გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი გაგრა სოხუმი ომი

ერთი ჩემოდანი | დიანა დავლიანიძე, ოჩამჩირედან

დიანა დავლიანიძე, 42 წლის, ოჩამჩირედან, დღეს ცხოვრობს თბილისში

პირველის თხუთმეტ წუთზე მაღვიძებს მამაჩემი. უნდა ავდგეთ ეხლავე, ომი დაიწყოო. ოჩამჩირეში იყო ჩვენი სახლი. ჩვენ ბიძას წამოვყევით მანქანით. მამაჩემი მოხუც ბებიასთან დარჩა. ეხლაც თვალწინ მიდგას, ერთბაშად რო დაიძრა 32000 ადამიანი. მანქანები, ტანკები, ხალხით გაივსო ქუჩები. ოცდაშვიდი საათი მოვდიოდით საათნახევრიან გზას. 

ერთი ჩემოდანი ტანსაცმელი წამოვიღეთ. გადმოვედით ეს კილომეტრნახევრიანი ენგურის ხიდი და სროლა ატყდა. რუსები და აფხაზები ერთად მოდიოდნენ. ვინც ვერ მოასწრო გადმოსვლა, გზაზე გასრისეს ტანკებით. 

მამაჩემის დედა იყო აფხაზი. დედაჩემის დედის მხრიდან ყველა აფხაზია და იქ ცხოვრობენ ახლაც. დავდივარ ხშირად, ეხლა ხუთი წელია არ ვყოფილვარ.

გვეგონა, რომ დავბრუნდებოდით.

ბებიაჩემი აფხაზი რო იყო და თან მოხუცი არ აწუხებდნენ. სოფელში რო სახლი გვქონდა იქიდან  საქონელი წარეკეს. ოჩამჩირის სახლიდან არაფერი წაუღიათ.

ზუგდიდში დედაჩემს ყავდა ბიძაშვილი გათხოვილი და სანამ დევნილობა იქნებოდა, მაგასთან მივედით მთელი სანათესაო. ერთ სახლში 67 კაცი ვცხოვრობდით თვენახევარი. მახსოვს ეს სასოწარკვეთილი სახეები. ყველა ფიქრობდა, რომ მეორე დღეს დაბრუნდებოდნენ. მაგრამ გავიდა ათი დღე, ოცი დღე, თვე.  მერე მამაჩემი მოვიდა და ორსართულიანი სახლის პირველი სართული ვიქირავეთ.   20 ლარს ვიხდიდით. იქვე ორსართულიანი  ნახევრად მოქმედი ბაღის შენობა იყო და თორმეტი ოჯახი მერე იქ  შევედით. მამაჩემი წავიდა სადღაც, ხეები დაჩეხა, ფიცრები გააკეთა, ამოვტიხრეთ ოთახებივით. რაღაცა დახმარებები იყო ჰუმანიტარული.  

ნელ-ნელა დაიწყეს მამაჩემმა და დედაჩემმა მუშაობახან საწოლი იყიდეს, ხან სკამი. მამაჩემს მანქანა ყავდა და გორში მოდიოდა, კარტოფილს წაიღებდა, გაყიდდა. მეზობლები გვყავდა იდეალური. იმათთან ერთად გავიზარდეთ, საერთოდ არ გვიგრძნია, რომ  დევნილები ვიყავით. თითქოს მთელი ცხოვრება იქ ვცხოვრობდით. მე აფხაზეთი არ მიყვარს იმიტო, რო არ გავზრდილვარ იქ.

მაგრამ რაღაცნაირი შეგრძნებაა, რო გადადიხარ ამ ენგურს. ულამაზესი ადგილია. ზღვაც სხვანაირია იქ და  ყველაფერი.

ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

დისქლეიმერი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა