დიანა სარკეში | თამარ ბაბუაძე
02.10.2024 | 12 წუთიანი საკითხავიტექსტი ეფუძნება დიანა ჩაჩუას ოჯახის აფხაზეთიდან წამოსვლის ისტორიას
კუს ბაკანი
შენ იტყვი, რომ ნამდვილი გინახავს
იმ დღეს ბაბუამ მანქანა სახლს მიაყენა და მეზობლებს უთხრა, რაც გინდათ ჩამოიტანეთ, ჩავტვირთავთ და წავედითო. სოჭისკენ მიდიოდნენ. თვითონ ხელში რაც მოხვდა, ის წამოუღია. ჩაუდია დედაჩემის ბავშვობის შუბა, არადა, 30 წლის ქალი იყო მაგ დროს უკვე დედაჩემი, მე ხუთი წლის ვყავდი. ალბათ, გადაქექა რაღაცები, ვერ ხვდებოდა, რა წამოეღო ან რა დროით მოდიოდა და თავისი შვილის პატარაობის შუბას, ალბათ, როგორც სახსოვარს, ისე დაავლო ხელი. ამას კი ვერ ვხსნი – ჩაუდია ფეხსაცმლის გასაწმენდი კრემი, რომელიც თვითონ ჩამოუტანია აფრიკიდან, სადაც ორი წელი ცხოვრობდა.
ბაბუა ინჟინერი იყო, სასოფლო-სამეურნეო მანქანების სპეციალისტი და საბჭოთა კავშირიდან გაუგზავნიათ მაპუტუში, მოზამბიკში, იქაური სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამიტომ გაგრის და სოხუმის სახლებში ბევრი უცნაური და უცხო ნივთი ჰქონდა. საბჭოთა კავშირის დროს და მერეც – უქონლობის პირველ პოსტ-საბჭოთა წლებში – ეს იშვიათი ნივთები განსაზღვრავდა ადამიანების მდგომარეობას – საერთოდ, ვინ იყავი. ახლა ვფიქრობ, რომ ეს აფრიკული სუვენირებიც, პირველ რიგში, ამიტომ გამოიტანეს ბებია-ბაბუამ გაგრის და სოხუმის სახლებიდან.
წამოღებული აქვთ ნახატები აფრიკელი მოცეკვავე ქალებით, ბრინჯაოს სანათი.
კუს ბაკნის გიგანტური ზედა ნაწილი.
მერე დედამ გამატანა სკოლაში. დედა კი ძალიან მამზადებდა სოხუმის პირველ საშუალო სკოლაში სწავლისთვის, მაგრამ ექვსი წლის იმ სექტემბერს გავხდი, სოხუმი რომ დაეცა.
ანბანის სწავლა რომ დავიწყეთ, წიგნში, ასო-ბგერა კ-ზე ეხატა კუ და დედამ მითხრა, წაიღე ეს ბაკანი, სხვებს ნახატზე ექნებათ ნანახი და შენ ეტყვი, რომ, აი, ნამდვილი გაქვსო.
ჩემი სახლი რომ ვიყიდე თბილისში, აფხაზეთიდან წამოღებული ნივთების ნაწილი ვთხოვე დედას – როგორც ჩემი მზითვები, წინმსწრებად მომეცი-მეთქი.
გაგრა კი მალე დავკარგეთ, მაგრამ ბებიაჩემმა, დედაჩემის დედამ, მოასწრო სოხუმში რამდენჯერმე ჩასვლა. შეუვალი ქალი იყო, უარს არ ნებდებოდა, შევიდოდა, ხელჩანთაში ჩაიდებდა რომელიმე უცხოეთიდან ჩამოტანილ ნივთს და წამოვიდოდა. ეს ბრინჯაოს სანათი, მოცეკვავე ქალიც, რომელიც აფრიკაში იყიდა, ეგრე აქვს გამოტანილი სოხუმიდან. სარესტავრაციოა.
ფაქტობრივად, გაგრით დაიწყო აფხაზეთის დაკარგვა და სოხუმის ჩაბარებით დასრულდა, მაგრამ ჩვენ წლების მერე გავიგეთ, რომ ბებია-ბაბუას სახლი გაგრაში გადამწვარა. მაშინ ყველაფერი იწვოდა და ამბები რთულად გამოდიოდა – ვერ გავიგებდით. მერე ვიღაცის ფოტოზე შევნიშნეთ – გადაიპარებოდნენ ხოლმე, გადაიღებდნენ – რომ ჩვენი ჩაფერფლილი სახლისგან კარკასიღა დარჩა. გაგრაში კიდევ ერთი სახლი გვქონდა, ბებო მეუბნებოდა, შენს სახელზე ვიყიდე, რომ გაიზრდებოდი, უნდა გადმომეცაო. იქ დღეს ცხოვრობენ სხვები.
იაპონური ტაფები
როგორ და რატომ ვიყიდეთ სახლი უცხო ქალაქში
54 წლის იყო გული ბებო მაშინ. აი, ნახე, რა ახალგაზრდაა. ამ ფოტოზე პაპაჩემთან ერთად ცეკვავს დედაჩემის ქორწილში. ესე იგი, ომამდე ექვსი წელია დარჩენილი. ბებიასაც და პაპასაც დიდი შემოსავალი აქვთ მაგ დროს. ბებიაჩემი მუშაობდა გაგრის პირველი უნივერმაღის დირექტორად და პირველი ქალი დირექტორი იყო. დიდი დოვლათი ჰქონდა და თან გულუხვი იყო. სულ საჩუქრებს არიგებდა. ოღონდ, შენიშნე, რომ ბაბუაჩემს პაპას ვეძახი? არ გიკვირს? კახელი იყო პაპაჩემი – გივი ჯამასპიშვილი – და ამიტომ. მამამისი ენისელიდან იყო, დედა – პოლონელი ჰყავდა. მერე აფხაზეთში წამოვიდა, მეგრელი ქალი შეირთო ცოლად – ბებიაჩემი, გული გახარია და თქვა, ჩემი სახლი აქ არის, აქედან წამსვლელი აღარსად ვარო. გაგრაში გვარით არავინ მოიხსენიებდა, გივი კახელს ეძახდნენ.
მოგზაურობა, მანქანა, სახლი გაგრაში, მიწა ბიჭვინთაში… ხელის გულზე გაზარდეს დედაჩემიც. ამიტომაც გაუჭირდა მერე დედას ამ თავის ფუფუნებით სავსე ცხოვრებასთან განშორება.
ასე ამბობენ ხოლმე გული ბებო და დედა, იაპონური ტაფები გავყიდეთ და იმით ვიყიდეთ „ხრუშჩოვკა“ ვარკეთილის მესამე მასივშიო. არა, იმიტომ არ უყიდიათ, რომ ეგონათ, უკან ვეღარ წავიდოდნენ. იმიტომ იყიდეს, რომ სადმე ხომ უნდა გვეცხოვრაო?! მაგ „ხრუშჩოვკაში” ჩვენ შეგვიშვეს – დედა, მამა და მე. გული ბებომ და გივი პაპამ კი დაკეტილი, გაუქმებული საბავშვო ბაღის შენობა ნახეს, #15 ბაგა-ბაღი, ბოქლომი ედო. გატეხეს ბოქლომი და შევიდნენ. მთელი სართული აიღეს, მაგრამ მერე ნაწილი ნათესავებს დაუთმეს – ბაღის ბავშვების დასაძინებელი ოთახი. ჩვენ დაგვრჩა ის გრძელი ოთახი, სადაც საბჭოთა საბავშვო ბაღში გასახდელია მოწყობილი – პალტოების კაბინებით, სამზარეულო, აბაზანა და მთავარი ოთახი.
ძირს ეყარა ათასი ნივთი, მახსოვს სხვადასხვა წლის გამოშვების ბავშვების სურათები და ფოტოალბომები. არ მახსოვს, რა უქნეს ამ სურათებს, გაიტანეს, ალბათ.
ჩვენ ვიყავით ერთი-ერთი პირველები ნაცნობი დევნილებიდან, ვინც ბინა იყიდა. სადაც პირველი დასახლდებოდა ვიღაც, გარშემო ეძებდნენ სხვებიც. ასე გახდა ჩვენი ვარკეთილის ბინაც პირველი თავშეყრის ადგილი თბილისში თავშეფარებული ჩვენი ნაცნობი სოხუმელებისთვის. რამდენმა გადავნათლეთ ერთმანეთი, იცი?! სოხუმში, „ბოტანიკაში“ ჩვენი მეზობლები ვინც იყვნენ, ვარკეთილშიც ეგენი გახდნენ ჩვენი მეზობლები – ლომიები და ჩვენ. ძაან ძვირფასი ხალხი (ბოტანიკის სამეცნიერო-კვლევითი საკავშირო ინსტიტუტი იყო სოხუმიდან 15 წუთში, რომელიც მერე, ომის დროს, თითქმის განადგურდა. უნიკალური ადგილი, ედემის ბაღივით, სადაც 4 ათასზე მეტი სახეობის მცენარე ხარობდა, საკოლექციო ნარგავები, მცენარეთა 200-მდე ოჯახის 45 ათასი ნიმუში საცდელ მეურნეობაში. აი, ამ სუბტროპიკული სამოთხის გაგრძელებაზე ააშენეს ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი კორპუსი. ნოდარი ბაბუას აუშენებია ეგ შენობა და ამიტომ ბინა მასაც მისცეს. მოგვიანებით კი თვითონ უსახსოვრა მამაჩემს საქორწილო საჩუქრად. „ბოტანიკას“ ეძახდნენ იმ სახლს და დღესაც ასე ვეძახით).
სახლი
მოყოლით
გამოილია სოხუმიდან წამოღებული ავლადიდება და გავყიდეთ ვარკეთილის ბინა. ჩვენც შევეკედლეთ ბებოს და პაპას საბავშვო ბაღის კომპაქტურ დასახლებაში, ოღონდ დროებით, ასე თქვეს ჩემებმა. საერთოდ, თბილისში ყველაფერი „დროებით“. მუდმივი იყო სახლის მისამართი, რომლის ფოტოც კი აღარ მქონდა და ბოლოს ხუთი წლის ასაკში ვნახე – სახლი სოხუმში, ლაკობას ქუჩაზე, #35-ში. მაგრამ მამა კმაყოფილი იყო იმით, რომ მოწმობაში მუდმივ საცხოვრებლად ეს მისამართი მეწერა. მითხრა, რომ როგორც ჩაჩუების ოჯახის უფროსი ვაჟის პირველ მემკვიდრეს, დიანას, მე უნდა მრგებოდა სოხუმის საგვარეულო სახლი. ახლაც კმაყოფილია.
27 სექტემბერი რომ ახლოვდება ხოლმე, ონლაინ რუკებზე ვიწყებ სახლის ძებნას. ან ერთმანეთს ვუგზავნით ფოტოებს. ასე ვნახეთ ეგ სახლიც ამასწინათ და დედაჩემს გავუგზავნე, ნახე-მეთქი, კონდენციონერი დაუყენებიათ, ფასადზე ჩანს. იუკადრისა – კონდენციონერი მანდ გვქონდა 1984-შიცო.
ახლა დავიწყე ჩვენი ვარკეთილის საბავშვო ბაღის რომანტიზება, თორემ თავიდან გაქცევა მინდოდა. ჩემი ძმა ან ვინმე სხვა რომ გამაბრაზებდა, ვეხუმრებოდი, როდის გაიზრდებით, ბაღის კი არა, ნეტავ სკოლის შენობაში შესულიყავით, დიდებივით იცხოვრებდით-მეთქი. ჩემები კიდევ, გათენდებოდა თუ არა, დაიწყებდნენ მოყოლას, სოხუმში ეს გვაქვს, გაგრაში ეს გელოდებაო. ყოველ დღე იყო ჩამოთვლა. მოვიწყენდი, ვიღლებოდი და ვბრაზობდი, თინეიჯერობაში განსაკუთრებით: აქ რა გვაქვს, აქ რა ხდება, ეგ მითხარით, აღარ მიამბოთ სახლი-მეთქი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩემით ვიყიდე ბინა, თავი ვიგრძენი სახლში. 22 წელი ველოდი ამ გრძნობას.
ყავადანი
შესვენება
დევნილობა სისხლზე უფრო ძლიერია. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლით ნათესავები რომც არ ვყოფილიყავით, დევნილობა გვაერთიანებდა. ოჯახის წევრად იქცა ყველა, ვინც ბაგა-ბაღ #15-ში და იქამდე ჩვენი ხრუშოვკის ირგვლივ დასახლდა. ერთ დიდ ოჯახად ცხოვრება დავიწყეთ და ამ ცხოვრების ღერძული რიტუალი იყო ყავის ერთად სმა.
ახლა რომ ვუყურებ, ყავის ჯგუფურად დალევა ანაცვლებდა იოგასაც, ჰოლოტროპულ სუნთქვასაც და ფსიქოთერაპიასაც. ახლაც მიყვარს მაგის ყურება, დავსვამ ხოლმე და ვუსმენ, რაზე ლაპარაკობენ „ტურეცკი ყავის“ სმისას. მაგ დროს სულ მინდა წარმოვიდგინო სოხუმში ყავის სმებიც.
ყავის სმები ომში. დილით რომ სროლები იყო და ესენი მაინც ადუღებდნენ, ერთმანეთს ურეკავდნენ, ერთმანეთთან გადადიოდნენ და მოფარებულში სვამდნენ, ამბებს ყვებოდნენ და არ ელეოდათ.
სოხუმის ჩვენი სახლიდან დედას მზითვიც წამოიღეს – KRUPS-ის ფირმის ფილტრიანი ელექტრო ყავადანი... 1982 წელს უყიდია გული ბებოს აეროპორტში, როცა აფრიკიდან ბრუნდებოდა. ფილტრიანი ყავის სმა მასობრივად საქართველოში მერე დაიწყეს. გული ბებოს კი მაშინ უყიდია, როგორც უცხო ნივთი, უცხო „ტექნიკა“ – ასე ეძახდნენ. დოლარი დარჩენიათ და დოლარს საბჭოთა კავშირში ვერ შემოიტანდნენ, თორემ ყავას აღიარებდნენ მხოლოდ „ტურეცკის“.
ცოტა ხნის წინ მამაჩემმა გამომიარა, ამოდი, ყავა დავლიოთ-მეთქი. დღეში რვაჯერ რომ შესთავაზო, რვაჯერ დაგთანხმდება.
ჩიტი
გააქტიურებული მეხსიერება
ზის და ვსვამთ ყავას, უცებ შენიშნა კედელზე ჩემი მეგობრის, გიორგი ლომიძის ნახატი – ჩიტია გამოსახული, ჭრელი, ლამაზი ჩიტი. და აღარ გაჩერდა, ლაპარაკობს და ლაპარაკობს ამ ნახატზე, აქებს და აღწერს მის დეტალებს. დედას მოვუყევი მერე, მამა ასე მოიქცა-მეთქი. დედამ მითხრა, არ იცოდი, მამაშენის სუსტი წერტილი რომ არის ჩიტებიო? „ბოტანიკის“ სახლშიც გვყოლია ჩიტი. დედამ, სანამ შენ მოგეფერებოდა, პოლიციიდან, მორიგეობიდან შინ დაბრუნებული, ჯერ იმ ჩიტთან მიდიოდაო.
და მერე გამახსენდა, რომ სახლში ჩიტს მამა შეჩვეული იყო ბავშვობიდან. ლაკობას ქუჩაზეც, მისი ბებია-ბაბუის სახლშიც, გვყავდა ძალიან დიდი თუთიყუში კეშა. ომი რომ დაიწყო, მაშინაც ცოცხალი იყო. სამზარეულოში, მაცივრის თავზე, გალიაში იჯდა. ეგ ფანჯარა გადაჰყურებდა ზუსტად აფხაზური თეატრის უკანა ეზოს და მაგ ფანჯრიდან ჩანდა, როგორ იცვლიდნენ ტანსაცმელს და შიშვლდებოდნენ მსახიობები. კეშაც, მსახიობებიც და თეატრის ფანჯრებიც კარგად მახსოვს ან მოვიგონე და მგონია, რომ მახსოვს.
კოვბოის ჩექმები
ჩაიცვი და მოუსვი აქედან
დედაჩემმა შთამაგონა, რომ არც ვარკეთილის მესამე მასივის ბინაში და არც #15 საბავშვო ბაღის დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში ჩემი ადგილი არ არის – წესით, სხვაგან უნდა ვცხოვრობდეთ, წესით, ჩვენი სახლი სხვა არის. დედა მგონი დღემდე ვერ შეეგუა იქ ცხოვრებას, მაგრამ თვითონ მაინც აღარსად წასულა, ბიჭი შვილიც კი, რომელიც აუცილებლად სოხუმში დაბრუნებულებს უნდა გაეჩინათ – ასე ჰქონდათ ჩაფიქრებული, თბილისში დაიბადა – ჩემი ძმა.
სამაგიეროდ, ჩემი გავლით ცდილობდა გაღწევას. სულ ცდილობდა, რომ გამორჩეული ვყოფილიყავი. მოზამბიკში ცხოვრებისას უსწავლია აფრიკული ნაწნავების გაკეთება და ამ უცხო-უცხო ვარცხნილობებით მიშვებდა თბილისის სკოლაში დევნილ ბავშვს. ერთხელ მასწავლებელმა მითხრა, დედაშენის ნიჭიერებას პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან იქცევ ყურადღებას შენი ვარცხნილობებით და იქნებ, ასე აღარ გაიკეთო თმაო. შვებით ამოვისუნთქე და დედასაც ვუთხარი – იქნებ შემეშვას-მეთქი; მაგრამ რა მოხდა? კომპლიმენტად მიიღო, საყვედურად კი არა.
აი, ეს კოვბოის ჩექმები – უიშვიათესი რამე მაშინ, გული ბებოს ებრაელი „სპეკულიანტისგან“ რომ უყიდია, მას კი ამერიკიდან ჩამოუტანია, ამ გაღწევის სიმბოლოა. მე მეცვა ბავშვობაში – მაშინ სოხუმში ვცხოვრობდით. მაგრამ ამ ფოტოზე უკვე ჩემს ძმას ჩააცვეს თბილისში. ანუ იზრუნეს იმაზე, რომ დიანას დაპატარავებული ჩექმები სოხუმიდან დევნილობაშიც წამოეღოთ. ჩემი ძმის მერე მთელი სამეგობრო-სანათესაოს ბავშვები მოიარა – დიანა კარგი და წარმატებული შვილი გამოდგა, რამდენს მიაღწია და კარგ ფეხზე ჩაიცვამენ ბავშვებიო.
წიგნები
ესე იგი, სახლი მაქვს
წიგნებზე მაქვს გადახრა. ასი წიგნი რომ მქონდეს სახლში წაუკითხავი, კიდევ ასს ვიყიდი. სკოლაში დამეწყო. როცა რაღაცას გვაძლევდნენ წასაკითხად, ყველას სახლში ჰქონდა წიგნი და მე – არა. სოხუმიდან ერთი რუსულენოვანი წიგნის გარდა არაფერი წამოუღიათ ჩემებს. ეს რუსული გამოცემა კიდევ პაპამ, ალბათ, გაგრის სახლიდან თვითონვე წამოიღო, რადგან მის სპეციალიობას უკავშირდება – „სელსკო-ხაზაისტვენნი სლოვარ“. მაგრამ რაში სჭირდებოდა, არ ვიცი. ახლა ჩემს სახლში მაქვს, ვინახავ, როგორც აფხაზეთიდან წამოღებულ ერთადერთ წიგნს. მას მერე ჩემი ოცნებაა, რომ მოვაწყო დიდი ბიბლიოთეკა, სადაც მექნება უამრავი წიგნი. დევნილი ბავშვის სინდრომია, აბა რა. ადრე მაქვს წაკითხული სტატია, თუ როგორი ძალა აქვს დიდი ბიბლიოთეკის ქონას. 90 პროცენტი შეიძლება არც გქონდეს წაკითხული, მაგრამ მაინც გადმოდის მათი ძალა შენზე. ასე ვივსებ გულისწყვეტას იატაკიდან ჭერამდე აყოლებული თაროების მიმართ, რომლებიც წიგნებით იყო სავსე სოხუმის სახლში. ჩემს მეგობარს გავუზიარე ერთხელ წიგნების მიმართ რასაც განვიცდი და ვერ გამიგო, რადგან მის ოჯახს ოჩამჩირიდან თურმე, მთელი ბიბლიოთეკა წამოუღია – თაროები მოუხსნიათ და ისე ჩაუტვირთავთ მანქანაში, მთლიანად. არ ვიცი, რომელი საქციელი უფრო ლოგიკურია – ჩემების თუ მისი ოჯახის. თუმცა, ლოგიკა როგორ გინდა ეძებო გამოქცეული ადამიანის ქცევაში.
ფოტოები
წარსული ჩემთანაა
როგორც კი მიხვდნენ ჩემები, რომ ხვალ არ ბრუნდებიან სოხუმში, დაიწყო დაუსრულებელი საგა: მათხოვე ეგ ფოტო, რა იქნება და მოგიტან მერე, ვაჩვენებ მერაბს და დაგიბრუნებ – ეტყოდა დედა თავის სოხუმელ მეგობარს უკვე აქ, თბილისში, რომელიღაც ფოტოს სახლში წამოიღებდა და, რა თქმა უნდა, აღარ უბრუნებდა. მათ რად უნდოდათ ჩვენი ოჯახის ფოტოები? მაშინ ხომ ეს წესი იყო – ბეჭდავდნენ თავიანთ ან შვილების ფოტოებს ადამიანები და ბებია-ბაბუებს, ნათესავებს და მეგობრებს ჩუქნიდნენ. მერე, აქ ვინც ჩამოიტანა სოხუმიდან, უფოტოებოდ დარჩენილი დევნილები პარავდნენ.
თორემ ჩვენებს ერთი ფოტო არ წამოუღიათ. თითქოს, 1993 წლამდე ბავშვობა არ მქონია.
მისხალ-მისხალ შევაგროვე ეს ალბომი. ეს არის გაგრის სახლის ვერანდა, გაგრის სახლი ჩემთვის არის ბებო, პაპა და ირინა – ჩემი დეიდაშვილი. ასეთი ყვავილებიანი შპალერი გვქონდა. ესაა სოხუმის სახლის „ზალა“. ნახე, მანდაც როგორი შპალერია. ეს კაბა ნოდარი ბაბუამ ამერიკიდან ჩამომიტანა. ეს დედაჩემი და თავისი მეგობრები.
ეს „მინოლტა“ კიდევ დიდი გამართლებაა. ეგეც პაპასგან მერგო. ამ სოფლის მეურნეობის წიგნთან ერთად წამოიღო. მერე უკვე, 90-იანების თბილისში, მთელი ჩვენი სანათესაოს ფოტოები ამ „მინოლტამ“ გადაიღო.
სარკე
სარკეში ორივე დაეტევა
როცა სოხუმზე, გაგრაზე და დედ-მამის ოჯახებზე ვყვები, არ ვიცი, რას ვიგონებ, რას ვაჭარბებ და რას ვავსებ სხვების მონაყოლით. სულ ვცდილობ გავერკვე ამაში. ჩემი სოხუმიდან გამოფრენის ამბავიც კი სულ სხვანაირად მახსოვდა, მხოლოდ ორი წლის წინ გავაცნობიერე. მანამდე სულ წარმომედგინა, რომ ძალიან დრამატულად, ტირილით, გლოვით წამოვედი თბილისში, რადგან ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ასეთი ექსტრემალური რეაქცია შეეფერებოდა საიდანღაც ამოძირკვას და წამოსვლას, თან ექვსი წლის ბავშვისთვის, რომელიც სამხედრო ფორმაში გამოწყობილ მებრძოლ მამასთან ტოვებს თავის ლამაზ და ახალგაზრდა დედას. არადა, ძალიან მშვიდად წამოვსულვარ, ვითომც არაფერი, რადგან თვითმფრინავის ბორტზე ბებოს ვეჯექი კალთაში.
მას მერე ვცდილობ დავალაგო მეხსიერება. ვაგროვებ ამ ნივთებს, ვათავსებ მათში მოგონებებს, ვცხრილავ ამბებს და ტყუილ-მართალს; მაგრამ მერე გამოვალ აივანზე, ჩავიხედავ ამ სარკეში და მასში არეკლილ ძველი თბილისის ფრაგმენტს, მთაწმინდის კალთას რომ დავინახავ, მახსენდება, რომ ეს ხედიც ძალიან შემიყვარდა. თუმცა, წამებში მეორე „მაგრამ“ იწყებს ამოზრდას – „მაგრამ ეს სარკე, რომელშიც ვიხედები და თბილისს ვხედავ, სოხუმიდან რომ არის? დედიკოს ნაქონი? სოხუმის სახლიდან მოხსნილი და დევნილობაში წამოღებული ერთადერთი დიდი ზომის ნივთი?
ეს სარკე აქ ხომ იმიტომ დავკიდე, რომ სოხუმის სახსოვარია, რომელშიც ახლა თბილისი ჩანს.