გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ისტორიის სახელმძღვანელო გიორგი ჯავახიშვილი

ისტორიის სახელმძღვანელო | გიორგი ჯავახიშვილი

„მეხსიერება წარმავალია. საჭიროა არქივები, წლისთავები, დღესასწაულები, გამოსათხოვარი სიტყვები. მათ გარეშე ისტორია მოკვდებოდა. „მეხსიერებაში ცხოვრება“ რომ შეგვეძლოს, მას საფრთხე რომ არ ემუქრებოდეს, მეხსიერების ადგილები აღარ იქნებოდა საჭირო.“ [1]

- წერდა ანდრეას ჰიუსენი 1994 წელს. 

თანამედროვე სოციოლოგია და ისტორიოგრაფია ერთხმად აღიარებს, რომ კოლექტიური მეხსიერების ფორმირებაში სასკოლო სახელმძღვანელოებს დიდი ძალა აქვს. ფრანგმა ისტორიკოსმა, პიერ ნორამ მას მეხსიერების ადგილი უწოდა.  სახელმძღვანელოა ის ნივთი, რომლის წაკითხვის შემდეგ იცვლება ჩვენი მეხსიერება, ცოდნა, აღქმა და შიშები. ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც სახელმძღვანელოს გაცნობამდე იყო. 

XIX საუკუნიდან ადამიანის ცნობიერება ფუნდამენტურ გარდატეხებს განიცდის. ინდუსტრიული რევოლუცია მოსახლეობას ქალაქებში ექაჩება. ახალ ეკონომიკურ დღის წესრიგს უკვე წერა-კითხვის მცოდნე მოქალაქეები სჭირდება. ამ უეცარ და მასშტაბური ტრანსფორმაციის პროცესში ცენტრალური როლი საჯარო განათლების ორ ყველაზე დიდ ინსტიტუტს - დაწყებით სკოლას და არმიას ენიჭება. სწრაფად გამრავლებული სკოლებისთვის და ახალი ერი-სახელმწიფოსთვის ეროვნული ისტორიების, ცენტრალური ნარატივების სასწრაფოდ შეთხზვაა საჭირო.

სოციოლოგები, ისტორიკოსები, პოლიტიკოსები თუ ანთროპოლოგები - ყველა, ვინც ნაციონალურ იდენტობებს იკვლევდა, ერთხმად აღიარებდა, რომ ნაციის ფორმირებაში განსაკუთრებული ადგილი ისტორიას ეკავა - ისტორიას, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს წარსულს, აწმყოს და სამომავლო ბედისწერას. ახალ ნაციონალურ სახელმწიფოებშიც ეროვნულ ისტორიოგრაფიებს განსაკუთრებული როლი დაეკისრა.  

XIX საუკუნის გერმანიაში, მაგალითად ისტორიკოსებმა „დააწინაურეს“ ანტიკური და შუა საუკუნეების ის გმირები, რომელთა სახელიც პირველ საუკუნეში, ტევტონბურგის ტყეში რომაული ლეგიონების განადგურებას უკავშირდებოდა. გერმანული ქალაქები გაივსო არმინიუსის ძეგლებით.

სახელმწიფოები დაწყებით სკოლებში „ერის“ ხატებას  და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ მყარ ცოდნას ქმნიდნენ. მოქალაქეები ზრდასრულობაში, უკვე ძალდაუტანებლად, საკუთარ თავს ქვეყნის სიმბოლოებთან - გერბთან და დროშასთან აიგივებდნენ. ხშირად ამ მიზნის მისაღწევად „ტრადიციების ანდაც მთელი ეროვნულობის“ ხელახლა გამოგონება უწევდათ.

ბევრი ახალგაზრდა ქვეყნის მოქალაქისათვის სასკოლო სახელმძღვანელო ის ერთადერთი წიგნი იყო, რომელსაც ცხოვრებაში წაიკითხავდა. სახელმძღვანელო იყო ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანების კოლექტიურ მეხსიერებას ძერწავდა და ჯერ არდამდგარ მომავალს განსაზღვრავდა.

ჩვენს წარმოსახვას სხვა ხალხების ან საკუთარი რაობის შესახებ კვებავს ისტორიები, რომელსაც ბავშვობაში გვასწავლიან. ისტორია ჩვენი ცხოვრების მსაზღვრელია. მისი რეპრეზენტაცია თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს სამყაროსა და საზოგადოებათა წარსულის შეცნობას. ეს ისტორიები გამოსჭვივის ჩვენს მოსაზრებებში. ასე რომ, ისტორიის პირველი წაკითხვის, პირველი ნაკვალევის, ეჭვის თუ ემოციების კვალი სამუდამოდ წარუშლელი რჩება - აღნიშნავს მარკ ფერო. [3]

პირველი სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ ძველ აღმოსავლეთში შეიქმნა. შუმერები სასწავლო ტექსტების ჩასაწერად თიხის ფირფიტებს იყენებდნენ. საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები ჰქონდათ ანტიკურ საბერძნეთში და შუა საუკუნეების ევროპაშიც. როგორც წესი, პრემოდერნულ სახელმძღვანელოებს მასწავლებლები წერდნენ.

თანამედროვე სახელმძღვანელოების წარმოშობის თარიღად კი მე-15 საუკუნეს მიიჩნევენ, როცა იოჰან  გუტენბერგმა საბეჭდი დაზგა გამოიგონა და ელიუს დონატუსის შედგენილი ლათინური გრამატიკის სახელმძღვანელო Ars Minor გამოსცა.

საქართველოში სახელმძღვანელოების პირველი დიდი გამოცემა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უკავშირდება. 1880 წელს ქშწკგს-ს მიერ გამოცხადდა ოთხი ჯილდო არითმეტიკის, გეოგრაფიის, საქართველოს ისტორიისა და ბუნებისმცოდნეობის სახელმძღვანელოებისთვის.

დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე, 1917 წლის მაისში ჩატარდა კავკასიის მასწავლებელთა ყრილობა. ყრილობას ესწრებოდა ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი უზნაძეც. მან დასახა სკოლების გაეროვნულების ძირითადი ამოცანები. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლებამ სავალდებულო საგნების კატეგორიაში გადაინაცვლა. [4] 1918-1921 წლებში დამტკიცდა საქართველოს ისტორიის სწავლების პროგრამაც. ავტორი ივანე ჯავახიშვილი იყო. პროგრამა შედგენილია მე-6, მე-7 და მე-8 კლასებისათვის.

მე-6 კლასის პროგრამა იწყება ქართული ენისა და მისი წარმოშობის ისტორიით და სრულდება VII საუკუნით. მე-7 კლასის პროგრამა იწყება მე-9 საუკუნით და სრულდება 1490 წლით, როცა ერთიანი ქართული მონარქია დაიშალა. მე-8 კლასის მოსწავლეები სწავლობდნენ ისტორიას XV საუკუნიდან 1918 წლამდე. როგორც კულტურის ისტორიკოსი, ანა ხვედელიანი აღნიშნავს, ივანე ჯავახიშვილი ცალკე ქვეპუნქტად გამოყოფს მე-19 საუკუნეში დაწყებული ეროვნული გამოღვიძების ხანას: ქართული ჟურნალ-გაზეთების და ქართული თეატრის დაარსებას, 60-იანი წლებისა და თერგდალეულების მოღვაწეობას, ქართული ბურჟუაზიის განვითარებას, პოლიტიკური პარტიების ასპარეზზე გამოსვლას, რუსეთის რევოლუციასა და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აღდგენას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება არის ის, რასაც ივანე ჯავახიშვილი მე-19 საუკუნეში დაწყებულ „ქართული საზოგადოებრივი აზრის თანდათანი გაღვიძების” შედეგს უწოდებს.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლება მხარს უჭერდა ისტორიის მარქსისტული ტრადიციით წაკითხვას. მიდგომის ფუძემდებელი, მიხაილ პოკროვსკი, რუსი მარქსისტი ისტორიკოსი და ბოლშევიკი რევოლუციონერი იყო. მას პატივს სცემდნენ საბჭოთა ხელისუფლებაშიც. პოკროვსკი მიიჩნევდა, რომ საბჭოთა საისტორიო სკოლას ყურადღება არა პოლიტიკურ, არამედ სოციალურ ისტორიაზე უნდა გაემახვილებინა და უძველესი დროიდან XX საუკუნემდე სოციალური უსამართლობის ფორმები აღეწერა.

თუმცა, მალე სტალინი პარტიის პირველი მდივანი და საბჭოთა კავშირის დიქტატორი გახდა და პოკროვსკის ისტორიოგრაფიული მიდგომა უკანა პლანზე გადაჩოჩდა. 1934 წელს სტალინმა სერგეი კიროვთან ერთად გამოაქვეყნა სტატია: „როგორ უნდა იწერებოდეს ისტორია?“ ამ დღის შემდეგ საბჭოთა ისტორიოგრაფიამ სოციალური ისტორია უკანა პლანზე გადააჩოჩა და მთელ საბჭოთა კავშირში წინ ნაციონალური საისტორიო ნარატივები წამოწია.

„ახალი მომავალი მოითხოვს ახალ წარსულს.”

1937 წელს ლავრენტი ბერია სიმონ ჯანაშიას ხვდება და მას საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს შედგენას ავალებს. თხრობა უძველესი დროიდან უნდა დაიწყოს და თანამედროვეობამდე მოვიდეს (1936 წლამდე). 

ისტორიის სახელმძღვანელოს საწყის ეტაპზე ოთხი ავტორი წერდა: სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, ივანე ჯავახიშვილი და გიორგი ხაჭაპურიძე. 1940 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ განხილვაზე, სოციალური ისტორიის სპეციალისტის, გიორგი ხაჭაპურიძის დაწერილი თავები (რომელიც XIX საუკუნეს ეძღვნებოდა) ამოიღეს და სახელმძღვანელოში მხოლოდ ჯავახიშვილი-ჯანაშია-ბერძენიშვილის ტექსტები შევიდა. აღსანიშნავია, რომ ისტორიკოსებმა სახელმძღვანელო შეადგინეს იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც 1918-1921 წლებში ივანე ჯავახიშვილმა შექმნა.

დაწვრილებით

1943 წელს გამოიცა საქართველო ისტორიის სახელმძღვანელო, რომლის რედაქტირების პროცესშიც, ისტორიკოსთა სამეულის გარდა, მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა საქართველოს პირველი პირებიც: იოსებ სტალინი, ლავრენტი ბერია და 1938 წლიდან კანდიდ ჩარკვიანიც.

სტალინის მითითებით, რამდენიმე საკითხმა განიცადა რევიზია - ქართველთა განსახლების არეალი გაფართოვდა და დაუკავშირდა მცირე აზიასა და ხეთების იმპერიას; გადაიხედა გიორგი სააკაძის ფიგურაც, რომელიც ნიკო ბერძენიშვილის მცდელობის მიუხედავად, ინტერპრეტირდა არა როგორც ფეოდალი, რომელიც იბრძვის პოლიტიკური პრივილეგიებისთვის, არამედ  როგორც აბსოლუტურ და ტირან მონარქიასთან მებრძოლი ფიგურა. ჩასწორდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაც და 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის ამბავიც:„საქართველოს წინაშე მაშინ ალტერნატივა იდგა - მას შაჰის სპარსეთი ან სულტანის ოსმალეთი დაიპყრობდა, ან უნდა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ შესულიყო... მეორე პერსპექტივა მაინც უმცირესი ბოროტება იყო“.

დავით ჯიშკარიანის მოკვლევის მიხედვით, 1943 წლის რედაქციამ 1948 წელს კვლავ რამდენიმე ადგილას ჩასწორდა, სტალინის ინიციატივით. 1956 წლიდან კი ისტორიის ეს სახელმძღვანელო სასწავლო პროგრამიდან ამოიღეს  და სხვა ახალი სახელმძღვანელოთი ჩაანაცვლეს.

რამდენიმე წლის წინ, სტალინის რედაქტირებული ჯანაშია-ბერძენიშვილი-ჯავახიშვილის სახელმძღვანელო წიგნის მაღაზიის თაროებზე გამოჩნდა ახალი სათაურით - „საქართველოს დატუსაღებული ისტორია“. ქართული საზოგადოების შიგნით უახლეს წარსულსა და ისტორიაზე მხოლოდ და მხოლოდ უმსჯელობა არსებობს.

თუკი საბჭოთა საქართველოში ერთადერთი სახელმწიფოს აქტიური ჩარევით შედგენილი ისტორიის სახელმძღვანელო შეიქმნა, თანამედროვე საქართველოში სხვადასხვა გამომცემლობის შედგენილი სახელმძღვანელოები თანადროულად არსებობს. სკოლებში ისტორიის სწავლება ორ - საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები) საფეხურებად იყოფა. ორივე საფეხურზე სწავლება იწყება პრეისტორიიდან და მოდის XXI საუკუნის 10-იან წლებამდე. საშუალო საფეხურზე თხრობა უფრო სიღრმისეულია, ჩნდება საისტორიო-ანალიტიკური პერსპექტივაც.

ისტორიის სახელმძღვანელოში თანამედროვე და ქრონოლოგიური პერსპექტივა სასურველია, თან უკავშირდებოდეს ერთმანეთს და თან სცილდებოდეს, მოსწავლემ იმდროინდელი კონტექსტი რომ დაინახოს და კრიტიკულად აზროვნება შეძლოს; პროცესის დინამიკას, წარსულის მემკვიდრეობასა და ისტორიული პროცესის უწყვეტობას უნდა ხედავდეს, რადგანაც მათ მოქალაქეობრივ ცნობიერებას ზრდასრულობაში ისტორიის ცოდნა განაპირობებს.

გამომცემლობებისა და საავტორო ჯგუფების შექმნილი სახელმძღვანელო რომ სასწავლო მასალად იქცეს, გრიფირება უნდა გაიაროს. 2023 წლის მონაცემებით, მე-12 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებს გრიფირება 2012 წელს მიენიჭა და 10 წელზე მეტია, მოსწავლეები 2012 წლისთვის არსებული საისტორიო ცოდნითა და მეთოდოლოგიით შედგენილი სახელმძღვანელოთი სწავლობენ ისტორიას, რაც ქმნის ცოდნის სერიოზულ უკმარობას და ხელს უწყობს არასწორი რწმენა-წარმოდგენების დამკვიდრებას. 2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან ისტორიის სწავლება საშუალო საფეხურზე დანაწევრდა და ისწავლება ორ საგნად: საქართველოს და მსოფლიო ისტორიად, რამაც შექმნა საჭიროება, შედგენილიყო მსოფლიო და საქართველოს ისტორიის ცალ-ცალკე წიგნები, რომელსაც გრიფირება 2022 წლის ზაფხულში მიენიჭა. აღნიშნული პრაქტიკა 2022 წლის სექტემბერში X კლასებში დაიწყო და ქრონოლოგიურად მოიცავდა პერიოდს უძველესი დროიდან X საუკუნემდე. 2023 წლის ზაფხულში გრიფირების პროცესი გაიარა XI კლასის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოებმაც, ხოლო 2024 წელს იმავე პროცესს გაივლის მე-12 კლასისთვის შედგენილი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოები.

2022-2023 სასწავლო წლებში X და XI კლასები სწავლობდნენ ისტორიის თითქმის თანაბარ პერიოდს, თუმცა განსხვავებული სახელმძღვანელოებით, რომელთაც ერთმანეთისგან გრიფირებიდან 10 წელიწადი და შინაარსი განასხვავებს:

X კლასის მოსწავლეებმა, მაგალითად, იციან, რომ ფარნავაზ მეფის სახელს უკავშირდება „მწიგნობრობის“ შექმნა ქართლის სამეფოში; ესმით ისიც, რომ „ქართლის ცხოვრებაში”აღნიშნული „მწიგნობრობა“ ხშირად დამწერლობად, ანდაც ანბანადაა ხოლმე გაგებული; იციან,რომ ანტიკურ ქართლში შექმნილი დამწერლობის ნიმუშები საქართველოს ტერიტორიაზე არ მოიპოვება, რაც ფარნავაზის მიერ დამწერლობის (მით უმეტეს, ანბანის) შექმნის ფაქტს დავის საგნად აქცევს.

XI კლასელები კი მშრალ ფაქტად სწავლობენ, რომ ლეონტი მროველი ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად ქართულის შემოღებასა და ქართული მწიგნობრობის შექმნას ფარნავაზს მიაწერს. ამ სიტყვების მიღმა არ ჩანს შინაარსი და შესაბამისად, არც ანალიზი, წყაროსადმი კრიტიკული მიდგომა და შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიის ტენდენციურობის თვალთახედვაში მიღება.

თუკი 2022 წელს გრიფირებულ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი და შეპირისპირებულია ორი განსხვავებული მოსაზრება - „ქართლის ცხოვრების“ გადმოცემა ანბანის შექმნაზე და მატერიალური მასალის არარსებობა ქართული დამწერლობის ისტორიაზე, 2012 წელს გამოცემულ XI კლასის ისტორიის სახელმძღვანელო არ ტოვებს ადგილს კრიტიკული ანალიზისთვის.

2018 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან ასი წელი შესრულდა და ამ საუკუნოვანი იუბილეს გარშემო არაერთი საინტერესო ნაშრომი გამოქვეყნდა საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობის შესახებ (1918-1921), გაქარწყლდა ბევრი მითიც. უკანასკნელ წლებამდე ფართოდ იყო გაზიარებული მოსაზრება, რომ ქართულმა არმიამ 1921 წლის თებერვალში მცირერიცხოვანი სამხედრო ძალით, მხოლოდ სამხედრო სკოლის კურსანტების (იუნკერების) მხარდაჭერით იომა საბჭოთა წითელი არმიის წინააღმდეგ; უკანასკნელი კვლევებითა და საარქივო მონაცემებით ირკვევა, რომ 1921 წლის თებერვალში თბილისს რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის 10 000-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი იცავდა, მათ შორის იუნკერთა სამხედრო სკოლის კურსანტი მხოლოდ 183 იყო.

2024 წლის გაზაფხულის სემესტრში XII კლასელები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიას ისწავლიან სახელმძღვანელოთი, რომელიც სრულიად ჩამორჩება თანამედროვე საისტორიო მეცნიერების მიღწევებს და იმეორებს საბჭოთა ისტორიოგრაფიის შექმნილ მითს, რომლის მიხედვითაც თბილისს მხოლოდ იუნკრები იცავდნენ.

„საქართველოს დამოუკიდებლობას ძირითადად მოხალისე კადეტები და იუნკერები იცავდნენ. ბევრი მათგანი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.... 24 თებერვლის ღამეს მენშევიკურმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით დატოვა თბილისი და ბათუმში გადავიდა. 17 მარტს ის იქიდან საფრანგეთში გაიქცა“.

თბილისს იცავდა 10 000-ზე მეტი მეომარი, მათგან 183 იუნკერი, რომელთაგან მხოლოდ 9 დაიღუპა ბრძოლის ველზე.

იმავე სახელმძღვანელოში ქართულ ხელისუფლებას  ბრალს დებენ ბრძოლის ველის ადრიანად დატოვების გამო, რაც არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე წერს, რომ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება 24 თებერვლის საღამოს მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მიიღო. რადგანაც დედაქალაქი ალყაში ექცეოდა და ქვეყანას წინ უეჭველი მარცხი ელოდა. კვინიტაძემ ბრძოლის გაგრძელების ერთადერთ საშუალებად თბილისიდან უკანდახევა მიიჩნია. პირველი რესპუბლიკის კანონმდებლობით, მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას, არ ჰქონდა უფლება, ჩარეულიყო მთავარსარდლის ოპერატიულ გადაწყვეტილებებში. ქართული არმია თბილისის დაცემიდან კიდევ სამი კვირის განმავალობაში უწევდა მტერს წინააღმდეგობას. დიდი ბრძოლა გაიმართა 4-6 მარტს ხაშურის რაიონსა და ლიხის ქედზე, 3 მარტს - ახალი ათონის პოზიციებზე, 9 მარტს დაეცა ქუთაისი. ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება კი ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა უმაღლესი ძალაუფლების მქონე ორგანომ – დამფუძნებელმა კრებამ მიიღო. კრებამ თავი დაშლილად გამოაცხადა და ძალაუფლება მთავრობას გადასცა - მას ემიგრაციაში გამგზავრებისა და იქიდან ბრძოლის გაგრძელების უფლება მისცა.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ ათწლეულთან შედარებით ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოები ვითარდება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ გააჩნია მოქნილი პოლიტიკა სახელმძღვანელოების გრიფირების კუთხით.  საკვანძო პრობლემა ამ მიმართულებით სახელმძღვანელოს შექმნისთვის გამოყოფილი დროა. სასკოლო სახელმძღვანელო, რომელიც მომდევნო 5-6 წელი მოსწავლისთვის საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში მთავარი მეგზურია, ზუსტად 90-100 დღეში იწერება. დროის ამ მოკლე პერიოდში მასალის მოძიება-დამუშავება, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისიაა ავტორებისათვის.

პოლიტიკური ცვლილებების კვალდაკვალ იცვლება სახელმძღვანელოს ნარატივებიც. კულტურის ისტორიკოსი, ალეიდა ასმანი მეხსიერების ცვლილების ორ სხვადასხვა ფორმას - პასიურ და აქტიურ დავიწყებას განასხვავებს. ახალ პოლიტიკურ რეალობაში შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოები მიზნად ისახავენ კონკრეტული ისტორიული ეპიზოდების აქტიურ დავიწყებას.

მაგალითად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითქმის აღარ საუბრობენ თანამედროვე ეპოქაში მეზობელ ქვეყნებთან წარმოებულ სამხედრო კონფლიქტებზე, რადგან დამოუკიდებლობის შემდგომი საქართველო მეზობლებთან მშვიდობიან ურთიერთობებს ესწრაფვის.

„სახელმძღვანელოში აღარ საუბრობენ 1918 წლის საქართველო-სომხეთის ომზე, რადგან მეზობლებთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და ეს თემა ისტორიისთვის აქტუალური აღარაა.”

- გვეუბნება ისტორიის მკვლევარი და მასწავლებელი, ნოდარ ჩხაიძე.

2012 წელს გრიფირებულ საშუალო საფეხურის ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელოში იყო სიძულვილის ენა რელიგური უმცირესობების მიმართ; ახალ სახელმძღვანელოებში ნეიტრალური თხრობის სტილისკენ იხრებიან, ხოლო სახელმწიფოები, რომელთანაც ადრე მტრული ურთიერთობა იყო, მხოლოდ სახელებითაა მოხსენიებული.

„საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში ასახულია, რომ რუსეთი ოკუპანტია”.

1990-იანი წლების კავკასიურმა კონფლიქტებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა, 2014 წლის ყირიმის ანექსიამ და რუსეთის შეჭრამ უკრაინაში 2022 წელს, თავისი კვალი დატოვა ისტორიის თხრობაზე; XVIII-XIX საუკუნეების შავიზღვისპირეთის და კავკასიის ისტორიის თხრობისას რუსეთის ფაქტორი შედარებით მკვეთრადაა გამოხატული, რუსეთის იმპერიის, საბჭოთა რუსეთისა და პოსტ-საბჭოთა რუსეთის როლი თანამედროვე პროცესებში ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებში უფრო თვალსაჩინოა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესში მონაწილეობს ფსიქოლოგი და სამართლის სპეციალისტიც, რომლებიც სწავლობენ ტექსტის სამართლებრივ და ენობრივ მხარეს, მისგან მომდინარე საფრთხეებს, მოსწავლეების  აზრით, სახელმძღვანელოები არასასკოლო ენითაა ნაწერი და მოზარდებს უჭირთ შინაარსის გააზრება;  ტექსტს სტრუქტურა და მიმდევრობა არ გააჩნია.

თარიღების სიმრავლე, შედარებით მეორე ხარისხოვანი ისტორიული ფიგურების ჩამონათვალი, შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალებზე თხრობა და მოსწავლეთათვის საინტერესო კულტურებისა და ხალხების შესახებ ცნობების ნაკლებობა - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც  მოსწავლეებს ბარიერად ეღობებათ სწავლის პროცესში. 

ალექსანდრე მიქაბერიძე, ამერიკაში მოღვაწე ისტორიკოსი და ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გვიყვება ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნის ამერიკულ სტანდარტზე:   

„მას შემდეგ, რაც კონკრეტული შტატის განათლების სახელმწიფო საბჭო მიიღებს ახალი სახელმძღვანელოს შექმნის გადაწყვეტილებას, იქმნება 8 ადამიანისგან შედგენილი ჯგუფი, რომელშიც თანაბარი რაოდენობით არიან წარმოდგენილი აკადემიაში დაფუძნებული ისტორიკოსები და სკოლის მასწავლებლები. ისინი ერთი წლის განმავლობაში მუშაობენ სახელმძღვანელოს მიზნებზე, სტრუქტურაზე, პრობლემურ საისტორიო საკითხებსა და მეთოდოლოგიაზე. ისტორიკოსთა საბოლოო კონსენსუსი შედარებით დიდ ჯგუფებში განიხილება, მერე კი იწყება სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესი, რომელიც შესაძლოა, 3 წელიც კი გაგრძელდეს.“

მოსწავლეები გვეუბნებიან, რომ კარგი სასკოლო სახელმძღვანელო უნდა ჰყვებოდეს ამბავს საინტერესოდ, გამართული ენითა და დასამახსოვრებელი ილუსტრაციებით. მაგალითად, ისტორიული და თანამედროვე რუკების შედარება ბევრად თვალსაჩინოს გახდიდა ისტორიის აღქმას და იმის გაგებას, სად ხდებოდა წარსულის ეპიზოდები.

„ისტორია უნდა შეგვიყვარდეს, ხო არ უნდა შეგვძულდეს?”- მოსწავლე, X კლ.

“პარაგრაფები ისეა დაწერილი, რომ დაჯდე და წაიკითხო, ვერაფერს გაიგებ, რთულად არი დაწერილი ყველაფერი და გაკეთებული, რა, არ ვიცი, რატო.” - მოსწავლე, XI კლ.

„ამბავი უნდა იყოს საინტერესოდ მოყოლილი, მარტივი გასაგები უნდა იყოს, 5-ჯერ არ უნდა ვკითხულობდე, რომ გავიგო.” - მოსწავლე, XII კლ.

სახელმძღვანელოების შექმნის პოლიტიკა საქართველოში დახვეწის პროცესშია - ავტორს სურს მეტი დრო წიგნის შექმნისა და განვითარებისთვის; მოსწავლე ელის სახელმძღვანელოს, რომელიც აპოვნინებს ამბებს, მისცემს ბიძგს წარსულის აღმოჩენისკენ.

„წარსულის ფლობა ნიშნავს აწმყოს დაუფლებას.“



[1] ნინო ჩიქოვანის თარგმანი

[2] ჰობსბაუმი ერიკ. ერები და ნაციონალიზმი 1780 წლიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2012, გვ. 125

[3] Ferro Marc, The Use and Abuse of History Or how the past is taught to children, Routledge, 2003, ix

[4] ხვედელიანი ანა, საგანმანათლებლო პოლიტიკა და ნაციონალური იდენტობის ფორმირება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921) (დისერტაცია), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022, გვ. 125



ილუსტრაცია: დეა ტატიაშვილი 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა