გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი ილუსტრაცია

ერთი ცომის გუნდა | ლალია, სოხუმიდან

ლალია, სოხუმიდან.

იცი, ლალია, მალე ქართველების სისხლი იქნებაო, - ბოლოხანს ერთი აფხაზი მეუბნება. რაია, კაცო, ეს ჩვენი სისხლი, მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს, რძე და ყველი აქ მომაქვს, საჭმელს ერთად ვჭამთ და რატომ იძახით ასე-მეთქი. მალე ომი იქნებაო. 

სოფელში ვიყავი, კელასურში. ვმუშაობდი და რო წამოვედი სახლში, ერთი ბავშვი მყავდა და დედა, მეზობელი მოსულა და ომი დაიწყოო. მამა და ჩემი ძმა ომამდე დაიღუპნენ. ავდექით და წამოვედით. ყველა ერთად ვიყავით ქალები, ვიმალებოდით. ერთი მოხუცებული ქალი არ წამოგვყვა, შვილებიც მკვდარი ყავდა. მოაგროვეს პაკრიშკები, შევარდნენ სახლში და რო არ დახვდათ არავინ ახალგაზრდა, ჯინი აუღეს და ის ქალი ცოცხლად დაწვეს. ხოლოდ აფხაზებს ვერ დავაბრალებ, შერეულები იყვნენ, რუსიც, აფხაზიც, კაზაკიცა და ინგუშიც. სვანეთის გზით ვიარეთ. 

დედაჩემი 80 წლის იყო. რუსეთის ომებიდან მოყოლებული, მეო ასეთი ომი არ მინახიაო, ამბობდა. ტურბაზაში კინოთეატრი იყო და ჩვენი ბიჭები იქ იყვნენ შეკრებილი. ბევრი დაიღუპა. დაკავება კი არა, ზოგს იარაღის თვალითაც არ ქონდა ნანახი. სნარიადი ვისაც მოხვდა, ჩაიძირა მიწაში, არც უტირია ვინმეს და არც არაფელი, იქ მისვლა საერთოდ არ შეიძლებოდა. კელარუსიდან წამოვედით და მდინარე მერხეულამდე მივედით. 

ერთი თითის შესახვევი არ წამოგვიღია. პატარა ბილიკი იყო, ბავშვი შვიდი წლისა ზურგზე მკიდია. ისეთი ადგილი ყოფილა, თუ დაგაღამდებოდა, ცოცხლად მოგყინავდა ადგილზევე, ვერ გაინძრეოდი. ვჩქარობთ, ერთი ამბავია, და დედაჩემს ფეხსაცმელები გაეხა, სუ დასისხლიანებული ჰქონდა ფეხები. შვილო, მე ესე ვერ ვივლი, თქვენ წადითო. იქ ხო ვერ დავტოვებდი. გადავიყვანდი ცოტა მანძილს ჩემს ბიჭს, მერე მოვბრუნდებოდი, დედაჩემს წავიყვანდი და ვიარეთ ასე. ნათესავი ყოფილა წამოსული ტრაქტორით და ის მოვნახეთ მერე. ვინ დაგითმობდა გზას. წაართვეს ეს ტრაქტორი, მუქარები იყო, ან უნდა მიგეცა, ან მოგკლავდნენ. ერთი აკარდეონი მქონდა ნაყიდი ბავშვისთვის და გზაში ისიც მომპარეს. თუ ვინმეს რამე მოჰქონდა, ყველაფერი იცოდნენ.

მარტო სურათები წამოვიღე, მამაჩემისა და ჩემი ძმის. 

დედაჩემი მაინც ძველი ყაიდის ქალია და ყველი ჩაუდვია ჯიბეში, რო მოშივდება ბავშვს, ვაჭმევო. ჭუბერიდან რო გადმოვედით, სვანები პურს აცხობდნენ. დედაჩემმა პატარა ცომი გამოართვა. მერე ცეცხლი დაანთეს, წვიმდა, მაგრამ ვინ ჩიოდა. ხოდა, დაუთლია დედაჩემს ჯოხისავით რაღაცა, შემოახვია პურის ცომი და იმას უყურებდა ყველა. საშინელი შიმშილი იყო. რძეს თუ მოგვცემდნენ, ჟეშტს ვიშოვიდით, ზედ ვადუღებდით და ისე ვსვამდით. გზაზე წვრილი მსხალიც შემხვდა, შარვალი მეცვა და პატარა ბავშვი რო იპარავს, ეგრე ჩავიყარე უბეში. დამესია ხალხი, მომეციო. რამდენი ორსული ქალიც იყო, მშობიარობდნენ. ერთმა გააჩინა ბავში და თვითონ მოკვდა, მერე ის ბავშვი სვანებმა აიყვანეს. 

კაი გოგოებს რო ნახავდნენ სვანები, მიყავდათ ცოლად. ერთი მეზობელი, ლამაზი გოგო, მოიტაცა ერთმა, ოთახში ჩაამწყდიეს და თავი ჩამოიხრჩო კრაოტთან. 

მიწაზე გვეძინა. თვალი არ მომიხუჭავს. 

გზააბნეულები დავდიოდით. ზღვა ხალხი იყო. ვიღაცამ დამიყვიროდა, ნუ წახვალ, იქით, დიდი გზით იარეო. დავუჯერე. ვინც პატარა ბილიკზე წავიდა, ქარბუქმა მოუსწრო და ყველა ჩაიხოცა. ქვევით წყალიც მიდიოდა, ხრამი იყო, ვერც ამოიყვანდნენ და ვერაფერი. ასეთი ამბები იყო. 

სომხები იყვნენ შემოსული. ჩემი ნათესავები მოდიოდნენ მანქნით, ცოლ-ქმარი და ერთი ბავში, დახვდნენ გზაში და მანქანა მოგვეციო-სომხებმა, არ დაუთმიათ და ბენზინი გადაასხეს, სამივე დაწვეს. 

თვითმფრინავი რო დაჯდა, გაიტენა ხალხით. დედაჩემი არ ამოვიდა, გულმა თუ უგრძნო. არ გვინდა, შვილო, რაც დაგვემართება, აქ დაგვემართებაო და ვუგდე ყური. აფრინდა თუ არა, კლდეს მიაკვდა თვითმფრინავი და ყველა დაიღუპა. 

მე არც არავინ მყავს იქით, ჩემი ნათესაობა სუ მიწაში ჩავიდა, მაგრამ რო დავბრუნდეთ აფხაზეთში, მაინც ეს ამბავი იქნება ისევლე. ყველაფერი დანგრეულია. ვერ შეარჩენს ადამიანი - იმან იმას შვილი მოუკლა, ქმარი მოუკვდა, იქ ცეცხლზე დაწვეს. ვინ მოგითმენს.

თორემ რაცაა ჩემი ცხოვრება, სოხუმში მაქვს გატარებული, აქ რა გამიტარებია. ერთ ოთახში ვარ გამოკეტილი.


ფოტო: მაიკ გოლდვოტერი
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

დისქლეიმერი
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა