გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გალი აფხაზეთი სოხუმი

გალილენდი | ბესო პაპასქუა  

ხშირად ვფიქრობ გალელ აბორიგენებზე, რომლებიც საზღვარზე არალეგალურად ხეტიალის უზარმაზარი გამოცდილების მიუხედავად, სულელური მავთულხლართების მიღმა ცხოვრობენ უპერსპექტივო იზოლაციაში.

ხომ შეიძლებოდა ამხელა რესურსის სწორად გამოყენება, ამ ადამიანების დასაქმება ე.წ. „გადამყვანების“ პოზიციებზე და მექსიკა-ამერიკის არალეგალურ საემიგრაციო სქემაში ჩართვა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ჩავარდნის და ციხეებში გამოკეტვის რისკი ნოლამდე დავიდეს.  

ჩემი სიტყვები რომელიმე ორგანიზაციას მაინც რომ აღექვა სერიოზულად, მაშინ ერთ კვირაში CNN-ი საინფორმაციო გამოშვებას საგანგებო განცხადებით დაიწყებდა:

„სასაზღვრო პოლიცია მექსიკიდან შემოსულ არალეგალთა ნაკადს ვეღარ უმკლავდება. FBA-ის თანამშრომლები გონს მოსვლას ვერ ასწრებენ, რომ ისინი უკვე არიზონაში არიან, ლუიზიანაში, ვაშინგტონსა და კალიფორნიაში. საემიგრაციო სამსახური აცხადებს, რომ ყველა ღონეს ხმარობს მათმა ტალღამ მთლიანად არ წალეკოს ამერიკის შეერთებულ შტატები, მაგრამ დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირს.

ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ სასაზღვრო სისტემის ჩამოშლა გალელი აბორიგენების სახელს უკავშირდება. მექსიკა-ამერიკის საზღვარზე არსებულ არალეგალურ სქემაში ისინი ერთი კვირის წინ ჩაერთნენ, მას შემდეგ, რაც  საქართველოს  ერთ-ერთმა მოქალაქემ იატაკქვეშა ორგანიზაციის ჩამოყალიბების ინიციატივა წამოაყენა. ამ ორგანიზაციის საქმიანობის მიზანია ამერიკაში არალეგალური გზით მოხვედრის მსურველ თანამოქალაქეთა მხარდაჭერა, რომლებიც სამშობლოდან ეკონომიკური დუღილის გაუსაძლის ტემპერატურას გაურბიან“.

მექსიკა-ამერიკის საზღვარზე არსებული ნეგატიური საემიგრაციო სტატისტიკის ფონზე, ხომ არ მოვიდა დრო გავააქტიუროთ ჩვენი საიდუმლო ლეტალური იარაღი?

მე დღემდე მაქვს კონტაქტი რამდენიმესთან. ერთი დასტვენა და აქ გაჩნდებიან. გადმოევლებიან მავთულხლართებს, თუ საჭირო გახდება, კილომეტრიან გვირაბებს გათხრიან. წამოვლენ მცირეწლოვანი ბავშვებით, ორსული ცოლებით, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ქმრებით და მოხუცებით, ძაღლებით და შესაძლოა საკუთარი მიცვალებულებიც დროებით გადმოასვენონ. მოვლენ და იტყვიან: „მადლობა ღმერთს, ვიღაცას ჩვენც დავჭირდით! მზად ვართ გემსახუროთ და პირველივე შესაძლებლობისას მივბრუნდეთ უკან“.

იმიტომ, რომ ეს 1000-ჯერ მაინც გაუკეთებიათ. ამ საქმის პროფესიონალები არიან. დარგის ექსპერტები!

ხოლო როცა როგორც ამ ტერორისტული პროგრამის ინიციატორს დამაპატიმრებენ, მზად ვიქნები დანაშაული ვაღიარო და როგორც სიკვდილმისჯილმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, „მედისონ სკვერ გარდენზე“ სიტყვით გამოსვლის უფლება მოვითხოვო. 

მრავალათასიანი პუბლიკის წინაშე, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები პირდაპირ ეთერში მილიონობით ტელემაყურებლისთვის გააშუქებენ, ისტორიულ სიტყვას ვიტყვი:

„თავისუფალი ქვეყნის თავისუფალო მოქალაქეებო. ჩემი მიზანი მოწყენილი ნათესავების წახალისება იყო, რომლებმაც ქარს გაატანეს შანსი საზღვარზე ხეტიალის 30-წლიანი გამოცდილების სწორად ინვესტირება მოეხდინათ და დაგროვილი ცოდნა სკოლად ექციათ, საკუთარი ჰარვარდი დაეარსებინათ, დიდი რაოდენობით ფული ეშოვნათ. არ ვარ შეწყალების ღირსი, მაგრამ იქნებ ოდნავ მაინც თანამიგრძნოთ ჩემი მეზობლის გამო, რომელმაც ერთხელ მოულოდნელად გონება დაძაბა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 2-კომპონენტიანი გეგმა შეადგინა:

საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი 45-ლარიანი შემწეობის გაუქმება ყველა დევნილისთვის და ამ თანხის გადანაწილება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებში.

მან მთავარ პრობლემად ჩვენი სტატუსი დაასახელა, რომელიც მემკვიდრეობითი პრინციპით გადადის ჩვენს შვილებზე – იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ დაბადებულან. ჩვენ კი, როგორც წესი, ბანალურად ვმრავლდებით.

მაგრამ უბრალო არითმეტიკულ ამოცანას ვერ გაართვა თავი და ვერ გაითვალისწინა, რომ სადაც ვიბადებით, იქ ვკვდებით კიდეც.

მაშინ გავბრაზდი, ახლა – არ ვბრაზობ. მე მივხვდი, რა არის კოლექტიურ ცნობიერებაში დალექილი ამ სტერეოტიპის საფუძველი.

რომ დევნილები არ ვკვდებით!

ზუსტად ისე, როგორც არ კვდებოდნენ ომის ძველი ღმერთები.

და იმდენად ვარ მოხიბლული ჩვენი უკვდავების პერსპექტივით, რომ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ის მეტაფორულად მაინც უზრუნველვყო. ამ ტრიბუნიდან გაკეთებული ერთი განცხადება იქნება საკმარისი ჩემი ნათესავების თავდასხმის შესაჩერებლად, თუ დამეხმარებით მათი სახელების ლეგალური გზით უკვდავყოფაში. ვგულისხმობ შოუს.

მე ვიცი, რომ შოუ კარგად იყიდება.

რომ როგორი ტრაგიკული ისტორიაც არ უნდა მოყვე, თუ შოუ დააკლდებათ, ადამიანები მოწყენილობისგან დაამთქნარებენ.

ამიტომ მინდა, ამანათი გაგატანოთ HBO-სთან, რომელმაც Westworld-ის ბოლო სამი სეზონი უმოწყალოდ ჩააგდო.

ჯონათან ნოლან!  

საბედნიეროდ მოვიფიქრე, როგორ დაიძლიოს ეს კრიზისი:

ძველი გასართობი პარკი უნდა ჩანაცვლდეს ახალი გასართობი პარკით და მზად ვარ, ორიგინალურ იდეასაც სრულიად უსასყიდლოდ შეველიო, რადგან ჩემს მოქმედებას საფუძვლად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზეზი უდევს:

ალტრუისტული: რომ მინდა ჩემი საყვარელი სერიალი ჩავარდნისგან ვიხსნა და პრაგმატული: საკუთარი ნათესავების მძიმე ისტორიის შესავალი მსუბუქად მოვყვე, Westworld-ის რიმეიქივით, ისე, რომ მკითხველებს ბოლო 5 წუთის მანძილზე არ ჩამოეძინოთ.

თუ მზად ხართ, მაშინ წარმოიდგინეთ ავტოსადგური, რომელიც ახალი გასართობი პარკისკენ მიმავალ სტუმრებს ემსახურება.

თქვენ ვიწრო საფეხმავლო ხიდზე გადადიხართ, რომლის ბოლოშიც უზარმაზარი ელექტროდაფა ციმციმებს წარწერით: Bus Station. Welcome to Galliland. აქ არის წარმოდგენილი საბჭოთა ავტობუს-გამოფენა და გალილენდის სამარშრუტო კატალოგი: ფიჩორი, გაგიდა, ბარღები, ოტობაია, პირველი გალი... სალაროს მიკროფონი დროდადრო აცხადებს, რომ პერსონაჟების ჩაცმულობაზე ზრუნავს დემნა გვასალია, სეზონის დაანონსებული IMDB-რეიტინგი კი 9.7-ია. სალაროს გვერდით მდგარი კონსულტანტები ინფორმაციას ავრცელებენ პარკის აბორიგენების მახასიათებელთა შესახებ. ესენია: მოახლოებული საფრთხის ამოცნობის, კრიზისული ვითარების ანალიზის, თვითგადარჩენის უნარები. „დაიმახსოვრეთ,“ – ამბობენ კონსულტანტები, – ისინი წლებია, დაუმორჩილებლობას უცხადებენ სამხედრო რეჟიმს, რის გამოც ამტანუნარიანობა თქვენზე 10-ჯერ მაღალი აქვთ. უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილია მათი მოქმედებები არ გაიმეოროთ სახლის პირობებში და გაითვალისწინოთ, რომ მომსახურების 2-ლარიან სრულ პაკეტში შევა:

„უსაფრთხოების არანიარი გარანტია.

ავტობუსის ბილეთები ცალმხრივი მიმართულებით.

ვიზიტი გალილენდის მისადგომებთან, სადაც თუ გაგიმართლებთ და პარკის ტერიტორიაზე შეაღწევთ, ნახავთ:

ომის კონსერვაციას: სახლ-მოჩვენებებს, აფეთქებულ ხიდებს, მიტოვებულ საფლავებს, ტანკის ჭურვებს და ავტომატის მასრებს, რუს მირატვორცებს და მათ ბეტეერებს, დაუნდობელ ბლოკპოსტებს, სადაც გადებულ შლაგბაუმებს გამაფრთხილებელი წითლით აწერია STOP. გადაეყრებით მძარცველებს და აიცილებთ თქვენკენ მომართულ ტყვიებსა და ხელყუმბარებს.

ტურის პირველ დღეს მოგემსახურებათ საბჭოთა წარმოების ჟანგმოკიდებული ავტობუსები, რომლებში ჩასხდომამდე მიზანშეწონილია, სალონში ჩამოსული წვიმისგან თავდასაცავად თან იქონიოთ ქოლგა. მას საჭიროების შემთხვევაში იმ შინაური ფრინველების მოსაგერიებლადაც გამოიყენებთ, რომლებიც თქვენთან ერთად იმგზავრებენ და დიდი ალბათობით, კვერცხის თქვენს გაბურძგნულ თავებზე დადებას შეეცდებიან. მიუხედავად ამ და სხვა ექსტრემალური გარემოებებისა, ავტობუსის გამოცდილი მძღოლი გზას იპოვის ყველგან, სადაც გზა იქნება ან არ იქნება: ქვაღორღიან ვიწრობებში, მდინარე ენგურის წყალნაკლულ კალაპოტებში, ჩაის და მაყვლის ბუჩქებით დაფარულ მინდვრებში და ასე მიადგება პარკის საზღვართან მდებარე ორშრიან თავსატეხს, რომელიც შედგება რუსული და აფხაზური საგუშაგოებისგან. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ძირითადი საფიქრალი იქნება მალულად აუაროთ გვერდი ამ საგუშაგოებს, ჩვენი რჩევაა, ასეთ დროს ნუ ეცდებით თავი გმირად წარმოაჩინოთ. თქვენი სიცოცხლე მიანდეთ პარკის აბორიგენებს, რომლებმაც კარგა ხნის წინ გააანალიზეს თავიანთი დანიშნულება და მიხვდნენ, რომ მთელი მათი ეგზისტენციური როლი თავსმოხვეული სისტემური წესებიდან გადახვევა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევაა.

თუმცა სრულიად მოსალოდნელია თქვენი მოგზაურობა განსაკუთრებულად რთულ პერიოდს დაემთხვეს, როცა სასაზღვრო კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრებულია, ფლანგები ამოქოლილი, პერიმეტრზე დამატებითი საპატრულო ეკიპაჟები დგანან და მავთულხლართებია გაჭიმული. გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში გამშვები პუნქტი გადაიქცევა ყველაზე კრიზისულ ზონად, რომელთან მიახლოების მოლოდინი გამოიწვევს თქვენი სიზმრების ჟანრების აღრევას და სხვადასხვა სახის შფოთვას. შეეცადეთ დასახმარებლად მიმართოთ ხურჩის სასაზღვრო ზონასთან მომუშავე პროფესიონალებს, რომლებსაც გადამყვანები ჰქვიათ. ეს არის ჯაშუშური ქსელი, რომელიც შედგება სასაზღვრო სოფლებში მცხოვრები აბორიგენებისგან (მათ შორის არიან ბავშვები), რომლებიც 25 ლარის სანაცვლოდ მოგემსახურებიან და საზღვარზე თავისუფალ ხვრელებს მოძებნიან, მავთულხლართებს გაჭრიან. ისინი განლაგდებიან სასაზღვრო ზონის ორივე მხარეს, მალულად გააკონტროლებენ საპატრულო ეკიპაჟების განრიგს, ცვლის დინამიკას, მარშრუტებს და ყველაზე ხელსაყრელ დროს ერთმანეთს ტელეფონებით გაუგზავნიან დაშიფრულ შეტყობინებებს.

მერე მოხდება საზღვრის ერთ მხარეს თავმოყრილი ხალხის მობილიზება (10, 20, 30 და ხშირად მეტი ადამიანი) და მათთან ერთად წინასწარ შერჩეულ მარშრუტზე ერთ რიგად ქვეითი სირბილით მოგიწევთ გადაადგილება გალილენდის მიმართულებით.

აქ აღმოაჩენთ, რომ 80 წელს გადაცილებული მოხუცები ჰუსეინ ბოლტს გაუწევენ კონკურენციას 300-მეტრიან დისტანციაზე სირბილში, ორსულ ქალებს და მცირეწლოვან ბავშვებს კი სიგრძეზე ხტომაში ოლიმპიური რეკორდების მოხსნა შეუძლიათ.         

გამოცდით შიშს, რომ ვიღაცამ ტყვია მაშინ არ დაგაჭედოთ, როცა გაჭრილ მავთულხლართებში ფეხი აგებლანდათ. მიიღებთ იმ ადრენალინს, რომელსაც ეძებდა Westworld-ის პარკის არადამაჯერებლობით უკმაყოფილო ჰიბრიდი – ბილი – მთელი პირველი სეზონის მსვლელობისას და ეზიარებით ყველანაირ გიჟური იდეას, რაც კი გამოუვალ სიტუაციებში ჩავარდნილი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. მაგალითად, მაშინ, როცა თითქმის გავლილი გაქვთ ყველაზე კრიზისული პერიმეტრის 80% და გზას საპატრულო ვილისი გიჭრით, ერთ-ერთი სიუჟეტის მიხედვით, ვერც წინ წასვლას ასწრებთ და ვერც უკან გაქცევას, სულ რამდენიმე წამიც და მათი თვალთახედვის არეში მოხვდებით; ამ დროს ნერვიულობისგან სმენა დაგიგუბდებათ, უმწეოდ დაიწყებთ თვალების ცეცებას და გვერდით სასაზღვრო სასაფლაოს დაინახავთ, რაც თქვენთვის იმის ნიშანი შეიძლება გახდეს, რომ სამყარომ ძალიან პირდაპირი ენით დაიწყო ლაპარაკი, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე, უცერემონიოდ და მკაცრად. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ცოტა ხანში შეამჩნევთ, თუ როგორ აუღელვებლად შეანელებენ წინ მიმავალი ქალები, დედები და მოხუცები ნაბიჯს და ჩანთებიდან შავ თავშლებს ამოიღებენ. ნუ დაიბნევით, რადგან ეს გეგმა B-ს ამოქმედების ნიშანია. ეს იქნება სრულყოფილი თეატრალური წარმოდგენა, რასაც ვერცერთი წარსულში ნანახი თუ მომავალში სანახავი სპექტაკლი ვერ შეგიცვლით, შენიღბვის მიზნით დადგმული დრამა, ადამიანური უმწეობისა და ძალისხმევის ტრაგიკომიკური შენადნობი. ქალები შავ თავშლებში ჩამალავენ სახეს, სრულიად უცნობი მიცვალებულების საფლავებზე დაემხობიან და მიწის ფხაჭნასა და გლოვას დაიწყებენ. შეეცადეთ ბუნებრივად აუბათ მხარი. მოახლოებულმა გასართობი პარკის ადმინისტრაციის საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა შესაძლოა 2 წუთი გათვალიერონ, მაგრამ ბოლოს აუცილებლად დაიჯერებენ, რომ თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები ჭირისუფლები ხართ და მალევე დატოვებენ იქაურობას.

სპოილერი:

ამ დროს უნდა გაიქცეთ“.

* * *

ვის რად უნდა იმ ტრაგიკული ისტორიის მოსმენა, რომ ამ საზღვრის კვეთისას, რომელსაც ცინიკურად მცირე დრო, 10 წთ სჭირდება 4 ადამიანი დაიხრჩო ადიდებულ ენგურში? რომ ამ ნიშნულთან მოკლეს ოთხოზორია ან ადგილობრივი ქართული ოჯახები საკუთარი მიცვალებულებით დაიპარებიან გამშვებ პუნქტზე და იმის შესაძლებლობა არ აქვთ, შვილებს ქართულად ასწავლონ სკოლებში, რომ ირაკლი ბებუა აფხაზეთის რომელიღაც ციხეში გაურკვეველ პირობებში იხდის სასჯელს ბრალდებით, რომელიც ზედმიწევნით ჯდება აბორიგენული ცხოვრების ჟანრის კანონებში. მაგრამ ამან შეუშალა ხელი ბევრ ქართველს, მათ შორის იმ ჩემს ნათესავებს, ვინც თავის ტყავზე გამოსცადა მტრის სისასტიკე და დევნილობა, ტაში დაეკრათ რუსული ტანკებისთვის, რომელიც უკრაინას ორი წელია მიწასთან ასწორებს? ვინმემ ისწავლა ჭკუა?   

ვერა. და ყოველთვის, როცა ვხვდები, რომ არავის აინტერესებს სწორხაზოვნად მოყოლილი ეს მოსაწყენი და ათასჯერ გადაღეჭილი ამბავი, ვგრძნობ, როგორ დგება შოუს უპირატესობით სარგებლობის საჭიროება.

თუ უფრო სარწმუნო მაგალითი გჭირდებათ, მაშინ Balenciaga-ს მოდურ ჩვენებებს დააკვირდით. მთელი ეს 90-იანების ბრენდინგი: ნაცნობი აქსესუარები, უნიფორმები, ჩანთები და ტალახის პოდიუმები ხომ ერთი კაცის მოდაში კონვერტირებული ომის ტრავმებია. რა შეგვრჩება შოუს ელემენტები რომ გამოვაცალოთ: წამგებიანი დაბალბიუჯეტიანი ისტორია ცივი სურათებით, რომლის გადაუმუშავებლად მიღება ყველას ფეხებზე კიდია.

ამიტომ ყოველთვის, როცა სურვილი მიჩნდება, ჩემს ეკონომიკური იდეებით თავგამოტენილ მეზობელს საფუძვლიანად ავუხსნა დევნილობის მემკვიდრეობითი პრინციპის მნიშვნელობა, ვუთხრა, რომ თუ სახელმწიფო ასე არ მოიქცევა, მაშინ დროში გაწელილი კონფლიქტის ბოლოს შეიძლება ქვეყანას აღარ დარჩეს ის იურიდიული სტატუსის მქონე მოქალაქეები, რომელთა საფუძველზეც უნდა მოვითხოვოთ აფხაზეთში დაბრუნება – უცებ ალღო მკარნახობს, პაუზის უფლებით ვისარგებლო. ვფხიზლდები და ვხვდები, რომ წყლის სანაყად ვემზადები და საშინელი მოწყენილობის განცდა მეუფლება.

ვცდილობ, საკუთარი თავის დასაწყნარებლად რამე სულელური თამაში მოვიგონო, არასერიოზული ისტორია შევთხზა, მაგალითად, ჩემი განსხვავებული გენეზისის შესახებ. მით უმეტეს, რომ მისი კვლევა, ბაბუაჩემის მაგალითზე დაყრდნობით, რომელიც 2-ჯერ სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას, მართლა მეტყველებს ჩვენი უკვდავების თეორიის პოტენციალზე. და ისევ ამ იდიოტური, თვითკმაყოფილი ღიმილით განვაგრძო იმის მოყოლა, რომ:

ის იშვიათი სუპერუნარით დაჯილდოებული აბორიგენი იყო, რომელიც იშვიათ შეურიგებლობას იჩენდა უმაღლესი სასიკვდილო განაჩენის – დახვრეტის მიმართ, რადგან რამდენჯერმე სასწაულებრივად იყო გადარჩენილი. რომ უცნაური ჰობი ჰქონდა, მისკენ დამიზნებული კალაშნიკოვიდან ნასროლ ტყვიებს მხიარულად იცილებდა, თხილის ხეებზე აჭედებდა და სიამაყით აჩვენებდა უზარმაზარი გასართობი პარკის – გალილენდის ვიზიტორებს.

თუმცა ბოლოს შოკისმომგვრელად ბანალურად, ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა ფოთის საქალაქო საავადმყოფოში.

ამიტომ მოსაზრება ჩვენი ფიზიკური უკვდავების შესახებ მითია, ეს კი ნიშნავს, რომ 1993 წელს აფხაზეთიდან დევნილი 300 000 მოქალაქის რიცხვი ვერაფრით გახდება 1 200 000 და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას არ დაემუქრება საფრთხე.

განსხვავებით ამერიკისგან, რომლის საზღვრისპირა უსაფრთხოება ჩემი მინიშნების შემდეგ, დიდი ალბათობით, მართლა დადგება ეჭვქვეშ; მაგრამ თუ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მოლაპარაკებებს დათანხმდებიან, იქნებ კომპრომისი იპოვონ და ისტორიული ვეტო გაფორმდეს. HBO შოუს გადაიღებს, გალელი აბორიგენები კი სამუდამოდ გადაიხვეწებიან ტიხუანადან და სხვა საზღვრისპირა ქალაქებიდან, რადგან ამიერიდან ეცოდინებათ, რომ მათი არსებობა უკვალოდ არ ჩაივლის! რომ კინოინდუსტრიის სამშობლომ იცის მათი ხეტიალის ისტორია და ის ისევე გააცნობს მათ სახელებს დანარჩენ პლანეტას, როგორც ჩვენ გაგვაცნო ასასინები Ubisoft-ის ვიდეოთამაშებიდან ან უკანასკნელი სამურაები  ჰოლივუდური ფილმებიდან, მუმიები – ინდიანა ჯონსიდან.

ეცოდინებათ, რომ უკვე იქცნენ მეგაშოუს ნაწილებად, რომლებზეც ბალენსიაგა მოდას ქმნის, HBO სერიალებს იღებს, ჩემი ფინანსისტი მეზობელი ეკონომიკური განვითარების ინოვაციურ სტრატეგიას აფუძნებს და სიცოცხლეში პირველად იგრძნობენ ნეტარებას ამ ყველაფრის გამო.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა