გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გიორგი ბუნდოვანი ოქტაი ქაზუმოვი

ექო ბუნდოვანი ეპოქიდან | თბილისური 90-იანები

პოეტ გიორგი ბუნდოვანს ესაუბრა ფილოლოგი და მთარგმნელი, ოქტაი ქაზუმოვი.

ოქტაი ქაზუმოვი: გიორგი, შენ კარგად იცი ჩემი ინტერესი 90-იანი წლების ლიტერატურული ცხოვრების მიმართ, რომელიც წარმოიშვა შენთან ურთიერთობისა და მეგობრობის შედეგად... ის არ გახლდა საბჭოთა პერიოდის რაფინირებული ლიტერატურა, არც რეაქცია იყო ამ რაფინირებულობაზე. მაგრამ ჯერ სხვა რამ მინდა გკითხო: როდიდან იწყება 90-იანი წლების თანამედროვე ქართული ლიტერატურა?

გიორგი ბუნდოვანი: მართალია - მივყვეთ ქრონოლოგიურად, მე წესრიგი მიყვარს. ჩემს თაობაში მეძახდნენ კიდეც და დღემდე მეძახიან „არქივარიუსს“, რადგან ყველაფერს ვინახავდი, გულდასმით და მოწესრიგებულად, და ამას,  ფაქტობრივად, მომდევნო თაობებისთვის ვცდილობდი.

ზურაბ რთველიაშვილთან ერთად ვცხოვრობდი, როცა წერაც ორივემ ერთად დავიწყეთ.

ზურა ცხოვრობდა ძალიან ბოჰემურად, სვამდა ხშირად, ბუნტარობდა. თავის დაწერილ ლექსებს ხევდა და ყრიდა, ზედ ფეხებით დადიოდა ხოლმე. მე ამ ლექსებს ვაგროვებდი და ვინახავდი.

როცა კარგად იყო, ვეუბნებოდი, აი, შენი ლექსები. თანაგრძნობა მქონდა მისი ნაღვაწის მიმართ, რომელსაც თვითონ არ უფრთხილდებოდა.

დაწვრილებით

წლების შემდეგ დამოკიდებულება ზურასაც შეეცვალა. ეს ყველაფერი 1990-იანების დასაწყისში ხდება, ლიტერატურული პერიოდიც მაშინ იწყება, როცა 1989 წლის 9 აპრილი ახალი მომხდარია და დგას მძიმე პერიოდი - იმ აპრილის უმძიმეს ექოდ. სამოქალაქო ომი ჯერ არ ყოფილა, ანუ ზვიადი ჯერ არ გადაუგდიათ. კომუნისტური წყობა ახალი დანგრეულია. ამ დროს ასპარეზზე მე და  ზურაბ რთველიაშვილი გამოვდივართ, შემდეგ ჩვენი მეგობრები გვემატებიან. 

ახლა როგორც მე ვყვები, ასევე მოყვებოდა ამ ამბავს ჩემი თაობის  რომელიმე მხატვარიც. მოყვებოდა, თუ როგორ გამოვიდნენ „მეათე სართულის მხატვრები“ - ოლეგ ტიმჩენკო, ნიკო ცეცხლაძე, მამუკა ჯაფარიძე... ასეთი ჯგუფების გამოჩენა იყო ჟანგბადი უჰაერობაში, წყალი - გადამხმარ უდაბნოში. ხალხი დადიოდა ცარიელ მაღაზიებში, სადაც მხოლოდ ძმარი და ასანთი იყიდებოდა, ხოლო პური და კარაქი კვირაში ორჯერ  ტალონებით გაიცემოდა და დახლებზე არ დებდნენ, მაგრამ ხალხს ასეთი რამეები უხაროდა,  დარბაზები, მხატვრების გამოფენებზე  გალერეები, პოეტების საღამოები, თეატრები  ივსებოდა მსმენელებით, მაყურებლებით, დამთვალიერებლებით. 

ხელოვნებაში ყოფნის პარალელურად მე და ჩემი მეგობრები დავძრწოდით მშრალ ხიდზე, „იმელის“ შენობასთან - სახლიდან გაგვქონდა ნივთები და ვყიდდით კაპიკებში, რათა შიმშილით არ დავხოცილიყავით; პარალელურად კი ჩვენში, მართლაც სასწაულებრივად,  ხდებოდა ძალების მობილიზაცია,  ხელოვნებაში დარჩენისთვის, არტის და პოეზიის  კეთებისთვის.

ძველ ქარვასლაში, 1993 წლის 10 აპრილს „დადა მეფე-პრეზიდენტის არჩევნები“ ჩავატარეთ. მანამდე აფიშებიც დავბეჭდეთ ამ სახელწოდებით, რომლის ორიგინალიც არტისტმა თემო ჯავახმა შეასრულა და მერე მე ლიტერატურის მუზეუმს ჩავაბარე (ჯავახის ნახატიდან ასლებს ტუშით ჩვენ თვითონვე ვიხატავდით და მერე აფიშებს ქსეროქსზე ვამრავლებდით. ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და ფასადებზე ვაკრავდით). 

თემო ჯავახის მიერ შესრულებული დადა-არჩევნების აფიშა

ეს აწ უკვე ისტორიული დადა-აქცია ქარვასლის პირველ, სარდაფულ სართულზე გავმართეთ. ახლა ის დარბაზი აღარ არის, მაშინ კი იქ მხატვრებიც ატარებდნენ თავიანთ პერფორმანსებს. დაიწყო ჩვენი აქცია და დაცვამ შეგვატყობინა, შაოსან დედათა გუნდი შემოვარდაო. „შაოსანი დედები“ აფხაზეთის ომში დაღუპულ და დაკარგულ მებრძოლთა დედებს ერქვათ. ყოველ შემთხვევაში, მაშინ ხალხში ასე ეძახდნენ. კარებთან მოვარდნენ, დაცვამ ვეღარ შეაკავა და დამატებითი ძალა გამოიძახეს რაციებით. ეს ქალები კი, საქართველოს ძველი, სამფეროვანი დროშებით, გაჰყვიროდნენ: ჩვენ გვყავს ერთადერთი პრეზიდენტი - ზვიადი! თქვენ კი აქ ვინ პრეზიდენტს ირჩევთო?! ამაზე სტატიაც დაიბეჭდა და ფოტოც გამოქვეყნდა, თუ როგორ ხევენ ეს ქალბატონები ჩვენს აფიშებს. დრო იყო ასეთი - ჩვენი „დადა არჩევნები“ ზვიად გამსახურდიას გადაგდების პერიპეტიებს დაემთხვა.

გიორგი ბუნდოვანის მიერ დახატული პლაკატი დადა-არჩევნებისთვის
(გამოყენებულია ციურიხელი დადაისტების ციტატა)

არჩევნებში ზურაბ რთველიაშვილმა გაიმარჯვა. ის იყო პირველი და უკანასკნელი. ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ თავისი  „დადა მეფე-პრეზიდენტის“ გვირგვინი არავისთვის გადაუცია. თუმცა, იმ დღეს კიდევ იყო ორიოდე პროვოკაციული მომენტი. შუა არჩევნების დროს კოტე ყუბანეიშვილი შემოიჭრა და - ვის ირჩევთ, აგერ მე ვარ დადაო.

ხმაურით მიმდინარეობდა ჩვენი მეორე ცნობილი აქციაც - „გასტრონომია და სიყვარული“. მე და ჩემი თაობის ცნობილი პოეტები და ხელოვანები დღის განმავლობაში თბილისის ყველაზე დიდ და ცარიელ გასტრონომებში ვიჭრებოდით, ლექსებს ვკითხულობდით და მინი-პერფორმანსებს ვატარებდით. წარმოიდგინე, ცარიელ გასტრონომში ვდგავართ, სადაც დახლებზე არაფერია, მარტო ძმრის ბოთლები და ასანთი  ჩანს.  სკამებზე ავდივართ, ვყვირით ლექსებს და შემოდის ხალხი, რომელთაც სახეზე შოკი, გაუგებრობა აწერიათ. ერთი ასაკოვანი კაცი იყო, ჩანს კიდეც ვიდეოში, ორდენოსანი ომის ვეტერანი, შლიაპითა და ტროსტით. დაუძახა ოპერატორებს - ამათ კი ნუ იღებთ, ეს დახლები გადაიღეთ, ზედ რომ არაფერი დევსო...

პოეტური ტურნეს აფიშა

იყო კიდევ ასეთი ადგილი - „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“, ახლა ბარია იქ. ჩვენ კი მაშინ სახელოვნებო აქციებს ვმართავდით. შემთხვევითი ხალხიც შემოდიოდა ხოლმე - როგორც მეცნიერთა კლუბში და ვერ ხვდებოდნენ, რაში იყო საქმე. ამდგარან და  პროტესტის ნიშნად დაუტოვებიათ კიდეც დარბაზი - „რა უნდათ ამათ საერთოდ“,  „ვინ არიან?“ - თან მოგვაძახებდნენ ხოლმე.

თსუ-ს ერთ-ერთ დარბაზშიც ჩავატარეთ საღამო „ურბანიზმი თანამედროვე ქართულ პოეზიაში“ - ესეც იყო ახალი, უცხო და ორიგინალური.

ანომალიური პოეზიის კრებულის კრეზენტაციის აფიშა

ოქტაი ქაზუმოვი: როგორ მიიღო ძველმა თაობამ  თქვენი თაობის ფენომენი, იყო თუ არა კურთხევა? გცნეს თუ არა თავიანთ ლიტერატურულ მემკვიდრეებად?

გიორგი ბუნდოვანი: სიტყვა „კურთხევა“ რომ ახსენე, ზუსტად ამ ტერმინზე მაქვს პასუხი, რომელიც ჩვენ დროს მოხდა, ჩვენ მეგობარს ეხება, მაგრამ არა - ჩვენ.  იყო ასეთი ადამიანი, მეტსახელად „ვაჩე“, გვარად ვაჩეიშვილი. სამწუხაროდ, მისი ნამდვილი სახელი აღარ დამამახსოვრდა. ის აღმოჩნდა სწორედ „ცისფერყანწელების“ სულიერი მემკვიდრე. უბის წიგნაკში ჩამიხატა კიდეც განახლებული „ცისფერყანწელების“ გერბისთვის ესკიზი. ამ ესკიზის ფოტო მაქვს, რადგან მისი ორიგინალიც ლიტერატურის მუზეუმში ჩავაბარე. 

გიორგი ბუნდოვანის უბის წიგნაკში აფხაზეთის ომში დაღუპული თანამედროვე
ცისფერყანწელთა მაგისტრის, მალხაზ ვაჩეიშვილის მიერ ჩახატული ორდენის გერბის ესკიზი

ეს ვაჩე შემდეგ წავიდა აფხაზეთის ომში, იქ დაიკარგა და ომის დასრულებიდან წელიწადნახევარში იპოვეს მისი ცხედარი, ჩამოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ კაცმა, თავის მეგობრებთან ერთად, „ცისფერყანწელების“ ახალი თაობის ორდენი შექმნა: რეგიონებში დადიოდნენ, სახელდახელო სუფრებს აწყობდნენ და სუფრებზე თავიანთ, უფრორე ტრადიციულ ლექსებს სადღეგრძელოებად ამბობდნენ.  ეგენი მივიდნენ კოლაუ ნადირაძესთან - მაშინ „ცისფერყანწელების“ უკანასკნელ მოჰიკანთან და გააცნეს თავიანთი მოღვაწეობა. უთხრეს, რომ მთლიანად ცისფერყანწელების ტრადიციაში იყვნენ და დააყოლეს, არ გვინდა, რომ ეს ტრადიცია დაიკარგოსო. 

კოლაუმ სცნო ისინი. ვაჩემ და მისმა მეგობრებმა კი კურთხევის მაგვარი რიტუალი ჩაატარეს: კოლაუ ნადირაძეს ოფიციალურად დაბანეს ფეხი, ხოლო მან გადასცა „ცისფერყანწელების“ ორდენის ბეჭედი, როგორც ორდენის გამგრძელებლებს.

ამას მოჰყვა სამოქალაქო და აფხაზეთის ომები, სადაც ვაჩე დაიღუპა, ჯგუფი კი დაიშალა.

ოქტაი ქაზუმოვი: 90-იანი წლების თაობა ამდენად იყო ინსპირირებული „ცისფერყანწელებით“? თქვენი გამოსვლა ხომ არ იყო 70-წლიანი წყვეტის შემდეგ მათთან და მათ ესთეტიკურ პრინციპებთან მიბრუნება?

გიორგი ბუნდოვანი: მსგავსება იყო, პირველ რიგში, ფორმების თვალსაზრისით, რაც ამდენწლიანი წყვეტის მერე მართლა თვალნათლივ ჩანდა. „ცისფერყანწელები“  დღევანდელ რუსთაველის პროსპექტზე ადიოდნენ ხეებზე  და ხეებიდან ყვიროდნენ თავიანთ ლექსებს. ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში. მერე, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში უკვე ჩვენ ვაკეთებდით ასეთ „სიგიჟეებს“. 1990 წელს ზურაბ რთველიაშვილმა და მე ჩამოვაყალიბეთ - ქართველ პოეტთა ორდენი „ქრონოფაგები“ . სუფთა წყლის სიმბოლისტურ ტრადიციებზე დავწერეთ  მანიფესტი, რომელიც ჩვენი პირველი კრებულის პირველივე გვერდზე დავბეჭდეთ  - ისე, როგორც „ცისფერყანწელების“ ჟურნალს უძღვის წინ პაოლო იაშვილის მანიფესტი. თუმცა, ჩვენი ლექსები და ჩვენი მიდგომები უფრო ჭრელი იყო. ჩვენს მეორე კრებულში „ანომალიური პოეზია“ უკვე  გამოიკვეთა ჩამოყალიბებული, ერთიანი სტილისტიკა.

ლიკა ვარაზის მიერ შესრულებული ქრონოფაგების საბლანკო ბეჭდის ესკიზი

ოქტაი ქაზუმოვი: „დადა მეფე-პრეზიდენტის“ არჩევნებს მივუბრუნდეთ. „პრეზიდენტი“ - ეს სიტყვა, ალბათ, იმიტომ გამოიყენეთ, რომ პოზიცია არჩევითი იყო, ხოლო „მეფე“ აღნიშნავს აბსოლუტურ მპყრობელს. ანუ ორი შეუთავსებელი ფენომენი გააერთიანეთ.

გიორგი ბუნდოვანი: ეს იყო მიზანმიმართულად პროვოკაციული  საქციელი, ერთგვარი თამაში, ავანტიურა. ასეთი არჩევნების გამართვა მწერალ დათო ბარბაქაძის იდეა იყო. თავად არჩევნები კი ზოოპარკში უნდა ჩატარებულიყო. ცარიელი ვოლიერი უნდა გვენახა. აქცია-არჩევნების ჩატარების შემდეგ, ვინც გახდებოდა დადა მეფე-პრეზიდენტი,  ერთი ღამით იმ ვოლიერში უნდა მჯდარიყო და გაეთენებინა - უნდოდა, ლექსები ეყვირა, უნდოდა, ეღრიალა, უნდოდა, დაეძინა.

პოეტი და არტისტი, დათო ჩიხლაძე და თუ არ ვცდები, თვითონ დათო ბარბაქაძე ზოორპარკის იმჟამინდელ დირექციაში მივიდნენ, მაგრამ უარი მიიღეს.  გაწბილებულები მოვიდნენ, ჩაიშლებაო, წუხდნენ. შემდეგ ქარვასლის იდეა წამოვიდა.  ქარვასლის არტ-კურატორმა, ლიკა მამაცაშვილმა დარბაზი შემოგვთავაზა. ამ დარბაზს ტრადიციაც ასეთი ჰქონდა - ხელოვანები და არტისტები იქ სულ „სიგიჟეებს“ აკეთებდნენ, მაგალითად, მანდ გადაისხა მამუკა ჯაფარიძემ წითელი საღებავი და მაშინდელი ლესელიძის აღმართი ნახევრად შიშველმა იქიდან აიარა. 

არჩევნებს ჰყავდა სამკაციანი ჟიურიც: ლიკა მამაცაშვილი, გურამ წიბახაშვილი და პოეტი ბადრი გუგუშვილი, რომელიც გარდაიცვალა. მან შექმნა 1980-იან წლებში ლიტერატურული ალმანახი  „იახსარი“ და ვფიქრობ, რომ მისი წასვლით დიდი ფურცელი დაიხურა იმ პერიოდის ქართულ პოეზიაში.  ბადრი გუგუშვილი მაშინ იყო ერთადერთი გამოკვეთილი ურბანისტი პოეტი, რომელსაც ისე უხაროდა „ქრონოფაგები“ და „ანომალიური პოეზია“, ისე ვუყვარდით ჩვენ, რომ უნივერსიტეტის 93-ე აუდიტორიაში „ანომალიური პოეზიის“ პრეზენტაციაზე, ვრცელი სიტყვით გამოვიდა, ესეც ჩაწერილია. ჩვენს ორდენში შემოსვლაც ჰქონდა გადაწყვეტილი.  ფსევდონიმიც კი შეირჩია - „ტრიფონ მონანიე“.  თუმცა აღარ დასცალდა, 1996-ში ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

მწერალთა კავშირის შენობაში გიორგი ბუნდოვანის მიერ ჩატარებული
ბადრი გუგეშაშვილის ხსოვნის საღამოს აფიშა

ოქტაი ქაზუმოვი: ისე პოეზიაში ტიტულებისთვის შეცილების ერთგვარ გამოძახილს ვხედავ 90-იანების ქართულ მუსიკაშიც -  ირაკლი ჩარკვიანი „მეფე“, ლადო ბურდული „იმპერატორი“...

გიორგი ბუნდოვანი: ქრონოფაგებმა“ და „რეაქტიულმა კლუბმა“, რომელიც ირაკლი ჩარკვიანისა და კოტე ყუბანეიშვილის ჯგუფი იყო, ერთ პერიოდში დავიწყეთ. უბრალოდ „ქრონოფაგებმა“ დავასწარით პირველი წიგნის გამოცემა. მაგარი ქიშპობა იყო ჩვენსა და „რეაქტიულ კლუბს“ შორის.

ოქტაი ქაზუმოვი: რას ეცილებოდით ერთამენთს?

გიორგი ბუნდოვანი: დღეს ეს სასაცილოდაც არ მყოფნის. წლების მერე კოტეს მადლობაც გადავუხადე, რადგან ის იყო პირველი ადამიანი, ვინც დაგვანახა ჩვენი შეცდომა პირველ კრებულში, რომელშიც მეც მიმიძღვის ბრალი - მე შემოვიყვანე ორდენში ქართული ტრადიციული პოეზიის წარმომადგენლები, ჩვენი საერთო მეგობრები. არადა, მე და ზურაბ რთველიაშვილი სრული ავანგარდისტები, ეპატაჟისტები და ექსპერიმენტატორი პოეტები ვიყავით. სტილისტური აღრევა მოხდა.  რისთვისაც საკმაოდ უხეშად გაგვაკრიტიკა კოტე ყუბანეიშვილმა. მერე მივხვდი, რომ სამართლიანადაც. როცა დავზავდით, კოტემ გვითხრა: - შენ და ზურას გვერდით როგორ შეიძლებოდა ამ ხალხის გამოცემა. ამ ხალხს ცალკე უნდა გამოეცათ ლექსებიო. აგერ, ნახეთ, „რეაქტიული კლუბის შიგნით არის სულ ერთი სტილის ხალხიო. თქვენ კი ასე უშნოდ აირიეთო.

ოქტაი ქაზუმოვი: რა იყო „ქრონოფაგებისა“ და „რეაქტიული კლუბის“ განმასხვავებელი ნიშნები?

გიორგი ბუნდოვანი: „ქრონოფაგები“ რომ ჩამოყალიბდა და „რეაქტიული კლუბიც“ რომ გამოჩნდა,  პარალელურად დავიწყეთ აქციების გამართვა. ხანდახან სხვების მიერ მოწყობილ საერთო აქციებშიც ვიკვეთებოდით.  მალევე ირაკლი ჩარკვიანი მთლიანად მუსიკაში გადაიჭრა და მერე კოტე მარტო აგრძელებდა გამოსვლებს. სხვა საერთო - კიდევ ის, რომ ავანგარდს ვაწვებოდით. განმასხვავებელიც - უამრავი დეტალი, რა თქმა უნდა...

ოქტაი ქაზუმოვი: და „ქრონოფაგები“ როგორ დაიწყეთ?

გიორგი ბუნდოვანი: 1990 წელია და ყოფილ კლარა ცენტკინის ქუჩაზე (ახლანდელ წინამძღვრიშვილზე) მე და ზურა ჩემს ოთახში ვსხედვართ.

ზურას სულ ჰქონდა იდეა, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოგვეწყო პოეტების მსვლელობა, პოეტური აღლუმი დროშებითა და ტრანსპარანტებით, რომლებზეც ქართველი დადაისტების გამონათქვამები, ფუტურისტი პოეტების ციტატები დაიწერებოდა.

იდეა კი იყო ძალიან ლამაზი, მაგრამ - უტოპიურიც. საქართველოში ისეთი დაძაბულობა იყო, ისედაც იმდენი გამოსვლა და აქცია იმართებოდა, რომ ამას მაშინდელი უშიშროება აუცილებლად ჩაახშობდა.  ამიტომ გაჩნდა პოეტური ჯგუფის შექმნის იდეა. როგორც კი ზურამ ჯგუფი ახსენა, მე „ცისფერყანწელთა“ კვალობაზე ორდენი გამახსენდა. სახელზე ათასნაირი ვერსიები იყო, ბოლოს  შევჯერდით „ხრონოფაგუს“-ზე,   რაც ლათინურიდან „დროის მშთანმთქმელებს“ ნიშნავს. ქართულად „ქრონოფაგები“. მეგობარი პოეტები შემოვიკრიბეთ გარშემო. ზურამ ერთადერთი ვინც მოიყვანა, იყო ცხონებული ოთარ ბურდული. მთელი მოდგმით ხევისბერი და შემდგომში ჩვენი ორდენის მაგისტრი, წმინდად ტრადიციონალისტი პოეტი. მანაც სავალალოდ ოთხიოდე წლის წინ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

ასე რომ, ამ სტილისტურ აღრევაში ზურასაც თავისი წვლილი მიუძღვის. ოთარ ბურდული ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, ძალიან კარგ ლექსებს წერდა, მაგრამ ტრადიციონალისტი პოეტი იყო. მე კიდევ ორი სხვა მოვიყვანე, სოსო  ფსევდონიმით მარტვილელი და კობა, ფსევდონიმით განდეგილი. მერე შემოგვიერთდა ჩემი მეგობარი, ესეისტი და მხატვარი რამაზ ჭანკოტაძე - მისი ერთი ესეიც არის შესული „ქრონოფაგების“ პირველ წიგნში და ასევე იყო ზვიად ტყეშელაშვილი, იგივე - კახაბერ კოლხი.  თუმცა მან პირველ კრებულამდე ვერ მოაღწია. ორდენში შიდა განხეთქილება მოხდა, რომელზეც არ ვილაპარაკებ, რის გამოც, საპროტესტოდ, კახაბერ კოლხმა დატოვა ორდენი. მაგრამ საგაზეთო სტატიებში კახაბერ კოლხი ყველგან ფიგურირებდა წიგნამდე და ორდენის მანიფესტშიც არის მისი აბზაცი.

ორდენი დეიურედ დააფუძნა და პირველი 2 კრებულიც დაგვიფინანსა მაშინდელმა - „ლიტერატორთა რესპუბლიკურმა ცენტრმა“ და მისმა დირექტორმა, პოეტმა - სოსო მაჭარაშვილმა (ამ ორგანიზაციის ცნობილი ლიტ-გაზეთები იყო „რუბიკონი“ და „მესამე გზა“, სადაც დავიწყეთ ჩვენი ლექსების ინტენსიურად ბეჭდვა...) ჩვენ ორდენს ჰქონდა თავისი ოფიციალური ბეჭედი, რომელსაც ოქმებსა და ყველა სხვა საბუთს ვურთავდით; ბლანკის ფურცლები ორდენის სიმბოლიკით, რაზეც იწერებოდა განცხადებები, წერილები; ორდენს გააჩნდა თავისი დროშა, რომელიც კედელზე გვქონდა გაკრული; ორდენს ჰქონდა თავისი გერბი, რომელიც გამოსახული იყო დროშაზეც და ბეჭედზეც. 

ქრონოფაგების მაგისტრის მოადგილის, გიორგი ბუნდოვანის უბის წიგნაკი

ორდენი კი გვქონდა, მაგრამ ჩემ გარდა, ყველა მუშაობდა. ზურა რთველიაშილი - უზენაეს სასამართლოში მეხანძრედ და დარაჯად იდგა. ოთარ ბურდულიც იქვე ზურასთან ერთად იყო დასაქმებული. სოსო მარტვილელი სწავლის პარალელურად მუშაობდა, კობა განდეგილს კი საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე დაჰყავდა ვოლგით. მე ვსწავლობდი და, ვინაიდან არ ვმუშაობდი, სტამბაში და ყველგან მე დავრბოდი, მასალებს ვაგროვებდი და მიუხედავად ჩემი ამდენი სირბილისა, მაინც ძალიან ბევრი შეცდომა გაიპარა პირველ კრებულში. როცა გამოვიდა ტირაჟი, ერთი კვირა სახლში ვიჯექი და ხუთიათასივე ეგზემპლარში შესწორება შემქონდა. შემდეგ გვითხრეს, რომ შეცდომების გასწორების ფურცელი არსებობსო, რომელიც იქვე დაგვისტამბეს და ჩავაკარით მთელ ტირაჟში. 

სტამბის ფული დაგვაკლდა მაინც. ცხონებულ დედაჩემს წვნიანის დიდი ვერცხლის კოვზი მოვპარე, მშრალ ხიდზე გავყიდე და ის ფული ჩავამატე, რათა ტირაჟი წამომეღო. 

მაშინ პოეტები საკუთარ კრებულებს ქუჩაში ყიდდნენ ხოლმე.

მაშინდელ ცნობილ წიგნის მაღაზია „საუნჯეში“ მივედი ოპერის მოპირდაპირედ.  დირექტორს დაველაპარაკე, რომ მის წინ ქუჩაში წიგნის გაყიდვის უფლება მოეცა და თან საღამოობით პატარა მაგიდაც მათთან შემენახა. დათანხმდნენ. ეს ის დროა, როცა რუსთაველზე უკვე ბარიკადებია აღმართული. გადაჯვარედინებული ლიანდაგები დგას და  ქვეყანა სამოქალაქო ომის წკიპზეა.  მოკლედ, ჩემს უკან ჩემივე ხელით გაფორმებული პლაკატი დავკიდე, სადაც ეწერა, რომ ეს არის მეორე ოფიციალური ორდენი საქართველოში, „ცისფერყანწელების“  შემდეგ, რაც მართლაც ასე იყო  დე-იურედ.  დე-ფაქტოდ სხვებიც იყვნენ - „რეაქტიული კლუბი“, „ბებერი პოეტების ორდენი“, „ყვითელი ცხედრები“ და ა.შ. შემდგომში კი ბევრი სხვა პოეტური საძმო თუ ორდენებიც გაჩნდა თბილისში...

„ქრონოფაგებს“ პუშკინის ინსტიტუტმა (ახლანდელმა ილიაუნიმ) პატარა კაბინეტივით სივრცე გამოგვიყო და ის ჩვენი ორდენის თავშეყრის ადგილად, ერთგვარ სალონად  იქცა. ვიკრიბებოდით, ოქმებს ვადგენდით -  რა გეგმები გვაქვს, რას ვაპირებთ, ვინ დაესწრო შეკრებაზე, ვინ ვერა. 

მე დავიწყე შუაგულ რუსთაველზე წიგნის სამ მანეთად გაყიდვა. ჩვენი პლაკატი უკან მეკიდა. კარგად მახსოვს, რომ პირველ დღეს ოცდაათიოდე წიგნი გავყიდე, რომლითაც რესტორანში წავედით და ის, რესტორანში  ყველას ხელმოწერებიანი და ღვინით დასვრილი წიგნი ახლაც სახლში უნდა მქონდეს, ლიტერატურის მუზეუმს თუ არ გადავეცი. 

ქრონოფაგების ეგზემპლარი, რომელიც გიორგი ბუნდოვანმა
საფლავში ჩააყოლა ორდენის მაგისტრს, ოთარ ბურდულს.

ორი თვე, კვირის გამოკლებით, დილიდან-საღამომდე, ვიჯექი და ხალხი მესეოდა, ყიდულობდნენ, ავტოგრაფებს მართმევდნენ. რთველიაშვილი, ბურდული, განდეგილი, რამაზ ჭანკვეტაძე მოცალეობისას გამომივლიდნენ ხოლმე და ჩემთან ერთად ჯდებოდნენ. თუ ვინმე იმ დროს ყიდულობდა, წარვუდგენდი ხოლმე, აი, ესაა ესა და ეს პოეტი და იმათაც ავტოგრაფს სთხოვდნენ.

ოქტაი ქაზუმოვი: რამდენად იყო თქვენი ლექსებისთვის სკაბრეზი დამახასიათებელი?

გიორგი ბუნდოვანი: იმ პერიოდში ნაკლებად. ჩვენთან უფრო იყო აბსტრაქტული სახეები, მეტაფორები, მიუღებელი შედარებები, უცხო მხატვრული სახეებით დატვირთული, სრულიად თავისუფალი, ყოველგვარ ჩარჩოებს მიღმა ლექსები იყო.

ოქტაი ქაზუმოვი: როგორ გაგრძელდა „ქრონოფაგების“ ისტორია?

გიორგი ბუნდოვანი: მანიფესტი ბაბუაჩემის საბეჭდ მანქანაზე დავბეჭდე,  ქსეროქსით გავამრავლე და თბილისის ყველაზე ცნობილ ადგილებში გავაკარი, სადაც ჩემი და ზურას ტელეფონის ნომრებიც მივუთითე. ამ ტელეფონებზე გვირეკავდნენ, გვეცნობოდნენ და სხვადასხვა ადგილებში გვიწვევდნენ. პრესა აშუქებდა. მაშინ  ამ სფეროში ახლანდელივით კლანურობა ჯერ არ იყო.

ჩვენი ორდენის ბუმი, დაახლოებით, წელიწადნახევარს გაგრძელდა. „ქრონოფაგების“ კრებულის ცალკე, ოფიციალური პრეზენტაცია არ გაგვიკეთებია, იმდენად ხშირი იყო საღამოები, მიწვევები და ინტერვიუები.

შოთა იათაშვილმაც გვიპოვა ჩვენი მანიფესტით. იგი, მაშინ მუხიანის საკაბელო ტელევიზიაში რეჟისორად მუშაობდა, ინტერვიუ გვთხოვა. დავთანხმდით და ერთხელაც ერთ ტანდაბალ ბიჭთან ერთად მოგვადგა, ეს ჩემი ოპერატორიაო. ის ოპერატორი კი იყო მომავალში მწერალი ალეკო შუღლაძე. სამსაათიანი მასალა ჩაწერეს. მასალაში მე და ზურა ვსხედვართ და მთელ ამ ისტორიას ვყვებით. ზურას აცვია ღია ნაცრისფერი კოსტუმი, მე მაცვია ჯინსები და ჯემპრი. ეს ინტერვიუ ოთხ თუ ხუთ ნაწილად გაუშვეს. ერთი კვირა გადიოდა. მუხიანის მოსახლეობის გარდა, ვის უნდა ეყურებინა მისთვის, ამიტომ, ზოგადად რომ ვთქვა, ჩვენს პოპულარობაზე ამ სიუჟეტ-ინტერვიუმ დიდი გავლენა მოახდინა-მეთქი, ასე ვერ ვიტყვი. 

შემდეგ შოთამაც გამოთქვა სურვილი ჩვენ ორდენში შემოსვლის. მერე იყო ის, რომ ორდენის შემადგენლობაც აიჭრა, ამიტომ კრება მოვიწვიეთ, სადაც ვთქვით, რომ ორდენმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა, რომ ახალი ჯგუფი უნდა შეიკრას. ახალ ჯგუფში კი მე და ზურა მოვიაზრებოდით, ასევე, შოთა იათაშვილი, რომელიც აბსოლუტურად ჯდებოდა ჩვენ სტილში.

ჩვენს მეორე კრებულს „ანომალიური პოეზია“ დავარქვით. ოღონდ გამოსაცემად სამყოფი თანხები არ გვქონდა. დათო ბარბაქაძემ დაგვაკვალიანა, (რომელიც „სამიზდატით“ ანუ „თვითგამოცემით“ თავის გერმანულიდან თარგმანებს, თავის ლექსებს, კრებულებს ინტენსიურად გამოსცემდა, მიგვიყვანა ნახევრად ქსეროქს-სტამბაში). ისევ და ისევ პაპაჩემის საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი მასალით, ახალი წინასიტყვაობით, რომელიც შოთა იათაშვილმა დაწერა და ახალი ბოლოსიტყვაობით, რომლის ავტორიც იყო კრიტიკოსი, ცხონებული უშანგი დარჩიაშვილი, მივიტანეთ იქ და  ქსეროქსის წესით, საბეჭდი მანქანის შრიფტით გამოქვეყნდა. 

დავით მეტრეველის მიერ შესრულებული წიგნის ყდა

ამ კრებულის დიდი პრეზენტაცია უნივერსიტეტის 93-ე აუდიტორიაში მოეწყო, ბევრი ხალხი ესწრებოდა.  კრებულის გარე ყდა დახატა შოთა იათაშვილის მეგობარმა, სიურეალისტმა მხატვარმა დავით   მეტრეველმა. დარბაზიც დათო მეტრეველის ნახატებით იყო მორთული და ასევე  ჩემი კოლაჟებით, მათ შორის დათო მეტრეველის მიერ ჩვენი კრებულისთვისთვის შესრულებული გარეყდის ნახატის ჩემეული  კოლაჟიც იყო - თავის ქალა, შიგ ჩარჭობილი „პროპოშნიკით“. 

დიდი საღამო ჩატარდა. კიდევ ერთელ გავიმეორებ: ცხონებული ბადრი გუგუშვილი ნახევარსაათიანი სიტყვით გამოვიდა, აღფრთოვანებული იყო ჩვენით. ამ ორდენში მინდა შევიდეო, - ამბობდა. 

ოქტაი ქაზუმოვი: „ქრონოფაგებმა“ შეწყვიტა არსებობა თუ „ანომალიურ პოეზიაში“ გადაიზარდა?

გიორგი ბუნდოვანი: „ქრონოფაგებმა“ არსებობა შეწყვიტა. ჩამოყალიბდა „ანომალიური პოეზია“ და ოთარ ბურდულმა ამ ეგიდით გამოსცა თავისი პოეტური კრებული. ე.ი. სამი  წიგნი გამოვიდა ამ გერბით: 1) „ქრონოფაგები“ -1991 წელი 2) „ანომალიური პოეზია“ -1993 წელი და 3) ოთარ ბურდულის წიგნი „ლომისის ციხე-დედოფალი“ - თუ არ ვცდები, ასე ჰქვია.

შემდეგ „ანომალიური პოეზიის“ ბუმი დაიწყო. უნივერსიტეტში იმ გახმაურებული პრეზენტაციის მერე ისევ მიწვევები, ისევ ინტერვიუები, საღამოები... ეს ტალღა  სადღაც 1994-1995 წლების გასაყარზე მინელდა. მაგრამ მე და ზურაბ რთველიაშვილი დამოუკიდებელ არტ-აქციებს ვმართავდით. „ანომალიური პოეზიის“ პარალელურად ჩამოვაყალიბეთ „ალტერნატიული კულტურის ლაბორატორია“. პირველი აქციები ჩავატარეთ პლეხანოვზე, არტოს ბაღში. ამის ვიდეო მასალაც მაქვს, ოღონდ - გასაციფრებელი.  

შემდეგ „კავკასიური სახლი“ გამოდის არენაზე.  მაშინ ორად-ორი დარბაზი ჰქონდა. ეზოში ხის ბარაკები იდგა, რომლებიც შემდეგ ამ ორგანიზაციამ შემოიერთა. მეორე სართულის დიდ დარბაზში პირველი ერთობლივი ლიტერატურულ-პოეტური საღამო ჩავატარეთ. მე, ზურა რთველიაშვილმა და დათო ჩიხლაძემ.  საღამოს ერქვა „რომანტიული-გიჟური და ანარქიული“

პოეტური საღამოს აფიშა. კავკასიური სახლი. 1997 წ.

„რომანტიული“ იყო დათო ჩიხლაძე, „გიჟური“ ვიყავი მე და „ანარქიული“ იყო რთველიაშვილი. თუმცა, ჩვენ უკვე გვქონდა ფსევდონიმები: მე - „ბუნდოვანი“, ზურა - „ქაოსური“, შოთა - „მეტამორფოზული“. ის ხსენებული სათაური კი მხოლოდ ერთჯერადად, იმ საღამოსთვის შეირჩა.  ფსევდონიმები კი არც ერთს არ გამოჰყვა, ჩემ გარდა. მხოლოდ მე შევინარჩუნე ბუნდოვანი. შესისხლხორცებული მაქვს და ძალიან ბევრს გვარი ჰგონია, ხან სომეხი ვგონივარ, ხან სვანი.

ოქტაი ქაზუმოვი: შენი განსაკუთრებულობა ის არის, რომ შენ დღესაც პოზიციონირებ, როგორც 90-იანელი. იმ სურნელს, ელემენტებს ინარჩუნებ და აგრძელებ იმ ეპოქის ექოს.

გიორგი ბუნდოვანი: უკვე მთლად არა. მოდი, ასე ვიტყვი, ჭეშმარიტი ხელოვანი ყოველთვის განიცდის ზრდას თვითგანვითარების შედეგად.  თუ ჭეშმარიტი ხელოვანი არა ხარ, არ გადიხარ თვითზრდასა და თვითდახვეწას. ყველაზე მთავარი ინდიკატორი ეს მგონია: როცა დღეს ვწერ ლექსს და შვიდჯერ წაკითხულზე შვიდივეჯერ მომწონს, მაგრამ ხვალ დავწერ მეორე ლექსს და გუშინ დაწერილზე მეტად მომეწონება - ანუ ვიხვეწები. ასე რომ, შეუძლებელია, რომ დღეს, 2024 წელს რასაც ვწერ, 90-იანებში დაწერილის მსგავსი იყოს. პრობლემატიკა სხვაა, თემატიკაც, განწყობაც, სიტყვიერი მარაგიცა და მეტაფორული ბაზაც. „ქრონოფაგებში“ რომ ვწერდი, ახლაც ისეთი ლექსები რომ ვწერო, ვიფიქრებ, რომ დრომ უკან გამტყორცნა. 

დაწვრილებით

ჩემი დევიზი ასეთია „პოეზია პოეზიისთვის და არა მკითხველისთვის“. მკითხველისთვის არასოდეს  მიწერია. ლექსის წერა არის შინაგანი ბუნების მანიფესტირება, ამიტომ ამ მომენტში ვერაფრით ვიფიქრებ სხვაზე და მის შეფასებაზე.

მეორე ლოზუნგიც არის: „არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე“. ამდენად, რომელ მომავალშიც არ უნდა აღმოვჩნდე, მე ყოველთვის ვიახლებ წარსულის ექოს. ამ აზრით კი,  მე დღესაც ოთხმოცდაათიანელი ვარ და ალბათ სულ ასეთად დავრჩები...

ოქტაი ქაზუმოვი: ხანგრძლივი „პოეტური მარხვის“ შემდეგ დაბრუნდი,  გამოეცი რიგით მეშვიდე კრებული, ჩაატარე რვა პერფონმანსი და ყველაფერი ეს მხოლოდ 1 წლის განმავლობაში. შენი დღევანდელი პერფორმანსები თუ ჯდება 90-იანების ესთეტიკაში?

გიორგი ბუნდოვანი: ორმოცდაათი-სამოცი პროცენტით შეიძლება ჯდებოდეს. იგივე ჩემი ჟესტიკულაცია, ატრიბუტიკა შეიძლება ეხმიანებოდეს იმ პერიოდში გამოყენებულ ელემენტებს. ეს ერთი წელიწადი ჩემთვის იყო მკვდრეთით აღდგომის ხანა. სხვათაშორის, ეს არ იყო ჩემი სურვილით. სხვადასხვა სახის ცხოვრებისეულმა სიდუხჭირემ მაიძულა, რომ დავბრუნებულიყავი, თორემ მანამდე რვა-ცხრა წელი ეკლესიად ვიყავი - საერთოდ დაშორებული  ყოველგვარ ხელოვნებას თუ თანამედროვე პერფორმანსს.

ნაივურად მჯეროდა, რომ ჩემი დაბრუნება გარკვეულ ინტერესს აღძრავდა, მაგრამ ეს ჩემი გაბრძოლება სიზიფეს შრომა აღმოჩნდა. ამას მივხვდი და საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი.

დღეს სხვა ხალხია მოსული, რომლებიც სრულიად სხვა, ჩემთვის რადიკალურად მიუღებელ და უცხო განზომილებაში არიან. როგორც იტყვიან - ისინი არიან „ალთას“ და მე ვარ „ბალთას“. მე ვერასოდეს მოვექცევი იმათ „ალთაში“, როგორც ისინი ვერ მოექცევიან ჩემს „ბალთაში“, შესაბამისად, მოსალოდნელი განზიდვაც მოხდა. არც მათ ვაკრიტიკებ და არც ჩემ თავს ვამტყუნებ. მე მქონდა უფლება გადარჩენა მეცადა.

ოქტაი ქაზუმოვი: როდის დაერქვა ამ ეპოქასა და თაობას ოთხმოცდაათიანელები?

გიორგი ბუნდოვანი: ორიათასი წელი რომ მოდიოდა, მთელ მსოფლიოში  იყო მოლოდინი, რომ საუკუნე მთავრდება და დგება აპოკალიფსი. ერთ-ერთმა არტისტმა (სახელი და გვარი აღარ მახსოვს)  „ქარვასლაში“ დაბლა, პირველ სართულზე, წინა საუკუნის გაცილების აქცია-პერფორმანსი ჩაატარა და ღვინო მოიტანა. ღვინით სავსე ერთჯერადი ჭიქებით დიდად დაწერა „მეოცე საუკუნის გაცილება“. ეს აქცია რატომაა სიმბოლური ჩემთვის გეტყვით: ორიათასი წელი დადგა და გაჩნდა ტერმინი „90-იანი წლები“, რომელიც ასოცირდება სიბნელესთან, გაჭირვებასთან.

ორი საუკუნის გზაგასაყარზე ყოფნა უმძიმესი კარმაა. ჩვენ ვართ გაჩხერილები ორ საუკუნეს შორის. დავიბადეთ წინა საუკუნეში, ვბერდებით და ვკვდებით სხვა საუკუნეში.

ეს გარდასვლის პერიოდია და გვიჭირს. ბევრი ვერ უძლებს და ბევრმაც ვერ გაუძლო. ჩვენ ერთგვარად რჩეულებიც ვართ - იმ საუკუნეში დავიწყეთ აქტიურობა მთელი შეგნებით და მონდომებით და ამ საუკუნეშიც ჯერ კიდევ თავგანწირვით ვფართხალებთ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა