გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი გაგრა სოხუმი ომი

აფხაზეთის სუნი | გოგონა დროებითი დევნილის სტატუსით

19 წლის გოგო, დროებით დევნილის სტატუსით. დაიბადა და გაიზარდა გალში. ამჟამად ცხოვრობს თბილისში

ქვედა ზონაა გალი, დანარჩენი ყველა - ზედა ზონა. თვითონ უწოდებენ ასე. მე, ქვედა ზონიდან ვარ. გაგიტაში ვცხოვრობდი, ოტობაიას სკოლა დავამთავრე. 

ჩემი მშობლები დღესაც იქ არიან. რასაც ცხოვრებაში ვაკეთებ ყველაფერი იმისთვისაა, რომ აფხაზეთში ხალხი უკეთესად ცხოვრობდეს. პროფესიაც ასე ავირჩიე. პატარაობიდან ვხედავ როგორ აშუქებენ აფხაზეთის ამბებს, სულ სახეცვლილია ყველაფერი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ მე მოვყვები იმას, რაც რეალურად ხდება და ამას ყველას გავაგებინებ.

რაც ბევრია იქით, ეს არის დამცირება. სულ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი დროებითია. მერე მივხვდი, რომ ბოლოს ეჩვევი, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება.

პანდემიის დროს აქედან გადავდიოდით გალში. ხიდი ჩაკეტილი იყო, ამიტომ ტყით მივიპარებოდი. ბოლო წამს დამიჭირა რუსმა. მომიწია მთელი დღის იქ გატარება. რუსები დამცინავად გვეუბნებოდნენ, ჩვენო აფხაზებს როგორ გეხმარებითო და თქვენ ამას არ აფასებთო.

როცა თბილისში სწავლობ, მუშაობ, ეჩვევი გარემოს, მაშინ უკვე რთულია ხშირად ჩასვლა სახლში, იქაური ამბების მოსმენა. მაგრამ,  სადაც დაიბადე, გაიზარდე, სადაც მშობლები მთელი გულით გელოდებიან, იქ მიდიხარ მაინც. მასწავლებლებისგან დღესაც მომდის შეტყობინებები: გვეიმედები, აბა, შენ იცი! 

სკოლაში უცბად ატყდებოდა ფაციფუცი, უკვე ვიცოდით - განათლების სამინისტროდან მოდიოდნენ  - ყველაფერი ქართული უნდა შეგვენახა. ეს მომენტალური შიში იყო,  მერე ვიცინოდით - გვიხაროდა, სეპარატისტები რო გავაცურეთ. 

აფხაზები ყოველთვის დისტანციურებულად იყვნენ ჩვენთან. იმათ ეშინიათ ქართველების. რასაც გასწავლიან, ის იცი და მათ სკოლებში ასწვლიან, რომ ქართველები არიან ცუდები, მათ მოუკლეს მშობლები, ძმები, დები, ბიძები.  

სოხუმში სპორტული  შეჯიბრისთვის ვიყავით აფხაზეთის ყველა რეგიონიდან ჩასული და იქ რამდენიმე აფხაზი გოგო ავლა-ჩამოვლისას, „ჩემი გოგო, ჩემი გოგოო“, - მეძახდა. თავიდან შორს ვიჭერდით თავს, არ გვინდოდა, პროვოკაციას ავყოლოდით. მერე მივხვდით, რო კომუნიკაცია უნდოდათ. დღესაც მწერს ის გოგო, ჩემი ოცნებაა ერთ დღესაც საქართველოში მოვხვდე და იქაურობა დავათვალიეროო, მაგრამ სახლში ამის თქმა არ შემიძლიაო. ჩუმად სწავლობდა ქართულ სიტყვებს. 

აფხაზურენოვან სოფელში გვქონდა გასვლა ჩვენი ინიციატივით, თითქოს რაღაც ეკოლოგიურ ასპექტებს დავუკავშირეთ, რომ საერთო თემა გვქონოდა. მივედით, პატარა კონცერტი გავმართეთ, აფხაზურადაც ვისწავლეთ  სიმღერები. მთელი დღე იქ იჯდა ქალი, თავწაკრული, მოღუშული გვიყურებდა, ხმა არ ამოუღია. დღის ბოლოს სუფრასთან ყველა ერთად აღმოვჩნდით. მართლა არ ვიცი, როგორ მივედით იმ მომენტამდე, რომ ამ სუფრაზე, სადაც აფხაზებიც იყვნენ და ჩვენც, აფხაზური კანტატა წავიკითხეთ. ხმა არ ამოუღიათ, გაფაციცებულები გვიყურებდნენ. ის წარბებშეკრული ქალი კი ადგა და დაიწყო: „მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი“. 

აფხაზეთში არიან ძალიან რადიკალურებიც, ქართველი მტრად მიაჩნიათ.

გალში რუსული და ქართული სექტორები იყო.  კვირაში ერთხელ ისწავლებოდა ქართული.  რუსული სექტორის ბავშვები ცუდად იყვნენ გალის რაიონის ბავშვების მიმართ განწყობილი. ქართულად რატომ ლაპარაკობთო, გვეუბნებოდნენ.

2014-15 წლიდან პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით გადაიყვანეს პირდაპირ რუსულზე. მეხუთედან ზემოთ, მეთერთმეტეს ჩათვლით ქართულად მიდიოდა სწავლა. 2021 წელს ბოლო მეთერთმეტე კლასმა დაამთავრა ქართულად სკოლა და ახლა უკვე ყველა რუსულად სწავლობს. არავის ხმა არ ამოუღია. სკოლაში თვალებაცრემლებულები მივედით და მასწავლებლები გაფითრებულები დაგვხვდნენ. მხოლოდ ეს შინაურული განცდა, ტკივილი და სხვა არაფერი. ერთი განცხადებაც არ გაკეთებულა.

სიტყვა ბევრს ნიშნავს. დანარჩენ საქართველოს უნდა ახსოვდეს აფხაზეთი. ვიღაცამ რომ მითხრას, საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შენი დაჩაგვრისთვის პასუხს მე მოვითხოვო, გამეცინება. მაგრამ, რომ ახსოვს იქაურების ტკივილი, იმედს აჩენს. მიწა არა, ხალხის დაბრუნება უნდა იყოს პრიორიტეტი. გალის რაიონის მოსახლეობას დიდად არ წყალობენ. არადა ისინი რომ არ იყვნენ დღეს აფხაზეთი აღარ იარსებებდა. მიწა ვერ დაიწყებს ყვირილს, ქართული ვარო. ხალხს უნდა ჰქონდეს ეს განცდა.

გალელებს არაფრის უფლება არ გვაქვს. პროტესტს აზრი არ აქვს, მაგრამ ისეც არ არის, რომ სიტყვას ძალა არ ჰქონდეს. მახსოვს, 2011-12 წლებში, ჩემი ძმა საოპერაციოდ მოყავდა დედაჩემს. ჩუმად გადმოვდიოთ ოტობაიიდან, ორსანტიიდან. მაშინ ენგურის ხიდი არ იყო გამშვებ პუნქტად. კლდესავით ჩატეხილ ხიდზე  ვცოცდებოდით და როცა რუსები არ იყვნენ, გადმოვდიოდით. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს. ვერ გადავედით, დაგვიჭირეს. დედაჩემი ეხვეწა, ტიროდა, ჩემი შვილი მიმყავს საოპერაციოდო, მაგრამ არაო, კანონი კანონია, გალის ციხეში უნდა წაგიყვანოთო, და წაგვიყვანეს. რუსები იქ აფხაზებს აბარებენ დაჭერილ ადამიანებს. დედაჩემი ემუდარებოდა აფხაზს, რომელმაც ვითომ არ იცოდა მეგრული, ბავშვი მიმყავს ექიმთან, თქვენ გამო შეიძლება მომიკვდესო და მე რაში მადარდებს, შენ ქართველი ხარ და ქართველები ჩემი მტრები არიანო. ყოჩაღ შენ! ჩვენო ჩვენს შილებს ვასწავლით, რომ ქართველები და აფხაზები მეგობრები, და-ძმები ვართო და თქვენ ასეთი განწყობა გაქვთო?! შემირცხვენია შენი კაცობაო! - არ გაჩერდა დედიკო. აფხაზმა გამოგვიშვა და ჩემი ძმა წამოვიყვანეთ სავაადმყოფოში.

იქ ყოველდღიური ამბავია ომი, ვერ დაგავიწყდება, როცა ხედავ, გვერდზე არის დამწვარი სახლი, რომელზეც იხსენებენ, რომ თამარი ბებო ცხოვრობდა. ყველაზე დიდი ტკივილია უდიდესი სახლები, ნებისმიერს რომ მოუნდება, ნეტა ესეთ სახლში ვცხოვრბდეო, უპატრონოდაა დარჩენილი. წამოვიდა ყველა, სხვაგან ცხოვრობენ. ეკალია შემოხვეული, მცენარეებითაა გადაფარული. ზოგს მეზობლები უვლიან და ცდილობენ, იერსახე შეუნარჩუნონ.

გალის ზემო ზონაში, უზარმაზარ კლდეზე ომში გარდაცვლილი ადამიანების ფოტოებია გაკრული. გზაზე მანქანით რომ მიდიხარ, ხედავ, ჩაწიკწიკებულია, ახალგაზრდები, კაცები, ქალები. ვინც იქ ცხოვრობს, რეალურად არ იციან, ომი რომ რუსეთის დაწყებულია, ხედავენ, მათი ძმები, დები, ბიძები, გარდაიცვალნენ, იმიტომ რომ ქართველებმა ააფეთქეს ხიდი და იქ ჩაიხოცა ყველა. 

დედაჩემი ამბობს ხოლმე, ჩემოდანში ჩავალაგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, ოჯახის დასამახსოვრებელი ალბომებიო და ყოველ წამს ველოდებოდით, როდის მოგვიწევდა გაქცევა და ჩანთა გვქონდა ხელთან ახლოს, მაგრამ ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, ის ჩანთაც ვერ წამოვიღეთო. ჩემი ყველა მოგონება დაიწვა იმ სახლთან ერთად, რომელიც ააფეთქესო. დედაჩემი რომ დაბრუნდა, თავისი მშობლიური სახლი დამწვარი დახვდა აფხაზეთში.

ბაბუაჩემზე მიყვებოდა,  რომ დაბრუნდა და ნახა თავისი სახლი ცხოველებიანად როგორ იფერფლებოდა, იქ დამთავრდა მისი სიცოცხლეო. ისე უყვარდა ყველა ცხოველი, როგორც საკუთარი შვილი. დიდხანს არც უცოცხლია მერე.

იმის თქმა, რომ მხოლოდ აფხაზები არიან დამნაშავეები და ქართველები ჩვენ სუფთა ვართ, არასწორია. ანალოგიურად მოგიბრუნდება აფხაზი და გეტყვის,შენ რომ დაკარგე, იმდენი დავკარგე მეცო.

ტკივილი ორივე მხარესაა, მაგრამ ჩვენ ჩვენი წილი დანაშაულისთვის ბოდიშის მოხდა არ გვიჭირს, ვიხდით ბოდიშს. იმისათვის, რომ შევძლოთ ერთად ცხოვრება, ბოდიში უნდა მოიხადოს მეორე მხარემაც. 

ცუდი ილექება, მაგრამ ეს კარგიც აუცილებლად რჩება გონებაში. მარტო ერთმანეთის მოკვლა ხომ არ იყო, შემთხვევებია, ვიღაცა აფხაზმა ქართველი გადაარჩინა და პირიქით. მთავარი რაც არის, თავიდან უნდა გავიცნოთ ერთმანეთი და შევიყვაროთ, სხვა გამოსავალი არ არსებობს.

ერთხელ რიწაში, სახლში ვბრუნდებოდით დედაჩემი, ერთი მეზობელი ქალი და ახალგაზრდები. გაგვაჩერა გაიშნიკმა. გაიშნიკი აჩერებს მანქანას, ჩადის მძღოლი ფულით ხელში, ხელს ართმევს და ითვლება, რომ გამარჯობის სანაცვლოდ ფულს აძლევ და შენი საბუთი შემოწმებას აღარ ექვემდებარება. მთავარია, ფული ჩაუჯიბო და მიდიხარ. პოლიციელი პირდაპირ მივიდა ჩვენს ერთ-ერთ მეგობარ ბიჭთან და გადმოიყვანა მანქანიდან. ყველა დავიზაფრეთ, დედაჩემი გაეკიდა ეგრევე, დანარჩენები გასუსულები ვსხედვართ. მეორე ფორმიანი წამოვიდა ჩვენკენ და „ზდრასტუიწე“, გალიდან ხართო ? კი, გალიდან ვართ. ო, კარგია. რა გვქვია შენ? მეკითხება და მეთქი თამარი, „ა, ტამარა?“  არა, თამარა არ მქვია, თამარი მქვია-მეთქი.  გაეღიმა  „კარგი გოგო ხარ შენ!“ მითხრა და გაბრუნდა. შენ ქართული საიდან იცი-მეთქი, მივაძახე. მეც კარტველი ვარო მითხრა. გავშეშდი. 

დედაჩემთან და იმ ბიჭთან მისულა, გამოგლიჯა თავის კოლეგას ხელიდან, რას ერჩი ბავშვს, არაფერი დაუშავებია, გაუშვიო. იმ დღეს ის კაცი იყო ჩვენი მფარველი ანგელოზი და მჯერა, რომ ერთ დღეს ისევ შევხვდებით და უფრო თამამად ვეტყვი, რომ მეც გალელი ქართველი ვარ. 

ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიგოთ ისტორია, თუ ეს ხალხი დიდი ხნის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა, 92-93 წლებში რატომ დახოცეს ერთმანეთი.

თუ ამაზე არ ვისაუბრებთ, დარჩება გულნატკენი ხალხი, რომლებსაც არავინ ჰყავს. რაღაც მომენტში დავაფიქსირე, რომ ხალხს არ უნდა მოსმენა, და გამიჩნდა ფიქრი, ხომ არ გავჩერდე, ხომ არ შევწყვიტო საუბარი-მეთქი, მაგრამ, თუ ყველა გაჩერდება, აღარაფერი დარჩება. ახალგაზრდებზე დგას ქვეყნის მომავალი.

ჩემები იხსენებენ, სოხუმში რუსულად თუ საუბრობდი, ეს იყო წარმომადგენლობითი, რომ შენ ვიღაც უფრო მაღალი დონის ხარ, ვიდრე, გალში მცხოვრები ჩვეულებრივი გლეხი. როგორც ქართველების მხრიდან იყო ეს განწყობა, ასევე სხვა დანარჩენებისგანაც. ეტყობა, შეცდომა დავუშვით ამ კუთხითაც, იმიტომ რომ სათანადოდ ვერ მივაქციეთ ყურადღება იმას, რაც ხდებოდა.

რადიკალური ჯგუფი ვინც არის, ანტიქართული, მათ შეიძლება ნებისმიერი რამე გაგიკეთონ, წამის მეასედში ტერორისტად, ნარკომანად, ან დილერად გამოგაცხადონ, მოგონილის გამო წლობით ჩაგსვან ციხეში. რაღაც პოსტს რომ  ვწერ აფხაზეთზე,  მეორე დღეს სულ იმაზე ვფიქრობ, პოლიციაში მისვლის დროს,  მამაჩემს და ჩემ ძმას არაფერი დაუშაონ, პრობლემა არ შეუქმნან საბუთებზე. კაცების მიმართ უფრო მეტი აგრესიაა. 

ისეთი დროც იყო, ნიღბიანი სეპარატისტები შემოვარდებოდნენ სახლში და კაცებს ცემდნენ, სახლს აურევდნენ და წავიდოდნენ, ან წაიყვანდნენ და ფულის სანაცვლოდ გამოუშვებდნენ. დღესაცაა დამცირება, მაგრამ  სახლში აღარ გვეჭრებიან.   

აფხაზეთზე რომ ვფიქრობ, სულ ხალხის დანაოჭებული სახე მახსენდება. ბავშვობაში მიკვირდა, გალში ხალხი სულ შავებში, ადრე დაბერებულები,  მოწყენილები რატომ არიან-მეთქი. რომ გავიზარდე მივხვდი,  ეს ხალხი იმხელა სევდას ატარებს, იმხელა დარდი დააქვთ გულში.  

როცა სულ იქ ვიყავი და იტყოდნენ, აფხაზეთს თავისი სუნი აქვსო გადამეტებული მეჩვენებოდა, მაგრამ მართლა ასეა. როგორც კი ვუახლოვდები ენგურის ხიდს, ჰაერი, ხალხი, სხვანაირი მეჩვენება. ჟრუანტელი მივლის. მოდის ციტრუსის, ზღვის, აფხაზეთის სუნი. ჩემი პატარა სოფლის ზღვა ეგრევე თვალწინ მიდგება და უბედნიერესი ვარ. 

არ ვარსებობ აფხაზეთის გარეშე. როგორი კარგი ცხოვრებაც არ უნდა მქონდეს, არ წარმომიდგენია, ჩემ სახლში არ ვიყო და იქაურობა არ შევიგრძნო. 

ყველაფერი მიყვარს იქ, როცა წვიმს, გარეთ დავრბივარ. ვერც წარმომიგდენია როგორ ძლებენ ის ადამიანები, ამდენი წელია ასე შორს რომ არიან აფხაზეთისგან. გმირობაა ამას გაუძლო. დატოვო ყველაფერი, წამოხვიდე და ამ მონატრებით იცხოვრო.

ძალიან ბევრჯერ, როცა ერთი და იმავე რაღაცას ფიქრობ, მჯერა, რომ ახდება. მე არ ვიცი, რამდენჯერ წარმომიდგენია, დამსიზმრებია მეგობრებთან ერთად ენგურის ხიდზე ხუთჯვრიანი დროშით როგორ შევდივარ- ეს აუცილებლად უნდა ახდეს. ახდება იმიტომ, რომ კონფლიქტი, ცხადია მწვავეა, მაგრამ, დროებითია. სანამ ერთი ადამიანი მაინც არსებობს, რომელსაც აფხაზეთი თავისი ნებით არ დაუთმია და მას უბრალოდ დროებით წაართვეს, იქამდე იარსებებს იმედი და, სხვა თუ არავინ, მე ვარ ასეთი- მე აფხაზეთი არ დამითმია. ერთხელაც სიხარულისგან, ძველი სევდისგან, ყველაფრისგან ერთად ვიტირებთ და ერთმანეთს ძალიან, ძალიან ჩავეხუტებით. 

ბოლოს სოხუმში ნატვრის ხეზე ფერადი ლენტები შევაბით. მოხუცმა ქალმა ქართულად ლაპარაკი რომ გაიგო, შემოგვხედა, თვალი ჩაგვიკრა, გაიღიმა და ფერადი ლენტები უფასოდ მოგვცა. იმ დღით ჩაფიქრებული სუვრილი რომ არ ახდეს, არ არსებობს.

ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

დისქლეიმერი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა