩურჩულდნენ აქეთ მეზობლები, ვისაც ჩაუარა განზე გაიხედეს, ქალი და კაცი, ყველამ აარიდა თვალი. შემოიარა პანაშვიდი და უსიტყვოდ გაეცალა იქაურობას. აჩოჩქოლდნენ, ქალებმა ჩუმი წყევლა-კრულვა მიადევნეს ზურგში. დავიბენით ბავშვები. მამაჩემს მივუტრიალდი, კი, მაგრამ რა დააშავა-მეთქი, ვკითხე. ეგო, შვილო, ნაძრახი კაციაო, მითხრა.

საღამოს მოგვიყვა ბავშვებს, ჩვენს მოპირდაპირე ფანჯრებში, ჯალათი რო ცხოვრობდა თურმე. თავისი ხელით ხვრეტდაო ხალხს იმ ბნელ წლებში.

ჩემს ბავშვობაში უკვე ცოტანი იყვნენ. თავის დროზე თვითონ სისტემამ მოიცილა, უმეტესობა დახვრიტეს ან გადაასახლეს. ერთეულები გადაურჩნენ, მაგრამ ისინიც ეგეთი უბედური, საცოდავი ყოფისთვის გაიწირნენო, მამაჩემმა.

პატარაა ეს ჩვენი ქალაქი და ქვეყანა, ხოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, სადაც სამართალი არაა, იქ ხალხი გამოიტანსო განაჩენს“. - ეს ამბავი სწორედ ასე დავიმახსოვრე. გონებაში გავაცოცხლე ძველ ვიდეოკადრებში ნანახი, 1960 წლის თბილისი და პერსონაჟიცა და მოქმედებებიც ამ სურათ-ხატებით შევავსე. ეს ისტორია ბიძაჩემმა მომიყვა და ამ ლაპარაკიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა.

...

ბიძაჩემი ჩინოვნიკი იყო. 

ჯერ საბჭოთა პერიოდში, მერე დამოუკიდებელ საქართველოში მაღალი თანამდებობები ეკავა. ბიძაჩემიც და მამაჩემიც კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ. მამაჩემი უფრო დაბალ პოზიციებზე მსახურობდა, საბჭოთა დროს „პარტკომი“ იყო - დაწესებულებებში პარტიული იდეოლოგიის გატარება ევალებოდა, მერე, რამდენიმე წლით რაიკომის მდივნადაც იმუშავა. ბებიაჩემი, დედაჩემის და დეიდაჩემის დედა, ხშირად სიცილით ამბობდა, ერთადერთი შვილებს იმას ვთხოვდი, პარტიულებს არ გაყვეთ-მეთქი და აჰაო, ასე იღეს ყურად ჩემი ნათქვამი, ორივე სიძე კომუნისტი შემომივიდაო.

თვითონაც პარტიის წევრი იყო. შრომის, წითელი დროშის ორდენოსანი ბუღალტერი, სამამულო ომის მონაწილე ვარ, ბებიაო, ახალ გაცნობილს აუცილებლად ეტყოდა. უყვარდა ბებიაჩემს თავისი სიძეები, მართლა კარგები გამომადგნენო.

ჩემი ოჯახის მთავარი კაცები, პირველად ეზოში ათი წლისას მიხსენეს. ჩემზე ცოტა უფროსმა გოგომ მომაძახა, მამაშენი დამპალი კომუნისტიაო, წრეში ბურთის თამაშის დროს ერთმანეთს რო წავეკიდეთ. 1988 წელი იყო, ეროვნული მოძრაობა უკვე ძალას იკრებდა. დამპალზე მეტად კომუნისტზე ავენთე.

„პატარები პოლიტიკაზე სიტყვას როგორ დავძრავდით, რას გავბედავდით, - მეტყოდა ხოლმე ბებიაჩემი, როდესაც ეროვნული მოძრაობის ლოზუნგებს გავიმეორებდი და ახსნას ვითხოვდი, - „საშიშია, ბებო, ვინმემ არ გაიგოს, ამბავი არ მიიტანოს, არ ვარგა პოლიტიკაზე სახლში ლაპარაკი, გაიგე, რო გეუბნები“. 

ბებიაჩემის მამა საბჭოთა ოკუპაციამდე მენშევიკი იყო. როგორც ბებიაჩემის და გვიყვებოდა ხოლმე, გადასახლებას და დახვრეტას სამუდამო დუმილის პირობით გადაურჩა და მოხუცებულობამდე სამტრედიაში განათლების სამმართველოში იმუშავა. ერთადერთი კაცი იყო რაიონში, ვისაც უმაღლესი განათლება ჰქონდაო. „სულ გვეშინოდა, ბებო, ყოველ ღამე ველოდებოდით, რომ მოვიდოდნენ და მამას წაიყვანდნენ, როგორ გავბედავდით, როგორ დავძრავდით კრინტს ქვეყნის საქმეებზე“.

9 აპრილის მერე „მეგობრობის“დღიურში უკვე ყველას გვქონდა საგულდაგულოდ შეთხზული რამდენიმე ლექსი თუ ჩანახატი საქართველოს დამოუკიდებლობაზე.  „მორისონი თუ კოსტავა, ჰა, რომელი უფრო მაგარი კაცია?“ - ეკითხებოდა სიცილით სკოლის დერეფანში უფროსკლასელი ბიჭი გოგოებს. ზვიად გამსახურდიაც და მერაბ კოსტავაც უკვე როკსტარებისოდენა კერპები იყვნენ. მათ ციტატებს ყველგან აფრიალებდნენ. მამიდაჩემი და მისი მეგობრები მიტინგებზე ერთად დადიოდნენ, კითხულობდნენ და ავრცელებდნენ დისიდენტების ტექსტებს. მომწონდა მათი მოსმენა, მაფორიაქებდა ეს დაუფარავი ბრაზი და მათი რაღაცნაირი, შეუბღალავი რწმენა.

ჩვენს ოჯახში დიდი ლხინები უყვარდათ. რამდენიმე სადღეგრძელო და ერთად მოიყრიდნენ თავს მომღერლები, გაიშლებოდა ხმებში სიმღერა. მერე დაჰკრავდნენ მაგიდას ხელს და მეზობლებისგან ნათხოვარი მაგიდებით დაგრძელებული სუფრიდან უცბად ისკუპებდა პირველი ვინმე და წავიდოდა ლაზათიანი ცეკვა-თამაში. დიდიან-ბავშვიანად ჩაებმებოდნენ, რიგიც დადგებოდა, სახელდახელოდ ავეჯისგან გამოთავისუფლებულ „სცენაზე“ გამსვლელების. 

ასეთ თავდავიწყებით მოლხენაშიც, იმ ზასტოიდ წოდებულ სულ ბოლო წლებში, მაინც დადგებოდა წუთი, როდესაც უხერხულობა ზარივით გადაუვლიდა ოთახს და ამას პირველები ყოველთვის ბავშვები ვიგრძნობდით. რამე პოლიტიკურზე მწარე ნათქვამი, ტლანქი ან უხეში ხუმრობა სიმივით გაჭიმავდა მომენტს. პირველს მამაჩემს გავხედავდი. ამოვიკითხავდი მის სახეზე შეშფოთებას და მაშინვე დავავლებდი ხელს ყველაზე სანდო ვინმეს, ჩემს პატარა ძმას და მაგიდის ქვეშ, ან თვალს მოფარებულ რამე ღრიჭოში შევიყუჟებოდით.

პოლიტიკურ საკითხებზე განხეთქილება უკვე ოჯახებს, სამეგობროებს ხლეჩდა.

„დაგღუპათ, გამოგათაყვანათ ამ პარტიამ, დაგამონათ!“ - ისმოდა ხოლმე დიდი ოთახის მიხურული კარიდან.

ახლაც მახსოვს, გაფაციცებული რომ ვაკვირდებოდი მომლხენთა მიმიკას და გადალაპარაკებებს ვუგდებდი ყურს, მოსალოდნელი საფრთხე როგორმე დროულად ამომეცნო და  სამალავში გავქცეულიყავი. დემონებსა და ღამის მოჩვენებებზე მეტად უფროსების ამ შებმების მეშინოდა, გაცხარებულებს, ერთმანეთის გამმეტებლებს რომ ვხედავდი, გული ყელში მებჯინებოდა.

მათთან ლაპარაკს სულ გავურბოდი, სანამ ოცდაათს არ გადავაბიჯე. არც მამასთვის, არც ბიძაჩემისთვის არასდროს მითხოვია რამის მოყოლა. არადა, ბიძაჩემი მაინც უბადლო მთხრობელი იყო, ოთახებში გამავალ სუფრაზე სულგანაბულები უსმენდნენ მის ისტორიებს.

ჩვენ ლაპარაკი მათი სიცოცხლის ბოლო წლებში დავიწყეთ, როცა ცნობისმოყვარეობამ შიშს სძლია და მაინც გადავწყვიტე, მეკითხა და გამეგო ისიც, რისი დავიწყებაც შეიძლება მაშინვე მომნდომებოდა.

ეს შიში გამიათკეცა ჰანა არენდტის 1963 წლის წიგნმა „აიხმანი იერუსალიმში - ანგარიში ბოროტების ბანალუროზე“, რომელიც ოცდაათი წლისამ წავიკითხე და წაკითხული მაშინვე დავივიწყე, ამაზე ფიქრისთვის ჯერ მზად არა ვარ-მეთქი.

„გულუბრყვილო ეთიკურ ცნობიერებას მუდმივად აკვირვებს, თუ როგორ მზრუნველად და თბილად ეპყრობიან საკუთარი ჯგუფის წევრებს ადამიანები, რომელთაც საშინელი ძალადობის აქტები აქვთ ჩადენილი. ...გერმანელი ჯარისკაცი, რომელმაც უდანაშაულო მოქალაქეები დახოცა, მზად იყო საკუთარი დანაყოფისათვის სიცოცხლე გაეწირა“, - ეს სიტყვები სადღაც, თავსზემოთ, ჰაერში გამოეკიდა. „ჯგუფის და ოჯახის წევრებს...მზრუნველად. თბილად...“ რაზე მიუწვდებოდათ ხელი. რისი თავიდან აცილება შეეძლოთ და ვერ გაებედათ. რაზე დაეხუჭათ თვალები.

ყოველთვის, როდესაც ჩემი ოჯახის მთავარ კაცებზე ვფიქრობდი, სულ ყველაზე რადიკალური მაგალითების წარმოდგენა მჭირდებოდა, სწორედ ჯალათებისა და მილიონობით ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულების ისტორიების გონებაში გადასინჯვა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მართლა მანუგეშებდა ეს ფიქრი - შეიძლება იმიტომ, რომ ვიცოდი, მინიმუმ ეს არა, მინიმუმ ასეთი არ იყო ჩემი წინაპრების ისტორია? 

ეს აბზაცები, ცხადია, ვერ ჩახურავს ჩემი ოჯახის მეოცე საუკუნის ისტორიას. ეს ტექსტი მხოლოდ ეჭვებთან თანაცხოვრებაზე მინდა, დარჩეს და არა საყვარელი ადამიანების გამართლებისა თუ მხილების ვნებაზე, რადგან მხოლოდ ამ მერყეობაში მჯერა სიფხიზლის მომენტის - ფხიზელი მზერის და იმ ღია დაშვების, რომ ნებისმიერ ხვალინდელ დღეს, პოსტსაბჭოთა ყოფის ოცდამეთოთხმეტე წელსაც ყველაფერი შესაძლოა წამში შეიცვალოს - ჩვენი რწმენებიცა და წარმოდგენებიც ახალმა ცოდნამ სულ ნამცეცებად დაფშვნას.

ამიტომ ვცდილობ მუდამ ამ კითხვის შუქზე ვიფიქრო: რამდენი მოქალაქე ვიქნებით მზად საკუთარ მშობლებზე, ტკბილ და ფუმფულა ბებია-ბაბუებზე თავზარდამცემ ამბებს ავხადოთ ფარდა? რამდენი ვიტყვით, რომ ვცხოვრობთ სახლში, რომლის მოსაპოვებლად წინაპრებმა ერთი „უწყინარი კომპრომატი“ შეთხზეს მეზობელზე კაგებესთვის? რამდენს შეგვიძლია გულწრფელად მოვყვეთ მშობლების ამბებს ჩემი თაობიდან? კი არ გავაკერპოთ და უსაფუძვლოდ ვიამაყოთ მათით, არამედ სინათლის შუქზე დავინახოთ? არც გავრიყოთ ან შიშით უარი ვთქვათ მათზე, არამედ მათი სინამდვილეების ტარებას მოვერიოთ, მათი გარემოს აღქმა, მათი მოტივების გაგება, მათი სისუსტეების გააზრება შევძლოთ.

„სანამ ჩვენ არ წავალთ, მამი, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, - მითხრა ოთხი თუ ხუთი წლის წინ მამაჩემმა, - ჩვენი თაობა რო აღარ იქნება, მერე რაღაც შეიცვლება“. ტანში დენივით დამიარა ამ სიტყვებმა, თან გამახსენდა, რომ ამას პირველად არ ვისმენდი. ჩემი მეგობრის დეიდას ჰქონდა იგივე ჩვენთვის ნათქვამი, „ჩვენ რო დავიხოცებით, ეს ქვეყანა მერე გაიმართება წელში“.

პირველად მაშინ ვიფიქრე: ესენი მართლა ისე წავლენ, მთავარს მაინც არ იტყვიან-მეთქი. კი არ დამალავენ, მაგრამ აირჩევენ ართქმას და წლების განმავლობაში ნანახს და გაგონილს, გადაწყვეტილს და მიჩნეულს, დაჯერებულს, შესრულებულს უბრალოდ დაივიწყებენ-მეთქი, როგორც ძველ, გახვრეტილ სათლს ეზოს კიდეში.

ალბათ დაივიწყებდნენ-მეთქი, ვფანტაზიორობდი, მტანჯველი და გულმოდგინე ვარჯიშის შედეგად. და ეს იქნებოდა ყოველდღიური, საგანგებო განდევნის და ფრთხილი მიყრუების, იქვე გონებაში საშენოოდ გადალაგებულის - სულ ბოლო საფეხური-მეთქი. ან კი, ვცდილობდი წარმომედგინა, საერთოდ რას იმახსოვრებდნენ დროში, რომელშიც ხმები დახშულია, ყვირილი - დაგუბებული, საჩურჩულო, საფიქრალი ღრიჭოებიც ამოვსებული და დაგმანული. იმ დროში, რომელშიც საზღვრებს რკინის ფარდა ჰქვია.

დიახ, ვფანტაზიორობდი, რადგან ეს ერთადერთი გზა იყო, შემევსო სიცარიელეები, რაც დამიტოვეს. მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში შემეძლო მეპოვნა პასუხები, რომელიც მათ არ გაუციათ, გამომეგონებინა ამბები, რომელიც არასდროს მოუყოლიათ. რადგან ისინიც, რაც ვიცი, ასე საგულდაგულოდ დამუშავებული და გადალაგებული მგონია. ან, შეიძლება სულაც არ არის ასე.

არც საკუთარი პატიოსნებისა და კეთილსინდისიერების დამამტკიცებელი საბუთები დაუტოვებიათ ჩვენთვის. ტანით გრძნობდნენ, რომ ეს არასდროს დასჭირდებოდათ. მაშინ ვიფიქრე, ეს არქივებიც იქამდე არ გაიხსნება, სანამ ესენი ცოცხლები არიან-მეთქი.

დღეს, როდესაც არც ერთი აღარაა ჩვენთან, კიდევ უფრო ცოცხლად ვგრძნობ, რომ ჩვენი ურთიერთობა სამუდამო უნდობლობისთვის გაიწირა. რაც უნდა მჯეროდეს მათი გულწრფელობის, მათ მეხსიერებას ბოლომდე ვეღარ ვენდობი. მოგონებები დროში გარდაიქმნება, გონებაც იმას ამოატივტივებს მეხსიერებიდან, რასაც რეალობა უკარნახებს. ვიცი ისიც, რომ ეს გაუცნობიერებელი პროცესია.

დაწვრილებით

ის დისტანციაც, რომელიც ჩვენ შორის გაჩნდა, უცნაურ სიშორედ იქცა. ახლა მგონია, რომ ეს მანძილი ჩვენი ურთიერთობისთვის მაინც დაუძლეველი აღმოჩნდა - სიშორე სიყვარულმა ვერ დაამოკლა. მანძილი იქცა ტვირთად, ის საერთო საზიდი გახდა და წლებთან ერთად, მეც და მამაჩემსაც ფიზიკურ სიმძიმედ, ტკივილებად გვექცა. მაგრამ იქნებ ეს უნდოდა მამაჩემს? იქნებ სწორედ სიფხიზლეა მისი ნამდვილი საჩუქარი? იქნებ ეს ეჭვები მიანდერძა? თუ ეს შიშნარევი ორჭოფობა, როგორც გენეტიკური ცოდნა, მემკვიდრეობით მეორე მსოფლიო ომის დროს დაბადებული მამაჩემისგან გადმომეცა?

ჰანა არენდტს წლები და ნელ-ნელა ვუბრუნდებოდი. ჯერ ინტერვიუებს ვკითხულობდი, ბოლოს ისევ მივადექი მის ანგარიშს ბოროტების ბანალურობაზე და ხელახლა დავიწყე კითხვა.

მაშ ასე, როდესაც არენდტი ისრაელში სასამართლოზე დასასწრებად მიდიოდა, ის ნამდვილ ურჩხულთან, კაციჭამია მონსტრთან შესახვედრად ემზადებოდა. თუმცა „აიხმანი არც პერვერტი აღმოჩნდა და არც სადისტი, პირიქით - ის შემაძრწუნებლად ნორმალური იყო. ეს ახალი ტიპის კრიმინალია, როდესაც დამნაშავე ჩადის დანაშაულს ისე, რომ არც განცდა იმისა და გაცნობიერება, რომ დანაშაულს ჩადის, არ შეუძლია“. 

მმართველობა, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე დგას, სწორედ ასეთ უმეცრებაზე აშენებს ყველაზე მყარ საძირკველს.

აიხმანიც ამგვარმა სისტემამ შექმნა. მისნაირი მოხელეების წრთვნისთვის ირჯებოდა ჰიტლერის პროპაგანდის სამინისტრო, ჰიმლერს კი ესესელების (SS - Schutzstaffel) სამართავად ურთულესი მექანიზმები შეექმნა.

თავდაპირველად შეთხზეს და საკუთარ მოხელეებში დაამკვიდრეს ახალი ენობრივი ნორმები - ფაქტების შესანიღბად. ერთ-ერთი ასეთი იყო „სასიამოვნო სიკვდილის გარანტირება“ - რაშიც გაზის კამერებს გულისხმობდნენ. აიხმანი სასამართლოზე ომახიანად პასუხობდა, რომ „მოკვდინების დროს“ ზედმეტი ტკივილის მიყენება დაუშვებლად მიაჩნდა (სწორედ „ზედმეტი ტკივილის მიყენება“ და არა - თავად მკვლელობა). ასე გაჩნდნენ ახალი პროფესიონალები, „სასიამოვნო ტკივილის სპეციალისტები“, ვინც აუშვიცის, მაიდანეკისა და ბელცეკის, ხელმნოს, ტრებლინკასა და სობიბორის გაზის კამერები დააპროექტეს.

ენობრივი მანიპულაციებით სიკვდილის ბანაკები ეკონომიკურ საკითხად გადააქციეს. ჩონჩხების შეგროვებას, სტერილიზაციასა და გაზით ადამიანების გაგუდვას - სამედიცინო პროცედურები დაარქვეს. ეკონომიკური საკითხის წარმატებით გადაწყვეტად ჩათვალეს გაზის კამერების ჩანაცვლება ფურგონებით, რომელშიც დედიშობილა ადამიანებს გამონაბოლქვი აირით ხოცავდნენ - ეს „სამედიცინო პროცედურა“ გაცილებით იაფი უჯდებოდა ნაცისტურ ხელისუფლებას. 

სწორედ ისე, როგორც „სამხედრო ოპერაცია“ დაარქვა რუსულმა რეჟიმმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან შეჭრას და ქალაქების, სოფლების აოხრებას.

არენდტი წერს, რომ ესესელები დიდი სიფრთხილით ეპყრობოდნენ საკუთარ თანამშრომლებს, რადგან სწამდათ, თუკი ადამიანს არ მოსწონდა ის, რასაც აკეთებდა, საქმე ზიანდებოდა. მოხელეებს პასუხისმგებლობისა და დანაშაულის მტანჯველი განცდებისაგან იცავდნენ „ახალი კანონებით“, რაც მათ ხელ-ფეხს უხსნიდა, სინდისის ქენჯნის გარეშე ჩაედინათ დანაშაულები.

„ჩვენ გვესმის, რომ თქვენგან ზეადამიანურს მოვითხოვთ, რომ თქვენ „ზეადამიანურად ანტიჰუმანურები“ იქნებით“, - მოძღვრავდნენ მათ და არენდტი ფიქრობდა, რომ მკვლელებად ქცეული ადამიანების გონებაში რჩებოდა მხოლოდ გაფილტრული განცდა და აზრი, რომ ისინი არა ავ და ბოროტ საქმეში, არამედ უბრალოდ ძნელად განსახორციელებელ, ისტორიულ, გრანდიოზულ, უნიკალურ მოვლენაში მონაწილეობდნენ.

წლებია, უკვე ეს ჩვევა მაქვს, ყოველ კვირა გუგლის ძიებაში ბიძაჩემის სახელს ვწერ. ახლა უკვე ჩატ ჯიპიტის ვთხოვ იმავეს და ზედ კონტექსტის გაანალიზებასაც ვავალებ. არ ვიცი, დარდობდა თუ არა თვითონ ამაზე, რა ამბები დარჩებოდა, როგორ დაიმახსოვრებდა ქალაქი მის ისტორიას.

რას ამოკრეფს და როგორ მოჰყვება მის ამბავს ხელოვნური ინტელექტი, რომელ სიაში მოახვედრებს, ვის სახელებს მიაჯაჭვებს - ხშირად ვფიქრობ ამაზე. 

სადღაც ორმოცდაათი წლის შემდეგ ელიზაბეტ მინიქი არენდტზე დაყრდნობით შემოგვთავაზებს დაშვებას პირიქით: რომ არსებობს ბანალურობის ბოროტებაც, რომელსაც უმეცრება და მხოლოდ უმეცრება სჩადის. ჟან ჰაცფელდი „მაჩეტეს სეზონში“, სადაც რუანდის გენოციდის ჯალათები ჩადენილზე ჰყვებიან, წერს, რომ ადამიანები, რომლებიც არ აზროვნებენ, ყველაფერზე წამსვლელები არიან. უმეცარი ვერ განჭვრეტს საკუთარი გადაწყვეტილების შედეგებს, რადგან ჩადენილის გააზრება მხოლოდ პასუხისმგებლობის გაცნობიერებით შეიძლება. სლავოი ჟიჟეკი („რობერპიერი. სათნოება და ტერორი“) წერს, რომ პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ საკუთარი მოვალეობის შესრულება, არამედ იმის გაცნობიერებაც, რას გულისხმობს ეს მოვალეობა.

„აიხმანი სულელი არ ყოფილა, - წერდა ჟან ბირნბომი ლე მონდში, - იგი საერთოდ არ აზროვნებდა – და სწორედ ამან აქცია თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბოროტმოქმედად. „საკუთარ თავთან საუბარი, ეს უკვე განსჯაა“, ამტკიცებდა არენდტი. სინდისის მძაფრი განცდა, საკუთარ თავთან შეწინააღმდეგება – სწორედ ესაა არენდტის აზრით ბოროტების ბანალურობის წამალი – აზროვნება ყოველდღიური გმირობაა.“  

მამაჩემი არც მამამისზე მიყვებოდა ამბებს. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ბაბუაჩემი თეთრულვაშიანი, ბუნჩულა და თბილი, ოჯახის მოამაგე და სანათესაოს დიდი ქომაგი იყო. ჩემს დაბადებამდე გულის შეტევით გარდაიცვალა. უკვე სტუდენტი ვიყავი, როცა გავიგე, რომ ბაბუაჩემი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ტყვეთა ბანაკის უფროსად მსახურობდა. რა ჩინი ჰქონდა-მეთქი, სულ ვეკითხებოდი მის შვილებს. ბოლოს მისი დოკუმენტების მოგროვებაში დახმარება მამაჩემს ვთხოვე. „სანამ ცოცხალი ვარ, ეს არ გააკეთო, მამი, - ხმადაბლა მითხრა. რატომ-მეთქი, ვკითხე. - არავითარი დოკუმენტები და საქმეების გამოთხოვნა, - ტუჩები სულ გაუფითრდა - სანამ მე ცოცხალი ვარ, ეს არ ქნა. გთხოვ ამას!“ ნუთუ ამ შიშით იცხოვრა მამაჩემმაც ოთხმოც წლამდე?

მახსოვს, პირველად ბერტოლდ ბრეხტის ამ ლექსს რომ გადავეყარე, ისევ მამაჩემზე ვიფიქრე, მინდოდა, მისთვის წამეკითხა, მაგრამ ეს არასდროს გამიკეთებია. მინდოდა, ამ ლექსით მეთქვა, რომ მეც მეშინოდა.

სიკეთის დაკითხვა

წინ გამოდი: ჩვენ გაგვიგია
რომ შენ კარგი ადამიანი ხარ.
შენ ვერ მოგისყიდიან,
მაგრამ ვერც ელვას მოისყიდიან,
რომელიც შენს სახლს დაეცემა.
შენ ყოველთვის შენს ნათქვამზე დგახარ.
მაგრამ რას წარმოადგენს ეს ნათქვამი?
შენ პატიოსანი ხარ, ამბობ შენს აზრს.
რომელ აზრს?
შენ მამაცი ხარ.
ვის წინაღმდეგ?
შენ ბრძენი ხარ.
ვისთვის?
შენ არ ზრუნავ საკუთარ პირად სარგებელზე.
მაშ ვის სარგებელზე ზრუნავ?
შენ კარგი მეგობარი ხარ?
ხარ კი ამავდროულად კარგი ადამიანების კარგი მეგობარი?
გაიგე ჩვენი: ჩვენ ვიცით შენ ჩვენი მტერი ხარ.
ამიტომ ჩვენ ახლა კედელთან დაგაყენებთ.
მაგრამ ვითვალისწინებთ რა შენს დამსახურებებს და დადებით თვისებებს,
ჩვენ კარგ კედელთან დაგაყენებთ და დაგხვრეტთ
კარგი ტყვიებით კარგი იარაღიდან და დაგმარხავთ
კარგი ნიჩბით კარგ მიწაში. 

სირცხვილი პიროვნებას ანადგურებს, ის საკუთარ მე-ს კლავს. ამ დროს მთელი სიმძაფრით გრძნობ, რომ არ გინდა, იყო ის, ვინც ხარ. დანაშაულის განცდა კი ქცევას ეჯაჭვება და ჯერ კიდევ ტოვებს მისგან დისტანცირების შანსს, უბრალოდ ეს გზა ისევ მტკივნეულ აღიარებასა და შეცდომის გააზრებაზე გადის. მხოლოდ დანაშაულის ციკლურობა, მისი მრავალჯერ გამეორება შეუძლებელს გახდის გაცნობიერებას და ბადებს სირცხვილს, რომელსაც დრო ვერ გაცრეცს და ნელ-ნელა იდენტობის ნაწილი გახდება. ამაზეც ვფიქრობ, მერამდენე დანაშაული, მერამდენე ცრუ ჩვენება, მოსყიდვა, მტკიცებულების გაყალბება, დაშინება, ცემა, შანტაჟი გასცდება დანაშაულის ტერიტორიას და ადამიანებს სირცხვილის ცეცხლში გახვევს? რამდენი იქნება 2020-იანი წლების საქართველოში ახალი თაობიდან, რომელთაც საკუთარი წარსულის მიჩქმალვა, განადგურება, ძველის ახალი დანაშაულით გადაფარვა მოუწევთ, რომ დროებით, ილუზიურ სიმშვიდეში შეძლონ ცხოვრება?

სწორედ აიხმანის კარიერის მწერვალზე, ნაცისტურ გერმანიაში ცხოვრობდა ორი ჭაბუკი გლეხი. მათი ისტორია გიუნტერ ვაიზერნბორმა აღწერა წიგნში „Der lautlose Aufstand“ (1953). გლეხები უარს ამბობე ესესში სამსახურზე და მათ სიკვდილით სჯიან. უკანასკნელ წერილში ჭაბუკები ოჯახებს მისწერენ: „ვამჯობინებთ, მოვკვდეთ, ვიდრე სინდისის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ და საშინელებები ჩავიდინოთ. ვიცით, რასაც სჩადიან ესესელები.“ მათ შეინარჩუნეს კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი და სინდისის ქენჯნით არასოდეს იტანჯებოდნენ“, - წერს ჰანა არენდტი.   

რას გაიღებ სიმართლისთვის? - რამხელა კითხვაა, როგორი ყოფითი და ფილოსოფიური ერთდროულად. ეს მარია რესას კითხვაა, ნობელის პრემიის ლაურეატის მშვიდობის დარგში და ფილიპინელი ჟურნალისტის. რესა ამ კითხვას თავისი წიგნის - „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ შესავალში სვამს. მივხვდი, რომ არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ სიმართლე ხანდახან მართლაც ჯილდოა. სიმართლით ცხოვრება კი ისეთი ფუფუნება, რომლისთვისაც უეჭველად, გარდაუვლად ფასია გადასახდელი.

მზია ამაღლობელი და სინდისის ყველა პატიმარი თავიანთი დიდი, ვრცელი, სწორედ ყოვლისმომცველი სიმართლისთვის იხდიან საფასურს. მათ საკუთარი დღეები და ღამეები, მეგობრებთან სიცილი და შვილებთან, მშობლებთან ჩახუტება გაიღეს სიმართლისთვის.

ისტორიამ იცის, რომ ეს დროებითი სახელდებებია და მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ კანონდარღვევას ვერასდროს დაერქმევა სისხლის სამართლის დანაშაული. „სინდისის პატიმრებს“, „ცრუ მოწმეებს“, „უსამართლო მოსამართლეებს“ კი უკვე გააჩნიათ საკუთარი სახელები. კიდევ ერთი, რაც მომავლის უსასრულობაში გაწელილ და მჭახე ექოდ დარჩება, იქნება თანამედროვე ჩინოვნიკების ძლივს გასაგონად ამოთქმული ჩივილი კაბინეტებიდან:

მე არაფერი შემიძლია მეტი.
რას ითხოვთ ჩემგან?
როგორ უნდა გადავარჩინო...
ყველაფერი გავაკეთე,
ვთქვი, რაც შემეძლო. ვეცადე, ვარწმუნე,
ხომ იცით, როგორც წყდება აქ ყველაფერი,
რას შეცვლის ჩემი დალაპარაკება?
შეუძლებელია, შეუძლებელს ითხოვთ.
ვერავის გადავარწმუნებ.
რაც შემეძლო, ჩემი მანდატით, სტატუსით, პოზიციით,
ისედაც, ადამიანურადაც...
როგორ აგიხსნათ, რომ ზემოთ ყველაფერი გადაწყვეტილია. იქაა უკვე დამტკიცებული.
არავის გადარჩენა მე არ შემიძლია.
მე მართლა არაფერი შემიძლია. 

„ისტორია, რომელსაც საკუთარ თავზე ვყვებით, რათა ავხსნათ თუ რას ვაკეთებთ, არის არსობრივად ტყუილი – სიმართლე გარეთ, ჩვენს მოქმედებებშია,“ - წერს სლავოი ჟიჟეკი თავის ცნობილ ტექსტში „ძალადობის შესახებ“.  

მოქმედებებში კრისტალიზებული სიმართლე ხილულია. ის დგას და იცდის.

იქვე, ახლოს კი ისევ დაიბადებიან ახალი მოხელეები, ვისაც საკუთარი უძალობა მაინც შეაძრწუნებთ, მაგრამ ვერ მოერევიან ძალაუფლების სიმბოლოების ბუტაფორიულ სიკაშკაშესთან ახლოს ყოფნის, მათი დაუფლების დაუოკებელ წყურვილს, რაც ყველა სააზროვნო მომენტს, განცდის სიღრმეებს და ჰუმანურ სივრცეს გადაეფარება. ბოლოს მოვა დანებება, რომელიც უფრო რწმენას ემსგავსება, თითქოს კი არ დამარცხდი, არამედ ჭეშმარიტებას ეზიარე. თითქოს მართლაც და მხოლოდ ეს იყოს შენი სამყარო, რომელიც სივრცეში ნელ-ნელა ვიწროვდება და საბოლოოდ შენი ყოველდღიურობა ბრონირებულ კედლებსა და ფანჯრებს, შეიარაღებული დაცვის წევრების რიგებსა და კორდონებს, წინასწარ განსაზღვრულ, დადგენილ მარშრუტებს შორის გამოიკეტება. ვიდრე არ დაიგმანება კარი, რომელშიც აღარ შემოვლენ ძველი მეგობრები, საყვარელი ადამიანები ძველ ნაცნობებად არ გადაიქცევიან და ბოლოს ისინიც თვალს მიეფარებიან.

და ეს სხვა ნაძრახი კაცის ცხოვრების დასაწყისი იქნება.

ბაბუაჩემზე დოკუმენტების მოგროვება ჯერ არ დამიწყია.

მამაჩემი წელიწადნახევრის წინ გარდაიცვალა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა