პირველი უნივერსიტეტი | გიორგი ჯავახიშვილი
08.02.2026 | 10 წუთიანი საკითხავი1917 წლის მარტში კიტა აბაშიძესთან გაზაფხული, რუსეთის რევოლუციის სიხარული და ივანე ჯავახიშვილის დეპეშა თითქმის თანადროულად მივიდა. წერილში ავტორი ადრესატს ულოცავდა მეფის ხელისუფლების დამხობას და ეიმედებოდა საქართველოს პოლიტიკური განახლების პერსპექტივა. ჯავახიშვილი წერდა: საუკუნეზე მეტია, ასეთს ჟამსა და დროს საქართველო არ მოსწრებია.
ამ დეპეშიდან ერთი წელიც არ იყო გასული, უნივერსიტეტი რომ დაარსდა იმ დროინდელ ტფილისში, ზამთრის ცივ დღეს. უნივერსიტეტს კიტა აბაშიძე ვერ მოესწრო, ერთი თვით მეტი რომ ეცოცხლა, გაიხარებდა იმ დროისთვის უკვე ცნობილი პოლიტიკოსი და კრიტიკოსი უნივერსიტეტის დაარსებით, თუმცა ხვდებოდა საქმის გარდაუვალობას და გარდაცვალებამდე დაწერილ ანდერძში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ უნივერსიტეტს მდიდარი ბიბლიოთეკა უანდერძა.
უნივერსიტეტს წინ უსწრებდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა და საეკლესიო დამოუკიდებლობა, რომელიც წარსულს ატანდა ეკლესიის იმპერიულ ძველ დროს, რუსულ ენაზე დაფუძნებულ წირვა-ლოცვასა და გალობას.
პირველი ქართული უნივერსიტეტი დიდი ცვლილებების, გარდაქმნებისა და მოლოდინების კონტექსტში დაიბადა - პირველმა მსოფლიო ომმა და რუსეთის რევოლუციებმა შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ 1918 წლის 8 თებერვალს პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსება, არამედ კავკასიაში პირველი კავკასიური უნივერსიტეტის დაფუძნებაც, რომელმაც კავკასიისა და საქართველოს დედაქალაქში, თბილისში დაიდო ბინა. სამართლიანად შენიშნეს, რომ ამ მოვლენით დაიწყო მთელი რიგი „პირველების“ წყება საქართველოსთვის: პირველი ქართული უნივერსიტეტი, პირველი ქართული რესპუბლიკა, 1920 წელს კი აკაკი შანიძის მიერ პირველი დისერტაციის დაცვა და სასწავლებლის უნივერსიტეტად მონათვლის აკადემიური რიტუალი[1]. და რაღა თქმა უნდა, 1921 წლის პირველი კონსტიტუცია, რომელშიც ვკითხულობთ:
მუხლი 109.
ხელოვნება, მეცნიერება და მათი სწავლება თავისუფალია; სახელმწიფოს მოვალეობაა მფარველობა გაუწიოს და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას.
უნივერსიტეტი ევროპული იდეაა. XIII საუკუნის ევროპაში უნივერსიტეტის ლექტორი და ვაჭარი ერთდროულად გაჩნდა და მათი აღმასვლაც პარალელურად მიმდინარეობდა. თუ ვაჭარს ბრალს დებდნენ, რომ ის ღვთის კუთვნილ დროს ყიდდა (ვაჭარი ძილშიც მოგებას იღებს), ლექტორს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის კუთვნილ სიკეთეს, ცოდნას ყიდდა, თუმცა მოგვიანებით ორივე მათგანი გაამართლეს. ლექტორი სტუდენტისთვის შრომობდა და თავისი შრომის საზღაურის აღება აღარ ჩაუთვალა ეკლესიამ ცოდვად. ცნობილი ისტორიკოსი, ჟაკ ლე გოფი აღნიშნავს, ვაჭრებისა და კომერციული შრომის ევროპის პარალელურად ინტელექტუალური შრომის ევროპაც შენდებოდა[2].
ივანე ჯავახიშვილმა 1938 წელს, უნივერსიტეტის ოცი წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე, აღნიშნა, რომ თანამედროვე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლის დაარსების შესახებ მოგვეპოვება ცნობა 1799 წელს შედგენილი საქართველოს რეფორმების პროექტში. ეს პროექტი დამტკიცდა კიდეც და, ამ პროექტის თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოში სამი უმაღლესი სასწავლებელი უნდა დაარსებულიყო: ერთი თბილისში, ერთი გორში და ერთი კი თელავში. რა საკვირველია, ეს უმაღლესი სასწავლებელი უნივერსიტეტი არ იყო, უნივერსიტეტის შექმნა მაშინ საქართველოს არ შეეძლო. ის იყო ლიცეუმის მსგავსი, როგორც მაშინ გავრცელებული იყო უმაღლესი სასწავლებლის ნაცვლად[3]. ეს პროცესი 1801 წელმა დაასამარა, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიამ დაიპყრო.
XIX საუკუნის საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების სურვილი არაერთხელ გაჟღერებულა: 1832 წლის შეთქმულების დროს დაიბადა იდეა, რომ შეთქმულების წარმატების შემთხვევაში თბილისში უნდა დაარსებულიყო უნივერსიტეტი, სამხედრო კორპუსები და სასწავლებლები. თერგდალეულებმა და XIX საუკუნის ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ უნივერსიტეტის იდეის მხარდაჭერა ინტენსიურად დაიწყო[4].
და მაინც, როგორ დაარსდა უნივერსიტეტი?
1870 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარიაში დისერტაცია წარმატებით დაიცვა და ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მოიპოვა იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობმა გლეხის შვილმა, ნიკოლოზ ცხვედაძემ. იმ დროს გლეხის შვილები თანდათან გამოდიოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ალბათ გასაკვირიც არ იქნებოდა, რომ ერთ მღვდლის შვილს მეორე არანაკლებ საინტერესო მღვდლის შვილი, იაკობ გოგებაშვილი გაეცნო. გაცნობის ადგილი კი რა იქნებოდა, თუ არა იმ დროისთვის ყველაზე საინტერესო, მაგრამ სასტიკი დაწესებულება - თბილისის სასულიერო სემინარია, სადაც გოგებაშვილი და ცხვედაძე მუშაობდნენ მასწავლებლებად. რამდენიმე წელიწადში გოგებაშვილი და ცხვედაძე სემინარიიდან დაითხოვეს. ბრალდება: მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.
გოგებაშვილმა და ცხვედაძემ ფარ-ხმალი არ დაყარეს და სულ მალე დიმიტრი ყიფიანთან და ილია ჭავჭავაძესთან ერთად დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, თუმცა ცხვედაძისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მას ჰქონდა ოცნება, ქართული ფულით აშენებულიყო ქართული გიმნაზია, ქართველი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული, ქართველი ინჟინრისა და მუშების მიერ საძირკველჩაყრილი და კედლებამოყვანილი. საუკუნის მიწურულს ცხვედაძის ოცნება ახდა: სიმონ კლდიაშვილმა დღევანდელი უნივერსიტეტის შენობა დააპროექტა, რომელიც თავდაპირველად თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მხოლოდ ცხვედაძემ იცოდა, რომ საკმარისი იყო შესაბამისი დრო და კონტექსტი, შენობას მისია და სტატუსი უმალ შესცვლოდა.

თბილისის სათავადაზნაურო შენობის პროექტი. მთავარი ფასადი. არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი
შენობის მშენებლობისთვის ხარჯი გაიღეს ძმებმა ზუბალაშვილებმა და დავით სარაჯიშვილმა. შენობა შენდებოდა და შენდებოდა, მაგრამ ფინანსური დანაკლისიც საგრძნობი იყო, ფინანსური პრობლემების გამო თითქმის დამთავრებული შენობა რამდენჯერმე გაყიდვის საფრთხის წინაშე დადგა, თუმცა ის მაინც აშენდა, აშენდა გიმნაზიად. უნივერსიტეტს კი სჭირდებოდა არა მხოლოდ შენობა, არც მხოლოდ შესაბამისი დრო და კონტექსტი, რომ დაარსებულიყო, არამედ ადამიანები - პროფესორები და სტუდენტები.
თუკი XIX საუკუნის ქართული ეროვნული მოძრაობა „მამათა და შვილთა“ ბრძოლისა და გლობალური ისტორიის კონტექსტში აღმოცენდა, უნივერსიტეტის დაარსების დისკუსიებისას ისტორია თითქმის განმეორდა მცირედი სხვაობით: გლობალური ისტორია რუსეთის 1905 და 1917 წლის რევოლუციების კონტექსტმა შეცვალა, ხოლო მამები და შვილები პეტერბურგის უნივერსიტეტში დამკვიდრებულმა მასწავლებელ-მოსწავლეებმა.

ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი სინას მთაზე. 1902 წ.
ნიკო მარმა 1905 წლის რევოლუციის შემდგომ პერიოდში პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური კვლევების დეპარტამენტში შენიშნა სტუდენტების მზარდი დაინტერესება ქართული საკითხებით. ეს იყო პოლიტიკური ტენდენცია, რომელიც ქართული უნივერსიტეტის დაფუძნებას გაუკვალავდა გზას[5].
ერთი დეკადის შემდეგ ივანე ჯავახიშვილსა და ნიკო მარს შორის აკადემიური სქიზმა მოხდა. ნიკო მარი სკეპტიკურად უყურებდა ქართული უნივერსიტეტის სამომავლო მიმართულებას, რომელიც მკვეთრად ქართველოლოგიურ დისციპლინებს მოისაზრებდა ძირითად საგნად, ხოლო კავკასიოლოგიას უყურებდა არა როგორც დარგს, რომელიც მეცნიერული კვლევის საგნად აქცევდა კავკასიის ხალხების ენას, კულტურასა და ისტორიას, არამედ ქვედისციპლინად და ინსტრუმენტად, რომელიც მეორეულ დახმარებას გაუწევდა თბილისში ახლად ფეხადგმულ ქართველოლოგიას.
ნიკო მარის თვალსაზრისით, თბილისში არსებობდა ცარიელი სივრცე, რომელიც შევსებას საჭიროებდა, მაგრამ არა იმგვარი უნივერსიტეტით, როგორიც მის ყოფილ სტუდენტებს წარმოედგინათ, არამედ „კავკასიური უნივერსიტეტით“, რომელიც მოემსახურებოდა მთელ რეგიონს, როგორც პოლიტიკურ ერთობას და არა მხოლოდ ქართველ ერს. რეგიონული და ტრანსნაციონალური თუ ეროვნული და ქართული მეცნიერების დაფუძნებაზე ორიენტირებული? - ეს იყო შეკითხვა, რომელიც გასდევდა უნივერსიტეტის დაარსებას გზად და ხიდად.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი პედაგოგები
მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ადგილი იცვალა ქართველოლოგიის დარგმაც. თუკი ქართველოლოგიის კერად უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში პეტერბურგში მარი ბროსეს მიერ დაარსებული კათედრა წარმოადგენდა, ახლა ქართველოლოგია თავისი პეტერბურგული „ბუდიდან გაფრინდა“. მარის შეფასებით, მოხდა „სამეცნიერო განდგომა“, მისი ქართველი სტუდენტების პირველი თაობა ქართულ უნივერსიტეტში გაფრინდა, პეტერბურგი იქცა „დაცარიელებულ ბუდედ“, ხოლო პეტერბურგული ქართველოლოგია - უდაბნოდ.
1918 წლის თბილისი აღარ იყო ის ქალაქი, რომელიც ნიკო მარს XIX საუკუნეს აგონებდა. თბილისი აღარ იყო ისეთი მრავალეთნიკური და მრავალხმიანი ქალაქი როგორც უწინ - თბილისი ხდებოდა საქართველოს რესპუბლიკის მომავალი დედაქალაქი, რომელიც დღითიდღე გარდაიქმნებოდა უფრო ქართულად და, შესაბამისად, ეროვნულად. თბილისი იყო ქალაქი, რომელშიც გამოიწრთო ქართული სოციალ-დემოკრატია და იქცა ეროვნულ პარტიად 1918 წლის დამდეგს.
საქართველო გახდა უფრო ქართული, თბილისი კი უფრო ქართველური და, ცხადია, იმ დროსა და იმ გარემოებებში ივანე ჯავახიშვილი და უნივერსიტეტის დამაარსებლები უნივერსიტეტს უკავშირებდნენ საქართველოს სამომავლო პოლიტიკურ პერსპექტივას და არა - რეგიონულ პოლიტიკას; სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ უნივერსიტეტის დაარსების ის იდეა, რომელიც ჯავახიშვილს მარისგან განარჩევდა.
1918 წლის 8 თებერვალს უნივერსიტეტი დაარსდა. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდა აკაკი ჩხენკელიც, რომლის მიმართვაში გაჟღერდა შეკითხვა, რომელსაც თავადვე უპასუხა: ბევრი იკითხავს, რატომ გვინდა ჯერ უნივერსიტეტი, როცა არ გვაქვს დაბალი და საშუალო საფეხურის სასწავლებლებიო? იმიტომ, რომ ახლა ისეთი დროა, ჯერ მეცნიერება უნდა შექმნა, რომ შემდეგ სხვებს ასწავლოო, - ასე შეგვიძლია გავიგოთ ჩხენკელის შეკითხვა და მასზე პასუხი.
მეცნიერება და პოლიტიკა რამდენადაც უნდა გავმიჯნოთ, ფაქტია, ჩხენკელს კარგად ესმოდა, როგორ ხდება ცოდნის ცირკულაცია და აუდიტორიიდან გადინება იმ ფორმით, რომ მეცნიერებამ ცოდნა ცხოვრების წყაროდ აქციოს, რომელიც უდაბნოსგან წალკოტს შექმნის, წალკოტისგან კი ახალ-ახალ სამოთხეებს.
უნივერსიტეტის გახსნის ღონისძიების შემდგომ დაგეგმილი იყო ივანე ჯავახიშვილის ლექცია, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შედგა. ჯავახიშვილმა ლექცია 12 თებერვალს წაიკითხა თემაზე: „ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფოსო მწერლობასა და ცხოვრებაში“.
სიმბოლურია, რომ პირველი ლექცია ადამიანის პიროვნებასა და მის მნიშვნელობას შეეხებოდა ძველი ქართული მწერლობის მაგალითზე, რადგან უნივერსიტეტს გარდა სწავლა-სწავლებისა, ჰქონდა კიდევ ერთი მიმართულება - უკეთესი საქართველოს შექმნის მისია; იმ საქართველოსი, სადაც ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა აღიარებული იქნებოდა; ზოგადსაკაცობრიო, ადამიანური ღირებულებები გამყარებული, ხოლო შემოქმედებითი თავისუფლება სახელდახელოდ დაცული და გამტკიცებული.
...
როცა ამ სტატიას ვწერ, 2026 წლის 8 თებერვალია. უნივერსიტეტის დაარსებიდან გასულია 108 წელი და მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ სააუდიტორიო სწავლა-სწავლება. უნივერსიტეტის კედლებში აუცილებელია, ცოდნა იქცეს ცხოვრების წყაროდ, აკადემიური ბიოგრაფია შთაგონებად, მეცნიერის ბიბლიოგრაფია კი ახალი მიმართულების განმსაზღვრელად.
და ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება შეკითხვა, რომელსაც ყველამ ჩვენებურად უნდა ვუპასუხოთ: რა დარჩა იმ პირველი ლექციიდან დღეს და როგორი საქართველო და უნივერსიტეტი გვინდა მომავლისთვის?
______________________________
[1] მენინგი პოლ, კერკი მარჩელო, „ქართული მეცნიერების ტაძარი თუ უნივერსიტეტი კავკასიისთვის: ნიკო მარი და მისი ქართველი სტუდენტები უნივერსიტეტის პროექტის შესახებ თბილისში“. კრებულში „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფორმისა და შინაარსის ძიებაში.“ რედ. ლუკა ნახუცრიშვილი. (გამომცემლობა ზიარი: თბილისი, 2024), 295.
[2] ლე გოფი, ჟაკ, ევროპის დაბადება, (გამომცემლობა დიოგენე, 2024), 198.
[3] ჯავახიშვილი ივანე, ბრძოლა საქართველოში უნივერსიტეტის დაარსებისათვის, (თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 1 (138), 1971), 6.
[4] გაიპარაშვილი ზურაბ, საუკუნის ნიშანსვეტი, (თბილისი, 2011), 122-123.
[5] მენინგი პოლ, კერკი მარჩელო, 310.
გირჩევთ