პერსპექტიული ხელოვანის აღსარება | ანონიმური
26.11.2026 | 8 წუთიანი საკითხავიაუდიტორიიდან გამოვედი, ლექცია უნდა მქონოდა. ამ დარბაზებში ხომ გიგო გაბაშვილი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა! ამ კედლებს ხომ დავით კაკაბაძის გვერდები ეყრდნობოდნენ! ამ იატაკს ხომ ელენე ახვლედიანის ჩექმის ძირები მურავდნენ! არა, რესტავრაციისას ახალ იატაკს დააგებდნენ, რეებს ბოდიალობ… ლექტორი არ არის.
სულისგამშრობი სიცხე სუფევდა. აუდიტორიიდან გამავალ დარბაზში ჩემი ძველი ლექტორი დონარა შემეჩეხა.
– ჩემი ბიჭი! როგორა ხარ, იტალიელები გვყავს სტუმრად და მოდი დაესწარი.
ჯანდაბა, ამას რაღა უნდოდა.
– ალბერტო, ჯუზეპე, გთხოვთ… დაიჩიფჩიფა ხანდაზმულმა ქალბატონმა ჩიორამ, ალბათ ბატონი პიკოს კარის მეზობლის გოგომ.
ეს ხომ ერთი ოჯახია! ეს ხომ ცოცხალი ორგანიზმია!..
ქალბატონი ჩიორა იტალიელი სტუმრების წინ მაგიდაზე ცალი თეძოთი იყო ჩამოყრდნობილი და ბატონი ჯუზეპე პურგატორიოს ნაკვესებზე სიხარულით იცინოდა. ათი წუთის წინ კანცელარიის გოგოებთან მოხრუპული ყავისგან გაყვითლებულ კბილებზე წითელი პომადა ეცხო და ლამის ჭიპამდე დაწელილი ძუძუები და დაკოჟრილი ღაბაბი სიცილისას მხიარულად უცანცალებდა.
– თამრი, პროჟექტორი ჩართე რა, ძევკა. თქვა ქალბატონმა ჩიორამ და მოყანყალებული სათვალის მინები პირდაღებულმა თბილი ჰაერით დაორთქლა და ბლუზის ბოლოთი მოსრისა.
დაცვის ბიჭის დახმარებით ათი წუთის მერე ძლივს ჩართული, დამტვერილი პროექტორი შემზარავ ხმაზე ახროტინდა და ცხელი ოხშივარი გამოაბოლა.
ჰაერში გაუსაძლისი ოფლის სუნი ეკიდა. ცხელ სკამზე სველი ზურგით მიკრობილი შეხვედრის დაწყებას ველოდებოდი. საფეთქელზე მომდგარი ოფლის გავარვარებული წვეთი ვერ ისვენებდა და ჩამოქცევას ლამობდა. ოცი წუთი რაღაცის გარკვევას ელოდებოდნენ, მანამდე კი სტუმრებს თავიანთ ასწლოვან ისტორიას მოკლედ უყვებოდნენ.
დაიწყო.
იტალიიდან ჩამოსული ღრმად პატივცემული სტუმრები სტუდენტური პროგრამის დეტალებს გვაცნობდნენ, ქალბატონი ჩიორა კი გაჭირვებით თარჯიმნობდა და, შიგადაშიგ დაბნეული, მდივან თამრიკოს ეკითხებოდა სიტყვების მნიშვნელობას.
– ჩვენი სტუდენტები ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ სხვადასხვა... უჰ, რაქვია კაცო... თამრიკო, ობლასწ ეტა... დარგი, ხო… მსუბუქი ჩაცინება.
ათ რიგად დამწკრივებულ სკამებზე ჯამში ექვსი სტუდენტი ვისხედით. თვალებდაშტერებული ალბერტოს გაუთავებელი ლაქლაქისგან მობეზრებული ფანჯარაში ვიყურებოდი – ბუღალტერი აივანზე თამბაქოს ბოლით ხრჩოლავდა, ბიაზგამსკდარ კედელზე პომადიანი ნამწვი მიაქრო და სიცხისგან შეღონებულმა, დაკრუნჩხული სახით, კაბინეტში თავი სწრაფად შედენა. მის უკან, კედელზე, დიდი წითელი წარწერა გამოჩნდა – გაიფიცე. ქვემოთ კი, შედარებით პატარა ასოებით იყო მიწერილი – არ ჩაიჯვა ხელოვნება.
ფიქრები ფოტოგრაფის მაშუქმა გაფანტა. უკვე წარმოვიდგინე გამოდებული ფოტო – ღამენათევი სახით ვზივარ და იტალიელი სტუმრების ლაპარაკს ვუსმენ პროექტის შესახებ, რომელში მონაწილეობასაც არ ვაპირებ. – ქალაქ პორდენონეს სახვითი და ნატიფი ხელოვნების უნივერსიტეტის სტუმრების ვიზიტი! ტრადიციული არქიტექტურისა და ქალაქგეგმარების ფაკულტეტის პროფესორ-ემერიტუსი ჯუზეპე პურგატორიო და ინოვაციური მედიატექნოლოგიების ხელოვნებაში დანერგვის სამსახურის უფროსი ალბერტო მიამორე ჩვენს სტუდენტებს შეხვდნენ!
carmatebebi zvirfaso – ბებიაჩემის მულის კომენტარი ფოტოზე.
გადაღლილ თამრიკოს მთქნარებისას პირი იმხელაზე ჰქონდა დაღებული, ვფიქრობდი, ქალბატონი ჩიორა შიგ თუ შეეტევა-მეთქი. თამრიკო ფრჩხილებიდან ლაქგადაშორებული ჩაფსკვნილი თითებით მთქნარების შეფარვას ცდილობდა, როცა კარი გაიღო და შეფუცხუნდა და მთქნარებაც ნაჩქარევად მიამთავრა. კარში წვრილი, დაჩიავებული კაცის სილუეტი გამოჩნდა, ეს ჰეგემონი იყო. ხელჯოხის დახმარებით ნელი ნაბიჯებით წამოვიდა წინ, ერთხანს შეყოვნდა, პირდაღებულმა, გაშტერებული მზერით დარბაზში ჩამოკიდებულ ნახატებს თვალი მოავლო და შეკრებილ საზოგადოებას გადმოხედა. საზღვარგარეთთან ურთიერთობების დამყარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქალბატონ გულთეთრას მოკრა თვალი, ხელი გაჭირვებით დაუქნია და ხელჯოხის კაკუნით ჩვენკენ დაიძრა.
– გამარჯობათ, ჰეგემონო! – გულითადი ღიმილით შესციცინეს ფერწერის სტუდენტებმა. მოქანდაკეები უკვე მიესალმნენ ეზოში, ფრენბურთის თამაშისას.
მოხუცი ჰეგემონი მძაფრი ოდეკოლონისა და ოფლის სუნს აფრქვევდა. გადაბერებული, გალეული სხეული ძლივსძლივობით დააგო სკამზე. აკანკალებული ხელი ხელჯოხს ჩამოაყრდნო, მეორე ხელით ორღერშერჩენილ, გაპოხილ ჭაღარა თმას გაუჩერებლად ისწორებდა. ბებერ, გაძვალტყავებულ სახეზე უაზრო გამომეტყველება ჰქონდა შემხმარი და შუშის თვალებით სივრცეს გაჰყურებდა. ტუჩებს წამდაუწუმ კუმავდა და პირს აცმაცუნებდა, იფიქრებდი, კანგადაკრული ჩონჩხი იჯდა წინ. დაძველებული მეტალის სათვალე ჩამოწელილ ცხვირზე ეკონწიალებოდა. შეხსნილი პერანგიდან მკერდის თეთრ ბანჯგვლებს თავები ამოეყოთ და მზეს ეფიცხებოდნენ.
ჰეგემონი ყარდა.
ხანგრძლივი ზლაზვნის შემდეგ სკამზე მოკალათდა. სიცხისგან გაწვალებულმა სახე დამანჭა, დაკოჟრილი ენა ძაღლივით გადმოაგდო და მოგუდული ქოშინი დაიწყო. დარბაზის მეორე ბოლოდან ქალბატონმა გულთეთრამ ფეხის წვერებით მოირბინა და ჰეგემონს გვერდით მიუჯდა. მაღალი, მსხვილი გულთეთრას გვერდით ისედაც პატარა და წელში მოხრილი ჰეგემონი უფრო გაიზარდა. გულთეთრამ ცოლი მოიკითხა, თავისი დეპარტამენტის ოთახში მაცივრისა და ახალი ვენტილატორის ყიდვის აუცილებლობა შეახსენა და მომდევნო თვის ტალინის სამხატვრო ლიცეუმის დელეგაციაში ნინკას ამოღება და მანჩოს ჩასმა სთხოვა, ნინკა ხომ წინა წელს ვროცლავში ისედაც იყო. ჰეგემონმა დაშაქრული, წვრილი ხმით ორი სიტყვა ამოილუღლუღა.
ქალბატონ გულთეთრას სახეზე წამსვე ამჟავებული გამომეტყველება დაედო და წარბებშეკრული დაუბრუნდა მეორე ბოლოს, გზაში რაღაცას ბუტბუტებდა.
ოთახის დახუთული ჰაერი სახეზე მაწვებოდა და მგუდავდა. გვერდიდან უცნობი ქალბატონის გახშირებული სუნთქვა მავიწროებდა, ცხვირიდან ძალუმად გამოდენილი ჰაერი ტუჩებს ზემოთ ღინღლებს ურხევდა. გაუგებარ თანამდებობაზე მყოფი, ყველაფრისადმი ინტერესიანი მამაკაცის ფეხის ნერვული ქანქარი ზიზღით მავსებდა. მის გვერდზე მჯდომი პროფესორი ოლიკოს საღეჭი რეზინის წკლაპუნი და სკამის ზურგზე ფრჩხილების რაკარუკი ტვინში ხვრელს მითხრიდა.
როგორც იქნა მორჩა შეხვედრა და, სანამ სარეგისტრაციო ფორმებს ჩამოარიგებდნენ, უსწრაფესი ნაბიჯებით გასასვლელისკენ გავემართე.
გასასვლელ კარამდე სამი კიბე უნდა ჩამევლო. კიბის ბაქანზე, ყავის მადუღარით ხელში, ბუღალტერი მანონი ბიბლიოთეკარ ცისმარის შეეჩეხა. მოხუცი თითებით წელზე მოესიყვარულა, თინჩოს დისშვილის გამოცდის ქულა ახარა და უსაყვედურა, წლები გადის და შენ უფრო ლამაზდებიო. სწრაფად ჩავუარე გვერდი.
ორი სართულით დაბლა, მოპირისპირე კედლებზე მიდგმული ბიუსტები ერთმანეთს გიჟებივით მიშტერებოდნენ. ერთერთს შუბლზე დამლაგებლის მიერ ძლივს მოშორებული წითელი პომადით მიწერილი აჯანყდი მაინც შერჩენოდა.
ეს უკვე ვანდალიზმია…
გასასვლელს ვუახლოვდებოდი. თან აზრი მაწვალებდა – ამ კიბეებზე ხომ სერგო ქობულაძე ადი-ჩადიოდა ოდესღაც! ამ შენობის კედლებში ხომ აპოლონ ქუთათელაძე ხატავდა!..
დაღმართს დავუყევი. რამდენი ხალხი იქნება ავტობუსში.
გვერდიდან, შენობის კედელზე გადაშლილი წარწერა გაყვიროდა – ჩაჯმული ხელოვნება.
რა უხამსობაა…
გაჩერების ტაბლოზე ავტობუსს ცხრა წუთი ეწერა. ესე იგი, ჩვიდმეტ წუთში მოვა.
სანამ მოვიდოდა, ტელეფონში ვიქექებოდი. – „ჟორიკა ლილუაშვილის სახელობის ღირსეულ და აპოლიტიკურ მხატვართა საპატიო მუზეუმს კულტურის მინისტრი ესტუმრა. მინისტრმა ლატავრა ღვანკითელისა და კაროჟნა ხიმშიაშვილის გამოფენა მოინახულა, კულტურის მუშაკებს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე მოკლედ ესაუბრა.
– ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა განვახორციელეთ ხელოვანთა წრესთან. – განაცხადა მინისტრმა.
– ყველანი ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი დღით, – დასძინეს კულტურის მუშაკებმა, – დიდი მადლობა ქალბატონ–
ავტობუსი მოვიდა. აშკარად არისტოკრატი ქალბატონი, რომელიც წინა მთავრობამ ისე დააჩაჩანაკა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევს მგზავრობა, ძლივს ჩამოვიდა ავტობუსიდან, – გამატარეთ ხალხო და მერე ამოდით, რა უბედურებაა! რას დაამსგავსეს ქალაქი… – მეცნიერებათა აკადემიისკენ გასწია.
ჩაჯმული ხელოვ…
ავედი. გადავსებული იყო. ადგილი მოვნახე და ცალ ფეხს დავეყრდენი. ვიდექი საცობში მღოღავ ავტობუსში და კედლებზე მიწერილი წარწერები მელაპარაკებოდნენ – “ქოცებო თქვე ნაცებო”, “აქ იყო გუგუცა”, “ცრუ”, “who are you when no one is looking”, “83 ზებრა”, “თიხა მიყვარხარ”, “GLORY TO UKRAINE”, “ნუ გეი-ნაზებით და არ გეი-ლახებით”, “ბოდიში მამა”, “ბიძიнахуй”, “თავისუფლება”, “თავისუფლება”, თავისუფლება… ფილარმონიასთან გავჩერდით, ახლადშესვენებული პატრიარქის უზარმაზარი სახე დამადგა თავზე.
რა ბინძურია ეს ქალაქი. Dear Dirty Tiflis.
ორი საათი გავიდა. ავტობუსიდან ჩამოვედი. მზისგან გახუნებული და გაცვეთილი გარემო იდგა, გარშემო ყველაფერი გაცრეცილი და გაფხვიერებული იყო. სახლამდე არც ისე შორია. გზაში ათასი კაცი შემხვდა, ამათ რაღა უნდათ გარეთ, შეაჯვით რა სახლებში...
მივდივარ და ვფიქრობ, ხვალ რა იქნება?
რა უნდა იყოს. გამოცხადდება რამე პროექტი, რომელიც სტუდენტების თვითგანვითარებაზე იქნება ორიენტირებული, გარემონტდება მეორე შენობა და უკეთეს აუდიტორიებში გადავალთ, სტუმრად ჩამოვლენ იტალიელები, ავსტრიელები, გერმანელები, შვედები… გამოფენას მოგვიწყობენ და სერტიფიკატებს დაგვირიგებენ, თავზე ხელს გადაგვისვამენ, ღაბაბზე მოგვჩქმეტენ. ტრადიციებს შევინარჩუნებთ, ნამდვილ ხელოვანს ხომ არასდროს ავიწყდება, ვინ არის და საიდან მოდის, იგი ძველი ოსტატების ღირსეული მემკვიდრეა, თუმცა ბოლომდე სიახლესაც არ უარყოფს, კი არ ეწინააღმდეგება, უბრალოდ, მის გემოვნებაში არ ზის. ხვალ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველაფერზე მაღლა დავდგებით და საქმის კეთებას განვაგრძობთ, ხომ გაგიგია, ძაღლი ყეფს, ხელოვანი მიდისო…
ჩაჯმულო, ჩამყაყებულო ხელოვნებავ, გაიფიცე! აწიე მინისტრის მოსაცდელ სკამზე თბილად მომჯდარი ტრაკი და გაიფიცე! ისედაც არაფერი გეშველება. ბოლომდე ტრაკში ხარ და გამოსასვლელიც არ გაქვს, ხოდა, აჯანყდი! ხომ ამბობდი ხელოვნებას ვერასდროს ვერ დაიმონებთო, იმდენი შენი დახატული ლენინი მოკვდა!
ყურადღება, ქართველმა ხელოვანმა ჩაიჯვა!
ბოლომდე ჩაჯმული და ჩასვრილი ხარ, მაგრამ ხმის ამოღებას დუმილი და ჩუმად გახრწნა გირჩევნია. კისრამდე კულტურის სამინისტროს მძღნერში ხარ ჩაფლული და იხრჩობი, ხოდა სანამ დრო გაქვს, მომავალ მინისტრს მაინც დაამახსოვრე თავი, ითვალთმაქცე, გაძვერი, ეგ არ გაგიჭირდება.
გახრწნილო, ჩამკვდარო, მდუმარე ხელოვანო, ერთხელ მაინც გაბედე და ამოიღე ხმა. იყავი უნიჭო, მაგრამ მებრძოლი და დაუმორჩილებელი!
სახლში მოვედი. ფუ, რამდენია ხვალისთვის დასახატი… ჰოდა, ჯობია, საქმეს მიხედო, რა ხავილი და შეძახილები. ნამდვილი მოქალაქე ზის ჩუმად, წყნარად. შრომა და გარჯაა რთული, ყვირილი ყველას შეუძლია. რა შენი გასარჩევია ქვეყანა. საქმეს მიხედე. დადექი და ხატე, აქანდაკე, ძერწე, ააშენე, დაანგრიე, იკითხე, წერე, გაჩუმდი… ყეფით ძაღლებმა იყეფონ.
ავტორი: ანონიმური
გირჩევთ
სკოლა და ავტორიტარიზმი | გიორგი ჯავახიშვილი
15.09.2026
პირველი უნივერსიტეტი | გიორგი ჯავახიშვილი
08.02.2026
ისტორიის სახელმძღვანელო | გიორგი ჯავახიშვილი
27.09.2023