
მორჩილების ესთეტიკა | სანდრო ქერაული
ღალატის რუტინა და ტაში თანამედროვე მასკარადისთვის
საქართველოში პანკი მეფის კარზე მღერის. როკი პოლიტიკოსების იუბილეებზე ჟღერს. ჰიპ-ჰოპი სლოტ-მანქანის საუნდტრეკია, ფოკუსნიკები და პოეტები სახელმწიფო გრანტებზე წერენ თავიანთ ანტისისტემურ პროექტებს - სისტემა ყველას თავის წვეულებაზე მასპინძლობს, ვინც არ ერევა და საქმეს ერთგულად ღალატობს.
ეს პოეტიკა ეხება რუტინას, ყავის, ვარჯიშის, კითხვის, გაღვიძების, როცა აღარავის ესმის, ვინ ვის ყიდის, რატომ და რა მნიშვნელობა აქვს საერთოდ ღალატს.
იყო დრო, მორალი (no to selling out ya’ll!) ჯერ კიდევ არსებობდა, როგორც მოთხოვნა. სიტყვის ერთგულება არა ხუმრობა, არამედ - ჟანგბადი, მაგრამ, აი! ჩაძაღლდა სწორხაზოვანი სიმართლე და რუტინაში გართულებს დაკრძალვაც კი დაგვეზარა.
არავის დაუსევდიანდა ცხვირ-პირი, არავის დაუკრავს სამგლოვიარო მუსიკა. სიმართლე გადავიდა არქივში და იქიდანაც თუ მალე ამოვშლით, ამოვისუნთქებთ.
ქართული კულტურა დღეს (როგორც ყველა არტისტი ყოველთვის ამბობს) არცერთ ჟანრს არ ერგება, ამიტომ რამე ქვეკატეგორია უნდა მოვუფიქროთ - „ურეაქციო რეალიზმი“, „თვითწოვა“ , „ყოჩაღობანა“ ან რამე მსგავსი, რომ სპოტიფაიზე ტრეკების ატვირთვისას ქართველ არტისტს უხერხულობა არ შეექმნას ჟანრის მონიშვნის აუცილებელი პროცედურისგან.
რასაც დღეს ანდერგრაუნდში თუ აფგრაუნდში კულტურის მუშაკნი სჩადიან, მხოლოდ ღალატი არაა, მეგობრებო - ეს პიროვნული ტრაგედიაა, რომელიც მთელ ერს თანაბრად გვემართება. რუტინიზებული, ხალისიანი და აპლოდისმენტებით გაფორმებული სუიციდი, რომელზეც მომავალში მხოლოდ იცინებენ.
დარწმუნებული ვარ, განვითარებულ საზოგადოებაში და ჩვენთან მომავალში ადამიანებს ექნებათ უფლება, იყვნენ წარმატებულები საკუთარი მორალური თვითმკვლელობის გარეშე - ამოთქვან, იფიქრონ, მაგრამ აქ და ახლა არა, ეს შეუძლებელია.
თვითცენზურა უკვე უბრალოდ დაცვითი მექანიზმი კი არა, კულტურული იმუნიტეტია, რომელიც შემოტევაზე რეაგირების მაგივრად, თვითონ გკლავს დაუპატიჟებელი ვირუსივით, რომელიც შეგეყარა, მაგრამ ყველა იმდენად ინფიცირებულია, რომ გეშინია, შენ შემთხვევით ჯანმრთელი არ დარჩე და არ გაგრიყონ.
როცა ფორმა იწყებს ფუნქციის მართვას, მღერის ყველა, ვისაც ხმა აქვს, მაგრამ არა ის, ვინც რამეს ამბობს.
ეს მხოლოდ ერთ სისტემაში ხდება ასე, იმ სისტემაში, სადაც გაუჩინარებული ჰეროიზმი იცვლება კონფორმისტული მომგებიანობით.
კულტურა მოკვდა - არა დევნით, არამედ შეთანხმებით.
ის შეთანხმდა საკუთარ თავთან, რომ არ ღირს - ესეც გაივლის და ერთგულად გაჩუმებულს, მსუბუქად დაბრმავებულს არავინ შეეხება და ცვლილების შემთხვევაში წარმატებით გახარებული ვერც ვერავინ გაბედავს, სიჩუმე გაუხსენოს.
ეს ყველაფერი არ არის პერსონალური, კოლექტიური ფსიქოლოგიის ნაწილია, სადაც ანტიგმირის ტახტი ან თავისუფალია, ან ჩემნაირ გიჟებს ეკუთვნით.
დღეს გრძელი კაპიტულაცია უფრო დიდი წარმატებაა, ვიდრე მოკლე აჯანყება.
წესრიგს შევეცი! ამბობს ის და გვთავაზობს მოწესრიგებული გადარჩენის ურცხვ რუტინას.
სად მთავრდება სტრატეგია და იწყება სირცხვილი?
შეიძლება არც ეს არის ცუდი. ბოლოს და ბოლოს, ტარკოვსკიც რუსი იყო და ჟან-ჟაკ რუსოც, ოღონდ ერთმა გაქცევით სცადა გადარჩენა, მეორემ კი „საზოგადოებრივი ხელშეკრულებით“.
ქვეყანა ალბათ გადარჩება. უბრალოდ არ გვექნება დრო, მივხვდეთ - რისგან.
ფოტო: Shepard Fairey – Conformity Trance (2021)