ცეცხლის არკები და მერე ფსოუ | ბალიდა ანსიანი, დევნილი აფხაზეთიდან
10.01.2024 | 8 წუთიანი საკითხავიბალიდა ანსიანი, 74 წლის, აფხაზეთიდან, ცხოვრობს თბილისში, თბილისის ზღვასთან, დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში
ლესელიძის მაღლა ადიოდა გზა და ხიდი, ფსოუზე გადასასველი. იქით უკვე რუსეთი იწყებოდა. მანამდე პავაროტი იყო, ჯერ სალმეა, მერე სულევო და იქ ვცხოვრობდი. ძირითადად სვანები ცხოვრობდნენ. მე თვითონაც სვანი ვარ, სამი შვილის დედა. ჩემი ქმარი ომობდა, ოთხი თვე თვალით არ მენახა. ცოცხალი იყო თუ მკვდარი, წარმოდგენა არ მქონდა. ერთხელ ვიღაცამ ამბავი მოიტანა, გაგრის მაღლა გორაზე „პაგრანსასტავია“ და იქ დგასო.
შუა ღამეა, ღამის სამი საათი. ახალგაზრდა ბიჭები ყვირიან, გამოდით, არავინ არ დარჩეთ სახლებში, მტერი მოდისო. ავდექი, ბავშვებს ჩავაცვი. გარდერობი რო გამოვაღე, ვიფიქრე, ეგებ გზაში დამჭირდეს-მეთქი და თითო ხელიც ავიღე. ვინ იფიქრებდა სამუდამოდ რო მოვდიოდით. გამოვედი სპალნიდან, კარებში ვდგავარ და ჩემი გოგო მომადგა, დედა, მამას ტანსაცმელი არ უნდაო? გულში ვთქვი, მამაშენი ცოცხალია თუ მკვდარი, ისიც არ ვიცი-თქვა და ტანსაცმელი რისთვის წამეღო.
გამოვედით.
აესე მოდის ცეცხლის არკები. გვაგინებენ რა ენაზეც შეიძლება. ჩამოვდივართ გორაკებზე, ფეხით, მოვრბივართ, თან ეს ბავშვური ასაკის ბიჭები ყვირიან, ქართველები, რუსებიც ერივნენ. დაგვიარეს სათითაოდ, არავინ რო არ დავრჩენილიყავით სახლში. ერთ მეზობელ ქალს შვილი ჰყავდა მკვდარი. იყო კივილი და მთელი ამბები, ვერავინ მივედით, ჩახუტებულია პამიატნიკზე და მე წამოსვლა არ მინდა, ჩემ შვილთან დავრჩებიო, ვერ მოვაშორეთ.
გზაში ლესელიძისკენ ვერ წავიდოდით, ისევ ფსოუდან და ტყისკენ მივდიოიდით. შუა გზაში ჩემი გოგო მომიბრუნდა და ტანსაცმელი მაჩვენა, მამას წამოვუღეო. სურათებიც გამოუტანია. ახლა რომ ვუყურებ იმ სურათებს, ცრემლებს ვერ ვიკავებ, დავტირი ჩემს თავს.
ფსოუმდე ასე ჩამოვედით.ვლოცულობდი, ღმერთო, მე ჯანდაბას მოვკვდე, მაგრამ ბავშვები გადამირჩინე- თქვა. ფეხი შევდგა მდინარეში და ეს სამი ბავშვი სად წავიყვანო, ერთი ამბავია და ამ დროს ვიღაცამ გამკრა მხარი, კინაღამ წავიქეცი. თურმე ალალი დეიდაშვილის ცოლის ძმაა, ვუცნივარ. უცბად აიტაცა ბავშვები და ფსოუს მისცა თავი. ერთი ეს ბედი მოგვცა დალოცვილმა ღმერთმა, რო ფსოუ გაშლილად მოდიოდა და სიმაღლე არ ჰქონდა. გადაიყვანა ბავშვები მდინარის იქით და გამოვიდა უკან, ჩვენსკენ.
გადავედით.
კიბე-კიბე გორები იყო, უშველებელი. ავედით და ღამე იქ გავატარეთ. ვიქნებოდით ორმოცდაათი კაცი, ძირითადად ქალები. ეგ ადგილი სვანების ძველთაძველი საცხოვრისი იყო, დანგრეული სახლები. წაწვეტებული ქვები იყო ჩარჩენილი მიწაში. დავიწყეთ ქვების გაწმენდა, რვთხრიდით, ვასწორებდით რაღაცნაირად. კიდევ კარგი, შალის ადიელა მქონდა წამოღებული, გავშლიდით ადიელას და ათი თვის ძუძუმწოვარ ბავშვიანად თავშექცევით ვაწვენდით ბავშებს. მთელი ღამე მორიგეობით თავზე ვადექით. ათი დღე ასე გავატარეთ. ხანდისხან თუ მოგვიტანდა ვინმე პურს. აქეთ ტელეგრამას ვაგზავნდით, ვეუბნებოდი, გადმოგვიყვანეთ-მეთქი, მაგრამ გაგვყიდა მაშინ შევარდნაძემ. პასუხს კი ეგრევე გვაძლევდა, თვითმფრინავში საწვავი რო ჩავასხათ, იმისი ფული არ გვაქვსო. როგორც იქნა, მეათე დღეს უშველებელი ტრაილერი მოვიდა. შევიკუჭეთ, როგორც შეგვეძლო. წამოგვიყვანეს ადლერში. თითქმის ერთი კვირა ჩაის სააფხაზო შენობა იყო და იქ ვიყავით. ძალიან დიდი პატივი გვცა იმ ხალხმა. მთელი ღამე თავზე გვედგენენ. აქედანაც ვგზავნიდით ტელეგრამას, იგივე პასუხი მოდიოდა.
მერე ერთ კინოს დარბაზში შეგვყარეს. პატარა ტელევიზორი იდგა და, რო ჩართავდნენ, რაც მონაცემები იყო, იმას ვუყურებდით ჩვენა - როგორ კლავდნენ, როგორ აუპატიურებდნენ ჩვენს ხალხს. ხან რუსულ, ხან ქართულ არხზე. ტიროდნენ ბავშვები, ვერ ვაჩუმებდით.
სვანების მოდგმას გაუგია ტელეგრამის პასუხი, შეუგროებიათ თვითმფრინავის საწვავის ფული და ჩამოგვიტანეს.
ვზივარ ასე რიადში, კარების პირდაპირ, ბავშვი კალთაში მიზის. გაიღო უცბათ კარები და შემოდიან ორმეტროიანი აშოტილი ბიჭები. ერთი ფორმიანი, დანარჩენებს რაღაცა ჩემოდანივით უდგათ მხარზე. გამისკდა გული, ერთმანეთს გადავხედეთ ქალებმა, ახლა ამათ თუ ლიმონკები აქვთ, ღმერთო, ბავშვები გადამირჩინონ-თქვა. გამოვიდა ერთი ბიჭი და ჩვენო ძველთაძველი სვანები ვართ, ფული მოგიტანეთო. ადამიანები ვართ და, თუ რამე შეგვიძლია, ხო უნდა გაგიკეთოთო. სამი თვითმფრინავის სამყოფი საწვავის თანხა შეგვიგროვეს. ისიც შემოგვთავაზეს, აქ დარჩით, როგორც ჩვენ ოჯახს, ისე მოგხედავთო. რა ვიცოდით, სამუდამოდ რო აქეთ მოგვიწევდა დარჩენა, თორე მეხვეწებოდა ჩემი ნათესავი სოჩაში დარჩენას. მაშინ დედაჩემიც ცოცხალი იყო, ჩემი ძმა, ძმიშვილი და ამდენი ვერ გავჩერდებოდით.
ასე გადმოგვაფრინეს ღამის სამ საათზე აქა.
აეროპორტში რო ჩამოვედით, ოთახის ტელეფონებზე ვრეკავდით იქით-აქით. დასარჩენი გვინდოდა და ყველგან გვეუბნებოდნენ ადგილი არა გვაქვსო. სიცივეა, ბავშვები ტირიან, ყვირიან და, მადლობა ღმერთს, თბილისის ზღვაზე ყოფილა ერთი შენობაო, სასტუმრო ტურბაზა და იქ არის ადგილიო.
არც გზა იყო ნორმალური და არაფერი. ღრმაღელეზე ბავშვს ფეხით დავყვებოდი სკოლაში. აქ გვარდია დათარეშობდა, მხედრიონიც. აქაურ გოგოებს ერჩოდნენ, ვმალავდით გოგოებს. დღესაც არის ისეთი კრაოტები, სპინკებს ავხსნიდით და შიგ შევმალავდით ხოლმე. გაუპატიურება უნდოდათ.
ჩემი ქმარი ხელებგაშლილი იდგა ქავთარაძეზე, რო პურის ფული ეშოვა, ღამეებსაც ათენებდა, ვაჭრობდა, მცირედი რაღაცები რო გაეყიდა. ხოდა ვუთხარი, რო, თუ რამენაირად შეძლებ, ერთი დანა მიყიდე-მეთქი. ბავშვებს სუ ყოველთვის ხელით ხო არ დავუქუცმაცებდი პურს. დღემდე მაქვს და ვლოცავ მაგ დანას. ლალისფერი ტარი და გრძელი თავი აქვს. მაგ დანამ გადამარჩინა ერთხელ. უკვე ღამდებოდა, ბავშვებს პური ვაჭამე და რაღაცამ იმისთანა დაატკაცუნა, აი, ქვას რო დაარტყამ. გამისკდა გული. გაიღო კარები და ავტომატიანი აშოტილი ვაჟკაცი შემოვიდა. დაბნელდა წუთიერად ჩემს თვალწინ. კალიდორი არის სახლში პატარა და მერე ეგრევე ოთახია, დანა მედო მაგიდაზე. პური რო დავუჭერი ბავშვებს, იქვე დავტოვე, ხოდა რო დაინახა ეს დანა ამ ბიჭმა, დათვივით დაიბღავლა, ეს სვანისააო?! ეტყობა თვითონაც სვანი იყო. ან სვანების ნაცემი. ეგენი ხო ჭედავენ დანებს. ამის თქმა იყო, გატრიალდა და გაიქცა.
შპიონობებიც მიდიოდნენ, ვის ოქრო ჰქონდა და ვის რა. მაგას ეძებდნენ.
ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი