გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თბილი ციმბირი | გიო ახვლედიანი

ერთი დეკაბრისტი იყო, ევდოკიმ ლაჩინოვი, თავადიშვილი, რომელიც ბევრ სხვა თანაშეთქმულთა მსგავსად ღირსებააყრილი გადმოისროლეს კავკასიის პოლკებში. ამ ლაჩინოვს ძალიან ბევრი უწერია მთელს კავკასიის, თავისი ნაომრისა და ნანახის შესახებ და რახან დეკაბრისტთა სამხრეთის საზოგადოების წევრიც არის, ცხადია, მხოლოდ ეთნოგრაფია და „რუსული აზიის“ უბრალო აღწერილობები არ აინტერესებს, არამედ განსჯის ხოლმე და აქა-იქ, ფილოსოფოსობს კიდეც.

დეკაბრისტი ვინ არის?

დეკაბრისტი არის რუსის მაღალ საზოგადოების შვილი, უპირატესად სამხედრო, რომელსაც სწადდა, რომ თავისი იმპერია უფრო მეტად ქცეულიყო ევროპად, ვიდრე ეს რუსის იმპერატორებს და იმათ პოლიტიკურ კარს სურდა. უმეტესად ეს არის ბატონყმობის გაუქმება და უფლებათა ზრდა. ამისათვის ისინი გაერთიანებულიყვნენ საიდუმლო საზოგადოებებში და დაეწერათ ნაირგვარი ქაღალდები რუსეთის განახლების შესახებ. დეკაბრისტები ამ ხალხს დაერქვა იმიტომ, რომ აჯანყდნენ 1825 წლის დეკემბრის თვეში, რაც დაამთხვიეს რუსეთის ტახტზე ახალი იმპერატორის ასვლას. ისინი დამარცხდნენ დრამატულ ამბოხისას და მერე ხუთმა სიკვდილი მიიღო და დანარჩენებმა კი, დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, ან სამუდამო გაციმბირება, კატორღა, საბადოებზე მუშაობა, ან გასახლება და იქ დარდიანი აზროვნება, ანდა სწორედ კავკასიის პოლკებში სალდათად ყოფნა.

დეკაბრისტი

თავიდან, მთლად მეთაურებს ოთხად განკვეთა მიუსაჯეს, კიდევ ოცდათერთმეტ კაცს თავის მოკვეთა, მაგრამ იმპერატორმა, განაჩენი შეარბილა და ის ხუთნი მხოლოდ ჩამოახრჩვეს, დანარჩენებს კი სხვადასხვა სასჯელი ერგოთ. რუსეთია და, ხუთიდან სამის სახრჩობელა ჩამოწყდა და ხელახლა ჩამოახრჩვეს. თოკების უვარგისობა იმით ახსნეს, რომ პუგაჩოვის ჯანყის შემდეგ, ანუ ორმოცდაათ წელიწადს არავინ ჩამოგვიხრჩვია და თოკები დაძველდაო. მანამდე, იმპერატორმა მოსამართლეებად ის დიდმოხელენი დანიშნა, ვინც სწორედ ამ დეკაბრისტების თანამგრძნობებად მიიჩნეოდნენ. მოკლედ, გრძელი ამბავია, მაგრამ ღირსების ართმევას დავუბრუნდეთ. სალდათად ჩამოქვეითება, მანამდე მისი საოფიცრო დაშნის საჯაროდ თავზე გადამტვრევა, დიდგვაროვნობის წართმევა, ორდენებისა და სამხრეების აგლეჯა და სამხრეთში გასტუმრება ლაჩინოვსაც ხვდა. იქ გამოისყიდეო, როგორც სტალინის დროს იტყოდნენ სულ სხვანაირ ხალხზე, „სისხლითო“.

საკავკასიოდ სულ ას სამოცდაათი წოდება და ღირსებაწართმეული ოფიცერი მოგროვდა. ესენია პირველი და შემდგომშიც და საერთოდაც იშვიათი, სხვანაირად მოაზროვნე რუსები, აქეთ რომ მოხვდნენ, როგორც ციმბირში. ასეთი ოდენობით, თორემ მანამდეც რაღაცას ხლაფორთობდნენ თბილისში. გასალდათებმადე ათიოდ წლით ადრე, ეს ლაჩინოვი თბილისში აღმოჩნდა დეკაბრისტების ერთ-ერთ მომავალ მეთაურ ნიკიტა მურავიოვთან ერთად და როგორც ყმაწვილმა ოფიცრებმა, ამათ თბილისში შეადგინეს საიდუმლო ჯგუფი, ტიფლისის არტელი, რაც გაგრძელება იყო დიდ რუსეთში არსებული საიდუმლო წმინდა არტელისა.

ბაში აჩუკს რომ დავესესხოთ, ას სამოცდაათი გასალდათებული ნასწავლი კაცი ხუმრობა არ გახლავსთ, შენი ჭირიმე. იმ გენერლების თვლას ეგებ ჯობდეს კიდეც, მგზავრის წერილებში რომ უწევთ ავტორსა და იმ გონებით საბრალო ოფიცერს. მრავალ სამეცნიერო ნაშრომში ისეა, რომ რახან ესენი მოაზროვნე და უკუმთქმელი ადამიანები იყვნენ, მათი ფიქრები სასარგებლოც იქნებოდა კავკასიის საზოგადო აზროვნების წინსვლისთვისო, მაგრამ საეჭვოა იმათი ნაწერი ბევრ კავკასიელს ეკითხოს და ისიც საეჭვოა, რომ ამ გასალდათებულ ხალხს რაიმე განსაკუთრებული საუბრები ჰქონოდათ განთქმულ რუსებთან - გრიბოედოვთან, რომელიც სწორედ მაგ დროს იყო აქა და ქართულ-რუსული პირველი დიდი ქორწინების სიძეც გახლდათ; და არცა პუშკინთან, რომელიც არზრუმამდის მივიდა და თავის სამოგზაურო თხზულებაში ტყუილ-მართალი გადაურია სხვა ამბავია, რომ ლაჩინოვის ნაწერები, რახან ისინი ავი არაა და მდგომარეობაში მყოფი, თავისუფლების მოყვარე კაცის სულითაცაა აღბეჭდილი, საინტერესოა და, რაც მთავარია,

კავკასია გამოდგა ამ დეკაბრისტებისთვის ამოუწურავი სიახლის, იქამდე უცნობი სურათისა და სულის სამყარო.

მანამდე, რუსეთს არც დაუპყრია და არც მიუერთებია ასეთი მიწები. სულის შეძვრა ბუნების სურათებით იწყებოდა, ხოლო თვითონ ეს მხარე, თითქოს, იყო ერთგვარი ფრონტირი. ფრონტირი კი, ამერიკული გაგების ამბავი და ცნება-ისტორიაა, მეტად განსხვავებული იმისგან, რასაც ახლა მივუსადაგეთ, მაგრამ შეუცნობლობის, სიახლის, მუდმივ სიმამაცის მოთხოვნის ადგილი კი არის და ამით თუ დავამსგავსებთ იმ ამერიკულ ფრონტირს. თანაც, ამერიკაში, ფრონტირი მოძრავი ამბავია, სულ წინ მიიწევს და აქაც ხომ სულ სამხრეთის ომები იყო. თანაც, კავკასიის გასალდათებულ დეკაბრისტებზე იმასაც ამბობდნენ, მათთვის ომები მხოლოდ სამსახური არ იყო, არამედ, პირადი საქმეცო. მტერიც კი ამ ხალხს ჰგვრიდა აღტაცებასა და ჟრჟოლას ნამდვილ საქმეში, ნამდვილ ომში ყოფნისა. მოხიბლულნი იყვნენ მტრით, აღტაცებულნი. იქამდე უნახავი მტერი იყო.

დეკაბრისტები იქით იყოს და კავკასიის შესაცნობად, თავზე ხელის ასაღებად ცხელგულიანი, ახალგაზრდა ოფიცრებიც ითხოვდნენ აქეთ გადმოგზავნას. ამის საპირისპიროდ, დიდ მოხელეებს გული არ მოუწევდათ და იმის მაგალითებიც არსებობს, რომ კავკასიაში მათი გადმოგზავნის შესახებ იმპერატორის ბრძანებას უყრუებდნენ. ცხელგულიან ახალგაზრდებს ისინიც ემატებოდნენ, რომელთაც, როგორც არასასურველთ, იმპერატორი გამოასახლებდა ხოლმე, იქ გაიარეთ სამსახურიო.

კავკასიაც არ იყო ერთადერთი იმხანად. მალოროსიად წოდებულ ადგილებში და ბესარაბიაშიც სახელოვანი გასახლებულებულები არსებოდნენ პუშკინის თამადობით.

კავკასიაიამოსჯილებში, მერე და მერე, ყველაზე ცნობილი, პოეტი მიხაილ ლერმონტოვი იყო, ხისტი და ენამწარე ახალგაზრდა კაცი და რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი შემოქმედი, რომელმაც, ასევე, თავისი კავკასია გადაიტანა ფურცელზე.

სხვანიც. საკმაოდ იყვნენ დღეს დავიწყებულნი, ახალი ჯადოსნური სამყაროს მხილველნი და მონაწილენი და იმათი ნაწერები რუსეთში დიდი სუნთქვაშეკრულებით იკითხებოდა, თუკი სადმე დაუბეჭდავდნენ, რა თქმა უნდა. მარლინსკის მოთხრობები, სხვაც ათასი ნაწერი. კავკასიის ნამდვილი პირველად მომჩენები სწორედ ესენი გამოდგნენ, ასეთი დაჯარიმებული, თუ თავგადასავლის მაძიებელი ახალგაზრდა სამხედროები, რომლებმაც, სადამდეც ჩასწვდნენ, იმ სიღრმის გრძნობით შეხედეს მთებში და მთის აქეთ არსებულ სამყაროს. ამათი ნააზრევი ნამდვილად არ იყო, რომ არიქა, დაპყრობილი ხალხებია, ჩვენ, იდეისთვის მებრძოლნი, უნდა დავეხმაროთო. მაგრამ კავკასია გამოდგა ადგილი ფიქრებისა, განცდისა, ნამდვილი ცხოვრებისა, ახლის ხილვისა. მერე ამათ წამოემატა ტოლსტოი თავისი საუცხოო მოთხრობებით, კაზაკები და ჰაჯი მურატი, მაგრამ ტოლსტოი მაშინ მხოლოდ დაიბადა, როცა ლაჩინოვისთვის, როგორც გრიგოლ ორბელიანი იტყოდა „ერევნის თაფაც გამოჩნდა“.

იმ დროებაში, რუსები კავკასიას „თბილ ციმბირსაც“ ეძახდნენ. მაშინ ციმბირის, როგორც საგადასხალებო ადგილის ათვისება დაწყებული კი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმხელა სიგრძე-განი არ ჰქონდა, შემდგომ ას წელიწადში რომ შეექნა. „თბილი ციმბირი“ უცნაური სიტყვათშეთანხმებაა და ისევ ფრონტირთან დაგვაკავშირებს, მაგრამ ამის იქით ხომ ციმბირსა და კავკასიას საერთო არაფერი აქვთ. რახან ციმბირი ჯერ არ იყო ისეთი ყოვლისმომცველი საგადასახლებო და საკატორღო ადგილი, შემდგომში რომ გამოვიდა, გასახლებათა უმეტესობა ეგრეთწოდებულ შორეულ გუბერნიებში, ურალის ადგილებში, ანდა ჩრდილოეთში უფრო ესჯებოდათ. ურალი ხომ ციმბირის საზღვარია. ასე მოხვდნენ, 1932 წლის შეთქმულთა მეთაურები ვიატკაში, ორენბურგში, პეჩორაზე, ფინეთში. ვიატკა ხომ საერთოდ დარჩა და დარჩა კავკასიელთა გადასახლების ადგილად. საერთოდ, რა სიშორითაც იმპერატორი გადაასახლებდა, თითქოს იმ სიშორით იზომებოდა. როგორც ჩანს, მთავარი მშობელ ადგილს მოშორება იყო.

იმ დროის ნამდვილი ციმბირი „თბილი ციმბირის“ საზოგადო წარმოსახვის მთავარი კოშმარი იყო. კატორღაში დამნაშავეები იგზავნებოდნენ, უკან მობრუნებული კატორღელი იმ ძველ დროს იმ ქვეყნიდან მობრუნებულად ითვლებოდა. იყო ლეგენდები და ამბები დიდ დათვებზე, მარად ყინვაზე, ფეხზე მობმულ რვა კილოგრამიან ხუნდზე, ადრიან ტანჯვით სიკვდილზე ვიწრო მაღაროებში. ამ ამბავს მაშინდელ საქართველოში დაჰყრდნობოდა ორი, არცთუ იშვიათად წარმოთქმული სიტყვა: გაციმბირება და გამოციმბირება. გაციმბირება გადასახლება-კატორღა იყო, გამოციმბირება კი - სწორედ კავკასიაში გამოსახლება.

ყიფიანმა არ იცოდა, რომ იქვე, კავკასიონს იქით ასახლებდნენ და აკაკის უთხრა, რა უშავს, აქამდე სულ ავი საქმისთვის აგზავნიდნენ ქართველებს ციმბირში და კარგი საქმისთვის მიმავალი პირველი მერცხალი ვიქნებიო. სტავროპოლი ახლო იყო, მაგრამ არსით, გაციმბირებას ნიშნავდა. ეს 19-ე საუკუნის 80-იანი წლებია. ყიფიანმა იქვე თქვა, პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობითვე ვამთავრებო. ის იგულისხმა, რომ შეთქმულებაში მონაწილოებისთვის ვოლოგდაში იყო გადასახლებული. მის ახალგაზრდობაში კი, გამოციმბირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, პოლონეთის დამარცხებული აჯანყების მონაწილეთა ჩვენთან გამოციმბირებაა, რისი გვარიცა და კვალიც დღემდეა დარჩენილი აღმოსავლეთ საქართველოდ მთიანეთსა და ქალაქ ქუთაისში.

მოკლედ, რუსეთი თანდათან და მეტად და მეტად ხდებოდა გაციმბირება-გამოციმბირების ქვეყანა ისე, რომ საუცხოო ქართული მოგონებებიც არსებობს საუკუნეთა მიჯნის ქართული ციმბირობის შესახებ, რომელშიაც არა მხოლოდ ციმბირში ყოფნა არამედ ეტაპის (კიდევ ერთი, იმ დროიდანვე ცოცხალი საციმბირო რუსული ტერმინი) მთელი სიგრძეც. მაგრამ მერე იმპერატორი დაემხო, საბოლოოდ იმარჯვეს კომუნისტებმა კავკასია გარდაისახა „თბილი ციმბირიდან“ „სამოთხედ,“ ერთ მთლიან კარნავალად, რომლის კულისების და სინამდვილის ამოცნობა აღარავის უცდია.

როგორც მაიაკოვსკი იტყოდა: Я знаю: глупость – эдемы и рай! Но если пелось про это, должно быть, Грузию, радостный край, подразумевали поэты… (ვიცი სისულელეა სამოთხე და ედემიც, მაგრამ თუ უმღეროდნენ მას, ალბათ საქართველოს, სიხარულის მხარეს, თუ გულისხმობდნენ პოეტები).

ამას შეგვიძლია მივუმატოთ ჯონ სტაინბეკის ყბადაღებული, ხუმრობანარევი ფრაზა მისი რუსული დღიურიდან: Indeed, we began to believe that most Russians hope that if they live very good and virtuous lives, they will go not to heaven, but to Georgia, when they die (მართლაც, თანდათან იმის დაჯერებაც დავიწყეთ, რომ რუსთა უმრავლესობას სწამს, რომ თუკი კარგ და კეთილისმქმნელ ცხოვრებას გაივლიან, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდებიან). ორივე, სტალინის დროის სიტყვებია. სხვადასხვა ათწლეულების, რომელთა შუაში კიდევ ერთი ათწლეული ძევს. ამიტომ, ეს ცვლილება არსებობს. თბილი ციმბირიდან, ერთგვარ სულისათვის კარგ ამინდამდე.

რატომ და როგორ მოხდა ეს, ალბათ, კიდევ ცალკე გრძელი ამბავი იქნება. უბრალო სურათად კი ასე გამოჩნდება, რომ იმპერიის კიდე, ხილი, ამინდი, სტუმრებისთვის სახეში მოცინარი ხალხი და რაც მთავარია, მერე და მერე, მოკლე თავშემოფარების ადგილი, განსაკუთრებით, უფრო მორბილებულ კომუნისტურ დროში: რუსის იქ შეწუხებულ პოეტს აქ წიგნს გამოუცემდნენ, რაღაც თარგმანს შეუკვეთდნენ, შერისხულ რეჟისორს უცნობი ფიზიკოსი ახალგაზრდები ლექციების კურსს და ფილმების რეტროსპექტივას მოუწყობდნენ, ვიღაცას მიჯნურთან ერთად მოგზაურობას უქცევდნენ დაუვიწყარ დროებად და ასე დაუსრულებლად.

სიმიონ კირსანოვის ერთი ლექსიც რომ ვახსენოთ: Чика красного, чика белого, Чиковани и Жгенти, чокнемся! Сакартвелоши ме пирвелад вар! -Говорю я, ко рту рожок неся (ჭიქა წითლისა, ჭიქა თეთრისა, ჩიქოვანი და ჟღენტი, მივუჭახუნოთ! საქართველოში მე პირველად ვარ და პირთან ყანწიმი მაქვს).

მოკლედ, ასეა, შემოფარებითაც და მის გარეშეც. მანამდე პასტერნაკის მეგობრობა ყოფილ ცისფერყანწელებთან და ნათქვამი: აღარ არის ტიციანი, როგორ ვიცხოვრო? ეს სხვადასხვა ხარისხის, სულის და გაქანების ამბები, რა თქმა უნდა, უფრო შემოქმედთა სიტყვით შემორჩა, თუმცა, პარტიულ-სამეურნეოც რომ არანაკლები იყო, ცხადია.

თავშემოფარება თავშემოფარებად, მაგრამ ამბის არსი და სურათი მასპინძლობა იყო. დახვედრა, ასე ვთქვათ. რაღა დროს თბილი ციმბირია. ნიკოლოზ მეორე რომ ჩამოვიდა საქართველოში, აკაკის მოსაწვევი მიართვეს და იმპერატორთან დარბაზობაზე არ წავიდა. ჰოდა, ეგ ამბავი, მორჩენილი იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო საერთო თავშეფარების ადგილად პირველად ალბათ მაშინ იქცა, როცა რუსეთში სამოქალაქო ომი ატყდა და ჩვენი ქვეყანა კი დამოუკიდებელი იყო. მაშინ რუსთა დიდი გამორიდება იყო და ბევრნი საქართველოშიც გამოჩნდნენ.

ბევრნი იყვნენ. ერთეულები სამუდამოდაც დარჩნენ, მაგრამ უმრავლესობამ ან სტამბოლისკენ გასწია და იქიდან მარსელს გაცურა, ან უკან დაბრუნდა.

იმ დროს რუსული თბილისური ლექსების არსიც იგივეა, რაც საბჭოთა დროისა. მანდელშტამიც იმავეს აღნიშნავს: Кахетинское густое, Хорошо в подвале пить, —Там в прохладе, там в покое, Пейтевдоволь, пейте двое, —Одному не надо пить (სქელი კახურის სმა სარდაფშია კარგი, იქ სიგრილეში, იქ, სიმშვიდეში, დალიეთ ბლომად, დალიეთ ორმა- მარტომ არა სვა)!

ტონობით მსგავსი სტრიქონი არსებობს და სულ სხვადასხვა დროისა, მაგრამ ყველა ესენი, მხატვრულად, თუ არამხატვრულად, პირდაპირ თუ ირიბად, კეთილად თუ ბოროტად, როგორღაც იმეორებს თავში ნახსენები ლაჩინოვს ორ ნათქვამს თბილისის შესახებ: „თბილისის ცხოვრების სურათები უცხოა ევროპელისთვის. ეს ცოცხალი მრავალფეროვნებაა.“ და „ყოველგან მეფობს განათლებისა და უმეცრების კვალთა აღრეულობა, და ეს აღრეულობა შობს ერთდაგვარ განსაკუთრებულობას, რომელსაც, ჩემი აზრით, უადგილოს ნამდვილად ვერ უწოდებ“.

ამ წინადადებებში დასამახსოვრებელი ის არის, რომ ერთი ბეწო ქალაქი, რომელიც რუსებისთვის ჯერ კიდევ მხოლოდ სამხედრო ფორტი და უკიდურესი სამხრეთის საომარი ზურგის ქალაქია, ამ სალდათისთვის, ევროპულ თუნდაც რიგით ქალაქზე, ცოცხალია. თბილისისნაირი ქალაქისთვის სიცოცხლე მთავარია. ეს არის ადგილი, სადაც უმეტესად უცხოური გარნიზონები იდგნენ, მაგრამ არ დაკარგულა.

თბილისი, დიდიცა და პატარაც, ოცდახუთჯერ დანგრეული, მაგრამ, მაინც ქალაქია. სხვა ამბავია, რომ ლაჩინოვი რომ ევროპას ახსენებს, რუსეთს გულისხმობს. ძნელი საფიქრებელია, ევროპამოვლილი კაცი იყოს. მაგრამ იმ დროის მათებური მოცემულობაც ეს არის: ჩვენ მოვედით აზიური დესპოტიის ნაკვალევზე და მოგვაქვს ევროპული აბსოლუტიზმი. რახან სიტყვა განათლებაც ჩანს დეკაბრისტის სიტყვებში, შეგვიძლია ვთქვათ, განათლებული აბსოლუტიზმიო, მაგრამ რუსთ-ხელმწიფეს და იმის კარს ეს რამდენად ეხამება, ძნელი სათქმელია.

მოკლედ, მეფისა და სალდათის დამოკიდებულება ესაა, ევროპა მოგვაქვსო. ლაჩინოვის დროიდან თუ რამ ევროპა იყო რუსეთში, იმისი, ალბათ ორი ნამცეცი თუ იქნება დარჩენილი გასულ საუკუნეთა შემდეგ და ისიც, აბა, სად უნდა ეძებო, რომელი გამადიდებელი შუშა ეყოფა.

მგონი ამიტომაც, გინდა გენიოსი წერდეს, გინდა ვინმე ჯალათი, სულ მზე და ღვინოა, იმის უკან კი, აბა, ვის რა უფიქრია ისეთი სამხიარულო, როგორიც ასეთ „სამოთხეს“ შეეფერება. საფიქრალი კიმაინც იქნება, თბილ ციმბირად ყოფნა ჯობდა, თუ ვითომ სამოთხედ.

ილუსტრაციები: ცირა ინანეიშვილი

ლოგოები

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა