გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

რუსეთის დამკვიდრება აფხაზეთში | ზურა წურწუმია

1810 წლის 19 ივნისს სევასტოპოლის საზღვაო ბაზიდან რუსული ფლოტილია დაიძრა სახაზო ხომალდ „ვარახაილ“-ის [Варахаил] მეთაურობით. ეს ის დროა, როცა რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომის მეოთხე წელი მიდის, ხოლო მათი საბრძოლო მოქმედებების მთავარი არეალი დუნაისპირეთია[1]. თუმცა ივნისში სამხედრო ბაზიდან გასულმა ხომალდებმა კურსი არა დუნაისპირეთის, არამედ უფრო აღმოსავლეთისკენ აიღეს. გზად მათ შეუერთდათ ორი ფრეგატი – ვოინი [Воин] და ნაზარეთი [Назарет]. ფლოტილიას მეთაურობდა კაპიტან-ლეიტენანტი პეტრე დოტი [Пётр Андреевич де Додт, Pierre André de Dodt]. მის დაქვემდებარებაში იყო მეოთხე საზღვაო პოლკის  ბატალიონიც, პირადი შემადგენლობით – 640 ჯარისკაცი.

ოცდღიანი მგზავრობის შემდეგ, 9 ივლისს, ფლოტილია სოხუმის ყურეში გამოჩნდა და სოხუმის ციხეში მდგარ ოსმალურ გარნიზონს დანებება შესთავაზა. დაიწყო მოლაპარაკებები, თუმცა – უშედეგოდ. დღის სამი საათისთვის რუსულმა ფლოტმა ცეცხლი გახსნა და სანაპირო დაცვის ნაგებობებსა და ციხეს მეორე დილამდე საარტილერიო ცეცხლით განუწყვეტლივ ამუშავებდა. დილით რუსული დესანტი ორ ქვემეხთან ერთად ხმელეთზე გადავიდა. ოსმალებმა ნახევრად დანგრეული ციხის კედლებიდან ცეცხლი გახსნეს, ხოლო სოხუმის მთებიდან კავალერია და ქვეითები რუსული დესანტის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ. ფლოტის დახმარებით რუსებმა ეს შეტევა მოიგერიეს, ციხის კარიბჭე ქვემეხებით შეანგრიეს და უშუალოდ შტურმისთვის მზადებაში იყვნენ, როდესაც ოსმალებმა ციხეზე თეთრი დროშა გადმოჰფინეს. 1810 წლის 10 ივლისის დილის 11 საათისთვის რუსებმა სოხუმის ციხე დაიკავეს[2].

სოხუმის აღება ოსმალებზე რუსების უპირობო გამარჯვება იყო. მისი დაკარგვის შემდეგ სულთანს რეგიონში ერთ-ერთი უკანასკნელი საყრდენი ციხე გამოეცალა. თითქოს გაირკვა კიდეც, თუ ვინ იქნებოდა აფხაზეთის ახალი მეპატრონე, მაგრამ ყველაფერი ასე ცალსახად ვერ იქნებოდა – რუსულ-ოსმალური დაპირისპირების მიღმა, აფხაზეთის სამთავროში კიდევ სხვა, ადგილობრივი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობდა.

რუსებთან შეტაკებისას სოხუმის ციხეში იმყოფებოდა ოსმალებისგან მხარდაჭერილი აფხაზეთს სამთავროს მემკვიდრე – ასლან-ბეი შარვაშიძე. მაშინ, როდესაც დამარცხებული ასლან-ბეი თავის გადარჩენილ მებრძოლებთან ერთად სოხუმს ტოვებდა და ჯიქეთის[3] გზას ადგა, რუსული ძალებით გარშემორტყმული და იმედმიცემული მისი ძმა, სეფერ-ბეი შარვაშიძე სამეგრელოს გავლით სოხუმისკენ მიემართებოდა.

რუსული ძალების მიერ სოხუმის აღებიდან რამდენიმე თვეში, 1810 წლის ოქტომბერში, სეფერ-ბეის, იგივე გიორგი შარვაშიძეს, რუსეთის იმპერატორის ოფიციალური განჩინებით, აფხაზი თავადებისა და ხალხის თანდასწრებით, აფხაზეთის მთავრობა ოფიციალურად დაუმტკიცეს. ადგილობრივი ძალაუფლების ეს კრიზისიც, თითქოს, მოგვარდა, თუმცა აფხაზეთის თავადაზნაურობა და შარვაშიძეთა საგვარეულოს სხვა წევრები არ აპირებდნენ ახალი, რუსული წესრიგის ასე უპირობოდ მიღებას.

დასავლეთ საქართველოს რეგიონი რუსეთის იმპერიის გამოჩენამდე

აფხაზეთის სამთავრო, დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებთან ერთად, ოსმალური გავლენის ქვეშ XVI საუკუნიდან მოექცა. XVII საუკუნის დასაწყისიდან, დადიანისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას ახერხებს ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს ცხუმის ერისთავად ნახსენები და მთავრის ტიტულის მატარებელი შარვაშიძეთა გვარი, მაგრამ პარალელურად ისიც ოსმალურ სივრცეში ხვდება[4]. ოსმალური გავლენა მოიცავს რელიგიასაც. ქელეშ-ბეი შერვაშიძის წინამორბედები და მისი შთამომავლობაც – ასლან-ბეი და მისი დანარჩენი შვილებიც მუსულმანები არიან. მეორე ვაჟი, სეფერ-ბეი კი სამეგრელოს მთავრის, კაცია დადიანის ქალიშვილ თამარზე დაქორწინებისას გაქრისტიანდა. მოსახლეობისთვის ისევე, როგორც დიდგვაროვნებისთვის, ძირითადი სასაუბრო ენა ამ დროს აფხაზურია. თუმცა, ცალკეა საქმეთა წარმოებისა და მწერლობის ენა. მაგალითად, გიორგი შარვაშიძე, რომელიც მიჩნეულია პირველ აფხაზ პოეტად, ტექსტებს ქართულად და რუსულად წერდა. ქართული ასომთავრულით არის დატანილი წარწერა გიორგისა და მამამისის, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის საფლავებზეც სოფელ მოქვში.

ასე რომ, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის სამთავრო ოსმალეთის პოლიტიკური და რელიგიური სივრცის ნაწილია, მაგრამ ამავე დროს ახლო დინასტიურ, რელიგიურ და კულტურულ კავშირში არიან სხვა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებთან, ასევე, ჩრდილო კავკასიელ მთიელებთან.

სავარაუდოდ, ამ დროს ისევე, როგორც მანამდე და შემდეგაც, მმართველ წრეებში – არისტოკრატიაში ცოცხლობს მეხსიერება, რომ ოდესღაც ყველანი ერთიანი ქართული სივრცის ნაწილი იყვნენ, მაგრამ ამას პოლიტიკური გამოხატულება აღარ ჰქონია. გვიანდელ ფეოდალურ სისტემაში ელიტა გაბატონებული ძალის დაქვემდებარებაშია – და აფხაზეთის ელიტაც ოსმალურ სივრცეშია ინტეგრირებული (ისევე, როგორც, მაგალითად, მე-17 საუკუნის ქართლ-კახეთის სამეფოს ელიტები ირანის მმართველობაში ებმებიან).

თვითონ ოსმალეთის თვალში კი დასავლეთ საქართველო გეოგრაფიულად იზოლირებული და ეკონომიკურად ღარიბი რეგიონია. ამიტომ ის სულთნის კარზე ზედმეტი ფინანსური თუ პოლიტიკური ინვესტიციების სურვილებს არ აღძრავს. ოსმალებისთვის მთავარია, რეგიონში სტაბილურობა ჰქონდეს, უცხო და მტრული ძალების შემოსვლა არ დაუშვას. ამიტომ ზღვის ნაპირის კონტროლს მათთვის საკვანძო ფუნქცია აქვს და ქუთაისისა და შორაპნის ციხეების გარდა, მტკიცედ აკონტროლებენ ბათუმის ციხეს, ფოთს, ანაკლიასა და სოხუმსაც. თუმცა, ციხეების მიღმა, მათი ძალაუფლება, მეტწილად, ფორმალურია. ერთადერთი, ყოველი ახალი მთავრისა თუ მეფის დამტკიცება მაინც სულთნის ხელში რჩება, რაც მას ადგილობრივ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ძლიერ ბერკეტს უტოვებს (ყველაფერი სხვაგვარადაა სხვა ოსმალურ პროვინციებში, მაგალითად, სამცხე-საათაბაგოში, სადაც ადგილობრივი თავადაზნაურობა, ფაქტობრივად, ოსმალთა მოხელეების ფუნქციას ასრულებს).

დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებთან ოსმალებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობაც აკავშირებდათ – ქართველები ოსმალური სამხედრო-პოლიტიკური მმართველობისთვის საკვანძო ეკონომიკურ პროცესში – მონათვაჭრობაში[5] მონაწილეობდნენ. ოსმალეთი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში რჩებოდა მონათა გასაღების დიდ ბაზრად და დასავლეთ საქართველოში და მის მიღმაც მონებით ვაჭრობა საკმაოდ წარმატებულ საქმიანობად ჩამოყალიბდა.

ეს ურთიერთობები რომ არა, დასავლეთ საქართველოში მეტი იყო ოსმალეთის იმპერიისგან ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიის ხარისხი, ხოლო პოლიტიკურ არენაზე პერიოდულად ჩნდებოდნენ ხოლმე ძლიერი მეფე-მთავრები, რომლებიც ოსმალთა წინაშე ფორმალური მორჩილების წინააღმდეგაც კი ბედავდნენ გამოსვლას. თუმცა, ამ გამოსვლებს შედეგი არ მოჰყოლია. არცერთ ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულს არ აღმოაჩნდა საკმარისი ეკონომიკური და სამხედრო ძალა, რომ ოსმალური გავლენა და წარმომადგენლობა სრულად მოეშორებინა[6]. 

სამაგიეროდ, ოსმალური ბატონობა თავისუფლად უშვებდა რეგიონში იმ ტიპის შიდა ფეოდალურ კონფლიქტებს, რომლებიც უშუალოდ ოსმალების მმართველობას საფრთხეს არ უქმნიდა. ამგვარ პროცესებში ხშირად მეზობელი საფაშოების მმართველები საკუთარი ინიციატივით ან სულთნის დავალებით ერთვებოდნენ, რაც ოსმალთა მთავრობას, იგივე ბრწყინვალე პორტას, ზედმეტი სამხედრო და ფინანსური ხარჯების გარეშე რეგიონის კონტროლს უადვილებდა.

ვასალიტეტის სწორედ ამგვარი ფორმა იყო ჩამოყალიბებული დასავლეთ საქართველოში, როდესაც რუსეთის იმპერიამ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და თბილისში დამკვიდრების შემდეგ ექსპანსია დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით განაგრძო.

რა ხდება აფხაზეთში რუსეთის შემოსვლისას

აფხაზეთის სამთავროში ამ დროს ძალაუფლება ძლიერ და ენერგიულ ქელეშ-ბეი შარვაშიძეს ეპყრა. მან მოახერხა სამთავროს შიგნით ძალაუფლების კონცენტრაცია და უკვე 1790-იანი წლებიდან აქტიურად მოქმედებდა მეზობელი მთავრის, დადიანის წინააღმდეგაც. ქელეშ-ბეი მას სამურზაყანოს მიწაზე უპირისპირდებოდა. 1802 წელს ქელეშ-ბეიმ ანაკლიის ციხეც წაართვა დადიანს და სამეგრელოს სამთავროს მემკვიდრე, ლევანი მძევლადაც აიყვანა. მისი ძალისა და გავლენის დემონსტრირება იყო 1805-06 წლების მოვლენებიც, როდესაც ქელეშ-ბეიმ ჯერ სულთნისგან დევნილი თაიარ-ფაშა შეიფარა, სულთნის მოთხოვნაზე კი, რომ უკან დაებრუნებინა მოღალატედ შერაცხული ფაშა, უარი განაცხადა და მეტიც, დევნილს ყუბანისპირეთში გადასვლის საშუალებაც მისცა.

როდესაც, ამ ამბების საპასუხოდ, აფხაზეთს, 1806 წელს, ოსმალური ფლოტი მოადგა, ქელეშ-ბეიმ სანაპიროზე თავი მოუყარა სამთავროს ძალებს, რის გამოც ოსმალებმა ბრძოლა ვერ გარისკეს და უშედეგოდ გაბრუნდნენ უკან.

იმ წლებში ქელეშ-ბეი რუსებთანაც აღმოჩნდა კონფლიქტში. 1805 წელს სამეგრელოს მთავრის ქვრივმა, ნინო დადიანმა[7] მძევლად წაყვანილი შვილის, ლევანის დაბრუნებაში რუსებს დახმარება სთხოვა. რუსებმაც ქელეშ-ბეის მძევლის გამოშვება მოსთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. შედეგად, რუსებმა 1805 წლის მარტში ანაკლია ძალით აიღეს. 2 აპრილს ქელეშ-ბეიმ ლევან დადიანი გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი ანაკლია დაიბრუნა. ეს კონფლიქტი არა იმდენად ქელეშ-ბეი-რუსეთს შორის პრობლემებს ასახავდა, რამდენადაც რუსების მხრიდან დასავლეთ საქართველოს რეგიონში იმ დროისთვის თავიანთი ერთადერთი მოკავშირის და ქვეშევრდომის – დადიანის დახმარების სურვილს.

ასლან-ბეი, სეფერ-ბეი და მათი ბრძოლა ძალაუფლებისთვის

ქელეშ-ბეის უფროსი ვაჟი იყო რუსებთან 1810 წელს სოხუმში დაპირისპირებული ასლან-ბეი შარვაშიძე[8] – ქელეშ-ბეის პირველი ცოლის მარიამის პირმშო ძიაპშ-იფების გვარიდან. ქელეშ-ბეის უმცროსი შვილები, მათ შორის ჰასან-ბეიცა და ბათალ-ბეიც, მარშანიების გვარის წარმომადგენელი ქალისგან – რაბია მარშანიასგან ჰყავდა. მომავალი პოლიტიკური ბრძოლების ერთ-ერთი მთავარი გმირი, ასლან-ბეისთან დაპირისპირებული სეფერ-ბეი კი აფხაზეთის მთავარს, სავარაუდოდ, ლეიბას გვარის გლეხის ქალისგან ჰყავდა.

ფეოდალურ წყობაში შიდა საგვარეულო დაპირისპირებები სისტემის არსებობის ლოგიკაა, რომელიც მთელ ეპოქას განუყოფელ ნაწილად გასდევს. ქელეშ-ბეისაც 1805-06 წლებში შეთქმულება მოუწყო პირველი ცოლის ოჯახმა – ძიაპშ-იფების საგვარეულომ. გავრცელებული ვერსიით, აფხაზეთის მთავარი მემკვიდრეობის საკითხში უპირატესობას ანიჭებდა ბათალ-ბეის ან სეფერ-ბეის, რაც ძიაპშ-იფების განრისხების  მიზეზი გახდა. თუმცა, შეთქმულება ჩაიშალა: ქელეშ-ბეის უფროსმა ვაჟმა, სწორედ ძიაპშ-იფების რჩეულმა ასლან-ბეიმ, რომელიც, სავარაუდოდ,  უნდა ჩართულიყო კიდეც მამის წინააღმდეგ შეთქმულებაში, იქით მოკლა ერთ-ერთი შეთქმული ძიაპშ-იფა და მამის ეჭვები შესაძლოა ამითაც გაფანტა.

თუმცა, ქელეშ-ბეის მკვლელობის მორიგი მცდელობა უკვე შედეგით დასრულდა: მოხუცი მთავარი სოხუმში, საკუთარ სასახლეში 1808 წლის ორ მაისს მოკლეს.

ერთი ვერსიით, მკვლელობის უკან რუსები ან ნინო დადიანი იდგა, რომელმაც რუსების დავალებით, თუ საკუთარი ინიციატივით, მკვლელობა თავისი სიძისა და ქელეშ-ბეის ერთ-ერთი ვაჟის, სეფერ-ბეის[10] სასარგებლოდ დაგეგმა და განახორციელა. რუსული ვერსიით კი, მკვლელობის უკან ოსმალები იდგნენ, რომლებმაც ქელეშ-ბეიზე შურისძიება სწორედ იმით მოახერხეს, რომ მისი მემკვიდრე მოისყიდეს და სულთნის მფარველობა აღუთქვეს. რეგიონში მოქმედი რუსი სამხედრო მეთაურები ასლან-ბეის მამის მკვლელად ღიად მოიხსენიებდნენ. ზოგიერთ წერილში დეტალურადაც კი აღწერდნენ, თუ როგორ განხორციელდა მკვლელობა: საღამოს სასახლეში შემავალ ქელეშ-ბეის ასლან-ბეიმ ესროლა, მაგრამ ააცილა და საკუთარი ძმა ბათალ-ბეი დაჭრა. ასლან-ბეის ხალხმა კი რამდენიმეჯერ ესროლა მოხუც მთავარს. ძირს დავარდნილ, დაჭრილ მამას მივარდა ასლან-ბეი და ხმლით დაჩეხა. იმ ღამეს მან მამის გარდა ორი ძმაც მოკლა.

მთავრის მკვლელობამ აფხაზეთი შიდაფეოდალურ კონფლიქტში ჩაითრია, რადგან ქელეშ-ბეის მემკვიდრეობის საკითხი ბოლომდე გარკვეული არ ჰქონდა. ფეოდალური წესით, მთავრობა უფროს ძეს, ასლან-ბეის ეკუთვნოდა, თუმცა ქელეშ-ბეი სიცოცხლის ბოლო წლებში მემკვიდრედ სულ სხვადასხვა შვილს ასახელებდა.

თუმცა აფხაზეთში ხვდებოდნენ იმასაც, რომ აფხაზეთის მთავრის სტატუსისთვის ბრძოლაში რეალურად ერთმანეთს ოსმალეთი და რუსეთის იმპერია უპირისპირდებოდნენ. ორივე ძალამ მალევე ღიად დაუჭირა მხარი თავიანთ ფავორიტებს: ასლან-ბეიმ სოხუმის ციხეს შეაფარა თავი, სეფერ-ბეი კი ლიხნში გამაგრდა და იქიდან სთხოვდა რუსებს, რომ სამხედრო გზით მხარი დაეჭირათ მისთვის და სოხუმიდან მისი ძმა ასლან-ბეი გაედევნათ.

რუსები ხვდებოდნენ, რომ სოხუმზე მათ შეტევას ოსმალები აგრესიად მიიღებდნენ, არადა იმ დროს მათსა და სულთანს შორის დროებით ზავზე მიდიოდა მოლაპარაკებები. პირდაპირი ჩარევის ნაცვლად, მათ ნინო დადიანს მისცეს განკარგულება, სამეგრელოს ძალებით დახმარებოდა სიძეს, სეფერ-ბეის. ასე მიადგნენ დადიანისა და სეფერ-ბეის ძალები სოხუმის ციხეს, მაგრამ ასლან-ბეის დასახმარებლად ფოთიდან ოსმალური ძალებით ზღვით მოვიდა ფოთის მფლობელი ქუჩუკ-ბეი [ისიც – შარვაშიძე]. სეფერ-ბეიმ და დადიანმა სოხუმი ვერ აიღეს და უკან გაბრუნდნენ.

1808 წლის ბოლოსთვის აფხაზეთში ასეთი სურათი შეიქმნა: ოსმალებისგან მხარდაჭერილი ასლან-ბეი სოხუმში იყო გამაგრებული, ხოლო მისი ძალაუფლება სოხუმს გარეთ პრაქტიკულად არ ვრცელდებოდა. სეფერ-ბეი კი იდგა ლიხნში, თუმცა არც მას ჰქონდა საკმარისი ძალა, მორჩილებაში ჰყოლოდა სოხუმი ან სხვა რეგიონები. ამავდროულად, ის რუსებისთვის კანონიერ მემკვიდრედ აღიქმებოდა[10], მაგრამ მისი მდგომარეობა და ავტორიტეტი უფროსი ძმისას ჩამოუვარდებოდა.

ძალთა ბალანსი მთელ ამ რეგიონში ასე გამოიყურებოდა: რუსეთის ქვეშევრდომობაში მხოლოდ სამეგრელო იმყოფებოდა, რუსეთსა და იმერეთის სამეფოს შორის აშკარა კონფლიქტი მწიფდებოდა, ხოლო გურიელის პოზიციაზე გავლენას ის იქონიებდა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები[12]. არადა, ოსმალები ვერაფრით ახერხებდნენ საკმარისი სამხედრო ძალის თავმოყრას, რომ რუსებს დასავლეთ საქართველოში უშუალოდ დამუქრებოდნენ. სულთნის მთავარი ყურადღება იმ დროს ბალკანეთზე იყო მიმართული, სადაც მიმდინარე ომი ოსმალეთის სამხედრო და ფინანსურ ძალებს შთანთქამდა. მეტიც, პრაქტიკულად ამ ომმა ორი სულთანი შეიწირა კიდეც[12].

თავის მხრივ, არც რუსებს გააჩნდათ რეგიონში ისეთი ძალა, რომ მხოლოდ მასზე დაყრდნობით დაექვემდებარებინათ აფხაზეთი. მეტიც, აფხაზეთში მათი მხარდაჭერილი სეფერ-ბეი ადგილობრივ თავადაზნაურობაში ავტორიტეტისა და გავლენის სერიოზულ პრობლემას აწყდებოდა. მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშაც კი იდგა. შესაძლოა რუსებმა განზრახ გადაწყვიტეს მსგავსი სუსტი ფეოდალის მხარდაჭერა, თუმცა რამდენადაც სწორად ან ლოგიკურადაც უნდა ჩანდეს ეს მოტივები, სწორედ ამგვარმა პოლიტიკამ გამოიწვია კონფლიქტები აფხაზეთში.

თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში გაგრძელდა დაპირისპირება რუსეთსა და ოსმალეთს შორის, რომელიც ასლან-ბეის, როგორც სულთნის მიერ კანონიერად დამტკიცებულ აფხაზეთის მთავარს, მუდმივად აძლევდა მხარდაჭერას და ბრძოლის შესაძლებლობას.

უკვე 1810-იანი წლების ბოლოს აფხაზეთში იმდენად არასტაბილური იყო ვითარება, რომ კავკასიის რუსული ადმინისტრაცია, ერთ ხანს, რეგიონის ისევ ოსმალებისთვის დაბრუნებასაც კი განიხილავდა. ცნობილია, რომ ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ერმოლოვი[13], რომელიც იმპერატორს მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში გადადგომითაც კი დაემუქრა.

1810 წელს სოხუმის დაკარგვის შემდეგ ასლან-ბეი აფხაზეთში არაერთხელ დაბრუნდა და მისმა სამხედრო გამოსვლებმა რუსებს რამდენჯერმე კრიტიკულადაც გაურთულა საქმე. 1813 წლის ივლისში ის ოსმალების დახმარებით დაბრუნდა და ადგილობრივი თავადების ნაწილში მხარდაჭერაც მიიღო, მაგრამ სეფერ-ბეიმ ძალაუფლება რუსების დახმარებით შეინარჩუნა: რუსულმა რეგულარულმა ჯარმა და ლევან დადიანის დამხმარე ძალებმა ასლან-ბეი დაამარცხეს და ის ისევ ჯიქეთში გაიქცა.

1818 წელს სეფერ-ბეის დაუმორჩილებლობა გამოუცხადა მისმა მეორე ავტორიტეტულმა ნახევარძმამ, ჰასან ბეიმ, რომელსაც დედამისი, ქელეშ-ბეის ქვრივი, რაბია მარშანიაც შეუერთდა. ჰასან ბეის, ძირითადად, აბჟუის[14] აფხაზი თავადები უჭერდნენ მხარს. ამ დროს მის მეკავშირედ გამოჩნდა ასლან-ბეი და ერთიანი ძალით შეეცადნენ რუსეთის ქვეშევრდომად ჩამოყალიბებული სეფერ-ბეის დამხობას. რუსებს ისევ მოუწიათ თავიანთი ფავორიტის სამხედრო გზით დაცვა – რუსული სამხედრო ნაწილები კვლავ შევიდნენ აფხაზეთში. ასლან-ბეი ოსმალეთში გაიქცა, ხოლო ჰასან-ბეი დარჩა და სხვა თავის მომხრე თავადებთან ერთად რუსებმა შეძლეს მისი მორჩილებაში მოქცევა.

ამის შემდეგ, აფხაზეთში რამდენიმე წლის განმავლობაში მოჩვენებითი სიწყნარე დამკვიდრდა. ვითარება აფეთქებისთვის ნაპერწკალს საჭიროებდა და ეს მომენტიც დადგა: 1821 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა სეფერ-ბეი შარვაშიძე.

ზოგი ფიქრობდა, რომ მთავარი მოწამლეს, ხოლო დანაშაულის უკან ჰასან-ბეი იდგა. ამ ვერსიას ისიც ამყარებდა, რომ სეფერ-ბეის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე ჰასან-ბეის ქვეშევრდომი 200 აფხაზი ტყეში შეშის მოსაგროვებლად გასულ სოხუმის რუსული გარნიზონის ნაწილს დაესხა თავს. ჰასან-ბეი ისედაც არ სარგებლობდა რუსების სრული ნდობით. ერთი მხრივ, მას საკმაოდ ძლიერი ავტორიტეტი ჰქონდა აფხაზეთში: მას ხომ ზურგს უმაგრებდა ზემოთ ხსენებული აბჟუის აფხაზური არისტოკრატია, წებელდის თავადები, ჰქონდა კავშირი ოსმალებთან და, ზოგიერთი ცნობით, მათთან ერთად კონტრაბანდულ ვაჭრობასაც მისდევდა. ზოგიერთი ვერსიით, ოსმალები მას ასლან-ბეის ალტერნატივადაც განიხილავდნენ. ჰასან-ბეის მხარს უჭერდნენ ძმებიც – ბათალ-ბეი, როსტომ-ბეი და თაირ-ბეი. ეს უკანასკნელი სულთნის კარზეც კი იყო გაგზავნილი, რათა მეტი ქმედითი მხარდაჭერა მოეპოვებინა. რუსებმა ჰასან-ბეი მოლაპარაკებების საბაბით მოტყუებით მიიყვანეს სოხუმის ციხეში, დაიჭირეს და ციმბირში გადაასახლეს. ამ ამბავმა კიდევ უფრო აღაშფოთა აფხაზი თავადაზნაურობა. აფხაზეთში დარჩენილი ჰასან-ბეის ძმები ასლან-ბეის გვერდით დადგნენ, რომელიც ოსმალების დახმარებით 1821 წლის ივნისში ჯიქეთში ჩავიდა. იქ მას ჩერქეზები და ფსხუელები დაუდგნენ გვერდით და ერთიანი ძალებით დაიძრნენ სოხუმისკენ.

რუსებისთვის ვითარება კრიტიკულ მდგომარეობას მიუახლოვდა. სეფერ-ბეის შვილები მცირეწლოვნები იყვნენ [უფროსი, დიმიტრი ნინო დადიანმა 1811 წელს პეტერბურგში წაიყვანა და იქ იმყოფებოდა], ხოლო აფხაზი თავადების უმეტესობა ასლან-ბეის მხარეს გადადიოდა.

აგვისტოში ასლან-ბეიმ გარდაცვლილი ძმის, სეფერ-ბეის ქვრივს, თამარ დადიანს ერთგულების ფიცი ძალით დაადებინა. ამის შემდეგ მან სექტემბერში სოხუმის ციხეს ალყა შემოარტყა და რუსებს დანებება მოსთხოვა. გარნიზონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მიხინმა დანებებაზე უარი განაცხადა. გენერალი გორჩაკოვი[15] ორი ბატალიონით, არტილერიითა და სამეგრელოს ძალებით დაიძრა სოხუმის ალყის მოსახსნელად. ასლან-ბეი მოქვთან დახვდა რუსულ ძალებს, მაგრამ აბჟუის და წებელდის მმართველები განუდგნენ და მანაც ბრძოლა ვერ გაბედა – უკან დაიხია.

ასლან-ბეიმ მხოლოდ რამდენიმე თავდაცვითი ბრძოლა აწარმოა, მაგრამ რუსებმა დაძლიეს მისი წინააღმდეგობა, დაიხსნეს სოხუმი, მივიდნენ ლიხნში და ასლან-ბეის ერთგული თავადების სამფლობელოები დააწიოკეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო რუსების ერთ-ერთი პირველი სადამსჯელო ექსპედიცია, როდესაც სამხედრო მოქმედებებში უკვე დასახლებების დაწვა და ქონების განადგურება გამოიყენეს სამოქმედო ფორმად. ასლან-ბეი ძმებთან და აფხაზეთში აყვანილ მძევლებთან ერთად ოსმალეთში [ტრაპიზონში] გაბრუნდა[16].

1821 წლის ოქტომბერში აფხაზეთში ჩავიდა სეფერ-ბეის უფროსი შვილი — რუსეთში აღზრდილი დიმიტრი შარვაშიძე და რუსებმა ის აფხაზეთის მთავრად დაამტკიცეს, მაგრამ მისი ძალაუფლებაც ფორმალური იყო. დიმიტრი მალევე, 1822 წლის 16 ოქტომბერს გარდაიცვალა[17]. რუსებს უკვე გაკვეთილად ახსოვდათ სეფერ-ბეის საეჭვო გარდაცვალება და ამჯერად ენერგიულად იმოქმედეს: ლიხნში თამარ დადიანს დაცვა დაუყენეს, ხოლო აფხაზეთის ახალ მთავრად სეფერ-ბეის მომდევნო შვილი, მიხეილ შარვაშიძე დაადგინეს. მიხეილსაც რუსული განათლება ჰქონდა. ის უკვე იმყოფებოდა რეგიონში, რადგან 1821 წლის გორჩაკოვის სამხედრო ექსპედიციაში მონაწილეობდა. მიხეილი მთავრად 1823 წლის თებერვალში ოფიციალურად დამტკიცდა.

ასლან-ბეი ამ გარდამავალი პერიოდის გამოყენებას კვლავ შეეცადა. მორიგი აჯანყება მან 1824 წელს წამოიწყო და მის მხარეს აფხაზი თავადების დიდი ნაწილი დადგა. მან სოხუმსა და ლიხნსაც ალყა შემოარტყა.

1824 წელს სოხუმის ციხის გარნიზონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მიხინმა აჯანყებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება დაიწყო და ესეც სადამსჯელო ექსპედიციას დაემსგავსა. მაგალითად, მაისში, მიხინმა, ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს, სოხუმის ახლოს სოფელი აკაფა გადაწვა, რასაც ასლან-ბეის მომხრეების რეაქცია მოჰყვა – სოხუმისკენ მიმავალ მიხინსა და ორ რუსულ ასეულს ჩაუსაფრდნენ და მთლიანად გაანადგურეს. მიხინი ბრძოლაში მოკლეს კიდეც.

ივნისში ანაპადან ასლან-ბეი ოსმალურ ძალებთან ერთად აფხაზეთში ჩავიდა. ყველაზე მძიმე ვითარება ჩამოწვა ლიხნში – აქ მეგრელთა ორი ასეული იცავდა მიხეილ შარვაშიძის დედას და მათი მდგომარეობა უკიდურესამდე იყო გართულებული. ივნისში რუსებმა თავს მოუყარეს სახმელეთო და საზღვაო ძალებს და ასლან-ბეის წინააღმდეგ მოქმედება დაიწყეს[18]. სამხედრო ოპერაციას კვლავ გენერალი გორჩაკოვი მეთაურობდა. 10-15 ივლისს რუსებმა სოხუმისა და ლიხნის ალყები გაარღვიეს. ამის შემდეგ აფხაზეთის მთავარი, მიხეილი დედასთან ერთად სამეგრელოში, ხეთაში გადავიდა საცხოვრებლად და აფხაზეთში 1827 წლამდე აღარც ჩასულა. ასლან-ბეის ორგანიზებული წინააღმდეგობა აგვისტოში გატყდა, თუმცა ბრძოლას ოქტომბრამდე მაინც აგრძელებდა. ერთი პერიოდი მიტოვებული ლიხნიც კი დაიკავა, თუმცა შემდეგ ვეღარ განავითარა აჯანყება და ისევ ოსმალეთში დაბრუნდა.

მომდევნო მნიშვნელოვანი რუსული სამხედრო ექსპედიცია 1830 წელს შედგა, როდესაც მათ ფოთი-ანაპას საზღვაო ზოლის სრულად დაკავება და გაკონტროლება გადაწყვიტეს. რუსებს ამჯერად ხელ-ფეხი სრულად ქონდათ გახსნილი, რადგან 1829 წელს ოსმალეთმა აფხაზეთი რუსეთის გავლენის სფეროდ ოფიციალურად ცნო.

ექსპედიციას მეთაურობდა გენერალი ჰესე[19], რომელიც 1830 წლის ივნისში 2000 კაცის თანხლებით ზღვით გადავიდა სოხუმში და იქიდან ანაპასკენ დაიძრა. რუსებს საძები [ჯიქები] და უბიხები უწევდნენ წინააღმდეგობას. რუსებმა ვერ შეძლეს სანაპირო ზოლის სრული გაწმენდა, და ამის ნაცვლად არაერთგან გამაგრებული პუნქტები და ციხეები აღმართეს[20].

ასლან-ბეი 1830 წლის მოვლენებშიც გამოჩნდა აფხაზეთში, თუმცა კვლავ ვერ მიაღწია მიზანს და, როგორც შემდგომში გაირკვა, საბოლოოდ დატოვა აფხაზეთი და სტამბულში გადასახლდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

აფხაზეთში XIX საუკუნის 30-40-იან წლებში ამბოხებები და გამოსვლები გაგრძელდა, თუმცა რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლობა ამჯერად გაცილებით მძლავრი, ორგანიზებული და გავლენიანი იყო. გარდა ამისა, რუსების მხარდაჭერილ მიხეილ შარვაშიძეს უშუალოდ აფხაზეთში აღარ ჰყავდა კონკურენტი და შიდა ფეოდალური კონფლიქტიც ნელ-ნელა ამოიწურა. ასლან-ბეის წინააღმდეგობისა და რეგიონზე ოსმალების პრეტენზიების გაქრობის შემდეგ, მხოლოდ დროისა და მიდგომის საკითხი იყო, თუ როგორ ჩაანაცვლებდა რუსეთი რეგიონში ფესვგადგმულ მართვის წინანდელ ფორმას. როგორც მომდევნო წლების მოვლენებმა აჩვენა, ეს მიდგომები კიდევ უფრო ძალისმიერი და მკაცრი იყო, რომლის საფასური არათუ აფხაზურ თავადაზნაურობას, არამედ უბრალო გლეხობასაც უნდა გადაეხადა.

______________________________

[1] 1806-1812 წლების რუსეთ-ოსმალეთის მეშვიდე ომში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარ ფუნქციას დუნაის რუსული არმიის მარცხენა ფრთის ზღვიდან დაცვა წარმოადგენდა. ოსმალურ ფლოტს არ უნდა მოეხერხებინა ვარნას მომარაგება ან რუსული არმიის ზურგში შავი ზღვის ნაპირზე დესანტის გადასხმა. აქედან გამომდინარე სევასტოპოლში მდგარ რუსული ფლოტის ყურადღება ძირითადად ოსმალურ ფლოტსა და შავი ზღვის დასავლეთ ნაპირებზე იყო მიპყრობილი.

[2] რუსებმა ხელში ჩაიგდეს 8 საბრძოლო დროშა, 62 ქვემეხი და ტყვია-წამლის დიდი მარაგი. ამ ბრძოლაში ოსმალებმა 300-მდე ჯარისკაცი დაკარგეს, ხოლო რუსებმა 109, მათ შორის შვიდი ოფიცერი. რუსებმა ციხე სწრაფად შეაკეთეს, 16 ქვემეხით აღჭურვეს, გარნიზონი ჩააყენეს [საზღვაო დესანტის ორი ასეული და ბელევსკის პოლკის ერთი ასეული] და ფლოტმა ამის შემდეგ სოხუმი დატოვა.

[3] ისტორიული ჯიქეთი მოიცავს დღევანდელი გაგრის რაიონსა და კრასნოდარის მხარის, ასევე ადიღეს რესპუბლიკის ნაწილებს. ეთნიკურად ჯიქებს, აფხაზურად საძებს, აფხაზებსა და ჩერქეზებს უკავშირებენ. ჯიქეთი აფხაზეთის მთავრის ქვეშევრდომობას არ ცნობდა, თუმცა მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა როგორც აფხაზებთან, ისე - ჩრდილოეთით ჩერქეზებთან. კავკასიური ომების დასრულებისას, 1864 წელს ჯიქები, ისევე როგორც მათი მეზობელი უბიხები, მთლიანად გაასახლეს ოსმალეთში.

[4] სოხუმი (მისი ადრინდელი ქართული სახელწოდება ცხუმი) მანამდე სამეგრელოს [იგივე ოდიშის, ან საბედიანოს] შემადგენლობაშია და მისი ერისთავი შარვაშიძეც დადიანს ექვემდებარება. ეს იერარქია ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგაც მცირე ხნით შენარჩუნებულია, მაგრამ XVI საუკუნის ბოლოდან შარვაშიძეები გამოყოფისკენ იწყებენ ბრძოლას და XVII საუკუნის დასაწყისიდან ცალკე სამთავროს აყალიბებენ. შარვაშიძეები ამ სამთავროს ერთადერთი მმართველი დინასტიაა.

[5]მონები ოსმალეთის ეკონომიკასა თუ სამხედრო საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. საკმარისია მხოლოდ იანიჩართა კორპუსის გახსენება, რომელიც ოსმალური არმიის ელიტას წარმოადგენდა და მისი რიგები ოსმალეთში გაზრდილი მონა ბიჭებით ივსებოდა.

[6] ამგვარი მცდელობა ჰქონდა იმერეთის მეფე სოლომონ პირველსაც, რომელმაც მართალია ხრესილის ბრძოლაში [1757 წ.] დაამარცხა ოსმალები, მაგრამ იმერეთის სამეფოს პოლიტიკური სტატუსი ამით თვისებრივად არ შეცვლილა. თითქმის მსგავსი მცდელობა ჰქონდა აფხაზეთის მთავარ ზურაბ შარვაშიძეს, რომელმაც აფხაზეთის შიგნით საკუთარი ძალაუფლების გამყარების შემდეგ, 1771 წელს, ოსმალებს სოხუმიც კი წაართვა. თუმცა ოსმალებმა ციხე დაიბრუნეს, მთავრად ზურაბ შარვაშიძის ძმისშვილი, ქელეშ-ბეი დასვეს და ვითარება ისევ ადრინდელ მდგომარეობას დაუბრუნდა.

[7] მისი მეუღლე გრიგოლ დადიანი 1804 წლის დეკემბრის ბოლოს გარდაიცვალა. ზოგი ფიქრობდა, რომ მთავარი მოწამლეს და მოწამლეს მისი ცოლის ხელით. ნინო დადიანი ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის,  გიორგი XII-ის შვილი იყო.

[8] ქელეშ-ბეის სამი ცოლი ყავდა. ცნობილია მისი არაოფიციალური ურთიერთობების შესახებაც. დაზუსტებულია მისი 16 შვილის ვინაობა, თუმცა, შესაძლოა, უფრო მეტი შვილიც ჰყოლოდა.

[9] სეფერ-ბეის მეუღლე იყო კაცია დადიანის ქალიშვილი თამარი, მაშინ როდესაც ნინო ბაგრატიონ-დადიანი იყო კაცია დადიანის შვილისა და მემკვიდრის - სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის მეუღლე.

[10] 1810 წელს სეფერბ-ბეის, იგივე გიორგი შარვაშიძეს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მიანიჭა წმინდა ანას პირველი კლასის ორდენი და დაუნიშნა წლიური  2 500 რუბლი პენსია.

[11] გურიელის ქცევაზე გავლენა იქონია 1809 წლის 16 ნოემბერს რუსების მიერ ფოთის დაკავებამ და იქიდან ოსმალების განდევნამ. მან რუსულ მხარეს ქვეშევრდომობაზე მიმართა, რაზეც იმპერატორის თანხმობა მიიღო. გურიელს პოლკოვნიკის წოდება მისცეს და წმინდა ანას მეორე კლასის ორდენით დააჯილდოვეს, შეუნარჩუნეს ტიტული და სამფლობელო. გურიელის იმპერატორისადმი ფიცის დადების ოფიციალური ცერემონია შედგა 1810 წლის აპრილში, გურიამთაში.

[12] 1806-1812 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყებისას სულთანი იყო სელიმ III. 1807 წელს ბოსფორის ბლოკადისა და სამხედრო წარუმატებლობების გამო ამბოხებულმა იანიჩრებმა სელიმი მოკლეს, ხოლო მის ნაცვლად მოსული მუსტაფა IV ასევე შიდა ამბოხებებს ემსხვერპლა.

[13] გენერალი ალექსეი ერმოლოვი 1816-27 წლებში კავკასიაში რუსული ძალების მთავარსარდალი იყო.

[14] აფხაზეთის სამთავრო იმ პერიოდში პირობითად ორ დიდ ნაწილად იყო გაყოფილი: ბზიფი-კოდორის მონაკვეთი და კოდორი-ენგურის მონაკვეთი. კოდორს დასავლეთი მიწები უშუალოდ მთავრის დომენი იყო. გვიანდელ პერიოდში ამ ზონაში ცალკეული ფეოდალური ერთეული [გუმა] გამოიყო, ხოლო კოდორ-ენგურის ზონაში ცალკე იყო აბჟუისა [იგივე შუა აფხაზეთის] და სამურზაყანოს მიწები, რომელთაც ისევ შარვაშიძის საგვარეულოს სხვადასხვა შტო მართავდა. მთავარსა და მისი გვარის უმცროს შტოებს შორის ურთიერთობაც ფეოდალურ ვასალიტეტსა და ავტონომიურობაზე იდგა. ხშირი იყო კონფლიქტებიც. აბჟუა მდებარეობდა მდინარე კოდორსა და ღალიძგას შორის, მოიცავდა თანამედროვე ოჩამჩირის რაიონს.

[15] პეტრე გორჩაკოვი [1789-1868] - გენერალი. 1820 წელს დაინიშნა იმერეთის მმართველად.

[16] ზოგიერთი ცნობით, მან ამ მძევლების ნაწილი გაყიდა და ზოგი მოკლა კიდეც.

[17] მისი ოჯახი [დედა, თამარ დადიანი] ბრალს ასლან-ბეის დებდა და მიიჩნევდა, რომ დიმიტრი მან მოწამლა.

[18] ზოგიერთი ცნობით ლაშქრობაში ჩართული იყო 4 000-მდე ქვეითი და მხედრობა, სამი ქვემეხი და საზღვაო ფლოტიც: ერთი ფრეგატი [Евстафий], სამი ბრიგი [Орфей, Меркурий, Ганимед] და შხუნა [Гонец].

[19] გენერალი კარლ ჰესე 1827-1831 წლებში იყო  იმერეთის, სამეგრელოს გურიისა და აფხაზეთის მართველი.

[20] ეს გამაგრებული პუნქტებია:  ბომბორა, ბიჭვინთა, გაგრა, წებელდა, დრანდა, კუტოლი, ილორი. ეს გამაგრებული პუნქტები რუსეთის შავი ზღვის თავდაცვის ზოლის შემადგენელი ნაწილი იყო.


გამოყენებული ლიტერატურა:

  • Дзидзария Георгий Присоединение Абхазии к России и его историческое значение, სოხუმი, 1960 წ. გვ. 37-64.
  • გიორგი ანჩაბაძე, Анчабадзе Георгий, Абхазия и Кавказская война. 1810-1864, 2018. გვ. 15-41.
  • ვასილი პოტო, Потто Василий, Абхазия, სანკტ-პეტერბურგი, 1907.
  • Утверждение Русского владычества на Кавказе, Т. III, ч – II, Тифлис, 1904, გვ. 521-564
  • Акты, собранные Кавказскою археографическою комиссиею [АКАК] Под. ред. А. Берже. Т. 3, Тифлис, 1869 გვ. 115-211; Т. 6, ч. 1. Тифлис, 1874, გვ. 643-666
  • Н. Дубровин, История Войны и Владичество Русскихь на Кавказе, T.IV, С-Петербугр, 1886, გვ. 392-401; T. VI, С-Петербугр, 1888, გვ. 436-456.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა