Ctrl+F აფხაზეთი | გიორგი ყორღანაშვილი
09.10.2024 | 8 წუთიანი საკითხავიაფხაზეთის ომის დასრულებიდან 5 წელში დავიბადე. თითქოს მუდამ და თითქოს არც არასდროს ფრენდა სრულიად უცხო ტოპონიმების ჩამონათვალი ჩემ გარშემო. მხოლოდ თვალი აღიქვამდა საქართველოს რუკის მარცხენა მაღალ კუთხეში ვიწრო წაგრძელებას; რეალური არაფერი იყო, არც ეს სივრცე და არც ადამიანები - გაუგებარი ჯგუფების ხალხი, რომელმაც ჩემთვის კიდევ უფრო გაუგებარი ადგილი დატოვა.
შეუძლებელიც კი იყო ამ რუკაზე ვიწრო წაგრძელების რეალურად არსებულ სივრცედ აღქმა - პაზლის ეს ყველაზე მოცულობითი ნაწილი იოლად ერგებოდა თავის ადგილს რუკის სიბრტყეზე, მაგრამ ვერ პოულობდა ოთახს ჩემს გონებაში.
მთელი ჩემი წარმოდგენა და მეხსიერება, ფაქტობრივი თუ ემოციური, იმდენად არამდგრადი და მშრალია, რამდენადაც ამ ტექსტის შესავალი. დროდადრო მაწუხებს კიდეც ეს ბუნდოვანება, მაგრამ არაფერს ვაკეთებ, არ მაწუხებდეს.
ვაწვალებ მეხსიერებას და ვკრეფ აფხაზეთის ყველა ხსენებას - სია სრულიად ალოგიკური და ფრაგმენტულია; რიგითობა არაა პირობითი და პატიოსნად იცავს პირველადი ცდის ქრონოლოგიას - ხან იმიჯებია, ხანაც ციტატები, ემოციები, გაფიქრება და საზეპიროები.
Ctrl+F აფხაზეთი
*ვხედავ მერაბ სეფაშვილს, ჰადაჰა გასული მატარებლის ვაგონზე ჩამოკიდებულს, სოხუმში მიდის; ვიღაცას უღიმის, ანიშნებს თითით, საითაც მიდის.
*სიმღერების კონკურსია; ლექს-სენი რეპავს აფხაზეთზე.
*თვალებდახუჭულია სოფო ნიჟარაძე, ნინო სურგულაძე და გიორგი უშიკიშვილი.
*ფსოუს წყალი, რომელიც ისმევა.
*ბიჭები, სეფას თუ ქუჩის, მღერიან რუსულად, ერთადერთი სიტყვა გაირჩევა, ეგაც მხოლოდ მისამღერში - სუხუმი. პატარა მყუდრო სტუდიაა, ასამდე ადამიანი უსმენს, ყველა ტირის.
*სკოლაში ვკითხულობთ ნუგზარ შატაიძის მოთხრობას „მოგზაურობა აფრიკაში“ - ვიცინით კლასელები, პარალელური კლასელები. „აფხაზებმა რომ დაგიჭირონ და გაგჟიმონ?!“; შიში, აფხაზებმა რომ დაგვიჭირონ და გაგვჟიმონ.
*2014 წელი. ზამთრის ოლიმპიადა სოჭში და ირინა შეიკი, როგორც მეჩირაღდნე. ირინა შეიკის ინსტაგრამი. კომენტარები.
*ვღიღინებ: ჩვენ ვართ ქართული არმია, ჩვენთვის ვარჯიში კარგია; [რაღაცა] [რაღაცა] მალხაზი, თავს დაგადგა აფხაზი.
ამ უცნაურ მონაცემთა ბაზას კრავს არც ერთი კონკრეტული და ნებისმიერი პოლიტიკოსის მონდომება, რომელიც წინასაარჩევნოდ ბრუნდება სოხუმში და ჩვენც მივყავართ.
ფაქტებით კომუნიკაცია, ფაქტებზე თხრობა, დიალოგი ამ ფაქტების გასააზრებლად - ყველაფერი არასწორია. სადღაც, შორს, დიდები თემას განიხილავენ, ცხარობენ, ერთმანეთს ლაპარაკს აწყვეტინებენ. ჩვენთან, პატარებთან, მხოლოდ ჩხუბი ჩამოდის; ემოციების უსახო ნაფლეთები; აზრების ჭიდილი, რომელიც ჩვენთვის უაზროა.
ოცდაათი და მეტი წელია, რაღაცებზე ლაპარაკი არ შეიძლება, რაღაცებზე ლაპარაკი კი მხოლოდ საუკეთესოდ და უშნოდ დასწავლილი გზებით მოსულა.
და რაც „მოსულა“, მაფერხებს. ნარატივი ცალკე მიდის, მიერეკება. ამასობაში, გავიზარდე და ისევ არაფერი ვიცი - გაუთავებელი და კომფორტული ურთიერთგაუგებრობაა.
მე აქ ვარ. ზოგჯერ მძაფრად შემომიტევს ხოლმე ეს გაუგებრობა, ნაპერწკალივით ენთება ჩემში აზრი, რომ ახლა უნდა გამოვერკვიო; მერე სუსტდება და ვდუნდები.
რა მოხდა ოცდაათი წლის წინ - რუკა, ტერიტორია, ადამიანები, ტკივილი, დანაკარგი. რა ხდება დღეს იქ, ვინ და რა დარჩა, ვინ და რა გადარჩა.
სურვილი მაქვს, გამოვერკვიო, მაგრამ სურვილი არ მაქვს. უფრო ზუსტად თქმა გამიჭირდება.
Did you mean: სამაჩაბლო