გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ოქტაი ქაზუმოვი იმირ მამდელი პოეზია

იმირ მამედლის გაუშიფრავი იეროგლიფები | ოქტაი ქაზუმოვი

მოქალაქეობა ყოველ მოქალაქის არის ბრძოლა
თავის წრესთან, თავის დროსთან, თავისთავთან.
- გრიგოლ ფერაძე

მოქალაქეობა ცნება ან მენტალური მდგომარეობა როდია,
ეს არის იდეის წიაღში დაბადებული ჩვენი ღონე, ძალა.
- მერაბ მამარდაშვილი

თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის - იმირ მამედლის მრავალმხრივად საგულისხმო ლექსებში, რომლებიც  ქუჩდება თემებად და ქმნის ციკლებს, როგორებიცაა, მაგალითად, ძველ აღთქმისეულ-სახარებისეული შინაარსისა და ალუზიის მქონე ლექსები: „კაენ, სად არის აბელ, ძმა შენი“, „გზები“, „სხვა საფიქრალი“, „მარიამის წუხილი“, “განკითხვის დღე”, „უხსენებელი“; ან სოფელ ფაშიანზე დაწერილები: „ფაშიანის გვირაბი“, „ეს მე ვარ“, „დღეს ფაშიანში ვიყავი, იცი“, „შტრიხები ავტოპორტრეტისთვის“, აგრეთვე მშობლებზე შექმნილი ნიმუშები: „დრო, მამა და მე“, „სიზმარი“, „ვენახის სხვლა“;  ან საქართველოზე: „საქართველოს დილა“, „პატრიოტი“, „უცხოობის შეგრძნება“..., არის კიდევ ერთი ლარივით გაჭიმული და გამჭოლი ნაკადი, რომელიც მხოლოდ სამაგისოდ გამახვილებულ ყურსა და მზერას თუ შეუძლია მოიხელთოს, ამოიცნოს და მიჰყვეს. ასეთი გამახვილებული ყურისა და მზერის ქონა კი, ამ შემთხვევაში, ხშირად „იგივეობით“ მოდის და ვერ დაისწავლება. ხოლო ეს “იგივეობა” ნიშნავს, რომ პოეტთან ერთად შენც იზიარებდე იმავე კულტურულ გარემოს, “სასტარტო პირობებს”, განიცდიდე ობიექტურ თუ სუბიექტურ წინაღობებს, მიმღებლობისა თუ მიუღებლობის, დისკრიმინაციისა თუ “პოზიტიური დისკრიმინაციის” გავლენებს.

იმირ მამედლის პოეზიაში ზემონახსენები ნაკადი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „პოეტ-მოქალაქის სიმძიმილი“, „მსოფლიო სევდა“ კი არ არის, არამედ კონკრეტული, კარგად ნაცნობი გარემოებებიდან გამომავალი პროტესტი და რეფლექსია გარემომცველი საზოგადოების დამოკიდებულებისადმი (პოზიტიურისა თუ ნეგატიურისა). ოღონდ ეს რეფლექსია არ რჩება პოეტის კერძო, საგამონაკლისო გამოცდილებად, არამედ საქართველოს ყოველ მოქალაქეზე განივრცობა ამა თუ იმ ფორმით.

ცნობილი იტალიელი მწერალი, იტალო კალვინო თავის 1976 წელს წაკითხულ მოხსენებაში - „ლიტერატურის პოლიტიკურად გამოყენების მცდარი და მართებული გზები“ შემდეგს წერს: „ლიტერატურა  ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა, რომლითაც საზოგადოება საკუთარ თავზე ფიქრს სწავლობს - არა ერთადერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი, რადგან ის თავისი საწყისით დაკავშირებულია ცოდნის, ნიშნების, აზროვნებისა და კრიტიკის მრავალ ფორმასთან“[2].

ოდნავ ქვემოთ კი დასძენს: „ლიტერატურა... ხმას აძლევს მათ ვისაც ხმა წართმეული აქვს; ... სახელს არქმევს იმას რაც ჯერ კიდევ უსახელოა...“ რადგან „ლიტერატურას შეუძლია მოისმინოს ის, რაც პოლიტიკისათვის გაუგონარია; შეუძლია დაინახოს ის, რაც პოლიტიკური ხედვის მიღმა რჩება...“ .

და რას მიემართება იმირ მამედლის ეს რეფლექსია, რას აძლევს ხმას, რისთვის ცდილობს სახელის შერქმევას პოეტი და რაში მდგომარეობს ეს პროტესტში გარდამავალი გულისტკივილი?

 ქვემოთ განსახილველ ლექსთა ანალიზიდან შემდეგი შეიძლება  გამოვკვეთოთ: ეს არის უცხოობის განცდა მშობლიურ გარემოში („როგორც თვისტომი სხვებში“)[3],  ეს არის გარკვეული „ჩარჩოების“, „მოლოდინების“ დაწესება შენთვის („მან (იმირმა - ო.ქ) ისე უნდა თქვას, არც მეტი და არც ნაკლები, არცა ნაკლები და არც მეტი“)[4], როცა გმართებს „პოლიტკორექტული“ იყო ანუ დუმდე და არავითარი უკმაყოფილება, შენიშვნები არ შეიძლება გაგაჩნდეს როგორც ადამიანს, როგორც მოქალაქეს შენივე სახელმწიფოს, მთავრობის თუ საზოგადოების მიმართ და ა.შ.  ყველაფერი ეს კი დათრგუნულობას იწვევს და აღმოჩნდება, რომ თურმე ადამიანი სრულად ვერ რეალიზდება თუ იგი იმავე დროს „მოქალაქეობაშია“ შეზღუდული, ხოლო ამ „მოქალაქეობაში შეზღუდვით“   რაღაც ყოველთვის ისე ვერ არის ხოლმე, როგორც რომ უნდა იყოს[5]. 

ყოველივე აქედან გამომდინარე, იმირის პოეზიაში ხშირად ვაწყდებით დუმილის ფენომენს...

ჩანს, რომ პოეტთან დუმილი არ არის დადებითი ან ესთეტიკური მოცემულობა, ასე რომ ყოფილიყო იგი გამუდმებით მასზე არ დაიჩივლებდა, მეტიც, მისთვის დუმილი გაქრობის, სურვილის და საწინააღმდეგოდ შეუმჩნევლობის ტოლფასია და, თუ მაინც უწევს, ჩუმად იყოს, ეს უფრო კომპრომისია რაღაცასთან („მე რომ მუნჯივით მამყოფებს, სიფრთხილეა და რიდია“)[6].

„კაცი სანამ სდუმს,
იმ მუხასა ჰგავს,
სქელ ბურუსში რომ არის და არ ჩანს.
შეიძლება უნებლიეთ ზედ მიენარცხო,
სივრცის სიწრფელეს დანდობილი, გზად მიმავალი“

(მონაკვეთი ლექსიდან „პირველად იყო სიტყვა“)

დუმილისგან მუხასავით მოპირქუშალი კაცი, რომელსაც „ფიქრი ჯანღად“ შემოუგარსავს, სხვათათვის შეუმჩნეველი და, ამდენად მოსარიდებელია, რადგან შეიძლება მოულოდნელად ზედ შეასკდე, ესე იგი, სწორად ვერ შეაფასო, ვერ დაინახო პიროვნება.

მას დუმილი აღიზიანებს, მისთვის იგი ძალადობრივია იმდენად, რამდენადაც „დუმილი უხმაურო არსებობაა“ (რ. სირაძე), ოღონდაც რომ „არსებობაა“ და არა ცხოვრება. განვიხილოთ ლექსი „დუმილი“ ჩვენეული თანმიწერებით:

„მთელი ხმით ვდუმვარ, (შესანიშნავი წინააღმდეგობრიობაა, ისეთივე „ოქსიმორონი“ როგორც „ფართოდ დახუჭული თვალები“ - ო.ქ.).
ვდუმვარ ყველა სიტყვით და ფრაზით, (სიტყვებსა და ფრაზებს ზუსტად იგივე დრო და ადგილი უჭირავთ მდუმარებაში, როგორც მეტყველებისას.).
ვდუმვარ მთელი გულისწყრომით,
ბოღმით და ბრაზით. (აქ დუმილი კომპრომისია: ვდუმვარ იმიტომ, რომ ჩემში რაღაცით გამოწვეული სიბრაზე, გულისწყრომა და დაბოღმილობა არ გამოვხატო, ან იმიტომ მაქვს სიბრაზე, გულისწყრომა და დაბოღმილობა რომ იძულებული ვარ ვდუმდე).
ვდუმვარ თურქულით, (აქ აზერბაიჯანულ თურქულს გულისხმობს).
ქართული და რუსული ენით
სამ ენაზეა სამმაგი დუმილი ჩემი. (სამმაგი შესაძლებლობა და სამმაგი ტაბუ).
ოდეს ვუბნობდი ხან რუსულით,
ხან თურქულით, ხანაც ქართულით
სამივე წვერით დუმილში ვარ ჩაწნულ-ჩართული[7] (აქაც ერთი შეხედვით პოეტური ოქსიმორონია - თუ უბნობ, როგორღა შეიძლება დუმდე? თუმცა შეიძლება ლაპარაკობდე, მაგრამ იმავდროულად დუმდე იმით, რომ საჭირო რამეებს დაყუჩებით უვლიდე გვერდს).
ხალხს ერთ ენაზე უჭირს დუმილი,
მე სამ ენაზე ჩავიკმინდე ჩასაკმენდელი (თვითგამოხატვის სამი ვერბალური არხის ნებაყოფლობითი  ჩარაზვა. გნებავთ, თვითცენზურა.  მაგრამ აქ საინტერესოა ის, თუ რას მიჰყავს იგი ამ ნებაყოფლობით აქტამდე. ამ მონაკვეთში მეტად მძაფრი და უაღრესად სწორადაა შერჩეული - „ჩავიკმინდე ჩასაკმენდელი“, რაც ზემონახსენებ ძალადობრივ, მუქარანარევ დუმილზე მიანიშნებს).
ისე ვარ, როგორც
ღამურებით და ქვეწარმავლებით
ამოგლესილი საყდრის კედელი (შემზარავი და ტრაგიზმის მთელი სისავსით გამომხატავი სურათია.  ადამიანი, როგორც  ღვთის ტაძარი, საიდანაც გალობა უნდა მოისმოდეს, ძალადობრივი დუმილით დანესტიანებულა).
მე გაყურსული ჭექა-ქუხილი გახლავართ ამ ცის, (საიათნოვასებური დანაქადი: „სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს“).
და ისე ძლიერ ვდუმვარ მთელი ხმით,
როგორც მთელი ხმით იღრიალებდა ოჯახში კაცი. (ბოლო აკორდი: დუმილის გამაყრუებლობა).

ვინ იცის რას ამოიღრიალებდა ლექსის ლირიკული გმირი (პოეტის პიროვნული მე) თვითცენზურა რომ არ დაეწესებინა?

ლიბანური წარმოშობის ფრანგ მწერალ-მოაზროვნე ამინ მაალუფს აქვს შესანიშნავი წიგნი სახელწოდებით „დამღუპველი იდენტობები“. მისი თეორიით ადამიანს მხოლოდ ერთი იდენტობა არ გააჩნია, არამედ რამდენიმე. ოღონდ ვითარების შესაბამისად ხან რომელი  გადმოიწევს ხოლმე წინ და ხან რომელი. მაგალითად,  თუ ადამიანში  ენას ამოიღებ მიზანში და გააღიზიანებ, მაშინ პასუხად, როგორც თავდაცვის საშუალება, მისი მთავარი იდენტობა ეს ენა გახდება (შეიძლება თავად არც კი ლაპარაკობდეს ან სრულყოფილად არ ლაპარაკობდეს ამ ენაზე), თუ რელიგიას ამოიმიზნებ, რელიგია (შეიძლება თავად სულაც არ იყოს რელიგიური), თუ კულტურას - კულტურა და ა.შ.

ჩემი დაკვირვებით, სწორედ ეთნიკური ნიშნით გაღიზიანებული იდენტობის გამკვეთრებაა ლექსი „იმედი ხვალისა“:

„კაცი გახლავარ აზერთა ტომის,
თანაც თურქი ვარ, თურქი ხალასი.
რადგანაც მკითხავ, გულდასმით მომის-
მინე, სხვად ყოფნის არ მაქვს ხალისი“.

აშკარად ჩანს, რომ პოეტი ვიღაცას ეპაექრება გაღიზიანებული („გახლავარ“, „რადგანაც მკითხავ“,  „გულდასმით მომისმინე“) და ერთგვარი მანიფესტით გამოდის მოხმობილ ლექსში.  „სხვად ყოფნის არ მაქვს ხალისი“  მოპაექრის დასაშოშმინებელი არგუმენტაციაა, ხოლო სათაურის და ლექსის ტექსტისვე „იმედი ხვალისა“ ასეთი რეალობის სამომავლოდ შეცვლის სურვილითაა ნაკარნახევი.

რაზეც იმირ მამედლი თავის ლექსებში მიანიშნებს, მასზე, ჩვენს ქვეყანაში, სოციალურ-პოლიტიკურ ჭრილში, ხმამაღლა ლაპარაკი  რამდენიმე წელს თუ ითვლის. იმ წლებში კი, როცა ეს ლექსები იწერებოდა, საზოგადოება მზად არ იყო, თვალი გაესწორებინა ამ რეალობისთვის (ისევე როგორც, მაგალითად, ზვიად რატიანის აწ უკვე კლასიკად ქცეული ლექსი - “ნეგატივი 20 წლის შემდეგ” მხოლოდ ახლა იქნა განცდილი მთელი სიმძაფრით).

ლექსში „უცხოობის შეგრძნება“  პოეტი საკითხს შორიდან უვლის და მეტად დამაფიქრებელი აკორდით ასრულებს. ნათქვამის საილუსტრაციოდ მთლიანად დავიმოწმებ მას:

„ისეთი გრძნობა მიჩნდება ჟამთან,
თითქოს ჩამოვრჩი მთავარ ქარავანს.
ჩემს სახლში ვზივარ, ჩაისა ვსვამ და,
ასე მგონია სახლში არა ვარ.

აქეთ მშობლიურს შემოვეკედლე,
იქით გზა კივის რა შემზარავად...
მიყუჟული ვარ კუთხეში ეგრე,
მაინც მგონია სახლში არა ვარ.

ო, საქართველოვ, რა დამემართა,
ვიტყვი სიმართლეს დაუფარავად,
ზოგჯერ ვაფარებ თავს შენ თბილ კალთას,
იქაც მგონია, სახლში არა ვარ.

რაზე მიანიშნებს პოეტი დუმილით, რატომ აქვს უცხოობის შეგრძნება, ბრაზი; რატომაა კუთხეში მიყუჟული, რას უფრთხის, რატომ უწევს ეთნიკური წარმომავლობის ასე მკვეთრად ხაზგასმა, რატომ არ არის საქართველოში საკუთარ სახლში, რატომ ივედრება ამგვარად? (ეს სწორედ ის კითხვებია, რომლებიც კალვინოს თუ დავიმოწმებთ, საზოგადოებას საკუთარ თავზე ფიქრს რომ  ასწავლიან).

„ჩემი ცხოვრება არის სიმღერა,
რომელსაც ვმღერი (თუ არ მატირებთ).
ჩემი ცხოვრება არის ნიავი,
შემოვალ (თუ არ გამინაპირებთ)“.[8]

ერნსტ კასირერი წიგნში „რა არის ადამიანი“ ხელოვნების შესახებ წერს: „ხელოვნება სინამდვილის უკუფენა კი არა, ახალ სინამდვილეთა აღმოჩენაა“.  ხელოვნება „უკუფენაა“ (გნებავთ „რეფლექსია“) თუ „აღმოჩენა“ ეს ჩვენი ხედვის რაკურსის საკითხია, ხოლო რაზეც ყველანი შევთანხმდებით, გახლავთ ის, რომ ხელოვნება და სინამდვილე განუყოფელია, მეტიც, ხელოვნება სინამდვილის გარეშე ნამდვილი არც არის და არც შეიძლება იწოდებოდეს ხელოვნებად.

ასე რომ, იმირ მამედლის პოეტური ხელოვნებაც სინამდვილით საზრდოობს, მერე რა ვუყოთ, რომ თავად ეს სინამდვილე  არ არის ხოლმე  ყოველთვის ლამაზი და მშვენიერი.

იმირ მამედლის პოეზიის ერთ კონკრეტულ ნაკადს მე ასე ვშიფრავ, ასე ვაანალიზებ და, შენ როგორღა გაანალიზებდი მკითხველო?

_____________________________

[1] სათაური ნაკარნახევია იმირ მამედლის ლექსისგან გაუშიფრავი იეროგლიფი .

[2] იტალო კალვინო - ლიტერატურის პოლიტიკურად გამოყენების მცდარი და მართებული გზები (თარგმნა თამარ გელაშვილმა), არილი, 5 (329) 2025.

[3]  ამონარიდი ლექსიდან უსახელო

[4] ამონარიდი ლექსიდანჩემი სახელი

[5] „ყოველთვის როცა საზოგადოება ინდივიდუუმს (ჩვენ შემთხვევაში წაიკითხე როგორც „მოქალაქე“ - ო.ქ.) თრგუნავს ან შლის, ის ჭრილობას აყენებს საკუთარ თავს და თვითონვე ართმევს თავის ცხოვრებას სტიმულირებისა და ზრდის ფასდაუდებელ წყაროებს“ (შრი აურობინდო „კაცობრიობის მომავალი“ გვ. 81. დ. აკრიანის თარგმანი, გამომცემლობა „სიესტა“, 2021).

[6] ამონარიდი ლექსიდან უჟამო ჟამი

[7]ვინაიდან „ვუბნობდი“ უწყვეტელისფორმითააწარმოდგენილი, ალბათ, კარგიიქნებოდა, „ვარ“-იც „ვიყავ“-ითჩანაცვლებულიყო.

[8] „ჩემი ცხოვრება“

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა