გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გიორგი ბუნდოვანი კულუტირის სანიტარი

ხმამაღალი სიჩუმე | გიორგი ბუნდოვანი

...

მინორული, ქვე თუ ზე-ლირიკული განწყობებიდან,
სარკაზმიდან-მეტასტაზურ ტკივილებამდე, კრუნჩხვებამდე.
ვულკანის ამოფრქვევამდე მისულ დაძაბულობამდე!
და მაინც:
მუდმივ შინაგან შტორმში ყოფნაა ჩემი კრედო.
ნიადაგ, სრულიად ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამაბათილებელ, თუ ურთიერთმშთანთქმელ ორბიტებს შორის ვმანევრირებ, როგორც პოეტი.
და მიხარია, რომ არასოდეს ვიქანცები, არასოდეს ვიხუთები ამით!

- კულტურის სანიტარი, გიორგი ბუნდოვანი

...


* * *

ცეცხლი, ცეცხლი, იქვე დენთი,
საფანტის და ნაღმის წვიმა...
არც фრანტი ვარ და არც დენდი,
არც ჭაობი და არც მღვიმე!

ქარი, ქარი, ვერ ჩამდგარი,
სიცივის და სუსხის ქორო...
ვერც უხვი, ვერც ამაგდარი -
შავი ხვრელი, გველის სორო!
 
ქუხს ქვემეხად, ფეთქავს მეხად,
ტკივილების მზარდი ნუსხა...
- ხან ვმეტყველებ ზე-უკმეხად,
- ხან კი ჭინჭრად ყველას ვსუსხავ!
 
სეტყვა, კოხი, ქაფი, თქეში,
იდღაბნება ჭრელ პალიტრად;
სულ გვამები, ირგვლივ ლეშად -
შეიკვრება მონოლითად!
 
დამაპურე, დავაპურე,
შევაცურე სისხლში ნავი...
რომ ცრემლები დამასხურე,
მომეჩვენა როგორც ზვავი!
 
არა ღელვა, არა თელვა,
გადასერვა ყველა ზღვარის!..
მაგ გუგებში იშვა ელვა,
გამთანგველი თავად მთვარის!

ელნათურა თვალებს ლულავს,
ბჟუტავს ცისკრის კასკადები;
მიწა იძვრის, სუნთქვას ხუთავს,
როცა ლექსში იბადები!..


დავლური

დაუკარი მენდელსონი! კლიმაქსი არ გჭირს!
არ გჭირს სტენოკარდია და ართრიტი!
გადაყარე თმები უკან, გადაცოცხე მხრებზე ტვირთი;
იარე ჩქარა! არ ირბინო!
იარე სწრაფად, დგომით ადგილზე!!
გადააფურთხე უძრაობა, გადაანერწყვე ყველა ტაქტი თუ რიდი!
ყველა აქტი მოისროლე ჯანდაბაში!
იღვაწე! იშრომე! იწვალე - იმშობიარე სიტყვა
მართალი!!
იბრძოლე თავისუფლებისათვის!
-მიდი, წინ მიდი!!
მოიფშვნიტე თვალების უპეები, წირპლებით ამოილესე სევდა!
სიმართლის ქონგურებზე წამოაგე შენი სხეულის უმწეობა, დაღლილობა, სიმჩატეც!
-ბნედაც!
შენ არ ხარ კეთროვანი! შენ არ გჭირს ათაშანგი! არც ბანგი სიყლევის!
მაგრამ მუდმივად იკლაკნები, იმანჭები, ირიბად ირწევი!
ესენი შენ ვერ გამოგასირებენ!
ესენი ვერ მოგსპობენ!
-ინებე სუფთა ჟანგბადი, ინებე!!
ააცეტე და ააცეკვე ლექსში აღლუმი,
-დავლური!
გემო-ვნება არ გაქ, გაქ გენო-თეზისი და კრიზისი წლების,
გამოგაცხადებენ გიჟად, დესტრუქციულ ანტი-გმირად!
-ფრთხილად!
იფხიზლე, ფრთხილად!!
და
არ დაიჯერო!
არ დაიჯერო!
არ დაიჯერო!
რომ ხვალ ის დღე გათენდება, რომელიც დღეს გამოიძინე!...


კულტურის ომი!

კულტურა მკვდარია,
თუ იქცა სკულპტურად!
თუ მასში სიცოცხლე
გახდება უძლური!
თუ არტი მართვადია
და კონфორმისტული...
-კულტურის სახადია,
იყო გარინდული!
არტისტი ბომბია, დენთია, ფეთქვაა;
მთვლემარე კულტურა ნერვების ხეთქვაა!
იყოს ხელოვნება დამო(უ)კიდებელი!
ანგრიოს მხატვარმა, პოეტმა, კედელი!!
შთაბეროს მკვდარ კედლებს, მხატვარმა სუნთქვა,
და
პოეტიარიყოსჩუმადდა
მუნჯადა!...
ვერ დასჯის ვერავინ იმას, რაც ნაღდია!
კულტურა - ვეზუვი! ომი და ნაღმია!!..


შენ ჩაიარე

(გიორგი ჩუთლაშვილის ხსოვნას)

შენ ჩაიარე გზებზე ეულმა,
ფითრი მიგდევდა ჩრდილად.
ხალხმა კი ირგვლივ, გადარეულმა
ზურგი გაქცია ფრთხილად...

ბალდახინებად ლექსები გაგყვა,
გამოგედევნა წლები სუდარად;
ტკივილმა სული სტროფებად დაფქვა
ხოლო განცდებმა გული - მუდარად...
 
გაქრა წვალება. დასვი ტოლობა
-ასაკთა შორის, თითქოს ხიდებად;
და მშრალლი თევზის წონასწორობა
მოქარგავს სოც-ქსელს ცისფერ მითებად...

შენ ჩაიარე შავი სმოკინგით,
თეთრი შალით და ლაქის ბაჩებით...
ააქვითინე ყველა, სლოკინით,
ხსოვნის კედლებზე ბზარად დარჩები...


ხმამაღალი სიჩუმე

კარები გაიხურა, ხმაურით და სამი წერტილით...
გარეთ გასვლიდან სივრცე გატყდა, წამიც გავიდა.
ჰაერი ილეოდა, ვაკუუმი იპყრობდა ეზოს,
წყალი გამყარდა, მის რაკრაკში ჩაწყდა სიმები;
ოვაციები, როგორც ხავსი, მოედო ოთახს,
ოთახს, რომელიც გადაშავდა, შემდეგ გაფითრდა!
-ის  არსაიდან; ის ელოდა მენტალურ ვექტორს,
ზე-კენტავრულად, ვერაგულად, კედლებს შეზრდილი.
ყვიროდა ხშირად, იოგების დამარხვით, სკდომით,
თუმცა უჩუმრად!
მზერით გოგონა, ვით გორგონა, ქვადმქცევი ყოვლის.
იყო ენაბლუ, თან კვიმატი ცეტ-ცელქი ლანდი,
ის არ მოსწონდა მასწავლებელს, მწვრთნელსა და ლექტორს...
- გემბანზე იდგა გაყინული ანძების ჯარი.
ყინულმჭრელს ტანი იმ ტიტანის, ჯავშნებით ცმული.
ცათამბჯენების ტოლა ბუხრებს რომ ასდით კვამლი,
ღმუიან მეტად მაყრუებლად, მეხების გონგით.
გოგონა დოგით, თან ჰოთ-დოგით, შუშის ხელებში...
გორგონა დოქით, ამორძალურ ჟინით ფეხებში...
- ვით ქანდაკება ანტიკური, დაფნით და ლირით,
- ვით შივა, ბრაჰმა, 6 ხელით და 10 წვივით...
გამოქვაბულის სიბნელეში ჩონჩხების წნული...
გაიჯახუნა, გაიხურა, გავარდა ტურად,
ცოფიანივით.
შეჰკივლა მთვარეს, გასუსულმა, ველურ
ძაღლივით;
ტყეების ნესტში, ძილ-ბურანში მილულა თვალი,
გადაქანცულმა შეაწმინდა აწმყოს, ფეხები;
ჩამოიცილა, მოიგლიჯა ყველა წნეხები...
და საბოლოოდ გადაშალა, გააქრო კვალი...

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა