გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ღამის სამი საათია, გოგონა ისვენებს | თამარ ბაბუაძე

2024 წლის 3 დეკემბერი, დილის 3 საათი.

აქციის მონაწილე გოგონა ისვენებს მოძრავ ქანდაკებაზე, რომელიც „მომავლის ნაყოფიერებას, სიახლესა და კეთილდღეობას“ გამოხატავს.

ეს თეთრისა და სარკისებრი ზედაპირის ოვალური სკულპტურა მოედანზე მდებარე წყლით სავსე აუზში, 2019 წლის 11 ნოემბერს გაიხსნა. იტალიაში მცხოვრებმა ქართველმა მოქანდაკემ პრასტომ, ვაჟა მიქაბერიძემ, ის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას საჩუქრად გადასცა. ერთ-ერთ ინტერვიუში ავტორი ამბობს:

„ჩემი მიზანი მხოლოდ ვიზუალური ეფექტის შექმნაა… ჩემს სკულპტურებს ყველა თავისებურად აღიქვამს, მაგრამ ძირითადი ფუნქცია, რაც აქვთ, არის ის, რომ 3-5 მეტრიანი ობიექტები მოძრაობს, არ არის დამაგრებული, უბრალოდ დევს და მოძრაობს…“

ავტორის ჩანაფიქრის მიხედვით, ამ სკულპტურასაც ქარის ზემოქმედებით უნდა ემოძრავა. სხვა შემთხვევებში, ალბათ, ასეც ხდება. 3 დეკემბრის ბნელ და ცივ დილას კი, იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, ვიდრე სკულპტურის ცარიელ სიმრგვალეში ჩამომჯდარი გოგონა ისვენებდა, მოხდა იმაზე მეტი, რაც, წესით, ავტორმა ნამუშევარს ჩაუთქვა: აბსტრაქტული სკულპტურა ძალიან კონკრეტულმა და მკაფიოდ გამოთქმულმა ადამიანურმა ძალამ აამოძრავა და არა თავის ნებაზე, უმართავად მოთარეშე ქარმა.

სხეული მძიმეა დაღლით, რომელსაც არ ეპუება. ამიტომ: სხეული მძიმეა ბრაზით, რომელსაც დაღლა ვერ ფიტავს. ქანდაკებას ამოძრავებს გაბრაზებული სხეული, რომელიც მოძრაობს უწყვეტად, უსამართლობის შესანჯღრევად. სხეული ისვენებს მხოლოდ იმ რამდენიმე წუთის განმავლობაში, მაგრამ მაშინაც დუღს და გადმოდუღს მისგან ქმედების ძალა.

სხეული ასხივებს უტიფრობას, ანგარიშგაუწევლობას, რევერანსების დამხობას. სხეული ზის და დამსახურებულ სიგარეტს აბოლებს დამსახურებული დასვენების ჟამს. თან ქანაობს და ირხევა - ინარჩუნებს ტონუსს ისევ ასამოძრავებლად.

თუმცა, სანამ გოგონა სკულპტურაზე ჩამოჯდებოდა, მოხდა კიდევ ერთი რამ, რამაც ქანდაკება უფრო ადრევე გარდაქმნა. ზედ გაჩნდა უავტორო წარწერა. მთელ წრეზე. წყევლით სავსე. ისიც შეუერთდა ქალაქის კედლებზე, ავტობუსის გაჩერებათა შუშებზე, ტროტუარებსა და გზის სამანქანო ნაწილზე გაფანტულ მოწოდებებს. 

მეგონა, მალე წაიშლებოდა. ამიტომ მალევე ჩავედი და გადავიღე - შესანახად. ხშირ-ხშირი შემოწმების შედეგად, დღესაც იქაა და ისმის დღის შუქზე უფრო ჩამცხრალი ძალით (სინათლე სათქმელის სიმძლავრეს ფანტავს), ღამით - უფრო დრამატულად და ომახიანად.

პოლიტიკური გრაფიტის ენა ხშირად შეულამაზებელია. უხამსი. სასტიკი. და, თითქოს, ერთგანზომილებიანი, რადგან ყველაზე დომინანტურად ერთადერთ სათქმელს ამბობს ხოლმე - ინტერპრეტაციისთვის, ქვეტექსტისთვის ადგილის დაუტოვებლად.

ეს წარწერაც ასეთია - შეულამაზებელიც. უხამსიც და სასტიკიც. პოლიტიკურ სათქმელში ჩაბუდებული წყევლაა. 

მაგრამ აქვს თუ არა მას სხვა განზომილებაც? 

პირველი: ის იყენებს პოლიტიკური გრაფიტის მთავარ ინსტრუმენტს - იწყებს სივრცის გამოტაცებას სათქმელისთვის, რომელიც საჯაროდ მანამდე გაჩნდა. მაგრამ იტაცებს არა ჩვეულებრივ ფასადს და სათქმელში უხტება არა კონტრ-სათქმელს, არამედ – იჭრება სხვა ხელოვნების ნიმუშში და მის კანზე ამოიქარგება. უკვე არსებული ხელოვნების ნიმუშის თვისებებიდან ანდა სიმბოლოებიდან პირდაპირ არაფერს იღებს; იღებს და ირგებს, თავისი სათქმელის დიაპაზონის შესაბამისად აფართოებს მას: იყენებს სიბრტყის სითეთრეს, რათა უფრო მკაფიოდ გამოითქვას; იყენებს სიბრტყის ელვარებას, რათა უფრო ნათლად გამოხატოს საკუთარი ფეთქვა; იყენებს სკულპტურის მოძრაობის პოტენციალს – დატრიალდება და დამკვირვებელი ნახავს, რომ სათქმელი მეორე მხარესაც გრძელდება; და იყენებს სიბრტყის ოვალურობას, თითქმის წრიულობას – როგორც ნიშანს, რომ სათქმელი ბრუნავს, ანუ, მარადიულია, ანუ სულ იყო და სულ დარჩება. უკომპრომისოა.

მეორე: სათქმელი იმდენად მჭახეა, რომ უკურეაქციასაც აღძრავს. ვიღაცას მისი რასისტული შრე აღელვებს; ვიღაცას - აღიზიანებს, გვერდზე ახედებს. მაგრამ სასწორის სხვადასხვა მხარეს მთრთოლვარე საწინააღმდეგო ემოციებს სათქმელის ცენტრალური სიტყვა აბალანსებს - იმპერია. ისაა ღერძი, რომელიც კამათს, წესით, აჩერებს. პოლიტიკური წყევლა მიემართება იმპერიას - ეს სასტიკ სურვილებს ლეგიტიმაციას ანიჭებს. იმპერიას და არა ხალხს - ამას არ ვწერთ, გამართლების რეჟიმში რომ არ გადავიდეთ. სათქმელი მიემართება იმპერიას. წერტილი აქ დაისმის.

მესამე: სათქმელი – თან ამოძრავებული – დროის სხვადასხვა წერტილებს კრავს. ანტი (რუსული) იმპერიალისტური ამბოხი, როგორც მდგომარეობა ახასიათებს წარსულს, რომელსაც თანამედროვე ქართველის მეხსიერება სცნობს, როგორც ყველაზე ახლო და მაცოცხლებელ მდგომარეობას. ის მონაწილეობს მომავლის ხედვის შენებაშიც. მომავალი ვერ მოჩანს, სანამ ეს უწყვეტი ქმედება, რომელსაც თავისი აფეთქებისა და მინავლების ფაზები ჰქონია ორასზე მეტი წლის განმავლობაში, შედეგით არ დასრულდება. მომავალი იძერწება მხოლოდ გამომდინარე მისგან - გამომდინარე წყევლის აღსრულებისგან. ამიტომ წყევლის სიხისტე და სისასტიკე გარდაუვალია.

მეოთხე: სათქმელი უხილავი ძაფებით ებმის მთელ ქალაქს. ქალაქი საჯარო სივრცის გაჩენის დღიდან ისედაც ობობას ბადესავითაა დაქსელილი პოლიტიკური ამოთქმებით, შეძახილებით, უსამართლობის გაშიშვლებით, მრისხანე მოწოდებებით და 2022 წლის თებერვლის ბოლოდან - კიდევ უფრო მეტად. ამ აბსტრაქტულ სკულპტურაზე გამოსახული სათქმელი კრავს მთელი ქალაქის კედლებზე ზოგან მჭიდროდ, ზოგან გაელვებით მიმოფანტულ ანტი-რუსული განწყობების ქსელს. თან, რადგანაც, ამჯერად, სათქმელი უკვე არსებულ ესთეტურად და ეფექტური არტისტულობით გაჯერებული ნამუშევრის კანში ჩასახლდა, კიდევ უფრო დააკავშირა ხელოვნება ქუჩაში ქმნად პოლიტიკასთან. ეს იგივეა, ბენქსის ქუჩის ნამუშევრები მერე კი რომ არ შეეტანათ გალერეებში გამოსაფენად, არამედ იმთავითვე გალერეისთვის რომ შეექმნა.

მეხუთე: ვახსენეთ მომავალი და სათქმელს მიუტაცებია არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშის ფიზიკური არეალი, არამედ მისი კონცეპტუალური იდეაც. მომავლის ნაყოფიერების სიმბოლოდ ჩასახულ ქანდაკებაში მომავლის ნაყოფიერების იდეა სწორედ ამ პოლიტიკური გრაფიტის მასზე დატანით ორმაგდება. მომავლის ნაყოფიერება დასაშვები ამ წყევლის აღსრულების შემდეგ ხდება. სკულპტურაზე მოგვიანებით გაჩენილი წარწერა აზუსტებს და აკონკრეტებს მომავლის ნაყოფიერების სიმბოლოს. მის არტისტულ და აბსტრაქტულ მოაზრებას უდრეკი პოლიტიკური ნებით მუხტავს. 

პროტესტის მონაწილე გოგონა ამ სკულპტურაზე სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში იჯდა. ის ერთმა ადამიანმა დაინახა და ვიდეოში დააფიქსირა. ეს ტექსტი ამ პოლიტიკურ ხელოვნებად ქცეულ რამდენიმე წუთს ეძღვნება.

პ.ს. 28 ნოემბრიდან მოყოლებული სათქმელად ჯერ ვერ ქცეული იმპულსების ფიქსაციას ტელეფონის გალერეაში ვცდილობ. მიიქცევს რაღაც ყურადღებას - ვასქრინშოტებ. იმავე გალერეაში ინახება ჩემი უხილავი, მაგრამ ძალიან მჭიდრო დაკავშირებები სხვებთან - მათთან, ვინც იგივე დაინახა, რაც დავინახე მე და ეს ეფემერულად, თუმცა, სახასიათოდ გამოთქვა. მათაც სკრინშოტად ვინახავ.

ამიტომ ეს ტექსტი ასევე არის მიძღვნა ამ კავშირისადმი, რასაც განვიცდი სხვებთან – მინიმუმ სამ ადამიანთან, ვინც ეს სკულპტურა თავისი ახალი წარწერით ჩემსავით დააფიქსირა.

თუმცა, ეს ტექსტი კავშირია კიდევ ორ სხვა მომენტთან:

როცა ეროვნული გალერეის საგამოფენო კედელზე მხატვარმა გამოფენის გახსნის ცერემონიალზე საღებავით გააჩინა წარწერა:

ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია;

და როცა ნოემბერ-დეკემბრის აქციების მიმდინარეობისას იგივე სიტყვები საქართველოზეც გადათამაშდა :

(ეს) საქართველო(ა) ცოცხალი და დამოუკიდებელი(ა).

თუმცა, რასაკვირველია, ორივე შემთხვევა მეტია, ვიდრე სიტყვების გადათამაშება. ანდა - ვიდრე თუნდაც ყველაზე ცოცხალი და დამოუკიდებელი ხელოვნება. პირველ რიგში, მომენტი, როცა ეს სიტყვები კედელზე ჩნდება, არის ქმნის პროცესი დაუსრულებელ გრამატიკულ დროში, როცა ქვეყნის მოქალაქეობის ახალი მდგომარეობები იქმნება. როცა ქვეყნის გაგების ახალი კონცეფციები მუშავდება. როგორია საქართველო – როცა ამ კითხვაზე ახალი პასუხები იბადება.

ამ ჩანაწერსაც ვაკეთებ ამ პროცესის დასაფიქსირებლად. ასე ჩათვალეთ, რომ სკრინშოტია და არაფერი სხვა. 

ვიდეო: ნინიკო რობაქიძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა