გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ალეკო ცქიტიშვილი თავები

„პოეზია არის ყველაზე ზუსტი მეცნიერება“ | ინტერვიუ ალეკო ცქიტიშვილთან

თამარ მღებრიშვილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1993 წელს შეიქმნა „ბებერი პოეტების ორდენი“, რომელშიც ამავე უნივერსიტეტის მაშინდელი სტუდენტები - რეზო გეთიაშვილი, ნანა აკობიძე, კახა ჭაბაშვილი და ალეკო ცქიტიშვილი გაერთიანდნენ. ერთი წლის შემდეგ თქვენი საერთო კრებულიც გამოვიდა - „Airlite", რაც, თუ არ ვცდები, იმ დროს ერთ-ერთი პოპულარული სიგარეტის სახელწოდება იყო. ამ ორდენს ბევრი რამ ჰქონდა საინტერესო და დისონანსურიც, ერთი მხრივ ის, რომ სრულიად ახალგაზრდებმა ბებერი პოეტები დაირქვეს და მეორე მხრივ ის, რომ ნანა აკობიძის გარდა, ყველა ფსევდონიმით წერდა. თქვენი სახელი გამოცემულ კრებულში მოხსენიებულია როგორც მისტერ სატერზვეიტი. ალბათ, სიმბოლურია ისიც, რომ  ახლახან გამოცემული ალეკო ცქიტიშვილის ლექსების კრებული — „თავები“ — სწორედ ამ პერიოდში, 90-იანებში დაწერილი ლექსით იხსნება. „დროა, მოხუცო (მოგიკითხეს ბუკინისტებმა), მისტერ S, ჩვენი ლექსებიდან მტვერიღა დარჩეს.“ მოგვიყევით ამ ორდენის, პირველი საერთო კრებულისა და თქვენი მაშინდელი ფსევდონიმის შესახებ, როგორ იქცა ალეკო ცქიტიშვილი მისტერ სატერზვეიტად და რა იდეა იდგა ამ ფსევდონიმის უკან?

ალეკო ცქიტიშვილი: ბებერი პოეტების სამი წევრი - მე, რეზო და ნანა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ერთ ჯგუფში ვსწავლობდით და სტუდენტობის პირველივე წლიდან გვაერთიანებდა მეგობრობაც და სამომავლო პროფესიული მისწრაფებებიც (ჟურნალისტიკას ვგულისხმობ). პოეზია კიდევ უფრო მყარი გამაერთიანებელი ჯაჭვი აღმოჩნდა. ლექსებს სამივენი ვწერდით და ერთმანეთს ვუზიარებდით, ვესწრებოდით თსუ-ის პირველ კორპუსში პოეზიის საღამოებს - როგორც უშუალოდ თსუ-ში არსებული „ახალგაზრდა მწერალთა“ გაერთიანების და ჯგუფების, ისე სხვა, „გარედან შემოსული“ პოეტების შეკრებებს. მე პირადად, არ ვტოვებდი დათო ბარბაქაძის მიერ ორგანიზებულ ვიდეოჟურნალებს და სხვადასხვა პერფორმანსებს, ასევე - „ქრონოფაგების“ და 90-იანი წლების სხვა პოეტების საღამოებს თუ პრეზენტაციებს. რეზოს უკვე გამოცემული ჰქონდა პირველი პოეტური კრებული „ბილიკი შენამდე“. ისე მოხდა, რომ ერთი წელი რეზოს შევეკედლე და ერთად ვცხოვრობდით მის სახლში - სამგორის ე. წ. სამხედრო დასახლებაში. კორპუსის ნომერი იყო „28ა“, რომელიც Airlite-ს კრებულშიც ხშირად არის ნახსენები. სწორედ აქ გაჩნდა პოეტური ორდენის დაარსების იდეა და ოთხი წევრიც ბუნებრივად შევიკრიბეთ. კახა ჭაბაშვილი ჩვენს კურსზე, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა და სამხედრო კათედრას ერთად გავდიოდით.

რატომ „ბებერი პოეტების ორდენი“? თსუ-ში იყო ახალგაზრდა პოეტების გაერთიანებები, რომლებშიც იყვნენ არც თუ ისე ახალგაზრდა პოეტებიც და ეს იყო ირონიის თემა. ზოგადად, ტერმინი - „ახალგაზრდა პოეტი“ უკვე იწვევს პროტესტს. მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილი ახალგაზრდა პოეტია ან ლადო ასათიანი?!..

კიდევ იყო სხვა ფაქტორები, მაგალითად, მამების და შვილების მარადიული დაპირისპირების კონტექსტში და 90-იანი წლების სუსხიან რეალობაში, შვილები უფრო მამებივით დაბრძენებულები ვიყავით, უკვე - აფხაზეთის ომგამოვლილები და უმძიმესი სოციალური პრობლემებით დატვირთულნი, ხოლო მამები, საბჭოთა წარსულის ნოსტალგიით, თითქოს პატარა ბავშვებივით ჭირვეულობდნენ და სადღაც სხვაგან იყვნენ. ჩვენ ვწერდით ამ რეალობაზე, სისხლზე და ცხედრებზე, ნაგავზე, ხოლო ერთ-ერთმა მწერალმა, მამების თაობიდან, ერთხელაც მიგვითითა: „არავითარი ნაგავი! წერეთ სამშობლოს სიყვარულზე!“ და ეს დაკვეთილი „სამშობლოს სიყვარული“ იღვრებოდა იმ „ახალგაზრდა პოეტების“ ეპიგონურ ლექსებშიც, სადაც არ იყო არაფერი ახალი. ამ რეალობისგან გაუცხოებულებმა გადავწყვიტეთ, აგვეღო სრულიად უცხო ფსევდონიმები. მე და რეზომ „28ა“-ში გადავშალეთ აგათა კრისტის დეტექტივების კრებული და ავირჩიეთ პირველივე შემხვედრი პერსონაჟების სახელები. აღარც კი მახსოვს, მისტერ სატერზვეიტი რომელ დეტექტივში რა პერსონაჟია, არც ჩარლზ ჩენდლერის საქმენი საგმირონი მახსოვს. კახა ჭაბაშვილმა გამოგვიცხადა, თუ ასეა, მაშინ მე ადოლფ ეიხმანი ვიქნებიო და იმდროინდელ ძალადობრივ გარემოში, ჩავთვალეთ, რომ ლოგიკური იქნებოდა ამ ფსევდონიმით საზოგადოების ცნობიერებაზე მანიპულაცია. ნანამ საქმე ასე არ გაართულა და დარჩა ნანა აკობიძედ... და როცა პირველი პოეზიის საღამო გავმართეთ - „ბებერი პოეტები სიკვდილის წინააღმდეგ“, აფიშაზე, რომელიც თსუ-ის კედლებზე გამოვაკარით, სახელი - „ნანა აკობიძე“ უფრო დიდ მისტიფიკაციად გამოჩნდა, ვიდრე ჩენდლერი, სატერზვეიტი და ეიხმანი.

ჩვენი პირველი ერთობლივი თვითგამოცემა - Airlite ცალკე ამბავია - ეს იყო იმდროინდელი ერთ-ერთი სიგარეტის სახელწოდება, რომელსაც მე და რეზო ვეწეოდით და ეს სახელწოდება ვთარგმნეთ, როგორც სუფთა ჰაერი, უფრო კი - წმინდა ჰაერი.

გვინდოდა, პოეტური კრებული ყოფილიყო იმდროინდელი უჰაერო, დახშული პოეტური გარემოს კონტრასტი. ამავე დროს, ჩემი, რეზოს და კახას პოზიცია იყო, რომ ქართული პოეზიის ბუნებრივი განვითარების ხაზი გაწყდა სიმბოლისტებთან - ცისფერყანწელებთან, როცა ბოლშევიკურმა რუსულმა რეჟიმმა აკრძალა ყოველგვარი ახალი დასავლური მიმდინარეობა და ამის მერე ქართული პოეზია ინერციით თუ ინდივიდუალური ნიჭის გამონათებებით იკვებებოდა.

ამიტომაც ჩვენი მაშინდელი ლექსების ნაწილი უფრო  ქართული სიმბოლიზმის პაროდირების მცდელობაა. ნანა აკობიძე უფრო ვერლიბრის ხაზს გაჰყვა და თავისი გზა გაკვალა. მართალია, ბოლოს ეს ორდენი დავშალეთ, მაგრამ ბუნებაში არაფერი იკარგება. მე ძალიან ვამაყობ, რომ ნანა აკობიძის ორი წლის წინ გამოცემულმა კრებულმა - „ვალაუვალი“ და რეზოს შარშანდელმა კრებულმა - „მეოთხე პირის ნიშანი“ დაიმსახურა ავტორიტეტული ლიტერატურული პრემიები - „ლიტერა“ და „საბა“.

კი ბატონო, „მიმოწერა საკუთარ თავთან“, რომელიც „თავების“ პირველი თავია, იმ პერიოდიდან დავიწყე და გასულ წელს დავასრულე. იმიტომაც ჩარჩა პირველ ლექსში „მისტერ S” და სადღაც იქვე ადოლფიც და ჩარლზ ჩენდლერიც არის ნახსენები. ამ „მიმოწერამ“ დიდწილად განსაზღვრა ახლანდელი პოეტური კრებულის - „თავების“ მიმართულებაც. ვფიქრობ, საინტერესო ამბავია, როცა ტექსტის პროტაგონისტი (სადღაც, ალბათ, ავტორიც) ორად იყოფა და ერთმანეთთან ეპისტოლარული ჟანრით ურთიერთობს. ეს ტექსტი ჩაფიქრებული იყო, როგორც ერთგვარი პოემა, მაგრამ როცა გზადაგზა ამ მიმოწერის ფრაგმენტებს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში ვაქვეყნებდი, შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ცალკე ლექსებია. მალხაზ ხარბედია, მაგალითად, ასე თვლიდა.

ეს კრებული როცა აეწყო და სარჩევიც თან დაერთო, „ინტელექტის“ რედაქციამაც ისე შეხედა ამ ტექსტს, როგორც ლექსების ნაკრებს. სარჩევში ამ მთლიანი ტექსტის 13 ნაწილი ცალ-ცალკე ლექსად, დამოუკიდებელი სათაურებით არის მონიშნული. დაე, ასე იყოს.

თ.მ.: „თავები“ ოთხი ნაწილისგან შედგება და მე, როგორც მკითხველი, თითოეულ ამ ნაწილს დამოუკიდებლად და განყენებულად ვკითხულობდი, ციკლების ბოლო ლექსებიც გარკვეულწილად შემაჯამებელი ტექსტებია, ერთგვარი დამშვიდობება, რომლებიც ზოგჯერ კითხვას გვიტოვებს და ზოგჯერ პასუხს გვაძლევს. ალბათ, ამ წიგნის ყველაზე მთავარი ტექსტი „თავებია“, რაც კრებულის სახელწოდებაშიც გამოიხატა.

ტექსტში სუბიექტი საკუთარ თავთან შეხვედრის ზღვრამდე მიდის, მაგრამ სწორედ ამ მომენტში ირჩევს უკუსვლას, თითქოს თვითშეხვედრა გარდამტეხი და ერთგვარად დამანგრეველი გამოცდილებაა. ჩემი გაგებით, აქ „თავი“ ერთდროულად ნიშნავს იდენტობას, ცნობიერებას და პასუხისმგებლობასაც, რომლის „ქონა“ ან „არ ქონა“ განსაზღვრავს ქმედების უნარს.

არის ეს ცნობიერების ის კრიტიკული წერტილი, სადაც თვითშემეცნება გარდაიქმნება თვითგაუცხოებად და იწვევს პარალიზებას, თუ პირიქით — ეს არის დაცვითი მექანიზმი, შეგნებული გაქცევა საკუთარი თავისგან, რადგან საკუთარი თავის სრულად დანახვა ნიშნავს იმ სიმართლის მიღებას, რომლის ტარებაც ასე ძალიან გვიჭირს?

ა.ც.:  კი, ლექსი „თავები“ არის ამ კრებულის ერთგვარი გასაღები და ამის შემდგომი „ორუცნობიანი ლექსიც“. შეიძლება საკუთარ თავთან ისე იყო გაუცხოებული, რომ ამ ორი უცნობის შეხვედრა ვერ შედგეს, ან ეს მხოლოდ სიზმარში იყოს შესაძლებელი. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ ორივე გავიდეს საკუთარი თავიდან და დიდი მოგზაურობა წამოიწყოს. ეს ხანგრძლივი მოგზაურობა აღვწერე ლექსში „ჩემს არარსებულ ძმას“. მყავს „ჩემი არარსებული დაც“, რომელიც ასევე საკუთარი თავის ნაწილია და აქვე ვიტყვი, რომ ეს ჩემი ინტერპრეტაციაა, რადგან ზვიად რატიანს აქვს ზუსტად ამ სათაურით ბევრად ადრე ლექსი დაწერილი. აქვე,  აუცილებლად უნდა ვახსენოთ ნიკო სამადაშვილის ყველაზე ცნობილი ლექსი - „ნიკო სამადაშვილს“ („ავადმყოფობა ეგონათ, ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი“), რომელსაც ავტორისეულ ხელნაწერში, როგორც ვიცი, ასე ჰქვია: „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)“. იმის თქმა მინდა, რომ კრებულის კონცეფცია შთაგონებულია სხვა პოეტების შემოქმედებისგანაც. ერთგვარად, პოეტები საკუთარ თავებს ვუწევთ ექსპლუატაციას და ვიყენებთ მათ გმირებად, პერსონაჟებად. ხშირად, საკუთარ თავთან ეს მიმართებები თუ სენტიმენტები ისეთ სტრიქონებშიც ჩანს, რომლებიც მეორე პირშია დაწერილი (მაგალითად, გალაკტიონის: „სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე“) და არა პირველ პირში.

„თავების“ მესამე თავი - „მუხათგვერდის სამკუთხედები“ სიკვდილის შესახებაა და კონცეფციას იმით უკავშირდება, რომ სიკვდილიც ყოველთვის აქვეა - საკუთარ თავში, თუნდაც - ჩემი გარდაცვლილი შვილის, ცოტნეს სახით, რომელსაც ეძღვნება რამდენიმე ლექსი ამ თავიდან. აი, მეოთხე თავი - „ღამის მგზავრები“ კი სიყვარულზეა (რომელიც „არის ორთავიანი დრაკონი - შენთავიანი მე და ჩემთავიანი შენ“). ამ თავის მიხედვით, სიყვარული ყოფითობიდან გასვლას ცდილობს და იბრძვის.

თ.მ.: სტრუქტურულად თუ კონცეპტუალურად ძალიან საინტერესო ლექსი აღმოჩნდა „ვსვამ“, რომელსაც დათო ბარბაქაძის ეპიგრაფი ერთვის - „ნუთუ კითხვები მხოლოდ პასუხებს გაეცემათ?“ ეს ლექსი მთლიანად კითხვებზე დგას, რომლებიც პასუხს კი არ ელოდება, არამედ თავად კითხვის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამავე დროს, ტექსტში მატერიალური მეტაფორები (სიტყვების „ლითონებად გადადნობა“, მათი „გასინჯვა“, სხეულის ფიზიკურობა) კითხვებს ხელშესახებს ხდის. პოეზია თქვენთვის ენის „შემოწმების“ მცდელობაა — მისი ჭეშმარიტებისა და სიცარიელის გამოსავლენად, თუ პირიქით, იმის ჩვენება, რომ  არ არსებობს „სიმართლის ენა“ და ჩვენ, როდესაც რაიმეს ვერბალურად გამოხატვას ვცდილობთ, უბრალოდ უსასრულო კითხვების წრეში ვტრიალებთ? და აქვე გკითხავთ,  როგორ ფიქრობთ, თქვენი პოეზია უფრო მეტად კითხვებისგან შედგება თუ პასუხებისგან?

ა.ც.: პოსტმოდერნისტულ სიტუაციაში შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ რაღაც არსებობს? ადამიანი დღეს ბევრ კითხვას სვამს, მაგრამ პასუხები დიდად არ აკმაყოფილებს. პარალელურად, გრძელდება სამყაროს შეცნობაც. იქნებ, ის დროც დადგეს, როცა სადღაც შავ ხვრელში გავძვრებით და დროის და სივრცის თანამედროვე აღქმაც გაუქმდება.

კრებულში ჩემი რამდენიმე ლექსი კი არის კითხვებით აღსავსე, მაგრამ ეს ის კითხვებია, რომლებიც პასუხებს გულისხმობენ. წლების წინ დავწერე პოსტმოდერნისტული მოთხრობა „ჰოროსკოპი“, სადაც ღმერთი-მწერალი-პერსონაჟის სამკუთხედის გარშემო მოვაგროვე ის კითხვები, რაც ზოგადად პოსტმოდერნისტულ პერსონაჟებს გვაწუხებს, თუკი გავიაზრებთ, რომ ღმერთი ჩვენ შესახებ მწერალია, ხოლო ჩვენ - ჩვენი პერსონაჟების ღმერთი. ეს ტექსტი იწყება ხმამაღალი განაცხადით: „მე ვწერ!“ და მთავრდება ღრმა ეჭვით: „მე ვწერ?“ აი, ამ კითხვების მართვა უნდა ვისწავლოთ დღეს პოეტებმა და დავცინოთ პასუხებს.

ჩემი „ჰოროსკოპის“ მიხედვით, „წარმატება ისევე ზუსტია, როგორც მათემატიკა, რომელმაც არ იცის, რომ არაფერი იცის. ელემენტარულად, სიკვდილი არსებობს, ხანძარი არსებობს, გლობალური დათბობა არსებობს – წყალდიდობებით, გვალვებით, შიშით. ამ დროს ორჯერ ორიც კი ოთხი აღარ არის…“ აი, ასეთ ვითარებაში, მჯერა, რომ პოეზია არის ყველაზე ზუსტი მეცნიერება.

თ.მ.: ლათინურ ენაში Vate აღნიშნავს პოეტს, რომელიც მხოლოდ შემოქმედი კი არა, ერთგვარი წინასწარმეტყველიცაა, რომელიც ღმერთებსა და ადამიანებს შორის შუამავლის როლს ირგებს და სიტყვით ცდილობს ღრმა, ზოგჯერ უხილავი ჭეშმარიტებების გამოთქმას. ამ გაგებით, პოეზია იძენს არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ „ვატიკურ“ ფუნქციასაც — გაფრთხილების, მიმართულების მიცემისა და ცნობიერების გაღვიძების. თქვენს ტექსტებშიც ჩანს ეს ტენდენცია: ერთ შემთხვევაში — სისტემის მსხვერპლად ქცეული ადამიანის ტრაგედიისა და დიქტატურის მიმართ შემგუებლობის ჩვენება, ხოლო მეორეში — პირდაპირი მოწოდება გამოღვიძებისა და მოქმედებისკენ. ამ ფონზე ჩნდება განცდა, რომ პოეტური ხმა სცილდება პირადს და კოლექტიური გამოცდილების გამხმოვანებლად, შესაძლოა, წინასწარმეტყველურ ინსტანციადაც კი ყალიბდება. რა როლი აქვს ლიტერატურას და უფრო კონკრეტულად, პოეზიას იმ დროს, როდესაც თანამედროვე საზოგადოებაში  „დიქტატორს აღმერთებენ, სულაც ითმენენ“?

ა.ც.: ეს მართლაც ძველი ამბავია - „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის“... და პოეტები თითქოს ღმერთთან იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ ერს წინ გავუძღვეთ. ეს შეხედულება საზოგადოებაში გაბატონებულია თერგდალეულებიდან მოყოლებული დღემდე, რადგან სკოლაში თაობებს ასე ასწავლიდნენ. თუმცა, ყურადღება უნდა მივაქციოთ სიმბოლისტების - ცისფერყანწელების განაცხადს, რომლებსაც ლანდების და ქიმერების წინამძღოლობის ამბიცია უფრო ჰქონდათ და ეს, ბევრად უფრო რთული მისია მგონია. გალაკტიონმაც თამამად დალია „იმ კარგი დროის შესანდობარი, ოდეს პოეტი იყო არა მარტო პოეტი: პოეტი იყო ბედუინი და მეომარი, პოეტი იყო მოსამართლე და უფრო მეტი...“

„ბებერი პოეტების ორდენი“ როცა დავაარსეთ, ბნელ 90-იან წლებში და იმ კონფორმისტმა და კორუმპირებულმა მწერალმა მოგვიწოდა, სამშობლოს სიყვარულზე გვეწერა, ჩვენ ვამბობდით, რომ პოეზია ერთი მხრივ, ყველაფერზე მაღლა დგას და ცისკენ მზირალია, მეორე მხრივ კი ყველანაირ ჯურღმულშიც შეუძლია ჩააღწიოს, ნაგავი გაქექოს, ათასნაირი ადამიანური სიმყრალე იგრძნოს. ამიტომაც აღარ დარჩა თანამედროვე პოეზიაში ადგილი პათეტიკისთვის, ყალბი ფსევდოპატრიოტული რომანტიზმისთვის, როცა რუსეთუმე ნაძირლებმა ჩოხები მოირგეს და თავის სიგრძე სანთლებით ეკლესიებში პოზირებენ. ასეთ რეალობაში, პოეტები იძულებული ვხდებით, ისევ მეომრებად და ბედუინებად ვიქცეთ, მით უფრო, თუკი ჩვენს ცხოვრებას, ბრძოლას მაგალითის ძალა ექნება და ჩვენი ქმედებები სხვას უფრო მეტად შთააგონებს, ვიდრე ჩვენი სიტყვები. აი, ზვიად რატიანმა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს სილა გააწნა და ამის გამო დააპატიმრეს. ეს აქტი სამუდამოდ დარჩება ქართული პოეზიის ისტორიაში, როგორც პოეტის პერფორმანსი. აი, ეს ყველაფერი რამდენად ზუსტად აირეკლება და აისახება თანამედროვე პოეტების ლექსებში, ცალკე საკითხია. მე მგონია, რომ ისე ნატურალისტურად და მორალისტურ-დიდაქტიკურად ნამდვილად არ აისახება და არც უნდა აისახოს, რადგან ამან შეიძლება მკითხველს გული აურიოს... ისევ კითხვებს და პასუხებს მივადექით...

თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ადამიანს, მათ შორის - პოეზიის მკითხველ მოქალაქეს, იმდენი ეჭვი ხრავს და იმდენ სიყალბეზეა აცრილი, ვერც ერთი სიტყვით ვეღარ მოატყუებ. შესაბამისად, პოეზიის როლზე როცა ვსაუბრობთ, ეს რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. 

თ.მ.: „მუხათგვერდის სამკუთხედების“ ბოლო ლექსი სრულდება სიტყვებით - „სიკვდილს რას გაუგებ?!“, თუ სიკვდილი რჩება საბოლოოდ მიუწვდომელ კატეგორიად, მაშინ რას ნიშნავს სიცოცხლის „გაგება“: არის ის რაღაც, რასაც შეიძლება მივუახლოვდეთ გარკვეული გამოცდილებებით, თუ თავად სიცოცხლეც ისეთივე ამოუხსნელია, როგორც სიკვდილი, და ჩვენ მხოლოდ მისი უწყვეტი ინტერპრეტაცია შეგვიძლია?

ა.ც.: კრებულის ეს თავი - „მუხათგვერდის სამკუთხედები“ არის შეხვედრის შესაძლებლობაზე ან პირიქით - შეხვედრის შეუძლებლობაზე. ამავე სათაურის ლექსის სათქმელიც ეს არის. სიკვდილი არის დიდი უსამართლობა, მაგრამ ადამიანს ჯერ არა აქვს მოფიქრებული კანონი ამ უსამართლობის წინააღმდეგ. მე ალბერ კამიუს მებრძოლი აბსურდის ადამიანი მომწონს და ეს თეორია პოეტურად საუკეთესოდ აქვს ჩამოყალიბებული ნიკოლოზ ბარათაშვილს - „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდევაც მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა“. სხვა გზა თუ არის? ალბათ, არის და საკუთარი გამოცდილებებიც ამ გზების ძიებაა.

თ.მ.:  ვფიქრობ, რომ ნამდვილი პოეზია თუ მთლად ავტობიოგრაფია არ არის, ავტოფიქცია მაინცაა. ამ წიგნს, ყოველ შემთხვევაში, ასე ვხედავ - ალეკო ცქიტიშვილის ავტოფიქციად. რამდენად შესაძლებელია პოეტი საკუთარი ცხოვრების გარე დამკვირვებლად იქცეს? არსებობს კი საერთოდ პოეზიაში ის ზღვარი, სადაც ბიოგრაფიული ნარატივი სრულად იშლება და მხოლოდ ენობრივი კონსტრუქცია და ენობრივი „თამაში“ გვრჩება?

ა.ც.: ექსპერიმენტები ყველა მიმართულებით გამართლებულია. თუმცა, პოეზია ყოველთვის ერთნაირი არ არის და ავტორთა სახეებიც ყოველთვის არ ჩანს მათი ლექსებიდან. ჰომეროსის „ილიადა“, მაგალითად, ან თუნდაც ჩვენი შოთას „ვეფხისტყაოსანი“ რამდენად არის ავტოფიქცია? სად არის „ილიადაში“ ჰომეროსი? სად იბრძვის? ან შოთა რომელ პერსონაჟში ხედავს საკუთარ თავს - ავთანდილია თუ ტარიელი?

აი, დავით გურამიშვილის „დავითიანი“ ნამდვილად სრულად და ხაზგასმულად ავტობიოგრაფიულია. ნიკოლოზ ბარათაშვილის და ტერენტი გრანელის ლექსები, ალბათ, დიდწილად გვიყვებიან ავტორების სულიერ და ზოგჯერ - ფიზიკურ თავგადასავალს.

„თავებს“ რომ დავუბრუნდეთ, „გარე დამკვირვებელი“, ძალიან მომწონს. რაღაც ასეთია იმ იდეაში, რამაც ეს წიგნი შეკრა. ორად გაყოფა თუ გაორება დროებით საკუთარი თავიდან გასვლას და გარედან მის დაკვირვებას გულისხმობს. ხოლო ობიექტი, რომელსაც ვაკვირდებით, შესაძლოა, იყოს როგორც ფიზიკური სხეულით, ისე სულიერი მდგომარეობით წარმოდგენილი და დამკვირვებელმა სწორედ ეს აღწეროს. მშვენიერია! კავშირი თავთა შორის შედგა! მაქვს იმედი, რომ მკითხველი კიდევ ბევრ დეტალს აღმოაჩენს ამ წიგნში, რაც მას სიამოვნებას მიანიჭებს.

ფოტო: რადიო თავისუფლება

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა