გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სოხუმი აფხაზეთი ერთი წელი ალყაში

ერთი წელი ალყაში | ციცო გოგინაშვილი, აფხაზეთიდან დევნილი

ციცო გოგინაშვილი, აფხაზეთიდან დევნილი, 74 წლის


სროლები რო ატყდა, ეგრე გავიგეთ რო ომი იყო. მანამდე ტელევიზორში სუ გამსახურდია და იოსელიანი გამოდიოდნენ, ქართველებზე ამბობდნენ: დატოვეთ აქაურობა, სამტრედიის აქეთ ნუ გაჩერდებითო. მიზეზი უცნობი იყო. არ ვფიქრობდით ომზე. ბოლო დღემდე ჩემი ქმარი სახლსა ლესავდა, მარტო ხო არ იყო, მეც გვერდზე ვუდექი. მხედრიონის ხალხი და სხვა სამხედროები დადიოდნენ-ძიაკაცო, შენს გულს ვენაცვალეო, ჩემი ქმარი კიდე: წადით, თქვენი… ცემენტი გამიფუჭდებაო. ბოლომდე ვშრომობდით, ოჩამჩირე მაინც ბოლოს აიღეს და მაგიტო. 

მე გორის რაიონიდანა ვარ, აქედან 16 წლისა გავთხოვდი. ჩემი მეუღლე კიდე აფხაზეთში, ოჩამჩირეში, ცხოვრობდა. ომამდე თბილისში ერთხელაც არ იყო ნამყოფი. 

სულ იქ არის ჩემი ახალგაზრდობა. ადგილი იყო იმისთანა, რა უნდა თქვა, რას უნდა შეადარო. იქაური სიცოცხლე სუ სხვა სიცოცხლე იყო.

ხალხი იყო უძვირფასესი. ქართველებს, აფხაზებსა და მეგრელებს დილით ყავა და ჩაი ერთად რო არ დაგველია, არ არსებობდა. რომ მახსენდება. ახლა რომ ჩამაგდო იქ, უკლებლივ ყველას მოვეხვეოდი. დედა რომ მომიკვდა, 300 კაცი აფხაზეთიდან ჩამოვიდა, გაგიჟდნენ აქაურები. ძალიან მეგობრული ხალხია აფხაზები. ქართველებიც იმათი გამამხიარულებლები, ჭირისა და ლხინის გამზიარებლები ვიყავით. 

იქა, ცხოვრება იყო ბედნიერება. ფეხი რომ წამოგეკრა, ფული წამოვარდებოდა - სამუშაო იყო ბევრი. ჩვენ, ცოლი და ქმარი, მშენებლები ვიყავით, მე დამატებით ჩაის ფაბრიკაშიც ვმუშაობდი. 

ჩემ სახლთან ძალიან ახლოს იყო ზღვა. სულ წმინდა იყო ზღვის პირი, სახლის უკან კიდე უშველებელი ტყე. დღესაც დგას სახლი, აფხაზები ცხოვრობენ, ბოლოს 8 წლის წინა მქონდა კონტაქტი. ჩემმა მეუღლემ მაცივარი დაუტოვა და იწერებოდნენ, მატორი გაგვიფუჭდაო-გავუგზავნეთ. 

ერთი წელი ალყაში ვიყავით.

ქობალიას ხალხი იდგა, გახვიდოდი და ტანსაცმელსაც კი გაგხდიდნენ, ისე ქურდავდნენ ყველასა. ზუსტად მეყო მარაგი, ბოლოს ის იყო, რო ტყემლის სუფი გავაკეთე, აღარაფერი რო აღარა მქონდა. გალის ხალხსაც სუ მე ვამარაგებდი. ხო იყვნენ აფხაზი ოჯახებიც, მოხუცები, რო არა ომობდნენ. რამდენჯერ გავუჩერებივარ სამხედროებს ტაჩკით, ფქვილი რო მიმქონდა მეზობლებთანა. ვერაფერი მიყვეს, აქეთ ვეტაკებოდი. 45 წლისას უშიშარი გული მქონდა. არც მუქარისა მეშინოდა და არც მაგათი იარაღებისა. ახლაც ეგეთი გული შემომრჩა, არაფრის არ მეშინიან.

მაშინ აფხაზი ქალები მიყავდათ, ქართველ ტყვეებში ცვლიდნენ. ხოდა, ერთ ხუთ აფხაზ ქალს მე ვმალავდი. გარედან კარებს ჩავუკეტავდი და ოთახში ვტოვებდი. თუ მომადგებოდა ვინმე, დავუტევდი, ავტომატები ელაგა გარეთ, სულ გადაგსრისავთ-მეთქი, ვეუბნებოდი. ქართველი რომ ვიყავი, ჩემი რიდიცა ჰქონდათ, აქეთ ეშინოდათ ჩემი. 

რა აღარ უყვეს ხალხსა, ჩაკეტილობის პერიოდში ერთ კაცს ადგებოდნენ მხედრიონელები, მარშუტკაზე მუშაობდა, ფული მომეციო. ვეღარ მისცა ბოლოს და შიგ სახლში დაწვეს მთელი ოჯახი. ხოდა მიზეზი რა თქვეს? აფხაზებსა მალავდნენო- ტყვილი. აი, მარტო მაგის გულისთვისა რო ფული არ მისცეს. ასე იყო. 

შუა ზალაში დააგროვებდნენ ავეჯს, წაუკიდებნენ ცეცხლს და ისე სწვავდნენ სახლებს. მე კიდე თუ დავინახავდი, რო მეზობლისკენ მიდიოდნენ, გავეკიდებოდი, დავუძახებდი, ვინა ხართ თქვენა, რა უფლება გაქვთ-მეთქი. სიმართლეც ეს არი, რო მხედრიონი აკეთებდა საშინელებებს. ზუგდიდის სკოლაში შეიჭრნენ, გაკვეთილები მიმდინარეობდა, ხოდა, ესე იგი, სისხლის მორევები იდგაო, სუ დაატიტვლეს მასწავლებლები. მერე კიდე მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასის ბავშვებს აუბედურებდნენ, მოვდივართ თქვენი სიძეებიო, უნდა დავიკავოთ აქაურობაო, ვინც დარჩება ესე გავაუბედურებთო. რა უნდა თქვა ახლა. მე მრცხვენოდა რო ქართველი ვიყავი. ზოგმა ვერ გამოიყვანა ლოგინში ჩაწოლილი ავადმყოფები, სუ თავები დააჭრეს და ჩამოკიდეს ზაბორებზე. ზოგს ენა ჰქონდა გადმოწეული ყელიდან. ოღონდ ეს მხედრიონის ხალხმა არა, ორჯონიკიძის იქით რო სომხები არიან, აი, მაგათმაო, ამბობდნენ. სახლიც გამიქურდეს. 

ჩემი გოგო აქეთ ცხოვრობდა, გორში. სამი დღე სიზმრები მაწუხებდა, ჩამესმოდა: ადექი, გორში წადი, ადექი, გორში წადი. ვიძახდი, რაშია საქმე, რატომ მელანდება-მეთქი. ავდექი და მარტო წამოვედი. არაფერი წამომიყოლებია, რაც მეცვა ის იყო, ერთი წყვილი ფეხსაცმელი და კაბა - დაბლა წითელი და მაღლა თეთრი. ჯერ კიდევ მშვიდობიანად იყო ყველაფერი. ოჩამჩირეში იდგა სატვირთო მატარებელი. ჩამოვედი ხარაგაულამდე, ანგრევდნენ და კეტავდნენ გზებსა.

სამი დღე და ღამე მატარებელში ვიყავით გაჭედილები. აქეთ-იქიდან ხრამი ჩასავარდნი, ჭამა ვიღას ახსოვდა?!

სამი დღის შემდეგ ჩამოვედი გორში. როგორც კი შევაღე ჩემი გოგოს სახლის კარები, ტელევიზორში გამოაცხადეს ოჩამჩირე წუხელის დატოვესო. ჰოდა, მე იქ გავჩერდებოდი? ჩემი შვილი ლერი და მეუღლე კაკო ოჩამჩირეში იყვნენ და ვხვდებოდი, რო რაღაცა ვერ იყო. წამოვედი უკან სამტრედია-სოხუმის საერთო მატარებლითა. აი, ეს იყო ჩემთვის მეორე ომი. ხან სად ვიარე, ხან სად. სად მკვდრები იყო, სად დაჭრილები, სულ სისხლიანი ყველაფერი. პატარა, ჯერ ულვაშები რომ არა ჰქონდათ, აი ისეთი ბიჭები, სულ ყველა დახოცილი. მშობლებს ეპარებოდნენ. ლერიც გაპარულა, იარაღი აიღო ხელში, მთელი ჯარი გამოიყვანა ტყე-ტყე. კაკო კიდე მატარებლიდან გადამხტარა, შევიდა უკან ცეცხლმოკიდებულ ოჩამჩირეში, ასე უთქვიათ, ლერი დაჭრილიაო და მოსაძებნად წასულა. მე კიდე ვეძებდი გამწარებული ორივესა. მაშინ დაჭრილებიც და მკვდრებიც ვაგონებით შემოჰყავდათ და მეც ვეძებდი. სულ რო არ გავგიჟდი. 

გავიხედე და გამორბის ჩვენი მეზობელი: ციცო დეიდა, ციცო დეიდა, ნუ გეშინიან, ლერი ცოცხალიაო, და მეც იქ წამიყვანა, საცა წინა ღამეს გაუთენებიათ, ლერი თურმე მამამისს ელოდებოდა ინგირის ხიდთან. კაკოზე აღარავინ იძახდა არაფერსა. მეზობლის სიმინდებში იმალებოდა, უმ სიმინდსა ჭამდა, ხოდა აფხაზებმა ნახეს და გამოიყვანეს, გამოუშვეს. იცნეს, ვინც იყო, არადა შეეძლოთ, შეეჭამათ კაცი. როგორც ცხინვალისა და ორჯონიკიძის ოსები განსხვავდებოდნენ, იმიტო, რო ცხინვალის ოსები უფრო ქრისტიანობდნენ, ეგრე იყო აფხაზებზე. აქეთ სხვა აფხაზი იყო და გუდაუთისა სხვები იყვნენ. სუ ამოთხვრილი მოვიდა ჩემი მეუღლეი, მთელი ღამე მუხლით უხოხია, დღე კიდე ბუჩქებში იმალებოდა. მე კიდე ერთი კაბით ვიყავი, მერე დახმარებაში მომერგო კაბა და ისიც მუნიანი გამომადგა, მთელი ექვსი თვე ვერ მოვიშორე მუნი. 

სოფელ ბიაში შევგროვდით ისევ, სადაც ბიჭებს წინა ღამე გაუთენებიათ. ზვიადისტები იყვნენ, გაგვაფრთხილეს ხმა არ ამოიღოთო, მე კიდე ენას არ ვაჩერებდი. უსამართლოდ გვექცეოდნენ და მაგიტომ. ზვიადიმ ხალხი სუ გარეკ-გამორეკა, ყველა წავიდესო. ტელევიზორში რო ვუყურებდი, ჩემი ტოლა ბებერი ქალები მთებზე ისე გადადიოდნენ, რაღაცა ბუჩქებს ეჭიდებოდნენ. აეგ ზვიადი იყო ცოლი და ქმარი ერთმანეთს რო ეყრებოდა, მაგის სახელის გამო. მაგ ზვიადმა გაგვიკეთა და მერე შევარდნაძემ დააგვირგვინა. 

სოხუმი რომ აიღეს, საბოლოოდ მაშინ წამოვედით.

ჩემი რძალი სახლიდან ფარდებს რომ ხსნიდა, ჩემი მეუღლე ეუბნებოდა, რათა ხსნი, ისევ აქ არ უნდა მოვიდეთო? არავის არა ჰქონდა მაგის ფიქრი, რო ჩვენ აფხაზეთში აღარ დავბდუნდებოდით. ყველამ ეგრევე დატოვა სახლები. ჩვენ ერთი დიდი ვედრო ოქროცა გვაქ ჩაფლული. ძალიან ბევრი ამის დარდს გადაყვა, მათ შორის, ჩემი ქმარიცა. მე რო მაინც აქაური ვიყავი, სანათესაოც აქეთა მყავდა, შვილებისა და ქმრის სიცოცხლე იყო ჩემთვინ ყველაფერი.  

ხოდა წამოვედით სოფელი ბიადან, მაზუთის საზიდი ვაგონებითა, გარეთ როა ხოლმე პატარა დასადგომები, აიქ ვიდექით.

სააკაშვილმა აფხაზეთიდან დევნილები ჩემები არ არიანო, 4 ლარს ვიღებდით. მაგრამ მე არა ვჩერდებოდი. ჯართი რაც იყო -ალუმინი, სპილენძი, სულ ყველაფერი მიმქონდა ბათუმში და იქ ვყიდიდი, ვაბარებდი. მერე მერიაში წავედი, იქ ვათენებდი. ვეუბნებოდი, თქვენ გამოგვიშვით აფხაზეთიდან და თქვენ უნდა მომცეთ თავშესაფარი-მეთქი. ერთი კანტორა იყო, შევედი და ყველაფერი რაც იყო: საბუღალტრო, დირექტორის კაბინეტი, სუ გადავკეტე. დავიკავეთ ოთახები და სხვებიც შევასახლე. სამი წელიწადი ვიყავით იქა, მაგრამ მაინც დავდიოდი ბათუმში და რუსთავში. ბაზარში ვიდექი, თათრები მეხმარებოდნენ ყველაფერში, ჯერ საზამთროთი დავიწყეთ, მერე გადავედით ავეჯზე, პოლონური ავეჯი იყო, თბილისში დავიწყეთ მუშაობა. 

გავხედავდი ხოლმე და სავსე იყო დინამო აფხაზეთიდან ჩამოტანილი ავეჯით. ხან რას მივამსგავსებდი ჩემსას და ხან რას. ერთხელ ხიდზე გადმოსვლისას მანქანამ დამისიგნალა, მივიხედე და ზუსტად ის მანქანა იყო, ჩვენ რომ გვეყენა გარაჟში, თან წინ ცოტა მიჭეჭყილი იყო ისიცა. ლამის ხიდზე დავეცი, იმისთანა დავიკივლე. მეზობლების გარაჟებში ელაგა ჩვენი მანქანები, რო მისულან წამოსაყვანად, აფხაზი კაცი გადაუდგა, დედით აფხაზი იყო და მამით თურქი, ხოდა, გადაუდგა ეს კაცი და, გარაჟი რო გაეღო, ფეხებში ესროლეს- არაო, ეს ისეთი კაცის გარაჟია, რო არ გავაღებთო, მაშინ დაზიანდა ეს კაცი და იმის შემდეგ მოკვდა. იქ რო დავრჩენილიყავით არავინ ხმას არ გაგვცემდა, მშრომელი ხალხი ყველას უნდა. ჩემი ქმარი კიდე უღალატო კაცი იყო და ყველას უყვარდა. ჩემმა შვილმა რო აიღო იარაღი და აირია ყველაფერი, მაგიტო მოხდა ესე. 

ვისთვის რა უნდა მეთქვა, თუ ვლაპარაკობდი, ჩხუბით ვლაპარაკობდი სულა. მხედრიონელები რო დაიწყებდნენ ტრაბახსა, მე იქ ვერ გავჩუმდებოდი. ვინც იქა ცხოვრობდა ვერ იტყვიან იმას, რო აფხაზებმა გაგვიკეთეს ეს, აფხაზები ომშიც არ მონაწილეობდნენ. აი, ოცკაციანი, ასკაციანი ჯგუფებიც რო დადიოდა, შეიძლება, ერთი გაყოლოდა აფხაზი, ასე იყო. 

რაც არი, მონატრება არი ჩემთვინა აფხაზეთი. დღეიდან რო ფიქრი დავიწყო აფხაზეთში წასვლაზე, შეიძლება სიხარულით უფრო ადრე მოვკვდე. იქ სულ სხვა იყო ყველაფერი.


ფოტო: შაჰ აივაზოვი
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

დისქლეიმერი შვეიცარიის საელჩო
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა