გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მზია ამაღლობელი შიმშილობა შიმშილი პროტესტი ციხე ირაკლი დგებუაძე პატიმრობა სინდისის პატიმრები

„ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა“ | ნინო ლომაძე

ტექსტი ეფუძნება სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნის აქტივისტების, პოლიტიკური პატიმრების პირად ჩანაწერებსა და წერილებს, ვინც უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის გზად შიმშილობა აირჩია. სათაურის გარდა, ტექსტის არც ერთი ფრაგმენტი არ ეკუთვნის საქართველოს საპატიმროებში დღემდე გამომწყვდეულ სინდისის პატიმრებს.

...

მეხუთე დღიდან სხეული შიმშილს ივიწყებს. ის აღარ არის. გრძნობა ქრება. რჩება მხოლოდ აქა-იქ გულისრევის, თავბრუსხვევის შეგრძნება, ხანდახან ისეთი ძლიერი, შეიძლება წაგაქციოს.

პერიოდულად ეცემა წნევა.

გულისცემა ხანდახან ისეთი არეულია, თვლა და რიტმი გეკარგება.

გახსოვს ის დროც, როცა ითვლიდი წუთებს და ელოდებოდი საათს, როცა შიმშილი თავისი თავის დავიწყების საშუალებას მოგცემდა. მაგრამ თან იცოდი, რომ შიმშილი იქნება ის, რაც სულ შენთან დარჩება. ის არასდროს დატოვებს სხეულს, რომელიც გლუკოზის მარაგის შევსებას მალე ღვიძლიდან ვეღარ შეძლებს და ჯერ ცხიმოვან ქსოვილს, მერე კი კუნთებს მიეძალება.

მომდევნო დღეებში კიდურებს უძალობას ამჩნევ, წვასაც გრძნობ, ხანდახან ტერფები, წვივები, მტევნები გიბუჟდება, მაგრამ ჯერ აზრების მოკრება შეგიძლია, ფიქრში ლოგიკური ჯაჭვის აგებაც გამოგდის.

პირველი კრუნჩხვა იწყება ასე: შინაგანი სპაზმი შეგაზანზარებს, მთელი კუნთოვანი მასა ერთ წერტილში გაიკვანძება, ნაწლავების კედლები ერთმანეთს მიეკრობა, ხახუნი ისეთი ძლიერია, აღმუვლებული შიგნეული ხმაურობს და გესმის. სხეულის კივილი შემზარავია.

ხელებს ნელა შემოიხვევ ტანზე, მუხლების კანკალით მიხვალ რამე ჩამოსაჯდომთან და მუცელს ფეხებს დააბჯენ, ზემოდან დააწვები, რომ ეს ღმუილი შენი სხეულის სიმძიმით ჩააჩუმო.

ამ ხმას ვერაფერი ახშობს. 

სითბო გჭირდება. ეხვევი ყველაფერში, რისი ტანით ტარების ძალაც გაქვს. როცა თითებიც გათბება, ადვილად ჩაგეძინება. მაგრამ უფრო ხშირად თვლემ.

ხანდახან სუსხივით დაგივლის ტანში რაღაც, აგაკანკალებს და უფრო მაგრად ეხვევი საბანში, ფეხების დაზელვის და გახურების ძალა არ გაქვს. ამ დროს ყველაზე კარგია თვალების დახუჭვა და ძველი შეგონების თუ სადღაც ამოკითხულის გახსენება, რომ გაყინულ სხეულს კუნთების სპაზმი ააცახცახებს და ეს დიდი ენერგიის ფანტვა იქნება, ამიტომ იკრებ ძალას და სხეულის მოდუნებას ცდილობ, რომ მოეშვას კუნთები და სისხლს ძარღვებში მოძრაობისთვის სივრცე გაუთავისუფლოს. რატომღაც არც ეს გშველის.

ისევ თვლემ.

კარის შემოღების ხმაზე ფხიზლდები. შემცბარი წამოჯდები, რომ შემოსულს დახვდე, კითხვებზე მწყობრი პასუხები გასცე. თითქოს საკუთარი უძლურების გერიდება, ახლა უცხოებთან ლაპარაკის დრო არ არის. ამიტომ მალე ისტუმრებ. „არაფერი, მეტი. მადლობა, არაფერი მჭირდება.“

მოშიმშილე პატიმრებთან საჭმლის შემოტანა ფსიქოლოგიური ძალადობაა და ამას საპატიმროების თანამშრომლებს პროფესიული ეთიკაც და პროტოკოლიც უკრძალავს - ესეც გახსოვს. 

დღეს სასწორზე ამოკითხულ რიცხვზე მეტად, ციხის თანამშრომლის ტონმა შეგაცბუნა - მისი სიტყვები ყინულის წვეტებად ჩაერჭო კედლებს, იატაკს: სხეულის წონის 20 პროცენტი დაკარგულია, - თქვა მან, მერე რაღაც ჩაინიშნა, გატრიალდა და გავიდა. შენ საწოლზე ჩამოჯექი და დაკეტილ კარში მისი ნაბიჯების ტრაექტორია უკან გადაახვიე, ეს შენელებული კადრი კარგად დაათვალიერე: მის სხეულს სუნთქვა არ არხევს, მექანიკურ სათამაშოს ჰგავს. 

როცა სხეულის წონა 40 პროცენტზე მეტს დაკარგავს, იცი - განგაში დაიწყება. შეიძლება ვერც კი მიჰყვე მოვლენებს. მხოლოდ ამის გეშინია - კონტროლის დაკარგვის. ამ დროისთვის ყველაფერზე ნაფიქრია, ყველაფერი თითქოს მომზადებული გაქვს, მთავარია, რამე არ გამოგრჩეს და ქაოსის ნისლმა ხედვა არ დაგიბინდოს. ძალის მოკრება კიდევ ბევრჯერ დაგჭირდება.

ჯერ ყველაფერი წინაა.

ხანდახან უეცრად მიხვდები ხოლმე, რომ ეს არც ღელვა იყო, არც შფოთი, ეს სისუსტის გაფანტულობაა. იშვიათად რომ ლაპარაკობ. გვიან შენიშნე, რომ მეტყველებაც შენელებული გაქვს.

ორი კვირის მერე ფიქრები აირია. რომელმა ფიქრმა მიგიყვანა ბოლოს გაჩერებულ აზრზე, გახსენება გიჭირს. გვიან ხვდები ხოლმე, რომ გეძინა. თვლემა ხშირდება. უფრო წევხარ. როდის დახუჭე თვალები, როგორ გაგრძელდა ფიქრი წარმოსახვაში, თუ ეს იყო სიზმარი, ან როდის დაბრუნდი უკან - აღარ გახსოვს.

ამას ვერ ეტყოდი დედაშენს, რომელსაც აქ არავინ შემოუშვებდა. ან როდის, ვისგან გაიგე ეს ამბავი მეგობარზე, თუ არც ახალი წერილი მიგიღია, არც ადვოკატს შეხვედრიხარ. რამდენიმე დღის წინაც აგერია ფიქრები. ეს უკვე მეორედ ხდება. ჯერ ჰალუცინაციები არ უნდა დაწყებულიყო. ეს სამი კვირის მერე, ან კიდევ უფრო გვიან მოვა. ეს იცი. აუცილებლად მოვა. მაგრამ ჯერ ადრეა.

ჯერ ელოდები.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა