Studēre, ანუ სწრაფვა სწავლისკენ | მარიამ შერგელაშვილი
21.10.2026 | 6 წუთიანი საკითხავითანამედროვე სახელოვნებო განათლების რამდენიმე ასპექტი: კრიტიკული სწავლება და თანამშრომლობითი ფორმები
(ერნესტ ა. ბრაიანტ III-ის თბილისში მიღებული გამოცდილების მაგალითზე)
„მასწავლებელი ის არ არის, ვინც ცოდნას გადასცემს, არამედ ის,
ვინც სხვას საკუთარი ინტელექტის გამოყენებაში ეხმარება“.
(სტატიის ავტორის თარგმანი)
- ჟაკ რანსიერი, “უმეცარი მასწავლებელი” (Le Maître ignorant, 1987)
როგორ იქმნება ცოდნა - ეს საკითხი თანამედროვე სახელოვნებო განათლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად შეგვიძლია განვსაზღვროთ. ცოდნა ხშირად განიხილება, როგორც რესურსი, რომელსაც ერთი ადამიანი ფლობს და მეორეს გადასცემს, მარტივად რომ ვთქვათ, სწავლება მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის პროცესია, თუმცა ბოლო ათწლეულებში სულ უფრო მეტი საგანმანათლებლო და კულტურული პრაქტიკა გვთავაზობს განსხვავებულ ხედვას:
ცოდნა შეიძლება გავიღრმაოთ საერთო ურთიერთანამშრომლობისას, დაკვირვების პროცესში, კრიტიკულ დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებაში.
რაც შეეხება სახელოვნებო განათლებას, ხელოვნების სწავლება ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური უნარების განვითარებით ან თუნდაც ხელოვნების ისტორიის შესწავლით. იგი მოიცავს ურთიერთობების, კრიტიკული აზროვნებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის ფორმირებასაც.
ამ თემების ირგვლივ დაფიქრებისა და გაანალიზების კარგი შესაძლებლობაა ამერიკელი ინტერდისციპლინური ხელოვანისა და პედაგოგის, ერნესტ ა. ბრაიანტ III-ის სახელოვნებო პრაქტიკა, რომელიც მან 2025–2026 წლებში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გალატინის ინდივიდუალური სწავლების სკოლიდან აკადემიური შვებულების დროს, თბილისში განახორციელა. ამ პერიოდში განხორციელებული ცალკეული პროექტები: საგამოფენო და სადისკუსიო აქტივობები, საჯარო შეხვედრები, თანამშრომლობა სტუდენტებთან და კულტურულ ინსტიტუციებთან საინტერესოა, როგორც დამოუკიდებელი კულტურული ინიციატივები. ისინი საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ, როგორ შეიძლება სწავლება კოლექტიური პრაქტიკის ნაწილი გახდეს; როგორ იცვლება ამ პროცესში მასწავლებლისა თუ სტუდენტის როლები და რა მნიშვნელობას იძენს სივრცე, დიალოგი და საერთო პასუხისმგებლობა.
სტატიაში არ ვცდილობ ცალკეული პროექტების დეტალურ განხილვას, მეტად საინტერესოა, იმ გამოცდილებაზე დაფიქრება, რომელიც ერნესტის შემოქმედებით პრაქტიკასა და თანამედროვე სახელოვნებო განათლებას ერთმანეთს უკავშირებს. ასე კი შევძლებთ ვისაუბროთ ფართო აქტუალურ თემებზე, კერძოდ, კრიტიკასა და სწავლების მეთოდოლოგიაზე ქართულ სახელოვნებო სივრცესა და კულტურულ პროცესებთან მიმართებით, რომელიც ხშირად განიცდის არასათანადო ფრაგმენტულ, იზოლაციურ და ჩაკეტილ სტრუქტურულ რყევებს, მით უფრო იმ კრიზისულ ფონზე, რომელშიც თავად ქვეყანას უწევს ფუნქციონირება.
Criticism + Value [კრიტიკა + ღირებულება]
სახელოვნებო განათლებაში კრიტიკა შეფასებასთან ასოცირდება ხოლმე და წარმოდგენილია, როგორც ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც განვსაზღვრავთ ნამუშევრის ხარისხს, ავტორის პოზიციას ან თეორიულ მნიშვნელობას. კრიტიკული ტექსტი კი, როგორც წესი, პროცესის დასასრულს ჩნდება. კრიტიკული კომენტარი ერთგვარი შემაჯამებელი აქტია და ნამუშევრის დასრულებას ან გამოფენის დახურვას მოსდევს ხოლმე. თუმცა თანამედროვე სახელოვნებო პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად იკვეთება განსხვავებული მიდგომა: კრიტიკა დასრულებული შეფასებითი ფორმატის ნაცვლად, ღია დიალოგი, კომენტარი, ერთობლივი გაცვლისა და აზროვნების პროცესია, რაც კრიტიკულ ტექსტს შემოქმედებითი პროცესის უშუალო თანამონაწილედ წარმოაჩენს.
სწორედ ამ მიმართულებას ავითარებს ერნესტ ა. ბრაიანტ III-ის მიერ 2020 წელს დაფუძნებული პლატფორმა Criticism + Value. პროექტი პანდემიის პერიოდში ონლაინ ლექციებად დაიწყო, დროთა განმავლობაში იგი მრავალფორმატიან საგანმანათლებლო ინიციატივად ჩამოყალიბდა, და მოიცვა პერფორმატიულ ესეები, საჯარო საუბრები, ერთობლივი კითხვა, დისკუსიები და განსხვავებული დისციპლინის წარმომადგენელთა თანამშრომლობა. კრიტიკის დაბრუნება ცოცხალ დიალოგში აზროვნების, მსჯელობის ანტიკური ფილოსოფიისთვის სახასიათო მთავარ მიდგომას წააგავს.
Criticism + Value-ს აქტივობების მთავარი ფორმატი პერფორმატიულ ესეა, რომლის მიხედვით, ბრაიანტი ისტორიულად მნიშვნელოვანი ფიგურების - ხელოვანების, მწერლების, მოაზროვნეების ან თავად ხელოვნების ნიმუშების პერსპექტივებს აცოცხლებს და გაფართოებული რეალობის, როლური თამაშისა და პერფორმატიული, რიტუალის მსგავსი მეთოდების გამოყენებით, ტექსტებს წარმოსახვითი პერსპექტივებიდან კითხულობს. პერფორმატიული ესე საშუალებას გვაძლევს, დროებით დავტოვოთ საკუთარი ინტერპრეტაციული ჩარჩო და სხვა პოზიციიდან ვიფიქროთ ამა თუ იმ ავტორზე, ნამუშევარსა თუ ისტორიულ კონტექსტებზე.
მსგავსი პრაქტიკის საკვანძო მახასიათებელია თანამონაწილეობა. თითოეული საჯარო კითხვა დისკუსიით სრულდება. მსმენელი ტექსტის პასიური მიმღების ნაცვლად, ინტერპრეტატორად და თანამონაწილედ გვევლინება. კრიტიკული აზროვნება კი ავტორის ინდივიდუალური აქტივობიდან საერთო ინტელექტუალურ პრაქტიკად გარდაიქმნება.
ფრანგი ფილოსოფოსი, ჟაკ რანსიერი წერს, რომ ინტელექტუალური თანასწორობა სწავლების საწყისი პირობაა. სწავლება იწყება მაშინ, როცა მასწავლებელი საკუთარ ცოდნას ერთადერთ ავტორიტეტად აღარ განიხილავს და პროცესს საერთო ძიებად აქცევს.
ბრაიანტის პედაგოგიური პრაქტიკის მთავარი ღირებულება იმ გარემოს შექმნაა, სადაც სხვადასხვა გამოცდილება ერთმანეთს ხვდება და აზრი ერთობლივი მსჯელობის პროცესში ყალიბდება. ამ მიდგომას ნათლად წარმოაჩენდა ბრაიანტის კურატორობით განხორციელებული კეტე კოლვიცის გამოფენა „უძლურნი ჯაგერნაუტის ბურუსში“, რომელიც თბილისში TIMM Architecture-თან თანამშრომლობით გაიმართა. გამოფენა აერთიანებდა კოლვიცის ორიგინალურ გრაფიკულ ნამუშევრებს, პედაგოგიურ კვლევასა და სტუდიურ პრაქტიკას.
„უძლურნი ჯაგერნაუტის ბურუსში“. Criticism + Value. ფოტო ერნესტ ა. ბრაიანტ III
კოლვიცის გრაფიკული ნამუშევრები საინტერესოა, როგორც ხელოვნების, ისე სოციალური ისტორიის კონტექსტში. კოლვიცი ადამიანის ღირსებაზე, შრომაზე, სიღარიბესა და ძალადობაზე გვესაუბრება, ვიზუალური ენა ემპათიასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას აერთიანებს. ნამუშევრები დღესაც იმავე სიმძაფრით აჩენს კითხვებს სოციალური უთანასწორობის, სამართლიანობის, თანაგრძნობისა და ადამიანის ღირსების შესახებ. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, კეტე კოლვიცი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არჩევანია, მით უფრო დღევანდელ კრიზისულ რეალობაში, სადაც სოციალური და სამართლებრივი უთანასწორობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება.
გამოფენა ახალგაზრდა სტუდენტების უშუალო მონაწილეობით გაიმართა. 2026 წლის თებერვლიდან ბრაიანტი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მოწვეული პროფესორის სტატუსით 16-კვირიან სასწავლო კურსს ხელმძღვანელობდა, და სწორედ ამ კურსის ფარგლებში კოლვიცის გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ბრაიანტის პირადი „საგანმანათლებლო კოლექციის“ ნაწილია, სტუდენტებისთვის პრაქტიკული დაკვირვების, კვლევისა და კრიტიკული რეფლექსიის საგნად იქცა. ყოველდღიურმა მუშაობამ, როგორც სტუდიურ, ისე საჯარო საგამოფენო ფორმატებზე, ახალგაზრდებისთვის განსხვავებული გამოცდილება იყო და ნათლად წარმოაჩინა ერთი არსებითი საკითხი: კრიტიკული აზროვნება ყალიბდება პროცესში, როდესაც ადამიანი საკუთარ შეხედულებებს შემოქმედებითი დაკვირვებით უღრმავდება, ამოწმებს, სხვის პოზიციას უსმენს და მრავალხმიან ინტერპრეტაციას ბუნებრივად იღებს.
სწორედ ასეთი გამოცდილება აყალიბებს გარემოს, სადაც სწავლება ცოდნის გადაცემაზე მეტად საერთო გააზრებისა და პასუხისმგებლობის პრაქტიკად იქცევა.
ადგილობრივი სახელოვნებო გარემოსთვის აუცილებელია წამოწყების გრძელვადიანად განვითარება, მით უფრო, რომ Criticism + Value პლატფორმა TIMM Architecture-ის სივრცეში დროებითი საგამოფენო ფორმატის მიღმაც გააგრძელებს საქმიანობას. ეს იქნება ამ პლატფორმის პირველი ფიზიკური სივრცე, რომელიც ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად, ადგილობრივ რეალობაში ალტერნატიულ საკურატორო ინიციატივებისა და საგანმანათლებლო პრაქტიკების განვითარებას შეუწყობს ხელს.
ექსპერიმენტული სასწავლო პრაქტიკა და თანამონაწილეობა
თანამედროვე სახელოვნებო განათლებაში შემეცნება დიდი ხანია, აუდიტორიის მიღმა საერთო სამუშაო პროცესში ვითარდება, მათ შორის ყოველდღიური პრაქტიკისა და ერთმანეთთან თანაზიარი გარემოს შექმნაში. შემეცნება რთულია, განისაზღვროს მხოლოდ ფორმალური სასწავლო პროგრამითა თუ ადმინისტრაციული სტრუქტურით. დამოუკიდებელი ინიციატივების შეუქცევადად ხელშეწყობა, თვითორგანიზებული სისტემების წახალისება და სტრუქტურული თუ ინსტიტუციური მიდგომის ორგანულ ნაწილად აღქმა ამ პროცესში გადამწყვეტია. ესაა თანამშრომლობის მოქნილი მოდელი, ურთიერთკავშირის ჯაჭვი - ერთობლიობა. სივრცე, სადაც ასეთი შემოქმედებითი და პრაქტიკული ფორმატის ურთიერთგაცვლა თუ თანხვედრა ხდება, მხოლოდ ფიზიკური გარემო როდია, ის შემეცნების პროცესის ორგანული თანამონაწილეა.
საგულისხმოა ბრაიანტის მიერ განხორციელებული კიდევ ერთი თანამშრომლობითი სტუდენტური ინიციატივა - ერთად მოქსოვილი (Woven Together), რომელიც თეორიულ დისკუსიასა და სახელოსნო პრაქტიკას გამოფენის მომზადებასთან დაკავშირებულ გამოცდილებას უთავსებდა. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მუშაობდნენ ესთეტიკის თეორიის, ფილოსოფიის, სოციალური და პოლიტიკური აზროვნების საკითხავ მასალებსა და კურსის ფარგლებში განხილულ ნამუშევრებზე.ქმნიდნენ სახელოვნებო და საკურატორო ტექსტებს, მონაწილეობდნენ საგამოფენო სივრცის მომზადებასა და ღია სახელოსნოების ვიზუალური წარდგენის შემუშავებაში.
ბრაიანტი ღია სახელოსნოს თავად საგანმანათლებლო პროცესის გაგრძელებად განიხილავს, სადაც მთავარი აქცენტი ამ პროცესის თანმხლები ექსპერიმენტული სამუშაოა. როგორც თავად განმარტავს, ეს ფორმატი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, გააზიარონ მუშაობის მომენტი, მიიღონ უკუკავშირი თანატოლებისა და ფართო საზოგადოებისგან „სრულმასშტაბიანი გამოფენის მოწყობის აუცილებლობის წნეხის გარეშე“. ღია სახელოსნოში სტუდენტების კვლევა, მასალაზე მუშაობა და შემოქმედებითი ექსპერიმენტი დამოუკიდებელ პროცესად იყო წარმოდგენილი, რაც აუდიტორიასთან გაზიარების თავისუფალ სივრცეს ქმნიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ღია სახელოსნოების საჯარო ჩვენება სტუდენტებისთვის განსხვავებულ, არასაუნივერსიტეტო გარემოში, შარდენის ქუჩაზე მდებარე გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმში მოეწყო.
სტუდენტების კურატორობით განხორციელებული ჯგუფური გამოფენა,
„ღია სახელოსნოს“ წარდგენა,შარდენის ქუჩაზე მდებარე განახლებულ სივრცეში.
ადგილობრივი კონტექსტისთვის შარდენის ქუჩა დღეს, უმეტესად, ქაოსთან, ჯენტრიფიცირებულ ტურისტულ გარემოსთან და დაკარგულ ავთენტურობასთან ასოცირდება. სწორედ ამ ხმაურიან და ფრაგმენტულ ურბანულ ქსოვილში არსებობს თითქმის შეუმჩნეველი სივრცე, რომელიც 1998 წელს სამხატვრო აკადემიის პროფესორებმა, ხელოვანებმა გივი ყანდარელმა და თამაზ ნუცუბიძემ დააარსეს. მუზეუმი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას ეკუთვნის, მხატვრული ტექსტილის მუდმივ კოლექციას წარადგენს. დღემდე ეს სივრცე დარგის პროფესიონალების გარდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისა თუ ფართო საზოგადოებისთვის არასათანადოდ არის ცნობილი, მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა აქტივობები და გამოფენები ამ სივრცეში გარკვეული პერიოდულობით იმართება.
მუზეუმთან თანამშრომლობის იდეა ეტაპობრივად განვითარდა. ბრაიანტის Criticism + Value-ის სალექციო შეხვედრები ტექსტილისა და გობელენის მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში ტარდებოდა. პარალელურად, ამავე სივრცის მეორე ნაწილს ტექსტილის მიმართულების სტუდენტები იყენებდნენ, რომელთაც ტექსტილის ხელოვანი ნინო ქვრივიშვილი ხელმძღვანელობს. ამ ორი ჯგუფის და ორი პროფესორის, ქვრივიშვილისა და ბრაიანტის ერთობლივი ძალისხმევითა და საერთო ინტერესებით საფუძველი ჩაეყარა გამოფენას “ერთად მოქსოვილი”. სწავლების, კვლევისა და გამოფენის მომზადების პროცესი ერთიან პრაქტიკად ჩამოყალიბდა, სადაც სხვადასხვა გამოცდილება ერთმანეთს ბუნებრივად დაუკავშირდა და რაც მთავარია სტუდენტები ამ სივრცეში მუშაობით ერთგვარი “კომფორტის ზონიდან” გამოვიდნენ. მათი უშუალო ჩართულობით სივრცის განახლება და კეთილმოწყობა, ექსპოზიციისა და გამოფენისთვის აუცილებელი ყველა ლოჯისტიკური თუ შინაარსობრივი კომპონენტის მაღალპროფესიულად გამართვა მოხერხდა.
რიჩარდ სენეტი თანამშრომლობას აღწერს, როგორც უნარს, რომელიც მხოლოდ თეორიული ცოდნით არ ყალიბდება, ყოველდღიური ურთიერთობის, ერთმანეთის მოსმენისა და განსხვავებულ პოზიციებთან თანაცხოვრების გამოცდილებას მოითხოვს. თანამშრომლობა მხოლოდ ორგანიზაციული პრინციპი კი არა, კულტურაა, რომლის სწავლაც შესაძლებელია მხოლოდ პრაქტიკით.
სწორედ ამ პრიცნიპის გათვალისწინებითა და გათავისებით, ერთად მოქსოვილი ერთჯერადად წარდგენილ ჯგუფური გამოფენის ფორმატს გასცდა.
მონაწილე სტუნდენტებმა გამოფენის სახელწოდების შთაგონებით დამოუკიდებელი კოლექტივი woven together collective დააფუძნეს. კოლექტივმა უახლოეს პერიოდში რამდენიმე საჯარო აქტივობა განახორციელა და უახლოეს მომავალში ამავე მუზეუმის სივრცეში არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა და გამოფენას გეგმავს, რაც იმედისმომცემი შემართებაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია რომ საერთო ძალისხმევით, ექსპოზიციის მომზადებიდან არაფორმალურ შეხვედრებსა და კრიტიკულ სესიებამდე, წარმოქმნილ ყოველდღიურ შრომაში ახალგაზრდები საკუთარ ხედვას, თავისუფალ მიდგომას და თანამშრომლობითი მოდელების გრძელვადიანად განვითარების პერსპექტივას ქმნიან. ამ ფორმით სასწავლო პროცესი კონკრეტული დროით შემოსაზღვრული აქტივობიდან ყოველდღიურ პრაქტიკად გარდაიქმნება და სტუდენტური თავისუფალი პლატფორმის მეშვეობით მუზეუმის სივრცეც განახლებული ფორმატით გააქტიურდება.
პროფესორი ბრაიანტი და გამოფენის მონაწილე სტუდენტები. გობელენისა და მხატვრული ტექსტილის მუზეუმი
გრძელვადიან და თანამშრომლობით მიდგომებზე დაფუძნებულ ხედვას ავითარებს ერნესტ ბრაიანტის ხელძღვანელობით განხორციელებული კიდევ ერთი აქტივობა. დამოუკიდებელი ინიციატივა - ექსპერიმენტული ბეჭდვის რვაკვირიანი კურსი, საოჯახო და ზრუნვის მშრომელთა პროფკავშირთან ერთად განხორციელდა.
კურსი მიზნად ისახავდა ვიზუალური წიგნიერებისა და შემოქმედებითი პრაქტიკის ხელმისაწვდომობას იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფორმალურ სახელოვნებო განათლებაზე წვდომა არ აქვთ. პროგრამა პროფკავშირის წევრებთან დიალოგის საფუძველზე ჩამოყალიბდა და ხელოვნებას საერთო გამოცდილების, შრომის, სოციალური ხილვადობისა და კოლექტიური გამოხატვის ინსტრუმენტად განიხილავდა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლნენ ლინოგრავიურისა და ბეჭედვის ტექნიკებს, თუმცა მთავარი აქცენტი ტექნიკურ უნარებზე მეტად ვიზუალური აზროვნების, კრიტიკული დაკვირვებისა და გამოსახულების სოციალური მნიშვნელობის გააზრებაზე კეთდებოდა. ამ პროექტშიც იდეის მდგრადობაა მთავარი, რაც გულისხმობს არა ცალკეული უნარების განვითარებას და ერთჯერად ვორქშოფების მოწყობას, არამედ შემოქმედებითი ხედვით თანამშრომლობითი სტრუქტურის შექმნას. საბეჭდი დაზგის აწყობიდან ბეჭდვის ტექნიკების დაუფლებამდე ამ ინიცატივის სამომავლო ხედვა მოწვეული ხელოვანების ჩართულობით ბეჭდვის სარეზიდენციო პროგრამის განვითარებას, საოჯახო მშრომელების გაძლიერებასა და მათთან გრძელვადიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ყველა ეს ინიციატივა C + V, ერთად მოქსოვილი / Woven Together და ზრუნვის მშრომელებთან განხორციელებული ბეჭდვის კურსი ZRUNVA, ერთსა და იმავე პედაგოგიურ პრინციპს ავითარებს. სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანების ერთიან პროცესში ჩართვით, ხელოვნება ცოდნის გადაცემის საშუალებიდან საერთო სოციალური პასუხისმგებლობის, შემოქმედებითი თანაზიარობის, თანამშრომლობისა და კრიტიკული გააზრების პრაქტიკად გარდაიქმნება.
სასწავლო ინსტიტუციები, უნივერსიტეტები, მთლიანად საგანმანათლებლო სექტორი რთული გამოწვევების წინაშე დგას. ამ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განახლებისკენ მიმართული დამოუკიდებელი მიდგომა - შიგნიდან გარეთ, რაც უმთავრესად სტუდენტური, ახალგაზრდული და დამოუკიდებელი ხედვის მხარდაჭერასა და გაძლიერებას გულისხმობს. წლების განმავლობაში თბილისში სწორედ არაფორმალური სწავლების ცალკეული კერები, თვითორგანიზებული შემოქმედებითი ინიციატივები ქმნიან მნიშვნელოვან პლატფორმებს.
როდესაც სისტემური რყევები, იზოლაციური და კრიზისული გარემოს წნეხი იზრდება, არაფორმალური და ექსპერიმენტალური მიდგომების დამკვიდრება, მათ შორის უნივერსიტეტებშიც, განახლების აუცილებელი წინაპირობაა.
მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ინიციატივა განვითარების გრძელვადიანი, ღია თანამშრომლობითი ხედვით განვითარდეს, რადგან დღემდე რთულ გამოწვევად რჩება შემოქმედებითი მიდგომებისა თუ კოლექტივების მდგარდი განვითარება, დროში შეზღუდული პროექტული მიდგომის გრძელვადიან შედეგად გარდაქმნა.
დღევანდელ გარემოში შემოქმედებითი აზროვნება ხშირად ბოჰემურ კლიშედ აღიქმა. ეს სტერეოტიპი ძირფესვიანად გადასაფასებელია და ამ პროცესში განათლება უალტერნატივოა. ყოველდღიური შრომა, რომელიც სასწავლო პროცესში იქმნება, გვიჩვენებს, რომ სახელოვნებო განათლება მხოლოდ კომპოზიციის აგების მეთოდების სწავლა არ არის. ის, პირველ რიგში, ზრუნვაა, რომ სტუდენტმა შეძლოს დღევანდელ რთულ გარემოში ადაპტაციური, დისკურსული და ანალიტიკური ხედვის განვითარება, კრიტიკული რეფლექსიის გამომუშავება, ინსტიტუციურ და დამოუკიდებელ კოლექტივებთან თანამშრომლობითი მოდელების შექმნა და, საბოლოოდ, ხელოვანის სოციალური როლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო ღრმად ინტეგრირება.
ღია თანამშრომლობითი მოდელები, რომლებიც კრიტიკას ქმედითი ცვლილებებისკენ მიმართული მიდგომით ავითარებენ, ერთად მოქსოვილ პანოს ჰგავს, როცა თითოეული რგოლი - ინსტიტუცია, ხელოვანი თუ დამოუკიდებელი პლატფორმა საერთო ძალისხმევით ავსებს იმ ხარვეზებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში დღეს ფუნდამენტურ ნაპრალებად არის ქცეული. ამ პროცესში სწორედ ახალგაზრდული ხედვის ენერგია და ჯანსაღი, თანამშრომლობაზე დაფუძნებული კონკურენტული გარემოს განვითარებაა ის ძალა, რომელსაც რეალური ცვლილებებისა და წინსვლის შექმნა შეუძლია.
ავტორი: მარიამ შერგელაშვილი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორანტი, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მკვლევარი, კურატორი
______________________________
გამოყენებული ლიტერატურა და განმარტებები
Paulo Freire, Pedagogy of the Oppressed (1970). პაულო ფრეირე ჩაგრულთა პედაგოგიკაში ცოდნის გადაცემის სტანდარტული მოდელის საპირისპიროდ დიალოგური სწავლების თეზისს ავითარებს;
Jacques Rancière, The Ignorant Schoolmaster (1987). ჟაკ რანსიერის ნაშრომი უმეცარი მასწავლებელი ცოდნისა და თანასწორობის პრინციპებს სოციო-პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს;
Grant Kester, Conversation Pieces: Community and Communication in Modern Art (2004). კესტერი აღნიშნავს, რომ თანამედროვე მონაწილეობით ხელოვნებაში დიალოგი ნამუშევრის განმარტების საშუალება აღარ არის. ამის საპირისპიროდ დიალოგში შემოქმედებითი პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმირდება;
Richard Sennett, Together: The Rituals, Pleasures and Politics of Cooperation (New Haven: Yale University Press, 2012). სენეტი თანამშრომლობას განიხილავს როგორც სოციალურ უნარს, რომელიც, ინსტრუქციებისა თუ საერთო მიზნების არსებობის პარალელურად, ერთობლივი პრაქტიკისა და ურთიერთქმედების პროცესში ყალიბდება.
გირჩევთ
სკოლა და ავტორიტარიზმი | გიორგი ჯავახიშვილი
15.09.2026