წამებში ივსება ენგურის კალაპოტი | ნინო, 18 წლის, დევნილი აფხაზეთიდან
13.12.2023 | 8 წუთიანი საკითხავიჩემი მოტაცებაც უნდოდათ 15 წლის რო ვიყავი, მარა დედაჩემი აფხაზი როა და მამაჩემსაც ბევრი იცნობს, მაგის გამო გადავრჩი.
ერთი გოგო ვიცი, მოიტაცეს და უარი თქვა, მარა არ გაუშვეს. გააუპატიურეს და მერე მოკლეს. ოჯახმა ვერაფერი ვერ ქნა. არავინ დაუჭერიათ.
დედაჩემის აფხაზი ნათესავები გვთავაზობდნენ, ოღონდ აქ დარჩეს და ისწავლოს, ყველაფერს ვიზამთ, მივხედავთ, არც სახლის ქირაობა მოუწევს და ათასი ამბები, მაგრამ დედაჩემს და მამაჩემს არასდროს არ უნდოდათ, იქ რო დავრჩენილიყავი. იმის გამო რო ყველა თხოვდება, ან რუსეთში მიდის სასწავლებლად. სულ ვიცოდი, იქ არ უნდა დავრჩენილიყავი.
აქეთაც რთული იყო თავიდან. ეხლა უფრო შევეჩვიე . აფხაზეთიდან გადმოსული რო ხარ, ისე გიყურებენ, თითქოს უცხო ქვეყნიდან იყო. მერე ნელ-ნელა ეჩვევი. უნივერსიტეტში, მახსოვს, დამცინოდნენ ქართულად გამართულად რო ვერ ვლაპარაკობდი. მეგრულზეც დამცინოდნენ, იმიტომ, რომ იქ სხვანაირი აქცენტი აქვთ. თბილისში ჩამოვიდნენ ჩემი მეგობრებიც და ძალიან კარგ უნივერსიტეტებში მიატოვეს სწავლა. ლექტორი რო გეუბნება, შენ სოხუმში ცხოვრობდი, დებილი ხარ, არაფერი არ გეცოდინება და მაგის გამო ქულებს არ გიწერს, რა თქმა უნდა, გადახვალ სხვაგან.
იქით ბევრი იმის გამოც გააფხაზდა, რო პრივილეგია ჰქონოდა უნივერსიტეტში. აფხაზები არაფერს იხდიან. გამოცდაზე, ლექტორს მისცემენ ცოტა ფულს და ჩათვლილი აქვთ. ქართველებს ყოველი სემესტრის ბოლოს ათი ათასების გადახდა უწევთ.
იქ ჯერ ისევ ბრიგადირების პერიოდია. ბრიგადირია სოფელს ვინც ხელმძღვანელობს - თანხას ეგ აგროვებს და თვითონ წყვეტს, ვინ რამდენს გადაიხდის. იქ მრიცხველები არ გვაქვს, რასაც ბრიგადირი გეტყვის, იმას გადაიხდი. შუქის გადასახადი ერთ თვეს შეიძლება ხუთასი დაგიწეროს, მეორე თვეს რვაასი. ქართველებს მეტს ახდევინებენ.
უბრალოდ არაფრის გამო, ქართველი რო ხარ, შეიძლება, დაგიჭირონ, ან გცემონ.
კაცებს უფრო ერჩიან, პოლიციას რო ერიდებოდა ჩემი ძმა მეზობელთანაც უკანა გზით, ტყით გადადიოდა. გრძელი თმის ან შორტის გამოც შეგიქმნიან პრობლემას ქართველი თუ ხარ. თორემ აფხაზები გრძელ თმასაც ატარებენ და შორტებიც აცვიათ.
16 წლის ვიყავი რო წამოვედი. ჩემი ქართულის მასწავლებელი დამეხმარა ძაან. ეს ადრე იყო ქართულის მასწავლებელი, თორემ მერე ქართული ენის სწავლება რო აგვიკრძალეს, რუსეთის და აფხაზეთის ისტორიას გვასწავლიდა.
ადრე კვირაში 1 საათი გვქონდა ქართული. ეგეც კომისია რო მოდიოდა, წიგნებს ხან ფეჩში ვმალავდით, ხან ტყეში. ერთი სოფლიდან დარეკავდნენ, ჩვენთან მოვიდნენო და სხვა სოფლებს გვაფრთხილებდნენ. მე-5 კლასში ძაან მწარედ მახსოვს, იავნანამ რა ჰქმნას ვსწავლობდით და მეორე თუ მესამე გაკვეთილზე მასწავლებელმა გვითხრა, აღარ დაგჭირდებათ ეს წიგნიო. გავოცდით, ისედაც ჩუმად ვსწავლობდით ქართულს. მერე გავიგეთ რო აიკრძალა. კომისია რო მოვიდოდა, ერთი ასო თუ მაინც ეწერა რვეულში ქართულად, მაგ რვეულსაც ვხევდით, მაგიდას, კედლებს ვხეხავდით. ერთ საათში მოგვისწრია მთელი სკოლის დალაგება.
უფრო იაფი იყო და ზუგდიდში ვყიდულობდით კალმებს და რვეულებს. პირველ რიგში, უკანა მხარეს ვაკვირდებოდით საქართველოს დროშა ან წარწერა არ ყოფილიყო ქართული. ჩვენი მასწავლებელი სულ გვეუბნებოდა რომ დაგამახსოვრდეთ რვეულში ჩაწერეთ ორი-სამი სიტყვა, კონსპექტი გააკეთეთ ქართულადო. პროტესტი ჰქონდა, არ გვასწავლიდა აფხაზეთის და რუსეთის ისტორიას. ჩუმად გვიყვებოდა ქართულს. ეგეთი იყო, პატრიოტი სულის ადამიანი. კლასში ბოლოს ცამეტიდან, თერთმეტმა თუ თორმეტმა ჩავაბარეთ აქეთ.
აფხაზეთის საბუთს არ მაძლევდნენ, ამიტომ ჩორნი ხოდით მიწევდა წამოსვლა. შამგონის გზით მოვდიოდით, მანდ უფრო გაშლილია ენგური და უსაფრთხოა გადმოსასვლელად. ჩვენ რო დავაპირეთ, ზუსტად მაგ პერიოდში, ჩემი ხუთი მეზობელი დაიხრჩო მდინარეში, აქეთ გადმოსვლისას.
მგონი ჭუბორხინჯიდან გადმოდიოდნენ, მანდ სოფლები სულ ჩამწკრივებულია. ელექტროენერგია გრაფიკით გვაქვს, შეიძლება მთელი დღე და ღამე არ მოვიდეს. ამას იმას აბრალებენ, რო ენგურჰესში დაბალი წყლის დონეა და კაშხალს გამოუშვებენ ხოლმე. ზამთარში უფრო ხშირად უშვებენ. კოვიდის პერიოდი იყო.,. ჩემი მეზობლები საყიდლებზე იყვნენ წამოსულები, შვილი გაუთხოვდათ, თუ შვილი ეყოლათ. ენგურში რო შევიდნენ კაშხლიდან წყალი ზუსტად მაშინ გაუშვეს. ყველა ერთად დაიხრჩო.
როგორი გაშლილიც არ უნდა იყოს, წამებში ივსება კალაპოტი. წყალი სულ ძაან ცივია, მარტო ივნისში და ივლისში შეიძლება ისე გათბეს, რო ჩახვიდე.
ჩვენ რო წამოვედით მარტი იყო. თან მეშინოდა, თან არ ვიცოდი სხვა რა მექნა. საბუთს არ მაძლევდნენ და უსაბუთოდ საგუშაგოს ვერ გადმოვიდოდი. ენგურით უნდა წამოვსულიყავი.
მამაჩემის ნაცნობმა გამოგვაცილა მე და დედა წყლამდე და გაბრუნდა უკან.სადაც გაშლილი მოდის ენგური, იქ ბუჩქებია და მანდ შეიძლება რუსები იმალებოდნენ. ორი კილომეტრი უნდა გაგვერბინა. პირველად გავიგე დედაჩემისგან „არ შემიძლია“. ვეღარ მოვრბივარ, შენ წადი, მე უკან გამოგყვებიო. ხელჩაკიდებულები მივრბოდით, არავის არ დავუჭერივათ. სულმოუთქმელად გავირბინეთ. მერე შუა წყალში ვისვენებდით. გვეშინოდა არ დავეჭირეთ და არ ესროლათ. რა მოხდება რა იცი.
მარტო ტანსაცმელი და სახარჯო ფული მოგვქონდა. შამგონის გზაზე გამოვიცვალეთ ბუჩქებში. სხვების გამოცვლილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც იქვე ეყარა გზაზე. ბევრი იყო მაგ დროს გადმოსული.
იქეთ დაბრუნება უფრო მარტივია. რომც დაგიჭირონ მაინც გალში მიყავხარ. 1000 რუბლს გადაიხდი და გიშვებენ. მამაჩემი ბაზასთან დაგვხვდა, ჩაჯექით, არ გაცივდეთო. იქ ძირითადად რუსები იყვნენ, არაფერს გიშავებენ. არც საბუთი გამოურთმევიათ. ალბათ ძაან ბევრი ადამიანი ყავდათ უკვე და აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ჩვენ დაგვიჭერდნენ თუ არა.
2 სექტემბერი მახსოვს მწარედ. მაშინ რო გადმოვედი უკან აღარც წავსულვარ. გავიგე, რომ უნივერსიტეტში უგამოცდოდ მრიცხავდნენ და ფაკულტეტი უნდა ამერჩია. ისევ მამაჩემმა გადარეკა-გადმორეკა და გაიგო, რო დაგილონში იყვნენ გადმომყვანები. ორი ბიჭი და კაცი. გამოვირბინეთ თხილნარი, ყანა, ტყე, ჭაობი და უკვე მავთულხლართები რო აწია კაცმა და ბუჩქებიდან გავედით, არსაიდან გადმოხტნენ რუსები. ჩვენთვის ხელი არ დაუკარებიათ, მარა ეს კაცი დაიჭირეს და ცემეს. თან აშანტაჟებდნენ, თქვი ვისთან ერთად გადმოგყავდა ეს ხალხიო. ისედაც ყველაფერი იცოდნენ, ყველაფერს აკონტროლებენ. სადაც ბაზებია მითუმეტეს. საბარგულში შეაგდეს ეს კაცი, მე ვტიროდი, რუსები მაწყნარებდნენ. უკანა სავარძლებზე დაგვსვეს და წაგვიყვანეს ბაზაში. საღამო იყო უკვე. ცოტა ფეხები გვქონდა სველი, მარა ეგ არავის ადარდებდა. დედაჩემს აფხაზებმა შესთავაზეს, ხო არ გინდათ გაფრთხილება ჩაგიწეროთ პირად საქმეშიო და პირდაპირ ფული მოგვეციო. ეგრევე გავანადგურებთო განცხადებას, რო დაგიჭირეთო. მივეცით ფული და გაანადგურეს.
მეორე დღეს მამაჩემმა ისევ თავის მეგობარს დაურეკა და ისევ იმ გზით გამოგვიშვა, პირველად რომ გადმოვედით. სხვა გზა არ მქონდა. მეორე დღეს მთავრდებოდა რეგისტრაცია.
ჯერ სასაფლაოებში ველოდებოდით ამ ბიჭს. ვითომ ვიღაცის მკვდირს ნათესავები ვიყავით. მივალაგეთ-მოვალაგეთ იქაურობა. მაშინაც საღამო იყო. ნელ-ნელა ღამდებოდა და თითქოს წვიმაც უნდა წამოსულიყო. ენგური წვიმის მერე საშინელებაა. ბიჭმა ტყე-ტყე გაგვაცილა. მერე მუხლამდე ჭაობი გადავცურეთ, მავთულხლართებში გავძვერით და დაახლოებით ორი მეტრი იქნებოდა ალბათ ის ტერიტორია, რომელიც უნდა გაგვერბინა, რო შამგონის ტერიტორიაზე გავსულიყავით. გაშლილი იყო ენგური. წყალში სანამ ფეხს არ ჩაადგამ, მანამდე შეიძლება ნებისმიერ წამს გამოხტნენ საიდანმე. წყალში შევედით თუ არა, წვიმა დაიწყო.
რესპოდენტის თხოვნით, სახელი შეცვლილია.
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი