ცხრამეტი ერთში | სეიმური, 68 წლის, მეომარი, აფხაზეთის ომზე
29.11.2023 | 8 წუთიანი საკითხავიმე ვარ სეიმური, მცხეთის რაონში დავიბადე, გავიზარდე, უკვე 68 წლის გავხდი. ძაან ბევრი ტანჯვა გადავიტანეთ, რო იტყვიან. რა დროს ვინ დაგადგებოდა, რა დროს რას ააფეთებდნენ. ჩვენი უდანაშაულო ბიჭები, სუ არაფრის გულისთვის დაიღუპნენ. მარტო 19 ახალგაზრდა კაცი ჩემ ხელებში გარდაიცვალა.
ჩვენ როგორც მაშველთა კორპუსი, მოხალისედ გაგვიწვიეს. მე, საქართველოს შვილს არანაირი უფლება არა მქონდა, ჩვენი წინაპრების და მომავალი თაობის მიწა არ დამეცვა. როგორც მუსულმანი კაცი, თეთრი პერანგი მე გადავივლე, ლოცვანი გავიკეთე და ბიჭებს ვუთხარი, თუ მოვკვდები, არ გამომიცვალოთ, აესე პირდაპირ დამმარხეთ, როგორც არი, ჩემ მიწა-წყალზე-მეთქი.
ბოლომდის ვიომეთ. მე ასე თუ ისე გამოცდილება მქონდა, რუსის სამხედრო გავიარეთ, ვიცოდით იარაღის ხმარება, ავტომატის დაშლა-აწყობა. თვალს რო აგიხვევდნენ, სიბნელეში ვპოულობდი სად რა იყო, ეს პრაქტიკა მქონდა. 30 წლის შემდეგ რო შემომხედა, ერთი ზვიადია ჩვენი, დაიყვირა და მუხლებზე დაიჩოქა, იტირა, ცოცხალი ხარო. მე არ გავიპარსავ პირსა, სანამ აფხაზეთს არ დავიბრუნებთ. სახლშიც ნათქვამი მაქვს, რო როგორც მოვკვდები, აესევე გამასვენეთ, ჩამდეთ მიწაში. ჩემ შვილსაც ვუთხარი, შვილო, ისიც ატარებს წვერებს, მოვა დრო გაიპარსავ, რო აფხაზეთი ჩვენი იქნება.
სულ ყველგან ვიყავით პოზიციებზე, დაწყებული: ოჩამჩირე, სოხუმი, გაგრა და სად არ ვიყავით. მუდამ გადაადგილებას ვაკეთებდით ჩვენა. შეიძლება, დღენახევარში, ორ დღეში სხვადასხვა ადგილზე ვყოფილიყავით. ვიყავით მაშველთა კორპუსი, ჩვენ ვიყავით კონტრაზვერვაში, ყველგან ვძვრებოდით, გაჩერება არ შეიძლებოდა.
ხალხი შველას გვთხოვდა, რო ოღონდ გაგვიყვანეთ. ძაან ბევრი ხალხი გადმოვიყვანეთ კოდორზე, ძაან ბევრს ვუშველეთ ჩვენა.
ღამე იყო უფრო სროლა. მორებზე რო გვეძინა, ასე მეგონა დიდ სპალნაში მეძინა, ჩემს სახლში. დღესაც აგერ, აეს მარცხენა ფეხი დაზიანებული მაქ, იმის გამო, რო მოხვდა მუხა, მოწყვიტა. ჯერ ჩემ მეგობარს მოხვდა ის ხე, იქიდან ასხლეტილი ჩემ ფეხზე მოხვდა. ის დაიღუპა, მე კიდე დავრჩი აესე. ნელ-ნელა გამოვდივარ, მაგრამ არ გამოვალ ესე ალბათ, ეს ჩამყვება ბოლომდე.
ერთ-ორი იყო ტყვეების გაცვლის მომენტი. თხუთმეტი წლის ბიჭი ტყვედ აიყვანეს ჩეჩნებმა. გვყავდა ჩვენც დაჭერილი იმათები ტყვეებად, ცხრამეტი კაცი. ერთი ბავშვი ცხრამეტ ბიჭზე გავცვალეთ. ეხლა არი ორმოცდახუთი წლისა ის ბიჭი, მარა დარჩა ზაიკა, ენა ბლუ, შიშისგან. მე გავივლი ხეობაში მარტო, გავიხადე ეს ბრონის ჟილეტი და ცხრამეტი ერთში გავუცვალე და გამოვედი.
ყველაზე მძიმე ამბავი დუშეთის ბატალიონზე რო გავიგეთ, ეგ იყო. თავები მოაჭრეს, ენა გამოიღეს აესე ყანყრატოდან, გალსტუკი გაუკეთეს. რო ვუყურებდი, მე ცუდად ვხვდებოდი. გავიდა რამდენი ხანი, რო ჩამოვედი თითქმის სამი-ოთხი წელიწადი, თვალებიდან არ მიდიოდა მაგათი სახეები. კაცი, რომელიც კვდება და თვალებს აღებს და პირს აღებს, მაგას ვერ დაივიწყებ. სამი ოთხი წელი სახლში ფოთოლი რო ქანაობდა ხეებზე, თვალწინ მიდგებოდა მაგ ხალხის სახეები.
ერთი ბიჭი იყო გუმბათოვი. 30 წლის დაიღუპა. 27 ბიჭი გადაარჩინა დაჭრილი. მინდორიდან მანქანაში რო დაბრუბდა, გრანატამიორტი ესროლეს, ხაშლამა გახდა, დაიშალა. ქვემო ქართლიდან იყო.
ეს ყველაფერი კაგებეს, მოსკოვის ჩადებულია.
ტუაფსიდან ლესელიძემდე წაგვართვეს. მანდ არის ლაბორატორია, უზარმაზარი. მანდა ჯარისკაცი არ მსახურობს, მხოლოდ კაპიტანი, მაიორი, პოლკოვნიკი და ვიცეპოლკოვნიკები. რუსი ამას არ დაგითმობდა არასდროს. დააბრალეს საწყალ ორჯონიკიძეს, რო ლესელიძედან მაგან გადასცა. ვინ ეკითხებოდა ორჯონიკიძეს, ეს კაგებე აკეთებდა ამას.
პირველად სოხუმის აღების შემდეგ გაგიჟდნენ რუსები. მაგათმა გამოიყვანეს ბოლო ტანკები T 84. ჩვენ გვყავდა T 72, რო გაისროდნენ ეს ბუშტები სკდებოდა. მაგათ T 84 ძლიერი ტანკებია, ჯავშანია.
ძველ გაგრაში არი ესეთი რესტორანი ,,გაგრები’’ და იქ რო გამოვდიოდი, მანდ იყო რუსთაველის გამზირი, ცხოვრობდნენ ქართველები სულ და იყო კინოთეატრი რუსთაველი. ესე იგი, რა დაგვაყარეს მანდა. ეს ხალხი რო გამოსულიყო ცოცხალი იქიდანა, არ მეგონა. პატარა ბავშვების სახეეები, ტირილი და კივილი. როგორ გინდა ბავშვს გააგებინო, დიდებს კიდე ეუბნებოდი, რო წყნარად, გაგიყვანთ ნელ-ნელა, მარა ეს ბავშვები რო ყვიროდნენ შიშისგან.
სექტმებრის თვე იყო ჩვენთვის დიდი დარტყმა ზურგში რა, აესე გაგვწურეს. სუნთქვას რო არ გვაძლევდნენ. ყველაფერი გადაწვეს. რა დღეში ჩაყარეს ჩვენი, ქართული ეკლესიები. ჩვენც არ დავაკელით, მარა საწყალი ჟორჟი შარტავა ბაგრამიანის არმიამ წამებით მოკლა.
სავაკიანს, ძეგლი რო დაუგდეს ახალქალაქში, ხოჯალეში ორსულ ბავშვებს აესე ჭრიდა, ბავშვებს მუცლიდან იღებდა და მერე ჩვენთან კიდე, ჩვენ ქალებსა თავებს აჭრიდა და ძუძუებსა. ამეებს აკეთებდნენ, ხეზე აბავდნენ და ესე მანქანებით ხლიჩავდნენ შუაზე. ჩვენ დავჭერით სავაკიანი და გარდაიცვალა, ვერ გადაარჩინეს.
ყოველი დღე მახსენდება ეს ამბები, მარა არ შეიძლება.
დღეები გადიოდა, რო ჭამა არ გვახსოვდა. მდინარის ამღვრეული წყლები დაგვილევია, სხვა გზა რო არა გვქონდა. ყველაფერი დაიწყო გალიდან და ოჩამჩრიდან. ჩვენი ხალხის დახოცვა. ყველაზე მეტი გალში დაიხოცა.
მშივრები ვიყავით, ვიპოვეთ მჭადის ფქვილი მეგონა და ქვაბი ვერ ვიშოვეთ. ბევრი ფიქრის შემდეგ გამახსენდა, ცეცხლი ავანთეთ, რიყის ქვები ესე დავაწყეთ, ცომი. მარილი არა გვაქ, აესე ნახევრად უმი შევჭამეთ, ქვებზე რო ვაკრავდით. მე ღომი მეგონა, მეთქვი ქვაბში ღომს მაინც შევჭამ და ფქვილი გამოვიდა, პურივით. თითო-თითო ლუკმა.
შენიშვნა: სახელები რესპოდენტების თხოვნით შეცვლილია.
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი