გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩემი სამშობლო მიხმობს? | გიორგი ჯავახიშვილი


სამხედრო გაწვევის მცირე მიმოხილვა-კრიტიკა

სამხედრო სავალდებულო სამსახური, იგივე სამხედრო გაწვევა, თავისი კლასიკური ფორმით თანამედროვე ფენომენია, რომელიც პირველად საფრანგეთის რევოლუციის (1789) შემდგომ ჩნდება. შუა საუკუნეებში არმია, ძირითადად, ფეოდალებისაგან იქმნებოდა, რომელსაც ევროპულ და ქართულ ტრადიციაში მეორე წოდების სახელით ვიცნობთ. ევროპაში XVIII საუკუნემდე, საქართველოში კი XIX საუკუნის 60-იან წლებამდე მოსახლეობა სამ წოდებად იყო დაყოფილი. პირველ წოდებას სასულიერო პირები შეადგენდნენ; მეორე წოდებას საერო ფიგურები, რომელთაც ჰქონდათ მიწა, საერო ძალაუფლება და არმიის დაკომპლექტების რესურსი; ხოლო მესამე წოდებას –  გლეხები, ხელოსნები და ა.შ.

მე-13 საუკუნის ფრანგული გამოსახულება, ასახულია სოციალური წოდებები: სასულიერო წოდება, მეომართა წოდება, გლეხები.

მე-13 საუკუნის ფრანგული გამოსახულება, ასახულია სოციალური წოდებები:
სასულიერო წოდება, მეომართა წოდება, გლეხები.

ქართულ კულტურულ მეხსიერებაში ფესვგადგმულია აზრი, რომ ქართველები – მდიდარი თუ ღარიბი, თავადი თუ გლეხი, ყოველთვის მხარდამხარ იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. მოსაზრება მცდარია. დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ შუა საუკუნეების საქართველოში ომი, ბრძოლა და სამხედრო საქმე მხოლოდ თავადებისა და აზნაურების საქმიანობა იყო. გლეხებს მიწის დამუშავება, ჯარის უზრუნველყოფა და თავადების ოჯახების გამოკვება ევალებოდათ. ეს სოციალური თუ სამხედრო სტრუქტურა საქართველოში რუსული იმპერიალიზმის საწყის წლებშიც ურყევად იყო, სანამ 1864 წელს კავკასიაში რუსეთის იმპერიამ ბატონყმობა არ გააუქმა და არსებითად არ შეიცვალა გლეხების სტატუსი, ეს უკვე სხვა ამბავია და სხვა დროს იყოს.

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი მასობრივი გაწვევა ფრანგული რევოლუციის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. 1793 წლის მარტში საფრანგეთის პროვინცია ვანდეაში ანტირევოლუციური აჯანყება დაიწყო. ეს ის აჯანყებაა, რომელსაც ვიქტორ ჰიუგომ 1874 წელს ვრცელი რომანი „ოთხმოცდაცამეტი წელი“ მიუძღვნა.  კონტრრევოლუციონერების ჩასახშობად, საფრანგეთის ხელისუფლებამ 1793 წლის აგვისტოში მასშტაბური სამხედრო გაწვევა დაიწყო.

ახალგაზრდა კაცები წავლენ ჯარში; დაქორწინებული მამაკაცები დაამზადებენ იარაღს და ხელს შეუწყობენ სატრანსპორტო უზრუნველყოფას; ქალები შეკერავენ სამხედრო უნიფორმებს, კარვებს და იმსახურებენ საავადმყოფოებში; ბავშვები ძირიდან აკრეფენ ჩვრებს; მოხუცები გამოვლენ მოედნებზე და შეაგულიანებენ მებრძოლებს მეფის სიძულვილითა და რესპუბლიკის ერთიანობის რწმენით.

1789-1914 წლების პერიოდი, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, „გრძელი მეცხრამეტე საუკუნე“, გარდამტეხი გამოდგა თანამედროვეობისათვის. „ხანგრძლივ საუკუნეში“ შეიქმნა თანამედროვე სახელმწიფოსა თუ ცხოვრების უამრავი მახასიათებელი. ამ პერიოდიკის ერთ-ერთი აღმოჩენა ნაციონალიზმის მომნუსხველი ძალა და შთამაგონებელი რიტორიკა იყო – XIX საუკუნიდან იწყება იმპერიებში ეროვნული პოლიტიკის აღზევება; იმპერიის პერიფერიებში ჩაღდება ბრძოლა იმპერიებისა და იმპერიული ნაციონალიური პოლიტიკის წინააღმდეგ.

1789 წლიდან მოდერნულ სახელმწიფოებში იქმნება ეროვნული არმიები, რომელთაც წინა ეპოქის არმიებისგან იდეური და შინაარსობრივი მრავალფეროვნება განასხვავებს. პარიზელი ქუჩის ყაჩაღი და იურისტი გვერდიგვერდ იბრძვიან პრუსიის, ავსტრიისა და რუსეთის არმიების წინააღმდეგ; მხარდამხარ ბრძოლა ქმნის რწმენას, რომ სამშობლოს წიაღში ყველა მოქალაქე თანასწორია.

თავისუფალი სამშობლოსათვის, სადაც არც აბსოლუტური მონარქიის წნეხი, არც რელიგიის სახელით ყვლეფა და არც თავადების მიერ შევიწროებაა, სიკვდილი ღირს.

ამ რიტორიკამ შექმნა ნაციონალური იდენტობები და არმიები, ნაციონალური სამხედრო სამოსები და მარშები, რომელმაც თავის ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას 1914 წლისთვის მიაღწია.

ისტორიკოსები ხშირად ხუმრობენ, რომ 1914 წლის ზაფხული ევროპაში უკანასკნელი მშვიდი ზაფხული იყო. დაიწყო „ხანმოკლე მეოცე საუკუნე“, გამორჩეული უკიდურესობებით, ექსტრემისტული პოლიტიკით, ორი მსოფლიო ომითა და ორ მტრულ ბანაკად გაყოფილი პოლიტიკური რეალობით, რომელიც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დასრულდა.

1789 წლიდან 1914 წლების ინერციით, პირველი მსოფლიო ომის დამდეგს სამშობლო იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ტერიტორია და ისტორიაა. ომის საწყის თვეებში დიდი სახელმწიფოები ფიქრობდნენ,  რომ ომი მალე დასრულდებოდა, გერმანიის იმპერატორმა აგვისტოს დასაწყისში ფრონტზე მიმავალ ჯარს გზა დაულოცა: „თქვენ შინ იქნებით, სანამ ხეს ფოთოლი გასცვივა”, ამ სიტყვებიდან 4 ზაფხული იყო გასული და ომი ჯერაც გრძელდებოდა, სანამ 1918 წლის 11 ნოემბერს საბოლოოდ არ დასრულდა XX საუკუნის საწყისი კატასტროფა.

„დიდმა ომმა“ მეორე მსოფლიო ომამდე არნახულად დიდი ადამიანური და სამხედრო რესურსის საჭიროება გამოაჩინა. გაჩნდა პირველი მასშტაბური მოწოდებები, ახალგაზრდა კაცებს სამშობლოს დასაცავად მოუხმობდნენ.

1914 წლის 5 აგვისტოს ბრიტანეთის ომის მინისტრი, სამოცდაოთხი წლის ლორდ კიტჩენერი გახდა. ისტორიკოსი კარლო გინძბურგი გვიყვება, რომ კიტჩენერი სასტიკი, ულმობელი, შეუპოვარი ჯარისკაცი, კარგი სამხედრო ორგანიზატორი და ბრიტანეთის იმპერიის ერთგული მსახური იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში: აფრიკაში, ავსტრალიაში, ინდოეთში. ის იყო კაცი, რომელმაც სუდანში დაამარცხა აჯანყებულები და შური იძია აჯანყების დროს მოკლულ გენერალ ჩარლზ ჯორჯ გორდონისათვის. იმავე დღეს გაზეთმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია:

„შენ სჭირდები შენს მეფეს და შენს ქვეყანას, უპასუხებ შენი ქვეყნის ძახილს?“

სამხედრო პროპაგანდის მანქანა აგორდა, სათქმელი ითქვა; მას მხოლოდ ლორდ კიტჩენერის სახელი და სახე აკლდა. 1914 წლის სექტემბრიდან მოწოდება გაძლიერდა, გაჩნდა კიტჩენერის გამოსახულებიანი პლაკატები. „კიტჩენერის დივიზიებმა“ ორმილიონნახევარს მიაღწია. გინძბურგისვე შეფასებით, ამ მასიურმა ფენომენმა მოსპო განსხვავება ლორდ კიტჩენერ პლაკტასა და ლორდ კიტჩენერ გენერალს შორის და თავისი წვლილიც შეიტანა პირველის უკანასკნელზე გამარჯვებაში.

ალფრედ ლიტი, ლორდ კიტჩენერი, „შენ სჭირდები შენს ქვეყანას“, გაერთიანებული სამეფო 1914.

ალფრედ ლიტი, ლორდ კიტჩენერი, „შენ სჭირდები შენს ქვეყანას“,
გაერთიანებული სამეფო 1914

კიტჩენერის პლაკატის კვალდაკვალ, სამხედრო მოწოდებების პოსტერები გაჩნდა იტალიაში, უნგრეთში, აშშ-ში, გერმანიაში. პირველი მსოფლიო ომის მერე სამხედრო მოწოდების პლაკატები გავრცელდა საბჭოთა რუსეთსა და საბჭოთა კავშირშიც, რომელთაგან ერთ-ერთი მეორე მსოფლიო ომის დროს ირაკლი თოიძემ შექმნა – „დედა სამშობლო“ გვიხმობს.

ჯ. მ ფლეგი, „მე შენ მჭირდები აშშ-ს ჯარისთვის“, აშშ, 1917

ჯ. მ ფლეგი, „მე შენ მჭირდები აშშ-ს ჯარისთვის“, აშშ, 1917

ჯ. მ ფლეგი, „მე შენ მჭირდები აშშ-ს ჯარისთვის“, აშშ, 1917

ირაკლი თოიძე, „დედა სამშობლო გვიხმობს“, სსრკ, 1941

1918 წლის 26 მაისს საქართველო 117-წლიანი რუსული ანექსიის შემდგეგ დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. დაიწყო ეროვნული არმიის ფორმირება. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918 წლის აგვისტოში მიიღეს დებულება სამხედრო ბეგარისა და მუდმივი ჯარის შევსების შესახებ. სამხედრო სავალდებულო სამსახური დაწესდა 20-დან 45 წლის ჩათვლით. ჯარში არ იწვევდნენ მუსლიმებს. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადად 2 წელი განისაზღვრა, თუმცა 1919 წელს მიღებული კანონით, 1 წელსა და 4 თვემდე შემცირდა.

გაწვევის გადადება შეიძლებოდა რამდენიმე შემთხვევაში: თუ კონტინგენტი შეივსებოდა; თუ გასაწვევი პირი იყო საშუალო სკოლის მოსწავლე და წარადგენდა შესაბამის მოწმობას; თუ პირი მიცემული იყო სამართალში ან მის შესახებ მიმდინარეობდა გამოძიება, საქმის დასრულებამდე მას ჯარში არ გაიწვევდნენ; მძიმე ფიზიკური დაავადების მქონე ხალხს სამუდამოდ ათავისუფლებდნენ ჯარიდან. 1919 წლის კანონით, ჯარში გაწვევისგან გათავისუფლდნენ დუხაბორთა რელიგიური სექტის წარმომადგენლები, დროებით გათავისუფლდნენ აფხაზებიც, თუმცა ნება მიეცათ, მოხალისედ, საკუთარი სურვილით ჩარიცხულიყვნენ არმიაში.

1919 წლის 30 ნოემბერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო მორიგი კანონი, რომელიც შეეხებოდა ომის დროს მობილიზაციით ჯარში გაწვეულ მოქალაქეთა უფლებებს. კანონის მიხედვით, ომში გაწვეულ მოქალაქეებს ან მოხალისეებს შეუნარჩუნდებოდათ სამუშაო ადგილები, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უწყებებში,ხოლო მობილიზაციით გაწვეულები მიიღებდნენ იმ ანაზღაურების ნახევარს, რომელიც ჰქონდათ დანიშნული გაწვევამდე.

ჟურნალი „სახალხო გვარდიელი“,N1, თავფურცელი, 1920

ჟურნალი „სახალხო გვარდიელი“, N1, თავფურცელი, 1920

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე, 30 წელზე მეტია, მიმდინარეობს დისკუსია სამხედრო სავალდებულო სამსახურის ავკარგიანობის შესახებ. პრობლემაზე, ძირითადად, საუბრობენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, დასაქმებული ახალგაზრდები, რომლებსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ემუქრებათ, მაგრამ იშვიათად თუ წავაწყდებით მაღალი რანგის სამხედროთა მოსაზრებებსა თუ კომენტარებს.

იშვიათად ვხედავთ ყოფილ და მოქმედ სამხედრო პირთა შეფასებებს უსაფრთხოების პოლიტიკის პრობლემებზე, გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა თუ რეგიონალურ პოლიტიკაზე. პირველ რიგში, საინტერესოა, რას ფიქრობენ კვალიფიციური ოფიცრები სამხედრო სავალდებულო სამსახურის სულ მცირე ორ მხარეზე:

ა) რამდენად მიზანშეწონილია გაწვევა არა მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში, არამედ სხვადასხვა უწყებაში, სადაც გაწვეულები, ძირითადად, დარაჯის ფუნქციას ასრულებენ?

ბ) რამდენად შედეგიანი, ეფექტური და მიზანშეწონილია გაწვევის აღნიშნული ფორმის ხანგრძლივობა?

ბოლო ათწლეულში საქართველომ რამდენიმე სტიქიური უბედურება და ხანძარი იწვნია. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისეების ჩართულობა ყოველთვის მაღალი იყო, თუმცა გაწეული სამუშაოს ხარისხი, ორგანიზებულობა და ეფექტურობა – არც თუ სახარბიელო.

სტიქიურმა უბედურებებმა გამოაჩინა ორგანიზებული, დისციპლინირებული და სტრუქტურულად გამართული ჯგუფების აუცილებლობა.

როგორ უნდა შევქმნათ მსგავსი ტიპის ჯგუფები? – პასუხს ხშირად სამხედრო სავალდებულო სამსახურამდე მივყავართ, რომლის შესახებ დისკუსიაც არა მხოლოდ პოლიტიკური და სამხედრო საკითხია, არამედ სხვადასხვა ფორმითა თუ შინაარსით საჯარო კულტურის სფეროშიც აღწევს.

მოდერნული პოლიტიკური და სოციალური ტრადიციით, ნაციონალურ კონსოლიდაციას ყველაზე მეტად ორი ინსტიტუცია უწყობს ხელს – სკოლა და ჯარი.  ჩვენში ჯერ კიდევ იჩენს თავს დაპირპისპირება ცენტრსა და პერიფერიას, ქალაქსა და სოფელს შორის, ხშირია კუთხურ წარმომავლობაზე ხაზგასმა და შიდაჯგუფური სტერეოტიპები ნაციის შიგნით.

სამხედრო გაწვევის მთელი „ხიბლი“ სახელმწიფოს სხვადასხვა მხარეში მცხოვრები ადამიანების კონსოლიდაცია, ერთ ერად გარდაქმნა და საერთო პასუხისმგელობის, სოლიდარობისა და ვალდებულებების შეგრძნების გაჩენაა.

დღეს ფაქტობრივ აუცილებლობას წარმოადგენს არა მხოლოდ პროფესიონალური არმია, არამედ ძლიერი რეზევრიც, რომელიც ომის დროს სულ მცირე ზურგში დაეხმარება პროფესიულ არმიას,  უკიდურეს შემთხვევაში, აქტიურ საბრძოლო მოქმედებში ჩაერთვება. რეზერვის შევსების უმნიშვნელოვანესი წყარო სამხედრო სავალდებულო სამსახურია. გარდა ამისა, მასშტაბურ სარეზერვო ძალებს შეუძლიათ ეფექტურად, დროულად და ორგანიზებულობის მაღალი ხარისხით გაუმკლავდნენ სტიქიურ უბედურებებს.

საკვანძო პრობლემად რჩება მთავარი კითხვა – როგორი უნდა იყოს სავალდებულო სამხედრო სამსახური? სამხედრო სავალდებულო სამსახური მოქალაქეებმა უნდა მოიხადონ პირველ რიგში შეიარაღებულ ძალებში, სადაც გაივლიან საწყის სამხედრო მომზადების კურსს და არ დაკარგავენ დროს დარაჯის როლის შესრულებაში. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, როგორც წესი, მოიცავს 22 კვირას, რაც სრულებით საკმარისია ძირითადი, მნიშვნელოვანი უნარების დასახვეწად და განსავითარებლად.

დაწვრილებით

გაწვევის ის ფორმა, რომელიც ახლაა საქართველოში, მოქალაქეს არათუ აახლოვებს სახელმწიფოსთან, არამედ აშორებს და გულგრილს ხდის საკუთარი სამშობლოს მიმართ. არ შეიძლება თავისუფალი მოქალაქეები დარაჯებად აქციო, წაართვა ცხოვრების ერთი წელიწადი, მოექცე, როგორც იაფ მუშა ხელს და 365 დღის განმავლობაში არაფერი შესძინო მის პიროვნებას, გარდა ნეგატივისა და ნიჰილიზმისა. 

რატომ ართმევს სახელმწიფო მოქალაქეებს ცხოვრების ერთ წელს იმაში, რისი სწავლაც ექვს თვეშიც შეიძლება და რატომ არ აძლევს ადამიანებს იმის უფლებას, რეალურად ემსახურონ სამშობლოს და არ უდარაჯონ ისედაც ათასგზის დაცულ შენობა-ნაგებობებს? ჩვენი ქვეყანა დარაჯებად არ უნდა გვიხმობდეს.



ქავერის ილუსტრაცია: ანანო გაგნიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა