
„წითელი 70“ – პროპაგანდის პირისპირ და ნაცვლად | მელანო კობახიძე
ვინმემ რომ გვკითხოს, თქვენთვის საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია რა ფერისააო, ვფიქრობ, ყველა ერთსა და იმავეს ვუპასუხებთ – წითელი! სერიას „წითელი 70“ სწორედ ამ მოცემულობის გათვალისწინებით დაერქვა. გამომცემლობა „არტანუჯის“ მიზანია, სერიაში გაერთიანდეს საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილი წიგნები, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ.
დღეს, როდესაც პროპაგანდა ყველა გზითა და ხერხით ცდილობს წაშალოს ჩვენი უახლესი ისტორიის ყველა საკვანძო ამბავი, დაამახინჯოს ფაქტები და მოვლენები, გმირები უსარგებლო ადამიანებად წარმოაჩინოს, ღალატი კი გმირობად შეაფასოს, ხოლო ამის პარალელურად, დაგვავიწყოს ყველაფერი, რამაც ჩვენი დღევანდელი დღე განსაზღვრა, „წითელი 70“ სანდო, ეპოქალური გამოცემებით გაახსენებს მკითხველთა ნაწილს, ახალ თაობას კი უამბობს, ასწავლის და გაააზრებინებს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია საქართველოს უახლესმა ისტორიამ და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.
„უბის წიგნაკებიდან“ - მიხეილ ჯავახიშვილი
„წითელი 70“ მიხეილ ჯავახიშვილის „უბის წიგნაკებით“ იხსნება. ეს ჩანაწერები მაშინ უკვე დაპატიმრებული მწერლის ბინაში ჩატარებულ ჩხრეკების სერიას ქეთევან ჯავახიშვილის წყალობით გადაურჩა. ჩეკისტები ვერ მიხვდნენ, რომ ხელიდან გამოეცალათ ხელნაწერები, რომლებშიც კლასიკოს მწერალს საბჭოეთზე უამრავი დაკვირვება ჰქონდა ჩანიშნული. ეპოქა, რომელმაც „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“, 1924-1935 წლებით დათარიღებული ჩანაწერებითაც შეგვიძლია გავიცნოთ. ჩანაწერებში გაცხადებული და ამოხსნილია უამრავი ყოფითი, ეროვნული, სოციალური თუ ლიტერატურული საიდუმლო.
ფაქტია, რომ მიხეილ ჯავახიშვილი იმ უმძიმეს წლებშიც ინარჩუნებდა ენთუზიაზმს, სურვილსა და ძალას; ინიშნავდა დეტალებს, ფიქრობდა სამომავლო ტექსტებზე, წერდა ქვეყანაში მომხდარ საბედისწერო და საკვანძო მოვლენებზე („დღეში ათიოდე აზრს, ნახულს და გაგონილს ვიწერ უბის წიგნაკში“). სწორედ ამიტომ, ეს ჩანაწერები ერთდროულადაა შემოქმედებითი გზამკვლევი, მორალური და სახელმწიფოებრივი კომპასი, გეზი და ორიენტირი თითოეული შემოქმედისა და მოქალაქისთვის.
ჩანაწერებში ერთმანეთს ენაცვლება შემოქმედებითი ძიებები და ეროვნულ საკითხებზე დაფიქრება, ქვეყნის უბედურების მიზეზების ძიება, ქართველის ცნობიერების კვლევა და, საბოლოოდ კი, ამ საკითხების ირგვლივ ზოგჯერ უკიდურესად ბასრი და უკომპრომისო ჩანიშვნები. მიხეილ ჯავახიშვილის ჩანიშვნები, შემოქმედებითი დაკვირვებები, სამომავლო ნაწარმოებებისთვის ტემისა (როგორც თავად უწოდებს) და ტიპების ძიება გადაჯაჭვულია ქვეყნის ბედს, ქართველის სახე-ხატს. ესაა ჩვენი ქვეყნის, ერის მრავალჯერ დამარცხების, წელში გაუმართაობის, მტერს დანებების მიზეზების ძიება, ერთგვარი კვლევა.
„შადური“. ყველა სიტყვები რიყის ქვებივით გაცვეთილია. აზრიც აღარ სჭრის: ლეკურ შალივით მოთელილია... (...დათენთილია)...“;
„მეუბნებიან, ჩვენ კვაჭები აღარა გვყავსო. ეს მართალია, რადგან უდაბნოში კვაჭს რა უნდა! სამაგიეროდ თუმნიანი კვაჭიკო ათიათასობით მოიპოვება“;
„ჩააგონეთ ადამიანს, რათა ვერ დაინახოს დღესავით ნათელი მოვლენა და საგანი – აი, იეზუიტურ-კომუნისტური აღზრდის საფუძველი“;
„ტემა: საქართველოს ბოლი აკლია“;
„არ შეიძლება შველის ან პეპლის შებმა ურემში“;
„ერთი ქართველისთვის თავი უნდა მოეკვეთნათ. უკანასკნელი სათხოვარი ჰკითხეს. მოითხოვა წვერის გაპარსვა, აბანო, საცვალი, ყალიონი. უკანასკნელ სათქმელს მერე ვიტყვიო. ბოლოს იგი სთქვა: „საქ. გაუმარჯოს“ და თავი ჯალათს შეუშვირა“.
მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერებში წავიკითხავთ გამოხმაურებას დიმიტრი ყიფიანის მკვლელობაზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ამბროსი ხელაიას მიერ სასამართლოზე წარმოთქმულ სიტყვას, 25 თებერვლის ტრაგედიას...
„დიმიტრი ყიფიანის მოკვლის ამბავი მოთხრობით აიწეროს“;
„ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – საქართველოს, ხორცი კი თქვენია (ამბროსის სიტყვა სასამართლოში)“;
„25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ“.
მიხეილ ჯავახიშვილი წამებით მოკლეს. თუ უფრო დიდი სისასტიკე საერთოდ შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბერიას, რომელიც პირველ დაკითხვებს თავად ესწრებოდა, მისი ცემისა და წამების ბრძანებას თავად გასცემდა და სიამოვნებით უყურებდა კიდეც, ამ ჩანაწერების შესახებ რომ სცოდნოდა, ჯავახიშვილს კიდევ უფრო მწარედ დასჯიდა.
შესანიშნავ ქართველ მწერალს, ზაალ სამადაშვილს ერთი პატარა ჩანაწერი აქვს მიხეილ ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი, რომელსაც თან კითხულობ და, თანაც, თითქოს, ფილმივით უყურებ. ჩანაწერი ამგვარად სრულდება:
„ის სცენა, სადაც დაკითხვიდან შემოყვანილი, წამებისგან გათანგული, ნარზე მიწოლილი მწერალი უკანასკნელ ძალებს იკრებს, თავზე წამომდგარ ტუსაღებს სუსტი ხმით ეკითხება, გეთაყვა, სად გავჩერდი, აღარ მახსოვსო და მცირეოდენი პაუზის შემდეგ დაკითხვამდე დაწყებულ თხრობას განაგრძობს, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების სიმბოლოდ, სურათხატად შეიძლება გამოდგეს – მას მუდამ აწყვეტინებდნენ თხრობას, მუდამ ატეხდნენ თავს ათასგვარ განსაცდელს, მუდამ აცლიდნენ ენერგიას და ძალას, მაგრამ ეს გამხდარი, სუსტი აღნაგობის კაცი არც ფიზიკურად იშრიტებოდა და არც სულიერად; ყველა განსაცდელს ღირსეულად უმკლავდებოდა და თხრობას იმ ადგილიდან აგრძელებდა, საიდანაც გაწყვეტას აიძულებდნენ...“
დაუნებებელი, უშრეტი და შეუპოვარი მიხეილ ჯავახიშვილი. არა მხოლოდ ქართულ, მსოფლიო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწერალი. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი, განუყრელი ხელჯოხითა და პენსნეთი, რომელმაც დაგვიბარა, თუ ქართველი აღარ ქართველობს, იცოდეთ, გარუსებულიაო. მან თავისი სიცოცხლითა და სიკვდილით, შემოქმედებითა და უბის წიგნაკებში ჩანიშნული დაკვირვებებით, გვიჩვენა გზა, თუ საით (არ) უნდა იაროს ქართველმა და საქართველომ... „უბის წიგნაკებიდან“ ამ ძალისა და შესაძლებლობის წიგნია.
„თანამედროვის ჩანაწერები“ - გერონტი ქიქოძე
სერიის მეორე წიგნი – „თანამედროვის ჩანაწერები“ – ეკუთვნის დიდ ქართველ კრიტიკოსს, მწერალს, ლიტერატურისმცოდნეს, მეცნიერსა და მთარგმნელს, გერონტი ქიქოძეს.
გერონტი ქიქოძე სწავლობდა გერმანიაში, ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, შემდეგ სწავლა განაგრძო შვეიცარიაში, ბერნის უნივერსიტეტში. 1917 წელს იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. იგი ევროპული და ქართული ლიტერატურის ღრმა ცოდნით გამოირჩეოდა, რის გამოც თანამედროვე კრიტიკისა და ლიტერატურისმცოდნეობის განმსაზღვრელი გახდა.
„თანამედროვის ჩანაწერები“ საბჭოთა საქართველოში იწერებოდა. ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ფაქტის გამოა საყურადღებო, როგორც საბჭოთა კავშირის სისხლიანი ეპოქის თანადროული აღმწერი.
დიდი ქართველი კრიტიკოსი ქვეყნის თითქმის 40-წლიან პერიოდზე გვიამბობს – ობიექტურობისა და ქრონოლოგიის დაცვით. გვიყვება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე, დაკარგული თავისუფლების, დიდი ტერორის შემოქმედთა და რეპრესირებულთა შესახებ; წერს სტალინიზმის პერიოდს შეწირულ ისეთ დიდ სახელებზე, როგორებიც იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი...
ესაა წიგნი გამაოგნებელი სისასტიკის, აბსურდისა და ბოროტების მრავალწლიან სისხლიან ქრონიკაზე. გერონტი ქიქოძემ მასზე მუშაობა 1954 წლის 12 მარტს დაასრულა.
გამოცემა ეყრდნობა გერონტი ქიქოძის ოჯახში დაცულ ავტორისეულ ვერსიას, შესაბამისად, ყველა სიტყვა, წინადადება თუ აბზაცი, რომლებიც წლების წინ დაბეჭდილ ტექსტში გამოტოვებული იყო, აღდგენილია.
გერონტი ქიქოძის წიგნში მოვლენები და პიროვნებები ყოველგვარი შელამაზების გარეშეა აღწერილი. „თანამედროვის ჩანაწერები“ უტყუარი გზამკვლევია საქართველოს უახლესი ისტორიის გასაცნობად და მასში სამუდამოდ ჩაწერილ პირთა საქმეებისა და ქმედებების გამოსარკვევად.
ქართველი კრიტიკოსი დიდი მწერლური ოსტატობით აღწერს ადამიანის ფსიქოტიპს, ხაზს უსვამს სხვადასხვა ისტორიული პირის ყველაზე ღრმა, დაფარულ თვისებებს, ხასიათის შტრიხებს, რომლებიც მათ ქმედებებს განაპირობებდა. ასე მაგალითად, სტალინზე აღნიშნავს, რომ მას სატანური თავმოყვარეობა ჰქონდა, პატივმოყვარეობის დემონი ჰქენჯნიდა და სწორედ ამ დემონს შეეწირა მრავალი ქართველი მწერლის, მეცნიერის და ხელოვანის ადამიანური ღირსების გრძნობა; ნოე ჟორდანიაზე საუბრისას პირდაპირ ამბობს, რომ მას ახასიათებდა ცოტა არ იყოს „დემაგოგიური აქცენტის ტლანქი მატერიალიზმი“ (მასზე საუბრისას ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ როგორც არ უნდა შეფასდეს ჟორდანიას მმართველობა, ნათელია, რომ მან ხელი შეუწყო ეროვნული მთლიანობის და თავისუფლების იდეების აღორძინებას, რომელიც ქართველი ერის შეგნებაში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიჩქმალული იყოო); სერგო ორჯონიკიძეს კი ასე ლაკონიურად ახასიათებს: „სერგო ორჯონიკიძე, საერთოდ, მოკლებული არ იყო წვრილმანი შურისძიების გრძნობას“.
„თანამედროვის ჩანაწერებში“ დიდი ყურადღება ეთმობა ბერიას მიერ დასჯილ დიდ ქართველ შემოქმედებს, მათ შორის, მიხეილ ჯავახიშვილს, რომელსაც გერონტი ქიქოძე პირველად 1910 წელს მეტეხის ციხეში შეხვედრია. „მიხეილ ჯავახიშვილი თითქოს ჩქარობდა გამოეთქვა, რაც სათქმელი ჰქონდა“ – წერს გერონტი ქიქოძე. „მტკივნეული პატრიოტიზმი“ და „გამძაფრებული პატიოტული შეგნება“ – ასე ახასიათებს ის ჯავახიშვილის ცხოვრებისეულ და შემოქმედებით თავგადასავალს.
„ჯავახიშვილი გამხდარი იყო, გამომცდელად იცქირებოდა სათვალიდან, ნაყვავილარი სახე და მაღალი შუბლი ჰქონდა და მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობას ავლენდა. მას გამძაფრებული პატრიოტული შეგნება ჰქონდა. რუსულ-ქართული ჟარგონი, დამახინჯებული ქართული წარწერა მაღაზიის აბრაზე ან დაწესებულების ფასადზე თითქო პირად შეურაცხყოფას აყენებდა. შეიძლება მისი მტკივნეული პატრიოტიზმი იმითაც აიხსნებოდა, რომ საქართველოს განაპირა პროვინციიდან წარმოსდგებოდა, მარაბდის რაიონიდან, სადაც ქართველ ხალხს ყველაზე მეტი სისხლი დაუღვრია მტრის ურდოებთან ბრძოლაში“.
ჩანაწერებში აღნიშნულია შემდეგი: გამომდინარე იქიდან, რომ ჯავახიშვილი ძალიან პოპულარული მწერალი იყო, ბერია ხვდებოდა, რომ მისი დასჯა ყველას თვალში უნდა გაემართლებინა. ბერია თავის კაბინეტში იბარებს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სრულ შემადგენლობას და მათ ჯავახიშვილის ხელით დაწერილ აღსარებას უკითხავს. რის ფასად იყო მოპოვებული ეს „აღსარება“, რა თქმა უნდა, მათთვის ძნელი მისახვედრი არ იქნებოდა, მაგრამ ვინ გაბედავდა მაშინ ეჭვი შეეტანა მის სინამდვილეში?!
წიგნში ვხვდებით უსამართლობისა და სისასტიკის დაუსრულებელ ქრონიკას, მათ შორის, დიმიტრი შევარდნაძის სიცოცხლის ბოლო დღეებს. დიმიტრი შევარდნაძე ის ხელოვანი იყო, რომელიც ბოლომდე გაჰყვა სინდისის ხმას და ბერიას სურვილს არ დამორჩილდა; ასეთივე უკომპრომისო ხელოვანი – ევგენი მიქელაძე სრულიად ახალგაზრდა თავში ცემით დააყრუეს; ჩანაწერებში აღწერილია პაოლო იაშვილის უკანასკნელი დღე, როდესაც პოეტის დაუსრულებელ დაკითხვებს 1937 წლის ზაფხულის ცხელ საღამოს მოჰყვება მისი თვითმკვლელობა („თავის ქალა აიფეთქა მწერალთა კავშირის შენობის მეორე სართულზე, როდესაც პირველ სართულზე კრება მიმდინარეობდა“).
მრავალ ტრაგედიასთან, დანაშაულთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანების გაწირვის სისხლიან ქრონიკასთან ერთად, გერონტი ქიქოძის ჩანაწერებმა ადამიანების ისეთი სიმამაცის ისტორიები შემოგვინახა, როგორებიც იმ ეპოქაში გმირობაზე მეტი იყო.
ერთი ასეთი ამბავი უკავშირდება ტიციან ტაბიძეს, რომელიც გვიანდელი ეპოქის რომაელ პატრიციელს ჰგავდა (გერონტი ქიქოძის დაკვირვება) და „ოსკარ უაილდის წაბაძულებით მუდამ ყვავილს ატარებდა ღილკილოში“. იმ დროს, როდესაც პაოლომ თავი მოიკლა, ტიციანი უკვე აღარ ყოფილა ძველებურად მეგობრულად განწყობილი პაოლოსადმი, მაგრამ პირად დამოკიდებულებას ხელი არ შეუძლია იმ სასტიკ დროებაში ასეთი რამ მოემოქმედებინა: მან უარი თქვა პაოლოს თვითმკვლელობის საჯარო გაკიცხვაზე. ამ დღიდან მალევე ტიციან ტაბიძეს აპატიმრებენ.
„თანამედროვის ჩანაწერები“ სტალინის სიკვდილით სრულდება. უფრო ზუსტად, იმ ემოციების აღწერით, რაც მისმა სიკვდილმა ქვეყანაში გამოიწვია. ბელადის სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, 1954 წლის მარტში მის ძეგლთან ქართველ გოგონას იების კონა მიაქვს. მას უერთდებიან მოსწავლეები და სხვა ახალგაზრდები. „ქართველმა ახალგაზრდობამ თითქო დაივიწყა ის ზიანი, რომელიც საქართველოს სტალინის დიქტატურამ მიაყენა ოცდაათი წლის მანძილზე, აპატია მისი სიმკაცრე და სატანური თავმოყვარეობა და შეეცადა რომანტიკული შარავანდით შემოსილი ბელადი მითოსში გადაეყვანა“ – ასე შემაძრწუნებლად სრულდება გერონტი ქიქოძის „თანამედროვის ჩანაწერები“.
დასასრული ამგვარ შეგრძნებას აჩენს: თუ გვინდა, რომ ახალი თაობა, ნებისმიერ დროსა და ეპოქაში, იყოს სწორი ღირებებულებების მატარებელი, მათკენ მიმართულ სიყალბესა და მძლავრ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ისტორიული სინამდვილე, მხოლოდ და მხოლოდ უტყუარი ფაქტები, რომლებიც შეძლებს და პროპაგანდას გადატეხს. მათ განათლების გზაზე ხელი უნდა შევაშველოთ. „წითელი 70“ სერიის მიზანიც სწორედ ესაა. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, რომელიც სისხლიან წლებს არასდროს დაივიწყებს და ახალ თაობას უამბობს, ასწავლის და გაააზრებინებს, რა გამოვიარეთ, სად აღარ უნდა დავბრუნდეთ და პირიქით, საით უნდა გვქონდეს მიმართული „გული, ცნობა და გონება“.
ავტორი: მელანო კობახიძე