გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აქცია რუსული კანონი საპროტესტო ბანერები პროტესტი გრაფიტი ქუჩის მხატვრობა

აწყვეტილი კედლები | ინტერვიუ მიტია ველიკონიასთან

პოლიტიკური გრაფიტი და მისი მრავალი წახნაგი

ინტერვიუ მიტია ველიკონიასთან - პოლიტიკური გრაფიტის მკვლევართან, ლუბლიანას უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის კულტურისა და რელიგიური სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან.

მიტია ველიკონია კულტურის კვლევებს უწოდებს ემანსიპატორულ მეცნიერებას. ის ციტირებს უილიამ ბლეიკს იმის ასახსნელად, თუ რატომ ჰგავს მისი პირველი ნაბიჯი კვლევისას ფლანერის ხეტიალს: 

მე მიდრეკილი ვარ „ვეძებო სამყარო ქვიშის მარცვალში და სამოთხე - ველურ ყვავილში“. აქ იგულისხმება ყოველდღიური საქმიანობისა და საგნების მიღმა ღრმა იდეოლოგიური მნიშვნელობებისა და პოლიტიკური შედეგების დანახვა.

მიტია ველიკონია 30 წელზე მეტია, იკვლევს ურბანულ სუბკულტურებს, პოსტ სოციალისტურ ნოსტალგიას და „ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის“ იდეოლოგიას - ახალ ევროცენტრიზმს ან „ევროსისს“ (Eurosis), როგორც ის ირონიულად წერს 2005 წელს გამოცემულ თავის პრიზიორ წიგნში „პოსტ სოციალისტური გრაფიტი ბალკანეთსა და ცენტრალურ ევროპაში“ .

მიტია ველიკონია ეძებს ნიშნებს, თუ როგორ აისახება კედლებზე დიდი სოციალური ძვრები, აზრთა წინააღმდეგობრივი ამოფრქვევები. „მივდივარ ქალაქის აღმოსაჩენად და შემდეგ განზრახ ვიკარგები. ეს აუცილებელი წინაპირობაა ქალაქის გასაგებად“. კედლის წარწერების მისი ფოტოები - პეკინიდან ლოს ანჯელესამდე თუ სანკტ პეტერბურგიდან ტირანამდე - 1990-იანებიდან მოყოლებულ პერიოდს აღწერს.

მიტია ველიკონიას წიგნი Routledge-მა გამოსცა და 5 ენაზეა თარგმნილი.

...

თამარ ბაბუაძე: დავიწყოთ ბოლოდან - დღეს ლუბლიანას კედლებზე რომელი აქტუალური პოლიტიკური და სოციალური პრობლემები აისახება, რომელსაც აკვირდებით?

მიტია ველიკონია: გამოსახულებები ფასადებზე ყოველთვის ასახავს გლობალური და ადგილობრივი  დაძაბულობისა და სოციალური ძვრების ტალღებს. არც ერთი სახელმწიფო საზღვარი არ არის იმდენად ძლიერი, რომ შეძლოს ამ მღელვარე ნაკადების კონკრეტულ ურბანულ გარემოსა და განსაზღვრულ გეოგრაფიულ ჩარჩოში შეკავება. კედლები ყოველთვის „ლაკმუსის ქაღალდია“ და აჩვენებს, რაც შინ თუ გარეთ ხდება. ამიტომაც კედლებს ვუყურებ გლობალური და ლოკალური მოვლენების სინქრონულად, მათ თანადროულად. ანუ ვაკვირდები მათ როლანდ რობერტსონის „გლოკალიზაციის“ კონცეფციით.

ასე რომ, კედლებზე გამოსახული ზოგი საკითხი შეიძლება მხოლოდ ლუბლიანას ახასიათებდეს, ზოგი - უფრო ფართო ტენდენციებს. ანტიჯენტრიფიკაციის მოწოდებები, მაგალითად, გლოკალურია - ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უბნების ან მთელი ქალაქის ტურისტულ ატრაქციად, ტურისტულ ხაფანგებად გადაქცევას. ამ წარწერებზე ჩანს კრიტიკა იმისა, თუ როგორ აისახება ჯენტრიფიკაცია იპოთეკისა და ქირავნობის ფასებზე, როგორ ხდება მთელი უბნები მიუწვდომელი ახალგაზრდებისთვის და მათთვის, ვისაც  ღირსეული საცხოვრისი ნამდვილად სჭირდება. ასეთი სახის გრაფიტი სასტიკად გმობს საცხოვრებელი ადგილების მოჩვენებათა ქალაქად გადაქცევას, გასართობი პარკების მოწყობას ტურისტებისა და ელიტისთვის. ახლა ასეთი ძალიან ბევრია ლუბლიანაში.

მეორე საკითხი, რაც ხშირად გვხვდება კედლებზე, გენდერს უკავშირდება - ფემინისტური, LGBTQ+ თემებთან დაკავშირებული, ზოგადად ანტიპატრიარქალური გრაფიტი. გრაფიტის, სტენსილს, სტიკერებს, პოსტერებს, სხვადასხვა ინსტალაციებს, ვთქვათ, paste-ups-ებს თუ ქუჩის მხატვრობის სხვა ფორმებით გადმოცემულ არალეგალურ საჯარო შეტყობინებებს ასევე ტოვებენ ფასადებზე პროგრესული სუბპოლიტიკური მოძრაობები, როგორიცაა ანტიფა (AntiFa), „ალტერგლობალისტები“, გარემოს დამცველები, სკვოტერები (მიტოვებული ან გამოუყენებელი ურბანული სივრცეების არალეგალურად დამკავებლები). რადგანაც სლოვენია ე.წ. „ბალკანური მიგრაციის მარშრუტზე“ მდებარეობს, ბევრი გრაფიტი ახლო და შუა აღმოსავლეთიდან ლტოლვილების მხარდასაჭერად ვრცელდება და ასევე მიემართება ევროპულ და სლოვენიურ სტრუქტურულ რასიზმსაც.

თუმცა, რადგანაც პოლიტიკური გრაფიტი პოლიტიკური კომუნიკაციის ენაა, თითოეული ამ პოლიტიკური მესიჯის პასუხად კედლებზე მათი საწინაღმდეგო შინაარსებიც ვრცელდება - მემარჯვენე, პატრიარქალური, ნეოკონსერვატორული, რასისტული, ჰომოფობიური წარწერები. და ასე და ამ გვარად ფასადები, თითქოს, გრაფიტის ჯვაროსნულ ომებს ასახავს.

პოლიტიკური გრაფიტი ურბანულ სივრცეებს, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურ აგორად აქცევს, ან პირდაპირ ვთქვათ - პოლიტიკური ბრძოლის ველად.

ვფიქრობ, ლუბლიანას ქუჩები გამონაკლისი არ იქნება არც იმით, რომ ჩვენს ფასადებზე ჭარბად ირეკლება გლობალურად აქტუალური ორი საკითხი - ორი სისხლიანი კონფლიქტი: ომი უკრაინის წინააღმდეგ და პალესტინელი მოსახლეობის გენოციდი ღაზის სექტორში.

პუტინის სამხედრო აგრესიის დამგმობი გრაფიტი ასობით მაქვს აღბეჭდილი ბოლო ორი წლის განმავლობაში და არა მხოლოდ ლუბლიანაში, არამედ სხვადასხვა მოგზაურობისას - აშშ-ში, ცენტრალური ევროპისა და ბალკანეთის სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოში, უკრაინაში. ცხადია, უმრავლესობა მხარს უჭერს ალყაში მოქცეულ უკრაინელებს და ეწინააღმდეგება „დიდ რუსეთს“. გასულ კვირასაც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გადავიღე „Fuck Putin“ ანარქისტული ნიშნით. თუმცა ვნახე უკრაინის საწინააღმდეგოც, რომელიც იმეორებდა პუტინის რეჟიმის მანტრას „დენაციფიკაციის“ შესახებ.

უმეტეს შემთხვევაში დაპირისპირებულ მხარეთა შორის დაპირისპირება ღამით იწყება. ლუბლიანას უახლესი მაგალითი რომ ავიღოთ: შემზარავი ფრაზა Putin vrž že to bombo (პუტინმა ბომბი უკვე ჩამოაგდო) მყისვე ჭკვიანურად  გადაკეთდა როგორც Rasputin vrž že bombone (რასპუტინმა კანფეტები უკვე ჩამოაგდო).

თამარ ბაბუაძე: ხშირად მეფიქრება ხოლმე გრაფიტის ავტორებზე და ვცდილობ, წარმოვიდგინო, ვინ არიან ისინი, ვინც ამ შეტყობინებებს კედლებზე ტოვებს. სხვანაირად რომ ვთქვა, მათი ანონიმურობა ძალიან მიმზიდველია ისევე, როგორც მათი სურვილი, დაფიქსირდნენ ავტორებად - დატოვონ ხელმოწერა.

მიტია ველიკონია: გრაფიტი მე მესმის, როგორც საჯარო სივრცეში არალეგალური ვიზუალური შეჭრა (ინტერვენცია), რომელიც აქტიურად ურთიერთქმედებს (ესთეტიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და ა.შ.) გარემოსთან. თითოეული მათგანი უფრო ფართო გაგებით არის პოლიტიკური აქტი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის იქ არ უნდა იყოს - მის იქ გამოჩენაზე არ გაცემულა შესაბამისი ნებართვა. გრაფიტის ავტორები თვითნებურად ისაკუთრებენ თავისუფლებას, რომელიც მათთვის არავის მიუცია, ასე რომ, ისინი არსებითად ტრანსაგრესიულები არიან. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც ნამუშევრის ესთეტიკურ მხარესა და სრულყოფას უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე - პოლიტიკურ გზავნილს.

პირველ ჯგუფში ე.წ. ესთეტიკურ (სუბკულტურულ) გრაფიტიში სტილი, ტექნიკა, „არტისტის ხელწერა“ თავადვე ამოგაცნობინებს ავტორს. მინიშნებები, როგორ წესი, (ზედმეტ)სახელებია. ასე რომ, ყველასთვის ცხადია, ვინ გაავრცელა. ასეთი ტიპის გრაფიტი კედლებს პოეტურობას სძენს მაშინ, როდესაც პოლიტიკური გრაფიტი პოლიტიკურს ხდის ფასადს.

პოლიტიკური გრაფიტის მთავარი ამბიცია ურბანული სივრცეების ესთეტიზაციაზე ზრუნვა კი არაა, ანდა საკუთარი თავის პოპულარიზაცია, არამედ - აქტივიზმის აქტის ჩადენა, პოზიციის პირდაპირ დაფიქსირებაა.

ისინი, როგორც ჩემი წიგნის სლოვენიური ვერსიის სათაურშია, „დაუთანხმებლობის, ვერგადაბირების იმიჯებია” - აპროტესტებენ გარკვეულ საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას. ზოგიერთი მათგანი მართლაც გახლავთ ქუჩაში გამოხატული სპონტანური რეაქცია ავტორისა, რომლის იდენტიფიცირებაც შეუძლებელია. ბევრ მათგანს კი ორგანიზებული (სუბ)კულტურული ჯგუფები ამზადებს. მათ ჩვეულებრივი გრაფიტის ავტორები კი არ ქმნიან, არამედ - აქტივისტები აეროზოლის ბალონებით. ზოგჯერ სიამაყით ტოვებენ კედელზე საკუთარი ჯგუფის თუ მოძრაობის სახელსაც, ხანდახან კი ფეისბუკის მისამართს, ან QR-კოდებიან სტიკერსაც.

პოლიტიკური გრაფიტი და ქუჩის ხელოვნების სხვა სახეობები ამ ჯგუფებისთვის თვითგამოხატვის ბევრგან მხოლოდ ერთ-ერთი გზაა. ტიპური სიმბოლოები, მახვილგონივრული ლოზუნგები, ადვილად საცნობი ფერები, ხშირად უხეში, აგრესიული მეტყველება - ეს ყველაფერი მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს შეესიტყვება; ოღონდ, როგორც პოლიტიკური პროპაგანდის დამატებითი, არაფორმალური სახეობა; როგორც “ქუჩური გაგების” მქონე და ამიტომ კონკრეტულ აუდიტორიაზე - ქუჩის გამვლელზე გათვლილი.

იგივე შეიძლება ვთქვათ ფეხბურთის გულშემატკივართა გრაფიტიზე, მურალებსა და სტიკერებზე. ევროპის ნებისმიერ ქალაქში თვალი შეავლეთ კედლებს, ქუჩის განათების ბოძებს ან ჭიშკრებს - ისინი მიგახვედრებთ, ხულიგნების რომელი ჯგუფი „მართავს ქალაქს“.

პოლიტიკური გრაფიტის მთავარი სტრატეგია ნარატივის გასავრცელებლად გახლავთ აზრის სიმარტივე, პირდაპირობა და განმეორება. პოლიტიკური ჰაიკუ დავარქვი ერთხელ მათ, რადგან, მეტაფორულად რომ ვთქვათ, მიდებ-მოდების ნაცვლად, სათქმელს, მოკლედ და მჭახედ, პირდაპირ სახეში გახლიან.

პოლიტიკური გრაფიტისგან სიტუაციის ახსნას ვერ დაელოდები, ვერც ინტერპრეტაციების შემოთავაზებას. დარტყმა - მისი იარაღია; სრულად გასაგები გახდეს - ეს მისი ამბიცია; შოკში ჩაგაგდოს - ეს მისი ეფექტი.

პოლიტიკურ გრაფიტიში ჩაქსოვილი მესიჯი მრავალმნიშვნელოვანი  კი არ არის, როგორც ესთეტიკური გრაფიტის შემთხვევაში (რომლის გაგებაც სხვადასხვაგვარად შეიძლება); არამედ პოლიტიკური გრაფიტის მესიჯი კუმულატიურია - ის ყოველთვის ამბობს ერთადერთ რამეს, ოღონდ ამბობს - მრავალი გზით. მაგალითად, იუგონოსტალგიური გრაფიტი აერთიანებს ტიტოს გამოსახულებას (იოსიპ ბროზ ტიტო - იუგოსლავიის კომუნისტი მმართველი - თ.ბ.) ქვეყნის გაუქმებულ სახელს, „იმდროინდელ“ აკრონიმებს, პარტიზანულ ლოზუნგებს, წითელ ვარსკვლავს და პროლეტარულ სიმბოლოებს (სათქმელი კი ერთია - გრაფიტი აღარარსებული ქვეყნის, იუგოსლავიისადმი ნოსტალგიას გამოხატავს - თ.ბ.).

თამარ ბაბუაძე: დიდი ტრადიცია აქვს პოლიტიკურ გრაფიტს ლუბლიანაში? ამ კითხვას ვსვამ ქალაქიდან, სადაც, საბჭოთა წლების განმავლობაში, საჯარო სივრცე უბრალოდ შეზღუდული კი არ იყო, არამედ - სტერილურობამდე “სუფთა”. კედლებს არ შეეძლო პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დინებათა ასახვა. კედლები უმეტესად დუმდნენ ჩვენთან.

მიტია ველიკონია: საერთოდ, მაშინებს ცარიელი კედლები. თუ ერთმანეთის მიყოლებით ვხედავ ხელშეუხებელ, მტკივნეულად თეთრ ფასადებს, მიპყრობს მღელვარება, რომ ამ საზოგადოებაში რაღაც რიგზე ვერ არის, თითქოს ტოტალიტარულ ლეგოლენდში მოვხვდი - არ აქვს მნიშვნელობა, ეს ტოტალიტარიზმი პოლიტიკურია, რელიგიური თუ - ჯენტრიფიკაციის შედეგი გახლავთ.

გრაფიტი ურბანული სივრცის „ჩუმი ხმაა“ - სადაც კი ჩნდება, დისკუსია შემოაქვს, ის ღიაობის, მოსაზრებათა მრავალფეროვნების ნიშანია.

ამიტომაც ძალიან ვგულშემატკივრობ გრაფიტის, მაგრამ ამავე გულშემატკივრობის გამო კრიტიკულადაც განვსჯი მას. პოლიტიკური გრაფიტის რომანტიზება არ მჩვევია, მის მთელ კომპლექსურობას ვხედავ. დიახ, ერთი მხრივ,  გრაფიტი ძალიან ემანსიპატორულია - ათავისუფლებს აზრებს, რომელთაც კედლებზე გამოთქმულ ხმად აქცევს,  ავრცელებს მოთხოვნებს, მარგინალურ ჯგუფებსა და ინდივიდებს - ყველას, ვისაც კომუნიკაციის დეფიციტი აქვს - ხილულს ხდის. მაგრამ ის შეიძლება იქცეს მჩაგვრელთა ენადაც; ავრცელებდეს ნეგატიურ სტერეოტიპებს, აქეზებდეს სოციალურ უსამართლობას. შესაბამისად, ის შეიძლება იყოს ორივე ფენომენის გამტარი - წინააღმდეგობისაც და რეპრესიისაც - ისევე, როგორც მაგალითად, ანეკდოტები. ორუელმა თქვა, რომ ყველა ანეკდოტი პატარა რევოლუციას ახდენს: ის დასცინის ძალაუფლებას, სოციალურ იერარქიას, არსებულ სისტემას. მე კი ვიტყოდი, რომ ხუმრობაც შეიძლება იყოს კონტრრევოლუციური, რეგრესული და უსამართლობის გამღვივებელი.

ჩემს მშობლიურ ქალაქ ლუბლიანას პოლიტიკური მოსაზრებების საჯაროდ გამოხატვის დიდი ტრადიცია აქვს. 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარები რომ შევიდნენ, მარტო გამოსვლები კი არ მოაწყვეს სტუდენტებმა, არამედ კედლებიც ააჭრელეს ლოზუნგებით. გრაფიტით დაუპირისპირდა ლუბლიანა ვიეტნამში ამერიკის იმპერიალისტურ ომს; და გრაფიტი გავრცელდა მმართველი „წითელი ბურჟუაზიის“, შესაბამისად, კომუნისტური ელიტის წინააღმდეგაც.

თუმცა, მაინც გამოვყოფ ორ პერიოდს, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნიმუშები გაჩნდა პოლიტიკური გრაფიტის სფეროში.

პირველი, ჩემი აზრით, არის მეორე მსოფლიო ომის პერიოდი, როდესაც სლოვენია ნაცისტურმა გერმანიამ, ფაშისტურმა იტალიამ და ჰორტის უნგრეთმა დაინაწილეს (მიკლოშ ჰორტი - უნგრეთის სამეფოს მმართველი). ამ დროს ლუბლიანა და სხვა ქალაქები წაილეკა გრაფიკულად მარტივი, მაგრამ ძალიან მკვეთრად გამოხატული ანტიფაშისტური გრაფიტით. ეს წარწერები პარტიზანმა აქტივისტებმა, რომლებიც ორგანიზებული წინააღმდეგობის ჯგუფის წევრები იყვნენ, ერთ ღამეში გაავრცელეს. ჩემმა კოლეგამ, ელენა კონდამ მათ შესახებ შესანიშნავი წიგნიც დაწერა. ფუნჯები, ბროშურები და კედელზე მიწებებული პლაკატები მათ ისეთივე მნიშვნელოვან იარაღად აქციეს, როგორც თოფები იყო პარტიზანთა ხელში.

და მეორე პერიოდი - გვიანი 1970-იანებიდან ადრეული 1980-იანების ჩათვლით. სამოქალაქო საზოგადოებისა და მსგავსი მოძრაობების აქტიურობის დრო, როცა კედლები კვლავ აჭრელდა პანკის მიმდევართა, ფემინისტების, გეი და ლესბოსელი ადამიანების, გარემოსდამცველთა თუ პაციფისტთა გზავნილებით, სიმბოლოებითა და სურათებით.

უნდა დავამატო ბოლო პერიოდიც (2020-2022 წლები), როდესაც პოლიტიკური გრაფიტი და ქუჩის ხელოვნების სხვა ფორმები იქცა იმ პროტესტის ნაწილადაც, რომელიც საზოგადოებაში სლოვენიის ავტორიტარული მემარჯვენე მთავრობის წინააღმდეგ გაჩნდა (უკეთ რომ მიხვდეთ, ვგულისხმობ ტრამპის თუ ორბანის მსგავს მთავრობას).

ეს ჩემთვის შთამაგონებელი გარემო იყო, თანაც იმდენად, რომ გადავწყვიტე, პოლიტიკური გრაფიტის შესახებ დამეწერა სათანადო კვლევა, რომელსაც, სხვა ნაშრომებისგან განსხვავებით, ექნებოდა სტრუქტურირებული თეორიული ჩარჩოცა და ეფექტიანი მეთოდოლოგიური ინსტრუმენტებიც ამ შესანიშნავი ურბანული შემოქმედების უკეთ შესასწავლად. ამ წიგნით მსურდა, მეჩვენებინა, რომ გრაფიტი (ხმის ამოღების) ისეთივე ძველი ინსტრუმენტია, როგორც თავად კაცობრიობა და, შესაბამისად, დამემტკიცებინა, რომ ყველაფერი ნიუ იორკში ან ფილადელფიაში 1960-იან ან 1970-იან წლებში არ დაწყებულა. არადა, სწორედ ასე წარმოაჩენენ საკითხს გრაფიტისა და საჯარო სივრცეებში სხვა არალეგალური ვიზუალური ინტერვენციების შესახებ დაწერილ დასავლეთცენტრულ ინტერპრეტაციებში.

სინამდვილეში კი: ახლახან ვიყავი ერთ ძველ გოთიკურ ტაძარში - ჩვენთან, სლოვენიაში, რომლის ფრესკებიც სავსე იყო 600 წლის წინ ამოჩხაპნილი წარწერებით, როგორც მაშინ ტაძარში მომხდარი ამბების ქრონიკა (ამგვარ ნაჩხაპნებს ინგლისურად scratchitti-ს ეძახიან). ასევე, ნამყოფი ვარ ერთ ტურისტულ სანახაობად ქცეულ გამოქვაბულში კარსტის რეგიონში, დედამიწის ზედაპირიდან ათეულობით მეტრის ქვეშ, სადაც გადავიღე მშვენივრად შემონახული წარწერა კედელზე, რომელიც ვიღაც უცნობს 1571 წელს დაუტოვებია. ანდა გავიხსენოთ ყველაზე ცნობილი მაგალითი - განადგურებულ პომპეიში შემორჩენილი მინაწერები.

ცარიელი კედლებიც ისეთივე მჟღერია, როგორც - გრაფიტით დაფარული.

მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ გრაფიტიცა და მისი დეფიციტურობაც, ანდა არარსებობაც. ასეთ დროს შესწავლის საგანი შეიძლება გახდეს წაშლის მეთოდებიც (ვთქვათ, გადათეთრება) და მათთან დაპირისპირებაც (გადახაზვა, თავდაპირველი მნიშვნელობის შეცვლა, თხლად გადაღებვა, როცა ქვეშ ძველი წარწერის ნიშანიც რჩება). ყურადღება უნდა მივაქციოთ ადგილებსაც, სადაც გრაფიტის მყისიერად შლიან (ძირითადად, ღამით). ასეთია ავტორიტეტული ინსტიტუციების კუთვნილი შენობები (ეკლესია, ჯარი, პოლიცია), სამთავრობო უწყებები, პოლიტიკური პარტიების სათავო ოფისები.

სიკვდილი თეთრ კედლებს!ლუბლიანა. 2022 წ.

თამარ ბაბუაძე: გრაფიტის ანალიზისას დროისა და სივრცის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კიდევ უფრო ცხადი ხდება, როცა ქუჩის პოლიტიკურ წარწერებს გლოკალიზაციის პერსპექტივიდან ვაფასებთ.

მიტია ველიკონია: გრაფიტის ორ ეტაპად ვიკვლევ: პირველი - ვაკვირდები მათ, როგორც ფლანერი, როგორც ზედაპირული დამკვირვებელი პირველადი შთაბეჭდილებების შესაგროვებლად, ასე ვთქვათ, ადგილის „შესაგრძნობად“. შემდეგ კი, გადავდივარ სისტემური კვლევის ეტაპზე, როცა, თითქოს, უკვე წვრილად “ვვარცხნი” ურბანულ რელიეფს. კონკრეტული ფენომენის თანმხლები ამ ორი ფონის გასაგებად სივრცითი და დროითი კონტექსტუალიზაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. ტექსტი არ არსებობს კონტექსტის გარეშე - ეს მეთოდოლოგიური საფუძველია. მოსაწყენი პოლიტიკური მდგომარეობა წარმოშობს მოსაწყენ გრაფიტის და ამავე მოსაწყენ გრაფიტიზე აისახება. მაგრამ რაც უფრო კრიზისულია დრო და რაც უფრო მეტი წინააღმდეგობრიობითაა გაჯერებული სივრცე, მით უფრო მრავლდება პოლიტიკური გრაფიტი, მისი სათქმელიც მით უფრო ხისტი, პირდაპირი და ენერგიული ხდება.

2017 წლის იანვრის ბოლოს, როცა ტრამპის ინაუგურაცია იგეგმებოდა, ნიუ იორკში მომიხდა ყოფნა. ეს ქალაქი  გრაფიტისა და ქუჩის ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ცენტრი სულ იყო. ტრამპის ინაუგურაციის მიმდინარეობისას კი ნიუ იორკის ყველა რაიონი ტრამპის საწინააღმდეგო წარწერებით, სტიკერებით, ტრაფარეტებით, ცარცით თუ აეროზოლით შესრულებული ნახატებით დაიფარა. ხატავდნენ ტროტუარებზე, უხვად იყო scratchitti, paste-up-ები და ა.შ.

ნიუ იორკი. 2017 წ.

ზოგი ტრამპს გმობდა, ზოგი დასცინოდა - ანუ ზოგი სერიოზულად განიხილავდა მას, ზოგი აბუჩად იგდებდა, ზოგი ემუქრებოდა, ზოგი აგრესიულად ჰპირდებოდა, რომ არასდროს შეეგუება. მაშინ პირველად ვნახე ერთი პიროვნების წინააღმდეგ ასე ინტენსიურად მიმართული რეაქცია, რომელსაც პირდაპირი გაგებით ქუჩა გამოხატავდა.

კიდევ ერთ მახასიათებელს გამოვყოფ: პოლიტიკური გრაფიტი უფრო ხშირად ჩნდება დამოუკიდებელ კულტურულ სივრცეებთან, “დასკვოტილ” შენობებთან და უნივერსიტეტებთან - ამბოხის და წინააღმდეგობის ამ ჩვეულ „ეპიცენტრებთან“. ახლახან წავიკითხე ლექცია მყუდრო და წყნარ ავსტრიულ ქალაქ გრაცში, რომელიც, სწორედ იმიტომ, რომ საუნივერსიტეტო ქალაქია, სავსე იყო მწვავე სოციალური და პოლიტიკური გრაფიტითა და ქუჩის არტით (კედლებზე იყო ყველანაირი სათქმელი: ეკოლოგიურიც, ანტიფაშისტურიც, ფემინისტურიც,  ანტიიმპერიალისტურიც). მრავლად იყო ფეხბურთის გულშემატკივართა გრაფიტიცა და სტიკერიც, რაც, მართალი გითხრათ, ფაქტობრივად, ყველა ევროპული ქალაქის ნაწილია.

გრაფიტის კვლევებში, იგივე „გრაფიტოლოგიაში“, როგორც მას ვუწოდებ, ერთ-ერთი საკვანძო კითხვაა, თუ რამდენად ეფექტიანია რეალურად ისინი, რამდენად დიდია მათი (პოლიტიკური) დაფარვა თუ მასშტაბი.

გრაფიტი ვრცელდება ყველასთვის - ყველა ხედავს, მაგრამ ცოტა თუ ამჩნევს და კიდევ უფრო ცოტა აღიქვამს სერიოზულად. ჩვენ არ გვასწავლიან მის ყურებას და გაგებას.

ზოგადად, არც სკოლა, არც მედია, და არც პოპკულტურა ასეთ ნიუანსურ მგრძნობელობას ადამიანს ვერ უვითარებს. თუმცა, ჯერჯერობით სულ რამდენიმე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არსებობს და მათშიც კი ჩანს, რომ აღქმა ამ ურბანული შემოქმედების მიმართ გაზრდილია. გრაფიტის რომ მზარდი რეზონანსულობა ახასიათებს ჩვენს დროში, ამას მოწმობს ისიც, რომ ავტორიტეტული ინსტიტუტები და გავლენიანი ადამიანები უმალ რეაგირებენ მათ გაჩენაზე - არასასურველ ქუჩის წარწერას ათეთრებენ, კონტრ-გრაფიტის ქმნიან იქვე ან სხვა. ამიტომაც ვამბობ, გრაფიტი, როგორც პროტესტის ფორმა, სუსტი და უღონო რომ ყოფილიყო, ამგვარ აგრესიულ უკურეაქციას ვერ გამოიწვევდა.

თამარ ბაბუაძე: როდესაც დრო გავა და კრიზისი განიმუხტება, ამ დროს ხომ კონტექსტიც ქრება, რაც გრაფიტის მძლავრ ენერგიას ანიჭებდა. რჩება თუ არა ამ დროს ის კედელზე, როგორც წარსულის გაყინული არტეფაქტი? თუ თქვენ სხვაგვარად ხედავთ ძველ გრაფიტის შეცვლილ დროში? როცა, კონტექსტის გამოცლის კვალდაკვალ, თავის შინაგან აგენტობას გრაფიტიც კარგავს, რას აძლევს ის გამვლელს?

მიტია ველიკონია: გრაფიტი, ისევე როგორც სხვა ტიპის მედია, ისტორიული დოკუმენტია, „დროის კაფსულა“, ის კონკრეტული პერიოდის არსს საკუთარ თავში იჭერს და აკავებს. მაგალითად, ლუბლიანას მთავარ ქუჩაზე დღემდე არავის წაუშლია ათწლეულების წინ დახატული გრაფიტი, რომელსაც მე ნაიარევს/დაღს დავარქმევდი  (scar = still visible old graffiti). წარწერა ეძღვნება ტიტოს და, სიურპრიზი, - სტალინს! ლოგიკურად რომ მივყვეთ, გრაფიტი ამ კედელზე გაკეთებული უნდა იყოს 1945-48 წლების შუალედში - იმ პერიოდში, როდესაც იუგოსლავიაც, საბჭოეთის კვალდაკვალ, აფეტიშებდა სტალინს. თუმცა, შემდეგ, ჩვენთან დესტალინიზაცია მოხდა, წარწერა კი ქალაქის ცენტრში არავინ წაშალა. როგორც ჩანს, იუგოსლავიის ხელისუფლება 1991 წლამდე და შემდეგ უკვე სლოვენიის ხელისუფლებაც - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ - ბრმები და უგრძნობნი იყვნენ გრაფიტის აღსაქმელად.

კიდევ ერთი მაგალითი: ჩვენი მეზობელი ხორვატიის ერთ-ერთ რეგიონ ისტრიაში უხვადაა შემორჩენილი პრო-იუგოსლავიური და პრო-პარტიზანული გრაფიტი (ზოგიერთი კი, ისევ, სტალინისა და წითელი არმიისადმი მიძღვნილი). წესით, ეს წარწერებიც ომის შემდგომ 1945-47 წლებში უნდა იყოს გაკეთებული, როცა ტერიტორიის გამო დავობდნენ იუგოსლავია და იტალია. ახალგაზრდა მკვლევარმა, რომელიც ისტრიიდან არის წარმოშობით, ერიკ უშიჩმა (Eric Ušić) წიგნიც დაწერა ამაზე, მალე გამოვა და წაკითხვად ნამდვილად ღირს.

ვთქვით, რომ ძველი გრაფიტი “დროის კაფსულაა”, თუმცა, მეორე მხრივ, ძველ გრაფიტის სხვა თაობები ზოგჯერ ხელახლა აწარმოებენ, თან სხვა მნიშვნელობით. მაგალითად, სლოვენიაში  (და სხვა პოსტ იუგოსლავიურ რეგიონებშიც) კედლებზე დღეს ხშირად გადააქვთ პარტიზანული, პროლეტარული, ანტი-იმპერიალისტური და მეორე მსოფლიო ომის პერიოდის გრაფიტის ახალი ვერსიები. ახლა მათ - ამ ძველ გრაფიტის იყენებენ ფაშიზმის ახალი ფორმების გასაპროტესტებლად; ველური კაპიტალიზმის, სიღარიბის, სოციალური უსამართლობისა და იმპერიალიზმის ახალ ფორმათა დასაგმობად.

თამარ ბაბუაძე: გრაფიტისთვის კონტექსტის მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ერთ ასპექტს მაინც მივუბრუნდებოდი: როდესაც კონტექსტი ცხელია, მაშინ რა ძალა აქვს გრაფიტის?

მიტია ველიკონია: სწრაფად რომ გიპასუხოთ, გეტყვით - როდესაც კონტექსტია ცხელი, გრაფიტიც უფრო მაგრად წვავს. პოლიტიკური გრაფიტი პალიმფსესტურად ჩნდება, პირველზე მეორე, მეორეზე - მესამე და ასე შემდეგ. აქცენტი სულ უფრო ბასრდება, ჟღერადობა თანდათან ძლიერდება - როგორც კრეშჩენდო. თუმცა, გრაფიტის პოლიტიკური და სოციალური გავლენის ზუსტად გაზომვა შეუძლებელია ისევე, როგორც ვერ გაზომავ შემოქმედების სხვა ნიმუშების ზუსტ გავლენას - სიმღერების, ლექსების, მოთხრობების, ფილმების. რა, მათ შეცვალეს სამყარო? ჩემი პასუხია: პირდაპირ არა - გქონდეს ამის მოლოდინი, ილუზია იქნებოდა, მაგრამ ისინი ადამიანებს სამყაროს განსხვავებულად აღქმაში ეხმარებიან, აძლევენ უნარს, იდეოლოგიური თვითგამოხატვის მაგალითები კრიტიკულად შეაფასონ.

თამარ ბაბუაძე: როგორ იცვლება ციფრულ ეპოქაში პოლიტიკური გრაფიტი?

მიტია ველიკონია: მახსოვს ციფრული ეპოქის დასაწყისში დიდი შფოთვა, თუ რა გავლენას მოახდენდა ის უკვე მოძველებულ მედიაზე და მსგავსი შიშები ვრცელდებოდა გრაფიტიზეც. თუმცა, პარანოიდული მოლოდინების მიუხედავად, გრაფიტიმ მხოლოდ ისარგებლა ვირტუალური კედლებით. გრაფიტისა და ქუჩის არტის ესთეტიკის გლობალურად გავრცელებას სწორედ ინტერნეტმა შეუწყო ხელი. დღეს ერთ ჩამოვლაზე შეგვიძლია გავიგოთ, რა ფორმები და სათქმელი აქვს გრაფიტის ნაირობიში, ლონდონში, ბუენოს აირესსა თუ ათენში; გრაფიტის მხატვრები მყისიერად უკავშირდებიან ერთმანეთს; სოციალური მედიიდან იმუხტებიან შთაგონებით, ან ჩამოტვირთავენ და ნიმუშად იყენებენ. 

თამარ ბაბუაძე: შესაძლოა მესიჯებიც სხვაგვარად ყალიბდება უკვე. წარმოვიდგინოთ ტიკტოკის ეფექტი გრაფიტის ფრაზეოლოგიასა და იდეების ფორმულირებაზე.

მიტია ველიკონია: ციფრული კულტურა არა მხოლოდ ფორმებს, არამედ სათქმელის შინაარსსა და ინტონაციას ცვლის და არამხოლოდ (ურბანულ) კულტურაში. ვინ წარმოიდგენდა, მაგალითად, „ტვიტერ დიპლომატიას“ (ან ტვიპლომატიას), რისი მომსწრენიც ამერიკის წინა პრეზიდენტის დროს გავხდით?

ტრანზიციის პერიოდში ვართ, როცა გრაფიტი რამდენიმე ტრადიციულ როლსაც ინარჩუნებს. ამაზე განსაკუთრებით მაშინ დავფიქრდი, როცა ომის ალში გახვეულ უკრაინაში შარშან ორჯერ ჩავედი. არ ვიცი, როგორ ახერხებდნენ, მაგრამ მივხვდი, რომ პროტესტს რუსული აგრესიის წინააღმდეგ გრაფიტითაც გამოხატავდნენ.

ლვოვი. 2023 წ.

ფოტოები გადავუღე კედლის წარწერებს, როცა  კედლების უცნობი მწერლები უკრაინელ კლასიკოს და თანამედროვე პოეტებს ციტირებდნენ - ფასადებზე ლესია უკრაინკას, მიხაილო დრაი-ხმარას, სერჰი ჟადანის და სხვათა ლექსებიდან სტრიქონებს ტოვებდნენ. ეს ხომ ქუჩების პოეტიზაციას ნიშნავს? მაგრამ პოეტიზაცია ქუჩაში ამავდროულად მისი პოლიტიზებაცაა.

...

პ.ს. ინტერვიუ ჩავწერეთ 2023 წლის მარტში, ტექსტზე მუშაობა დავასრულეთ რამდენიმე კვირის შემდეგ. 29 აპრილს მოგვწერა:

“თქვენი ხმები ისეთი მძლავრია, ყველგან ისმის” და გამოგვიგზავნა ლინკი ლუბლიანას ონლაინ გაზეთის სტატიაზე, რომელიც აპრილი-მაისის თბილისის პროტესტს აღწერდა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა