გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი სოხუმი ყაჩაღები და შეხვედრა მთაში

ყაჩაღები და შეხვედრა მთაში | ნატო ხარაიშვილი, სოხუმიდან

ნატო ხარაიშვილი, სოხუმიდან


ძირი სოხუმელები ვართ ჩვენ. ბაბუამ რომელი სკოლაც დაამთავრა ტურბაზაში, ის დავამთავრეთ შვილებმაც და შვილიშვილებმაც. სკოლაში რომ მივდიოდით, მასწავლებლები - ჩვენი შვილიშვილები მოდიანო. 

ძირძველი ოჯახები დავტოვეთ, დიდი შემოსავლიანი ადგილი. 

ბათუმის ქუჩაზე ვცხოვრობდით. ისეთი კარგი იყო. გადაჭიმული ოჯახები, რომელი რომელს ჯობიაო, იმას იტყოდი. კერძო სახლები გვქონდა. მამა მთელი აფხაზეთის საგზაო მომარაგების უფროსი იყო, მესამე კაცი, დედა-ბუღალტერი. სახლში დიპლომები, სულ სწავლა და სწავლა, ამ შრომით მივაღწიეთ ყველაფერს. კარგად ვცხოვრობდით. 

კი იყო ომამდე საუბრები, მაგრამ არ გვჯეროდა, რომ სოხუმს აიღებდნენ და ომი დაიწყებოდა.

1989 წლის შეტაკება მახსოვს. რამდენიმე დაიღუპა, მაგრამ შეჩერდა კონფლიქტი. ჩემმა დამ იმ წელს დაამთავრა სკოლა და მამასთან ერთად საბუთების შესატანად მიდიოდა. მანდ მოხდა შეტაკება. მამას უთხრეს, წადი, თორე აქ რაღაც მოხდებაო. გადაცმულები ყოფილან აფხაზები და თავიანთი ნიშანი ჰქონდათ - თეთრი პერანგები ეცვათ და ხელზე ლენტები ეკეთათ. იარაღიც კი არა, ლურსმნებიანი ჯოხები ეჭირათ, იმას ურტყამდნენ ხალხს. ვოვა ვეკუაც ეგრე მოკლეს. კარგად ვიცი. ჩვენი სკოლა ჰქონდა დამთავრებული, მისი მეუღლე ჩვენს სკოლაში მუშაობდა, შვილებიც ჩვენთან სწავლობდნენ, ტურბაზელები იყვნენ. ეს ამბავი და მერე ეს ზვიადობა, დამოუკიდებლობა და აირია ყველაფერი. 

დეიდაჩემი უნივერსამში მუშაობდა. ერთი აფხაზი დაქალი ყავდა, ძალიან კარგი ადამიანი. ერთი თეფშიდან ჭამდნენ საჭმელს. ამ ქალის მეუღლე იმათი ლიდერი იყო და სულ აფრთხილებდა დეიდაჩემს. ვიცი, თქვენი ოჯახი პატიოსანი ხალხიაო, და გეხვეწებით, გადით სოხუმიდან, აქ როდესღაც ომი იქნებაო. 

14 აგვისტო იყო. იმ წელს დავამთავრე სკოლა, სასოფლოზე ვაბარებდი. ისეთი კაი ამინდი იყო. მეზობელი მოვიდა ჩვენთან, ომი დაიწყოო. ჩვენ მაღალ ადგილზე ვცხოვრობდით, სოხუმის ნახევარი ჩანდა. ხმაური ამოდიოდა და შავი კვამლი. ხან ვინ მოკლეს და ხან ვინ. მეზობლები ჩაგვიხოცეს. ჩვენ არ გავდიოდით, სახლს არ ვტოვებდით. გვეგონა, მალე დამთავრდებოდა, მაგრამ 13 თვე და 13 დღე იყო ომი. ბევრჯერაც მოგვატყუეს, დამთავრდაო, განიარაღებაც გამოაცხადეს. 

ჩვენთან უბანში მარტო ერთი აფხაზი ცხოვრობდა. ძალიან ახლოს ვიყავით. ის გვიცავდა. ბებია რო დარჩა, თვენახევარი იმ კაცმა შეინახა, მერე აქეთ გადმოიყვანა. არ იყვნენ აფხაზები, აქ იყო რუსის ბრძოლა და მხედრიონის. 

ტურბაზაში იყვნენ დაბანაკებული. ჩვენს უბანს რო არ შეხებოდნენ, მახსოვს, მამიკო ჩადიოდა ხოლმე დატვირთული. სავსე ოჯახი გვქონდა. დედას ცხობა უყვარდა. გაატანდა ხაჭაპურებს და საჭმელი რაც იყო, ღვინოს. ჯაბას ხალხსაც დატვირთავდა ხოლმე მამა, კონსერვებს ატანდა. მოდიოდნენ, ხო არაფერი დაგიშავდათო, მაგრამ ძაან ცუდი როლი ითამაშეს. ჩვენს უბანში დაყაჩაღება არ მომხდარა, მაგრამ თუ რამე მაღაზია იყო კომერციულები ახლოში, ყველაფერი დაძარცვეს. სვანეთის გზაზე კიდე მხედრიონი შეგვხდა.

18 წლის ვიყავი, მიჭირდა სიარული. სვანებიც ცუდად მოიქცნენ. კარგი ხალხიც იყო, ყველა ერთი ხო არ არის, მაგრამ ჩვენ არ შეგვხვედრია. მხედრიონი მოფენილი იყო გორაზე, ხელმარჯვნივ ტყეში. ზოგი ქალსაც იტოვებდა. ნარკომანები იყვნენ. ხოდა სულ მახსოვს, ერთი პატრა კაცი მოვიდა, შავთმიანი და უცებ დედამ მე და ჩემს დას ქუდი დაგვახურა, ჯოხი დაგვაკავა ხელში და მოხუცებული როგორც დადის, ისე წამოდითო. პატარა სახე მქონდა და ესო ბავშვი ყოფილაო -ამ კაცმა. მადლობა უფალს, რომ უვნებელი გადმოვედით. 

ბევრი გაამწარეს. ერთი ლამაზი გოგო იყო, ლანდად მახსოვს, სუ ჩახვეული თმა ჰქონდა, დაჩითული ხალათი ეცვა და წაიყვანეს. დედამისმა, არიქა, ბავშვი მიყავთო, გაეკიდნენ მშობლები, მაგრამ სვანები გადაუდგნენ იარაღებით. სოხუმის ხალხს სხვა კულტურა ჰქონდა, მამაჩემიც გადაუდგა და შენს შვილებს მიხედეო. დღესაც მახსოვს, რო გააქარეს ის გოგო. გაჰკიოდა მიშველეთო. მერე თქვეს დარჩაო და ორი შვილი შეეძინაო. 

დაყაჩაღებებიც მიდიოდა, მაინც ჩვენთან რჩება სუ ყველაფერიო, გვეუბნებოდნენ. ჩვენ, სამეზობლო არ დავიშალეთ, ბოლომდე ერთად ვიარეთ და ვყარაულობდით ერთმანეთს. მარა რაც გვეცვა, ეგ იყო. სული გადმოვიტანეთ და ადამიანობა, მეტი არაფელი. 

დატვირთული მანქანა იქ დავტოვეთ. ჩოფრიანების ოჯახმა ჩვენ შეგინახავთო. ცოტა ხნის მერე გადავიდა მამა და ოჯახის დედაქალი იარაღით გამოეკიდა, მადლობა მითხარი, ცოცხალს რომ გიშვებო. მეზობლებმა კი გვითხრეს ყაჩაღებთან მიგიტანიათ, მაგათ ვერაფერს მოსთხოვთო. 

ქუთაისში დავიგირავეთ სახლი. თანხა ხელში გვიფუჭდებოდა, რუსული ფული იყო. 6 წელი ვისწავლე უფასოდ ქუთაისში, სუბტროპიკულზე. ჩემი უფროსი და იყო ქირით თბილისში და ჩვენც დავიჩემეთ იქით წავიდეთო. ვიცოდით, აქეთ მარტო საჭმლის თანხას აკეთებდნენ, მაგრამ მაინც წამოვედით. ერთი ფურგონი გვყავდა, დავტვირთეთ, რკინის კრაოტები, ბალიშები, მეტი არც არაფელი.

ჩვენი თეფში რო გვქონდა და ჩვენი ნემსი, ეგეც გასახარი იყო. 30 ლარით წამოვედით იქიდან. 

სპიჩკას, ზეთს და მარილს რო გაყიდი და იქიდან პატარა თანხა მოგრჩება, მაგას ვაგროვებდით. მერე დედას ბაზრობაზე შემთხვევით მეზობლის ქალები შეხვდნენ, გამოიკითხეს ერთმანეთის ამბავი და წამოდიო, მაშინ მიშამ დაამტკიცა წინამძღვრიშვილის 112 ნომერში დიდი კორპუსი, კი დაკავებულები იყო ბინები, მარა ერთი ბუნკერი იყო, სანაგვე. რვა თვე ასუფთავებდა და აკეთებდა მამაჩემი თავისი ხელით, რო ჩვენ შევეყვანეთ. გორის ომის შემდეგ პირველი ის დამტკიცდა და შეგვრჩა ასე. 

ჩემი ქმარიც ომის ვეტერანია. 20 წელიწადი ლენინგრადში ვიყავით. 4 წელია რაც ჩამოვედი. ჩემების გარეშე არ შემიძლია. ბედმა გამიღიმა და 12 ბინაზე რო კენჭისყრა ჩატარდა, ჩავყავი ჯამში ხელი და ერთი ჩემსავით დახეული ფურცელი ამოვიღე. მომხვდა ბინა. რო იტყვიან, გიჟი გააჩერესო. მადლობა უფალს. ესეა ჩვენი საქმე. 


ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

ლოგო
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა