საზღვარი ჯიბეში | საუბარი გაელ ლე პავიჩთან
21.11.2024 | 8 წუთიანი საკითხავიტექსტი ეფუძნება გაელ ლე პავიჩთან საუბარს. გაელი მუშაობს სადოქტორო თემაზე ბელგიაში, United Nations University-ის გენტის ინსტიტუტში კომპერატიული რეგიონული ინტეგრაციის კვლევების განხრით. მისი აკადემიური კვლევა სამეგრელო-ზემო სვანეთში სოციალური სერვისების გაცემას სწავლობს საზღვრის პრიზმით. ის აკვირდება ამ მომსახურებათა განაწილებას აფხაზეთსა და სამეგრელოს გამყოფ ხაზზე ისევე, როგორც სადავო საზღვარზე მოლდოვასა და ტრანსნისტრიას შორის.
______________________________
„ჩემთვის ყველაზე საინტერესო სასაზღვრო პრაქტიკაზე დაკვირვებაა, ეს პრაქტიკები გვაჩვენებს, თუ როგორ, რა ნიშნებით ვლინდება (აქტიურდება – თ.ბ.) საზღვარი იმ ადგილისგან მოშორებით, სადაც რეალურად გადის. აქ ვგულისხმობთ სადავო საზღვრის ყოველგვარ გამოვლინებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, კონკრეტულად კი მაშინ, როცა საქმე სოციალურ სერვისებზე წვდომას და განკარგვას ეხება“, – ამბობს გაელი.
აფხაზეთზე საუბრისას საზღვრის ცნება ხშირად სადავო ხდება საქართველოში, სადაც ოფიციალური დისკურსი აღიარებს შესატყვისს: საოკუპაციო ხაზი. ამ ფორმულირებას ბევრი ქართველი ეთანხმება. მათ მიაჩნიათ, რომ აფხაზეთი მათი „ქვეყნის ნაწილია, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა“.
თუმცა, ქართველები, რომელთაც ენგურის ბლოკ-პოსტის გავლა ზოგჯერ ყოველდღე უწევთ, მას საზღვრად მოიხსენიებენ. ეს არეალი მათთვის ძალიან ჰგავს სწორედაც საზღვარს. მამაკაცი, რომელსაც გალი-ზუგდიდს შორის მიმოსვლა ყოველდღიურად სჭირდება, ასე მიხსნის: „აფხაზეთიდან ენგურზე რომ მოდიხარ, ჯერ რუსულ საზღვარს გაივლი, რუსი მესაზღვრეები შეგამოწმებენ ფსბ-ს თანდასწრებით. მერე მოდის აფხაზური საზღვარი აფხაზი მესაზღვრეებით. ენგურის ხიდზე გადმოსვლისას უკვე მოაღწევ ქართულ საზღვარს“, სადაც ქართული პოლიცია მოქმედებს და რეგისტრაციაში ატარებს აფხაზეთიდან საქართველოში ნებისმიერ გადამსვლელს. იქვეა დამატებითი საპოლიციო ძალა, რომელიც აკვირდება, ხომ ნამდვილად ყველა გადაკვეთა დაფიქსირდა. ეს შემოწმებები ადამიანებს აგრძნობინებს, რომ მათ ახლახან სწორედ ის ადგილი გაიარეს, რასაც საზღვარი ჰქვია და თანაც, გაიარეს, არა ერთგან, არამედ – სამგან, როგორც გალი-ზუგდიდში მოსიარულე კაცმა ამიხსნა. მიუხედავად ამისა, ქართველი ხელისუფალნი მაინც ამტკიცებენ, რომ აფხაზეთ-საქართველოს საზღვარი არ აქვს.
აფხაზეთი-საქართველოს შორის სადავო საზღვარზე მოსიარულე ადამიანებისთვის კი ესაა მტკიცედ განსხეულებული, რუტინული პრაქტიკა, რაც უყალიბებს კიდეც ხედვას, თუ როგორ აღიქვან ომის შემდგომ დამდგარი სტატუს-ქვო. არსებობს გარკვეული ქმედებები, რაც ენგურზე გადმოსვლისას მათ ცხოვრებაში სისტემატურად ხდება. სისტემატური რეგისტრაციის გარდა, ესაა პოლიციის მიერ მანქანების სისტემატურად შემოწმებაც. ამიტომ ვიტყოდი, რომ სამეგრელოში მეტი შანსია, შეხვდე ადამიანს, რომელიც იყენებს სიტყვა „საზღვარს“, ვიდრე – „საოკუპაციო ხაზს“. თუმცა, ამ სიტყვის განხილვა ასევე მახსენებს აფხაზთა აღქმას – ბევრი მათგანი სიტყვა „საზღვრის“ ხსენებისას გულისხმობს საზღვარს რუსეთთან და ბლოკ-პოსტს ფსოუზე.
საქართველოში კი ვხვდები ქართველებს, რომლებიც ენგურზე არასდროს ყოფილან და უკვირთ, როცა ეტყვი: ენგურზე ქართული პოლიცია საბუთებს ამოწმებს. ზოგს ჩემთვის ისიც დაუმტკიცებია, რომ საზღვარი იქ რუსებმა დააწესეს და ამ დროს მოქმედებას იწყებს რიტორიკა: „რუსეთი აფხაზეთის ოკუპანტია“.
ამ მოსაზრებას პატივს ვცემ, თუმცა, ჩემი – ანუ მკვლევრის როლი, იმ მოსაზრების გათვალისწინებაც მგონია, რაც სოციალურ სერვისებზე წვდომაზე საუბრისას ჩემთვის ბევრ აფხაზს უთქვამს. ონლაინ ინტერვიუში, ერთ-ერთი მათგანი ასე მიმტკიცებდა: „აი, მე ახლა თქვენ სოხუმიდან გელაპარაკებით, თქვენც რომ აქ იყოთ, გაგასეირნებდით და ნახავდით, რომ აქ რუსული ტანკები არ არიან. რუსები საზღვარზე დგანან“.
სხვა მკვლევრები, რომლებსაც უსაუბრიათ აფხაზური ელიტის წევრებთან, ხაზს უსვამენ იმას, რომ აფხაზეთის მოსახლეობას რუსების ფაქტორი თავიდანვე სწორედ ასე მიჰყიდეს: „რუსები მოდიან, მაგრამ ისინი მხოლოდ საზღვარზე დარჩებიან ქართველებისგან თქვენს დასაცავად. მათ აფხაზეთის ოკუპაცია არ უნდათ“. რუს სამხედრო ძალებს ევალებათ, ძალიან თავშეკავებული იმიჯი ჰქონდეთ და აქეთ-იქით შეიარაღებითა და სამხედრო მანქანებით სიარულით არ შეუქმნან ადგილობრივებს შთაბეჭდილება, რომ „საკუთარ სახლში“ გრძნობენ თავს. ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ სანდოობა შეუნარჩუნონ ფაქტს: აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და, როგორც ბევრ აფხაზს სწამს, ესაა მათი ერი და ქვეყანა.
ახალგაზრდა აფხაზების უმრავლესობა საქართველოში არასდროს ყოფილა, ანუ მათ აღქმას აშუამავლებს (სოციალური) მედია. Facebook ძალიან პოპულარულია აფხაზეთში და იქ ბევრი რამის ნახვა შეუძლიათ, რაც ვირტუალურად მაინც გაარღვევს იზოლაციას.
თუმცა, გარკვეული შეზღუდვები რჩება და რუსეთის უკრაინაში ომის ფონზე კიდეც მწვავდება. მაგალითად, საერთაშორისო (არასამთავრობო) ორგანიზაციებს აფხაზეთში პროექტების განსახორციელებლად თანხის პირდაპირ გადარიცხვა არ შეუძლიათ. მათ არ შეუძლიათ ჩაატარონ ტრეინინგი, ან ნებისმიერი სახის პროექტი აფხაზეთში ქართული ხელისუფლებისგან დაუდასტურებლად. ამას მოითხოვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. შედეგად, აფხაზეთში საერთაშორისო ორგანიზაციის ნებისმიერი აქტივობა უნდა შეიფუთოს, როგორც ჰუმანიტარული, რითაც ვთქვათ სოციალური ანტრეპრენერობა რთულდება.
აფხაზებისთვის საქართველოში წასვლა გამოწვევაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზური უსაფრთხოების სამსახურის დასტური სჭირდებათ, არამედ ზოგი გრძნობს სოციალურ წნეხსაც, თუ „რატომ მიდის მტერთან“. ეს წნეხი მოქმდებს მაშინაც კი, როცა საქართველოში აფხაზებისთვის უფასო ჯანდაცვის პროგრამისთვის მიდიან.
მაგალითად, აღვწერ რუხის საავადმყოფოში კოვიდით გარდაცვლილი პატივსაცემი და ხნიერი აფხაზი ქალბატონის გარდაცვალების შემთხვევას: როცა მისი გვამი აფხაზეთში გადაასვენეს, მეზობლები პანაშვიდზე არ მისულან. თუმცა, ზოგი აფხაზი ჯანდაცვის პროგრამას მაინც მიმართავს. ზოგს კი საქართველოში ჩასვლა და თბილისის თვალიერებაც მოსწონს. თუმცა, მხვდებიან ისეთებიც, რომლებიც აფხაზებისთვის შექმნილ უფასო ჯანდაცვის პროგრამას საქართველოს კომპენსაციად უთვლიან: „ეს მაინც გააკეთოს საქართველომ ჩვენთვის“. ასეთი შეფასებები კი კონტრასტშია საქართველოს თავდაპირველ განზრახვასთან, რაც ამ პროგრამას დაედო საფუძვლად – აფხაზებისთვის საქართველო მიმზიდველი გაეხადა, რათა მათ საბოლოოდ „საქართველოსთან გაერთიანება“ მონდომებოდათ.
ზოგიერთი აფხაზი აღნიშნავს, რომ საქართველო „მტერია“ და უფასო ჯანდაცვისთვის იქ არასდროს წავა. არიან ისეთებიც, ვინც თავის უშუალო სოციალურ წრეშიც კი მოზომილად ახსენებს ხოლმე, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მისაღებად საქართველოში წავიდა. ყოფილა ადამიანების სამსახურებიდან დათხოვნის შემთხვევებიც მას მერე, რაც მათ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ამიტომ ადამიანები მრავალგვარ სიმულაციას მიმართავენ. ვიცი მშობლები, რომლებსაც შვილები თბილისში სამედიცინო შემოწმებაზე უნდა წაეყვანათ, მაგრამ შფოთავდნენ იმის გამო, ბავშვებს მეგობრებისთვის თბილისის შესახებ არ ეამბნათ და ამიტომ უთხრეს, რომ კრასნოიარსკში მიჰყავდათ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ ეს მოტყუება დიდხანს ვერ გაგრძელდება, ბავშვები გაიზრდებიან და შემდეგ წასვლებზე მიხვდებიან, რომ კრასნოიარსკს ის ადგილი, სადაც ჩავიდნენ, არ ჰგავს.
გამოცემაში, რომელიც სამეგრელოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის არსებულ სოციალური სერვისების შესახებ მოვამზადე, აღწერილია შემთხვევებიც, როცა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი აფხაზები სამეგრელოში სოციალური სერვისის მისაღებად ჩადიან, რადგან აფხაზეთს ოჯახური ძალადობის შესახებ კანონმდებლობა არ გააჩნია, შესაბამისად, სისტემურად იქ მსხვერპლს ვერ ეხმარებან (არ არის ცხელი ხაზი, თავშესაფარი). ზოგიერთ აფხაზ აქტივისტს უწევს ცხელი ხაზის ნაცვლად პირადი ტელეფონის ნომერი მისცეს, ანდა საკუთარ სახლში შეიფაროს ის, ვინც ძალადობას თავი დააღწია. სამეგრელოში კი ერთადერთი თავშესაფარია და ერთი დღის ცენტრი, სადაც სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციო-ეკონომიკური და ლეგალური მხარდაჭერის სერვისებია. ორივე ზუგდიდშია. თავშესაფარში მოსახვედრად ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, მხოლოდ ამის შემდეგ მისცემენ 72 საათით დარჩენის უფლებას...
იმ აფხაზებისთვის, რომლებმაც ოჯახური ძალადობა გამოიარეს, ეს და ასევე საზღვრის ბიუროკრატიული წესები ძალიან საჩოთიროა. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული CSO, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თავშესაფარი აქვს და შეუძლია აფხაზეთიდან ჩასული ოჯახურ ძალადობას გადარჩენილები გარკვეული დროით პოლიციაში განუცხადებლად შეიფაროს.
ასე რომ, სადავო საზღვრები ყოველდღიურად ახალ-ახალ გამოწვევებსა და გავლენებს უტოვებს ადამიანებს – უტოვებს ვალუტის, ლეგალური ჩარჩოების გავლით. თითქოს, ეს საზღვრები, რომელთა ერთგვაროვან არსებობაზეც ვერავინ თანხმდება, ადამიანებს ჯიბით გადააქვთ. საზღვარი მოქმედებს სოციალური სერვისების განაწილებასა და ხელმისაწვდომობაზეც, რაც ოჯახური ძალადობის შესახებ შემთხვევებმაც დაგვანახა.
სამეგრელოში სამთვიანი საველე კვლევის შემდეგ იმის თქმაც შემიძლია, რომ სადავო საზღვრები მოქმედებას განაგრძობს მეორე მხარესაც. ამიტომაც ვიყენებ კვლევაში სასაზღვრო ზოლის (borderland) კონცეფციას.
ასე ვცდილობ, ვაჩვენო, თუ რამდენად თავისებურად ძერწავს სოციალურ და ეკონომიკურ ურთიერთკავშირებს ტერიტორიული დაყოფა. ჩემი აზრით, საქართველოსა და აფხაზეთს შორის სწორედ ორი ურთიერთდაკავშირებული სივრცე გვაქვს და ამ ურთიერთბმას მხოლოდ აძლიერებს ის ფაქტი, რომ ორივე მხარეს ცხოვრობს მეგრული მოსახლეობა. დაცდა და დაკვირვებაა საჭირო, თუ როგორ განვითარდება სადავო საზღვარი საქართველო-აფხაზეთს შორის სულ უფრო ფეთქებადსაშიში გეოპოლიტიკური რეალობის შესატყვისად.
______________________________
სტატიის სათაური განზრახ იმეორებს სხვა სტატიის სათაურს: “The Border in the Pocket: The Passport as a Boundary Object” (Häkli 2015), რომელსაც გაელ ლე პავიჩი აკადემიურ კვლევაში თეორიულ ჩარჩოდ იყენებს.
თარგმნა თამარ ბაბუაძემ