გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნიკიტაჯან აგერია კარტები სტალინი

დესტალინიზაცია და სიმღერა ხრუშჩოვზე | ოთარ ხელაძე

ტრადიციული ისტორიოგრაფიისგან განსხვავებით, თანამედროვე კვლევები ალტერნატიული წყაროების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კვლევისას არა მხოლოდ სამეცნიერო ლიტერატურა ან საარქივო დოკუმენტები, ზოგადი წერილობითი მასალაც კი აღარაა ისტორიის შესწავლის ერთადერთი საშუალება. ისტორიკოსები აქტიურად იყენებენ ფოტო, ვიდეო, აუდიო-მასალებს. ასეთი ტიპის საისტორიო წყაროებს შორისაა მუსიკალური ნიმუშებიც, რომლებიც რაიმე ეპოქის განწყობებსა თუ მოვლენებზე რეაქციას ასახავს. 

ამ ტექსტის მცდელობაც ნიკიტა ხრუშჩოვის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი სიმღერის ანალიზი და მისი იმ საისტორიო წყაროდ ინტერპრეტაციაა, რაც იმ პერიოდის განწყობებსა და ისტორიულ კონტექსტს უნიკალური პერსპექტივიდან წარმოაჩენს. 2019 წლის 11 დეკემბერს YouTube-ზე აიტვირთა 2:15-წუთიანი სიმღერა სახელწოდებით: „უცნობი შემსრულებელი - ნიკიტაჯან, აგერია კარტები (195? / 6?)“. მართალია, ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა თვალსაჩინოა, რომ სიმღერა 1956 წლის 9 მარტის კონტექსტშია დაწერილი.

ისტორიული კონტექსტი

სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი ხდება. როგორც ცნობილია, მისი მოხსენება „პიროვნების კულტის“ შესახებ კომუნისტური პარტიის XX ყრილობაზე გაკეთდა. თუმცა სტალინის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა ერთი ყრილობის ფარგლებში და მით უფრო, ერთ დღეში არ შემუშავებულა. ამ პროცესს წინ უძღოდა როგორც საგამოძიებო საქმიანობა, ისე შიდაპარტიული დაპირისპირებები სტალინის ფიგურისა და მისი მოღვაწეობის შესახებ. 

1955 წლის დეკემბერში სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა დისკუსია ცეკას მდივნის, სერგეი კიროვის სიკვდილისა და სხვა პარტიის რეპრესირებული წევრების შესახებ. ამ საკითხების გასარკვევად შეიქმნა სპეციალური კომიტეტი პოსპელოვის ხელმძღვანელობით[1]. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება კომუნისტურ ისტებლიშმენტში საბჭოთა წარსულისა და სტალინური რეპრესიების გადაფასების პროცესი. კომისიამ 1956 წლის 8 თებერვალს ცენტრალურ კომიტეტს წარუდგინა მოხსენება, რომლის მიხედვითაც სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა 1937-1938 წლებში 681 000 ადამიანს აღწევდა[2].

ამ მონაცემების გაჟღერებას მოჰყვა დისკუსია იმის შესახებ, გაემხილათ თუ არა ეს მონაცემები პარტიის XX ყრილობაზე. საბოლოოდ უმეტესობამ მხარი სტალინის წინააღმდეგ მოხსენების გაკეთებას დაუჭირა.

25 თებერვალს სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა. ნიკიტა ხრუშჩოვმა წაიკითხა მოხსენება - „პიროვნული კულტისა და მისი შედეგების შესახებ“. თავის სიტყვაში მან მკაცრად გააკრიტიკა სტალინის რეპრესიული პოლიტიკა, დაადანაშაულა იგი ლენინური კოლექტიური ხელმძღვანელობის პრინციპების დარღვევასა და ერთპიროვნულ მმართველობაში[3]. ეს მოხსენება გადამწყვეტი აღმოჩნდა ახალი ნარატივის დამკვიდრებისთვის - ერთპიროვნული პასუხისმგებლობა დაეკისრა სტალინს, რის ხარჯზეც პარტიულმა ისტებლიშმენტმა საკუთარი რეპუტაციის შენარჩუნება მოახდინა. 

დაწვრილებით

სტალინის მიმართ ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებული სენტიმენტები გააჩნდა და მის წინააღმდეგ მიმართულმა ოფიციალურმა პოზიციამ პროტესტი გამოიწვია. 1956 წელს სტალინის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებულმა შეკრებებმა პროტესტის სახე მიიღო. ქართულ საზოგადოებაში სტალინი აღქმული იყო ნაციონალიზმის სიმბოლოდ და მისი „ხალხის მტრად“ წარმოჩენამ შოკური ეფექტი გამოიწვია[4].

საბოლოოდ, 9 მარტს მომიტინგეებმა გადაწყვიტეს კავშირგაბმულობის შენობაში შესვლა, ჯარისკაცებმა კი მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაიღუპა ათეულობით ადამიანი, ასეულობით კი დაიჭრა[5].

ტექსტი, ფოტოსურათი და ჟანრი

სიმღერა სწორედ ამ პროცესების გამოძახილი უნდა იყოს: ფოტოზე ჩანს ნიკიტა ხრუშჩოვის დამამცირებელი სცენა, სადაც სტალინი მას თავში ჩიბუხს ურტყამს, იქვე მიწერილია სიტყვა „Дурачек“ [სულელი]. მთლიანი ვიზუალური მასალა ასახავს ხრუშჩოვის კრახს დესტალინიზაციის პოლიტიკის გატარების პროცესში და სტალინის იდეურ გამარჯვებას.

სიმღერის ტექსტი იწყება სტალინისა და ხრუშჩოვის ჰიპოთეზური დაპირისპირებით: ნიკიტაჯან, აგერია კარტები, დაგეხვივნენ ჯუღაშვილის ფარდები... შემდგომ სტრიქონებში კი (ძაძა მიყავ, შავი პური მანანე, ეს ქვეყანა აირიე და დაინანებ) აღბეჭდილია სოციალური და ეკონომიკური უკმაყოფილება. ძაძა მიყავ სამგლოვიარო ტანსაცმლის ჩაცმას გულისხმობს, შავი პური მანანე კი - სოციალური მდგომარეობის გაუარესებას. ავტორი აკრიტიკებს ხრუშჩოვის საზღვარგარეთულ ვიზიტებსაც:

♪ საზღვარგარეთ ერთობ ბევრი იარე,
შენ სეირნობ, ჩვენ გვიშვრები იარებს,
გაუმართე ბრძოლა სტალინ-მაოსა -
არ შეშვენის დგომა მათთან პალოსა ♪

შესაბამისად, სიმღერა დაწერილი უნდა იყოს 1959 წელს, ხრუშჩოვის ამერიკაში ვიზიტის შემდეგ. ამასვე ამყარებს მაო ძედუნის ხსენება, რომელთანაც ურთიერთობა 1958 წლის შემდეგ დაიძაბა. ტექსტის ბოლო სტროფი კი, სავარაუდოდ, 1964 წელს მისი თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდება:

♪ შენ დაგღუპენ ჯუღაშვილის ეჭვებმა,
აგირიეს ისევ მისმა ბიჭებმა.
რომ გაიმართე ჩვენ ბიჭებთან ბოინი,
რა გეგონა, შაგრჩებოდა ოინი? ♪

ჟანრობრივად სიმღერა ქალაქური ფოლკლორის ნიმუშს წარმოადგენს - იგრძნობა აზიური საწყისები, რაც კინტოებისა და ყარაჩოხელების გავლენა უნდა იყოს. ტექსტს უფრო სახუმარო, საშაირო დანიშნულება აქვს. თავად სახელი „ნიკიტაჯან“ არაფორმალური მიმართვაა და პიროვნების დაცინვას უნდა ემსახურებოდეს. ნაწარმოები შორსაა აკადემიური მუსიკისგან და განკუთვნილია უფრო დაბალი სოციალური ფენისათვის.

სიმღერა, როგორც საისტორიო წყარო

ის ფაქტი, რომ ხრუშჩოვის პოლიტიკა ქალაქურ ფოლკლორშიც კი აისახა, მიუთითებს საკითხის აქტუალობაზე, რაც ქმნის საფუძველს, რომ „ქვემოდან დანახული ისტორიის“ კვალდაკვალ მოხდეს პოლიტიკური პროცესების გაანალიზება.

როცა ოფიციალური დოკუმენტები ნაკლებად ასახავს საზოგადოებაში არსებულ შესაძლო განწყობებს, კონკრეტულ სიმღერაზე დაყრდნობით, ნათელი ხდება ის ნეგატიური დამოკიდებულება, რაც იმდროინდელ საქართველოში ხრუშჩოვის მიმართ არსებობდა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ისტორიის ამ ფორმით გადმოცემას გარკვეული შეზღუდვები ახლავს თან: დაუდგენელი რჩება ისტორიული სიმართლე; გამოწვევაა ავტორისეული ხედვა, ინტერპრეტაცია და პერსპექტივა, რომელიც შესაძლოა ან გაზვიადებული იყოს, ანდაც პირიქით.

სიმღერის ანალიზმა შესაძლებელი გახადა მუსიკალური მასალის ისტორიულ კონტექსტში დანახვა და მისი სავარაუდო თარიღის განსაზღვრაც (1964 წ. ან შემდგომი). ნათლად გამოჩნდა ქართული საზოგადოების უარყოფითი რეაქცია დესტალინიზაციის პოლიტიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ გარდა საარქივო მასალებისა, აქტიურად მოხდეს მუსიკალური თუ ვიდეო მასალების საისტორიო წყაროდ გამოყენება, განსაკუთრებით ხრუშჩოვის მსგავსი ფიგურების კვლევისას, რომელთა შესახებაც ოფიციალური წყაროები 1964 წლის შემდეგ მწირ ინფორმაციას იძლევა.

______________________________

[1] [2] მალხაზ მაცაბერიძე, საბჭოთა კავშირი კომუნისტური ტოტალიტარიზმის აღზევება და დაცემა (თბილისი: უნივერსალი, 2023), 302.

[3] [5] დიმიტრი შველიძე, საქართველოს უახლესი ისტორია (1917-2012) (თბილისი: მერიდიანი, 2021), 212-216.

[4] ელენე კეკელია და ოლივერ რაისნერი, „„ოქროსფერი“ ან „ვარდისფერი“ - სტალინი როგორც კონფლიქტური მეხსიერების ადგილი,“ წიგნში მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო, რედ. ნატალია ვაჩეიშვილი (თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022), 103-104.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა