გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

გუმისმთაზე აქეთ ჩვენ, იქით - ისინი | მეომარი სოხუმიდან

თემური, 63 წლის, მეომარი სოხუმიდან 

ვიჯექით ეზოში პერერივზე, ვჭამდით, ვსვამდით და შემოვარდა ვიღაცა, რას შვრებით, იცით, ქალაქში რა ხდებაო?! მანქანები, წივილი, სიგნალები - შემოსულა ჩვენი ჯარი, ტანკებით, ბეემპეებით, 14 აგვისტოა, 1992 წელი.  შემოვიდნენ ვითომ რკინიგზის დასაცავად.

სოხუმი ყველაფერი იყო ჩემთვის, ჟემჩუჟინა. ზღვა, ჩემი პალმები. რიწა, გაგრა. წალკოტში ვიყავით.

დაწყობილი ურთიერთობა გვქონდა. აფხაზი თხოვდებოდა ქართველზე, ქართველი აფხაზს მოყავდა. მეგობრები მყავს დღემდე აფხაზები, სულ ვურეკავთ, გვაქვს კავშირი. მამაჩემი და დედაჩემი იქ რო დარჩნენ, მე ვერ გამოვიყვანე. მერე რო გარდაიცვალნენ და მიცვალებულის მოვლა-პატრონობა იყო საჭირო, ჩემი და შეიყვანეს თვითონ აფხაზმა ბიჭებმა. 

გვადანაშაულებდნენ, თქვენ რაზე აიღეთ ჩვენს წინააღმდეგ იარაღიო. მაგრამ როგორ, აბა, რისი კაცი ვარ მე. მაშინ უნდა ვიყო ჩვარი, ვიღაცა შემომივარდეს, ხელი შემახოს, დედა შემიგინოს და მე ისე ვიყო, ჩემს სახლში?!

გავიქეცით სამუშაოდან სახლებში.

ჩვენთან მაინც რედკად იყვნენ აფხაზები, მარა უცბათ გავარდნენ, წავიდნენ გუდაუთისკენ. ვინც ჩვენ შევიფარეთ, ხელს არ ვაკიდიებდით არავის.

ჩამოსული ხალხი, მხედრიონი ერჩოდა აფხაზებს. გამოართმევდა პასპორტს ან რამეს, თუ ძე-ზე არ მთავრდებოდა, ან მეგრული გვარები იყო - ვსო, აფხაზი ხარ - მანქანას წაართმევდნენ, აყაჩაღებდნენ, ურტყამდნენ.

უფრო მეტად სომხებს მოსდევდნენ. ბერძნებს არ ერჩოდნენ. ჩვენ რომ გვეუბნებიან რუსულად ლაპარაკობდითო, ბერძენი, სომეხი ჩემი მეზობელი იყო და ყველგან ქართულად ხო ვერ ვილაპარაკებდით, თორე არავისზე ნაკლები ქართული არ ვიცი, სკოლა ქართული მაქვს დამთავრებული.

გავიდა დრო და დაიწყო პოზიციური ბრძოლები. გუმისმთაზე ვიდექით აქეთ ჩვენ, იქით - ისინი.

ფრონტი გაიხსნა: მდინარის ერთი პირი იყო იმათი, მეორე ნაპირას ვიყავით ჩვენ. ისინი უფრო ამაღლებულ ადგილას იყვნენ. ძაან ძლიერი ბრძოლები იყო. პარტიზანულადაც შემოდიოდნენ.

ჩემი ძმა არ იყო სოხუმში და რო ჩამოვიდა, ომიდან ერთი თვე არ იყო გასული, მე ვუთხარი, უჩა, მე ასე ვერ გავჩერდები. უკვე საძმო, მთელი ჩვენი სამეზობლო იარაღით იყო, მოგვიანებით ყველას მოგვცეს.

იარაღი მე მეკავა ჯარში, ვლადივასტოკში, იქ ჩინეთის საზღვარს ვიცავდი და აქ - საქართველოს მიწას.

თვეს თვე მოყვა. უამრავი დაიღუპა.

ჩემი მხრებით მყავს გამოყვანილი სამი ცხედარი. ერთი ზეგანის მთაზე მომიკლეს, სამი კიდე გვარდერში. (აგვავერა არსებობს და გვარდერი ვერ ვნახე)

პირდაპირ დავადეგით თავზე, აკოპებს თხრიდნენ. ტყვეებად ავიყვანეთ. ვინც მოასწრო და გაიქცა, სხვა შეანერთი ყოფილა გვერდით, გააგებინეს და იმგენმა დაიწყეს სროლა. 

ღამე იყო, ისიც არ ვიცოდით, რა მხარეში ვიყავით, იქით არასდროს ვყოფილვარ. მთაზე რო აგვიყვანეს საღამოვდებოდა უკვე, რაღას გაიგებდი.

ერთი დაიჭრა, მაღალი, ჩაფსკვნილი ბიჭი, სადღაც ორ მეტრამდე. კასკა კი ეხურა, მარა ხეს მოხვდა და ამ ხიდან ანასხლეტმა გახვრიტა კასკა. სამი დღე იცოცხლა.

სოფლის განაპირას რო ჩამოვედით, უკვე სომხური დასახლება იყო და გაგვეხარდა, შევიდეთ, მეუთხარი, სახლებში, ან ლეჟანკა ექნებათ, ან რამე და იმაზე დავაწვინოთ და ისე წავიყვანოთ. რო შევედით, გვიყურებდნენ. არსაიდან მინამიოტები დაგვაყარეს. სამი კიდე დაიჭრა. ერთს ფეხში მოხვდა, მეორეს ხელზე. ჟგუტები გვქონდა ავტომატის, მარა სისხლს ვერ გააჩერებდა. კიდე კაი ახლოს ვიყავით, რაციით გადავეცით, მანქანებით გავიყვანეთ, ესენი გადარჩნენ.

მე კანტუზია მაქვს. მინამიოტი ამიფეთქეს გვერდით. ჩემთან ერთად ვინც იყო, მოსპო ყველა, დაშალა ნაწილებად, ან მე როგორ გადავრჩი.

წელიწადი და სამი თვე ვიბრძოდი. წამოუბერავდათ თავში, დაიწყებდნენ სროლას, ხან ჩვენები, ხან ისინი. ქალაქს ბომბავდნენ პასტაიანად. რამდენი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. ბიჭებიც ტყუილუბრალო ჩააკლეს. 

ერთ სკოლასთან ხუთსართულიანი სახლი იდგა. პირველზე საპარიკმახერო იყო, მერე ხალხი ცხოვრობდა. გაფრთხილებაც არ ყოფილა, ისე დასცხეს და დასცხეს ქალაქს. კაცმა თავი გამოყო ფანჯრიდან რა ხდებაო და წააწყვიტა იქვე. სახლში რო შევვარდი, ტანი იგერა გდია და თავი-იგერ. საბავშვო ბაღს რო უმიზნებდნენ, სკოლას და სავაადმყოფოს.

გაგრის მილიციის უფროსს მოჭრეს თავი. ცნობილია ეს ამბავი. სოხუმის ბაზარში პირდაპირ ეწერა: პრადაიოტსია გრუზინსკაია მიასა - იყიდება ქართული ხორცი. 

აფხაზ მეგობრებს ომის დროს ვერ ვხვდებოდი. 14 აგვისტოს მერე აღარ გვინახია ერთმანეთი. ტელეფონით ლაპარაკი იყო პროსტა.

15-16 მარტს ძლიერი შემოტევა იყო სოხუმზე, იქ ჩაგვიხოცეს ბიჭები. იმათაც არ დაადგათ კაი დღე. მანდარინებში რუსის კაპიტნები, მაიორები სუ ასეთი ხალხი ეყარა. სიცხეები რო დაიჭირა, მოაგროვეს და ორმოში ჩაყარეს, მიაწვა ტრაქტორი და გადაასწორა ყველა ერთად - რუსი და ჩეჩენი. რუსის ჯარი შეიარაღებული იყო უკეთესად, ბრონის ჟილეტები ჰქონდათ. ყველას ჰქონდა მორფი, ჟგუტები. აფხაზებსაც რუსები ამარაგებნდნენ.

აკოპებს თხრიდნენ უფრო აფხაზები და ჩეჩნები, მარა ეგ ჩეჩნები რატომ იყვნენ ჩვენზე აგრესიულები მე არ ვიცი, მათ მიწაზე ხო არ ვიყავით.

სოფელ ლაბრაში, იანვრის თვეში, გენო ადამიაც ჩვენთან იყო, მახსოვს, სნაიპერმა მოკლა ერთი ჩეჩენი, პირდაპირ შუბლში დააჭედა ტყვია. დატოვეს იქვე და წავიდნენ. ისეთი სიმპატიური ბიჭი მე არ მენახა. გენომ შეგვაკვრევინა ტოტებისგან ნასილკასავით, ვაჩვენებ ხალხს, ჩეჩნები რო გვებრძვიანო. გადაუღეს სურათები. ცალკე კაზაკები გვებრძოდნენ. მკვდრები ბევრი ვნახე. მაგრამ აგრესიულები უფრო სომხები იყვნენ. ბაგრამიანის ბატალიონმა რაც გააკეთა, არც ერთ აფხაზსა და ჩეჩენს არ გაუკეთებია. ქალებს აუპატიურებდნენ, იპარავდნენ-მარადიორობდნენ. 

ჩვენებმაც ბევრი რამ სიმწარე გაუკეთეს მაგათ. არ შეიძლებოდა. ერთი ფეხსაცმლის მასტერი მყავდა სომეხი, კაი კაცი იყო, ვარუთა. მანქანა წაართვეს ქართველებმა და შვილი გაუუპატიურეს ქმრის წინ. ასეთი რაღაცებიც ბევრი მოხდა ჩვენი მხრიდან. თუ დასაცავად ხარ შემოსული, უნდა დაიცვა, აბა, მე არც რემბო ვიყავი და არც როკი. სადაც დავიბადე და გავიზარდე იქ რომ არ მომხდარიყო, იარაღს არც ავიღებდი. რაზე მოგვიკლეს ამდენი ბიჭი, ახლა რო მახსენდებიან.

ჩემთან ამოვიდნენ ქართველები, ერთი სოფელი გადაგვიწვესო იქო. მერე მე რა ვქნა, მეუთხარი. რუსი ცხოვრობდა ჩემ წინ და ამას სიმიორკა ყავსო (მანქანაო), უნდა წავიყვანოთ, გვჭირდებაო. შენ, მეუთხარი, კი გჭირდება, მარა მე აქ მშობლები მყავს მოხუცი, რამე რო მოუვიდეთ, თქვენ თუ წაიყვანთ, მე აქ მანქანა ვეძებო, მეუთხარი? მასე ვიკავებდით კბილებით, რაც შეგვეძლო, რაც არ შეგვეძლო, აქეთ დაგადანაშაულებდა, თქვენ იცავთო ამათო.

არ გავატანე ის მანქანა. მერე რო ურტყავდნენ და ართმევდნენ და მე რო დავუდგებოდი წინ, იარაღიც ხო მქონდა, მებრძოლიაო ხედავდნენ. პატარა ბიჭ-ბუჭა ხო არა ვარ, მეუთხარი, არ ვთმობდი, არ გამოვა, მეუთხარი, მასე.

ბოლოს მაგრად შემოგვიტიეს, გუმისთიდან გამოვდიოდით. იარაღი ჩვენ აღარ გვქონდა, მოაწერეს ხელი განიარაღებას. არტილერია გაიყვანეს, ტანკი, ბეემპე, არაფერი აღარ გვყავდა. ჩაგვიკლეს ბიჭები, რო ვტოვებდით ქალაქს. 13 თუ 16 დღე კბილებით გვეკავა.

გუმისთაზე ერთმა ბატალიონმა ვერ გაუძლო. დაგეგმილი ჰქონდათ ყველაფერი. პირველად რო წამოვიდნენ მარტში, ჩვენმა არტილერიამ იმუშავა მაგრა. სადაც დაარტყა, იქ მოსპო ყველაფერი, ხოდა აქ არც არტილერია გვქონდა, არც ტანკი. შემოვიდნენ ჯგუფ-ჯგუფად ათ-ათი, ოც-ოცი კაცი, შემოიყარენ და დაიკავეს ზოგმა მიშკა, ფუნიკულიორი, სადგური. ჩვენ ბოლოს გვარდაში ვიყავით, სოფელია უფრო ამოსასვლელში, იქ გავანადგურეთ გვარიანად.

ბოლო დღეებში კავშირი ძაან იშვიათი იყო. 30-40 კაცი დავრჩით. გენო ადამია გვხელძღვანელობდა, რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა, მარა უკვე სამთავრობო დონეზე რო მოვაწერეთ განიარაღებას ხელი, სოჩაში გაიტანეს ჩვენი ტეხნიკა. ბავშვები შემოიყვანა შევარდნაძემ, სკოლა გახსნა. სწავლა დააწყებია. მშობლები ჩამოვიდნენ ბავშვებთან და განახლდა ისევ ომი თექვსმეტში. ჩვენმა ბიჭებმა ვეღარ გაუძლეს. მანამდე დავდიოდით, არ ვისროდით ავტომატებიდან, პროსტო ვყარაულობდით. მთავრობასთან იყო შეთანხმებული ეს ამბავი. პატრულირება მიდიოდა, მძიმე ტეხნიკა უკვე გაყვანილი იყო. გზა გაიხსნა, გუმისთიდან უკან ვიხევდით. აქ იღუპებოდნენ ბევრი, სვიაზი აღარ იყო. აირივნენ, ბიჭებმაც მიატოვეს პოზიციები. თავისი ცოლ-შვილი უჭირდა ყველას, მშობლები. ვხვდებოდით, რო ვეღარ გავაჩერებდით, 27 სექტემბერს დაეცა. არ იყო ორგანიზაცია. ვინც იცოდა, რა ხდებოდა და როგორ, ქალაქში რა ტრიალებდა, ყველა მოკლეს, შარტავაც. გვარდიის გენერალი დათუაშვილ პაატას მოსკოვში ესროლეს, იქ მოკლეს. გურამ გაბისკირია, გენო ადამია მოკლეს. გია ყარაყარაშვილი გადარჩა. ნაკალენი და ნეკაგდა ვ ჟიზნე - ასეთი სიტუაცია იყო რა.

მე ვერ გამოვიყვანე ჩემები, დედ-მამა იქ დამრჩა.

სვანეთის პერევალით წამოვედი. ჭუბერი გამოვიარე. მქონდა ავტომატი. სულ ფეხით ვიარე. ხალხს ბავშვები მიყავდა და ხო არ ჩაეტენებოდი იქ. ოქტომბრის თვის მერე გათოვდა. ომზე უარესი საშინელება იქ ვნახე. ქალიან ბავშიანად ხტებოდნენ ხრამში. ვერ აჭამა ვერაფერი ერთმა ქალმა ბავშვს და გადახტა ბავშვიანად. გაყინულები ქვეყნის იყო. ტიროდა ზოგის ცოლი.

ჩვენი ვაჟკაცები კიდე იქ გვხვდებოდნენ. ცხრა მებრძოლი ბიჭი ვიყავით დაგვადგნენ თავზე და რათ გინდათ იარაღიო. იარაღი ჩვენ რათ გვინდა და თქვენ გინდათ? ცხენებით იყვნენ. გავისროლეთ აქედან ერთი-ორჯერ ჰაერში და გაიქცნენ. ბევრს წაართვეს ასე იარაღი. ჩემი მეგობრის დედა გადაეფარა ერთს და მოხვდა ქალს ტყვია, დაიცალა სისხლისგან. კი გადავუჭირე, მარა არ ეშველა არაფერი. იქვე დავმარხეთ.

ვერ გაიგებდი ვინები იყვნენ. პატივცემული ხალხი ახლა დიდუბის პანთეონში რო არიან დაკრძალული, მაგათი ბრძანებით ხდებოდა ყველაფერი. ჩვენ სვანები გვეგონა, მარა ჩვენებიც იყვნენ, მეგრელიც.

ავტომატებით მოსდევდნენ ხალხს, იარაღი უნდოდათ. მერე აგერ მომდისო ოქრო- ვერცხლი მოაქვთო. ართმევდნენ ხალხს ყველაფერს.

თითო-ოროლად თუ შენიშნავდნენ, ხუთი ექვსი კაცი დაახტებოდნენ, მარა ჩვენზე ვერ ბედავდნენ. დიდ ჯგუფად დავდიოდით. 

დეიდა მყავდა ოზურგეთში, მე და ჩემი ძმა მივადექით ღამით, მაშინ კიდე არ იყო მოწყობილი ქვეყანა 1992-93 წლები - შუქიც არ იყო. რო დავიძახეთ ბიძაჩემმა მეორე სართულიდან თოფი გამოყო ფანჯრიდან. არიქა ბიძაჩემო, იქ გადავრჩი და აქ არ დამბრიდო, მეუთხარი. ყველა ჩემი ნათესაობა იქ იყო. კანტუზიაზე დეიდაჩემმა მომიარა ცოტახანს და მერე წამოვედი ძმაკაცი მყავდა ფოთში. ჩემმა დამაც ფოთში იყიდა ბინა. 

ბევრი გარდაიცვალა დარდით.

ჩემი მეზობელი დოცენტი იყო, ორსართულიანი სახლი ქონდა. აქ რო შემოყარეს ხალხი მარჯანიშვილზე, ტუალეტი მოსაცდელი, აბანოში წყალი არ იყო, სასწაული ამბები, კივილი, წივილი უბედურება. გული გაუსკდა კაცს, მოკვდა იქვე. დახმარება გვქონდა 28 ლარი. ხანდახან ვფიქრობ, ჯობდა, დავრჩენილიყავი და მოვეკალით ქე მაინც.

გვინდოდა ბიჭებს დარჩენა, ვისაც იარაღი კიდე გვეკავა ხელში, შეგვეძლო, ახალგაზრდები ვიყავით. ვფიქრობდი ჯარი შეიყრება, რაღაცას შეუტევს და არ დავკარგავთ აფხაზეთს-მეთქი. 32 წელი სხვაგან რო მომიწევდა ცხოვრება, ხან ფოთში, ხან თბილისში და ოზურგეთში, ვერ ვიფიქრებდი. ციგანივით დავდივარ ზევით-ქვევით. 

ჩემი სახლი არასდროს აღარ იქნება ის, მაგრამ როგორ ცხოვრობენ ისინი საერთოდ. როგორ ძინავთ, რას ფიქრობენ. შვილიც მოუკვდა, ცოლიც, მეორე შვილი ავარიაში დაეღუპა, დაიწყევლა სახლი, რა უნდა იქ საერთოდ. 

ერთი ორჯერ მყავდა გადმოყვანილი მშობლები. 80 წლისანები. საზღვარზე მომიყვანეს ენგურამდე. არ გაჩერდა მამაჩემი, ეკლებზე იჯდა. ვის სახლში ვიცხოვრო, მეო ჩემი მინდაო. მერე დედა რო მოკვდა, გადმოვიყვანეთ. იქით მარტო ხარ, მამა, მეუთხარი, აგერ ერთი გოგო, ძმები ვართ და ან შვილიშვილი არ გენატრება ან შვილი-მეთქი? ვითომ დაფიქრდა, მეორე დღეს წამიყვანე, ენგურამდეო და წავიდა. ამის მერე აღარც მინახავს. 

ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა