არმაგედონი პოეტისთვის უეცრად დგება
გიორგი ბუნდოვანი იმ თაობას ეკუთვნის, 90-იანი წლების ლიტერატურულ-კულტურულ-პოლიტიკურ ვნებათაღელვებთან რომ არის დაკავშირებული და თავად 90-იანი წლების კულტურულ-ლიტერატურული ცხოვრებაც მათთან რომ ასოცირდება. უკიდურესი წინააღმდეგობებისა და დაპირისპირების ხანაში მათი ლიტერატურული აქტიურობა პოლიტიკურ-სოციალური ყოფიდან ამოვარდნილადაც კი შეიძლება გამოჩენილიყო მაშინ (ხალხი შიმშილობს და რა დროს პოეზია და არტ-აქციებიაო), მაგრამ დღეის გადასახედიდან ის პოეტური ორდენები (ამ შემთხვევაში კი - ქართველ პოეტთა ორდენი-„ქრონოფაგები“ 1991 წ.) და მათი საღამოები, პერფორმანსები თუ სხვა, ნახევრად თეატრალიზებული გამოსვლები არათუ ღვიძლი პირმშონი არიან მაშინდელი დაულაგებელი ყოფისა, არამედ უკურეაქციაც იმ დროის მოვლენების მიმართ.
კულტურის სანიტარი | გიორგი ბუნდოვანი
ის პერიოდი ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში მეტად ტრავმულადაა შემორჩენილი, რომლის სრულფასოვან ანალიზსაც თითქოს, ყოველ ჯერზე, გადავდებთ ხოლმე, თუმცა ბოლო დროს ერთგვარ ინტერესსაც ვგრძნობთ 90-იანი წლების დასაწყისის ლიტერატურული ცხოვრების პერიპეტიებისადმი: როგორი იყო ახლად დამოუკიდებლობამოპოვებული საზოგადოების იმედები, პირველი ნაბიჯები, რას აპროტესტებდა მაშინდელი ახალგაზრდა შემოქმედი თაობა ლიტერატურაში და ლიტერატურით, რისი სჯეროდა, რა ეზედმეტებოდა, რისი შეცვლა სურდა, როგორ შეიცვალა პოეტური გემოვნება, ვისთვის რა მიმართულება იყო მნიშვნელოვანი ლიტერატურაში, როგორი იყო კერპების მსხვრევა, ვინ გამოჩნდა ლიტერატურულ სარბიელზე, როგორ გააგრძელა შემდეგ და სხვა უამრავი რამ...
ამ ლიტერატურული (და ზოგჯერ „ყვითელპრესული“) კითხვების ადრესატები, 90-იანი წლების შემოქმედები (პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით) დღესაც ცხოვრობენ ჩვენ გვერდით, შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობასაც კი წარმოადგენენ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში - მათი არც თუ მცირე ნაწილი აღიარებული პოეტი, მწერალი, მთარგმნელი და კრიტიკოსიცაა, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც დღემდე შეინარჩუნა, არ გაწყვიტა კავშირი იმ დროის პრინციპებთან, გამოხატვის ფორმებთან და წარმოგვიდგება როგორც ჭეშმარიტი 90-იანელი. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი პოეტი და პერფორმერი, მულტიმედია არტისტი, მაშინდელი ანდერგრაუნდის ტრადიციების წარმომადგენელი და გამგრძელებელი გიორგი ბუნდოვანია.
გიორგი ბუნდოვანის ავტორობითა და თანაავტორობით, დღემდე შემდეგი პოეტური კრებულები გამოიცა: ქრონოფაგები-1991წ; ანომალიური პოეზია-1993წ; სიწყნარის დაკანონება-2003წ; ათვლის წერტილი-2004წ; ანტიყოფის მანიфესტი-2009წ; სად არის სისხლი ბროლისფერ თოვლის-2018წ.
მისი ბოლო, რიგით მეშვიდე კრებული კი „კულტურის სანიტარი“ გახლავთ, /გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ დასტამბული/, რომელიც, როგორც თავად ამბობს გამოსვლებში, „ხანგრძლივი პოეტური მარხვის შემდეგ“ გასული 2022 წლის ბოლოს გამოსცა და რომელიც მისთვის, მთელი მისი შინდაბუნების ერთგვარი „მანიфესტაციაა“ და ამითაა ყველა წინა კრებულზე გაცილებით მეტად მნიშვნელოვანიც. კრებული რამდენიმე განყოფილებისაგან შედგება, როგორებიცაა „фანტასმაგორია“, „მე ვზივარ დენთზე“, „რეტროსპექტივა“, „სატირულ-სარკასტული“ და წინ შოთა იათაშვილის (ყოფილი - ანომალიური პოეზიის ერთ-ერთი წევრის) შესავალი სიტყვა უძღვის.
„პოეტური მარხვა“ ვახსენეთ, რაც გიორგის მისთვის ჩვეული ცხოვრების სტილისგან, შეჩვეული კულტურული-შემოქმედებითი გარემოსგან ჩამოცილებითა და რელიგიურ სფეროში დადგინებით იყო განპირობებული. მაგრამ მისმა დაუდგრომელმა, მუდამ სიმართლისა და გულწრფელების მაძიებელმა ტემპერამენტმა რა გასაკვირია, რომ იმ ინსტიტუციონალიზებულ გარემოშიც ვერ ჰპოვა ნაგულვები სიმშვიდე და თავის ჩვეულ სტიქიას - პოეზიას, პერფორმანსებს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ ეს დაბრუნება სულაც არ არის მშვიდი და ჩუმი, არამედ ხმამაღალი, თუ გნებავთ, ამაფორიაქებელი და პრეტენზიულიც ამ სიტყვის ყველაზე საუკეთესო გაგებით. ალბათ არ გადავაჭარბებ თუ დავწერ, რომ პოეტმა შემოქმედ წრეებსა და მკითხველთა საზოგადოებას საკუთარი თავი ერთგვარი დემარშითაც კი შეახსენა, ხოლო მისი სულ ახლანდელი კრებულის სახელწოდება - „კულტურის სანიტარი“, რომელზეც ქვემოთ გვექნება მსჯელობა, უკვე სათაურშივე იქადის კულტურაში ჩაბუდებული მწვირეს, კონფორმიზმის, კლანურობის, პარტიულობის, ელიტურობის, ფარისევლობის წინააღმდეგ ბრძოლას, „მავნე ბაქტერიებისგან“ პერიოდული, გნებავთ გეგმიური წმენდის განზრახვას. რა თქმა უნდა, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს, პოეტს კონკრეტული ადამიანები ამოეღოს მიზანში. არა, ეს ნებისმიერი კულტურის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის შემთხვევაში, რაც უნდა განვითარებული იყოს იგი, თვითრეფლექსიის საჭიროებაზე, აუცილებლობაზე დაფიქრებისკენ მოწოდებაა. თუმცა, ლექსში „ქართულად ნახმარი კულტურა!“ იგი ავიწროვებს თემას და კულტურისადმი ქართულ დამოკიდებულებას ასე აღწერს:
„კულტურა აქ ცვედანია!
დასაჭურისდა პოეზია...
სიყალბე ჩვენი დედანია,
„შნირობა“ ჩვენი ამნეზია“...
ეს კი იმიტომ, რომ:
„ვაიხელოვანთა ირგვლივ პარპაშია,
მინისტრებს უკმევს და უმღერს მრავალი...
-სინდისი მოკვდა! და სულში განგაშია!
-კონфორმიზმს ვაშა! - გარითმავს მტარვალი“.
ზოგადად, კულტურის ფენომენისადმი პოეტის უაღრესად სერიოზული დამოკიდებულების ილუსტრაციად შეიძლება ჩაითვალოს მისი ლექსი-„კულტურა კასტრატი!“. სერიოზულობით კი, კულტურის ავტონომიურობის აღიარებას ვგულისხმობთ - კულტურა როგორც თავისთავადი მოცემულობა და არა საშუალება; მოცემულობა, რომელიც ზემოქმედებას თუ დაემორჩილება და ამდენად, საშუალებად თუ იქცევა, სახეს იცვლის, თავის თავს დაშორდება და „ამაზრზენ“ რამედ მოგვევლინება.
„გარეთ ყინვა და მრეში დარია,
კულტურა აორთქლდა! კულტურა მკვდარია!
სისხლია! სისხლია! ოღონდაც შავია!
კულტურა - фიქცია! კულტურა შლამია!
[...]
ილესავს ალმასებრ სინდისი კიდურებს,
კულტურა ამაზრზენ ფუნქციას იბრუნებს“ და ა.შ.
სტრიქონი „კულტურა ამაზრზენ ფუნქციას იბრუნებს“ ერთგვარი გაფრთხილებაა, მაგრამ კონკრეტულად რას მოასწავებს - ინტერპრეტაციის საგანია.
სათქმელმა ისე მოიტანა, რომ კრებულზე სიტყვა მისი ბოლო „სატირულ-სარკასტული“ ნაწილის ლექსებით დავიწყე, არადა, კრებული იხსნება ერთ-ერთი შესანიშნავი ლექსი-ნოველათი, სათაურით - „ქინძმარი“, განყოფილებიდან - „фანტასმაგორია“ .
„ლოქო ვიყიდე, ულვაშები ჰქონდა დაჭრილი,
იყო აპრილის არეული ამინდი, ქუში;
ლოქოს ნემსკავი გარჭობილი უჩანდა ტუჩში,
ის ორთავ თვალით მიცქეროდა ლაყუჩაყრილი.“
ასე იწყება ეს ისტორია. მართალია, ლირიკულ გმირს ლოქო თვითონ არ მოუწყვეტია მშობლიური სტიქიისთვის (ჩანს, რომ არც თევზი დანებებია უბრძოლველად მეთევზეს, რაზეც მოწმობს ნემსკავი, როგორც დაჭრილი მეომრის სხეულში ჩარჩენილი ჰოროლი), მან მხოლოდ შეიძინა იგი (ცივილურად), თუმცა თევზის დაჟინებული ცქერა მაინც უხერხულობას განაცდევინებს. თანაც აქვე ვიგებთ, რომ ლოქო სულაც ცოცხალი ყოფილა:
„ლოქო ქშინავდა უსუსურად და სულის ღაფვით,
ერთხელ კიდევაც მოხუცივით შემომახველა!“
ლოქოს მზერისთვის თვალის ვერგამსწორებელ ლირიკულ გმირს სახლში რაც შეიძლება მალე მისვლა და სინდისის წინაშე ამ მხილების (რომ ისიც მკვლელია) დასრულება სურს. თუმცა „მეცვა ფლოსტებიო“ დასძენს, რაც მას აფერხებს და მოცემული ვითარების მტანჯველობას უხანგრძლივებს. გარდა ამისა, „თითქოს ბომბები წვიმის ნაცვლად მხვდებოდა თავში; ჰო, ლოქოს ცრემლით წვიმა ცრიდა, წყეული, ქარში.“ საქმეს ვერც წამიერი „ლოქოს წინაშე დამნაშავედ ვიგრძენი თავი“ შველის, ლოქო განწირულია, რადგან ასე განარიგა ჯერ მეთევზემ მისი დაჭერით, ხოლო შემდგომ მყიდველმა მისი კერძად ჩაფიქრებით; რადგან ასე ითხოვს თავად ტრაგედიის ულმობელი ბუნება, რადგან ასეთია მოცემული გარდუვალობა („დავკალი მაინც, უბედური, მერე კი ვჰგოდე“). ლოქოს განწილვაც ისეა აღწერილი (ნერვიულად), პროცესის სისასტიკეს ლაკონიურად და ამავე დროს შემზარავად რომ გადმოსცემს და აქვე ჩანს, რომ ლირიკული გმირი თავის სისასტიკეზეცაა გულმოსული - „ავჩეხე ლოქო, მოვადღლიზე თავი და ფარფლი“. ნაჭრებად აქნილ და ქვაბში მოხარშულ თევზს ქინძი და ძმარიც ემატება, რომელსაც გვერდით „ორჯერ გამოხდილი ჭაჭა“ მიედგმება, რის შემდეგაც ცოდვა-მადლიანი ტრაპეზი უნდა შედგეს, თუმცა „ცხადი მეგონა და ყოფილა კი თურმე სიზმარი...“.
არაიშვიათად, ერების უმრავლესობა საკუთარი ლიტერატურიდან ერთ დიდ კლასიკოსს შეარჩევს და მას ეთაყვანება ხოლმე გამორჩეულად. ოღონდ ეს „თაყვანება“ რიდი და კრძალვა არაა მხოლოდ, არამედ მისით შეპყრობილობა, ცოტა ღვლარჭნილად რომ ვთქვათ, „გამოთაყვანება“ კარგი გაგებით. ქართულ რეალობაში ასეთი რამ ყველაზე მეტად რუსთაველის მიმართაა გამოხატული: ძველი დროიდან მოყოლებული თავისი ინტერპოლატორებითა თუ გამგრძელებლებით; სხვა კლასიკოსებისგან მისი ან მისი გმირების სიყვარულით ხსენება, მათი პერსონაჟების სურვილი პოემის გმირებთან მსგავსობაზე; მინახავს მასზე დაწერილი რომანი, ვარიაცია მის თემაზე მოთხრობის სახით, პოემა, ინტერპრეტაციები - დაწერილი თუ დაუწერელი და ა.შ. რაც მეტად კარგია. ამასთან ერთად, აღმოსავლურ პოეზიაში არსებობს მეგობრისა თუ მასწავლებლის გაკულტების ფენომენიც (მაგალითად, ჯალალედინ რუმის მიერ შამსე თაბრიზისა, რომელიც შემდგომ ერთგვარ წესად დამკვიდრდა). „ცისფერყანწელებისთვის“ მთავარი ხატი, პოეტი-წინამორბედი ვაჟა-ფშაველა იყო. გიორგი ბუნდოვანისთვის კი, ასეთი პოეტი ტერენტი გრანელია:
„ცაზე სისხლით წერია ისევ „კვირის წირვები“
ოცდაათი წელია, რაც ტერენტის მივყვები“.
მკითხველს აქ არ შევაყოვნებ გიორგი ბუნდოვანის მიერ გრანელის საფლავის მცველობასთან დაკავშირებული ისტორიის ცალკე თხრობით, რადგან ქვემოთ განსახილველი ლექსი ამას ჩემზე უკეთ იქმს, თუმცა ერთს კი შევნიშნავ, რომ ტერენტი გრანელი, მისი პოეზია, გიორგის შემოქმედების, ცხოვრების „თანამდევი უკვდავი სულია“ და, ამ თვალსაზრისით, ტერენტისადმი მიძღვნილ სხვა ლექსებს შორის, ამ კრებულში შესული „ჩაი გრანელთან“ ერთ-ერთი გამორჩეულია.
„წუხელ გრანელთან ერთ სუფრაზე ჩაი დავლიე,
ის მე მესტუმრა, სულ უეცრად და მოთენთილი,
ტერენტი იჯდა ჩემ პირისპირ, როგორც წერტილი,
გრძელი საღამო მის ლექსებში უცებ გავლიეთ“.
„სევდის პოეტის“ ბუნდოვანთან მისტიკური გამოცხადება (თუნდაც წარმოსახვითი, თუმცა ავტორი ლექსის ბოლო სტრიქონში „რეალურადო“ გვიბეჯითებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება არ დავუჯეროთ) სულაც არაა შემთხვევითი:
„ტერენტის ახსოვს, რაც მის საფლავს ვეფერ-ვუარე,
მან კარგად ახსნა ყველა განცდა, რაც იქ ჩავტოვე,
ყველა ის წლები, მასთან ერთად, განძად რაც ვპოვე...“
ტერენტისა და გალაკტიონის „პოეტური ქიშპის“ გაგრძელებაა ლექსი „ერთ სტრიქონში“ რომელიც ინსპირირებულია მამუკა ხაზარაძის მცირე ლექსით, სადაც იგი „გალას ერთ სტრიქონში, გავუცვლიდი მთელ ჩემს ბიზნესსო“ ამბობს. ბუნდოვანის ლექსში შექებულია გალაკტიონიც („ლურჯა ცხენებს შემომჯდარი, მეფე დღესაც იბადება!..“, „მისი სულის რომანსერო ამ სტრიქონში ლანდად ჩავდე!“) და თავად, მამუკა ხაზარაძეც როგორც გალაკტიონის შემოქმედების მოთაყვანე, მაგრამ ბოლო სტროფი უეცრად გადასწევს ფარდას და ტერენტის ხატებას მოულოდენლად გამოაჩენს, რითაც გალაკტიონსა და გრანელს, ასევე მათ „მომხრეებს“ შორის „პოეტური პოლარიზაციისა“ და მარადიული პაექრობის სიმწვავეს ესმევა ხაზი:
„ჰო, შენ „გალას ერთ სტრიქონში
გაუცვლიდი მთელს შენს ბიზნესს“...
მე კი გრანელს -ერთ სუნთქვაში
მთელი ჩემი ყოფნის მიზეზს!..“ („რეტროსპექტივა“)
მეტად სევდიანია ლექსი „მამაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო...“, სადაც მამის, თავადაც პოეტის, ბატონი რევაზ უჩინოს რეალისტური პორტრეტია მოცემული (რომელიც გალაკტიონის „სასაფლაონი“-ს შედევრად აღიარებდა და რომელსაც ასევე ერთი შესანიშნავი ლექსი მოეპოვება ტერენტი გრანელზე), სადაც პირუთვნელადაა აღწერილი მისი ცხოვრების გზა, ხასიათი, ახირებები თუ ამოჩემებანი, სერიოზული ხელსაქმობანი თუ „ჩხირკედელაობანი“, დამოკიდებულებები გარესამყაროსთან, ადამიანებთან და ის, რომ მისი ეს ქცევები სულაც არ იყო შეხმატკბილებული, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებთან. მრავლისმთქმელია, სტრიქონი
„მამაჩემი რომ დღეს ცოცხალი ყოფილიყო, შეიძლება მე აღარ ვყოფილიყავი ცოცხალი, რადგანაც ძალიან გვიჭირდა ერთ სივრცეში თანაარსებობა...“
და იგი უფრო ნებისმიერ მშობელსა და შვილს შორის გარკვეული ოდენობით ტოქსიკურ ურთიერთობებს გულისხმობს, რაც მშობლის სიცოცხლეში აუტანლობად გვესახება, მაგრამ შემდეგ ძალიანაც რომ მოგვანატრებს თავს. და მაინც, ლექსი უდიდესი სიყვარულითაა გამსჭვალული მამის მიმართ.
მკითხველი კრებულში წაიკითხავს ლექსს „სანიტრის მანიфესტი“ , რომლითაც პოეტი საკუთარ კრედოს წარმოგვიჩენს:
„პოეტის სული სამურაივითაა...
თავად თუ გაიკეთებს ჰარაკირს, მხოლოდ!
ის ტყვედ არასოდეს ჩაბარდება!...
ის არასოდეს იქცევა მონად!
ის ვერავის დაემქვემდებარება!
ის არაორგანულია და უფორმო!
ის თავს იცავს ამით!
ეს მისი დაზღვევაა
განადგურებისაგან!
ხოლო პოეზია კი უკვდავებაა!
ისაა ღმერთიც და ფერდიც
ადამის...
ის თავად მე ვარ!..
და ეს ჩემი ბოლო მანიфესტია!“. ( „მე ვზივარ დენთზე“)
ბუნდოვანის ლექსებში ბერძნულ-ლათინური წარმოშობის სიტყვებთან ხშირად გამოყენებული «Ф» შინაგანი არტისტიზმის, პოეტური მანერის, აგრეთვე მისი შემცველი სიტყვების რომანტიზების, ერთგვარი „გაუცხოების“ გამოხატულებაა, რაც ქმნის და ამავდროულად მეტადაც უხდება მის პოეტურ შარმს.
მოკლედ, ჩვენ წინაშეა თანამედროვე პოეტი, რომელიც უარს არ ამბობს ბობოქრობაზე, რომელიც არის მედიუმი 90-იანი წლების პოეტურ სამყაროსა და ჩვენ შორის, რომელიც კატეგორიულად, მთელი არსებით ეწინააღმდეგება მაამებლურ პოზებს ყოფით ურთიერთობებში თუ პოეზიაში და მარად მოჯანყე სულია, რომელსაც მუდამ ეჩქარება. ეს ყველაფერი კი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი... მოდი, ჯობია პირველ პირშივე თავად პოეტმა თქვას:
„მე პოეზიის მატრიცას ვეძებ“.
ავტორი: ოქტაი ქაზუმოვი