გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ცისი მოისწრაფეშვილის ტექსტი, რომელიც საზღვრისპირა სოფელ პერევში მოსმენილი ფრაზებისა და დიალოგების მიხედვითაა დაწერილი.

საზღვრისპირა დიალოგები | ცისი მოისწრაფეშვილი

საზღვრისპირა სოფელში წელს პირველად ვიყავი. პატარა ბავშვებმაც იციან იქ, რომელ ხესთან აღარ შეიძლება მისვლა, სადამდე უნდა აჰყვე ტყეს სოკოს საკრეფად. მე კიდევ უცხოელივით ვეკითხები ყოველ წამს, იმ ნისლის იქით რომ მთაა, აღარაა ჩვენი? აღარც ის სახლი?  

არაფერი ვიცით დედაქალაქში.

საჩხერიდან ტაქსის მძღოლს პერევში აყვანა ვთხოვეთ.

- ოკუპანტებში მივდივარ, - მიაძახა სიცილით ბირჟას.

გზად ჩვენების საგუშაგო გვხვდება, პატარა ხიდი ჩანს, იმის იქით რუსები დგანან. საზღვრიდან სროლის ხმა ისმის ზოგჯერ, ჩვენ მიჩვეულები ვართო, გვეუბნებიან, თქვენ არ შეგეშინდეთო.

იქაურების ყველა დიალოგში ოკუპაციისა და უფრო ადრინდელი მოგონებები ცოცხლობს, ომის ტრავმას რომ იმერული იუმორი ემატება, სახეზე შემშრალი დარდიანი ღიმილით აღარ იცი, საით წახვიდე და ადგილობრივ ემოციურ დისბალანსში იკარგები.

სოფელში ორი წყალია, წყაროსი და მთავრობის გაყვანილი. მთავრობის წყალი დღის 12 საათამდე მოდის, მერე წყდება და, როგორც ბებია ამბობს, უგემურია. პირველად რომ გავიგონეთ, მთავრობა წავიდაო, უჩვეულო გულუბრყვილობით გამოვვარდით სახლიდან, მერე მივხვდით, მთავრობა კი არა, ეგ უგემური წყალი წასულა.

უკან რაჭის მთები ჩანს. ჩვენი მასპინძელი, რუსო, გვიყვება, ადრე მაგ მთებზე რო ფეხით გადადიოდნენ კაცები მაღაროებში სამუშაოდ, უკან დაბრუნებულ ხალხში მამას კითხულობდა რუსო, ასე ეგონა, ყველამ იცოდა, მამამისი ვინ იყო:

- ვისი შვილი ხარ, გოგო, შენ? - ეტყოდნენ დაღლილი კაცები.

მამას რაჭიდან დიდი მსხლები ჩამოჰქონდაო, იხსენებს, დამალობანა უყვარდა, სახლში დაბრუნებულს ლურსმანზე ჩამოკიდებული მსხლით გავსებული პარკი გვხვდებოდა ბავშვებს, დავიყვირებდით, მამა მოსულაო და გახარებულები ვეძებდით მონატრებულსო.

ჩვენ ოსებთან სულ ვმეგობრობდით - გვეუბნებიან იქაურები, მაგათი არ გვეშინია, რუსების რა გითხრაო.

მაძალებდნენ, შეუცვალე ბავშვებს ოსური გვარიო, დაიჩაგრებიანო, მარა არაფრით არ გადავუკეთე მამის გვარი, ერთი ვინმეს გაებედა ჩემი ბავშვების დაჩაგვრაო, ამბობს იქაური ქალი, შავებში ჩაცმული.

თბილისის გზაზე ავტობუსში ასულები ერთი კარგად მოქართულე კაცის მონაყოლს შევესწარით. გორში მიდიოდა, მამა ოსი ჰყოლია, დედა - იმერელი. ოსებიც მიყვარს და ქართველებიცო, ოსი რა იყო, სულ არ ვიცოდი, მერე გავიგე, ჭიდაობიდანაც რომ გამომაგდეს და სკოლიდანაცო, ამბობს.

- აზერბაიჯანელი ბავშვი მოვიდა ერთ დღეს, მამაშენი წაიყვანეს მხედრიონელებმაო, - აგრძელებს კაცი ადრე დაწყებულ ამბავს, არც ჩვენი ამოსვლა აწყვეტინებს სიტყვას და არც ვეუცხოებით დიდად.

- გავეკიდე, პატარა ბიჭი ვიყავი, დამიწვეს მამა და მაყურებინეს, უყურე, შე ძაღლის ლეკვოო, მიყვიროდნენ, თურმე ქართველი ჯარისკაცი დაღუპვიათ თვითონაც, სოფელში მოვიდნენ და ოსი ვინც შემოხვდათ, წაიყვანეს. მამაჩემი მშრომელი კაცი იყო, იარაღი ხელში არ ჭერია, დამწვარ მაზუთიან ხელებზე შრომისგან გაჩენილი კოჟრები ეტყობოდა.

- მერე არავინ იყო რო მიშველებოდა იქ? - უკანა სკამიდან წამოიყვირა იქაურმა მორაგბე ბიჭმა.

- იყვნენ ქალები, და ქვებს ესროდნენ ეგენიც, - სიჩუმეა ავტობუსში.

- ჰოდა არ იცოდნენ მაგათ, რო ეგ ძაღლის ლეკვი მგლისა გამოდგებოდა. სახლში მისულს დედამ ბლოკნოტში დამახვედრა იმათი სახელები და გვარები, ყველა მოვძებნე და დავხოცე, რო გავიზარდე, 21 წელი ვიჯექი ციხეში - ჯერ რომ არ მინახავს, ეგეთი სიამოვნებით ჰყვება, ეგრევე მიხვდები, არ იტყუება.

- პატარა ბიჭი რო ვიყავი, დავდიოდი და ვყვიროდი, ქართველების სისხლი უნდა ავიღო-მეთქი, მარა არა, არ შემძულებია მე ქართველი, რა დააშავა აგერ ბაბუამ, ყანაში რო დადის, შვილიშვილებს რო ლუკმა მიუტანოს? ოსიც მიყვარს მე და ქართველიც, მაინც მიყვარს, - ავტობუსში ისევ სიჩუმეა, ოღონდ ახლა სხვანაირი, ფეხებში ჩამდის სიცივე, პირველად ვნახე კაცის მკვლელი, ის კიდე ტყეებს უყურებს და გვიბრუნდება:

- ე, რეგბი, თუ დაიკარგები სადმე, ფოთოლი მონახე და ნაკადულში ჩააგდე, საითაც შეტრიალდება, ეგ არი დასავლეთი, - რომ ვერ ვიპოვო ეგ ნაკადული, რა ვქნა მერე, ვფიქრობ უაზროდ, თავს დატეხილი სინდისის გაჩუმება მინდა, არცოდნის, დავიწყებისა და საკუთარ ხალხთან გაუცხოების სირცხვილის.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა