გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სკოლა და ავტორიტარიზმი გიორგი ჯავახიშვილი

სკოლა და ავტორიტარიზმი | გიორგი ჯავახიშვილი

ერთი მასწავლებლის ისტორია

როცა ამ შესავალს ვწერ, 8 სექტემბერია, სამშაბათი. ერთ კვირაში, 2026 წლის 15 სექტემბერს, საჯარო და კერძო სკოლების ნაწილში სწავლა განახლდება. სანამ სასწავლო პროცესი აქტიურ ფაზაში გადავა, ვცდილობ, დამატებით ერთი წიგნის წაკითხვა მოვასწრო და პოლ ლინჩის „მისნის სიმღერას“ ვიღებ თაროდან. წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟია ლარი სტეკი, ირლანდიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც მის კოლეგებთან ერთად შეუძლია გაფიცვა დაგეგმოს და ქუჩაში გამოიყვანოს ათასობით მასწავლებელი იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ტოტალიტარიზმის გზას ადგას. რა გასაკვირია, რომ წიგნის მეხუთე გვერდზე ლარი სტეკს ირლანდიის უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ დაკითხვაზე.

ყველაფერი ნაცნობია, არაფერია მზის ქვეშ ახალი.

...

1940 წლის გაზაფხულზე ნაცისტური გერმანიის ჯარებმა ნორვეგია დაიპყრეს. სახელმწიფოს ლიდერებმა ქვეყანა დატოვეს და სათავეში ნაცისტების მარიონეტები მოვიდნენ. ნაცისტურმა რეჟიმმა აკრძალა გადასახლებული მეფის გამოსახულებები და მონარქიასთან დაკავშირებული სამკერდე ნიშნები. ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც ნაცისტური ოკუპაცია გააპროტესტეს, ნორვეგიელი მასწავლებლები იყვნენ. რადგან მეფის გამოსახულებები უკანონოდ მიიჩნეოდა, მათ ჭკვიანური და დახვეწილი მეთოდი გამოიყენეს – ე.წ “სკრეპების” – ქაღალდის სამაგრების ტარება დაიწყეს იმის დასტურად, რომ ერთიანები რჩებოდნენ, შეკრულები, როგორც – ქაღალდების დასტა – ნაცისტური მმართველობის წინააღმდეგ. 

წინააღმდეგობა გავრცელდა. მასწავლებლების კვალდაკვალ მოსწავლეებმაც ქაღალდის სამაგრებისგან დამზადებული ყელსაბამების ტარებით გამოხატეს პროტესტი.

შარშან, ამერიკის მასწავლებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, რენდი ვაინგარტენმა გამოსცა წიგნი სათაურით: „რატომ ეშინიათ ფაშისტებს მასწავლებლების: საჯარო განათლება და დემოკრატიის მომავალი“.

წიგნების პოპულარულ ვებ-პლატფორმა Goodreads-ზე ამ ნაშრომს 1466 შეფასება აქვს, თანაც, უმეტესად პოზიტიური, რასაც არამხოლოდ ავტორის პედაგოგიური გამოცდილება და შინაარსობრივი სიღრმე განაპირობებს, არამედ – ის გლობალური ავტორიტარული და პოპულისტური ტენდენციებიც, რაშიც დღეს ყველანი ვცხოვრობთ და რასაც უკანასკნელ 10-15 წელიწადში ვხედავთ ინდოეთიდან – ცენტრალურ ევროპამდე და ცენტრალური ევროპიდან – ატლანტიკის ოკეანის სანაპირომდე.

რენდი ვაინგარტენი შესავალშივე აყალიბებს ძირითად მოსაზრებას, თუ რატომ ეშინიათ ანტიდემოკრატიულ ძალებს მასწავლებლების. ის წერ,ს რომ მასწავლებლები ფუნდამენტურ მისიას ასრულებენ მომავლისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის, რაც ეწინააღმდეგება ფაშისტური ანტიპლურალიზმისა და ანტი-შესაძლებლობების დღის წესრიგს.

მასწავლებლები ავრცელებენ ცოდნას, კრიტიკული აზროვნების უნარებს, რაც ბავშვებს მომავლისთვის ამზადებს და  დემოკრატიას აძლიერებს. მასწავლებლები მუშაობენ მიმღებლური და უსაფრთხო საზოგადოებების შესაქმნელად, რათა შესაძლებელი იყოს  ყველა ბავშვისა და მათი ოჯახების აკადემიური, სოციალური და ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება. მასწავლებლები ახალგაზრდებისთვის ქმნიან შესაძლებლობებს, რომ [ამერიკული] ოცნების ასრულება შეძლონ, – წერს ავტორი. 

მიუხედავად იმისა, რომ რენდი ვაინგარტენი ამერიკული კონტექსტიდან ამოდის, მისი მოსაზრებების განზოგადება გლობალურ სამყაროზეც შეიძლება.

ავტორიტარებს შესანიშნავად ესმით, რომ პოლიტიკურ კულტურას აუცილებლად შეცვლიან, თუ გააკონტროლებენ განათლებას და დაიმორჩილებენ სკოლას.

მასწავლებლების შეზღუდვითა და სასკოლო ნარატივების ხელახლა შეთხზვით ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეძლებენ საზოგადოებრივი ქსოვილის გამოცვლასა და ახალი რეალობის ჩამოყალიბებას ისეთი განწყობებით, ღირებულებებითა და ქცევის ნორმებით, როგორებიც დიქტატურას აწყობს. 

დემოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემები კი, საგნობრივი სწავლების გარდა, მიზნად ისახავს სასკოლო ფორმატში დისკუსიებს ადამიანის ღირსებაზე, სამართლიანობაზე და საზოგადოების მომავალზე, რაც აყალიბებს კრიტიკული აზროვნების უნარებს და ზრდის დიდსულოვან, ემპათიურ მოქალაქეებს. გარდა ამისა, კლასიკურ სისტემაზე შექმნილი განათლების მოდელები მოსწავლეებში ავითარებს ცნობისმოყვარეობის, ცოდნის შეძენის, სამართლიანობის, სათნოებისა და სიმართლეში ცხოვრების პრინციპებს.

განსხვავებით დემოკრატებისგან, ავტორიტარები ხშირად აცენზურებენ ისტორიას. სასკოლო ისტორია ხომ არამხოლოდ ადამიანებსა და მოვლენებზე ჰყვება, არამედ – ამა თუ იმ საზოგადოების რაობაზე, წარსულზე და აწმყოშივე გვიყალიბებს რწმენა-წარმოდგენებს მომავალზე.

შესაბამისად, ვინც რწმენა-წარმოდგენებს დაიმორჩილებს, ის ძალაუფლებასაც შეინარჩუნებს და მომავალსაც თავად განსაზღვრავს. სწორედ ამიტომაა, რომ ინდოეთში ნარენდრა მოდის პოპულისტური ხელისუფლება აცენზურებს ისტორიას – მათ სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოღებული აქვთ მოგოლთა იმპერიის პერიოდი – მთელი ეპოქა, როდესაც მუსლიმები მართავდნენ ინდოეთის ნაწილს, რომლებიც დღეს უმცირესობას წარმოადგენენ. გამონაკლისი არც თურქეთია – ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში მხოლოდ მცირედით, გაკვრითაა მოთხრობილი თურქეთის რესპუბლიკაში სეკულარიზმის ისტორიაზე; და რა გასაკვირია, რომ ეს ასეა – ერდოღანი ხომ თურქეთში რელიგიურ პოპულიზმს აღვივებს.

კიდევ რატომ ერჩიან ავტორიტარები მასწავლებლებს? ამ კითხვაზე ჩემს რესპონდენტებთან ერთად ვაგრძელებ ფიქრს.

ქეთი უნივერსიტეტში გავიცანი. ჩემზე ერთი კურსით წინ იყო. ბოლო ხუთი წელია, სკოლაში მუშაობს მასწავლებლად. ინტერვიუს დროს არ ერიდება და ამბობს, რომ მასწავლებლების უმეტესობა, რომლებიც ბავშვობიდან ახსოვს, იმის მაგალითს უფრო ქმნიდნენ, თუ როგორი არ უნდა ყოფილიყო მასწავლებელი. თუმცა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, თვითონ მაინც მასწავლებლობა აირჩია. იფიქრა, რომ თავს კარგად გაართმევდა, რადგან საკუთარ თავში ხედავდა თვისებებს, რომლებიც მოსწავლეებთან ურთიერთობაში გამოადგებოდა; რომ შეძლებდა მათ სწავლებასაც და მხარდაჭერასაც.

ქეთის პასუხმა მოსწავლეთა მხარდაჭერაზე ერთი ამბავი გამახსენა. ლინდონ ჯონსონი, სანამ აშშ-ს 36-ე პრეზიდენტი გახდებოდა, მასწავლებლად მუშაობდა, რათა საკუთარი სწავლის საფასური გადაეხადა. ჯონსონი ტექსასი-მექსიკის საზღვართან მდებარე სეგრეგირებულ სკოლაში მექსიკელ-ამერიკელ მეხუთე, მეექვსე და მეშვიდეკლასელებს ასწავლიდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც სიღარიბეში გაიზარდა, მაინც თავზარი დასცა ბავშვების უკიდურესმა გაჭირვებამ. ჯონსონი ხედავდა, თუ როგორ იქექებოდნენ ნაგვის ურნებში საჭმლის საშოვნელად მოზარდები და გადაწყვიტა მოსწავლეების მხარდაჭერაზე თვითონვე ეზრუნა – თავისი ანაზღაურების წილს მოსწავლეთა განვითარებას ახმარდა. თან გეგმავდა მოსწავლეთა დებატებს, შეჯიბრებებს და აყალიბებდა სპორტულ გუნდებს. მან შეძლო ის, რასაც მასწავლებლები დღეს „პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას“ უწოდებენ, როცა სწავლება უფრო აქტიური, საინტერესო და სახალისოა. ჯონსონის საქმიანობა იმდენად წარმატებული იყო, რომ ყურადღება მიიქცია და 20 წლის ასაკში სკოლის დირექტორად დაინიშნა.

ჩემი მეორე რესპონდენტი გიორგია. მან წელს დაასრულა ბაკალავრიატი და მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე განაგრძო სწავლა – ახლა უკვე ორგზის ილიაუნელია. მისთვის მასწავლებლობა მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა და კრიტიკული აზროვნების გადაცემაა.

საკლასო ოთახში შესული მასწავლებლის თვალები ბავშვებისთვის სარკესავითაა – მათში ძალიან მკაფიოდ ირეკლება კონფორმიზმიცა და შიშიც. შიში თავისთავად დასაძრახი არ არის, თუმცა განათლება და ღირებულებები სწორედ იმაში უნდა გვეხმარებოდეს, რომ მასზე მაღლა დავდგეთ. როდესაც მოსწავლეები ავტორიტეტად გხედავენ, არ უნდა აჩვენო მაგალითი იმისა, თუ როგორ მიდიხარ მორალურ კომპრომისზე დუმილის ფასად.

ქეთის და გიორგის მსგავსი მასწავლებლები ქმნიან სამოქალაქო საზოგადოების ნიადაგს. მათ მსგავსად იქცევა ასობით და ათასობით მასწავლებელი დედამიწის სხვადასხვა წერტილში. ორივე რესპონდენტი ფიქრობს, რომ მასწავლებლების ამოცანა შესაძლებლობების შექმნაა. ყველა მშობელს სურს, რომ მისმა შვილმა შეძლოს წარმატების მიღწევა, სოციალური მობილობა სიღარიბიდან – საშუალო ფენაში და სხვა ადამიანების წიაღში უსაფრთხო თანაცხოვრება.

მობილობის, წარმატებისა და უსაფრთხოების განცდას კი მასწავლებლები ქმნიან – საკლასო ოთახებში, საფეხბურთო მოედნებზე, სასკოლო ექსკურსიებზე, ჯგუფური დავალების დაგეგმვისას და ა.შ.

ქეთი ხაზს უსვამს იმას, რომ საგნის სწავლებასთან ერთად მნიშვნელოვანია მოსწავლის მომზადება საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის, ხოლო კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება ისაა, რაც სკოლის მერეც სჭირდება და ეხმარება პიროვნებას სოციალიზაციასა და საკუთარი თავის აღმოჩენაში.

სკოლა სამოქალაქო ღირებულებებისა და იდეალების გამოვლინებაა; რწმენა იმისა, რომ თავისუფალ საზოგადოებაში განათლება, წარმატება და ბედნიერება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს; იდეა იმისა, რომ ახალგაზრდები იმსახურებენ შესაძლებლობებს, მოემზადონ ცხოვრებისთვის, უნივერსიტეტისთვის, კარიერისთვის და მოქალაქეობისთვის; გაგება იმისა, რომ მრავალფეროვან საზოგადოებაში განსხვავებული რწმენის, ხედვის, ღირებულების, ფენისა და წარმომავლობის მქონე ადამიანებთან ერთად უნდა შეძლონ მუშაობა, განსხვავებების გადალახვა და საერთო მომავლის შექმნა.

...

ინტერვიუები სრულდება და კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რატომ არ მოსდით მასწავლებლები და სკოლები ავტორიტარებს თვალში – უსაფრთხო გარემო კრიტიკული აზროვნებისა და მიმღებლური საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საფრთხეა ავტორიტარიზმისთვის.

ისევე, როგორც დაპატიმრებული ლარი სტეკი გახდა „მისნის სიმღერიდან“ საფრთხე სისტემისთვის. ის დააპატიმრეს, მაგრამ ნორვეგიელი მასწავლებლების ისტორიაც ხომ არსებობს? მათი პრინციპულობა გვაჩვენებს: ავტორიტარიზმის აღზევების პირობებშიც კი, მასწავლებლებს შეუძლიათ პროფესიული ქსელის, კავშირებისა და საპროტესტო მოძრაობების ჩამოყალიბება; მათ მაინც შეუძლიათ ისტორიის შეცვლა, უკეთესი მომავლის განსაზღვრა. ისინი ხომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ, ძლიერ და სანდო ჯგუფს წარმოადგენენ საზოგადოების შიგნით?! 

ბოლო ამბავი მასწავლებელზე:

1970-იანების შუა წლებში პორტუგალიის ერთ-ერთ სკოლაში თავგატეხილი მასწავლებელი გაკვეთილზე დოლბანდით შევიდა. მოსწავლეთაგან ერთი, რომელიც ისედაც მოხიბლული იყო ამ პედაგოგის უნარებითა და პიროვნებით, მისი ჭრილობის დანახვაზე გაოგნდა და შეწუხდა. მასწავლებელმა არ დამალა და აუხსნა, რომ პორტუგალიაში მაშინ მოქმედი პოლიციური სისტემა – სალაზარის რეჟიმი გაუსწორდა ასე. 

ამ პასუხმა ბავშვის ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. გავიდა წლები და პორტუგალიაში „მიხაკების რევოლუცია“ მოხდა, ქვეყნის დემოკრატიზაცია დაიწყო, სალაზარის რეჟიმი დამარცხდა, პორტუგალია კი ევროკავშირში გაწევრიანდა.

ბავშვი, რომელმაც ვერა და ვერ დაივიწყა მასწავლებლის გატეხილი თავი,  ჯერ სამართლის პროფესორი გახდა, შემდეგ კი, 2004-2014 წლებში, ევროპული კომისიის პრეზიდენტი. ჟოზე მანუელ ბაროზომ წლების შემდეგ ტიმოთი გარტონ ეშთან – თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ისტორიკოსთან – საუბრისას ეს ამბავიც გაიხსენა და საგანგებოდ აღნიშნა, რომ „მიხაკების რევოლუცია“ მის ცხოვრებაში უმთავრესი დღე იყო. 

ქართული განათლების ისტორიაც წინააღმდეგობის ხანგრძლივი ისტორიაა. ასე რომ არ იყოს, აბა, როგორ შეიძლება, რომ მასწავლებელი და მოსწავლე – სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი – ერთ იდეას მსახურებდნენ; ისევე, როგორც რუსეთის იმპერიის მიერ თანადროულად დაწუნებული ნიკო ცხვედაძე და იაკობ გოგებაშვილი, დიდი თონეთის სკოლის მასწავლებელი, ლუკა რაზიკაშვილი – ვაჟა ფშაველას სახელით რომ ვიცნობთ და ისიდორე რამიშვილი – 1919 წლის  მოწვევის დამფუძნებელი კრების  ერთ-ერთი უხუცესი წევრი, გურიის განმანათლებელი და ნოე რამიშვილის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის მასწავლებელი.

დღევანდელ ეპოქაში, სკოლის მასწავლებელს თუ შენიშვნას მისცემენ ავტორიტარები, ეს წყევლა კი არა, დალოცვაა. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი დგას იქ, სადაც  წარსული ფასობს, აწმყო მნიშვნელოვანია, მომავალი კი – ცოდნის, შრომის, ღირსების, სიმართლისა და სამართლიანობის დაფასებით სავსე.

______________________________

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Ash, Timothy Garton. Homelands: A Personal History of Europe. Yale University Press, 2023
2. Stanley, Jason. Erasing History: How Fascists Rewrite the Past to Control the Future. Atria/One Signal Publishers, 2024
3. Weingarten, Randi. Why Fascists Fear Teachers: Public Education and the Future of Democracy. Thesis, 2025

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა