როკი და „ორი რუსეთი“ | გაბრიელ ჩუბინიძე
საბჭოთა და შემდგომში რუსულ როკს საქართველოში არ ჰყავს ბევრი მსმენელი, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს; საქართველოში რუსული მუსიკა ვერ გახდებოდა პოპულარული იმ მარტივის მიზეზის გამო, რომ საბჭოთა პერიოდში საქართველოს საკუთარი ძალიან ძლიერი ესტრადა ჰყავდა - მსმენელს არ სჭირდებოდა, მოესმინა რუსული, როცა საკუთარი ჯობდა.
მხოლოდ ჯობნა-არჯობნაც არაა. საქართველოში, იგივე მუსიკაში, გაცილებით მეტი თავისუფლება იყო, ვიდრე რუსეთში. ბოლოს და ბოლოს, ჯგუფი „ივერია“ სადებიუტო ალბომში 1975 წელს (რომელიც სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს მუსიკალურ ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალბომად) არა მხოლოდ დასავლური როკის, ჯაზისა და ადგილობრივი ფოლკის ნაზავს გვთავაზობს, არამედ აქავერებს Uriah Heep-ის სიმღერებს, რომელიც ალბომში შედის და გამოდის უზარმაზარი ტირაჟით.
საქართველოს საკუთარი, ავტონომიური სცენა ჰქონდა და არ სჭირდებოდა რუსული. თუმცა იყო გამონაკლისი, ლეგენდარული ვლადიმერ ვისოცკი, რომლის ფირფიტებს მუსიკალურად გემოვნებიან ყველა ოჯახში შეხვდებოდით. ვისოცკის საიდუმლო იყო ლირიკა, საოცარი ტექსტები, რომელშიც შეფარულად გაისმოდა პროტესტი სისტემის მიმართ.
ვისოცკი მღეროდა თავისუფლებაზე, ინდივიდუალიზმზე, კორუმპირებულ სისტემაზე, სოციალურ კრიზისზე და ყველაფერ იმაზე, რაც საზოგადოებას აწუხებდა - ვისოცკი ხალხის ხმა იყო.
2022 წელს მისმა სიმღერამ Солдаты группы "Центр" ახლიდან მოიპოვა პოპულარობა. სიმღერა ნაცისტური გერმანიის დაჯგუფება „ცენტრის” ჯარისკაცებზეა, რომელთაც მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინა უნდა დაეპყროთ. სიმღერაში საუბარია ამ გერმანელ ჯარისკაცებზე და მათ განწყობებზე - ყველაფერზე წამსვლელობაზე; გულგრილობაზე ადამიანის ტკივილის მიმართ; და ეს მხოლოდ მედლებისთვის, ფიქრის გარეშე, რადგან ფიქრით უკვე „ფიურერმა“ იფიქრა.
♪ და ჩვენს წინ ყველაფერი ყვავის -
ჩვენ უკან ყველაფერი იწვის.
არ არის საჭირო ფიქრი! - ჩვენთან არის ის,
ვინც ყველაფერს გადაწყვეტს ჩვენთვის ♪
კი, ეს სიმღერა აქტუალური გახდა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან მალევე, ამჯერად ჯგუფი „ცენტრი“ იყო „Z”.
საბჭოთა როკი არსებული სახით 1980-იანი წლებიდან აღმოცენდა. სხვათა შორის, პროცესში დიდი წვლილი შეიტანა თბილისმა და თბილისში 1980 წელს გამართულმა პირველმა როკფესტივალმა. საბჭოთა სამყაროში პირველად, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარსდგა ლეგენდარული „აკვარიუმი“ და „მაშინა ვრემენი“ - რუსული როკის ნამდვილი პიონერები. სწორედ ამ პერიოდში იწყება ლენინგრადსა და მოსკოვში როკკლუბების დაარსება, რომელიც რამდენიმე წელში ანდერგრაუნდიდან მეინსტრიმში გადავა კიდეც.
და რა განასხვავებს საბჭოთა როკს დასავლურისგან? ყველაზე პირველი და უმთავრესია შინაარსი - სიღრმისეული ტექსტები, ხშირად დეპრესიული, აკომპანემენტი კი მეორეხარისხოვანი. რუსულენოვანი საბჭოთა როკი ფართო მასებისთვის პოპულარული „პერესტროიკის“ პერიოდში გახდა, როცა საქართველოში ეროვნული გამოღვიძება დაწყებული იყო.
მამაჩემი, როგორც როკის სტაჟიანი მსმენელი, სულ ამბობდა, რომ ის იმ პერიოდში პროტესტის ნიშნად არ (ვერ) უსმენდა რუსულ მუსიკას. ამ არგუმენტს დიდად ვერ ვხვდებოდი, მანამ, სანამ 2022 წელი არ დადგა, და მეც, პროტესტისა და უხერხულობის ნიშნად ფიზიკურად ვერ ვუსმენდი რუსულ ენაზე - მათ შორის ისეთ ჯგუფებს, რომლებსაც ცხადად გამოხატული ანტიპუტინისტური განწყობები ჰქონდათ.
როგორც უნდა იყოს, საბჭოთა რუსულმა როკმა საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა და არასოდეს ყოფილა ისეთი პოპულარული (არ იგულისხმება უგემოვნო, ე.წ. „პაპსა“), როგორც რუსულენოვან ქვეყნებში.
ამ ტექსტის მიზანია, მკითხველს, რომელსაც სურს დაიჯეროს „ორი“ რუსეთის, დავეხმარო გზის გაგნებაში ისე, რომ პოლიტიკურად საკუთარ თავთან მართალი იყოს.
***
მოდი, დავიწყოთ მეგობრებით: ქართველი მსმენელისთვის ყველაზე ცნობილი და პოპულარული ДДТ. ქართველების დიდი მოყვარული ბიძია იურა ანტიპუტინისტი და უკრაინის მხარდამჭერია. აკრიტიკებდა საბჭოთა ხელისუფლებას, ელცინის ხელისუფლებას, ეწინააღმდეგებოდა ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებებს და ბოლოს ანტიპუტინისტადაც იქცა.
♪ სამშობლო - ეს არ არის პრეზიდენტის ტრ*კი ♪
- ეს სიტყვები შევჩუკმა ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში წარმოთქვა და მას შემდეგ არაერთხელ გააჟღერა ხელისუფლებისადმი რადიკალურად საპირისპირო აზრი. მოკლედ რომ ვთქვათ, ДДТ პოლიტიკურად ყოველთვის სწორ პოზიციებზე იდგა.
Машина Времени - ანდრეი მაკარევიჩი და მისი ბენდი არასდროს გამოირჩეოდა პოლიტიკურ-მუსიკალური აქტივიზმით. მიუხედავად ამისა, მაკარევიჩი დღეს სრულად ანტიპუტინისტურ მხარეს დგას. მან კრემლის საწინააღმდეგო არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა, მაგალითად, 2023 წელს ასეთი რამ თქვა: „ეს ომი დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო. რამდენიმე მილიონი სიცოცხლე დაინგრა ერთი ადამიანის ახირების გამო. და რამდენიმე ასეული ათასი დაიღუპა ამ ახირების გამო. და ეს ყოველდღე გრძელდება... ვინ ვის დაესხა თავს? უკრაინა ჩვენ? თუ რუსეთი უკრაინას. ვინც დაესხა თავს, ისაა მტყუანი! მორჩით ამ თემაზე ბჟუტურს“.
Аквариум - ბორის გრებენშიკოვი, როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურად სწორ მხარეს დგას. აკრიტიკებდა საბჭოთა ხელისუფლებას, ელცინის ხელისუფლებას, ომს ჩეჩნეთში, პუტინის ხელისუფლებასა და, რაღა თქმა უნდა, უკრაინის 2022 წლის ომსაც. მართალია, რაღაც პერიოდით ის განერიდა ამქვეყნიურ ცხოვრებას და ბუდიზმში გადაეშვა, მაგრამ მთავარია, რომ დაბრუნდა და ისევ ადეკვატურია. ომის დაწყებიდან რამდენი დღეში, გრებენშიკოვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც მან ომს რუსეთის სირცხვილი, ხოლო მოგვიანებით, ომის მხარდამჭერებს ფსიქიკურად ავადმყოფები და ფაშისტები უწოდა.
Телевизор - ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პოლიტიკურად სწორი და პატიოსანი ხალხი, რომლებიც პუტინს ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან ებრძოდნენ. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „Твои Папа Фашист”, რომელსაც ცოცხალ შესრულებაში მინიმუმ 2008 წლიდან ცვლის ტექსტს და ამბობს „Ваш путин - фашист!“ - ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს.
БИ-2 - მათი მსმენელი არასოდეს ვყოფილვარ (თუ არ ჩავთვლით სიმღერას Полковнику никто не пишет, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ჩემი ფავორიტია) და არც თავად ჯგუფი გამოირჩეოდა პოლიტიკური სიმღერებით. მაგრამ უკრაინის მეორე ომის დაწყებისთანავე გაიქცა რუსეთიდან და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, მათ შორის ეხმარება ფინანსურადაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ეგორ ბორტნიკი წარმოშობით არ არის რუსი, ბელორუსი ებრაელია.
ამავე სიას შეგვიძლია დავუმატოთ Мумий Тролль და, რა თქმა უნდა, Земфира და ბოლოს საბჭოთა სცენის დედოფალი, პრიმადონა ალა პუგაჩოვა. დიახ, ალა, ნამდვილად არ არის როკი, მაგრამ ალა უდავოდ იყო საბჭოთა სცენის დედოფალი. და დიახ, პრიმადონა ყოველთვის იყო სწორ პოზიციაზე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. მართალია, პუგაჩოვა იშვიათად იძლევა ინტერვიუებს, მაგრამ როცა გასცემს, რთულია, მისი გაბედულობითა და აზრის სიჯანსაღით გაოცდეთ, გამონაკლისი არც დღევანდელობაა. პოლიტიკური პოზიციების გამო მთელი პროპაგანდისტული მანქანა აკრიტიკებდა, ქვეყნიდან „გაქცევას“ კი ღალატად უთვლიდნენ. პუგაჩოვამ ასე უპასუხა:
„და მე ვის ვუღალატე? მე ადრე ვთქვი, ჩემს სამშობლოს, რომელიც ძალიან მიყვარს, დავტოვებდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მე მიღალატებდა - და მან მე მიღალატა.“
მართალია, ეს არ არის ომისა და პუტინის მოწინააღმდეგე ბენდების სრული სია, მაგრამ მეტნაკლებად ფარავს საბჭოთა როკის მთავარ სახეებს. რაც შეეხებათ ახლებს, გამორჩეულად საინტერესო რეპერია Oxxxymiron; როკიდან სახსენებელია Louna, ექსპერიმენტული IC3PEAK, Shortparis და ა.შ. ამავე სიას შეგვიძლია დავუმატოთ ვალერი მელაძე - განსხვავებით ქართველობადაკარგულ ქეთა თოფურიასა და სოსო (მეტსახელად „Соси“) პავლიაშვილისგან, მელაძე ეროვნულად და პოლიტიკურად სწორ მხარესაა.
სამწუხაროდ „კარგი რუსების“ სია გაცილებით მცირეა, ვიდრე „ცუდების“; და ამ ცუდებიდან ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული Наутилус Помпилус-ის გაპუტინისტებაა. ის აქამდეც მხარს უჭერდა კრემლს, მაგრამ ბევრისთვის უკრაინაზე სრულმაშტაბიანი თავდასხმა წყალგამყოფი აღმოჩნდა - მაგრამ არა მისთვის. არადა „ნაუტილუსები“ გამორჩეულად კარგი ბენდი იყო. არ ვიცი, რა გაუჭირდა ასეთი ცხოვრებაში ბუტუსოვს, მაგრამ მისი მოსმენა დღეს რთულია.
Алиса - კონსტანტის კინჩევს ნაღდად აქვს რამდენიმე კარგი სიმღერა, თუმცა მისი მუსიკა ყოველთვის დასავლური ჰარდ როკის მიბაძვა უფრო იყო - როგორც მელოდიურად, ისე იმიჯითა და ჩაცმულობის სტილით. მან დაიწყო ანტისაბჭოთა სენტიმენტებით, მაგრამ ვეღარ განვითარდა; გადაეშვა რუსულ ნაციონალიზმში, ფსევდო ეროვნული და მილიტარისტული სიმღერების ესთეტიკაში. და დიდად გასაკვირიც არაა მისი პოლიტიკური პოზიცია, რომელიც სავსეა რელიგიური სიმბოლიზმით, შეთქმულების თეორიებითა და ბანალური ჰომოფობიით: „მე ძალიან მინდა, უკრაინელები გამოფხიზლდნენ. ჩვენ ხომ ერთი ხალხი ვართ. მათ ასულელებენ, ტრანსჰუმანური ლგბტ ტრ*კში მო*ტნაურე - თუ როგორც თავს ეძახიან - პოსტქრისტიანული ცივილიზაცია. რუსეთი მას უნდა შეეწინააღმდეგოს და დაიცვას ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებები.“ კინჩევის დაცული ტრადიციული ღირებულებების რა მოგახსენოთ, მაგრამ მისი ინტელექტის დონე ნათელია.
Ария - ეს მეტად უცნაური ჰარდ როკია. ჰიტების აბსოლუტური უმრავლესობა უბრალოდ პლაგიატია. ძირითადად, ჰპარავდნენ Iron Maiden-სა და Judas priest-ს, და ამის ხარჯზე მათ დიდ პოპულარობას მიაღწიეს რუსეთში. აქვთ რამდენიმე არამოპარული კარგი სიმღერაც. მაგალითად, „Тебе Дадут Знак“ - საინტერესო ტექსტი აქვს, მოწოდებაა, რომ ადამიანი არ უნდა იქცეს ბრბოს მორჩილ და მანიპულირებულ არსებად, არამედ თავად იპოვოს გზა და მოიფიქროს, როგორ იცხოვროს თავისუფლად. სიმღერა ასე სრულდება: „Тебе дадут знак! ...ствол! ...флаг! ...штык! ...знак! ...кол! ...танк! ...цепь! ...знак! ...лом! ...кнут! ...гроб! ...знак!“, - კი, პუტინმა უკვე მილიონზე მეტი „Гроб”-ი (კუბო) ჩამოურიგა საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ Aрия ომის გულმხურვალე მომხრედ რჩება.
Любэ́ – ამათგან რაიმე კარგის იმედი ადამიანს არ უნდა გვქონოდა. რუსული ფოლკისა და როკის ფსევდოპატრიოტული ღირებულებებით გაერთიანებული, ან უბრალოდ სისტემის კარის მომღერალი - რა ბანძებიც იყვნენ, ისეთებად დარჩნენ. რუსულ არმიის დანაკარგი მილიონს გადასცდა და „ლიუბე“ დიდი ამბით მღერის, რომ „Не валяй дурака, Америка!“.
ომს მხარს უჭერენ: Ва-Банкъ, Гарик Сукачёв, Калинов мост, Чайф და მრავალი სხვა.
ცალკე უნდა მოვიხსენიოთ Чичерина და Ленинград. ჩიჩერინა 2000-იანების პოპულარობის მერე აღარავის ახსოვდა. და უეცრად ყველასგან დავიწყებული „ჩიჩერინა“ ფრონტზე აღმოჩნდა - მუსიკალურად ართობდა რუს ჯარისკაცებს. ფაშისტური იდეებით შეპყრობილი ლოთი, რომელიც აშკარად არაა ფსიქიკურად ჯანსაღი. ყველა დასცინოდა, მათ შორის პრორუსებიც და ზუსტად ჩიჩერინაა ომისა და პუტინის მომხრე რუსების სახე.
რაც შეეხება „ლენინგრადს“, რომელიც გამორჩეული იყო მთავრობის კრიტიკით, უფრო სწორად, აკრიტიკებდა მანამ, სანამ ამის საშუალებას აძლევდნენ, დღეს „Не рыба не мясо“ პოზიცია მყარად უჭირავს - პუტინისტია და ომსაც მხარს უჭერს, მაგრამ ცხადად და ღიად არ და ვერ ამბობს. ამ მხრივ გონებრივად არც ისე გამორჩეული კონსტანტინ კინჩევი გაცილებით უფრო პატიოსანია, ვიდრე შნუროვი, რომელიც მესამე წელია, დუმს.
საბჭოთა რუსული როკი ცალკე ჟანრია, რომელიც, სამწუხაროდ, ქრება. თანამედროვე რუსული ბენდები დასავლურის გავლენით ვითარდებიან და კარგავენ პოეზიას. არაა მარტივი, მოუსმინო საბჭოთა რუსულ როკს - ერთი, საჭიროა რუსულის კარგად ცოდნა, მეორე, შესაბამისი განწყობა და ხასიათი.
სასიხარულოდ, იმ ეპოქის მთავარი ვარსკვლავები დღეს სწორ პოლიტიკურ პოზიციაზე დგანან, რასაც ვერ ვიტყვით შედარებით გვიან აღმოცენებულებზე - კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა თანამედროვე ბენდებსა თუ მომღერლებში. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ვერც შევჩუკთან, ვერც გრებენშიკოვთან და თუნდაც ვერც ზემფირასთან მუსიკალური დიდებით ახლოსაც ვერ მივა ვერცერთი პუტინისტი მომღერალი („ნაუტილუსების“ ღალატი დიდი დარტყმაა). როგორც უნდა იყოს, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ბენდები წარმოადგენენ დღეს „მეორე რუსეთს“, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად გათავისუფლდება პუტინისტური ჭირისგან.
გირჩევთ
ნაძრახი კაცი | ნინო ლომაძე
07.04.2025