გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი გაგრა სოხუმი ომი

გულიდა და ელისო | სოფელი ბესლეთიდან

54 წლის ქალი, სოფელი ბესლეთიდან

მაღაზიაში აფხაზი შემოვიდა და აფხაზურად მითხრა, იქით ომი დაიწყოო. აფხაზი ვეგონე. მესმოდა ერთი ორი სიტყვა აფხაზური და გავიგე, რაც მითხრა. მერე ტელევიზორშიც გადმოსცეს, რო შემოვიდნენ კელარუსიდან. 

სამსახურიდან სახლში ფეხით წავედი, ქალაქში ვმუშაობდი, უკვე ძალიან დიდი სროლები იყო. 

ჩემი ოჯახი წელიწადი და სამი თვე იქ იყო.  

ჩემი მასწავლებელი იყო გულიდა, ცხონებული. დედა-შვილი წინა დღეს ჩამოვიდნენ თბილისიდან, აღარ იქნება ომიო. ჩამოვიდნენ და პირდაპირ მაგათ სახლს დაეცა ბომბი. ორივე მოკვდა,. გულიდა და ელისო. 

ბესლეთში ჩვენი ბიჭები იყვნენ, რო ვმუშაობდი, შემოდიოდნენ იქაც, ყოველდღე ვხედავდი, მხედრიონი, თეთრი არწივი. არასდროს ცუდი თვალით არ ყოფილან. მაღაზიის გაქურდვა, გატეხვა, ესეთი რაღაცები არ ყოფილა.  სვანეთის გზაზეც, შეიარაღებული მხედრიონი, ჩვენი ბიჭები, ერთად მოვდიოდით.

სოხუმი რო აიღეს, დაჩაზე ვიყავით. ორი დღე გავჩერდით და 29-ში წებელდით გადმოვედით. ტანსაცმელი და ოქროულობა წამოვიღეთ მარტო. 

ორი ღამე მოგვიწია ტყეში ყოფნა. შუაში ცეცხლს დავანთებდით და ირგვლივ ვწვებოდით ღამე. მონადირე კაცი იყო ჩემი მეზობელი, დათვები და ნადირი ხოა  და იმან იცოდა რა ხდებოდა. ძაან ღრმად შევყავდით ტყეში. შეშის მეტი რა იყო, დავანთებდით ცეცხლს და ისე ვიყავით. 

ჩვენ უკვე დაბინავებულები ვიყავით სამეგრელოში, მარტვილში, მამაჩემი რო  მოდიოდა ცხენით ჭუბერის გზაზე და საქონლები მოყავდა. წაართვეს სვანებმა. 

ორჯერ მოუწია აქეთ გადმოსვლა. პატარა დები გადმოიყვანა ჯერ, ცხენზე დააჯინა. მერე მეზობელი ბიჭიც გადმოიყვანა, მოტეხილი ჰქონდა ფეხი იმას, 15-16ში შეტაკება რო მოხდა, ფეხში მოხვდა ტყვია და ვერ დატოვებდა.  

მე მასეთები არ შემხვედრია. სვანები იყვნენ, რო გვპატიჟებდნენ სახლში. დიდი  ქვაბებით საჭმელი და სასმელი და თუ რამე შეიძლებოდა, ხილი და საჭმელი, გვატანდნენ გზაზე. ზუსტად სამი ოქტომბერი იყო ერთმა ოჯახმა შეგვიფარა. ძაან ბევრნი ვიყავით. მერე წამოვედით და ვერტმფრენში ვერ ჩავჯექით. მამაჩემმა თქვა, ადგილი არ არის, აზრი არა აქვს მისვლასო, ფეხით გავაგრძელეთ გზა. ჩემი მეზობლები ისხდნენ მანდ. გზაზე გარდაცვლილები იყო ბევრი. 21 წლის ვიყავი მაშინ. ხალხს ვერ გადმოჰქონდა ავეჯი და მანქანები და ხევიდან ყრიდნენ. ამბობდნენ, ზოგს მანქანა წაართვეს, დახვდნენ, ცემესო, მაგრამ ჩემი ოჯახი ძაან მშვიდად გადმოვიდა. 

მახსენდება ხოლმე, ერთი სამი წლის ბავში, მამამისს ეხვეწებოდა მშია რა, პური მინდაო. მაშინ ვერტმფრენიდან პურებს ყრიდნენ ტომრებით, დიდი მეშოკებით და  პლედებს, სიცივე რო იყო. იმდენი იყო იქ შეიარაღებული სვანები, ახლოს ვერავინ მიდიოდა, თუ თვითონ არ მოგცემდნენ. ჩვენ პირადად არ მივსულვართ, მარა ის ბიჭი მივიდა და ვერ აიღო პური. ვაიმე, როგორ მახსოვს ის ბიჭი, დღეს რო ვნახო, ალბათ, ამდენ წლის შემდეგ შეიძლება, ვიცნო. დიდი ოქროს ცეპი ეკეთა. მოიხსნა, სვანებს მისცა და ორ პურზე გაცვალა, რო ბავშვზე ეჭმია. 

ხორცკომბინატში მუშაობდა ერთი ბიჭი, მე სადაც ვმუშაობდი, იმ მაღაზიას ამარაგებდა, ახლოს ვიცნობდი. აქეთ რო შემხვდა, ვხედავ თვალები აქვს ჩაშავებული. რა იყო, მე ვუთხარი, თან ეცინება. საწვავი დაუმთავრდა თურმე მანქანაში და სვანებს უცემიათ, რატო დაგიმთავრდაო.

სამეგრელოდან რამდენიმე ხანი ვიყავით მეზობლის სახლში, მეზობელი გოგო იყო და მერე წავედით ბათუმში. ერთ ოთახში რო შევედით, მეორე ოთხი აღარ უნდოდა მამაჩემს, ხვალ და ზეგ დავბრუნდებით აფხაზეთშიო. 

შენიშვნა: რესპოდენტის სახელი, მისივე თხოვნით, დაფარული რჩება

ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

დისქლეიმერი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა