გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ტომ ვეიტსი პერლ ჯემი ჯონ პრაინი მერლ ჰაგარდი ჯეთ როთალი სადღესასწაულო სიმღერები

(ანტი)სადღესასწაულო სიმღერები | მარიამ თვალავაძე

დაუნდობელი თვეა დეკემბერი. სოციალურ ვალდებულებამდე დაყვანილი ბედნიერებით, ზღვარგადასული საახალწლო განათებებითა და სავაჭრო ცენტრებში დეკორაციად აჟღერებული ერთი და იმავე სადღესასწაულო პლეილისტით, დაშაქრული მაჟორული ნოტებით რომ ცდილობენ, ზეიმი უნივერსალურ გამოცდილებად შემოგვასაღონ.

დაუნდობელი თვეა დეკემბერი. ბევრისთვის გამძაფრებული ტკივილის, სოციალური, ეკონომიკური თუ ეგზისტენციალური პრობლემების.

სადღესასწაულო ინდუსტრიის იძულებითი ოპტიმიზმისგან დაღლილმა, გადავწყვიტე, იმ მუსიკალურ კომპოზიციებზე მოგიყვეთ, რომლებიც კომერციულ ფასადს მიღმა დარჩენილ დეკემბერზე გვიმღერიან - პატიმრების, უმუშევრების, ემიგრანტების, უსახლკაროებისა და მარტოსულების პერსპექტივიდან.

ეს „შესანიშნავი შვიდეული“, პირველ რიგში, მათთვისაა და მათზეა, ვისთვისაც საახალწლო ბრჭყვიალა შუქები ჩრდილებს გამოკვეთს.

John Prine – Christmas in Prison (1973) 

ჯონ პრაინისთვის დამახასიათებელი იუმორითა და მეტაფორებით სავსე Christmas in Prison ამერიკული ფოლკმუსიკის ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი საახალწლო სიმღერაა: პატიმრის მონოლოგი, რომელიც შობის ღამეს საკანში, საყვარელ ქალზე ოცნებაში ატარებს. ციხე მელანქოლიური, თითქმის პოეტური მარტოობის სივრცეა, რომელიც ყველაზე აუტანელი მაშინ ხდება, როცა გარეთ „საყოველთაო ერთობა“ ზეიმობს.

ამბობენ, ეს სიმღერა მხოლოდ ფიზიკურ ტყვეობაზე კი არა, იმ გრძნობაზეცაა, როცა იქ არ ხარ, სადაც გულით გსურს ყოფნა. თუმცა ქვეყანაში, სადაც უამრავი უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი ხვდება შობას საპყრობილეში, საყვარელი ადამიანებისგან შორს, რთულია, მეტაფორებზე ფიქრობდე.

Merle Haggard – If We Make It Through December (1973)

ამერიკული ქანთრის ლეგენდა, მერლ ჰაგარდი ის კაცია (ჯონი ქეშთან ერთად და ჯონი ქეშის გავლენით), შოუბიზნესის პრიალა ესთეტიკაში მოქცეულ ჟანრს ფესვები - ნამდვილი, ყოველდღიური სოციალური გამოცდილება რომ დაუბრუნა.

If We Make It Through December დეკემბრის თვეს ღარიბი, მშრომელი კაცის, ქარხნიდან გათავისუფლებული მამის პერსპექტივიდან გვაჩვენებს. მის პატარა გოგონას არ ესმის, რატომ ვერ იქნება შობა ისეთივე, როგორიც სხვებისთვისაა.

გაგების ამ შეუძლებლობით ჰაგარდი ვირტუოზულად გადმოსცემს დღესასწაულის თანმხლებ სოციალურ წნეხს. სიმღერაში დეკემბერი, „წლის ყველაზე ბედნიერი პერიოდი“, იმ საზღვრად იქცევა, რომლის გადალახვაც უკვე გამარჯვებად აღიქმება და უკეთესი ცხოვრების იმედს აჩენს.

Tom Waits – Christmas Card from a Hooker in Minneapolis (1978) 

ტომ ვეიტსის 1978 წლის შედევრი, Christmas Card from a Hooker in Minneapolis მცირე ლიტერატურული ნაწარმოებია, და მართლა ჰგავს საშობაო ბარათის კითხვის პროცესს. „ყოფილი“ მეძავი სწერს ძველ ნაცნობს, ჩარლის, რომ ის ორსულადაა, ცხოვრება დაალაგა, გათავისუფლდა ნარკოდამოკიდებულებისგან და იპოვა კარგი კაცი, რომელიც მასზე ზრუნავს.

ვეიტსი თავიდან გვაფიქრებინებს, რომ სიმღერა დიდი ხუმრობაა, მერე კი პირდაპირ მუცელში გვირტყამს და ვხვდებით, რომ აქ საერთოდ არაფერია სასაცილო, - ვკითხულობთ იუტუბის კომენტარებში.

ბოლო სტროფი ყველაფერს ბანქოს სახლივით ანგრევს. ირკვევა, რომ მთელი ეს იდილია მხოლოდ წარმოსახვითი გაქცევა ყოფილა იმ რეალობიდან, სადაც წერილის ავტორი ახლა იმყოფება. ის აღიარებს, რომ არც ორსულადაა, არც ცხოვრება დაულაგებია, „არცა შიოლა ყოფილა“ - სინამდვილეში ციხეშია და ჩარლის ადვოკატის ფულს სთხოვს.

შობა სარკეა, რომელიც ყველაზე მტკივნეულად აირეკლავს იმას, რაც ადამიანს არ გააჩნია.

The Pogues – Fairytale of New York (1987)

ნამსხვრევებად ქცეულ ამერიკულ ოცნებაზე ვერავინ მღერის ისე, როგორც ამას The Pogues-ის ლონდონელი ირლანდიელი ფრონტმენი, შეინ მაკგაუენი აკეთებს. Fairytale of New York ყველაზე უჩვეულო საშობაო ზღაპარია ამერიკაში დიდი იმედებით ჩასული ირლანდიელი წყვილის სიყვარულზე, იმედგაცრუებასა და ემიგრანტულ ცხოვრებაზე.

სიუჟეტი შობის ღამეს ნიუ-იორკის გამოსაფხიზლებელ საკანში შეინ მაკგაუენის ხრინწნარევი ხმითა და ფორტეპიანოს მელანქოლიური აკორდებით იწყება. მერე კი კირსტი მაკკოლთან დუეტით გრძელდება, კომპოზიციაში ირლანდიური ფოლკლორული ინსტრუმენტები (ბანჯო, აკორდეონი, მანდოლინი) ერთვება და სიმღერა ნამდვილ კელტურ პანკად იქცევა.

შეინ მაკგაუანისა და კირსტი მაკკოლის დუეტი ერთ-ერთი ყველაზე არაპოლიტკორექტული, წინააღმდეგობით სავსე, გულწრფელი მუსიკალური სპექტაკლია, რომელშიც შეყვარებულები უბოდიშოდ ჩხუბობენ და დაკარგულ ახალგაზრდობას, დანგრეულ კარიერასა თუ გაცრუებულ იმედებს - ყველაფერს ერთმანეთს აბრალებენ.

მაგრამ მაინც - ამ ტკივილით, სიღარიბით, სიცივითა და ალკოჰოლით გაჟღენთილ სამყაროში, მათ ერთმანეთის სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნიათ.

Pearl Jam – Let Me Sleep (It's Christmas Time) (1991) 

1991 წელს ჩაწერილი Let Me Sleep (It's Christmas Time) Pearl Jam-ის პირველი Holiday Single-ია, რომლითაც ჯგუფმა ფან-კლუბის წევრებისთვის (Ten Club) ყოველწლიური საჩუქრის ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. სიმღერა უსახლკარო ადამიანებს ეძღვნება – მათ, ვისთვისაც ჯოჯოხეთის ტრადიციულ ცეცხლოვან ხატებას გამყინავი სიცივე ანაცვლებს.

Let Me Sleep-ში ედი ვედერის ხმა სამყაროში ადგილწართმეული, ღვთისგან მივიწყებული და აუტანელ სიცივეში მარტო დარჩენილი ადამიანის ვედრებაა. თუ ბავშვობაში შობის ღამე საჩუქრებისა და მაგიის მოლოდინით სავსე უძილობა იყო, ახლა, ამ სადღესასწაულო ქაოსში - ძილი ერთადერთი ნატვრა და თავშესაფარია.

Tom Waits – New Year's Eve (2011)  

ტომ ვეიტსის New Year’s Eve კინემატოგრაფიული, თითქმის ნუარული დრამაა. ესაა სიმღერა ახალი წლის ღამეზე, რომელიც სავსეა დაძაბულობით, სირენების ხმაში ჩაკარგული სადღესასწაულო ფეიერვერკით, სროლით, ალკოჰოლით, ნარკოტიკით, ჩხუბით, დაშორებით... ამ ვეიტსიანურ აურზაურში ახალი წლის სუფრაზე ნამღერი ტრადიციული შოტლანდიური Auld Lang Syne ირონიულ შეკითხვად უფრო ჟღერს, ვიდრე ნოსტალგიურ სიმღერად მეგობრობაზე:

Should auld acquaintance be forgot and never brought to mind?
Should auld acquaintance be forgot for the sake of auld lang syne?

New Year's Eve შეხსენებაა, რომ, როგორც წესი, რეალური ცხოვრება სწორედ ამ გაფუჭებულ საღამოებში, ჩხუბებსა და აცდენილ ნოტებშია და არა – იდეალურად მორთულ ნაძვის ხეებში.

Jethro Tull – A Christmas Song (1968)  

That Christmas spirit isn't what you drink, – გვეუბნება იან ანდერსონი თავისი ჯადოსნური ფლეიტით და ერთ წინადადებაში სილას აწნის მთელ სადღესასწაულო ინდუსტრიას; სიტყვა spirit-ის ორმაგი მნიშვნელობით გვეთამაშება. 

A Christmas Song მოურიდებლად პირდაპირი კომენტარია იმაზე, თუ როგორ იცლება შობა შინაარსისგან და რჩება მხოლოდ რიტუალად, დეკორაციად, გაუთავებელ ჭამა-სმად; დღესასწაულის ნამდვილი არსი არა თეფშზე ან ჭიქის ფსკერზე, არამედ იმ სოლიდარობასა და თანაგანცდაშია, რომელიც დეკემბრის ცივ ღამეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. ნამდვილი შობა იწყება იქ, სადაც ჩვენ ვწყვეტთ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრს და ვხედავთ მათ, ვისზეც ამ მუსიკალური პლეილისტის ავტორები მღერიან.

...

მათი სიმღერები თავს არ ესხმიან სიხარულს, უბრალოდ, გვახსენებენ, რომ ზეიმი ყოველთვის არ არის უნივერსალური გამოცდილება.    

And if I just messed up your thoughtless pleasures
Remember, if you wish, they are just a Christmas songs.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა