გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
Qaji Todia - Fullmetal Georgia რეცენზია

Qaji Todia - Fullmetal Georgia | რეცენზია

Qaji Todia-ს სადებიუტო ალბომი, Fullmetal Georgia საქართველოს უახლესი ისტორიის გაკვეთილია, რომელიც გაცდა; როცა ერი შატალოზე წავედით; როცა დაგვეძინა და გრძელი და უცნაური სიზმარი ვნახეთ. Fullmetal Georgia 12 კომპოზიციას აერთიანებს და ქართული მუსიკალური სივრცისთვის ლამის ეგზოტიკად ქცეულ - შეკრულ, ჩამოყალიბებულ, კონცეპტუალურ ალბომს იძლევა.

ერთი შეხედვით, ალბომს მყარი ქრონოლოგიური წყება აქვს და ლამის დოკუმენტური სიზუსტით ჰყვება ახალი საქართველოს ამბავს, რომელიც 35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილიდან იწყება - April - ასე ჰქვია პირველ ტრეკსაც, რომელიც 9 აპრილის სულს წარსულისა და აწმყოს თანადროული პერსპექტივით აჩენს. მელანქოლიური ლირიკა და დრიმ პოპი, რომელიც ასე უხდება იმედს, რომელიც გაცრუვდება.

ასე იწყება, - დღეიდან მხოლოდ უკეთესი იქნება.

იმავე სიმღერიდან ერთი ფრაზა ცხადად გვიხსნის, რა მოტივაცია აქვს არტისტს, რა აწუხებს და რატომ აკეთებს ამ ალბომს: ჩვენი ეროვნული სპორტია დავიწყება - 35 წლის წინ, აპრილში დაწყებული ამბავი 2024 წლის აპრილამდე მოდის, გვახსენებს ბევრ რამეს - დავიწყებულს, ამოგდებულს, გადაგდებულს, აფეთქებულს.

LOBIO '91 - მომდევნო ტრეკი სინთპოპია, შესანიშნავი ინსტრუმენტალის ფონზე ფრაზები და ქივორდები აღწერს იმას, რაც 1991 წლის მერე დაიწყო აქ. და რეფრენი [ლობიოობა, ლობიოობა] - კომიკური და სასტიკი, გვახსენებს 90-იანების დასაწყისში ჯაბა იოსელიანის „ტკბილად“ თქმულ სიტყვებს, რომ მალე ახალი წესები გამოცხადდება და ყველა ადგილზე დაიხვრიტება და რომ ლობიოობა არ არის დემოკრატია. სანახავია კლიპიც, რომლის ესთეტიკაც ყველაზე უკეთ მიჰყვება მუსიკასაც და ეპოქის ძახილს.

ალბომი ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩევა იმდენად, რამდენადაც ეს 35-წლიანი ამბავია მრავალმხრივი - TABLA აზიურ ვაიბებზე გაწყობილი საცეკვაო ტრეკია, 90-იანი და 2000-იანი წლების მოუშორებელი კინკლაობის, ვინ ვისი კაცია - მუდმივი ეჭვი და დაძაბულობა, რადგან ერთი ჩვენგანი არის აგენტი, რომელიღაც ჩვენგანია აგენტი.

ალბომის ორი ტრეკის - RED, WHITE & BLUE და მკვლელობა მორბის ქუჩაზე - ერთად მოხსენიება მოსულა, დრო და სივრცე არ იცვლება, ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით, უბრალოდ ამ ორ ტრეკს აერთიანებს ხასიათი, რომ ისინი კარგი და სასიამოვნო მოსასმენი არ იყოს, რომ იყოს არაკეთილხმოვანება, რომ იყოს კაკაფონია. ასეც ჰქვია Qaji Todia-ს [დათო ჯიქიას ანაგრამის] სადებიუტო რომანს [„კაკაფონია”], რომელიც 2019 წელს ინტელექტმა გამოსცა. ესაა თანამედროვე, შეულამაზებელი, უცენზურო, აგრესიული, ზოგჯერ ხისტად, ზოგჯერ კი ზომიერად ირონიული წიგნი წარსულზე, თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პარადიგმებს მიღმა დაწერილი და დახატული ამბავი, სადაც არაფერია ჭეშმარიტი, თუმცა ყველაფერია რეალური და ეს ქართული საქართველოა.

წითელი, თეთრი და ცისფერი

წითელი, თეთრი და ცისფერი

წითელი, თეთრი და ცისფერი

წითელი, თეთრი და ცისფერი

1996 ყველაზე პირად და სუბიექტურ მზერას ირჩევს - ესაა წელი, როცა Qaji დაიბადა და იხსენებს იმას, რაც ახსოვს და როგორც ახსოვს, რასაც გრძნობდა და როგორც გრძნობდა:

მე როცა დავიბადე შუქი არ მოდიოდა
სანამ გავიზრდებოდი მწყობრში მქონდა გონება.

ალბათ, საუკეთესო ინსტრუმენტალი აქვს ტრეკს PARTIA - უკვე მოსალოდნელია ეს მოულოდნელობა, რომ ტრეკიდან ტრეკზე ჟანრული სივრცე გიჟივით შეიცვლება, თუმცა პირველი მოსმენისთვის მაინც საკმარისი მოულოდნელობა იყო ამ ტრეკის სემპლი: რევაზ ლაღიძის ცნობილი კანტატა „დიდება პარტიას“, რომელიც პეტრე გრუზინსკის ლექსზეა დაწერილი, სემპლისთვის დაწერილა. [THIS IS A FLASHBACK].

სხვათა შორის, პეტრე გრუზინსკის ლექსის პირველადი ვერსია სულ სხვანაირი იყო:

როცა მოგვიხმობს სამშობლო,
აგუგუნდება მთა-ბარი,
მამულს შესწიროს სიცოცხლე,
ყველა ჩვენგანი მზად არის.

როგორ შეიცვალა ლექსმა შინაარსი და რა შესანიშნავად მოირგო რევაზ ლაღიძემ კანტატას ტექსტად, მოუსმინეთ Qaji Todia-ს PARTIA-ს.

ქრონოლოგიურად, დაახლოებით, 2000-იანების დასაწყისში ვართ: PENOVANI და GAUMARJOS ყველაზე უფრო თბილისურ ხმებს, ქალაქის კოლორიტულ ემბიენტებს აერთიანებს და სემპლავს და ლუპავს. შეიძლება გაგვახსენდეს ერეკლე გეწაძე და მისი რამდენიმე ტრეკი [ჯართს ვიბარებ, გვათქმევინე], Qaji-ს შემთხვევაში, ქალაქური ხმები იმ საერთო ამბის ნაწილი და მუდმივი მოგონებაა, რომელიც სულ არსებობს და სულ ისმის: PENOVANI ესაა, რასაც ვჭამდით ან რისი ჭამაც შიმშილამდე გვინდოდა;

POV: 2002 წელია და დედამ ბაზრობაზე დაგკარგა.

GAUMARJOS ესაა, რისი იმედიც რატომღაც სულ გვქონდა და გვაქვს. GAUMARJOS თბილისის ყველა ვრცელი პროსპექტის ჩანსუთქვა და ამოსუნთქვაა, მობეზრებული, მაგრამ ქართული პროტესტის საარსებო მინიმუმი.

AMERIKA ვოკოდერზე დამღერებული საქართველოს ჰიმნია ამერიკის ჰიმნის მელოდიით - იდეა გასაგებია, დრო და სივრცე გასაგებია, ბუში ჩამოვიდა და ვერაფრით ვერ ვიხსენებ იმ ადამიანის გვარს, ვინც ტერაქტის მოწყობა სცადა.

FULLMETAL GEORGIA და უგზოუკვლოდ ალბომში ორი უდავოდ გამორჩეული ტრეკია, მართალია, არ ამოწურულა თანამედროვე საქართველოს მნიშვნელოვან მოვლენებთან გადაძახილები, მოგონებების, ფრაზების ნაკადი გვტოვებს ალბომის ამბავში [ვარდებით ხელში დღეგამოშვებით ვგეგმავ დარდების რევოლუციას], თუმცა ორივე ტრეკი განწირულია იმისთვის, რომ ცალკე დააგროვოს მოსმენები და მთლიანი ამბისა და კონტექსტის მიღმა იცოცხლოს - ორივე ტრეკი საქართველოს უახლესი ისტორიის გაკვეთილის დიდი შესვენებაა.

უგზოუკვლოდ სრულდება საქართველოს საერთო შატალო, და მერე რა იქნება?

მერე ავოკადოს თაობა წამოიზრდება და იმედია, მათ მაინც ეყოფათ ნებისყოფა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა