სამშობლო, როძინა და აგენტები | გიორგი ჯავახიშვილი
„ზღვით ნაპირდასველებული და კავკასიის ქედს საშრობად მიფენელი მხარე“- ასე აღწერს აკა მორჩილაძე მის ახალ რომანში საქართველოს. ქვეყანას. ზოგისთვის უბრალოდ პოლიტიკურ ერთეულს და მილიონობით ქართველისთვის კი იმას, რასაც სამშობლოს ვეძახით. როგორი კარგი მიგნებაა და თან ასეთ გადამწყვეტ დროს - ვამბობ და ამ სიტყვებით აღფრთოვანებული წიგნს დროებით ვხურავ.
ვაგრძელებ კითხვას - „როგორ ძალიან მეცნობა და თითქოს ერთხელ უკვე წამიკითხავს...“ - ვფიქრობ და გვერდები გვერდებს მიყვება. მივხვდი, რომ არ შევცდი. ლიტერატურის მოყვარულები აკა მორჩილაძის ამ ახალი რომანის ნაწყვეტებს ჯერ კიდევ 2020 წელს გაეცნენ ილიაუნის ლიტერატურულ პორტალზე. მერე კი ოთხი გაზაფხული გავიდა. დრო შეიცვალა, შეიცვალა თავდაპირველი სათაური, ტექსტი და კონტექსტიც. ჩვენც შევიცვალეთ და ჩვენი სამშობლოც.
სიტყვა „სამშობლო“ შემთხვევით არ გამომიყენებია. სათაურის გაგებისთანავე ვფიქრობდი, რას უნდა ნიშნავდეს ქართული ანბანით წიგნის ყდასა და თავფურცელზე ამოტვიფრული „როძინა“?
„როძინა“, „სამშობლო“ ისევ ვფიქრობ ამ ორ სიტყვაზე და გონება საბჭოთა საქართველოში იწყებს მოგზაურობას. იქნებ, კრემლში გადაბარგებული ქართველებისა და მათი მემკვიდრეებისთვის საქართველო უბრალოდ „როძინა“ იყო და არის - „მზიანი საქართველო“, „თბილი სამხრეთი“ და უბრალოდ ტერიტორია, რომელიც ორ ზღვასა და კავკასიის მთებს შორისაა მოქცეული?
დავეჭვდი, რომანში ბოლო ცვლილება 2024 წლის გაზაფხულზე, „რუსული კანონის“ ინიცირების დღეებში უნდა შესულიყო. “როძინაში“ ავტორი იმდენჯერ საუბრობს აგენტებზე, აგენტობის პრობლემასა და აგენტობის სტიგმაზე საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის მოშველიებით, რამდენჯერაც ერთი ძველი ქართველი პოეტი საუბრობდა მის ერთადერთ და მრავალდროებაგამოვლილ პოემაში სიყვარულსა და მეგობრობაზე.
საკუთარმა ეჭვებმა ჩამითრია. ჩავრთე კომპიუტერი, ვნახე 2020 წელს გამოქვეყნებული რომანის სამივე თავი. საძიებო ველში ვწერ სიტყვა „აგენტს“. ნული შედეგი. ყველაფერი ცხადი ხდება. მართლა შეიცვალა თავდაპირველი ტექსტი და კონტექსტიც. ამ მიგნებით გახარებული ვარ. მიხარია, რომ საყვარელმა მწერალმა ისევ ათიანში მოარტყა.
ერთი პროფესიონალი ქალი ისტორიკოსი მეუბნებოდა ამ დღეებში, ზოგჯერ ლიტერატურას შეუძლია წარსულის მოშველიებით აწმყოსთვის ფუნდამენტური იდეები დასვას დღის წესრიგშიო. „როძინამ“ ეს შეძლო. გვიანი სტალინიზმის რეპრესია და პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც ქსენოფობიას, ძალადობასა და „უსამშობლო აგენტების“ მოჩხრეკა-მოძიებას აერთიანებდა, მკითხველს იმ შორეულ წარსულში ამოგზაურებს, რომელიც დღემდე ცოცხალი და ძრწოლისმომგვრელია.
სტალინი, ბერია და მათი ჯალათები ხომ ის ერთდროულად ნაცნობი და უცნობი ხალხია, რომელთა ხსოვნასა და ნაკვალევს ვერა და ვერ დავაღწიეთ თავი. მერე რა, რომ დამოუკიდებლობა 30 წლის წინ მოვიპოვეთ და თითქოს გავწყვიტეთ საბოლოო კავშირი საბჭოთა დილეგებსა და ახალ საქართველოს შორის. „აგენტების კანონმა“ ბევრს საფუძვლიანად სტალინიზმი გაახსენა.
სტალინიზმი კი მარტო სტალინით არ შემოიფარგლებოდა. ცნობილია, რომ ლავრენტი ბერიამ საბჭოთა კავშირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მფარველ-ქვეშევრდომული ქსელი შექმნა. კავკასიის რეგიონში შექმნილმა საბჭოთა საიდუმლო პოლიციის პატრონ-კლიენტალურმა ქსელმა, რომელიც, ძირითადად, კავკასიური ეთნოსების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, კონტროლი დაამყარა 1930-იანი წლების საბჭოთა საქართველოს მმართველობაზე, 1938 წლიდან კი გახდა ყველაზე ძლიერი ქსელი მთელ საბჭოთა კავშირში, რომელსაც გავლენა ჰქონდა საბჭოეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.
მახსენდება ჩემი ლექტორის, ტიმოთი ბლაუველტის სტატია “ჩეკისტების მარში: ბერიას საიდუმლო პოლიციის მფარველობის ქსელი და საბჭოეთის კრიპტო-პოლიტიკა”[1]. რა კარგია, რომ მწერალს შეუძლია შიდასაისტორიო წრეში შექმნილი ტექსტები პროზად აქციოს და მკითხველამდე მიიტანოს. ისევ ათიანში.
სტალინური წარსული ბერიას ჩეკისტებითა და მათი მარშით 2024 წელს უეცრად აწმყოდ იქცა. „როძინამ“ კი დროულად დაიწყო საუბარი საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა საქართველოს ბედ-იღბალზე ლეჩხუმური დიალექტით.
აკა მორჩილაძემ ლამის ტრადიციად აქცია საკუთარ რომანებში ქართული ენის დიალექტზე წერა. მახსოვს, პირველად Maid in Tiflis-ში გავოცდი აკასეული ქართული დიალექტების ცოდნით, მერე იყო იმერულ დიალექტზე დაწერილი „კუპიდონი კრემლის კედელთან“. ახლა კი - „როძინა“.
წიგნაკს, რომელსაც უჩემოდაც ქე მიაგნებდით, მარა ეგება ამ პატარა უსტარმაც გული აგიჩქროლოთ, იმნაირათაა დაწერილი, თფილისში რომ ლიხს იქეთა კილოს ეძახიან. ამ ლეჩხუმური ტკბილხმოვანებით იმასაც კი გეიგებთ რომ დამოუკიდებლობა იმპერიისგან თავდახსნის მთლა ბოლო მწვერვალი კი არა, დასაწყისია. დამოუკიდებლობა ვენახში ჩაყრილი ალექსანდროულის ნერგებია, რომელსაც უნდა მოუარო თვარა ძველი ვენახივით მოუსავლიანობა გექნება. მტერს და ავს მოუსავლიანობა, ძველი ვენახი იმიზა არ გაგვიკაფავს, ახალ ვაზის ხეივანს ისევ მუმლი რო დეეხვიოს. - ვატყობ, მეც გადმომედო ქართული ენის მრავალფეროვნების ხიბლით თამაშობის სურვილი.
აკა მორჩილაძე, ისე ჰყვები ამბებს, გეგონება, აღმართზე ვდაგავართ და ამბებს გვიწილადებდე, რომ სავალი გზა შორი და რთული არ გვეჩვენოს. არადა გზა რთულია - ეკლიანი, ზოგჯერ ტალახიანი და თოვლიანიც. 70 წლიანი საბჭოთა გამყინვარების მერე სავალი გზა მარტივი არ იქნება. მთავარი გამოწვევა დამოუკიდებლობის შემდგომ იწყება. პოსტ-იმპერიულ საზოგადოებებს ბეწვის ხიდზე სიარული უწევთ, რომ ახალი სახელმწიფო ძველი, რეპრესიული სახელმწიფოს უნებლიე მემკვიდრე არ გახდეს.
კინაღამ დამავიწყდა: ავტორმა კი გვითხრა, ეს რომანი ღამის მატარებელში საკითხავი უტოპიური წიგნიაო, მაგრამ მე დიდად მაგის არ მჯერა. ვერა და ვერ წავიკითხე ტრანსპორტში. თან ჩვენთან რკინიგზაც მოიკოჭლებს.
________________________________________
[1] Blauvelt, Timothy. March of the Chekists: Beria’s Secret Police Patronage Network and Soviet Crypto-Politics, in Communist and Post-Communist Studies 44 (2011), 1, pp. 73-88