პროტესტის 3 კვირა და 5 სიმღერა | გიორგი ყორღანაშვილი
3 კვირაა, ფეხბურთები არ მინახავს. 30 ნოემბრის ღამეს ჭიჭინაძის ქუჩაზე, შუა დარბევაში და თანადროულად ბევრ ფიქრში პეპ გვარდიოლას მოულოდნელ და აქამდე არნახულ კრიზისზე და ჰანსი ფლიკის არახალ ხელოვნურ თამაშგარეზე მეფიქრებოდა და მერიდებოდა, რომ ამაზე ვფიქრობდი. ლამის 3 კვირის თავზე მივხვდი, რომ რაციო ყველაზე დიდ სტრესში ყველაზე კომფორტულ სივრცეს ეძებდა და ფეხბურთში მიაგნო.
…
ქართული მუსიკალური სივრცის რაციო სამი კვირაა, ფოლკლორული მღერის მოტივებს მიუბრუნდა და მღერის და უკრავს მხოლოდ იმაზე, რაც ხდება ირგვლივ, ყველა გამზირსა და ყველა ჩიხში. აღარ დარჩა ფიქრის ალტერნატიული სივრცე, რომ გაიქცე და აკეთო არაფერი. ფოლკლორული მწარე ღიღინი ყოველთვის საუკეთესოდ ხედავდა და გრძნობდა ყველაფერს ყველა დროსა და სივრცეში და ტოვებდა ამბებს, რომლებიც დიდხანს რჩებოდა და თავს ამოყოფდა ხოლმე მაშინ, როცა გვიჭირდა.
ხალხში, ანუ ფოლკში, ლორს, ანუ სიბრძნეს ერთი აზრისთვის გაერთიანებული დიდი მასა იძლევა. 3 კვირაა, ყველანი საერთო ცხოვრებით ვცხოვრობთ, ერთ გამზირს ვუტრიალებთ, ერთად ვლაპარაკობთ და ერთად ვღიღინებთ:
Kordz - AntiGeorgianDreamAnthem
რუსთაველის გამზირიდან რომელიღაც ასატეხ ქუჩაზე ხალხის ნიღბიანი ჯგუფი დგას საერთო განცდითა და გამოცდილებით და ერთხმად მღერის საფეხბურთო შეძახილის, ე.წ. ჩანტის სულ ახალ ვერსიას ფოლკლორის სპეციფიკური ნიშნებიდან წამყვანი ნიშნების, ანონიმურობისა და იმპროვიზაციის სრული დაცვით. AntiGeorgianDreamAnthem ესაა ქართული ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლის, Kordz-ის ტრეკი, რომელიც ამ ანონიმურ და იმპროვიზებულ შეძახილს ელექტრონულ ვარიანტულობას აძლევს.
Tamada - Brdzolas Me Ver Gadamachvev
და რადგანაც ფოლკლორში კანონიკურობას არაფერი ესაქმება, ქართველი მუსიკოსი, თამადა სმის წესებისა და სუფრის წესრიგის და რეგულირების მიღმა 2-წუთიან და 52-წამიან სადღეგრძელო-ბენგერს გვეუბნება, რომ გამზირზე, ვიწრო ქუჩებსა თუ ჩიხებში შიშით სავსე ვინმე როცა მოგდევს, არათუ მისი შიში გადმოგედოს, არამედ იბრძოლე.
VAQO - Sakartvelo Gakides ar idardot me vikidi 700 lari maqvs
ფოლკლორული მოტივებიდან ნიკო ლორთქიფანიძის ნებისმიერ ნოველაში უნდა გადავხტეთ: 2023 წელს დაწერილი სიმღერა, ერთი მოსმენით, მიმართვაა მომავლის ბავშვებზე და არც იმდენად რთული წინასწარმეტყველური ამბის მდინარებაა. მეორე მოსმენით, საქართველოს ამბავია არა რომელიმე დროით გარემოებაზე დამიზნებული, არამედ მომენტუმისგან დაცლილ ველზე, რომ ამასწინ და ყოველთვის საქართველო გაიყიდა და ვისაც რამდენი გაქვთ ჯიბეზე, იყიდეთ ბარემ მთლად.
SHEGECI ესაა ყველაზე ლაკონიურად თქმული ბევრის ფიქრი და ხმა. Qaji Todia-მ, იგივე დათო ჯიქიამ, ერთი მარტივი სიტყვითა და კატასტროფულად დინამიკური ინსტრუმენტალით ამოთქვა ის, რაც 3 კვირაა, კოლექტიურად ამოვთქვით და თან ვერ ამოვთქვით. და რადგანაც ლაკონიურობა ხშირად ინტერპრეტაციული ნადირობის მსხვერპლია ხოლმე, ყოველი შემთხვევისთვის, მცირე განმარტებაც მიაწერა, ვის და რატომ უმღერის და ვის და რატომ შესცა: ეძღვნებათ მათ: goes out to the Russia-lovers.
შარშან, გაზაფხულის აქციების პერიოდშიც ჩაწერა მელქომ სიმღერა DUNIA, რომელიც ჟღერადობითა და ინსტრუმენტალით ემოციურ რეფლექსიას ჰგავდა; ეს ახალი სიმღერა კი უფრო ცივ გონებაზე დაწერილ-ნამღერს ჰგავს, როცა მუსიკოსი ცდილობს, კითხვები დასვას და მიაგნოს მიზეზებს. ლირიკულ გმირს არ სჯერა, რომ მჩაგვრელს სწამს საკუთარი ქმედების და რომ საქართველოს პოლარიზება არა გულწრფელი აზრებისა და ფიზიკის ჭიდილი, არამედ ცალმხრივ შემცდარი და გადამცდარი ადამიანების კინკლაობაა და მალე უნდა მორჩეს.
2024 წლის 28 ნოემბრის საღამოდან დაწყებული საპროტესტო ტალღის საუნდტრეკებში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ქართული ბენდი Quemmekh და მათი 2020 წლის სიმღერა Titebi, რომელიც გაგვახსენდა და აგვემღერა მაშინვე, როცა კი პარლამენტის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე მუშტების, ფეხების, ქვების რიტმული რტყმა დაიწყო და გაჩნდა ახალი ხმები ქართულ პროტესტში.
aqciaze vart sanab dagvarbeven amas vusment es komi iyos aqq shvilebma naxon dd;)
…
თურმე პეპ გვარდიოლას მოულოდნელი და აქამდე არნახული კრიზისი გრძელდება და ჰანსი ფლიკის არახალი ხელოვნური თამაშგარე ლეგანესმაც კი გაშიფრა.