ჰაგიოგრაფიული გმირები, როგორც აქტივისტები | ოქტაი ქაზუმოვი
ყოველი რელიგიისა თუ ფილოსოფიური მოძღვრება-შეხედულების ორიენტირს ადამიანი წარმოადგენს. ყოველი რელიგია თუ ფილოსოფიური მოძღვრება მისი დამფუძნებლისა და პირველმოწაფეთა აქტივიზმით იწყება. ხოლო აქტივიზმი უკვე თავისსავე არსში გულისხმობს კონკრეტულ ფიზიკურ ქმედებას - აქტიურობას: ადგილზე მისვლას, ლაპარაკს, მოსმენას, დახმარებას, პურის გაყოფას და ა.შ. რელიგიური თუ ფილოსოფიური მოძღვრების დედააზრი ნარწმუნების საკუთარი ცხოვრების მაგალითით ჩვენებაა. რელიგიის შემთხვევაში ეს ქმედება-აქტიურობა მადლის მომზღვავებელია, ფილოსოფიურ შეხედულება-მოძღვრებაში კი უფრო საკუთარი არსის წვდომა, ადამიანურის საუკეთესო გამოვლინება - თუ იცი, თუ იმოძღვრები და თავად არ აღასრულებ ესე იგი არ ხარ ის რადაც მოგაქვს თავი. მაშინ, როცა რელიგიური მსახურება-აქტივიზმი, ძირითადად, საკუთარი თემის, თანამორწმუნეების მოვლა-პატრონობას გულისხმობს (დასავლურმა ეკლესიამ ეს ასე თუ ისე დაძლია და სხვა რჯულის აღმსარებლებსაც ეხმარება ხოლმე), სამოქალაქო ხასიათის აქტივიზმი, იქნება ეს - სოციალური, უფლებრივი, ეკოლოგიური თუ სხვა - ცოტა სხვაგვარად განსაზღვრავს თავის სამოქმედო არეალს - იგი უფრო პროფილის მიხედვით მუშაობს.
ემპათია ადამიანური ბუნების ნაწილია. სხვების დახმარება ჩვენვე გვაკეთილშობილებს. ამიტომ, როდესაც აქტივიზმს გარედან „თავსმოხვეულს“ უწოდებენ და „არა მამულისაებრ სლვას“ უკიჟინებენ, მოდით, ვნახოთ რას გულისხმობს იგი ზოგადად და, მერე ისიც გამოვჩხრიკოთ მართლა არაფერი ვიცოდით მის შესახებ და ევროპელებმა გვასწავლეს პირველად?
როგორც აღვნიშნეთ, აქტივიზმი თან სდევს ადამიანურ ბუნებას, იგი ყოველთვის ემპათიას განიცდის მისთვის ახლობელი, მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ და ამ ყველაფრის მოგვარებისკენ ისწრაფვის. აქტივისტობის გადამწყვეტი პიროვნებები ძალიან საინტერესონი არიან, რადგან მათ მხოლოდ თავიანთი თავისთვის კი არ უნდათ სიკეთეები, არამედ პირიქით, იბრძვიან იმისათვის, რათა სხვებსაც ჰქონდეთ, ამოდიან რა იმ ფილოსოფიიდან, რომ საზოგადოება მთლიანი ორგანიზმია და თუ მისი რომელიმე ნაწილი ჩაგრულია, შემდეგში სხვებიც დაიჩაგრებიან და ა.შ. ჩვენისთანა ქვეყანაში, სადაც აქტივიზმის კულტურა, თანამედროვე გაგებით, ახლა ყალიბდება და ფორმირდება, ასეთი ადამიანები სამაგალითონი არიან, რადგან მათი ყოველი გამარჯვება თუ მარცხი უზარმაზარ გამოცდილებად გროვდება სხვებისთვისაც. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მოხალისეობრივ/აქტივისტური საქმიანობები უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევა, რადგან იგი საკუთარ სახელმწიფოსთან, თემთან, გარემოსთან სულიერ, გრძნობიერ და გონებრივ კავშირურთიერთობას, თანაგაცდას ქმნის, ასევე საკითხების გადაწყვეტასაც ბევრად უფრო აჩქარებს, ვიდრე იგი თვითდინებით მოგვარდებოდა (თუკი მოგვარდებოდა საერთოდ!!!).
მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში თერგდალეულების მთელი საქმიანობა შეიძლება აქტივისტურად მოინათლოს. სამართლიანად უთითებენ, რომ საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ იყო. მათი აქტივიზმი განმანათლებლურ საფუძვლებზე იდგა. თუმცა ტერმინი „აქტივიზმი“ არ ერქვა ყოველივე ამას. აქტივისტობისთვის მაინცდამაინც რომელიმე ორგანიზაციაში დასაქმება არ არის აუცილებელი. ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, უბანში ადამიანს შეუძლია ხელში დაიკავოს ტელეფონი, გადაიღოს რაიმე პრობლემა, ხალხი დარაზმოს და მისი მოგვარებისთვის იბრძოლოს. დემოკრატიულ ქვეყნებში აქტივიზმი ძალიან კომფორტულია ხელისუფლებისთვის, ვინაიდან, აქტივისტების, მოხალისეების მუშაობა ისევ ხელისუფლებას უმსუბუქებს ტვირთს. აქტივიზმი სხვადასხვა მიმართულებისაა და თითოეული ერთ რომელიმე კონკრეტულ სფეროს ეხება. თუმცა შეიძლება ჰქონდეს გადაკვეთის წერტილები სხვებთანაც.
საგულისხმოა, რომ რელიგიური უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი თავად შეიძლება სულაც არ იყოს მორწმუნე ან იმ რელიგიის აღმსარებელი რომელსაც ესარჩლება, ან სულაც ათეისტი გამოდგეს. უბრალოდ, ამ ადამიანისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ კონკრეტული თემის უფლებები არ უნდა ირღვეოდეს და ითელებოდეს, რადგან სამართლიანობის პრინციპის დარღვევა მისთვის მტკივნეულია.
ამას ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ რელიგიასთან დაკავშირებული სამოქალაქო აქტივიზმი. ასევე, შებრუნებული პერსპექტივით, არსებობს რელიგიის მსახურთა აქტივიზმიც სამოქალაქო საკითხთა გადაწყვეტაში. მაგალითად, როგორიცაა ეკლესიის გამოყენება უსახლკაროთა შესაფარად, შემოწირულობების მიმართვა გაჭირვებულთათვის, საქველმოქმედო კამპანიის წარმართვა სნეულთათვის (და ეს ყველაფერი ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური და სხვა მიკუთვნებულობის მიუხედავად), ხელისუფლების მხილება ძალის გადამეტებისას ან რომელიმე კონკრეტული რელიგიის ეკლესიის სოლიდარობა სხვა რელიგიის უფლებების დასაცავად და ა.შ. ოღონდ ეს არ უნდა აგვერიოს მისიონერობაში.
მართალია, „აქტივიზმი“ და „მოხალისეობა“ (ეს უკანასკნელი ჩვენ ქვეყანაში ცნობილი იყო როგორც „შაბათობა“ რაც, როგორც უთითებენ იდეოლოგიზირებული იყო და ასევე, გასული საუკუნის 70-80-იან წლებში სტუდენტები ისტორიულ ძეგლთა გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ხოლმე მივლინებულნი) სულაც არაა გარედან თავსმოხვეული, მაგრამ საზოგადოებაში, როგორც კულტურა, ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული და წახალისებული, რადგან აქტივიზმისთვის ხელის შემშლელებად თავად ხელისუფლებები გვევლინებიან, რომლებიც მასში პოლიტიკურ ოპონენტს ხედავენ, თანამშრომლობის მაგიერ მტრად რაცხავენ და შესაბამისად, აქტივიზმი და მოხალისეობა არც საბავშვო ბაღში, არც სკოლაში ისწავლება და არც უნივერსიტეტში მოეთხოვება ვინმეს, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია, სადაც, როგორც უთითებენ, უნივერსიტეტებში ცალკე კრედიტებია გამოყოფილი და ასევე სამსახურში აყვანისას სერიოზულ მოთხოვნათაგანია სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. არადა, თუ რამ გაკეთებულა ისტორიაში დიდი და დასამახსოვრებელი, მატერიალური თუ არამატერიალური, მათი არცთუ უმნიშვნელო ნაწილი სწორედ ასეთ კერძო ინიციატივებსა და ქმედებებზე მოდის. ასე იყო და ასეა საქართველოშიც და ამ თვალსაზრისით ქართული ჰაგიოგრაფია მეტად ძვირფას მასალას იძლევა დაკვირვებისთვის - იდეიდან აღსრულებამდე.
აქტივისტის მთელი სურვილი და წყურვილი ისაა, რომ საზოგადოება, როგორც თავისთავადი მოცემულობა, ჰარმონიულად ცხოვრობდეს და ამის მიღწევის საზღაურად საიმქვეყნოდ ცხონების მოპოვება მისი თვითმიზანი არ არის.
თუმცაღა, ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, ანუ იქიდან, რომ სამართლიანობა კარგი რამეა და ოდნავ რელიგიურ რწმენასაც თუ შევაშველებთ, დავინახავთ, რომ აქტივისტების სამართლიანობისთვის ბრძოლას ძალიან დიდი მადლიც ახლავს თან: მან ხომ უშველა კონკრეტულ დავრდომილ ადამიანს, მიუსაფარ ცხოველს, ბუნებას, კულტურულ ძეგლს, ადვოკატირება გაუწია და შეაკეთებინა ან გააყვანინა გზა, გამოაყვანინა წყალი და ა.შ. და ეს მაშინ, როცა შეიძლება თავად პრაქტიკოსი მორწმუნე არ იყოს.
აი, ჰაგიოგრაფიის გმირისთვის კი ეს პირდაპირ ასე არ არის, არამედ მისთვის მთავარი საუკუნო ცხოვრების მოპოვებაა და მხოლოდ ამისთვის ირჯება. ესე იგი მისი ბრძოლა სამართლიანობისთვის, მსახურება, შეწევნა, სიცოცხლის გაღება თუ ლოცვა ვინმესთვის, საუკუნო ცხოვრების მოპოვებისკენ მისწრაფებულობიდან გამომდინარეობს. მისი სტიმულიც ესაა - ემსახუროს ქრისტეს, ხოლო დანარჩენი არის ოდენ საშუალებანი. ოღონდ ვინაიდან ეს მსახურება მრევლზე/თემზე ზრუნვაზე გადის, ნიშნავს, რომ მისი ხორციელი საჭიროებებისთვის აქტიურობაც აქვეა ნაგულისხმევი, შესაბამისად, ჰაგიოგრაფიის გმირი საკუთარი რწმენისა თუ თემის დასაცავად არ ეპუება თვით ყველაზე საშინელ სიუზერენსაც კი, ამხელს და ღიად ამუნათებს მას. ამ უკანასკნელთან შეტაკებისას იგი „პოლიტიკურ განცხადებებსაც“ არ ერიდება, თუმცა ჰაგიოგრაფიის ავტორისთვის ეს „პოლიტიკური განცხადებებიც“ ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა დაცვის აპოლოგიაა.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა საერო პირთა სვლა მოწამეობისაკენ. მაგალითად, წმინდა შუშანიკის მიერ ვარსქენის ღია კრიტიკა/პროტესტი პოლიტიკური გაცხადებებია იმდენად, რამდენადაც სპარსეთი მხოლოდ რელიგიურად კი არა, პოლიტიკურადაც მიუღებელია მისთვის (მამამისი ვარდან მამიკონიანი მთელი თავისი ცხოვრება სპარსეთს ებრძოდა და მათვე მოუკლეს). მისი შემართება ყოვლად დასაფასებელია, რამეთუ მხოლოდ მან და არავინ სხვამ ვერ გაბედა ასეთი მკვეთრი წინააღმდეგობა, რითიც შეუგუებლობის პრეცენდენტი შექმნა. საგულისხმოა, რომ შუშანიკისგან მხილებული და არგუმენტგამოლეული ვარსქენიც უმალ „ოჯახურ სიწმინდეს“ ჩაებღაუჭება: „შენ ჩემი ხატი დაამხე (წაიკითხე როგორც „ქმრის იმიჯი“ - ო.ქ.) და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ (ოჯახის სიწმინდის შებღალვა - ო.ქ.), და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხვად წარსრულ ხარ (ქმრის ნებართვის გარეშე სახლიდან გასვლა-ო.ქ.)“.
შუშანიკთან შედარებით ეპისკოპოსი აფოცი და თავად იაკობ ხუცესი, აღმწერი მისი მოწამეობისა, დედოფალივით აქტიურნი არ არიან. მეტიც, ისინი სერიოზულად უფრთხიან ვარსქენს და მხოლოდ ჩივილით შემოიფარგლებიან ხოლმე: „წარსწყმიდე თავი შენი და ჩვენცა წარგვწყმიდენ“, რაც ვარსქენს აძლევს საბაბს დასცინოს მსხვერპლს: „აჰა ეგერა. არა გერგო შენ ეკლესია შენი და არცა ზურგნი ეგე შენი ქრისტიანენი...“
თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, სად არის შენდამი სოლიდარულად განწყობილი ხალხი, ვისთვის იკლავ თავსო? - დაჰკივის პიტიახში.
პიროვნებისგან პოლიტიკური აქტივიზმის ნიშნებს ვხედავთ „ევსტათი მცხეთელის წამებაში“ სპარსელებისა და, „ჰაბოს წამებაში“ არაბების წინააღმდეგ. აქ საყურადღებოა, რომ ორივე მომხვდური ძალის ღვიძლი შვილია. ორივესთან და განსაკუთრებით კი ჰაბოსთან, დაპყრობილი ერის გამოსარჩლების საგაა აღწერილი. მართალია, „ევსტათით“ მონათლული გვირობანდაკიცა და ქართველთაგან „ჰაბოდ“ შერაცხული ჰაბიბიც (გ. კუჭუხიძე), პირველ ყოვლისა, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე იბრძვიან, მაგრამ მეორე მხარისთვის - მარზპანებისა თუ მსაჯულებისთვის - ეს უპირატესად პოლიტიკური საკითხია, რამეთუ ორივე ძალა რელიგიას პოლიტიკური მიზნებით იყენებს (რა თქმა უნდა, იმდროისთვის ეს ორი - რელიგია და პოლიტიკა -ფორმალურადაც კი არ იყო ერთმანეთისაგან გამიჯნული). ჩანს, რომ მაზდეანი მარზპანებიცა და მუსლიმი მსაჯულებიც[1] დედ-მამით ქრისტიანებს არას ერჩიან, მხოლოდ გაქრისტიანებული თვისტომების მიმართ არიან მკაცრნი და შეუვალნი (თავიდან კი უყვავებენ ხოლმე). რატომ? იმიტომ, რომ ეს მათ პოლიტიკას ურტყამს პირდაპირ - თუ შენიანსავე არ უნდა შენი რჯული/პოლიტიკა, მაშინ როგორღა უნდა დაარწმუნო დაპყრობილი ხალხები შენი ცივილიზაციის უპირატესობაში, როგორღა უნდა შეასაღო თავი მშვიდობისა და თავისუფლების მომტანად? შესაბამისად, ორივე წმინდანი და განსაკუთრებულად კი ჰაბო, წარმოგვიდგება როგორც საკუთარი ქვეყნისგან ჩაგრული ხალხის გამომსარჩლებელიც, მათი უფლებებისთვის მებრძოლიც.
საინტერესოა, რომ ჰაგიოგრაფიის „წამებების“ ნაწილში ძირითადად საერო პირები არიან გმირები, ხოლო „ცხოვრებებში“ უკლებლივ ყველა სასულიერო მოღვაწეა. ამასთან დაკავშირებით მკვლევარი რევაზ სირაძე თავის ცნობილ წიგნში „სახისმეტყველება“ შემდეგს წერს: „ერისკაცს იდეალურ (იგულისხმება ჰაგიოგრააფისთვის იდეალური - ო.ქ.) პიროვნებად ხდის მხოლოდ მოწამეობა. „ცხოვრებებში“, სადაც ადამიანის ამქვეყნიური საქმენი აღწერილია, ერისკაცი იდეალურობას ვერ აღწევს. მას ნაწარმოებში მეორეხარისხოვანი ადგილი უკავია“(სირაძე, 1982, 91). მანამდე კი დასძენს, რომ „ქართულ მწერლობაში მარტვილობა განიხილება არა როგორც ამა თუ იმ პიროვნების კერძო ბედი ან ფანატიკური მისწრაფება, არამედ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგი[2]“ (სირაძე, 1982, 87). „ქვეყანაში შექმნილი ვითარება“ კი სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სიტუაცია რელიგიური ელფერით ან თუ გნებავთ რელიგიური სიტუაცია პოლიტიკური შეფერილობით. შესაბამისად, წმინდანები შეგვიძლია თავიანთი დროის რელიგიურ-პოლიტიკურ აქტივისტებადაც აღვიქვათ.
სინამდვილეში, ჩვენი წერილის საზრისს ყველაზე უკეთ ჰაგიოგრაფიის „ცხოვრებათა“ ნაწილი, განსაკუთრებით კი „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ეთანადება, რადგან „ცხოვრებათა პერსონაჟები... გაიდეალებულნი არიან ამქვეყნიური ღვაწლით, საზოგადოებრივად ფასეული შრომით.
...სწორედ ამა ქვეყნისადმი სამსახურით, კულტურულ-აღმშენებლობითი და ლიტერატურული მოღვაწეობით დაიმსახურეს წმინდანობის შარავანდედი გრიგოლ ხანძთელმა, სერაპიონ ზარზმელმა, ექვთიმე და გიორგი ათონელებმა“ (სირაძე, 1982, 88).
ნერსე ერისთავის ცოლის ძმისწულმა და მის სახლში გაზრდილმა ახალგაზრდა გრიგოლმა სასულიერო და ქვეყნიური ლიტერატურის წაკითხვა-გაცნობა-გააზრებისა და რჩევა - გამორჩევის შემდეგ ეპისკოპოსად კურთხევისგან თავი შორს დაიჭირა. „პატივსა ვხედავ და პატიჟისგან მეშინისო“ - დასძინა. გიორგი მერჩულე ამას თავმდაბლობის აქტად წარმოაჩენს რაც ასეც არის, თუმცა, გამომდინარე გრიგოლის შემდგომი ნაბიჯებიდან, აშკარად ჩანს, რომ ეს ხელდასხმა მის გრანდიოზულ გეგმა-ჩანაფიქრსაც ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, გრიგოლს არ უნდა გაკვალული გზით სიარული, მზა-მზარეული თანამდებობები, არამედ აქტიურობა, საკუთარი თავის დამტკიცება, საკუთარი „ბაბლიდან“ გაღწევა სწადია. ამისთვის კი ცენტრს კი არა, უკიდურეს პერიფერიას ირჩევს. აიყოლიებს თავის თანამოაზრეებს და ტაოსკენ მიემართება. თავიდან თავადაც ფიზიკურ შრომას მიმართავს, ჯერ სენაკებს ააშენებს, ხოლო შემდეგ მონასტრის აგებას იწყებს („იწყეს საქმედ სენაკებისათვის ქვეყანისა დავაკებად... და შრომითა დიდითა ქმნეს ადგილი იგი, რამეთუ არა აქუნდა მათ ცული და წერაქვი, არცა სხვა ეგევითარი სახმარი, არამედ ოპიზელთა მამათა მოსცეს ყოველი, რომელი იპოვა ხელთა მათთა“).
მალე, ეს ამბავი სხვებსაც შეესმებათ და იწყებენ მასთან მოსვლას, რაც წესით გრიგოლ ხანძთელს უპირობოდ უნდა ახარებდეს, მაგრამ ასე არ არის - იგი ხარისხს ანიჭებს უპირატესობას და არა რაოდენობას, ყველას არ იღებს, ჯერ გასაუბრებას უტარებს და ამოწმებს („ხოლო მამა გრიგოლ არავის უდებთაგანსა არა შეიწყნარებდა...“). ამ აქტიურობასა და ღვწაში, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, დონორ/შემომწირველიც გამოჩნდება აზნაურ გაბრიელ დაფანჩულის სახით. იგი კირითხუროებს გამოაყოლებს და ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად „ნივთნი ყოველნის“-აც გამოატანს. ამ მოლაპარაკებებსა თუ ზოგადად საძმოს გაძღოლის საკითხებში გრიგოლ ხანძთელი აქტივისტიდან ქარიზმატულ დიპლომატად და ლიდერადაც ყალიბდება. მისი ავტორიტეტი იმდენად მატულობს, რომ ამჯერად უფრო დიდი დამფინანსებელის ყურადღებას მიიპყრობს, არც მეტი და არც ნაკლები - მეფე აშოტ კურაპალატისას. შესაბამისად, ხანძთის მონასტერს სხვებიც შეემატება. მოგვიანებით მისი აღზრდილი მირონის ხარშვის უფლებასაც მოუპოვებს სამშობლოს. ასე შეიძლება იქცეს ნებისმიერი აქტიური ადამიანის იდეა გრანდიოზულ მიღწევად თუკი ხელი არ შეეშლება.
ახლა თუნდაც ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რა იქნებოდა ახალგაზრდა გრიგოლს გაკვალული გზით სიარული რომ სდომოდა, თანამდებობაზე დახარბებული რომ ყოფილიყო და უფროსებისთვის უპირობოდ რომ დაეჯერებინა.
ან გაბრიელ დაფაჩულსა თუ აშოტ კურაპალატს, აგრეთვე მის ვაჟებს შეშველების მაგიერ, ხელი რომ შეეშალათ მისთვის? არ იქნებოდა მინიმუმ ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ბევრი ძეგლი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. იაზრებს რა ყოველივე ამას გიორგი მერჩულე ასეთი ეპითეტით შეაფასებს მის ღვაწლს: „უდაბნოთა ქალაქმყოფელი, ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი“.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ გრიგოლ ხანძთელი თავადაც ფიზიკურად შრომობს. ეს აქტი სამ საზრისს შეიცავს:
1. თავიდან ცოტანი არიან და თავადაც განზე ვერ გადგება
2. მადლიან საქმეში თანამონაწილეობს, რაც მისი სულისთვის სარგოა
3. შრომის კულტურას/კულტს ამკვიდრებს და „შრომის ესთეტიკას“ (სირაძე, 1982,123) წარმოაჩენს.
გრიგოლ ხანძთელი ფიზიკურ-გონებრივ შრომა-აქტიურობას შემდგომშიც აგრძელებს. იქნება ეს ტიპიკონის თარგმნა, თხების მოშენება თუ ვენახის გაშენება. რატომ აკეთებს ამას? მისი მინიშნებაც ხომ კმარა, რომ სხვებმა გაუკეთონ ყველაფერი? არა, ხანძთელი წინამძღვრობამდე ადამიანია პირველ ყოვლისა, რომელმაც საკუთარი ნახელავიც უნდა შემატოს კაცთა მოდგმას, მისთვის მიცემული ტალანტიც გაამრავლოს - რაც მისი პირადი პასუხისმგებლობაა.
„იცვლებოდა შრომის ესთეტიკა, ხან თავს იჩენდა კულტი მწიგნობრობისა, ხანაც მშენებლობისა“ (სირაძე 1982, 123). გრიგოლ ხანძთელის დროს მონასტერთა დაარსებაა პრიორიტეტი, ექვთიმე ათონელის დროს ბერძნულიდან თარგმნა. „შვილო ჩემო, ქართლისა ქვეყანა დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან... აწ იღვაწე, რათა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“ - შეევედრება მამამისი და წმინდა ექვთიმეც აღარ დაახანებს. შეიძლება კაცმა იფიქროს, ალბათ, ამისთვის ეცალა, სხვა საქმეებიც გადადებული ჰქონდაო, მაგრამ არა - სნეული მამის პირადად მოვლასთან, თოთხმეტი წლის განმავლობაში დიდი ლავრისა და „სამასი სულის“ გაძღოლასთან, სხვა ვალდებულებებთან ერთად „კეთილსა მას შრომასა თარგმანებისასა არა დააცადებდა... არამედ ღამეთა ათევნ, რამეთუ უფროისნი წიგნნი ღამით სანთლითა უთარგმნიან...“.
„ცხოვრებების“ სათაურებისთვის თვალის მიდევნებისას შემდეგი სიტყვები ხვდება მზერას: „შრომა“, „მოღვაწება“ და „მოქალაქობა“.
„შრომაზე“ ვილაპარაკეთ. „მოღვაწება“ შრომა-ღვწის შედეგად მოდის და რაც უფრო ღირსსახსოვარია ეს უკანასკნელი მით უფრო დიდია ღვაწლიც. შრომა ღვაწლში და თუ გნებავთ, ღვაწლად უნჯდება. ხოლო რაც შეეხება „მოქალაქობას“ აქ შრომა-ღვაწლიც იგულისხმება და რაღაც უფრო მეტიც. ბერძნულის „პოლისიდან“ (ქალაქიდან) წარმოშობილი ეს ტერმინი ფართო გაგებით „პოლიტიკოსობის“ (მოქალაქეობის) გადმოქართულებაა და ესეც პროცესს გულისხმობს - „მოქალაქეობა“ სტატიკური „მოქალაქედ ყოფნა“ კი არ არის (სხვათაშორის დღესაც!!!), არამედ იგი „მოქალაქეობრივის“, პირად-პიროვნული ვალის აღსრულებაა ღვთისა და ერის, კონკრეტული ადამიანებისა და ქვეყნის წინაშეც. „მოქალაქობა“ უფრო მრავალმხრივია, უფრო ტევადი და საგულისხმოა ვიდრე „ღვაწლი“, რომელიც ერთი კონკრეტული მიმართულებით, სფეროთი შეიძლება იყოს დასაზღვრული.
ჰაგიოგრაფიას ამ თვალსაზრისითაც აქვს ბევრი რამ სასწავლი ჩვენთვის.
აქტივისტებისა და ჰაგიოგრაფიის გმირების ერთი საერთო ნიშან-თვისება „საღვთო შურის აღება“ და „ინსპირაციაა“. ორივესთვის იდეალი მათი რომელიმე შორეული ან ახლობელი ადამიანი და მისი გაკეთებული საქმეებია. ან ავტორი/ბიოგრაფი თავად ავლებს ხოლმე პარალელს გმირსა და რომელიმე სხვა ავტორიტეტს შორის.
თითოეულ ეპოქას თავისი გმირები ჰყავს. დღეისთვის ასეთებად მხოლოდ რელიგიის მსახურნი არ გვევლინებიან, არამედ თითოეული პირი, რომელიც გარემოს ყველასთვის სასიკეთოდ შესაცვლელად იბრძვის და ამ გზაზე არაფერს ეპუება. ამ ადამიანისთვის ინსპირაციის წყარო წმინდანიც შეიძლება იყოს, განმანათლებელიც, მეცნიერიც, ქველმოქმედიც და თავისივე ოჯახის წევრიც. შესაბამისად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წმინდანებიც უწინარეს ყოვლისა ადამიანები იყვნენ და „საქმემან მათმან“ აქცია ისინი იმად, რადაც გვესათნოებიან. ასევეა აქტივისტების შემთხვევაშიც - მომავალში მათი საქმეები იმეტყველებენ მათზე. ასე რომ, აქტივიზმი და საზოგადოების ინტერესებისთვის ობიექტურ გამოწვევებთან ან თუნდაც ავ ხელისუფალთან დატაკება გარედან კი არა, ჩვენივე ეროვნული და რელიგიური ცნობიერება/შეგნებიდანაც მოდის, თუკი მაინცდამაინც ესაა ამოსავალი ვინმესთვის.
ჟურნალი „ზღვარი“
მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა
N6 (16) 2025
______________________________
[1] საინტერესოა, რომ ორივეს პირველი მარზპანი და პირველი მსაჯული ქართველ დიდებულთა ჩარევით გათავისუფლებენ, ხოლო მეორენი ე.ი. ახალდანიშნულნი კი სჯიან.
[2] ხაზგასმა ჩვენია - ო.ქ.
გირჩევთ
როგორ ქრება თუშური ენა | ტატო ანთაძე
15.10.2024
სტალინი და დედაენა | გიორგი მაისურაძე
15.07.2024