გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გამოფენა სოხუმი

სოხუმი ღიაა და ზღვა არი | გამოფენა

​​გამოფენის თარიღები: 20 - 27 თებერვალი, 2024
მისამართი: ჰოლოზეუმი, ბეთლემის ქუჩა N10, თბილისი
შესვლა: უფასო

„სოხუმი ღიაა და ზღვა არი“ - ეს არის მოძრავი გამოსახულებებით აწყობილი ვირტუალური ტური, ღია ბარათები მათთვის, ვინც აფხაზეთში დღესაც ვერ ახერხებს ჩასვლას - მათგან, ვინც ახლაც იქ არის. 

ინდიგოს მიერ მომზადებული ექსპოზიცია აერთიანებს ასობით ადამიანის გამოცდილებებს, ხედვებს, ფიქრებსა და ემოციებს - ეს სივრცე კონფლიქტით გაყოფილი ორი საზოგადოების ვირტუალური შეხვედრის ადგილია, სადაც ერთი პრიზმიდან - მომავლიდან ვუყურებთ წარსულსაც და დღევანდელ დღესაც. 

გამოფენისთვის დამუშავდა 1988-1993 წლების პრესის არქივი, ამიტომ ექსპოზიციის ვიზუალურ და შინაარსობრივ კონტექსტს მაშინდელი გაზეთებიდან ამოკრეფილი სათაურები და ფრაგმენტები ქმნის. ეს ნაწყვეტებიც დროის ექოა, რომელიც ბიბლიოთეკების არქივში თვლემს და აქ ცოცხლდება.

ექსპოზიცია სრულდება ინდიგოს ახალი გამოცემით, რომელიც ომში და ომის მერე თავს გადახდენილი პირადი ისტორიების, მათში ჩაღრმავების თუ მათგან დისტანცირების ტექსტური და ვიზუალური ანაბეჭდია. ამბებს ისევ კონფლიქტით გაყოფილი ადამიანები ჰყვებიან. ისინი ეძებენ წერტილს, საიდანაც წარსულს დაუწყებენ ცქერას და ეს წერტილიც - მომავალია. 

ექსპოზიციისა და გამოცემის შინაარსზე მუშაობდა ასამდე ავტორი - მწერალი, ფოტოგრაფი და ვიდეოგრაფი, ილუსტრატორი, მხატვარი და კომპოზიტორი. მათი შეხვედრისა და გადაკვეთის ადგილი აფხაზეთია. თუმცა, დრო - მომავალი. იქიდან წარსული ასე ჩანს: „სოხუმი ღიაა და ზღვა არი“.


ექსპოზიცია და გამოცემა მომზადებულია შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ინდიგო და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა