გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პატი სმითი მარიამ თვალავაძე ჩემი პროტესტის საუნდტრეკი

ჩემი პროტესტის საუნდტრეკი | მარიამ თვალავაძე

ერთხელ, როდესაც ყურსასმენებში პატი სმითის People Have the Power-ით ქუჩაში მივდიოდი, გამვლელის უცნაურ მზერას დავეჯახე და ჩემს თავს დავაკვირდი – გრძელი, ძალიან სწრაფი ნაბიჯები; შელახული თეთრი კედების გახსნილი თასმები; მარცხენა ხელი წითელი ველვეტის შარვლის ჯიბეში; მარჯვენა მუჭშეკრული - საქანელას გაწყვეტილი ჯაჭვივივით; წარბები ოდნავ შეჭმუხნული. პირველად მანდ გავიფიქრე – „ჩემი პროტესტის საუნდრეკი ხარ.“ - არადა მაღაზიაში მივდიოდი. ჩემი საყვარელი ფორთოხლის ჩუპა-ჩუპსი უნდა მეყიდა.

"People Have the Power" პატი სმითის მეხუთე სტუდიური ალბომის “Dream of Life” (1988) მთავარი სინგლია. სიმღერის კონცეფცია და მელოდია პატის მეუღლეს, მუსიკოს ფრედ „სონიკ” სმითს ეკუთვნის. მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც 35 წელზე მეტია, სხვადასხვა დემონსტრაციებსა და საპროტესტო აქციებზე ჟღერს, სამზარეულოში, კარტოფილთან ჭიდილის დროს დაიბადა. დაახლოებით, 1986 წელი იქნებოდა. პატი სამზარეულოში კარტოფილს თლიდა და ცუდ ხასიათზე იყო - „ვახშამს ვაკეთებდი, სარეცხს ვრეცხავდი, კარტოფილს ვთლიდი და, აბა, კარგზე ხომ არ ვიქნებოდი?!“ შუა პროცესში ფრედი შევიდა და უთხრა – “Tricia, people have the power, write it” [„ტრიცია, ხალხს აქვს ძალა, დაწერე“] – იხსენებს პატი სმითი NME-სთან მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ ორივე ვაპროტესტებდით ვიეტნამის ომს. როცა ახალგაზრდები ვიყავით, ჩვენ ვიყავით 60-იანი წლების ნაწილი, სადაც ჩვენი კულტურული ხმა მართლაც ძლიერი იყო. ამიტომ ვცდილობდით, დაგვეწერა სიმღერა, რომელიც ამ სახის ენერგიას აღადგენდა და ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შთააგონებდა.“

ეგრეც აგიხდეს ყველაფერი კარგი, პატრიცია ლი სმით! ფრანგებს, ესპანელებს, ამერიკელებს, ისლანდიელებს, პალესტინელებს. ვის აღარ უმღერია დემონსტრაციებზე:

I believe everything we dream

Can come to pass through our union

We can turn the world around

We can turn the earth’s revolution

„უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რაც სწორია“ – ერთხელ თქვა და ბევრჯერ გააკეთა პატი სმითმა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ომი იქნება ეს, გენოციდი, ქალთა მიმართ ძალადობა, LGBTQ+ უფლებების მხარდაჭერა, რასიზმი თუ კლიმატური პრობლემები, ყოველთვის ერთ-ერთი პირველია, ვინც სწორ მხარეს დგება, თან ძალიან ხმამაღლა და უკომპრომისოდ. ამიტომაც, NME-სთან ინტერვიუს მოსმენამდე, ნებისმიერ სანაძლეოს დავდებდი, რომ "People Have the Power" საპროტესტო აქციიდან ამოზრდილი გამოძახილი იყო.

სინამდვილეში, ძალიანაც მომწონს, სიმღერა რომ სამზარეულოში დაიბადა.

ერთხელ, სტომატოლოგთან ვიყავი. რაღაც უსასრულო საშინელებას მიკეთებდა. სადღაც ვეღარ მოითმინა, დამარცხებულმა დაყარა იარაღი და ცოტა სესილია თაყაიშვილის ხელებით შემომხედა – „შენ ახლა მართლა ვერაფერს გრძნობ, თუ ასე იტან ტკივილს?”; გულში "People Have the Power-ს" ვმღერი და მაგრად მიხარია, კარტოფილით ხელში სამზარეულოში რომ არ ვდგავარ. კარტოფილით, რომლის გათლაც იმაზე მეტად მეზიზღება, ვიდრე შენი ბურღი ჩემს პირის ღრუში – ეს ვერ ვუთხარი და მართლა ვერაფერს ვგრძნობ-მეთქი.

ეგეთი საყველპურო მოუარშიებელი სიმღერა დადო ცოლ-ქმარმა. სულერთია სად და რა კონტექსტში უსმენ, ყოველთვის რაღაც გაუგონარ ძალასა და ენერგიას გამოგიჩხრეკს ხოლმე შიგნიდან. "People Have the Power" იმის შეხსენებაა, საკუთარი ძალის გაცნობიერებასა და ხალხის გაერთიანებას ყველაფრის შეცვლა რომ შეუძლია; ძალაუფლება არა პოლიტიკური და ფინანსური ელიტის, არამედ, პირველ რიგში, თითოეული ჩვენგანის ხელშია; ერთიანობით შეგვიძლია გამოვისყიდოთ „სულელთა ნამოქმედარი“; ნებისმიერი ცვლილება იწყება ადამიანის რწმენით. შემდეგ ეს ინდივიდუალური რწმენები ტრანსფორმირდება ხოლმე იმგვარ კოლექტიურ, სახალხო პროტესტებში, რომლის წინაშეც მავანნი უძლურნი ხდებიან.

რა დასამალია, არაერთხელ დამზარებია დიდი დიღმიდან რუსთაველზე გასვლა. „გუშინ ხო ვიყავი” ან „ერთი მე რას ვუზამ” თავის გამართლების მცდელობებით. მერე შევხედავ ხოლმე ჩემი ბალიშის თავზე მახინჯად გაკეთებულ წარწერას – PEOPLE HAVE THE POWER და გულში ინერციით გავაგრძელებ სიმღერის ტექსტს – The power to dream, to rule, To wrestle the world from fools. ბოლო თვეებში რობიც შემომძახებს ბრაზნარევი ჩურჩულით – „გამოდი, გამოდი, გამოდი, გარეთ! ნუ ზიხარ სახლში, ნუ მალავ სახეს” – და ყველაფერი თავის ადგილას დგება. უფრო ზუსტად, 335 ნომერ ავტობუსში ჯდება, სარაჯიშვილზე ჩამოდის, მეტროში ჩადის და რუსთაველზე ამოდის, რომლის ესკალატორიც ასეთ დროს კიდევ უფრო დაუსრულებელი მოჩანს.

"People Have the Power" ოპტიმისტური თუ ოპტიმისტების სიმღერააო, წამიკითხავს. მე ვიტყოდი, "People Have the Power" რეალისტების სიმღერაა, იმ რეალისტების, რომლებიც საკუთარ თავში ოცნების რეალობად ქცევის რწმენის მოსაპოვებლად იბრძვიან.

და საერთოდ არ მეშინია ამ სიტყვების წარმოთქმის. მასაც ხმამაღლა გავაჟღერებდი, ყველა მეოცნებე, ღირსეულ, მშვიდობიან და იმედიან ადამიანს გაუმარჯოს-მეთქი. ძალა თუ მართლა ჩემშია, ეს სიტყვებიც ჩემია და არ მგონია, ვინმეს მათი წართმევა შეეძლოს.

გოგი გვახარიასთან ინტერვიუში ლეგენდარულმა ესპანელმა მსახიობმა, მარისა პარედესმა თქვა: „ერთი დიდი მასწავლებელი, ხოსე ლუის სამპედრო ამბობდა, ნეტავ, ხალხმა იცოდეს, რომ ნამდვილი ძალაუფლება სწორედ მათშიაო. სხვა რამე არ უნდა ვირწმუნოთ, რადგან ჩვენ, ხალხი ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე პოლიტიკოსები, ბევრად ვაჭარბებთ მათ. როგორც კი ხალხი საკუთარ ძალას გაიაზრებს, მაშინ გაბედავს, უთხრას – არა! საკმარისია! ჩვენ ეს არ გვინდა!

– ეგაა პატი სმითის "People Have the Power".

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა