მარტოობისა და მიგრაციის რომანი | ნატო ინგოროყვა
წერა: წაკითხული წიგნებისა და განვლილი ცხოვრების გამოსწორების ამაო მცდელობა.
- ხუან კარლოს მენდეს გედესი, „შავი ქვიშა"
შეუძლია თუ არა ბუნდოვანებასა და გაურკვევლობას იყოს ზუსტი? ამ კითხვაზე პასუხს, ხუან კარლოს მენდეს გედესის რომანში − „შავი ქვიშა“ − იპოვით.
თუ თქვენ წიგნის წაკითხვას აპირებთ, ერთი პატარა მინიშნება უნდა დაგიტოვოთ. წიგნი მკითხველს სთხოვს, მზერა ფოკუსიდან სხვადასხვა პერსპექტივაზეც გადაიტანოს, რაც ტექსტის მიღმა დამალული ნამდვილი არსის დანახვაში დაეხმარება. უფრო სწორად, იმ კითხვაზე პასუხის პოვნაში, რითაც ეს წერილი დაიწყო.
ხუან კარლოს მენდეს გედესის რომანი „შავი ქვიშა“ არის მრავალშრიანი დრამა, რომელიც ეხება იდენტობის ძიებას, ემიგრაციას, მეხსიერებისა და წარსულის აჩრდილებთან ჭიდილს. სიუჟეტის გმირიც, სხვადასხვა მიზეზების გამო, შორს არის სამშობლოდან. რომანი აკავშირებს ვენესუელურ კულტურასა და ტემპერამენტს ესპანურ გარემოსთან. ის გვიჩვენებს ადამიანებს, რომლებიც ორ სამყაროს შორის არიან გაჭედილები და ცდილობენ, საკუთარი თავი ხელახლა იპოვონ - „ვწერ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხანდახან ვინმეს არყოფნამ გამოიწვიოს თუ შექმნას სავსება.“.
შავი ქვიშა ნაწარმოებში ერთგვარი მეტაფორაა − ის სიმბოლურად გამოხატავს წარსულის სიმძიმეს, დანაკარგს, მაგრამ ამავე დროს, ნიადაგს, სადაც ახალი სიცოცხლე უნდა აღმოცენდეს. აქ შავი ქვიშა შეიძლება იყოს ვულკანური ნარჩენი, დამწვარი მეხსიერება, წარსულის ფერფლი ან დრო, რომელიც ყველაფერს ფარავს.
რომანში მთავარი მოქმედება გაქცევაა − როგორც ფიზიკური, ისე შინაგანი. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგანი სიუჟეტია. სინამდვილეში, იმაზეა, თუ რას ტოვებს ადამიანი უკან, როგორ ცხოვრობენ მიტოვებულები, როგორ იქცევა ემიგრაცია ემოციურ ტრავმად და როგორ იშლება ოჯახი ყოველდღიურობაში ჩუმად, − „ახლა შეგვიძლია, მშვიდად ვიცხოვროთ, რადგან ისე არაფერი დაგამშვიდებს, როგორც იმასთან შეგუება, რომ ლოდინი დასრულდა, რომ დაბრუნება აღარ იქნება.“
„ყოველ იალქნიან გემზე, იმ წლებში ესპანეთიდან რომ გაიქცა, − ამბობს დედაჩემი, − თვალნათლივ მოჩანდა ანგელოზის სხეული; გაპოხილი, კანდამსკდარი, იარებით სახედაღარული, მაგრამ მაინც ანგელოზი“.
თავად ავტორმა, თბილისის იბერო-ამერიკულ ფესტივალზე სტუმრობისას, წიგნის წარდგენისას თქვა, რომ „შავი ქვიშა არის ნოველა (მცირე რომანი) მშობლების და შვილების, წარსულისა და აწმყოს, ასევე იმის შესახებ, რომ ადრე თუ გვიან გვიწევს წარსულთან შეჯახება. წიგნში ვსაუბრობ რეჟიმის მიერ რეპრესირებულ, ქმრების მიერ მიტოვებულ ქალებზე, რომელთა შვილები ცდილობენ, მშობლების ნაბიჯები ახსნან“.
ემიგრაციულ პროზაში ჩვენ ხშირად ვხედავთ მას, ვინც მიდის. მენდეს გედესი კი, პირიქით, უყურებს მათ, ვინც დარჩა. მიგრაცია აქ ორმხრივი დანაკარგია, სადაც წასული ადამიანი სხვების ცხოვრებაში მხოლოდ მტკივნეულ სიცარიელეს ტოვებს. ამიტომ ტექსტში განსაკუთრებული სიმძიმე აქვს მიტოვებულ ბავშვებს, ცარიელ სახლებს, გაუგზავნელ წერილებს, შეჩერებულ ყოველდღიურობას. რომანის ემოციური ძალა სწორედ ამ ჩუმ სივრცეებშია - დარჩენილთა მარტოობა ხომ ხშირად უფრო ნელა ხრავს და შეუმჩნეველია, ვიდრე იმათი, ვინც წავიდა.
მენდეს გედესი არ წერს ხმამაღლა. მის ტექსტებში სიჩუმე ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქმედება. ფრაზებს მუსიკალური რიტმი აქვს, ემოცია შეფარულია, ხოლო მეხსიერება - თითქმის ცოცხალი პერსონაჟია.
„შავი ქვიშა“ აგებულია ფრაგმენტულად, სხვადასხვა პერსპექტივით და ამით ქმნის განცდას, რომ ადამიანი ერთდროულად რამდენიმე ცხოვრებაში ცხოვრობს - წარსულში, აწმყოში და იმ ადგილებში, საიდანაც წავიდა. ეს ბუნდოვანება ავტორის გააზრებული ლიტერატურული ხერხია, ემიგრანტის მეხსიერება ხომ ზუსტად ასეთია - ნისლიანი, ფრაგმენტული, სადაც რეალობა და მოგონება ერთმანეთში გადადის − „სრულყოფილება მხოლოდ წინარე მდგომარეობაში არსებობს. იმ მდგომარეობაში, როდესაც სიტყვა ჯერ კიდევ არც არის ჩანაწერი, ფრაზა, ასო, არამედ კალამია თითებს შორის, თითის ბალიში, რომელიც კლავიშს მოუთმენლად უახლოვდება.“
თუმცა, ეს მხოლოდ ემიგრაციის რომანი არ არის. სინამდვილეში, ეს არის ტექსტი იმაზე, თუ როგორ ნელ-ნელა იშლება ადამიანის შინაგანი გეოგრაფია. აქ „სახლი“ აღარ არის კონკრეტული ადგილი. არც ვენესუელაა ბოლომდე სახლი და არც ესპანეთი. ადამიანი თითქოს მუდმივად „შორის სივრცეში“ ცხოვრობს. ქვიშა მუდმივად იცვლის ფორმას, ისევე როგორც ემიგრანტის იდენტობა. ის არასოდეს არის მყარი მიწა. ამიტომაც რომანში ხშირად ჩნდება: ზღვა, ნაპირი, მოძრაობა, გზები, აეროპორტები, დროებითი სივრცეები. ეს ყველაფერი ქმნის „გარდამავალი ცხოვრების“ ატმოსფეროს.
„შავ ქვიშაში“ დრო სწორხაზოვნად არ მოძრაობს. წარსული უცებ ჩნდება აწმყოში. მეხსიერება მოქმედებაზე ძლიერია. ამიტომ კითხვისას ხშირად გაქვთ განცდა, რომ პერსონაჟები აწმყოში ცხოვრობენ, მაგრამ სინამდვილეში მოგონებებში არიან ჩარჩენილი.
აქ არ არის ლათინოამერიკული პროზისთვის დამახასიათებელი კლასიკური მაგიური რეალიზმი. ეს უფრო ღრმა ფსიქოლოგიური რეალიზმია, სადაც ყველაზე მისტიკურ, აჩრდილისებრ როლს თავად ადამიანის ტრავმული წარსული ასრულებს − „მამაჩემი მკვდარია. პატარა ბიჭი გადაარჩინა, მაგრამ თვითონ ტალღამ გაიტაცა. ვყვები იმდენჯერ, რამდენჯერაც შემიძლია და პერსონაჟებს ახალ-ახალი დეტალებით ვამდიდრებ. ეს უფრო ადვილია, ვიდრე აუხსნელი მიტოვების ამბის მოყოლა“.
გედესის ენა გამოირჩევა განსაკუთრებული პოეტურობით. ეს არის წიგნი-განცდა, სადაც გარემოს, სურნელს, პეიზაჟსა და პერსონაჟთა შინაგან დიალოგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს − „დედა იღვიძებს და ეჩვენება, რომ ზღვა მღერის. იღიმის. ფანჯრიდან აბრეშუმის ქსოვილივით გაშლილ დღეს შესცქერის. მამას ლოგინში შიშველს სძინავს. მთელი სახლი გაჟღენთილია ხისა და მარილის სუნით, რომელსაც მისი სხეული აფრქვევს“.
ავტორი იუველირია. ზუსტად არჩევს თითოეულ სიტყვას და გრძნობ, რომ ხელაღებით კი არა, დაკვირვებით შეარჩია და თუ სათქმელის სიზუსტეს რომელიმე სიტყვა აყოვნებს, წასაშლელად არ ენანება. წიგნის ქართულ ენაზე მთარგმნელის, ლანა კალანდიას დამსახურებაა, რომ მწერლის ეს ოსტატობა თარგმანშიც გვაგრძნობინა.
მენდეს გედესი ძალიან ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის. მის ტექსტებში არის სევდა, ჩუმი და ნისლივით გაფანტული. პერსონაჟები მუდამ გზაში არიან და სახლამდე ვერასოდეს აღწევენ. ადამიანი შესაძლოა, ყველგან უცხო დარჩეს, თუნდაც საკუთარ სახლში − „ჩვენ არ ვართ ერთმანეთის გამეორება. სარკეები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, თითქოს ერთმანეთის შებრუნებული ასლები ვიყოთ; მაგრამ სარკეები მალავენ პატარა დეტალებს, რომლებიც ჩვენს გამოსახულებებს ერთმანეთისგან განასხვავებს. სარკეები განმეორების მოჩვენებითობაა. ილუზორული შესაძლებლობა, რომ ერთი ადამიანი ორჯერ არსებობდეს. სარკის ვერცხლისწყლის ზედაპირი მხოლოდ შემზარავი მსგავსების სივრცეა და არა გაორმაგების. სამყაროს არ შეუძლია საკუთარი თავის განმეორება. სამყაროში ყოველი ახალი წამი პატარა განსხვავების ზრდას ემსახურება.“
ალბათ მოუხელთებელი ზღვის ხმაურია პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ბუნდოვანება იყოს ზუსტი. ის არაფერს გვეუბნება პირდაპირ, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინოდ გადმოგვცემს გაუცხოების სიმძიმეს − ხმებს, რომელიც ტექსტის დასრულების შემდეგაც გესმის.
ავტორი: ნატო ინგოროყვა