ხმა, რომელიც არ იკარგება | ინგა ელბაქიძე
21.01.2025 | 8 წუთიანი საკითხავიტექსტი შედგენილია ფრაზებით, რომლებიც ისმის საპროტესტო აქციაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე. 11 გრადუსიდან -5-მდე, დილიდან ღამემდე, ქუჩიდან ქუჩამდე და ყოველ ნაბიჯზე.
...
კაცმა არ იცის, რა მოხდება. ჰოდა, მეც აქ ვარ, არსად არ მივდივარ. გავუძლოთ ცოტახანი. ახლა ხომ მე ვარ, მერე შენ მოდი. ბავშვობაშიც ზუსტად ამ ძეგლთან ვცეკვავდი. მუსიკას ააყოლეთ ფეხი, ბოლოს მაინც ცეკვაში ცვდება ფეხსაცმელი. მე ეს ერთი ფეხსაცმელი მაქვს, მათბობს და მიძლებს, სააქციო ფეხსაცმელს ვეძახი. მარა ერთი სული მაქ ყველაფერი დამთავრდეს და ამასაც მოვისვრი. ზაფხული მაინც იყოს, რო ეს წყლის ჭავლიც გაგისწორდეს, რა. აუ, საწვიმრებს სად არიგებენ?
- ძაან ჭყლეტაა, ვერ დავდივარ.
- იმედზე გადართე და გაივლი.
ჟუჟუნა ჭავლი მოოოვიდა, დიდი მინდორი დაანამა. გვეკაიფებიან ესენი?! ხო არ იცი, ფოიერვერკი სად ვიყიდო? ლაშას დაესხნენ თავს პირველ სკოლასთან. კინაღამ მოკლეს… პოლიცია რას აკეთებდა?!
რა დავმშვიდდე, რა დავმშვიდდე! დედა ვარ-მეთქი. შიში ნორმალურია, შიშით იმასაც ეშინია ვინც იბრძვის. შიშით გამოწვეული ტრფობაა, რაც მაბრაზებს. მე ვიცი, თქვენც არ გსიამოვნებთ, წაქცეულზე სახეში რომ ფეხს ურტყამენ. მა, ეს შავებში ჩაცმულები ტროლები არიან?
მეც დავიღალე, მარა მართლა ამათ ხომ არ დავუტოვებთ ქვეყანას. მე ხო ეხლა თქვენ გესაუბრებით, შეურაცხყოფას ხომ არ გაყენებთ? მაგრამ ახლა, აი, ამ წამს შეიძლება დამიჭირონ, კორიდორი გამიკეთონ და ყველამ თავში მირტყას. ჩვენ ჩვენს იარებს მოვიშუშებთ, თქვენ მოგიწევთ სამუდამოდ მათთან ცხოვრება. სხვანაირად ვიბრძვი, როცა ვიცი, რომ ბოლო შანსია.
არ გირჩევნია, კაცო?! არ გირჩევნია, შენი შვილებისთის გქონდეს მოსაყოლი?! ომი გინდათო? აბა, ეს რა არის? თქვენ რას ფიქრობთ, თქვენ გაყიდული ხართ თუ არა? აქ ვარ. ხომ ხედავ. არც ნიღაბი მაქვს და არც არაფერი. მზად ვარ, რა! არა, იცი, რა, ფილმის სახით წარმოიდგინე შენ დგახარ, იქითა ნაწილში კიდე შენი ტოლი, რომლესაც უნდა ეთამაშო, რაღაც მოიგონო იმისთვისვე სასიკეთო და არა აი ამაში მიიღო მონაწილეობა..
აქ როცა ხალხი ჰიმნს მღერის, “საქართველოს გაუმარჯოს” რომ იძახიან, გულზე ხელი გიდევთ? ანუ ჩვენი ბამბა ჩხრიალებს და მათი ოქრო გაჩუმებულია? მარჯანიშვილით წავიდეთ, რუსთაველილზე და თავისუფლებაზე ჩასაფრებულები არიან. აუ, სახლში მინდა ასვლა და მანდაც ხომ არ დგანან? ფრთხილად იარე მაინც… დროშა გიკეთია. დედაჩემმა დამირეკა, ჩიხებით არ წამოხვიდეო. ერთმანეთს ველოდებით, ერთმანეთს!
ეე, კინაღამ ვერ გიცანი, სულ დაიკარგე! ყველას უთხარი, გიმნაზიასთან შევიკრიბოთ. Let’s go სამშობლოსთვის! ჩემმა ბიჭმა პირველი ნაბიჯები მეგრელების მარშზე გაიარა. ჩვენ ვინც აქციაზე ვიყავით, ყველას დაგვირეკეს. შეხედე, შეხედე, რა საყვარელი რობოკოპია, ბამბის ნაყინი უნდა მისცე.
- ბიჭო გასაღები დარჩა ვიღაცას.
- გადაუღეთ, დაიტოვეში ჩააგდეთ.
- კაი ერთი, რად უნდა. ესეც ჩვენი სახლი არაა?
- ჩურჩხელა რატო დაგაქვს, ბიჭო, აქციაზე?
- ჩურჩხელა არის საქართველოს სიმბოლო, ამით ომშიც დადიოდნენ.
- ანი სადაა?
- მუზეუმშია, თბება.
დე, აქ არ იჭერს კარგად, მარა ფრთხილად ვარ, არ ინერვიულო.
- სუპია?
- კი
- ვა, სუპი მინდა.
აქციაზე რო დავდივარ, სუ მთვარეს ვუყურებ. შემიყვარდა. ჩემი ფანჯრიდან არ ჩანს. მე აქციაზე ვხვდები შობას, მა, შენ ღამე ფანჯარასთან სანთლის დანთება არ დაგავიწყდეს. სხვაგან წასასვლელი ვის აქვს, არ ვიცი. ჩვენ დავდექით უკვე, თქვენ რას შვრებით? ჯაჭვს მაინც არ გავწყვეტ იმის მიუხედავად, რომ ნერვები მართლა ჩაწყვეტილი მაქვს. სასწრაფოა, გაატარეთ! არა, იმას აღარ ვატარებთ, ეგეც საავადმყოფოში ხომ არ მიდის?
- გადადით გზიდან! გადაიწიეთ! ორი საათია, მოვდივარ, ორი საათი!
- არაუშავს!
ტყუილად დადიოდი ამდენი ხანი სიმღერაზე? აყევი!
- სანთელი ხომ არ გინდათ?
- აუ, კი, მადლობა.
- გავალ იქითაც, იქნებ სხვებსაც უნდათ.
ეს ადგილი უბრალოდ ადგილია, სანამ შევიკრიბებით, მარა როცა ეს კავშირი ჩნდება, მერე უკვე სხვა რაღაც ხდება. აუ, ამ ჭიშკრებზე იცი, რა უნდა ჩამოწერონ? რუსეთის ღალატები წლების მიხედვით. მოქალაქენო, გთხოვთ არ დაიშალოთ. მომავალი როგორმე კი არა, უნდა გადარჩეს! მაინც აქ ვდგავარ, აბა სად წავალ?
- გესმის ჩემი ხმა?
- მესმის, მესმის, აი, დაგინახეთ.